ერთობის ეკლესია (უნიფიკაცია)
მუნი
სექტის დამაარსებელი სან მიუნგ მუნი დაიბადა 1920 წელს, სამხრეთ კორეაში.
ათი წლის იყო, როდესაც მისმა მშობლებმა მიიღეს პროტესტანტობა. მუნის მტკიცებით, 16 წლისას მას ქრისტე გამოეცხადა და უთხრა, რომ აღესრულებინა ის საქმე, რომლის დასრულებაც მან ვერ მოახერხა. ამის შემდეგ მუნი თავს თვლიდა მესიად და კაცობრიობის მხსნელად. გაავრცელა თავისი მოძღვრება კორეაში, 70-იანი წლების დასაწყისში მიაღწია უდიდეს წარმატებას აშშ-ში. თავის სექტაში სექსის რიტუალის აღსრულების გამო, რამდენიმეჯერ დააკავეს და იხდიდა სასჯელს. სექსის რიტუალი დაკავშირებულია მუნის სწავლებასთან, რომლის მიხედვითაც: ევამ შესცოდა ლუციფერთან; ამ ცოდვის გამოსყიდვა და კაცობრიობის ხსნა შესაძლებელია მხოლოდ მუნთან ფიზიკური კავშირით, ვინაიდან მუნი უცოდველია. ასეთი კავშირის აღსრულებისას მუნი და მისი მეუღლე (რიგით მეხუთე ან მეექვსე), რომლებიც ჭეშმარიტ მშობლებად ითვლებიან, მხოლოდ თავიანთი ბრძანებით აღასრულებენ მორწმუნეების ქორწინებას და მუნის უახლოესი თანაშემწის ინფორმაციით, სვამენ ღვინოს, რომელშიც შერეულია მუნის სისხლი. მთელი სექტა თავს ჭეშმარიტ ოჯახად აცხადებს. მუნი
მუნის სექტა არის ფინანსური იმპერია, რომლის კაპიტალიც დაახლოებით 1 მლრდ დოლარია. მას ეკუთვნის არაერთი ორგანიზაცია, მათ შორის იარაღის მწარმოებელი, აქვს ჟურნალ-გაზეთები, საზღვაო ხომალდები და ა.შ.
სექტაში ჩათრევის მეთოდები
განსაკუთრებით ყურადსაღებია მუნისტების დამოკიდებულება მათი ახალი წევრების მიმართ. სულიერ საკითხებზე ზოგადი საუბრის შემდეგ, ისინი ცდილობენ, როგორმე თავიანთ შეკრებაზე მიგიტყუონ, თან ისე, რომ თქვენთვის საიდუმლოდ დარჩეს მათი ვინაობა. შეკრებაზე მისული ადამიანი ექცევა მონოტონური ლექციის ჰიპნოზური ზეგავლენის ქვეშ. შემდეგ მასპინძლები ცდილობენ, რომ არ დარჩეთ საკუთარ თავთან მარტო და შეკრებაზე დაწყებული "სიახლის შეგრძნებიდან", ანუ ჰიპნოზური ხიბლიდან ვერ შეძლოთ გამოფხიზლება. ამისათვის ხმამაღლა, გუნდურად მღერიან სარიტუალო სიმღერებს, საათობით ვარჯიშობენ. გარკვეული დროის შემდეგ, ამ და სხვა პროცედურებით უკვე "გონებაგამორეცხილი" ახალი წევრი გრძნობს, რომ მისი კავშირი ძველ სამყაროსთან აღარ არსებობს. როდესაც ადამიანი უკვე სრულიად დამოკიდებული ხდება სექტაზე, ის ფულის ერთ-ერთ შემომტანად იქცევა.აშშ-ში სექტაში ჩათრეული ახალგაზრდების მშობლები სულ უფრო ხშირად მიმართავენ პროფესიონალ დეტექტივ-ფსიქიატრებს, ე.წ. დეპროგრამატორებს, რომლებიც იტაცებენ სექტაში ახალგაწევრებულებს და გარკვეული დროის შემდეგ გამოჯანმრთელებულებს, უკვე სექტის მიმართ კრიტიკული შეფასების უნარით, თავიანთ ოჯახებს უბრუნებენ. ამის პასუხად, დეპროგრამირების საფრთხის გაჩენის შემთხვევაში, მუნმა თავის წევრებს თვითმკვლელობისაკენ მოუწოდა. ამასთან, რეკომენდებული იყო ისეთი თვითმკვლელობის იმიტირება, რომელიც დეპროგრამატორს დაბრალდებოდა (მაგ. მისი მანქანის ქვეშ შევარდნა). სექტის თავისებურებაა მრავალი შვილობილი ორგანიზაციის არსებობა: საერთაშორისო რელიგიური ფონდი, პრინციპების შემსწავლელი უმაღლეს სასწავლებელთა გაერთიანება (მუნის მთავარი თხზულებაა "ღვთაებრივი პრინციპები"), განათლების საერთაშორისო ფონდი და ა.