ქართველებისთვის სამშობლოს სიყვარული ღვთიური მცნების აღსრულებაა, უფლის დიდებაა, მისი მსახურებაა
წმინდა წერილში არაერთგზის მეორდება, რომ ამქვეყნად ჩვენ მგზავრები და სტუმრები ვართ.
"არა მაქუს ჩუენ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ" (ებრაელ. 13,14).ამ ფაქტის გაცნობიერებისთანავე ადამიანი მტკივნეულად ეძებს პასუხს სამ კითხვაზე: თუკი მგზავრები ვართ, რა არის ჩვენი მოგზაურობის მიზანი? თუკი მწირები ვართ, მაშ, სადღაა ჩვენი სამშობლო? თუკი სტუმრები ვართ, ვისთან ვიმყოფებით სტუმრად?
წმინდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) წერს: "ქრისტიანი ერების პრივილეგია სწორედ ისაა, რომ უბრალო გლეხმაც კი იცის ყველაზე მთავარი რამ და აქედან გამომდინარე, საქართველოშიც, როგორც უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში, ყოველთვის და ყველგან შეგვიძლია მოვისმინოთ პასუხი ამ სამ ცხოვრებისეულ კითხვაზე.
ამიტომ პირველ შეკითხვაზე, "თუკი მგზავრები ვართ, რა არის ჩვენი მოგზაურობის მიზანი?" - ხალხი მოგვიგებს: ჩვენ ამქვეყნისანი კი არა - იმ ქვეყნის შვილები ვართ. ანდა ასე გვიპასუხებენ, - ზეცის შვილები ვართ.
მეორე კითხვაზე: "თუკი მწირები ვართ, მაშ, სადღაა ჩვენი სამშობლო?" - ხალხი გვიპასუხებს: ჩვენი მამული იქ არის, სადაც მამაზეციერია, შემოქმედი ჩვენი, ანდა გვეტყვის: აქ ჩვენ წუთისოფლის სტუმრები ვართ, იმ ქვეყნად კი შინ ვიქნებით.
ხოლო მესამე კითხვაზე, "თუკი სტუმრები ვართ, ვისთან ვიმყოფებით სტუმრად?" - ხალხი მოგვიგებს: დიდება უფალს, ჩვენ ამქვეყნად მისი სტუმრები ვართ!"
ესაა მთელი ცხოვრებისეული ფილოსოფია, რომელსაც არასოდეს მოსდევს იმედგაცრუება და სასოწარკვეთა. მასში საუკუნეების მანძილზე ერთმანეთს შეერწყა და შეეთვისა ადამიანთა პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრება.
გვესაუბრება მეტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მღვდელმსახური, დეკანოზი რაფაელი (ხაჭაპურიძე).
- მამაო, უპირველეს ყოვლისა, განვმარტოთ, რას გულისხმობს სიტყვა - სამშობლო?
- რაფიელ ერისთავის სიტყვებით: "როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა". სამშობლო, პირველ ყოვლისა, გულისხმობს სიყვარულს. სიყვარული კი უპირატესი მცნებაა, რადგან "ღმერთი სიყვარულია". ამდენად, რაც მისგან მომდინარეობს, ღვთიურია, კურთხეულია, მაცხოვნებელია. ალბათ, ქართველი ხალხი ყველაზე უკეთ ჩასწვდა სახარების არსს - სიყვარულის უზენაესობას. ალბათ ამიტომაც შედუღაბდა ასე ქართველის ცნობიერებაში სჯული და მამული.
აქედან გამომდინარე, ქართველებისათვის სამშობლოს სიყვარული ღვთიური მცნების აღსრულებაა, უფლის დიდებაა, მისი მსახურებაა.
- ამქვეყნიური სამშობლო ზეციური სამშობლოს ერთგვარი ხატია...
- ამდენად, ქართველებისათვის სამშობლოსათვის თავის შეწირვა მიწიდან ზეცად ამაღლებაა, უფრო დიდ, მარადიულ სამშობლოში გადასახლებაა.
სამშობლო - ერთად ყოფნის ბედნიერებაა, მოყვასის ტკივილსა და სიხარულში თანამონაწილეობაა, სტუმრის ღვთის კაცად ჩათვლაა, მიმტევებლობაა. ჩვენმა წინაპრებმა თავიანთი ქვეყანა უფლის სამკვიდროს, სამოთხეს დაამსგავსეს, სადაც ყველაფერი ღვთის სადიდებლად არსებობდა: წიგნიერება - ღმერთს ემსახურებოდა, ხელოვნება - ღვთის სიდიადეს წარმოაჩენდა და განადიდებდა, მუსიკა - ღმერთს უგალობდა, თავად სიცოცხლეც ღმერთს ეკუთვნოდა, რადგან ქართველს სარწმუნოების უარყოფას ყველაფერი ერჩივნა.
