ვინ არიან და როგორები უნდა იყვნენ ისინი, ვინც უფალმა სხვათა სამწყემსად და წმინდა სამებამდე მიმყვანებლად გამოარჩია?
ან რა ცოდნას, ადამიანურ ღირსებებს და სულიერ ორიენტირებს უნდა ფლობდნენ ისინი? სულიერი მოძღვრობის შესახებ გვესაუბრება მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი:
- მამა ანტონ, რას იტყვით იმ მრევლის შესახებ, სადაც მოძღვარი კერპად არის ნაქცევი და მისი ყოველი სიტყვა არა მხოლოდ სულიერი ცხოვრების, არამედ პოლიტიკურ თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც ღვთის ნების გამოცხადებად ითვლება?
მიტროპოლიტი ანტონი: - პიროვნების კულტი ერთ-ერთი მავნე მოვლენაა არა მხოლოდ ეკლესიურ, არამედ, საერთოდ, ადამიანთა (მათ შორის, პოლიტიკურ) ცხოვრებაში.
პოლიტიკაში პიროვნების კულტი დიქტატურაში გამოიხატება. გარშემომყოფებზე გავლენის შედეგად ძალაუფლებას ისეთი პიროვნება იგდებს ხოლმე ხელთ, რომელსაც შინაგანი ბუნებით: - სიმწიფით, სიბრძნითა და ცოდნით ამის არანაირი უფლება არ გააჩნია.
პიროვნების კულტი ყოველნაირად უნდა აღმოიფხვრას და, უპირველესად, ეს თავად იმ ადამიანმა უნდა გააკეთოს, ვინც ამ გაკულტების მსხვერპლი შეიქმნება და ვისაც ამ უადგილო და სრულიად დაუშვებელ პატივს სხვანი მიაგებენ, მღვდელი იქნება ეს თუ ერისკაცი.
პირველ რიგში, რასაკვირველია, ჩემი საუბარი მოძღვრებს შეეხება. საკუთარ პერსონას მღვდელი განუწყვეტლივ უნდა აყურადებდეს და მიწყივ ახსოვდეს, რომ ღვთის მადლის გარეშე, რომელიც მასზე წყალობის სახით გარდამოდის, თავად არაფერს წარმოადგენს, უნდა აკონტროლებდეს, თუ როგორ მორჩილებასა და სიმდაბლეს ფლობს ღვთის წინაშე, რამდენად შეუძლია საკუთარი თავის უარყოფა და სიცოცხლის სხვებისთვის მსხვერპლად გაღება ან მოყვასის სამსახური.
თუ მოძღვარს გაკულტებისაგან გათავისუფლება სურს, უნდა გამოფხიზლდეს, გონს მოეგოს და მიხვდეს, რომ გადამეტებულ პატივს ან იმისთვის მიაგებენ, რაც ღვთისგან მიეცა და ან იმისთვის, რასაც ადამიანები მიაწერენ და სინამდვილეში მასში არ არის.
უპირველესად, ღვთისგან ძღვნად მონიჭებული შეიძლება მისი გარეგნობა იყოს, რაც დიდ როლს თამაშობს, რამდენადაც ადამიანი პირველ შთაბეჭდილებას სწორედ გარეგნობით ახდენს.
გონებრივი თვისებანიც ღვთის ნაწყალობევია, თუმცა ისინი ბრძნულადაც შეგვიძლია წარმოვაჩინოთ და კადნიერადაც. როგორც ერთი მე-17 საუკუნის ფრანგი მწერალი იტყოდა, ცოდნა და სიბრძნე ჯიბის საათივით უნდა ვინახოთ და მხოლოდ მაშინ ვისარგებლოთ, როდესაც დროის დაზუსტება გვჭირდება და არა იმ მიზნით, რომ ყველას დავანახოთ.
