იეჰოვას მოწმეები
დასასრული
"კარგად უნდა ვიცოდეთ, რა ვუპასუხოთ "იეჰოვას მოწმეებს", ან რა არგუმენტები წავუყენოთ მათი ცრუსწავლების თითოეული პუნქტის საპასუხოდ".
"იეჰოვას მოწმეთა" შორის სუიციდის ფაქტების თაობაზე ინფორმაციას სხვადასხვა სახელმწიფოს მედიასაშუალებანი ავრცელებენ. ექიმ ჯერი ბერგმანის უწყებით, იეჰოველთა დიდი ნაწილი შიზოფრენიით, დეპრესიის მძიმე ფორმით, ალკოჰოლიზმითა და სხვა სნეულებებითაა შეპყრობილი. მეცნიერთა ცნობით, ხსენებული სექტის წევრთა შორის ფსიქიკურ აშლილობათა ზღვარი საშუალო ნიშნულს 1, 5-10-ჯერ, ხოლო თვითმკვლელობათა რაოდენობა - 2-3-ჯერ აღემატება არასექტანტთა საშუალო მაჩვენებელს.
"ურთიერთობის გაწყვეტას" (განკვეთას), ანუ სექტის ამა თუ იმ დამნაშავე წევრის წინააღმდეგ მიმართულ ბოიკოტს ხშირად მიჰყავს სექტის წევრები თვითმკვლელობის გადაწყვეტილებამდე.
მმართველი კორპორაციის ყოფილი წევრის, რაიმონდ ფერნსის ინფორმაციით, მას ბეთელში მომხდარ თვითმკვლელობათა გრძელი სია აქვს, რასაც სექტა საგულდაგულოდ მალავს.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომ "იეჰოვას მოწმეთა" შორის არ არსებობს ძალადობა, მკვლელობა, კანონდარღვევა და ასე შემდეგ, შემდეგს დავუპირისპირებთ: ვ. სერბსკის სახელობის სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრში გამოკვლევას გადიოდა ერთ-ერთი იეჰოველი, რომელიც საკუთარი მცირეწლოვანი შვილის მოკვლას რელიგიურ ნიადაგზე ცდილობდა და ეს სულაც არ გახლავთ ერთეული ფაქტი რუსეთში...
ერთ-ერთ ამერიკულ გაზეთში 1987 წლის 10 თებერვალს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამავე წელს ჯიმ კოსტელნიუკმა დატოვა "საზოგადოება", რის გამოც ,,განკვეთეს", ხოლო მეუღლე, რომელიც სექტაში დარჩა, შვილებს არ ანახვებდა...
მოგვიანებით ეს ქალბატონი სექტის სხვა წევრს გაჰყვა ცოლად, 1985 წელს კი ახალმა მეუღლემ ისიც გამოასალმა სიცოცხლეს და მისი ორი შვილიც...
1982 წელს იეჰოველმა, ვინმე ჰოლმსმა, აღმოაჩინა რა, რომ სისხლის დაავადება ჰქონდა, იარაღით ჯერ მძინარე მეუღლე და ექვსი წლის შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
ამერიკელ ფსიქოლოგთა განმარტებით, ყველაფერ ამის მთავარი მიზეზი იეჰოველთათვის სისხლის გადასხმის აკრძალვა გახლდათ.
2001 წლის მიწურულს იეჰოველმა მშობლებმა ცემით მოკლეს თავიანთი თორმეტი წლის ქალიშვილი, დაპატიმრების შემდგომ კი განაცხადეს, რომ სასჯელის ბიბლიური საწყაული გამოიყენეს: - სამჯერ გაშოლტეს ლერწმით, თითო ჯერზე კი 39-ჯერ დაარტყეს (სინამდვილეში "ლერწამი" გახლდათ 3 სმ სისქის ნახევარმეტრიანი სადენი).