თუნდაც როგორი შთამბეჭდავია "საქართველოს დიდების" ხატი, თითქოს ცოცხლდება წარსული: ვახტანგ გორგასალი, წმინდა ნინო ვაზის ჯვრთით ხელში, მირიან მეფე და ნანა დედოფალი, გრიგოლ ხანძთელი, თამარ მეფე, დიდებით მობრძანდება დავით აღმაშენებელი, სიხარულით მოაბრძანებენ მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებს 100 000 მოწამენი, ნაღვლიანად გასცქერის საქართველოს დემეტრე თავდადებული, ომახიანად მოაბიჯებს 300 არაგველი...
უფლისგან ბოძებული სამშობლოსთვის თავდადება წმინდანად შერაცხვის ერთ-ერთი პირობა იყო ოდითგანვე, რადგან მოყვასისა და ერისთვის თავდადება საღვთო საქმეა.
- რამდენად მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ სამშობლო მხოლოდ წყალობა არ არის, არამედ - უდიდესი პასუხიმგებლობაა?
- დიახ, ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენი წინაპრებისა და ჩვენი მომავლის წინაშე. როგორ შეიძლება დაივიწყო იმ წინაპრების ღვაწლი, რომელთაც თავი გაწირეს. ეს არის ღვაწლი უფლისა და ქართველი ერის წინაშე და ჩვენ უნდა ვეცადოთ, შევინარჩუნოთ, დავიცვათ და სხვასაც გადავცეთ ის, რაც მათ დაგვიტოვეს. საქართველოში ხომ ყოველი ალაგი რაღაცას გვახსენებს! განა დღეს ბევრს ავიწყდება, რომ სამშობლო პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს, ისეთი სამშობლო, როგორიც საქართველოა. ჩვენს მამა-პაპას იმისათვის არ უღვაწია და არ დაუთხევია წმინდა სისხლი, რომ შთამომავლობა გულხელდაკრეფილი შეჰყურებდეს თავისი ქვეყნის განიავებას და საპასუხოდ არაფერს აკეთებდეს. ჩვენი ისტორია ჩვენი წინაპრების მიერ ჩვენთვის დანატოვარი ანდერძია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვებით, მიწის ყოველ გოჯს ხელი რომ მოუჭირო, სისხლი გამოუვა, იმდენად არის გაჯერებული და გაპოხიერებულიო. განა შეიძლება ასეთ მიწაზე უგულოდ, უსიყვარულოდ, გულგრილად ვიაროთ?!
- ჩვენს ერს, არცთუ იშვიათად, შოვინიზმს სდებენ ბრალად. რამდენად სამართლიანია ასეთი ბრალდება და რამდენად მისაღებია კაცობრიობისთვის კოსმოპოლიტიზმი?
- შოვინისტი შეიძლება იყოს მხოლოდ იმპერიალისტი ერი. დამპყრობელი ერი დაპყრობილი ხალხის შესანარჩუნებლად ქმნის შოვინისტურ იდეოლოგიას. პატარა ერს კი არ შეიძლება შოვინიზმი ახასიათებდეს. ეს მოგონილია. პატარა ერები თავს იცავენ დიდი ერების შოვინიზმისაგან. ჩვენ ვართ ერი, რომელიც მუდამ თავს იცავდა და ამტკიცებდა, რომ სხვასავით კულტურულია.Eეს არ არის შოვინიზმი! ქართველისთვის შოვინიზმის ან კოსმოპოლიტიზმის დაბრალება გარედან შემოტანილი ბრალდებაა. ყველას გვახსოვს ვაჟა-ფშაველას შესანიშნავი წერილი "კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი". მოვიყვან ციტატას: "კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს, ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა".
ამაზე უკეთ შეუძლებელია, ალბათ, იმ აზრის ჩამოყალიბება, რომ ეროვნული იდეა საღვთო იდეაა, რომელზეც დგას კაცობრიობა!