ამასთან, თავმომწონეობის საცთურს უნდა ერიდოს და პატივისცემისა და საზოგადოებაში გარკვეული ადგილის მოსაპოვებლად სამღვდელო ხარისხით არ უნდა ისარგებლოს, რადგან ღვთის წინაშე, რომელიც ყოველივეს ჭვრეტს, ეს არაფერს ნიშნავს. სასულიერო წოდებანი, შესაძლოა, მისი სამსჯავროს საგნადაც კი იქცნენ, რადგან თუ მავანი ამ წოდებათა ხმაურს წინ წაიმძღვარებს, შესაძლოა, უფალმა უთხრას: - ხარისხს კი ფლობ, მაგრამ ღირსებას - არა. შენ არ შეესაბამები იმ წოდებებს, რომლებითაც თავი მოგაქვს და რაც უფრო აღმატებული ხარისხი გიპყრია, მით მეტად განისჯები!.. ამის ხსოვნა უმნიშვნელოვანესია სასულიერო პირისა თუ ნებისმიერი ერისკაცისთვის, რომელსაც ღვთისაგან ნაბოძები ამა თუ იმ თვისების გამო ასხამენ ხოლმე ხოტბას.
მიწყივ უნდა გვახსოვდეს ნეტარებათა დასაწყისში მოქცეული უფლის სიტყვები: - ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა...
მაინც, რას ნიშნავს გლახაკნი სულითა?! ეს ის ადამიანია, სულის სიღრმეში ან თუნდაც მცირედად რომ გრძნობს, მასში არაფერია, გარდა იმისა, რაც ღმერთმა მისცა, რომ ყოველივე კეთილი, რასაც ფლობს, ოდენ ღვთის საჩუქარია და ამით თავის მოწონება უადგილოა.
მახსოვს, როგორ მოვიდა ჩემთან მშვენიერი გარეგნობის, ოციოდ წლის გოგონა და რა საშინელი გამომეტყველებით მითხრა:
- მე ვერ ვცხონდები, რადგან პატივმოყვარეობის მიზეზით ვიღუპები.
- როგორ ცდილობ ამის გამოსწორებას?
- არ ვიცი, რა უნდა მოვიმოქმედო... ვებრძვი, მაგრამ პატივმოყვარეობა მჯაბნის...
- მაინც, რაში გამოიხატება შენი პატივმოყვარეობა?
- როდესაც საკუთარ თავს სარკეში ან მინის ზედაპირზე არეკლილს შევხედავ, ყოველთვის ვფიქრობ: - რა ლამაზი ვარ-მეთქი...
გამეღიმა:
- კი მაგრამ, ეს ხომ სიმართლეა-მეთქი, - ვუპასუხე.
- რა უნდა ვქნა? გამოდის, ვიღუპები!
- არა, არ დაიღუპები, უნდა შეძლო, პატივმოყვარეობის ნაცვლად მადლიერება შეიძინო... სიმდაბლეს ჯერ არც შენ დაუფლებიხარ და არც მე... იგი წმინდანებს მოსავთ, მადლიერება კი ის თვისებაა, რომლის მოპოვებაც ნებისმიერ ჟამს თითოეულ ჩვენგანს შეუძლია.
- როგორ მოვიპოვო იგი?
- დღეში სამჯერ სარკის წინ დადექი, დაითვალიერე სახის ის ნაკვთები, რომლებიც ყველაზე მეტად მოგწონს, ბოლოს კი თქვი: "გმადლობ, უფალო, რომ ეს ყოველივე მიწყალობე, რადგან ამის შემოქმედი მე არ ვარ!" და პატიებაც გამოითხოვე იმ საზიზღარი გამომეტყველებისთვის, რითაც უფლისგან ნაბოძებ სილამაზეს ამახინჯებ-მეთქი.
ვფიქრობ, ეს შემთხვევა სულიერ სფეროსაც მიესადაგება. სულით გლახაკნი ისინი არიან, რომელნიც აცნობიერებენ, რომ ყოველივე უფლისგან ებოძათ და იმის ნაცვლად, ცრუ სიმდაბლით უარი თქვან ამაზე, მადლიერებით ღებულობენ მას.
