სეფისკვერი "რჩეულ პურს" ნიშნავს, მას "პროსფორას" - პატარა პურსაც უწოდებენ. სეფისკვერს საუკეთესო ხარისხის ხორბლის ფქვილისგან ამზადებენ, რაც გამოხატავს სურვილს, უფალს საუკეთესო შევწიროთ.
ამიტომაც იყო, რომ ჩვენი წინაპრები მუდამ დიდი მოწიწებით არჩევდნენ სეფისკვერისთვის საუკეთესო ხორბალს, ცომის მოზელისას კი განუწყვეტლივ ლოცულობდნენ.
რჩეული პურის ცომის ასაფუებლად დაუშვებელია ჩვეულებრივი საფუარის გამოყენება - საფუარად ამჟავებულ ცომს იყენებენ.
გარეგნულად სეფისკვერი ორნაწილიანი მრგვალი კვერია, ზემოდან ჯვრის ან ღვთისმშობლის გამოსახულებით. რას მიანიშნებს სეფისკვერის ორად გაყოფილი ფორმა და მასზე გამოსახული ჯვარი? სიადან დაედო სათავე ღვთისმსახურებისას სეფისკვერის გამოყენებას? რა დანიშნულება აქვს მოსახსენიებელთან ერთად საკურთხეველში სეფისკვერის შეგზავნას? - ამ და სეფისკვერთან დაკავშირებული სხვა საკითხების განმარტება იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარს, დეკანოზ გიორგი სხირტლაძეს ვთხოვეთ.
- ღვთისმსახურების დროს პურის გამოყენებას ძველი აღთქმის პერიოდშივე დაედო სათავე, თუმცა მაშინ ამ მიზნით უფუარი პური - ხმიადი გამოიყენებოდა, ახალი აღთქმის ეკლესია კი საეკლესიო მსახურებისთვის გაფუებულ პურს იყენებს. საიდან მოდის ეს ტრადიცია?
- გაფუებული პური პირველად უფალმა იესო ქრისტემ გამოიყენა საიდუმლო სერობის დროს - განტეხა, მისცა მოციქულებს და უთხრა: "მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი განტეხილი მისატევებლად ცოდვათა". სწორედ აქედან დაედო სათავე საეკლესიო მსახურებისას გაფუებული პურის გამოყენებას, განტეხვას.
სეფისკვერი გამოიყენება ქრისტეს ხორცად კურთხევის, ქრისტეს ხორცად საიდუმლო გარდასახვისთვის. უფლის ხორცად პურის საიდუმლო გარდაქმნა ხდება საღმრთო ლიტურგიის დროს, ამიტომ სეფისკვერის გარეშე ლიტურგიის აღსრულება შეუძლებელია. ჩვენ ვიცით, რომ საღმრთო ლიტურგიაზე აღესრულება ევქარისტიის - ზიარების - საიდუმლო, რომლის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია პური ანუ სეფისკვერი. იგი ქრისტეს ხორცს მოასწავებს, რომელიც მსხვერპლის შეწირვის მომენტში, წმინდა ძღვენის კურთხევისას, სულიწმიდის მადლით სასწაულებრივად გარდაიქმნება უფლის უხრწნელ ხორცად. პურთან ერთად აუცილებელია ნატურალური წითელი ღვინოც, რომელიც ქრისტეს სისხლად გარდაისახება.
- მაგრამ პროსკომიდიაზე შესაწირად მზადდება ხუთი დიდი სეფისკვერი და თითოეულ მათგანზე აღესრულება კვეთა, უფლის ხორცად კი გარდაისახება ტარიგად წოდებული სეფისკვერის ნაწილი, რომელიც ერთ-ერთი დიდი სეფისკვერიდან იკვეთება. რატომ მზადდება პროსკომიდიაზე შესაწირად ხუთი დიდი სეფისკვერი? რას ნიშნავს ტარიგი და რა დანიშნულება აქვს სხვა სეფისკვერთაგან ნაკვეთ ნაწილებს?
- სახარებიდან ვიცით, რომ მაცხოვარმა ხუთი პურით სასწაულებრივად დააპურა ხუთი ათასი ადამიანი. სწორედ ამ სასწაულის ნიშნად შეიწირება პროსკომიდიაზე ხუთი დიდი სეფისკვერი. რაც შეეხება ტარიგს, იგი სეფისკვერის ოთხკუთხა ნაწილია. ღვთისმსახური მას ლახვრით ამოკვეთს ერთ-ერთი დიდი ჯვრისგამოსახულებიანი სეფისკვერიდან, რომელსაც ძველი ქართული ან ბერძნული ასოებით აწერია: "იესო ქრისტე ძლევად". ტარიგად ანუ კრავად წოდებული ნაკვეთი ნაწილი განასახიერებს ღვთის ტარიგს - იესო ქრისტეს, რომელმაც, ვითარცა უცოდველმა კრავმა ღვთისამან, აღიღო ცოდვანი სოფლისანი და თავი თვისი შესწირა ჩვენთვის და ჩვენი ცხოვრებისთვის. ე.ი. ტარიგი, კრავი უფალ იესო ქრისტეს სახელია, რომელიც მას იოანე ნათლისმცემელმა უწოდა იმის ნიშნად, რომ მან საკუთარი სისხლი გაიღო ცოდვის მონობაში მყოფი კაცობრიობის გამოხსნისათვის.
ყველა ლიტურგიისთვის მზადდება მხოლოდ ერთი ტარიგი, რომელსაც კვეთის შემდეგ ღვთისმსახური ფეშხუმზე დააბრუნებს. მეორე დიდი სეფისკვერიდან იკვეთება ნაწილი ღვთისმშობლის "პატივად და მოსახსენებლად", რომელიც ფეშხუმზე ტარიგის მარჯვნივ თავსდება; მესამე სეფისკვერიდან იკვეთება ცხრა ნაწილი წმინდანთა ცხრა დასის სახელზე, რომლებსაც ღვთისმსახური ტარიგის მარცხნივ ალაგებს; მეოთხე სეფისკვერიდან იკვეთება ორი ნაწილი ცოცხალთათვის, მეხუთედან კი ერთი გარდაცვლილთა სახელზე, რომელიც ფეშხუმზე ტარიგის ქვემოთ თავსდება. ევქარისტიული კანონის დროს, წმინდა ძღვენის კურთხევისას, ტარიგი უფლის უხრწნელ ხორცად გარდაიქმნება, რომლითაც ქრისტეს უხრწნელ სისხლად გარდაქმნილ ღვინოთან ერთად აზიარებენ მრევლს.
- რა დანიშნულება აქვს მოსახსენიებელთან ერთად საკურთხეველში სეფისკვერის შეგზავნას?
- საკურთხეველში შეგზავნილი სეფისკვერებიდან პროსკომიდიაზე (კვეთის დროს) იკვეთება ნაწილები მოსახსენიებელში მოხსენიებულ ცოცხალთა და გარდაცვლილთა სახელებზე. ნაკვეთ ნაწილებს ღვთისმსახური ათავსებს ფეშხუმზე, სადაც ტარიგი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდანთა სახელზე ნაკვეთი ნაწილებია მოთავსებული. ე.ი. ჩვენს მიერ მოხსენიებულ ადამიანთა სულები უფლის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდანთა გვერდით იმყოფებიან. ზიარების დასრულების შემდეგ ნაკვეთი ნაწილები ჩაესვენება ბარძიმში, სადაც უფლის წმინდა სისხლი და ხორცია მოთავსებული და ხდება ჩვენს მიერ მოხსენიებულ ადამიანთა სულების განწმენდა ამ დიდებული მსხვერპლით.
- რას მიანიშნებს სეფისკვერის ორად გაყოფილი ფორმა? რის ნიშნად გამოისახება მასზე ჯვარი და რას ნიშნავს წარწერა "იესო ქრისტე ძლევაი"?
- სეფისკვერი ორნაწილიანია ნიშნად ქრისტეს ორბუნებიანობისა - მასში ღვთაებრივ და ადამიანურ ბუნებათა შეერთებისა. ამასთანავე, მისი ორად გაყოფილი ფორმა მიგვანიშნებს ზეციერი და მიწიერი ეკლესის ერთობაზე. ჯვარი კი გამოსახულია ნიშნად იმისა, რომ სეფისკვერი განკუთვნილია ღვთისმსახურებისთვის. წარწერა "იესო ქრისტე ძლევაი" გვახსენებს, რომ იესო ქრისტემ სძლია ბოროტებას, სიკვდილისა და ჯოჯოხეთის მეუფებას და კაცობრიობა ცოდვის მონობისაგან გამოიხსნა.
