ქრისტეს სიყვარული ტკივილს აღემატება და აქარწყლებს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ერთ-ერთ ქადაგებაში აღნიშნავს:
"სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების წარმომადგენელთა უმრავლესობას არათუ დიდი, არამედ მცირეოდენი მოთმინების უნარიც კი აღარ შესწევს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ყოფა სამოთხედ არასოდეს იქცევა, რადგან, როგორც წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს, ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას" (I ინ. 5,19); ამქვეყნად პრობლემები არ დაილევა, რადგან ბოროტება ებრძვის სიკეთეს და ამ ბრძოლის მთავარი ობიექტი არის ადამიანი. დედამიწაზე განსაცდელისა და ტკივილის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია; წარმოუდგენელია პიროვნება, რომელსაც არ მოუწევს დემონებისაგან წაქეზებული ავი და გაბოროტებული ადამიანების თავდასხმებთან შეჭიდება. აი, ამ დროს აუცილებელია, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და მოუხმოთ მოთმინებას, რომ არ მიაგოთ ბოროტი ბოროტისა წილ. თქვენი მოთმინების მტკიცე კედელი აისხლეტს დემონის ისრებს, დაგიცავთ და დაგიფარავთ სულიერი დაცემისაგან. სოლომონ ბრძენიც ასე გვარიგებს: "დამთმენი კაცი გონიერია, ის კი, ვინც ადვილად ღიზიანდება, სიბრიყვეს ავლენს" (იგავნი 14,29). მოთმინებასთან ერთად აუცილებელია, ავისმოსურნე ან თქვენზე ავისმთქმელი კი არ გძულდეთ, არამედ გებრალებოდეთ, როგორც ეშმაკის ცდუნების მსხვერპლი, და ილოცოთ მისთვის. მოთმინება ერთგული რაინდივით იცავს მშვიდობას, სიხარულსა და სიყვარულს და თავადაც უხვად საზრდოობს ამ მადლთაგან.
თუ გსურთ, გაიმარჯვოთ, მოითმინეთ, რადგან ვინც დაითმენს, ის ნამდვილად დიდ წარმატებას მიაღწევს ბოლოს".
ეკლესიის მამებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ჩვენ განსაკუთრებით რთულ ეპოქაში გვიწევს ცხოვრება - მაცდური ყოველმხრივ მძლავრობს. ამიტომ დღევანდელი ქრისტიანის სულიერ-ზნეობრივი სიმტკიცე და შეუდრეკლობა უფრო ფასეულია უფლის თვალში.
- უბრალო მოკვდავებს ხშირად გვღალატობს ნებისყოფა, ურწმუნოება გვეძალება... მეტად მძიმედ გვეჩვენება ცხოვრებისეული ჯვარი და ღვთის სამართლიან განგებულებაში ეჭვიც შეგვაქვს... გვგონია, რომ ამ სიმძიმეს ვერ ავიტანთ... ქრისტიანული თვალსაზრისით, რამდენად საფუძვლიანია ასეთი განწყობა?
წმინდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) განგვიმარტავს, თუ რა არის "ტანჯვის საზომი":
"მებაღე ხეს სხლავს, რათა სწრაფად გაიზარდოს და უკეთესი ნაყოფი გამოიღოს. თუ იგი გადაამეტებს და ზედმეტს მოჭრის, ხე გახმება.
გწამდეს, რომ შენი ტანჯვა არასოდეს გადასცდება საზღვრებს. ღმერთი ნებისმიერ მებაღეზე მეტი მზრუნველობითა და გულმოწყალებით ზრუნავს თითოეულ ადამიანზე.
მოუსმინე, როგორ მსჯელობს ღირსი ნილოს სორელი: "თუ მექოთნემ თიხის ცეცხლში გაჩერების ზომა იცის, რომ არ გასკდეს, ნუთუ ღმერთმა არ იცის ჩვენი ტანჯვის საზღვრები?" გჯეროდეს, ღმერთს ადამიანზე მეტი განსჯის უნარი აქვს".
- უთანხმოებები, განსაცდელები, ავადმყოფობები, შური, სიძულვილი, სხვადასხვა ცოდვითი მიდრეკილება, რომლებიც შხამავს სულს - ქრისტიანის ცხოვრების თანამდევია. მათი დათმენა მეტად რთულია და სწორედ მაშინ, როცა ბრძოლა პიკს აღწევს, მორწმუნე იღლება, სასოწარკვეთას ეძლევა... რა ეხმარება ამ დროს მორწმუნეს ყველაზე მეტად?
წმინდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი) განმარტავს რა იმედის მნიშვნელობას, ბრძანებს: "და ნათელი ბნელში ნათობს, და ბნელმა იგი ვერ მოიცვა" (იოანე 1, 5). ბნელმა, უკუნმა ღამემ მოიცვა დედამიწა, მრისხანე ღრუბლებმა დაფარა ვარსკვლავთა ციაგი და დაქანცული, მარტოსული მგზავრი, მთვლემარე ტყიდან რომ ცდილობს გაღწევას, ცხვირწინაც კი ვერაფერს ხედავს; იგი საცაა სასოწარკვეთილებაში ჩავარდება და ეჩვენება, რომ მიზანს ვერასოდეს მიაღწევს, ვერასოდეს მივა საცხოვრისამდე. მოულოდნელად წყვდიადში რაღაცამ იელვა - სადღაც შორს კოცონი ციმციმებს და მგზავრის სულში მაშინვე იმედის სხივი გაჩნდა, იგი უფრო გაბედულად დაადგა გზას, ნელ-ნელა კოცონი გამოჩნდა, იგი მარტო აღარაა - გადარჩა. მიზანი მიღწევადია, წინ პატარა ქალაქი იშლება, სწორედ მისკენ ისწრაფვის.
განა ასევე არაა ცხოვრებაშიც? კაცობრიობის ისტორიასა და თითოეულის პირად ცხოვრებაში არის ჟამი, როცა ყოველივეს უკუნეთი მოიცავს; ცოდვა, გაბოროტება, ურწმუნოება, მტრობა, სიცრუე - ეს მტრული ძალები თითქოს ატყვევებს კაცობრიობას და ფარავს რა ჩვენგან ყოველგვარ სინათლეს, არ გვაძლევს საშუალებას გავაღწიოთ მისგან. მაგრამ "ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა" - მან იგი ვერ უნდა მოიცვას. საკმარისია ერთი კოცონი აინთოს და სინათლე უკვე შორს ვრცელდება; ერთი ნაპერწკლიდან მრავალი კოცონი შეიძლება აინთოს და ირგვლივ კვლავ სინათლე ისადგურებს.
როდესაც უსიხარულო დროება სიმძიმით გვთრგუნავს, უფლისთვის სათნოა, პირქუშ აზრებს არ მივეცეთ. მას სურს, წყვდიადის მიუხედავად, მოწყენილობის გარეშე ვისწრაფოდეთ სინათლისაკენ და საკუთარი მაგალითით სიმართლისა და სიკეთის კაშკაშა კოცონად ვგიზგიზებდეთ. ჩვენ ცხოვრებაში ყველაზე მეტად ვსაჭიროებთ სიყვარულის ნელ ციაგს, რომელსაც ისინი ავრცელებენ, ვინც მის წყაროსთან, ღვთიურ სიყვარულთან არიან ახლოს. სული, რომელიც მხურვალე ლოცვაში ყოველდღიურად მიეახლება ზენაარის საყდარს, უეჭველია, განათდება ზეციური სინათლის სხივით და აღასრულებს მოციქულ პავლეს მითითებას: "შეიცვალენით განახლებითა მის გონებისა თქვენისათა, რათა გამოიცადოთ თქვენ, რაი იგი არს ნება ღმრთისა: კეთილი, სათნო და სრული" (რომ. 12, 2).
განახლდება რა, ძალუძს თავის გარშემო სიყვარულის ნელი ციაგი გაავრცელოს და სხვებში ღვთიური ნაპერწკალი აანთოს. მაშინ სინათლე საბოლოოდ სძლევს სიბნელეს, და სიმართლის მარადიული მზე აღმოვალს ჩვენზედა".
- საცდურის ძლევა მაინც გვიჭირს ადამიანებს. რა ვქნათ, თუკი ცოდვას ვერ ვითმენთ? ზოგი გამოსწორების იმედს კარგავს და ეკლესიიდან მიდის, ზოგიც ზედმეტი განცდით სასოწარკვეთილებას ეძლევა. როგორ მოვიქცეთ, თუ ასე გვიჭირს მოთმინებისა და სიმტკიცის გამოვლენა?