- დღესდღეობით მილიონზე მეტი კაცია წასული საქართველოდან. როცა ადამიანი წლების განმავლობაში სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ხშირად არა მხოლოდ ფასეულობები, გარეგნული იერიც ეცვლება. ზოგი კი, პირიქით, სხვა ქვეყანაში უფრო შეიგრძნობს მთელი სისავსით სამშობლოს სიყვარულს. რა გრძნობაა ნოსტალგია და რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის სამშობლოში ცხოვრებას?
- ტკივილიანია ქართველისთვის სამშობლო. ტკივილის მიზეზი კი მრავალია: დანგრეული და მეჩეთადქცეული ტაძრები ჩამოფხეკილი, თვალებამოკაწრული ფრესკებით, გავერანებული სოფლები, წაგლეჯილი მიწები, უცხოეთში გადახვეწილი თანამოძმენი, საკუთარ სამშობლოში ლტოლვილებად ქცეული ქართველები...
ძალზე დამაფიქრებელია დღევანდელი ვითარება. აუცილებელია, რომ უცხოეთში, საქართველოს საზღვრებს გარეთ შეიქმნას ეროვნულ-ეკლესიური თემები, დაარსდეს ქართული ეკლესიები და ქართველები მის გარშემო გაერთიანდნენ. ეს არის უცხოეთში ეროვნულობის შენარჩუნების ერთ-ერთი მძლავრი პირობა. მადლობა ღმერთს, ასეთი ეკლესიები უკვე გაიხსნა და მოქმედებს. ეს უკვე პატარა წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ხალხისათვის, რომელსაც უცხო მიწაზე უჭირს ეროვნულობის შენარჩუნება. იმედი მაქვს, რომ ეს ეკლესიები უცხოეთში ქართველების ასიმილაციის პროცესის შენელებას შეუწყობს ხელს.
რაც შეეხება ნოსტალგიის გრძნობას, როგორც ამბობენ, ის უკურნებელია. ამიტომ მახსენდება ერთი სასულიერო პირის სიტყვები: "ნუ გავიქცევით ჩვენი სამშობლოდან! განა ქართველი ამას ოდესმე შეჰგუებია? განა ბედის უკუღმართობით სამშობლოს მოწყვეტილ ქართველებს ყველასათვის გაუგებარი ავადმყოფობით სიკვდილი არ ეწერათ, რომელსაც უცხოელებმა ნოსტალგია უწოდეს? ნუ გადავიხვეწებით იქ, სადაც დავკარგავთ ქართულ სულს, თვითმყოფადობას, სადაც არავის ვჭირდებით, სადაც არც ღმერთს ვჭირდებით, რადგან მან მოგვავლინა აქ - საქართველოში, ვინაიდან სამშობლოა ერთადერთი ადგილი, სადაც ადამიანი სრულყოფილად ეუფლება ისეთ დიდებულ საგანს, რომელსაც სიყვარული ეწოდება და რომელიც აღგვიყვანს ზეცად, ღვთის შვილთა მარადიულ სამშობლოში, ზეციურ სასუფეველში".
- ზეციური სამშობლო ახსენეთ. რას გულისხმობს ზეციური იერუსალიმის მოქალაქეობა?
- ზეციური იერუსალიმი ღვთის ნათლის ეპითეტია. სწორედ ღვთის ნათელში უნდა იყოს ჩვენი სული. ამ ნათელს კი მოვიპოვებთ ზიარებით, აღსარებით, ეკლესიური ცხოვრებით, საღვთო ცხოვრების დაცვით ანუ იმ მცნებების თანახმად ცხოვრებით, რასაც წმინდა ეკლესია გვასწავლის.
Mმორწმუნეებმა ვიცით, რომ ადამიანი სულისა და ხორცისაგან შედგება. ხორცი წარმავალია, დროებითია, მატერიისგან, მიწისგანაა შექმნილი და მიწადვე მიიქცევა, სული კი უკვდავია, საუკუნოა, მიისწრაფვის იქით, საიდანაც მოვიდა - ღვთისკენ. როცა სული აქ არ ცხოვრობს ეკლესიურად ან ცოდვებშია, შორს არის ამ ნათლისგან. სული რომ არ დაიტანჯოს, უნდა მოიპოვოს ღვთის ნათელი, მის კარავში დაიმკვიდროს. სწორედ ეს გახლავთ ზეციური იერუსალიმი.
