ღამისთევის ლოცვის შესახებ
ღამისთევის ლოცვები ქრისტიანობის პირველ წლებშივე სრულდებოდა. თვით უფალი იესო ქრისტე არცთუ იშვიათად ატარებდა ღამეს ლოცვაში.
მოციქულებიც ღამით იკრიბებოდნენ სალოცავად. ქრისტიანობის დევნის დროსაც ღამით ატარებდნენ ღვთისმსახურებას.წმინდა ბასილი დიდი თავის შრომებში ღამისთევის ლოცვებზე წერს: "ხალხი ჩვენს ტაძარში მწუხარებასა და ღვთის აღმსარებლობაში, ლოცვასა და ფსალმუნთა გალობაში ათენებს ღამეებს. გამთენიისას კი ერთობლივად, ერთი პირითა და ერთი გულით უგალობენ უფალს..."
თავის სამწყსოს აქებდა იოანე ოქროპირიც: "თქვენ არ იცით დღე და ღამე, რადგან როცა ლოცვით ათენებთ ღამეს, მას დღედ აქცევთ. უძილო ღამეები გაქვთ და ასე მოსპეთ ძილის მეუფება - ქრისტეს სიყვარულმა სძლია ამ ბუნებრივ სისუსტეს... თქვენ უკუაგდეთ სიძულვილი, მოიშორეთ მდაბალი ვნებანი, დათესეთ სათნოებანი, შეძელით მთელი ღამის ლოცვაში გატარება..."
ღამის ღვთისმსახურებას ბასილი დიდი "აგრიპინებს" - უძილო ღამეს უწოდებდა. ასეთი მსახურება ძალზე გავრცელდა აღმოსავლეთში. იგი მთელი წლის განმავლობაში სრულდებოდა: ყოველ შაბათს, აღდგომის ღამეს, ნათლისღებისა და წმინდა მოწამეთა ხსენების დღეს. შემდგომში ღამისთევის ლოცვები სხვა დღესასწაულებზეც ტარდებოდა.
იერუსალიმში სააღდგომო ლოცვის ტრადიცია თანდათან იკიდებდა ფეხს და სულ უფრო იხვეწებოდა წმინდა მამათა მიერ. ღამისთევის ტიპიკონი ღირსმა ხარიტონ აღმსარებელმა, საბა განწმედილმა, წმინდა იოანე ოქროპირმა, იერუსალიმის პატრიარქმა სოფრონმა და ღირსმა იოანე დამასკელმა შეადგინეს.
ღამისთევის ლოცვა დიდი მწუხრისგან (ლიტიასა და პურის კურთხევასთან ერთად), დიდი ცისკრისა და პირველი ჟამისგან შედგება.
ღამისთევის ლოცვაზე თავდაპირველად დიდი ზარის ხმა გვიხმობს, მერე ყველა ზარი სადღესასწაულოდ რეკს. ამ დროს 50-ე ფსალმუნი ან მრწამსი უნდა ვიკითხოთ.
ღამისთევა, ჩვეულებისამებრ, საღამოს იწყება. ამით იგი ძველი აღთქმის დროინდელი ეკლესიის ისტორიას განასახიერებს და გვიჩვენებს, რომ ძველი აღთქმის ლოგიკური დასასრული ახალ აღთქმაშია.
დიდი მწუხრი
მწუხრი განასახიერებს ადამიანთა ხსნას ძველ აღთქმაში, რომელიც უფლისგან აღთქმული მესიის მოვლინების რწმენით აღესრულება.დიდი მწუხრის დაწყებისას იღება აღსავლის კარი. მღვდელი საცეცხლურით და დიაკონი ანთებული სანთლით შემოუკმევენ ტრაპეზსა და საკურთხეველს. საცეცხლური მღვდლის ხელში სიმბოლურად სულიწმინდის მოქმედებას ნიშნავს სამყაროს შექმნისას, ანთებული სანთელი დიაკონის ხელში კი - ნათელს საღმრთო სიბრძნისას. კმევის დროს მღვდელი და დიაკონი არაფერს ამბობენ, ნიშნად იმისა, რომ როცა ღმერთი სამყაროს ქმნიდა, ადამიანი ჯერ კიდევ არ არსებობდა, იგი ქმნილებათა შორის ყველაზე ბოლოს შექმნა ღმერთმა. კმევისას საკურთხეველი სამოთხეს წარმოადგენს, მღვდელი - ადამს, დიაკონი - ანგელოზს, ტრაპეზი კი ცხოვრების ხეს.