შემდეგ? შემდეგ კი ცდილობენ, ეს წყალობა სხვათა სასარგებლოდ გამოიყენონ. თუ მათ მჭევრმეტყველების უნარი, გონება, განათლება და მგრძნობიარე გული აქვთ (დაუსრულებლად შეიძლება იმ თვისებათა ჩამოთვლა, რომელნიც მოძღვრისათვის სარგებლის მომტანია), მადლობდნენ შემოქმედს ამისთვის და ამ მადლიერების ნიშნად სიმდაბლე მოიპოვონ, რადგან ადამიანი გრძნობს, რომ ყოველივე, რაც ღვთისაგან აქვს, მისი კუთვნილება კი არა, უფლის საჩუქარია, უნდა უხაროდეს, თუმცა ეს არ უნდა აამაყებდეს.
მოძღვრის გაკულტება - თავად მისგანვე იღებს დასაბამს. იგი, ისევე, როგორც თითოეული ჩვენგანი, დღემუდამ მადლობდეს უფალს იმისთვის, რაც ებოძა და საკუთარ თავს არაფერი მიაწეროს.
წმინდა მაკარი დიდის ამ ქვეყნიდან გასვლის შემდგომ მისმა მოწაფეთაგანმა ზეცად ამაღლებული მოძღვრის სული იხილა, რომელსაც საზვერეებში ეშმაკნი სხვადასხვა ცოდვაში გამოცდიდნენ, ის კი თითოეულ მათგანს დაუბრკოლებლად გადიოდა და როდესაც წმინდა მაკარიმ სასუფევლის კარს მიაღწია, ავსულებმა მისი უკანასკნელად ცთუნება განიზრახეს და ტაშისცემით შეჰყიჟინეს: "მაკარი, შენ გვაჯობეო!" მაკარი დიდი კი მოუბრუნდა და მიუგო: "ჯერ არა!"... და ამ სიტყვებით შეაბიჯა სასუფეველში.
ვფიქრობ, თითოეულ სტუდენტს, ერისკაცსა თუ დიაკვანს უნდა ვასწავლოთ, რომ ყველაფერი, რაც გააჩნიათ, ღვთის საჩუქარია და როდესაც აქებენ, ღვთის მადლობითა და შემუსვრილი გულით უნდა მიიღონ, რადგან კაცი ბოლომდე რომ ემორჩილებოდეს უფალს, წვრილმანების გამო არ შეაქებდნენ.
მაგონდება წმინდა ტიხონ ზადონელის წერილი ახალგაზრდა მღვდლისადმი, რომელმაც შესჩივლა, მაქებენ და რამდენსაც ვუმტკიცებ, რომ ეს უადგილოა, კიდევ უფრო მასხამენ ხოტბას და აღარ ვიცი, რა ვიღონოო.
ტიხონ ზადონელმა კი მიუგო: - ნუკი ეტყვი, რომ ცდებიან და მათ ქებას არ იმსახურებ, რადგან ისინი შენს არარსებულ ღირსებებს შენს არარსებულ თავმდაბლობასაც მიაწერენ, არამედ მოუსმინე, დაიმახსოვრე, რა თვისებებს ხედავენ შენში და შეეცადე, ისინი მოიხვეჭო და ისეთად იქცე, როგორსაც გხედავენო. აქ აღზრდაა საჭირო, რაც ოჯახში, საზოგადოებაში, ეკლესიაში, სემინარიასა და აკადემიაში უნდა დაიწყოს და ეს მუდამ უნდა გრძელდებოდეს, რათა ადამიანმა ერთმანეთში არ აურიოს ის, რაც მიეცა, ამასთან, რაც ბუნებით ეკუთვნის ან ღვთის საჩუქარია... ეს ძალზე მნიშვნელოვანია.