გრიგოლ დიალოღოსის სიტყვებით: "ხორციელ ადამიანებს მარადიული და სულიერი არ სწამთ, რადგან გამოცდილებით არ იციან ის, რაც სულიერის შესახებ სმენიათ". თავის ნაშრომში, "დიალოღონი", იგი წერს: "კაცობრიობის პირველმშობელმა, რომელმაც შეცოდების გამო სამოთხისეული ნეტარება დაკარგა, სიბრმავისა და განდევნის უბადრუკება იტვირთა, რომელშიც ამჟამად ჩვენც ვიმყოფებით. ცოდვის გზით ის საკუთარი თავიდან განვარდა და არ შეუძლია ზეციური სამშობლოს ის ნაყოფი შეიტკბოს, რომლითაც ადრე ტკბებოდა.
სამოთხეში ადამიანი თვით ღმერთის სიტყვის მოსმენას მიეჩვია; გულის სიწმინდისა და ჭვრეტის სიმაღლის მეოხებით ნეტარი სულების - ანგელოზების გარემოცვაში იყო; მაგრამ მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვარდა, გონებრივი ნათელი მოაკლდა, რომლითაც ავსებული იყო. განგდების სიბნელეში მისგან ხორციელად შობილთ თუმცა გვესმის ზეციური სამშობლოს, მისი მოქალაქეების - ღმერთის ანგელოზების, ანგელოზთა თანამოქალაქეების - მართალთა და სრულყოფილ სულთა შესახებ, მაგრამ რადგან უხილავის შეცნობა გამოცდილების გარეშე შეუძლებელია, ხორციელი ადამიანები ეჭვობენ, მართლაც არსებობს თუ არა ის, რასაც ხორციელი თვალებით ვერ ხედავენ. რა თქმა უნდა, ჩვენს პირველმშობელში ამგვარი ეჭვი არ არსებობდა; სამოთხისეული ნეტარების მოკლების შემდეგ მას შემორჩა მოგონება იმის შესახებ, რაც დაკარგა, იმიტომ, რომ ის ნანახი ჰქონდა. ხორციელი ადამიანები კი ვერ შეიგრძნობენ იმას, რაც ესმით. მათ საკუთარი გამოცდილებით არ შეუცნიათ ის ისე, როგორც პირველმშობელმა იცოდა, ყოველ შემთხვევაში, თუნდაც - როგორც წარსული. მაგალითად, ფეხმძიმე დედაკაცი საპყრობილეში რომ შეამწყვდიონ და შვილი იქ დაბადოს, რომელიც იქვე გაიზრდება და დედა რომ უამბობდეს მზის, მთვარის, ვარსკვლავებისა და მინდვრების, ცაში მფრინავი ფრინველებისა და მორბენალი ცხენების შესახებ, ბავშვი, რომელიც საპყრობილეში დაიბადა და გაიზარდა და სიბნელის მეტი ამქვეყნად არაფერი უნახავს, ალბათ მოსმენილს ვერ დაიჯერებს, იმიტომ, რომ საკუთარი გამოცდილებით არ ეცოდინება. ასევე არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი განდევნის სიბნელეში იშვნენ - როდესაც უმაღლესი და უხილავი საგნების შესახებ ესმით, არ სჯერათ, მართლაც არსებობენ თუ არა ისინი, იმიტომ, რომ მხოლოდ უმდაბლეს საგნებს იცნობენ, ხილულთ, რომელთა შორისაც იშვნენ. აი, ამიტომ თვით ხილულთა და უხილავთა შემოქმედი, მამის მხოლოდშობილი ძე კაცობრიობის დასახსნელად მოვიდა და გულებში სულიწმიდა წარმოგვიგზავნა, რათა მის მიერ განცხოველებულებმა (სულიერად გაცოცხლებულებმა) ვირწმუნოთ ის, რაც გამოცდილებით არ ვიცით. ამიტომ, რამდენადაც მივიღებთ ამ სულს, "რომელი-იგი არს წინდი მკვიდრობისა ჩუენისა" (ეფეს. 1, 14), უკვე უხილავის არსებობას აღარ ვეჭვობთ, ხოლო ვინც რწმენაში განმტკიცებული არ არის, უეჭველია, სრულყოფილ ადამიანთა სიტყვებს უნდა ენდოს, რომლებმაც სულიწმიდის მეოხებით უხილავი შეიცნეს. როგორი უგუნური იქნებოდა საპყრობილეში აღზრდილი ყრმა, თუკი