ამ კითხვაზე მოგვიგებს წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი ანტონი (გულიაშვილი): - მივმართოთ ფსალმუნს, განსაკუთრებით 50-ეს. მორწმუნემ რწმენა იმის გამო არ უნდა დაკარგოს, რომ რაღაც უჭირს, რაღაც არ გამოსდის. მთავარია, სწამდეს, რომ რასაც ანიჭებს ღმერთი, განსაცდელი იქნება ეს თუ სიხარული, საცხოვნებლად საჭირო და აუცილებელია. ღმერთი არ მოგვცემს იმაზე დიდ ტვირთს, რისი ზიდვაც შეგვიძლია. ვერ ითმენ? ეცადე. ეცადე სიცოცხლის ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, როცა ღმერთი დაინახავს შენს დაუღალავ შრომას, აუცილებლად დაგიფასებს, თუ ამ ცხოვრებაში არა, იმ ცხოვრებაში მაინც. ერთი პატერიკი გამახსენდა.Kკაცი ღმერთს ყვედრიდა, - უფალო, ჩემს გარდა ყველას მსუბუქი ჯვარი აქვს, რატომ მომანიჭე ასე მძიმე ჯვარიო. დაეძინა. ხედავს, უფალმა უზარმაზარ, ჯვრებით სავსე ოთახში შეიყვანა და უთხრა, სასურველი ამოირჩიეო. მოეწონა ერთი, მივიდა, მოკიდა ხელი, ვერ აიღო. ვერც მეორე დაძრა. ასე მოსინჯა თითქმის ყველა მათგანი. ბოლოს კუთხეში პატარა ჯვარი დაინახა, მისკენ გაიქცა, აიღო, გაუხარდა და ღმერთს სთხოვა - ეს მომეციო. უფალმა უპასუხა, - კი ბატონო, მაგრამ სანამ წაიღებ, გადმოატრიალეო. ზედ მისი სახელი ეწერა. ეს იყო სწორედ მისი ჯვარი, რომელიც ასე მძიმე ეჩვენებოდა.
- შესაძლებელია თუ არა მოთმინება და სიმტკიცე რწმენის გარეშე?
მამა ანტონი (გულიაშვილი): - რწმენის გარეშე ნების სიმტკიცის გამოვლენა წარმოუდგენელია, რადგან ზნეობრივი სიმტკიცე სწორედ რწმენიდან გამომდინარეობს. ამის საუცხოო მაგალითი თავად მაცხოვარია, რომელმაც დაითმინა ამქვეყნიური ტანჯვა, შეურაცხყოფა და თავისი თავი სამსხვერპლოზე მიიტანა ჩვენი ცოდვებისთვის. ნებისმიერი წმინდანი, რომელსაც ჩვენ ვეთაყვანებით, მოთმინებით და ნების სიმტკიცით შევიდა სასუფეველში. გავიხსენოთ, თუნდაც, წმინდა აბიბოს ნეკრესელი, რომლის მიმართ მიძღვნილ ერთ-ერთ საგალობელში ვკითხულობთ:
"სულისა აზნაურება დაუმონებელ გამოაჩინე, მოწამეო და მღვდელმთავარო ქრისტესო, გემოთა სიტკბოებანი მოაკვდინენ, და მიაგე ნაცვალი შენთვის მომკვდარსა მას მეუფესა ქრისტესა" (იკოსი წმ. აბიბოს ნეკრესელისა). ჩვენ ჩვენივე ნების იძულებით უარს ვეუბნებით ცოდვას, ვიტანთ გასაჭირს და ღმერთს არ ვყვედრით, არ ვგმობთ. სახარებაშიც წერია: ,,სასუფეველი ღვთისა იიძულების და რომელნი აიძულებენ თავს, მათ დაიმკვიდრონ იგი".
ყველა, ვინც თავს ქრისტიანს უწოდებს, უნდა ეცადოს, ნების სიმტკიცე შეიძინოს, გამოწვრთნას საკუთარი ნებისყოფა, რაც ნიშნავს საკუთარი თავის, დაცემული ბუნების წინააღმდეგ წასვლას. ბერობა არის სწორედ დინების, ანუ საკუთარი ბუნებისა და სურვილების წინააღმდეგ წასვლას. უფალი გვაძლევს შესაძლებლობას და გვიგზავნის ისეთ შემთხვევებს, რომ მოთმინება გვასწავლოს და ნება განგვიმტკიცოს.