თუ კაცი ისწავლის, რომ საკუთარი თავით არ იამაყოს, მაშინ, შესაძლოა, პიროვნების კულტი მის გარშემო არსებობდეს, მაგრამ მისგან ეს ტალღები არ მომდინარეობდეს.
გარდა ამისა, ადამიანები უნდა გააფრთხილოს, რომ ყოვლისმცოდნე არ არის და, შესაძლოა, ზოგჯერ პასუხი არც ჰქონდეს. სულიერ საკითხებში ისეთი მომენტებიც არსებობს, როდესაც მოძღვარი ღვთის წყალობითა და მღვდლობის მადლით ნათლად ხედავს, რომ ამა თუ იმ ადამიანს კითხვაზე ან გასაჭირზე პასუხი უნდა გასცე, ზოგჯერ კი ამას ნათლად ვერ ხედავს, რომ შეეძლოს წმინდანთა ცხოვრებიდან ან ბიბლიიდან შესაბამისი მაგალითი მოუთხროს. ზოგჯერ კი უნდა შეეძლოს, უთხრას: "არ ვიცი!" ჩვენზე დიდ ადამიანებს ჰყოფნიდათ ამის გამბედაობა.
წმინდა ამბროსი ოპტელის ცხოვრებიდან ორი შემთხვევა მახსენდება: როდესაც ადამიანები მას რაიმეს დაეკითხებოდნენ ხოლმე, სთხოვდა, მცირე ხნით მონასტერში დარჩენილიყვნენ, სანამ ილოცებდა და ღვთისგან პასუხს გამოითხოვდა. ორი-სამი დღის შემდეგ ეს ადამიანები მასთან მოდიოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ შინ ეჩქარებოდათ და პასუხის მოსმენა სურდათ. წმინდა ამბროსი კი პასუხობდა: "რამდენიმე დღეა, დედა ღვთისას ვეკითხები, რა გიპასუხო, ის კი დუმს, მე რა შემიძლია გითხრა?!"
თუ საქმე სულიერ ცხოვრებას კი არა, პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ საკითხებს ეხება, მოძღვარი მოვალეა, თქვას: - მე აქ პოლიტიკური ან საერო საკითხების გადასაწყვეტად კი არა, სახარების საქადაგებლად დამადგინესო.
არსებობს ესა თუ ის სფერო, რომელშიც აუცილებელი არ არის, რაღაც მოსაზრებას იზიარებდეთ. ბოროტებისგან განრიდებას, რაღა თქმა უნდა, ყველა უნდა ცდილობდეს. თუ საქმე პოლიტიკასა და სამოქალაქო ცხოვრებას ეხება, აქ მრავალი ნიუანსი არსებობს, ამიტომ საჭიროა, თითოეული საკუთარი სინდისის წინაშე იყოს მართალი და მასთან თანხმობაში იქცეოდეს, მკაცრად ადევნებდეს თვალს საკუთარ თავს, იმგვარად იქცეოდეს, რომ ქრისტეს წინაშე შეეძლოს წარდგომა და თქმა: - მე იმ ადამიანებს ასე ვუთხარი შენი სახელით, მაგრამ მხოლოდ იმით როდი ვსარგებლობდი, რომ ჩემში ქრისტიანსა და მოძღვარს ხედავენ, არამედ იმიტომ, რომ ის, რაც მე წარმოვთქვი, შენი სახარებიდან, შენი სიტყვიდან იღებს დასაბამს.
სხვათა თაყვანისცემას მოძღვარი უნდა გაურბოდეს, რომ ადამიანები იმას არ ხედავდნენ, რაც სინამდვილეში მასში არ არსებობს. მღვდლები იმის შესახებ უნდა საუბრობდნენ, რომ მათი სიწმინდე საიდუმლოებათა აღსრულებით "შემოიფარგლება" და ამასაც თავად უფალი აღასრულებს, რაც გარკვევით წერია ლიტურგიაში. ამიტომ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ლიტურგიისას ჩემს მიერ წარმოთქმული სიტყვები ღვთაებრივი ძალისაა, რამეთუ მე მათ მხოლოდ წარმოვთქვამ, ძალა კი ღვთისაგან აქვთ, ვიმეორებ სიტყვებს, რომელიც თავად ქრისტემ გადმოგვცა. სხვა სფეროში გულწრფელად შემიძლია აზრის გამოთქმა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს ღვთის ნებაა.