დედის ნაამბობს სინათლის შესახებ სიცრუედ მხოლოდ იმის გამო ჩათვლიდა, რომ თვითონ არაფერი უხილავს, გარდა საპყრობილის წყვდიადისა". ის უხილავი და მარადიული სამყარო არის სწორედ ზეციური იერუსალიმი, რომლის შესახებაც დავით წინასწარმეტყველი ბრძანებს: "მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდით, რაჟამს მოვიხსენეთ ჩუენ სიონი. ძეწნათა ზედა შორის მისსა მუნ დავჰკიდენით საგალობელნი ჩუენნი, რამეთუ მუნ მკითხვიდეს ჩუენ წარმტყუენველნი ჩუენნი სიტყუათა მათ ქებათასა, და წარმყუანებელნი ჩუენნი გალობასა: გვიგალობდით ჩუენ გალობათა მათგან სიონისათა. ვითარმე ვგალობდეთ გალობასა უფლისასა ქუეყანასა უცხოსა? რამეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალემ, დაივიწყენ მარჯვენეცა ჩემი. აექუნ ენაი ჩემი სასასა ჩემსა, არა თუ მოგიხსენო შენ და არა თუ პირველ განგებელ-ვყო იერუსალემი, ვითარცა-იგი დასაბამსა მას სიხარულისა ჩემისასა" (ფსალმ. 136). ამ ფსალმუნში გადმოცემულია ოხვრა და გოდება ყოველი კაცისა, რომელსაც ცოდვათა ("ბაბილონის") ტყვეობაში მრავალი ჭირი დასტყდომია და თავის უბადრუკობაზე მგლოვიარეს, ზეციური სიონი ენატრება. სულიწმიდა დავითის პირით აჩვენებს, თუ როგორ არის შესაძლებელი ცრემლის ზღვაში სინანულის ხომალდითა და იესო ქრისტეს მზრუნველობით მიადგეს ქრისტიანი სასურველ ნავსაყუდელს - ზეციურ სამშობლოს (ათანასე დიდი, თეოდორიტე). იერუსალიმისაკენ ლტოლვაში იგულისხმება ის, რომ მრავალი ჩვენგანი იმ დროს ირწმუნებს და გაეშურება ღმრთისკენ, როდესაც თავის ზეციურ იერუსალემს დაკარგავს; თუკი პირველთ ჯერ კიდევ გააჩნდათ სასოება უკან დაბრუნებისა, ჩვენ, თუკი საბოლოოდ დავკარგავთ სანატრელ ქალაქს, ვეღარასოდეს დავბრუნდებით, რადგან უკვე შეუძლებელი იქნება უკან დაბრუნება და მეტიც, აღმოვჩნდებით იქ, სადაც, როგორც წმინდა წერილი ბრძანებს, "მატლი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების" (მარკოზი 9:44, 46, 48). ამიტომაც, ისე უნდა განვვლოთ ეს ცხოვრება, რომ "ზეციური ქალაქიდან" განგდებულნი არ აღმოვჩნდეთ (იოანე ოქროპირი). ჩვენ სულიერი სიონის დაკარგვის გამო უნდა ვიგლოვოთ, რომელიც არის ქალაქი ცოცხალი ღმრთისა, ზეციური იერუსალიმი, ქრისტიანთა ჭეშმარიტი სამშობლო, რომელსაც უფლის მცნებათა და ზეციური მანანის, - ქრისტეს უპატიოსნესი ხორცისა და სისხლისადმი ჩვენი დაუდევრობის გამო განვეშორეთ (იოანე ოქროპირი).
- დედამიწა სამოთხიდან გამოდევნის ადგილია. ალბათ, სწორედ ამიტომ გვიჭირს მიწაზე ცხოვრება და სიმშვიდისა და ბედნიერების პოვნა...
- დიახ. ალბათ სწორედ იმიტომ, რომ იქ არ ვეძებთ, სადაც შეიძლება ვიპოვოთ... გარეთ კი არა, ჩვენში, ჩვენს სულში, ჩვენს გულში, სადაც, ხშირად, არც კი ვიხედებით... ჩვენ გვავიწყდება, რომ დედამიწა არის არა ბედნიერების ადგილი, არამედ თავშესაფარი სამოთხიდან დამოდევნილ ცოდვილთა შრომითა და ღვაწლით აღსავსე გზა, რომელმაც ზეციურ სამშობლოში უნდა დაგვაბრუნოს და თუ გინდა ბედნიერების პოვნა, შენს სულში ეძებე, ოღონდ ჯერ ადამიანი უნდა გახდე ღვთის ხატება.
- ზეციური მამულიდან განშორებისა ცოდვისადმი დამონების ერთ-ერთი მაგალითია იგავი უძღები შვილის შესახებ, რომელსაც ეკლესია წინასამარხვო სამზადისსაც უძღვნის და უკავშირებს...
უძღები შვილის დაბრუნება
- დიახ, ერთ-ერთი წინასამარხვო კვირა სწორედ უძღები შვილის კვირად იწოდება. ეს არის იგავი ცოდვილი ადამიანის ღმრთისკენ მოქცევისა და მისდამი ღმრთის მოწყალებისა, სადაც "მამაში" იგულისხმება ღმერთი, ხოლო "უძღებ შვილში" - მონანული ცოდვილი. სწორედ ამ ცოდვილს წააგავს ყოველი ადამიანი, რომელიც სულით განშორდება ღმერთს და ეძლევა ნებსით თუ უნებლიე ცოდვილ ცხოვრებას; თავისი ცოდვებით ის იღუპავს სულს და ყველა იმ წყალობას (სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ძალას, უნარებს), რომელიც მიიღო ღვთისგან. მაგრამ, როგორც კი ცოდვილი გონს მოეგება და გულწრფელი სინანულით ღმერთს მიუბრუნდება, უფალიც, როგორც მოსიყვარულე და მოწყალე მამა, ანგელოზებთან ერთად ხარობს ცოდვილის მოქცევის გამო, მიუტევებს მას ყოველ შეცოდებას, როგორიც უნდა იყოს, და უბრუნებს მას თავის წყალობას. ეს არის ცოდვილი კაცობრიობის ზეციურ სამშობლოში, ნამდვილ სახლში, "მამის წიაღში" მარადიული დაბრუნების გენიალური პარადიგმა!
- დაბოლოს, ყოველი ჩვენგანი გარდავიცვლებით, ამ ქვეყნიდან წავალთ. ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორიც ის, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ ქვეყანას მოვევლინეთ. ალბათ, ყველა ქრისტიანს უნდა აღელვებდეს, შევძლებთ კი ჩვენი განვლილი ცხოვრებით ადგილი დავიმკვიდროთ ზეციურ სამშობლოში, "მამის წიაღში"?
- ეს შეგრძნება განსაკუთრებით მძაფრდება სნეულის სარეცელთან, სადაც მრავალს უჩნდება "ამაოდ და უსარგებლოდ გატარებული ცხოვრების" მოგვიანებითი სინანული, წარსულის გატაცებებისა და "იდეალების" იმედგაცრუების მტკივნეული განცდა. სიმშვიდედაკარგული სინდისი ითხოვს დახმარებას. არქიმანდრიტი კვიპრიანე (კერნი) წერს, რომ ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოძღვრის როლი. "იგი მომაკვდავ ადამიანს განსაკუთრებით მკვეთრად უნდა ესაუბროს მომავალ ცხოვრებაზე ისე, რომ არ სცადოს მისი დამშვიდება მალე გამოჯანმრთელების მოჩვენებითი იმედებით. იმედითა და რწმენით უნდა ანუგეშოს, მიუთითოს ღვთის გულმოწყალებაზე, რომელიც ყოველივეს გადაფარავს; შთააგონოს, რომ ის გადადის არა შორეულ და უცნობ ქვეყანაში, არამედ თავის ზეციურ სამშობლოს, მოყვარულ და სახიერ მამაზეციერს უბრუნდება. სიკვდილისწინა მწუხარე წუთებში მეტი ნუგეში, მეტი სიტყვებია საჭირო ღვთაებრივი ძეობის შესახებ, სიტყვები ღმერთზე, როგორც მოყვარულ მამაზე". საერთოდაც, დავიბადებით თუ არა, მაშინვე იწყება სიკვდილთან ჩვენი დაახლოების გზა. რაც უფრო გავითავისებთ იმას, რომ ადრე თუ გვიან ყველას მოგველის სიკვდილი, მით მეტად შევეჩვევით იმ საოცარ და იდუმალ ზეციურ სამშობლოზე ფიქრს. არსებობს ცნობილი გამოთქმაც: "გახსოვდეს სიკვდილი!" ხშირად ტაძრები და მონასტრები სასაფლაოების გვერდით იყო აგებული და ესეც ერთგვარად ხელს უწყობდა ხსოვნას იმისას, რომ ადამიანი ამ ქვეყანაზე ყარიბია და მგზავრი, რომ, ადრე იქნება თუ გვიან, ის ამ წუთისოფლიდან წავა და "შინ დაბრუნდება"!