შემდეგ დიაკონი აღსავლის კარით ამბიონზე გამოდის და ქრისტიანებს მოუხმობს: აღსდეგინ! (ძველად ტაძრებში ისხდნენ) და მსახურების დასაწყებად კურთხევას ითხოვს. მღვდელი, რომელიც საკურთხევლის წინ დგას, განსხვავებულ ასამაღლებელს წარმოთქვამს: "კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე". ამ ასამაღლებლით იგი აღიარებს, რომ ძველი აღთქმის ადამიანებს შეცნობილი ჰყავდათ ღმერთი, ამაზე მეტყველებს წმინდა სამების სადიდებელი: "დიდება წმიდასა, და თანაარსსა, და ცხოველსმყოფელსა, და განუყოფელსა სამებასა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე".
გუნდი გალობს: "ამინ".
"ამინ" ებრაული სიტყვაა და ნიშნავს: "ჭეშმარიტად", "დაე, იყოს ასე". იგია დასტური ნათქვამისა. ნეტარი იერონიმე მას "ლოცვის ბეჭედს" უწოდებს. შემდეგ მღვდელი სამჯერ მოუწოდებს მორწმუნეებს ღვთის თაყვანისცემისკენ: "მოვედით თაყვანის ვცეთ მეუფესა..." გუნდი 103-ე ფსალმუნს გალობს: "აკურთხებს სული ჩემი უფალსა", რომელშიც უდიდესი სილამაზითაა აღწერილი შექმნა სამყაროსი და ადამიანისა. ფსალმუნის გალობისას ტაძრის კმევა ხდება. ამით პატივი მიეგებათ ხატებსა და ყველა სიწმინდეს.
ასეთი საზეიმო დასაწყისი ლოცვისა სამყაროს შექმნას და სამოთხეში პირველი ადამიანების უცოდველ მდგომარეობას გვაგონებს, როცა მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რა იყო შიში და სირცხვილი და სპეტაკი გულითა და უსაზღვრო სიყვარულით ადიდებდნენ ქვეყნიერების შემოქმედს, რომლის ხატადაც თავად იყვნენ შექმნილნი.
კმევის შემდეგ აღსავლის კარი იხურება, რაც ადამიანის ცოდვით დაცემას და სამოთხიდან განდევნას ნიშნავს. სამოთხიდან გამოდევნილ ჩვენს წინაპრებს, რომელთაც დაკარგეს ღმერთთან უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობა, ავადმყოფობა, გასაჭირი და განსაცდელები დაატყდათ თავს. ამქვეყნიური ყოფის სიძნელეებით შეჭირვებულნი სინანულით აღუვლენდნენ ყოვლისშემძლე ღმერთს ვედრებას და შემწეობას სთხოვდნენ. ადამისა და ევას მსგავსად, მწუხრზე ეკლესიაც ევედრება ღმერთს შეწყალებას - წარმოითქმება დიდი კვერექსი (კვერექსი ბერძნული სიტყვაა და გულითად, გახანგრძლივებულ ვედრებას ნიშნავს).
დიდი კვერექსი ეკლესიის ერთობლივი ლოცვაა, რომლითაც ის ღმერთს ცოდვილთა შემწეობას გამოსთხოვს. შინაარსის მიხედვით კვერექსი შეიძლება იყოს: მრჩობლი - გაძლიერებული ლოცვა და თხოვნა ცალკეული პირისათვის; თხოვნითი - ვედრება სხვადასხვა საჭიროებისთვის ცალკეულ პირთა მოხსენიების გარეშე; დიდი ანუ მშვიდობიანი, რომელშიც გაერთიანებულია მრჩობლი და თხოვნითი კვერექსები; და მცირე, რომელიც დიდი კვერექსის რამდენიმე თხოვნისაგან შედგება.
დიდი კვერექსი იწყება მოწოდებით - ვილოცოთ მშვიდობით, მშვიდი სულით და ერთობლივად, შევურიგდეთ ახლობლებსა და მტრებს, გამოვითხოვოთ ღვთისგან მართალი სარწმუნოება, წრფელი და მშვიდი სინდისი. კვერექსის ბოლო ვედრება თვითონ მლოცველებს ეხება, რათა დახსნილ იქნენ ყოველგვარი მწუხარებისგან, მრისხანებისა და გასაჭირისგან; ასევე მოიხმობა მათზე შემწე, მხსნელი, შემწყალებელი და მფარველი ღვთის მადლი, რომელსაც ერთგული მემკვიდრენი საუკუნო სასუფეველში შეჰყავს.
ყოველ ვედრებაზე გუნდი მლოცველთა სახელით გალობს: "უფალო, შეგვიწყალენ" ანდა "მოგვმადლენ, უფალო".
"უფალო, შეგვიწყალენ" ყოვლისმომცველი და ამავე დროს ყველაზე უბრალო და გასაგები ლოცვაა ადამიანის გასაჭირსა თუ თხოვნაზე. ამ მოკლე ლოცვის სიტყვებს ფსალმუნებსა და სახარებაშიც ვხვდებით.
სრულდება კვერექსი მოწოდებით - გამოვითხოვოთ შემწეობა წმინდანებისგან, განსაკუთრებით - ღვთისმშობლისგან, ყველა იმ გასაჭირზე, რომლებიც ყოველ მუხლში იქნა დასახელებული, რათა ჩვენი თხოვნა არ იყოს ამაო და მათი ლოცვითა და მადლით შევუერთდეთ ქრისტეს.
დიდი კვერექსის ვედრება შინაარსით ძალიან ჰგავს იმ ლოცვას, რომელიც ჯვარცმულმა უფალმა წარმოთქვა. თავდაპირველად იგი მტერთა მიტევებისთვის ლოცულობდა, შემდგომ - ახლობლებისთვის, თავის თავზე და ბოლოს მიაბარა სული მამა ღმერთს.
კვერექსის ასამაღლებლებში ღვთის არსია ახსნილი, იდიდება სასუფეველი, ძალი და დიდება, წყალობანი და კაცთმოყვარება მოწყალე და მხსნელი ღვთისა.
მღვდელი, შექმნის დღეთა რიცხვის შესაბამისად, საკურთხეველში შვიდ საიდუმლო ლოცვას კითხულობს. ამ დროს იგი მონანიე ადამს განასახიერებს. ეს ლოცვები მოიცავს ვედრებას მოწყალე და მრავალდამთმენი ღვთისადმი, რათა მან მოგვანიჭოს სულიერი განათლება, მოგვემადლოს ღვთის სიყვარული, შიში და კრძალვა.
შემდეგ იგალობება "ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა..." ამ გალობაში გამოხატულია ძველი აღთქმის ადამიანის ცხოვრება, რომელიც ურწმუნოთა გარემოშიც არ კარგავს აღთქმული მაცხოვრის მოვლინების იმედს. ეს ფსალმუნი ხატოვნად გვაუწყებს აგრეთვე ღვთის მხოლოდშობილ ძეზე, ნეტარ კაცზე, რომელსაც არ შეუცოდავს. ფსალმუნის ყოველი მუხლის შემდეგ იგალობება: "ალილუია".
მცირე კვერექსს მოსდევს ფსალმუნიდან გამოკრებილი საგალობელი: "უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი, ისმინე ჩემი, მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი..." ეს საგალობელი და კმევა იმ დროზე მიგვანიშნებს, როცა მოსეს მეშვეობით ადამიანებს ღვთისგან სჯული მიეცათ და ძველი აღთქმის ღვთისმსახურება დადგინდა. "უფალო, ღაღად-ვყავ შენდამი, ისმინე ჩემი" - ეს ღმერთს დაცილებული სულის ძახილია, რომელსაც უფლის შემწეობა სჭირდება. ადამიანებმა ვერ შეძლეს, მკაცრად დაეცვათ ძველი აღთქმის სჯული, რასაც ისინი იმ შეგნებამდე უნდა მიეყვანა, რომ შეუძლებელია, კაცმა თავი საკუთარი ძალებით გადაირჩინოს და აქედან გამომდინარე, ყოველ კაცში გაეღვიძებინა სურვილი ამქვეყნად მაცხოვრის მოვლინებისა, მაცხოვრისა, რომელიც დაიცავდა სჯულს და აღადგენდა ადამიანის ურთიერთობას ღმერთთან.
"უფალო, ღაღად-ვყავის" შემდეგ იკითხება სადიდებლები, სადაც ლაპარაკია ეკლესიის ისტორიაზე მოსე წინასწარმეტყველის შემდგომ, იმაზე, რომ ღმერთმა შეისმინა ხალხის ვედრება და მოუვლინა წინასწარმეტყველნი, რომლებიც კაცობრიობის მხსნელზე - მესიაზე წინასწარმეტყველებდნენ. სადიდებლები ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული მუხლით მთავრდება. მასში მოცემულია ქრისტიანული სწავლება იესო ქრისტეს შობაზე ყოვლადწმინდა მარიამისაგან. ამ მუხლის გალობისას მწუხრის უმნიშვნელოვანესი მღვდელმსახურება - საცეცხლურით გამოსვლა სრულდება. გაიხსნება აღსავლის კარი, რაც მიანიშნებს წინასწარმეტყველებას მაცხოვრის მოსვლით სასუფევლის კარის გაღებაზე. მწუხრის გამოსვლა ძე ღვთისას დედამიწაზე გარდამოსვლის სიმბოლოა. შეუძლებელია, უფლის განკაცების საიდუმლო სიტყვით გადმოიცეს, ამიტომ ეკლესია უსიტყვოდ ასრულებს მსახურებას, რომელიც ამ საიდუმლოს აღმნიშვნელია. მღვდელმსახურნი სანთლებით მოდიან, რაც ქრისტეს სწავლების ნათელს მოასწავებს. დიაკონი უფლის წინამორბედს - იოანე ნათლისმცემელს წარმოადგენს. მღვდელი თავდახრილი, ხელებჩამოშვებული, დამდაბლებული გამოდის, როგორც ძე ღვთისა განკაცებისას. გამოსვლისას იგი აღავლენს საიდუმლო ლოცვას, რომელშიც ევედრება უფალს, დაიცვას მორწმუნეთა გულები მზაკვარი სიტყვებისა და ზრახვებისაგან, შესთხოვს, გაათავისუფლოს ბოროტისაგან.
გალობა "ნათელი მხიარული" დედამიწაზე ძველი აღთქმის დასრულებას და ქრისტეს მოვლინებას, ახალი, კეთილმაუწყებელი დროის დადგომას გვახარებს, ნათელს, რომელიც მოიტანა მაცხოვარმა და მარადისობას, რომელიც მიანიჭა ქვეყანას ერთმა უკვდავმა, ერთმა უნეტარესმა ღმერთმა თავისი ძის მსხვერპლშეწირვით. ამ საგალობელში გამოიხატა ქრისტიანული სწავლება სულიერ ნათელზე, რომელიც განანათლებს ადამიანს, ქრისტეზე - მადლიანი ნათლის წყაროზე.
საკურთხეველში შესული მღვდელი ტრაპეზს ემთხვევა, რაც უფლის აღდგომას ნიშნავს. ამის შემდგომ მღვდელი მაღალ დასაჯდომელთან მიდის, რაც სიმბოლურად ქვეყნიერების განსასჯელად ქრისტეს მეორედ მოსვლას მოასწავებს.
იგალობება დღის წარდგომა თავისი მუხლებით, რომლებიც ფსალმუნებიდანაა გამოკრებილი. კვირის ყოველ დღეს თავისი წარდგომა აქვს, ამიტომაც იწოდება ისინი დღის წარდგომებად. წარდგომაში მოკლედაა ასახული შინაარსი და მნიშვნელობა აღსანიშნავი დღესასწაულისა თუ მნიშვნელოვანი შემთხვევისა. ასე მაგალითად, შაბათის მწუხრზე იკითხება "უფალი სუფევს", რომელიც აღდგომილი უფლის სიკვდილზე გამარჯვებას მოწმობს.
დიდ დღესასწაულებზე დღის წარდგომის შემდეგ იკითხება საწინასწარმეტყველონი ან გამორჩეული ადგილები ძველი და ახალი აღთქმის წიგნებიდან, რომლებშიც მოცემულია წინასწარმეტყველება თუ განმარტება აღსანიშნი დღისა ან ქება დღესასწაულის წმინდანისა. თუ საწინასწარმეტყველო ძველი აღთქმიდანაა - აღსავლის კარი იხურება, ხოლო თუ ახალი აღთქმიდან - ღია რჩება.
საწინასწარმეტყველოს შემდეგ მრჩობლი და თხოვნითი კვერექსები სრულდება, რომელთა შორისაც იკითხება "და ღირს მყუენ ჩუენ, უფალო, მწუხრსა ამას უცოდველად დაცვად ჩუენდა..." ეს სამსახოვანი ღვთის სამწუხრო სადიდებელია, ვედრება იმისა, რომ მლოცველები ცოდვებისაგან დაიცვას.
მღვდელი ამბობს: "მშვიდობა ყოველთა", დიაკონი კი მოუწოდებს მლოცველებს, დამდაბლებული და შემუსვრილი სულის ნიშნად თავი მოიდრიკონ. მღვდელი შესთხოვს ღმერთს მის წინაშე თავმოდრეკილთა შეწყალებას, რამეთუ ისინი მხოლოდ მისგან მოელიან წყალობას და ხსნას, და ითხოვს, დაგვიცვას ეშმაკისაგან.
გაგრძელება იქნება