- როგორ გესმით მორჩილება?
- ვისურვებდი, ადამიანებს გამუდმებით შეახსენებდნენ, რომ მორჩილება იმით როდი გამოიხატება, მონურად შეასრულო მოძღვრის ბრძანება, მაშინაც კი, როცა იგი რჩევის სახით გეძლევა. მორჩილების აზრი ის არის, რომ ადამიანს ასწავლოს, გამოეთიშოს საკუთარ აზრებსა და საგნების მიმართ დამოკიდებულებებს და მიიღოს ის, რასაც სხვა ადამიანი ეუბნება. აქედან იწყება მორჩილება და იგი მხოლოდ საეკლესიო პრაქტიკას კი არა, ადამიანთა შორის ყოველგვარ ურთიერთდამოკიდებულებასაც ეხება.
როდესაც ადამიანი გვესაუბრება, უმეტესწილად, არ ვუსმენთ, რადგან სანამ საუბრობს, ჩვენ პასუხს ვამზადებთ. როდესაც ადამიანი გელაპარაკება, საკუთარ აზრებზე ფიქრი უნდა შეწყვიტო და მის სიტყვებს დაუგდო ყური, თანაც ისე, რომ გაიგო, როგორ წარმოთქვამს, რათა აზრი დაიჭირო და არა მხოლოდ ბგერები. მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ სიტყვებს შეიმეცნებ და მიიღებ, როგორც სხვა ადამიანის გამოცდილებას ან ძიებას, შეიძლება საკუთარი გონების, გულისა და გამოცდილების გათვალისწინება. ძალიან ხშირად სიტყვები საკმარისი არ არის, რადგან ისინი მხოლოდ ნაწილობრივ გადმოსცემენ იმას, რისი თქმაც ადამიანს სურს.
მოგეხსენებათ, როგორ ხდება ხოლმე სიმღერის დროს - სიტყვები, შესაძლოა, უბრალოდ ჟღერდეს, მელოდია კი ძალზე მიმზიდველად. სწორედ ასე უნდა ვისწავლოთ ნებისმიერი სხვა ადამიანის მოსმენა და არა მხოლოდ მოძღვრისა. სიტყვები ჭეშმარიტებას გამოხატავენ, სწორედ იმას, რასაც უნდა გამოხატავდნენ, მაგრამ ისინი ტალღასავით მიაქვს მელოდიას. თუ შენ მელოდია არ გესმის და ოდენ სიტყვებს აყურადებ, მაშინ ვერ მიიღებ იმას, რაც მასში დევს.
ისეც ხდება, რომ მოძღვარი ძალზე მარტივ რამეს იტყვის, რომელიც სულამდე აღწევს და შეგძრავს.
პროფესორმა ლ. ზანდერმა შეკრიბა სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, რომლებიც პარიზის ერთი ცნობილი მჭევრმეტყველის საჩვენებელ გაკვეთილზე მიიწვია. ეს ადამიანი ატყვევებდა ყველას, ვინც კი მოუსმენდა, თუმცა ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა. მან სამაგალითო გაკვეთილი ჩაატარა და ყველა ზრდასრული ადამიანი აღაფრთოვანა, მაგრამ გაკვეთილის დასრულების შემდგომ შვიდიოდე ბიჭს რომ ჰკითხეს: "აბა, რას ფიქრობ ამ გაკვეთილზეო?", საშინელი პასუხი მიიღეს: "ძალიან თავშესაქცევი კი იყო, მაგრამ მამაოს თავადვე არ სჯეროდა, რაზეც საუბრობდაო".