ამერიკელ მკვლევართა დიდი ნაწილის მტკიცებით, იეჰოველთა საქმიანობაში კრიმინალური შემთხვევები თვით ორგანიზაციის სწავლებიდან გამომდინარეობს და ეს "საგუშაგო კოშკის" თეოლოგიურ დებულებათა შედეგია.
1985 წელს კრისტინა სევბრიჯმა, "საგუშაგო კოშკის საზოგადოების" 15 წლის მისიონერმა გოგონამ და მისმა მეგობარმა ბიჭმა მხეცურად მოკლეს 84 წლის ქვრივი ეთელ კეივუდი... დანაშაული მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდები იეჰოველთა ლიტერატურის შესათავაზებლად ეწვივნენ, მსხვერპლს ჯერ საყასბო დანით მიაყენეს ცხრამეტი ჭრილობა, შემდეგ კი - ბოთლით გაუტეხეს თავი.
როგორც აღმოჩნდა, მკვლელობის მიზეზი ნაღდი ფული იყო, რომლის მითვისებაც ნორჩ მისიონერებს ჰქონდათ განზრახული. სხეულის განადგურება ვეღარ მოასწრეს, რადგან შეხვედრაზე ეჩქარებოდათ...
თურმე იგი მანამდეც ჰპარავდა ფულს მოხუცებს, როდესაც მამას სექტის ჟურნალების გავრცელებაში ეხმარებოდა.
სექტა ამ შემთხვევაზე კომენტარს არ აკეთებს.
აი, კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც, ამერიკელ სპეციალისტთა მოსაზრებით, იმის დასტურია, რომ "იეჰოვას მოწმეთა" ოჯახებში აღზრდილი ახალგაზრდები ძალადობისაკენ არიან მიდრეკილნი და თვითკონტროლი უჭირთ: - ერთ-ერთი ამერიკული გაზეთის უწყებით, 17 წლის ჯეისონ კარმა ცეცხლსასროლი იარაღით გამოასალმა სიცოცხლეს დედინაცვალი და და-ძმა... შემდეგ კი თურმე იმას ნანობდა, მამის მოკვლა ვერ მოახერხა, რომელიც მასავით იეჰოველი იყო და შვილს არასათანადო ,,სულიერი" ღვაწლის გამო აკრიტიკებდა.
რუს მკვლევართა დასკვნის თანახმად, ხსენებული სექტის საქმიანობის შედეგი დაზიანებული ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობაა, პიროვნების რეგრესი, დეფორმაცია, უკიდურესი დამოკიდებულება სექტაზე, კრიტიკული აზროვნების უნარის დაქვეითება, მშობლებისაგან გაუცხოება და ა.შ. ხშირად ვითარდება რელიგიური ხასიათის ზეღირებულებათა პათოლოგიური იდეები, რაც ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას.
დღეს უცილობლად უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვას მოწმეები აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებში (ზოგადად, მსოფლიოში და, სამწუხაროდ, საქართველოშიც, - მ.ტ.) ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ტოტალიტარული სექტაა, რომელიც ძალზე სწრაფად ვითარდება, საფუძვლად უხეში მატერიალისტური წარმართობა უდევს, მაგრამ მაინც ახერხებს ტრადიციულისა და საყოველთაოდ მიღებული ქრისტიანული დენომინაციის ნიღბით არსებობას.
კარგად უნდა ვიცოდეთ, თუ რა ვუპასუხოთ მათ, ან რა არგუმენტები წავუყენოთ მათი ცრუსწავლების თითოეული პუნქტის საპასუხოდ. სწორედ ჩვენს პასუხსა და წმინდა წერილის ცოდნაზეა დამოკიდებული, შევძლებთ თუ არა დედაეკლესიის წიაღში მყოფ შვილთა შენარჩუნებას, რომელთა ცთუნებასაც ამ ტოტალიტარული სექტის პროპაგანდისტები ცდილობენ.