შ. ამ ორგანიზაციების სრული ნუსხა შესაძლოა პატარა ბროშურადაც კი გამოიცეს. მათი უმრავლესობა არ ახმოვანებს თავიანთ კავშირებს დამფუძნებელ სექტასთან.
33. ფსევდოაღმოსავლური და სინკრეტული კულტები
საერთაშორისო საზოგადოება კრიშნას ცნობიერება (კრიშნაიდები, "ჰარე კრიშნა")
ეს სექტა წარმოიშვა XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს, როდესაც ამერიკაში ინდოელი მისიონერი ა. ბჰაქტივედანტა ჩავიდა (მის სახელს მიაბეს "პრაბჰუპადა", რაც ნიშნავს "მასწავლებლის მასწავლებელს" და დაარქვეს მას "ღვთაებრივი წყალობა").ბჰაქტივედანტა პრაბჰუპადა
ბჰაქტივედანტამ (1896-1977) კალკუტაში დაამთავრა ადგილობრივი უნივერსიტეტი, გახდა წარმატებული ბიზნესმენი. ის ინდუიზმის (კრიშნაიზმის) მიმდევარი იყო. 50-იან წლებში დატოვა ოჯახი და გახდა ტაძრის მსახური. სულიერმა მოძღვარმა მას დასავლეთში მისიონერობა დაავალა. 1965 წელს ის აშშ-ში წავიდა და დაიწყო ლექციების კითხვა ბჰაგავატგიტას შესახებ. ამასთან, აქტიურად ავრცელებდა კრიშნაიზმს. წარმატებას მიაღწია, მისი თაოსნობით იხსნებოდა ტაძრები, აშრამები, კომუნები, სადაც ცხოვრების წესი კულტის მსახურებით არის განსაზღვრული. კულტის რწმენის თავისებურებები
უმაღლესი ღვთაებაა კრიშნა. ყველა დანარჩენი მისი ნაკლებად სრულყოფილი გამოვლინება. გარდაცვალების შემდეგ ადამიანის სული ახალ სხეულში სახლდება. უსასრული გარდასახვების ჯაჭვის გასაწყვეტად უნდა განერიდო მატერიალურ სამყაროს და შეერწყა კრიშნას. კრიშნას თაყვანისცემის სრულყოფილი გზაა მისთვის საკუთარი ცხოვრების მიძღვნა. რაც ნიშნავს ყოველდღიურ მსახურებას, გამუდმებით მანტრების (ლოცვების) შესრულებას ("ჰარე კრიშნა" ყოველდღიურად 1728-ჯერ უნდა შესრულდეს), ვეგეტარიანული საკვების მიღებას, ინტიმური კავშირისაგან თავშეკავებას და ა.შ. ყოველდღიურად კრიშნას გამოსახულებას სწირავენ მსხვერპლს: წყალს, ყვავილებს, საკვებს, რომელსაც შემდეგ თავად კრიშნაიტები მიირთმევენ. ეს მსხვერპლშეწირვის აუცილებელი ატრიბუტია. ამგვარად ხდება ცოდვებისაგან განწმენდა და კრიშნასთან შერწყმა. კრიშნაიტებს ინდური ტრადიციული სამოსი აცვიათ, მამაკაცები სრულიად იპარსავენ თმას, კეფაზე მხოლოდ პატარა ნაწნავს იტოვებენ. მათი რწმენით, ამ ნაწნავით აიყვანს მათ კრიშნა ცაში.დასავლეთის მკვლევრების აზრით, კრიშნაიტების განმასხვავებელი ერთ-ერთი ნიშანია აშრამებისა და ტაძრების ასაგები თანხების შეგროვება. ისინი ამ მიზნით ხშირად გამოდიან ქუჩაში. ინდუისტები ქუჩის მსვლელობებს არასოდეს იყენებენ ფულის შესაგროვებლად.
NEW AGE (ნიუ ეიჯი - ახალი საუკუნე)
ასე უწოდებენ რელიგიურ მოძრაობას, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა, განსხვავებული არსის მქონე ჯგუფები ერთიანდებიან. NEW AGE-ის მიმდევრებს ღრმად სწამთ, რომ კულტების, ქვეყნების, რელიგიების მიხედვით საზოგადოების დაყოფა დასასრულისკენ მიდის. დგება ახალი ერა - მერწყულის ერა (ზოდიაქოს მიხედვით), რომელიც განაპირობებს ახალი ეპოქის არსს. ქრისტიანების ეპოქა ე.წ. "თევზის" ეპოქა დასასრულს უახლოვდება. ახალ ეპოქაში მსოფლიო გაერთიანდება და ყველა რელიგია ერთმანეთს შეერწყმება. სწორედ მაშინ დაისადგურებს დედამიწაზე სიმშვიდე და კეთილგანწყობა. ამ მიზნისკენ მიმავალი გზა სრულყოფილ პიროვნებაზე გადის. პიროვნების თვითშეგნების სრულყოფა კი "ახალი საუკუნის" მოძღვრებითაა შესაძლებელი. მოძღვრებას საფუძვლად უდევს რწმენა - ღმერთი ყველაფერია. მთელი სამყარო და თითოეული ადამიანი ღმერთია, ყველაფერი ერთი მთლიანია. საჭიროა მხოლოდ ამის გააზრება, არ არსებობს პიროვნული ღმერთი და არ არსებობს შემოქმედი - ღმერთი. ამ შეგნებამდე მისასვლელად ადამიანმა უნდა გაიაროს სიკვდილის შემდეგ კარმული გარდასახვის გრძელი გზა. ეს სწავლება სათავეს ინდუიზმიდან იღებს. არ არსებობს ერთი ღმერთი, მის ნაცვლად უამრავი სულია, რომლებთანაც შესაძლებელია და აუცილებელიცაა მაგიური კავშირის დამყარება სხვადასხვა საშუალებით: კრისტალებით, სპირიტიზმით... სულები ეხმარებიან ადამიანებს "ჭეშმარიტი რეალობის" შემეცნებაში.
"ახალი საუკუნის" მოძრაობა, ჭეშმარიტი უფლის ურწმუნობასა და "უმაღლესი ჭეშმარიტების" შემეცნების გზით, თვითგადარჩენის შესაძლებლობას ქადაგებს. ასეთი შესაძლებლობა, სხვადასხვა რელიგიური სისტემებიდან ამოკრეფილი მისტიკური იდეების წყალობით, ეკლექტიზმის ელფერს ატარებს. NEW AGE-ის იდეოლოგია ოკულტიზმის სულისკვეთებითაა გამსჭვალული. ეს მიმართულება სათავეს თეოსოფიაში იღებს.