- "სულის აზნაურება" ვახსენეთ. ადამიანის სული სამი ნების, ასე ვთქვათ, ბრძოლის ასპარეზია: ღმერთის, ეშმაკის და თავად ადამიანის. ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ვისაც თავს მივცემთ მორჩილებისათვის, მისი მონები ვართ. რამდენად უკავშირდება ნების სიმტკიცე პიროვნულ, თავისუფალ და ზნეობრივ არსებად ყოფნას და ღვთისადმი მორჩილება ხომ არ ზღუდავს, რაიმე კუთხით, პიროვნებას?
ამ კითხვაზე მოგვიგებს მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი: - ღმერთს აქვს თავისუფალი ნება და ადამიანსაც მიანიჭა ის; ღმერთში თავისუფალი ნება ერთობაშია სიბრძნესთან, ჭეშმარიტებასთან, სიყვარულთან, მოწყალებასთან. ღმერთში თავისუფალი ნება მუდამ სიკეთისკენ არის მიმართული, ხოლო ადამიანის თავისუფალი ნება, სამწუხაროდ, ყოველთვის არ ემსახურება სიკეთეს, რადგან მან თავისუფალი ნება არასწორად გამოიყენა ანუ ღვთის საწინააღმდეგო მოქმედებით დაარღვია ერთობა უფალთან და, შესაბამისად, მისი ყველა სულიერი ძალა გაუკუღმართდა და ცოდვისაკენ მიიდრიკა ადამიანი. ადამიანის თავისუფალი ნება ხშირად ემსახურება ეგოისტურ მიზნებს. ადამიანს, ბუნებრივია, უნდა სიკეთე, მაგრამ ის ესმის ეგოისტურად - სიკეთე ჰგონია მხოლოდ ის, რაც მისთვის არის კარგი. ქრისტიანის ცხოვრების მიზანი არის თავის თავში აღდგენა იმ პირვანდელი მდგომარეობისა.
სულიერი თავისუფლება არის თავისუფლება ცოდვებისგან, ბოროტებისგან. შინაგანი ცხოვრება მორწმუნე ადამიანისა მიმართულია აქეთკენ, რომ არჩევანის დროს შეძლოს კეთილის, სიმართლის არჩევა. მაშინ არის ადამიანი თავისუფალი, როცა შეუძლია სძლიოს დაცემულ ბუნებას. ადამიანს კი ჰგონია, რომ რაც სურს, იმას აკეთებს, მაგრამ ამ დროს ის დაცემული ბუნების კარნახით იქცევა. ერთი შეხედვით შეიძლება პარადოქსულადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ ღვთის მონება არის გზა თავისუფლებისკენ და თვითნებური ქმედება არის გზა ცოდვისადმი მონობისკენ. არჩევანი ადამიანმა უნდა გააკეთოს.
- რა მნიშვნელობა აქვს ღვთის ნებისა და ადამიანის ნების თანხვედრას, ანუ სინერგიას, ცხონებისათვის?
მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი: - ცხონების შესახებ უფალი ორ სიტყვას ეუბნება მოწაფეებს: როდესაც შეეკითხებიან მას მოციქულები - ვინღა ცხონდებაო? უფალი პასუხობს, კაცთათვის ეს შეუძლებელია და ღვთისთვის ყოველივე შესაძლებელიაო. მეორე სიტყვაში ამბობს, რომ სასუფეველი ღვთისა იძულებით მიიღწევა და ვინც თავს აიძულებს, მოიპოვებს მას. ესე იგი, ღვთის გარეშე ვერ მოიპოვებ სასუფეველს, მაგრამ შენც თუ არ ეცადე, უფალი მოძალადე არ არის, რომ ძალით შეგიყვანოს სასუფეველში. საკუთარი თავის იძულება გულისხმობს ღვთის მცნებებით ცხოვრებას, თავშეკავებას, საკუთარი ნების შეზღუდვას, ღვთის ნების ძიებას და მის აღსრულებას, ანუ მცდელობას ღმერთთან ერთობის აღდგენისა. ღვთის ნებისა და ადამიანის ნების თანხვედრა, მათი შერწყმა აუცილებელია. ღვთის ნება არის ყველა ადამიანის გადარჩენა, მაგრამ გადარჩება ის, ვინც თავისი თავისუფალი ნებით უფალთან ერთობაში მოვა.