ეს სიმართლე არ გახლდათ, მაგრამ სიტყვები იმდენად დახვეწილი იყო, თემა კი - იმდენად გონივრულად შერჩეული, რომ ბავშვი ამ ადამიანის სულს ვერ ჩასწვდა და მოეჩვენა, რომ ეს ცარიელი სიტყვები და ბრჭყვიალა სპილენძი იყო. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანთა ურთიერთობისას ეს მაგალითი მუდამ გვახსოვდეს.
მეორე მხრივ, ზოგჯერ ადამიანი რაიმე ძალიან უბრალოს ამბობს და ეს სიტყვები ჩვენი სულის ისეთ სიღრმეს აღწევს, რომ შესაძლოა, სწორედ ამ დროს დაიწყოს ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან ან დიდი გარდატეხა ჩვენს ცხოვრებაში.
მოზარდობისას, დიდ ხუთშაბათს ახალგაზრდების ჯგუფი გარდამოხსნის წინ შესანიშნავ, მაგრამ, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეულ მოძღვართან, მამა გრიგოლ შუმენსკისთან ერთად ვლოცულობდით. იგი საოცრად უბრალო ადამიანი გახლდათ, თავის გამოჩენა არ უყვარდა... დიდხანს იდგა გარდამოხსნის წინ, შემდეგ შემოგვიბრუნდა და დავინახეთ, რომ სახე ცრემლებით ჰქონდა სველი... გვითხრა: - დღეს ქრისტე თითოეული ადამიანისათვის ევნო, მოდით, იმაზე ვიტიროთ, რომ ჩვენ ვართ მისი სიკვდილის მიზეზიო. შემდეგ მუხლი მოიყარა. ჩვენც ვტიროდით, რადგან მისმა სიტყვამ სულის სიღრმემდე შეგვძრა...
ამ ყველაფერს მორჩილების გამო ვამბობ, რადგან მორჩილება, უპირველესად, სწორედ რწმენას ნიშნავს. უნდა ვისწავლოთ, რომ როდესაც ვინმე საუბრობს, განსაკუთრებით - სულიერი მოძღვარი, ვისმინოთ მისი სიტყვა და აქედან, მისი ინტონაციიდან, მისი პიროვნებიდან მივიღოთ ის სულიერი გამოცდილება, საიდანაც ეს სიტყვები დაიბადნენ. თუ მოძღვრის სიტყვები მისივე სულიერი გამოცდილებიდან არ მომდინარეობს, ჩვენს სულს ვერ შეძრავს, თუნდაც სრული ჭეშმარიტება იყოს.
მე ბევრი წმინდანის ცხოვრება და სასულიერო ლიტერატურის გარკვეული რაოდენობა მაქვს წაკითხული და თავზარდამცემია, რომ ხუცესი, სულიერი მოძღვარი, იღუმენი, წინამძღვარი და მეუდაბნოე თავისი გამოცდილების სიღრმიდან რაიმეს ეუბნება ადამიანს, რომელმაც კითხვა დაუსვა, ან სულაც არაფერი უკითხავს, მაგრამ შეხედა და იგრძნო, რომ ამ ადამიანისათვის რაღაცის თქმა იყო საჭირო.
თვით სამონასტრო მორჩილებაც კი იმაში მდგომარეობს, რომ ისეთი მოძღვარი აირჩიო, რომელიც შენს სულს ეხმიანება, რომელსაც შეუძლია, მთელი გულით უყვარდე, რომლის, როგორც ადამიანის, მიღებასაც შეძლებ და რომელიც ღვთისგან მოგეცა.
როდესაც 17 წლის ვიყავი, პარიზის ერთ-ერთ რუსულ ტაძარში წავედი, რომელიც იმ დროს მოსკოვის საპატრიარქოს ერთგული დარჩა... წირვაზე იმდენად დამაგვიანდა, რომ ღვთისმსახურება დასრულებული დამხვდა, რომელიც სარდაფში ტარდებოდა... კართან შევჩერდი და დავინახე, როგორ ამოდიოდა ხის კიბეზე ბერი... შევხედე თუ არა, მასში იმხელა შინაგანი გულისხმიერება და სიმშვიდე დავინახე, რომ მივუახლოვდი და ვკითხე: "არ ვიცი, ვინ ხართ, მაგრამ გთხოვთ, ჩემი სულიერი მოძღვარი გახდით-მეთქი" და ეს არასოდეს მინანია. მას ჩემთვის მორჩილება არ დაუვალებია. ძალიან ღრმა სულიერი ცხოვრება ჰქონდა, ჩემს შეკითხვებს აღსარებაზე მოკლედ, უბრალოდ, ნათლად და მარტივად პასუხობდა, მაგრამ მუდამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ დიდ ხომალდს მიაგავდა, ზღვას რომ მიაპობდა, მე კი მასზე თოკით მიბმული პატარა ნავი ვიყავი. იგი ღრმად შეიჭრა ზღვაში, მე კი ჯერაც ვერ მივახლოებოდი ადგილს, რომელიც უკვე კარგა ხნის წინ გაიარა, მაგრამ მას მე მივყავდი... სწორედ ამაში მდგომარეობდა მორჩილება, რადგან ის ბრძანებებს არ მაძლევდა... უბრალოდ, თავისი ცხოვრების, სულისა და ლოცვის თანაზიარს მხდიდა
მოძღვრის სიკვდილის შემდეგ კი თითქოს ღმერთმა გვიჩვენა, სინამდვილეში ვინ იყო იგი: ავადმყოფობის ჟამს მოკლე წერილი მომწერა: "მე შევიცანი ჭვრეტითი ლოცვის საიდუმლო, ახლა შემიძლია, მოვკვდე".
მესამე დღეს კი გარდაიცვალა... მოძღვრისთვის მორჩილება მხოლოდ ბრძანებების აღსრულებაში კი არა, მის წინაშე გახსნილი სულის სიღრმისეულ წვდომაში გამოიხატებოდა.
როდესაც მოძღვრისა და სულიერი შვილების დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, მოძღვარს შეუძლია, მისცეს კონკრეტული რჩევები, თუ როგორ ილოცონ, როგორ შეიძინონ სულიერი სიფხიზლე, როგორ განიწმინდონ სული და ხორცი და ასე შემდეგ. ამგვარი კონკრეტული რჩევების აღსრულება საჭიროა, მაგრამ თავად მოძღვარი ძალიან ფრთხილად უნდა გასცემდეს რჩევებს, რადგან ზოგჯერ მოძღვარმა არ იცის ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრება. ამიტომ, შესაძლოა, ისეთი რჩევა მისცეს, რომლის შესრულებაც შეუძლებელია.
მახსენდება ერთი ადამიანი, რომელმაც მკითხა: "რა ვქნა? უნივერსიტეტში ლიტერატურას ვასწავლი. აღსარებაზე ვიყავი, მოძღვარმა კი მითხრა: - ამიერიდან საერო ლიტერატურა აღარ წაიკითხოო... როგორ მოვიქცე?!"
ვუპასუხე, რომ მოძღვარს გავესაუბრებოდი, რომელმაც შემდგომ გადაწყვეტილება შეცვალა, რადგან ეს უგუნურება იყო. მრავალი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როდესაც მოძღვარი თეორიულად საუბრობს და არა საკუთარი გამოცდილებიდან და ჭეშმარიტებიდან გამომდინარე.
მოძღვრის ურთიერთობა სულიერ შვილთან ორმხრივი მაშინ არის, როდესაც სასულიერო პირი ღრმად იხედება ადამიანის სულში, მუდამ აყურადებს მას და არასოდეს ეუბნება გაუაზრებელს და დამაბრკოლებელს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი