გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##21-22
დიდი ცისკარი
დიდი ცისკარი ღამისთევის ლოცვის მეორე ნაწილია. მასში ახალი აღთქმის ამბებია გამოხატული.
ღამისთევის ლოცვაზე ცისკარი იწყება გალობით: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". სამების თაყვანისცემის ნიშნად ის სამგზის იგალობება. ამ სიტყვებით ადიდებდნენ ბეთლემში ანგელოზები მაცხოვრის შობას. ცისკრის ეს ნაწილი აუწყებს მორწმუნეებს კაცობრიობის მხსნელის - მესიის განხორციელებას. ამ სადიდებელს უერთდება ვედრება: "უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა" (ფს. 50,17).ექვსფსალმუნება
"დიდება მაღალიანის" შემდეგ იწყება ექვსფსალმუნება. ფსალმუნები გამოხატავენ ადამიანის სულის სიხარულს უფლის წყალობის გამო და სევდას იმ ცოდვის გამო, რომლისთვისაც ესაჭიროება გამოხსნა. ხსნის რწმენა ექვსივე ფსალმუნში გაისმის. ამრიგად, ექვსფსალმუნება ქრისტიანს ღრმა სულიერი განცდებისთვის განაწყობს, საცისკრო მსახურებისთვის ამზადებს. პირველი სამი ფსალმუნი შემდგომი სამისგან "ალილუიათი" და მცირე სადიდებელით გამოიყოფა. ბოლო მუხლები მეორდება და ამით მათზე ყურადღება მახვილდება. ძველად ამ მუხლებს გუნდი და მთელი მრევლი გალობდა. ღამისთევაზე მთელი დავითნი იკითხებოდა. ახლა კი მას ექვსფსალმუნება ცვლის.ექვსფსალმუნება კრძალვით უნდა მოვისმინოთ. ამ დროს ღმერთს ცოდვათა შენდობას უნდა ვევედრებოდეთ. წმინდა მამები გვირჩევენ, ექვსფსალმუნებისას ჩვენი ყოფის ამაოება გავიაზროთ, სიკვდილი და საშინელი სამსჯავრო გავიხსენოთ.
სამი ფსალმუნის წაკითხვის შემდეგ მღვდელი საკურთხევლიდან გამოდის და დახურული აღსავლის კარის წინ მდგარი თორმეტ საიდუმლო საცისკრო ლოცვას კითხულობს, რომლითაც აკურთხებს ღამისთევის მსახურებას. ფსალმუნებისას მღვდლის მიერ საიდუმლო ლოცვების წარმოთქმა მიგვანიშნებს, რომ თუმცა მაცხოვარი 30 წლამდე ადამიანთა შორის ცხოვრობდა, ხალხმა არაფერი იცოდა მის შესახებ. თვით ექვსი ფსალმუნის კითხვა იოანე ნათლისმცემლის შენანების შესახებ ქადაგებას მოასწავებს. ამიტომაცაა, რომ ამ დროს ზოგიერთ ეკლესიაში ტაძარს ნაკლებად ანათებენ.
ექვს ფსალმუნს მოსდევს დიდი კვერექსი, რომლის შემდეგაც საზეიმოდ სრულდება მორწმუნეთა საცხოვნებლად განკაცებული ღმერთის - იესო ქრისტეს სადიდებელი: "ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა". ეს ადგილი ცისკრისა მოასწავებს მაცხოვრის ნათლისღებასაც და წმინდა სამების გამოცხადებასაც. ამ დროს ტაძარს უფრო მეტად ანათებენ.
"ღმერთი უფალის" შემდეგ იგალობება ტროპარი. აღდგომის ტროპარებში იდიდება მაცხოვრის მიერ ჯოჯოხეთის დათრგუნვა და ძლევა სიკვდილისა. ტროპარს მოჰყვება დავითის ფსალმუნები. მათი კითხვისას ძველად მორწმუნეებს დაჯდომის ნება ეძლეოდათ. ფსალმუნებში მოცემულია წინასწარმეტყველება ძველი აღთქმისა იესო ქრისტეზე. კანონის შემდეგ იკითხება სტიხოლოგიები. მათში უფრო ცხადად არის ასახული მაცხოვრის წამება და სიკვდილი. სტიხოლოგიებს მცირე კვერექსი მოსდევს.
"პოლილეი"
ფსალმუნების შემდეგ იწყება ცისკრის ყველაზე საზეიმო ნაწილი - "პოლილეი" (ძველად მას "მრავალსაგალობლიანს" უწოდებდნენ). ამ დროისთვის ეკლესიაში სანთლებს ანთებენ, ანთებენ ყველაფერს, რაც კი შეიძლება აინთოს... ცისკარი თანმიმდევრულად გვიამბობს უფლის ხელთუქმნელ ნათელზე, რომელიც მისი განკაცებით და მკვდრეთით აღდგომით გამოგვიჩნდა. "ყველა აღმოსავლურ ეკლესიაში, - წერს ნეტარი იერონიმე, - სახარების კითხვისას სიხარულის ნიშნად სანთლებს ანთებენ, რათა ამ შეგრძნებადი სინათლით ვაჩვენოთ ის ნათელი, რომელზეც ფსალმუნში ვკითხულობთ: "სანთელი არს ფერხთა ჩემთა შჯული შენი და ნათელ - ალაგთა ჩემთა" (ფს. 118,105).ცისკრის ეს საზეიმო ნაწილი 134-ე და 135-ე ფსალმუნის გალობით იწყება - "აქებდით სახელსა უფლისასა..." და სახარების კითხვით სრულდება.
თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი სიმონი გვასწავლის, რომ საგალობლები, რომლებიც ამ დროს იგალობება, გვიამბობენ "ღვთის საკვირველ საქმეთა გამარჯვებასა და ამაღლებულობაზე", ჩვენი ცოდვილი სულების ეგვიპტიდან გამოსვლასა და ქრისტეს რწმენისკენ სვლაზე, განსაცდელთა დაძლევით - აღთქმული ქვეყნისა და ქრისტეს შეწევნით ზეციური სასუფევლის დამკვიდრებაზე. ამ დროს ხდება გახსენება მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომისა, მის მიერ სიკვდილის ძლევისა. წმინდა ეკლესია აქებს უფალს კაცთა მოდგმაზე მისი აურაცხელი წყალობისათვის.
იღება აღსავლის კარი. მღვდელმსახურნი აკმევენ მთელ ტაძარს. ამით მიანიშნებენ მენელსაცხებლე დედებზე, რომლებიც გამთენიისას მივიდნენ მაცხოვრის საფლავთან და ანგელოზისგან ქრისტეს აღდგომის ხარების შემდეგ ეს ამბავი მორწმუნეებს აუწყეს. სწორედ ეს არის ნათქვამი ტროპარში "ანგელოზთა დასი..." თუ კვირა დღეს დიდი დღესასწაული დაემთხვა, ამ ტროპარის წინ სადიდებელს გალობენ.
იწყება თეოდორე სტუდიელის (IX ს.) ცხრა აღსავალი. მათი რიცხვი ანგელოსთა ცხრა დასს შეესატყვისება, რომლებიც წმინდა სამებას უგალობენ. აღსავლები სინანულის გამომხატველი სიტყვებით გულს აღგვიმაღლებენ და სახარების მოსასმენად შეგვამზადებენ. მათ კიბის საფეხურებივით აჰყავთ ქრისტიანის სული მიწიდან ცისკენ, მწუხარებიდან სინანულისკენ.
წმინდა სახარების
სახარებას, რომელიც სიმბოლოა აღდგომილი უფლისა, გამოაბრძანებენ საკურთხევლიდან და საცისკრო წარდგომით აღამაღლებენ. ასე ამზადებს ეკლესია მლოცველებს სახარების მოსასმენად, ლოცულობს მათ გასანათლებლად და მოუხმობს ყველა სულიერს უფლის სადიდებლად: "ყოველი სული აქებდით უფალსა". ცისკარზე სახარებას მღვდელი (სამღვდელმთავრო მსახურებისას - მღვდელმთავარი) კითხულობს. იგი განასახიერებს უფალს, რომელიც ღვთაებრივი სიტყვით წვრთნიდა მოწაფეებს. აღდგომის საცისკრო სახარებები სულ თერთმეტია. ისინი თანმიმდევრობით - კვირიაკეების მიხედვით იკითხება. მათში მოთხრობილია ქრისტეს აღდგომაზე და იმაზეც, თუ როგორ ეცხადებოდა მაცხოვარი მოციქულებს აღდგომის შემდგომ. დღესასწაულებზე დღესასწაულის სახარება იკითხება. მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის სადიდებლად იგალობება: "აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ, თაყვანის-ვჰსცეთ წმიდასა ამას უფალსა დიდებისასა იესოს..." თუ დღესასწაული სადაგ დღეს დაემთხვა, ამ საგალობლის ნაცვლად დღესასწაულის საგალობელი სრულდება.დიაკონი ამბიონზე, მაცხოვრის ხატის წინ, კითხულობს ლოცვას: "აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი..."
ზეთისცხება
მღვდლის ასამაღლებლის შემდეგ მორწმუნენი შუა ეკლესიაში დასვენებულ ხატსა და წმინდა სახარებას ემთხვევიან. აქვე ხდება ზეთისცხებაც. ზეთისცხებისას მღვდელი ამბობს: "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ" - მორწმუნეებს ნაკურთ ზეთს წმინდა სამების სახელით სცხებს და გამოთქვამს მტკიცე რწმენას, რომ მისი სარწმუნოებით მიმღებნი კურნებასა და შვებას მიიღებენ.კანონთა კითხვა
ზეთისცხების შემდგომ წმინდა სახარებას საკურთხეველში შეაბრძანებენ და აღსავლის კარი იხურება. იწყება კანონთა კითხვა. ეს ცისკრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ ზეთისცხების შემდეგ ღვთისმსახურების მიტოვება და ტაძრიდან წასვლა დაუშვებელია. კანონში ცხრა ძლისპირი შედის. თითოეული ძლისპირი, თავის მხრივ, ტროპარებისგან შედგება, რომლებშიც გადმოცემულია ეკლესიის ისტორია და ჩვენი პირადი ქება ღვთისა და წმინდანებისა. III, VI და IX ძლისპირების შემდეგ იკითხება მცირე კვერექსი. რადგან IX ძლისპირი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმია განკუთვნილი, ამიტომ მისი წარმოთქმის წინ დიაკონი აღამაღლებს საცეცხლურს ღვთისმშობლის ხატის წინ და ამბობს ასამაღლებელს: "ღვთისმშობელსა, დედასა ნათლისასა, გალობით ვადიდებდეთ". მგალობლები ყოვლადწმინდა დედას შემდეგი საგალობლით აქებენ: "ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა...", რომელსაც ჩაერთვის: "უპატიოსნესსა ქერუბიმთასა..."
ძლისპირების შემდეგ სამჯერ იგალობება: "წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი" და იკითხება განმანათლებელი, რომელიც მოგვიწოდებს, გონებით განნათლდეთ და განვსპეტაკდეთ უფალი ღმერთის ღირსეულად სადიდებად. ამას 148-ე, 149-ე და 150-ე ფსალმუნების კითხვა მოსდევს.
ცისკრის ბოლო ნაწილი
იხსნება აღსავლის კარი და მღვდელი ხელაპყრობილი ღაღადებს: "დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი". ამ სიტყვებს ქრისტიანობის უძველეს ხანაში გადავყავართ და კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ ძველად ღამისთევის ლოცვა მზის ამოსვლამდე გრძელდებოდა. მღვდელი მორწმუნე ერის სახელით ახალი დღის დადგომისა და მზის ნათელის ხელახალი ხილვისთვის მადლობს უფალს. შემდეგ გუნდი სადიდებელს გალობს: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა...", რომელსაც დაასრულებს წმინდა სამების საგალობლით: "წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ". იგალობება დღესასწაულის ტროპარი, სრულდება მრჩობლი და თხოვნითი კვერექსები.ცისკარი სრულდება დიდი ჩამოლოცვით - მღვდელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდანების შუამდგომლობით შესთხოვს მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს მორწმუნეთა შეწყალებასა და ცხონებას. აღსავლის კარი და კრეტსაბმელი იხურება.
ცისკარს მოებმის I ჟამი, რითაც მთავრდება ღამისთევის ლოცვა.