- რა დანიშნულება აქვს ზიარების შემდეგ სეფისკვერის მიღებას?
- ზიარების შემდეგ ნაზიარებ ადამიანს ღვინო და სეფისკვერი ეძლევა როგორც მისაყოლებელი, რათა მათი საშუალებით პირის ღრუში შემთხვევით დარჩენილი წმინდა ძღვენის ნაწილები ორგანიზმში ჩავიდეს.
- წირვის დასრულების შემდეგ მორწმუნეებს დანაწევრებული სეფისკვერი ურიგდებათ. რა დანიშნულება აქვს ამ ქმედებას?
- სეფისკვერს, რომელიც მორწმუნეებს წირვის შემდეგ დანაწევრებული ურიგდებათ, პროსკომიდიაზე კვეთის დროს ამოკვეთილი აქვს შუაგული. მას ანტიდორი ეწოდება. სიტყვა "ანტიდორი" ნიშნავს "წმინდა ძღვენის ნაცვლად". ძველად წირვაზე დამსწრე ყველა ადამიანი ეზიარებოდა, რაც დღეისათვის იშვიათობაა, თუმცა წმინდა ეკლესია ცდილობს, წირვაზე დამსწრე მლოცველები წმინდა ტრაპეზში მონაწილეობის გარეშე არ დარჩნენ. ამიტომ წესად დაიდო ანტიდორის დარიგება. დანაწევრებული ნაკვეთი სეფისკვერი მორწმუნეებს ურიგდებათ ეკლესიის წიაღში მათი ერთიანობისა და ურთიერთთანაზიარობის ნიშნად. როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, ეკლესია არის სხეული ქრისტესი, ხოლო ჩვენ, მორწმუნენი - ეკლესიის ნაწილნი, ასოები, შესაბამისად, ქრისტეს სხეულის ნაწილები ვართ. სწორედ ქრისტეს სხეულისადმი - ეკლესიისადმი კუთვნილების, მის წიაღში ჩვენი ერთობის ნიშნად გვირიგდება წირვის შემდეგ დანაწევრებული სეფისკვერის ნაწილები.
- შეუძლია თუ არა წირვის შემდეგ სეფსკვერის მიღება ადამიანს, რომელიც უზმოზე არ არის?
- სასურველია ასეთ შემთხვევაში მორწმუნემ სეფისკვერი არ მიიღოს. გამონაკლისი დაიშვება მოძღვრის კურთხევით ბავშვებისა და სნეულებაში მყოფთათვის.
- არსებობს სეფისკვერის შინ წაღების და მისი ყოველ დილით უზმოზე მიღების წესი...
- სეფისკვერის მიღება ორგანიზმიდან განდევნის ყოველივე უარყოფითს - ემოციები იქნება ეს, სნეულებანი თუ სხვა. ამავდროულად წმენდს გულსა და გონებას და კურნავს სულიერ დაავადებებს. მისი მიღება ადამიანს მატებს ძალას, დილიდანვე მზად იყოს უფლის მსახურებისთვის. ყოველ დილით, უზმოზე, მორწმუნენი სეფისკვერს იხმევენ საკურნებელად სულისა და ხორცისა, მაგრამ იმისთვის, რომ წმინდა პურმა მაკურნებლად იმოქმედოს, ის აუცილებლად რწმენით, ღვთის შიშითა და სასოებით უნდა მივიღოთ. თუკი ადამიანს რაიმე სნეულება, ფიზიკური ან სულიერი, აწუხებს, მოძღვრის კურთხევით, შეუძლია, სეფისკვერი დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ მიიღოს როგორც სულიერი წამალი.
- სად მივუჩინოთ ადგილი სეფისკვერს და როგორ მოვექცეთ რჩეულ პურს დაზიანების, მაგალითად დაობების შემთხვევაში?
- ბუნებრივია, სეფისკვერი სალოცავ კუთხეში სხვა საეკლესიო სიწმინდეების გვერდით უნდა ინახებოდეს. რაც შეეხება დაზიანებულ სეფისკვერს, დაუშვებელია მისი საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად გადაყრა. ის შეიძლება მივიტანოთ ეკლესიაში, სადაც სხვა საეკლესიო ნარჩენებთან ერთად ტაძრის ღუმელში დაწვავენ ან სუფთა ადგილას, მაგალითად, ბაღში, პატარა ორმო ამოვიღოთ და იქ დავფლათ. შეიძლება გავაყოლოთ გამდინარე წყალსაც (მდინარეს).
- წმინდა წერილში პური არტოსად იწოდება, მაგრამ ადამიანთა უმეტესობა ამ სახელით მხოლოდ აღდგომის დღესასწაულისთვის საგანგებოდ გამომცხვარ პასქის ფორმის დიდ სეფისკვერს იცნობს, რომელიც მთელი ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ამბიონზე, საგანგებოდ მისთვის მომზადებულ მაგიდაზეა დაბრძანებული. რას გვეტყვით განსაკუთრებული საპასექო ჩვეულების - არტოსის გამოცხობისა და კურთხევის შესახებ?
- ქრისტეს აღდგომის დღესასწაულზე არტოსი საგანგებოდ ცხვება და იკურთხება იესო ქრისტეს სადიდებლად და მოსაგონებლად. ეს ჩვეულება სათავეს მოციქულთა ეპოქიდან იღებს: ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ მოციქულები ნუგეშს მაცხოვრის მოგონებასა და გახსენებაში პოვებდნენ, საერთო ლოცვისთვის შეკრებისას იხსენებდნენ საიდუმლო სერობას, ეზიარებოდნენ... მაგრამ ხილული თვალითაც რომ შეეგრძნოთ უფლის მათთან მყოფობა, ერთად ტრაპეზობისას თავისუფალს ტოვებდნენ პირველ ადგილს მათთან უხილავად მყოფი მაცხოვრისთვის და ამ ადგილას, მაგიდაზე, პურის ნაჭერს დებდნენ. ტრაპეზის დასასრულს მაცხოვრისთვის განკუთვნილ პურის ნაჭერს მაღლა სწევდნენ და ამბობდნენ: "ქრისტე აღსდგა!" ამ წესს, ნიშნად უფლისადმი მადლიერებისა, მოციქულები ქვეყნის სხვადასხვა მხარეს საქადაგებლად წასვლის შემდეგაც აღასრულებდნენ ქრისტეს მიმდევართა საზოგადოებაში.
მოციქულთა მიერ დადგენილი წესი პურის კურთხევისა მომდევნო საუკუნეებში წმინდა მამებმა აღდგომის დღესასწაულისთვის გამოიყენეს. როგორც ქრისტეს მოწაფეებს მოაგონებდათ ჯვარცმულ და მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს მისთვის განკუთვნილ ადგილას დადებული პურის ნაჭერი, ასევე მოაგონებს მორწმუნეთ აღდგომის დღესასწაულზე მათ თვალწინ მყოფი არტოსი, რომ მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი უხილავად იმყოფება ჩვენთან. ამავდროულად არტოსი შეგვახსენებს, რომ იესო ქრისტე ჯვარზე დაღვრილი სისხლითა და მკვდრეთით აღდგომით ჩვენთვის ჭეშმარიტი ცხოვრების პურად იქცა. რადგან უფლის აღდგომის დღესასწაული მთელი კვირა გრძელდება, არტოსიც მთელი კვირისAმანძილზეა დაბრძანებული აღსავლის ღია კარის წინ, რომელიც აღმდგარი იესო ქრისტეს მიერ სასუფევლის კარის გახსნას შეგვახსენებს.
ბრწყინვალე შვიდეულის დასასრულს არტოსი მცირე ნაწილებად იჭრება და მორწმუნეებს ურიგდება.
არტოსი მომდევნო წლის აღდოგმის დღესასწაულამდე უნდა შევინახოთ, როგორც უდიდესი სიწმინდე და მივიღოთ ავადმყოფობისა თუ სხვა განსაცდელის ჟამს, როგორც სულიერი წამალი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი