წმინდა ბარსანოფი ოპტელის საუბრები სულიერ შვილებთან
23 დეკემბერი, 1910 წელი. იესოს ლოცვის შესრულება ძალზე მნიშვნელოვანია. ოპტის უდაბნოს ბერები ვალდებულნი არიან, ყოველდღე შეასრულონ კანონი - ხუთასეული, რომელიც შედგება 300 იესოს, 100 ღვთისმშობლის, 50 მფარველი ანგელოზისა და 50 ყოველთა წმინდათა მიმართ ლოცვებისაგან.
თუმცა ეს კანონი ბერებისთვის არის აუცილებელი, მაგრამ ერისკაცებსაც არგებთ. კარგია, თუ ყოველდღიურად წავიკითხავთ 90-ე და 50-ე ფსალმუნებს. 90-ე ფსალმუნი, "რომელი დამკვიდრებულ არს...", აჯობებს, დღეში სამჯერ წავიკითხოთ: დილით, შუადღისას და საღამოს. კაცს შუადღისას განსაკუთრებით ესხმის თავს სიძვის ეშმაკი, ეს ფსალმუნი კი მას შორს განიოტებს. მოციქული პავლე ბრძანებს: "განიფრთხვეთ, მღვიძარე იყვენით, რამეთუ წინამოსაჯული თქვენი ეშმაკი, ვითარცა ლომი მყვირალი, მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა" (1 პეტ. 5,8). ამიტომაც აუცილებელია ყოველთვის აღვასრულოთ იესოს ლოცვა, რომელიც ძლიერი იარაღია უხილავი მტრის წინააღმდეგ! უფალმა თქვა: "სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ..." (მარკ. 16,17). ეს ლოცვა ადამიანს ღვთის საუკუნო საიდუმლოებებს უმჟღავნებს. ჩემო შვილებო, ძალისაებრ თქვენც შეასრულეთ იესოს ლოცვა და ის დაგიცავთ ყოველივე ბოროტისაგან. შეასრულეთ და თანდათან შეიძენთ სიმდაბლეს, სიმშვიდეს, სიწრფოებას, შეიცნობთ საკუთარ ნაკლს, სხვათა განკითხვა აღარ მოგინდებათ, მტრისადმი იქნებით მიმტევებელი და კეთილმოსურნე. ეს წმინდა ლოცვა დაიფარავს თქვენს ქალწულობას. თუ რომელიმე თქვენგანი გათხოვებას აპირებს, იესოს ლოცვა ცუდ კაცს მოგაშორებთ და გამოგიგზავნით კეთილსა და მორწმუნე ადამიანს, ცხოვრების გზის საიმედო თანამგზავრს.
არსებობს სამი გზა ცხოვრებისა: ქორწინება, ქალწულება და მონაზვნობა. თითოეულ მათგანს შეუძლია ზეციურ სამეფომდე მიგვიყვანოს. გათხოვებისას - ქრისტეს სახელით აღასრულე მოვალეობა ცოლისა და დედისა; ქალწულებისას - მიუძღვენი იგი უფალს; მონაზვნობისას კი უარყავი ყოველივე ღვთის სასუფევლის გულისთვის. მე მონასტრისკენ არ მოგიწოდებთ; ყველას თავისი გზა აქვს, ოღონდ კაცი გულწრფელად ეძებდეს ღმერთს, ისწაფოდეს მისკენ. რა თქმა უნდა, მონაზვნური ცხოვრება - სამეუფო გზაა, ვინც მონასტერში წავა და ნამდვილი მონაზონი იქნება, ღვთისაგან დიდ ჯილდოს მიიღებს.
საინტერესო ამბავი მოხდა რამდენიმე წლის წინ. რომელიღაც უდაბნოში ერთმა მორჩილმა მონასტრიდან წასვლა გადაწყვიტა. წინა საღამოს შეკრა ბარგი და რამდენიმე მორჩილს სთხოვა, დილით ჩემთან მობრძანდით, ჩაით გაგიმასპინძლდებითო. მეორე დღეს სტუმრებს სამგზავროდ გამზადებული ყველა ნივთი ძველებურად დალაგებული დახვდათ, ბერი კი იჯდა თავისთვის და ეტყობოდა, არსად წასვლას არ აპირებდა. ძმებო, არსადაც არ მივდივარ, ღმერთმა გონს მომიყვანაო, - უთხრა მათ ბერმა და თავისი სიზმარი მოუყვა. იგი ღვთისაგან ღირსი შექმნილა, ენახა ბერებისთვის გამზადებული ზეციური სავანე, რომელიც ერისკაცთათვის განკუთვნილზე შეუდარებლად ლამაზი იყო.
ოღონდ კი გადავრჩეთ! უფალი ყველას თავის სასუფეველში გვიხმობს: "აჰა, ესერა, ვდგა კარსა ზედა და ვრეკ. უკეთუ ვინ ისმინოს ხმისა ჩემისაი და განაღოს კარ და შევიდე მის თანა და ვჭამო მის თანა სერი და მან ჩემ თანა" (გამოცხ. 3,20), - ბრძანებს ქრისტე. ნეტარნი არიან ისინი, ვინც ისმენს ღვთის ხმას და მიჰყვება მას.
ყაზანში ვიცნობდი ერთ მონაზონს, დედა ეფროსინიას. წმინდა სულის ადამიანი იყო. ახალგაზრდობიდან გაჰყვა მაცხოვრის მოწოდებას. დედა ეფროსინია მდიდარი და სახელგანთქმული ოჯახის ერთადერთი ქალიშვილი იყო. ოცი წლისა სასწავლებლად სმოლნის ინსტიტუტში წაიყვანეს. მეცადინეობიდან თავისუფალ დროს სასულიერო ლიტერატურის კითხვაში ატარებდა. მას ხუმრობით მონაზონსაც ეძახდნენ. სასწავლებლის დამთავრებისთანავე მშობლებს მიაკითხა. ქალიშვილი როგორც ჭკუა-გონებით, განათლებით იყო აღმატებული თანატოლებზე, ისე არაჩვეულებრივი სილამაზით გამოირჩეოდა. ეს ღირსებები, სიმდიდრესთან ერთად, თითქოსდა ბედნიერ მომავალს უქადდა, მაგრამ ეფროსინიას გული შორს იყო მიწიერ საგანთაგან და მხოლოდ ქრისტესკენ ისწრაფოდა, რომელსაც ბავშვობიდანვე ეტრფოდა. ინსტიტუტის დამთავრების აღსანიშნავად მშობლებმა ქალიშვილს დიდებული მეჯლისი მოუწყვეს. ეფროსინიას ბრილიანტებით მოოჭვილი კაბა ეცვა და ძალზე უხდებოდა.
შუა მეჯლისში ეფროსინიამ დრო იხელთა, დატოვა დარბაზი, შევიდა თავის ოთახში, მოიხსნა სამკაული, გადაიცვა მოახლის სამოსი, მშობლებს დაუტოვა წერილი - არ მეძებოთო და ერთგულ მოახლესთან ერთად შინიდან გაიპარა. მრავალი მონასტერი შემოიარა, მაგრამ მისი მიღების ყველას ეშინოდა. ერთხანს სმოლენსკის მონასტერში ცხოვრობდა, შემდეგ კი ყაზანში დასახლდა. იქ ერთმა კეთილმორწმუნე ვაჭარმა ცალკე სახლი აუშენა. მე მას დროდადრო ვსტუმრობდი ხოლმე. საინტერესო საუბარი იცოდა, მასთან ყოფნისას დრო შეუმჩნევლად მიჰქროდა.
ერთხელ მიამბო, თუ როგორ გაიგონა ანგელოზთა გალობა. რაღაც საქმეზე კიევის მიტროპოლიტ ფილარეტთან მისულა. მღვდელმთავრის სახლს რომ მიახლოებია, მშვენიერი, ტკბილხმოვანი გალობა შემოსმია. ნამდვილად მეუფეს მგალობლები ეწვივნენ სხვა ეპარქიიდან და ისინი გალობენ ასე დიდებულადო, - უფიქრია. ეფროსინიამ შემდეგ მიტროპოლიტს მოუთხრო ამის თაობაზე. მეუფე ჩაფიქრდა და უთხრა, - არავინ მყავს მგალობელი, შენ კი, დედაო, ანგელოზთა გალობა ჩაგესმა, მაგრამ ამას დიდ მნიშვნელობას ნუ მისცემ, რომ არ გაამაყდეო.
კარგა ხანს ვერ მოვახერხე დედა ეფროსინიას ნახვა. როცა მივედი, კართან მოგებებულმა ვაჭარმა მითხრა, - იჩქარე, დედა ეფროსინია კვდებაო. ჩემი მისვლისას თვალები გაახილა, ალერსიანად გამიღიმა და წაიჩურჩულა: "დიდება ღმერთს, პავლე ივანეს ძე მოვიდა". ავიღე მისი ხელი და სამჯერ ჯვარი გადავასახვინე. დედა ეფროსინიას სახე გაუბრწყინდა, ამოისუნთქა და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
დილიდან საღამომდე დედა ეფროსინიას სენაკი ხალხით იყო სავსე, ყველას სურდა ბოლო პატივი მიეგო გარდაცვლილისთვის. მეც იქვე ვიჯექი და დაჟინებით ვუცქერდი განსვენებულის სახეს. მშვენიერი იყო, მშვიდი, გახარებული, ამავე დროს დიდებულიც. ცუდად გავხდი, სრული სიმარტოვე ვიგრძენი. სამშაბათს დავკრძალეთ. როცა ტაძარში შევასვენეთ, გუნდმა იგალობა: "გიხაროდეს, ბარბარე, ქრისტეს მშვენიერო სასძლოო". თურმე დიდმოწამე ბარბარეს დაუჯდომელს კითხულობდნენ. შემდგომში გამოირკვა, რომ არც ეს გალობა იყო შემთხვევითი: დედა ეფროსინიას საიდუმლოდ დიდი სქემა ჰქონდა შემოსილი და ერქვა ბარბარე, თუმცა ეს თითქმის არავინ იცოდა.
ღმერთმა მანუგეშა ამ მწუხარებისას. მისი დაკრძალვიდან მალევე ვნახე სიზმარი. ვიხილე: ვრცელი მინდვრის შუაში დედა ეფროსინიას კუბოსთან ვდგავარ. რიბირაბოა. უეცრად დავინახე ზეცისკენ მიმავალი ჯარისკაცთა რაზმები. ხელთ დროშები ეპყრათ. სახეზე დაღლა ეტყობოდათ - გადამწყვეტი ბრძოლა მოეგოთ და უკან ბრუნდებოდნენ. ამასობაში მზემ ამოანათა და განაბრწყინა მათ დროშებზე გამოსახული ოქროს ჯვრები.
გამომეღვიძა. ვერ ვხვდებოდი სიზმრის შინაარსს. შემდეგ ამიხსნეს: ჯარისკაცები - ეს ანგელოზთა დასი იყო, რომელთაც იბრძოლეს დედა ეფროსინიას სულისთვის და სძლიეს ეშმაკებს. დიახ, ანგელოზები დიდად იღვწიან ადამიანის სულისთვის. თუ მტერი ყოველი მხრიდან თავს გვესხმის, უფრო ახლოს არიან სიყვარულით შემოსილი სინათლის ანგელოზები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ ჩვენს დაცვას, ოღონდ კაცი შეგნებულად არ უნდა გადავიდეს ბოროტების მხარეს.
მე განმაცვიფრა დედა ეფროსინიას მონათხრობმა ანგელოზთა გალობაზე. წმინდანთა ცხოვრებაში მრავლად ვხვდებით ამგვარ ამბებს. მაგალითად, წმინდა პიმენ მრავალვნებული ნატრობდა ბერად აღკვეცას. ერთხელ, ღამით, მასთან მივიდა იღუმენი ძმებთან ერთად და პიმენი ბერად აღკვეცა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ მივიდა და პიმენი შემოსილი რომ ნახა, გაიკვირვა - ვინ აღგკვეცაო. თქვენ, მამაოო, - მიუგო განცვიფრებულმა. გამოჰკითხეს მეზობლად მცხოვრებ ბერებს. მათ დაუდასტურეს - პიმენის კელიიდან გვესმოდა ბერად აღკვეცისას სათქმელი გალობაო. მაშინ კი მიხვდა იღუმენი, რომ პიმენი ანგელოზებმა შემოსეს.
ერთი ღირსი მამა სულიერად დიდ ღვაწლში იყო, მაგრამ რატომღაც ფიქრებმა შეაწუხა - რას ნიშნავს საუკუნო ნეტარება, ნუთუ მასში ყოფნა ადამიანს არ მოსწყინდებაო. ერთხელ ტყეში მოხვდა. დაღლილი მიჯდა გამხმარ კუნძზე. მოეჩვენა, რომ ტყე საკვირველმა ნათელმა გააბრწყინა. შემდეგ კი მშვენიერი გალობა მოესმა. დიდებულმა მელოდიამ აღაფრთოვანა ბერი, დაავიწყა ამ ქვეყანაზე ყველაფერი. მაგრამ გალობა შეწყდა. არ იცოდა, რამდენი ხანი გავიდა ამ ნეტარებაში. წამოდგა დამწუხრებული და მონასტრის გზას დაადგა. ბერის გასაკვირად, ყოველ ნაბიჯზე ახალ-ახალი, უცნობი ქუჩები და სახლები ხვდებოდა. როგორც იქნა, მიაღწია მონასტერს. ეტყობა, სხვაგან მოვხვდიო, - ამბობდა გულში. შევიდა მონასტრის ეზოში. ერთ მორჩილს მიუჯდა გვერდით და ჰკითხა, - ძმაო, ეს ხომ მონასტერია? მორჩილმა დაუდასტურა. შემდეგ ბერმა იღუმენი, მონასტრის ძმობა მოიკითხა, მაგრამ იმ სახელების მქონე იქ არავინ აღმოჩნდა. მივიდნენ იღუმენთან. მან მონასტრის ისტორია მოატანინა ბერს, რადგან იგრძნო, რომ ამ ამბავში საღმრთო საიდუმლოება იყო დაფარული. "შენს იღუმენს ილარიონი ერქვა?" - ჰკითხა ბერს. "დიახ, დიახ", - უპასუხა გახარებულმა. "მზარეული ეს ბერი იყო, იკონომოსი - ეს მონაზონი?" "მართალია", - მიუგო ბერმა. "მაშინ ვადიდოთ უფალი, მამაო, - მიმართა იღუმენმა, - ღმერთმა დიდი სასწაული მოგიხდინა. ის ბერები, რომელთაც შენ ეძებ, სამასი წლის წინ ცხოვრობდნენ. ერთ ადგილას მონასტრის ქრონიკებში წერია, რომ ამა და ამ დროს ერთი ბერი უკვალოდ დაიკარგაო". ყველამ ერთად ადიდა ღმერთი... ღირს მამაზე, რომელიც ანგელოზთა გალობას სამას წელიწადს უსმენდა, ღმერთმა წყალობა მოიღო. არ დატოვა ფიქრებარეული თავისი მონა, ამ ხილვით ანუგეშა ერთი, მხოლოდ მისთვის ნაცნობი გზით.
უყვარს უფალს მშვიდნი და მდაბალნი, რამეთუ თვითონაც მშვიდია და მდაბალი გულით.
წმინდა ისააკ ასური ბრძანებს: "სასწორის ერთ პინაზე რომ დავდოთ მრავალი კეთილი საქმე, მეორე მხარეს კი მდუმარება, მას მდუმარება გადასწონისო".
ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა ეპისკოპოსი თეოფანე (გოვოროვი, +1894 - კანონიზებულია 1988 წელს). ის დიდად აფასებდა მდუმარებას. სიცოცხლის ბოლო წლებში დაუტევა ყველაფერი და სენაკში დაეყუდა. მისი სახლის ერთ ოთახში ეკლესია იყო გამართული, სადაც ყოველდღიურად სწირავდა მეუფე. მეგობრებს სწერდა ხოლმე, - აქ ყველაფერი მე ვარ - ეპისკოპოსიც, მღვდელიც, დიაკვანიც და მედავითნეცო. ეპისკოპოსს ჰყავდა მორჩილი, რომელიც საჭმელს უმზადებდა, სახლს ალაგებდა. როცა ის მასთან შედიოდა, მღვდელმთავარი სხვა ოთახში გადიოდა. მდუმარება, მყუდროება დიდ ნეტარებას ჰგვრიდა მას და სული მისი ზეცად ამაღლდებოდა. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მისი წმინდა სული შეიყვანა უფალმა თავის სასუფეველში. მაგრამ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ჩუმად ყოფნა დანაშაულიც კია. მაგალითად, ოჯახში სადილობენ, საუბრობენ, ერთი ქალიშვილი კი ხმას არ იღებს. დედა მას ცერად უყურებს. რატომ არაფერს ამბობს, ალბათ თავს გვამეტებსო, - ფიქრობს. თავს ვეღარ იკავებს და შვილს საყვედურობს. გოგონა კი ბრაზობს, - რახან ასეა, სულ არაფერს ვიტყვიო. ნასადილევს ორივე ცდილობს, ერთმანეთს სწრაფად გაშორდეს. ვის უნდა მდუმარების ამგვარი "ღვაწლი"? არც ადამიანებს მოსწონთ და არც ღვთისთვის არის სათნო. უფალმა ხომ ბრძანა: "ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკეთუ იყვარებოდით ურთიერთას" (იოანე. 13,35). შვილებო, ეცადეთ, ყველასთან მშვიდობა გქონდეთ, "მშვიდობასა შეუდეგით ყოველთა თანა და სიწმიდესა" (ებრ. 12,14). თუ ამისკენ ისწრაფვით, ღმერთი არ დაგიტევებთ შეწევნის გარეშე, ისეთ ცხოვრებისეულ პირობებში ჩაგაყენებთ, სადაც უფრო ადვილად გადარჩებით, გულს აგივსებთ ჭეშმარიტი სიყვარულით, რომელიც არის თავი სრულყოფილებისა, წყარო ენით გამოუთქმელი სიხარულისა, ენით გამოუთქმელი ნეტარებისა.