- რამდენად ემსახურება ნების სიმტკიცის გამოწვრთნას მარხვა?
ამ კითხვაზე მოგვიგებს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი სხირტლაძე: - ქრისტემ ჩვენში აღადგინა ჭეშმარიტ ფასეულობათა იერარქიული მთლიანობა და ღმერთთან დაგვაბრუნა. მარხვა - ეს დამხმარე ხელია, რომელსაც ეკლესია გვიწვდის. მარხვა, რა თქმა უნდა, მოთმინებაცაა. რაც უფრო ვუახლოვდებით ღმერთს, მით მომთმენნი ვხდებით. სულიერი განვითარების რთულსა და ძნელ გზაზე ეკლესია არ განყოფს (მკვეთრად) სულსა და სხეულს. ადამიანი მოსწყდა უფალს მთლიანად, სულითაც და სხეულითაც და იგი მთლიანადვე უნდა იქნეს აღდგენილი, რათა დაუბრუნდეს ღმერთს. ცოდვით დაცემა სწორედ ხორცის გამარჯვებაში მდგომარეობს სულიერ ბუნებაზე. მარხვა - ეს ნამდვილი ბრძოლაა, ეს არის იმ ყოვლისმომცველი კანონისადმი გამოწვევა, რომელიც ეშმაკს "ამ ქვეყნის თავადად" ხდის. თუკი ადამიანს შია, მაგრამ აცნობიერებს იმას, რომ მას ნამდვილად შეუძლია, არ იყოს დამოკიდებული შიმშილზე, არ დაიღუპოს მისგან, არამედ, პირიქით, გადააქციოს იგი სულიერი ძალაუფლებისა და გამარჯვების წყაროდ, მაშინ აღარაფერი რჩება იმ მსოფლიო სიცრუისაგან, რომელიც მოდის ადამის დროიდან.
რწმენა, რომელმაც არ დაამარცხა ეჭვები და ცდუნებები, თითქმის არასოდეს არის ნამდვილი რწმენა. ქრისტიანულ ცხოვრებაში ნამდვილი, სულიერი წინსვლა შეუძლებელია დაცემებისა და შეცდომების მწარე გამოცდილების გარეშე. მაგრამ მთავარი მოთმინებაა, რომელიც რწმენასა და ურწმუნოებას შორის დგას და მოთმინება, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ. არ არსებობს მოკლე გზები ცათა სასუფევლისაკენ. ჩვენ უნდა გადავიხადოთ სრული საფასური ყოველი ნაბიჯისა და ეტაპისათვის. აუცილებელია, კეთილსინდისიერად შევაფასოთ ჩვენი სულიერი და ფიზიკური შესაძლებლობები და შესაბამისად ვიმოქმედოთ; ჩვენს ცხოვრებაში დავინახოთ ღვთაებრივი მტკიცება იმისა, რომ ის, რაც შეუძლებელია ადამიანისათვის, - შესაძლებელია ღვთისათვის.
- ისტორიიდან, წმინდანთა ცხოვრებიდან ვიცით გმირობის საოცარი მაგალითები, რომელთაც სიკვდილის ბუნებრივ შიშს სძლიეს და საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად გაიღეს უფრო დიდი სიცოცხლის მოსაპოვებლად... რა ფენომენია გმირობა და სიმამაცე და რამდენად ეხმარება სულის სიმტკიცის გამომუშავებას "წმინდანთა ცხოვრებების" კითხვა?
ამასთან დაკავშირებით წმინდა პაისი ათონელი წერს: "საგმირო საქმეებს ისინი კი არ აღასრულებენ, ვინც ტანად დიდია, არამედ ისინი, ვისაც სიმამაცე და ფართო გული აქვს და თავის გაწირვა გადაუწყვეტია. მას, ვისაც სიმამაცე არ აკლია, ომშიც კეთილია და სხვებს არ კლავს, ვინაიდან სიმამაცეში ბარბაროსობა არ არის. ასეთი ადამიანები მტრის მიმართულებით კი არა, მის გარშემო ისვრიან და აიძულებენ, დანებდეს. კეთილი ადამიანი ამჯობინებს, თავად იყოს მოკლული, ვიდრე - კლავდეს. ამგვარად განწყობილი ადამიანი საღვთო ძალას ღებულობს. ბოროტი ადამიანები კი მხდალნი და სულმოკლენი არიან, შიშს უტიფრობით ნიღბავენ, სხვებისაც ეშინიათ და საკუთარი თავისაც, ამიტომ შიშის გამო განუწყვეტლივ ისვრიან. სამოქალაქო ომის დროს, როდესაც სამხედრო სამსახურს გავდიოდი, ერთხელ ერთ სოფელში შევედით. "ბანდიტებიდან აქ არავინ დარჩენილა - გვითხრა მოსახლეობამ, - ყველანი წავიდნენ. ერთი გიჟი ქალიღა დარჩა". ერთმა ჩვენგანმა შორიდანვე დაინახა ეს ქალი და ტყვიამფრქვევის ჯერი მიუშვა. "რა დაგიშავეთ?" - დაიყვირა უბედურმა ქალმა და მიწაზე დაეცა. ეს მან შიშის გამო ჩაიდინა. ამგვარი ტიპის ადამიანები იოლ გამოსავალს ეძებენ. "უკეთესია მტერს ბოლო მოუღო!" - ამბობენ ისინი, რათა ეჭვი აღარ გეპარებოდეს.Nნაკლებად მშიშარა ადამიანი ნაკლებად ბოროტი იქნება. ის შეეცდება, მტერი წყობიდან გამოიყვანოს, მაგალითად, ხელი ან ფეხი დაუზიანოს, მაგრამ მის მოკვლას არ ეცდება.
სიმამაცე, გაბედულება - ერთია, გაბოროტება, დანაშაული კი - სრულიად სხვა. მტრის დატყვევება იმ მიზნით, რომ ყელი გამოსჭრა, სიმამაცე არაა. ნამდვილი ვაჟკაცობა ის იქნება, მტერი დაიჭირო, თოფი გაუტეხო, თავად კი გაათავისუფლო. მამაჩემი ასეც იქცეოდა. როდესაც ჩეტებს იჭერდა, რომლებიც ფარასას ესხმოდნენ თავს, თოფებს ართმევდა, უმტვრევდა და ეუბნებოდა: "თქვენ დედაკაცები ხართ და არა კაცებიო!" ამის შემდეგ კი ათავისუფლებდა. ერთხელ კი მდიდრულად შეიმოსა, მივიდა მათ ბანაკში და მეთაური მოითხოვა. წინასწარ მოელაპარაკა თავისიანებს, რომ თავდასხმა მხოლოდ პირობითი სიგნალის შემდეგ დაეწყოთ. როდესაც ჩეტებმა მეთაურთან მიიყვანეს, მამამ უთხრა: "დაე, თქვენი კაცები გავიდნენ და ჩვენ ორნი დაგვტოვონ". როგორც კი პირისპირ დარჩნენ, მამაჩემმა მეთაურის თოფს ხელი სტაცა, გადაუტეხა და ყაჩაღს მიმართა: "ახლა შენ დედაკაცი ხარ, მე კი - ეზნეპიდისი". შემდეგ ანიშნა თავისიანებს, ისინი თავს დაესხნენ და ჩეტები სოფლიდან განდევნეს.
იმისათვის, რომ წარვემატებოდეთ, დაუდგრომელი ჟინი უნდა გვქონდეს - ამ სიტყვის კარგი გაგებით. იმის მიხედვით, ადამიანი როგორ გამოიყენებს ამ ჟინს, იგი ან წმინდანი გახდება, ან გმირი. თუმცაღა, თუკი ასეთი ადამიანი გზას ასცდება და მას ბოროტება გაიტაცებს, შეიძლება, დამნაშავედ იქცეს. ვისაც არა აქვს ასეთი ჟინი, ვერც წმინდანი გახდება და ვერც - გმირი. ამიტომაც უნდა ჩაირთოს ჩვენი შინაგანი ძრავა, უნდა ავამუშაოთ გული, სიმამაცე. გული უნდა გახდეს განუსჯელი. ბევრ გადამდგარ ოფიცერს ვიცნობ - გულგატეხილნი ადგილს ვერ პოულობენ. ზოგს სურს, ომი დაიწყოს, რომ საქმეში ჩაერთოს - იმგვარად არიან ანთებულნი. ზოგიერთი კი, როგორც კი გაწვევის ცნობას იღებს, შიშით კანკალებს, ზოგი კი საერთოდ თავს მოიგიჟიანებს, რათა ჯარში არ მოხვდეს. რამდენ გადამდგარს უთქვამს ჩემთვის, - ბოსნიაში გვინდა წასვლა საბრძოლველადო. ისინი სიმამაცეს სულიერ ცხოვრებაში არ იყენებენ, მაგრამ ომის დაწყება ახარებთ, რადგან ბრძოლის შესაძლებლობა მიეცემათ. იცი, რა გმირობებს ჩაიდენდნენ, როგორ სულიერ ბრძოლას გამართავდნენ ეს ძლევამოსილი ადამიანები, სულიერი ცხოვრება რომ შეეცნოთ? წმინდანები გახდებოდნენ!
სულიერ ცხოვრებაში ყველაზე მხდალმაც კი შეიძლება დიდი სიმამაცე გამოიჩინოს, თუ თავის თავს ქრისტეს საღვთო შემწეობას მიანდობს. ის მოწინავე ხაზზე გასვლას შეძლებს, შეძლებს, შეერკინოს მტერს და გაიმარჯვოს კიდეც. რაც შეეხება იმ საცოდავ ადამიანებს, ბოროტების ჩადენა რომ სურთ, ეშინიათ, მაშინაც კი, თუნდაც მამაცნი იყვნენ, რადგან დანაშაულს გრძნობენ და მხოლოდ საკუთარ ბარბაროსობას ეყრდნობიან. ღვთის კაცს კი საღვთო ძალები აქვს, სამართალიც მის მხარეზეა. თუ ადამიანი ქრისტეს შეუერთდება, არც ეშმაკის და არც ტანჯვა-წამების აღარ შეეშინდება. ერში ადამიანები ყველგან შევიწროებულნი და დაშინებულნი არიან;Mმაგრამ რისი გეშინია, როცა ქრისტესთან ახლოს ხარ? გახსოვთ წმინდა კვირიკე? სამი წლის იყო, როცა ტირანს, რომელსაც მისი "განათლება" სურდა, პანღური ჰკრა. წაიკითხეთ წმინდანთა ცხოვრება, ეს ძალიან ეხმარება სულს, ვინაიდან მისი კითხვისას ადამიანი უკავშირდება წმინდანებს, მასში ღვთისმოსაობა და მსხვერპლშეწირვის სურვილი იფეთქებს.
ეს ცხოვრება იმისთვის კი არაა, რომ რაც შეიძლება თბილად მოვეწყოთ. თუ სიკვდილია, მოვკვდეთ, ოღონდ მოვკვდეთ ისე, როგორც საჭიროა! თუკი სხვას მაინც არაფერს ვაკეთებთ და უფალი მოწამეობას გვაღირსებს, განა ეს ცუდი იქნება? დღეს იმისათვის, რომ სიძნელეებს საკადრისი პასუხი გასცეს, ადამიანს საკუთარ თავში უნდა ჰყავდეს ქრისტე. ქრისტესგან იგი ღვთაებრივ ნუგეშს მიიღებს იმისათვის, რომ თავგანწირვა ჰქონდეს.
წმინდანისათვის, რომელიც მოწამეობაზე მიდის, ქრისტეს სიყვარული ტკივილს აღემატება და აქარწყლებს მას. ყველა წმინდანი ქრისტესადმი სიყვარულის გამო აღასრულებდა გმირობას. წმინდა მოწამეებმა თავიანთი სისხლი დაღვარეს, ღირსმა მამებმა - ოფლი და ცრემლი და როგორც სამკურნალო მცენარეების კეთილმა მცოდნეებმა, წარმოგვიდგინეს სულიერი გამოცდილება საკუთარ თავზე. ღვთისა და ადამიანისადმი - ღვთის ხატისადმი - სიყვარულის გამო მათ აწამეს საკუთარი თავი, რათა ჩვენთვის თავიანთი სულიერი რეცეპტები დაეტოვებინათ. მათი დახმარებით აღვკვეთთ ბოროტებას, ვმკურნალობთ სულიერ სნეულებებს და ვჯანსაღდებით. და თუ კეთილზნეობრივად მივბაძავთ კიდეც მათ ღვაწლს, სიწმინდის მიღწევასაც შევძლებთ.