წმინდა ბარსანოფი ოპტელის საუბრები სულიერ შვილებთან
6 იანვარი, 1909 წელი. უდიდესი ჯილდო განუმზადა უფალმა თავის მოყვარულთ. მოციქული პავლე ბრძანებს: "რომელი თვალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყვარეთა თვისთა".
დიახ, უსაზღვროდ ინეტარებს, ვინც შეიქმნება საუკუნო ცხოვრების ღირსი. თუ რა არის სამოთხე, ამის გაგება ჩვენ ჯერ არ ძალგვიძს. ზოგიერთს უფალმა სამოთხე გრძნობისმიერი სახით აჩვენა, უფრო ხშირად მას ჭვრეტდნენ მშვენიერი ბაღის ან ტაძრის სახით. როცა ჯერ კიდევ ერში ვცხოვრობდი, უფალმა ორჯერ მანუგეშა ძილში სამოთხის ხილვით. ერთხელ ვნახე მთის მწვერვალზე აშენებული დიდებული ქალაქი. მისი ყოველი შენობა არაჩვეულებრივად ლამაზი და რაღაც განსაკუთრებული არქიტექტურისა გახლდათ, რომლის მსგავსიც არასოდეს მინახავს. ვდგავარ აღფრთოვანებული და ვტკბები მისი ცქერით. უცებ ვხედავ, უახლოვდება ამ ქალაქს სალოსი მიშა, ფეხშიშველა, პერანგი მუხლებამდე აქვს დაშვებული. მიწას არ ეხება და ჰაერში მიაბიჯებს. მსურდა, რაღაც მეკითხა, მაგრამ ხილვა გაქრა და გამომეღვიძა. საოცარი სიხარულით მქონდა სული სავსე. გამოვედი ქუჩაში და მიშას შევეფეთე. როგორც ყოველთვის, სადღაც მიჰქროდა. მიშა, დღეს სიზმარში გნახე-მეთქი, - ვუთხარი. შემომხედა და მიპასუხა: "რამეთუ არა მაქუს ჩუენ საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთო" - და სწრაფად გამცილდა.
მეორედ ვხედავ: დიდებულ ტაძარში ვდგავარ. სამეუფო კარები განღებულია და აღდგომის მსახურება აღესრულება. ამბიონზე დგას ყაზანის ერთ-ერთი ტაძრის დიაკონი. ჩემს სიცოცხლეში არ მომისმენია ამგვარი გალობა: თითქოს ჰაერის თითოეული ატომი ხმიანობდა. გალობამ გული ამითრთოლა და ენით აუწერელი სიხარული მომგვარა.
ახლა მე ცოდვილს ღმერთი ამგვარი სიზმრებით აღარ მანუგეშებს - წარვედ უმისოდ ცხოვრების გზაზეო... არადა მინდა ერთხელ მაინც კიდევ განვიცადო ის აღფრთოვანება. მახსოვს, დიდხანს ვიყავი სიზმრის შთაბეჭდილების ქვეშ. ვცდილობდი, თითოეული დეტალის გახსენებას. იმაზეც ვფიქრობდი, რატომ ვნახე ზეციურ ტაძარში ჩვენი დიაკონი-მეთქი. გამოვკითხე მის ნაცნობებს. თავიდან პასუხებმა არ დამაკმაყოფილა: კარგი ბანი აქვსო, - ამბობდნენ. ბანის გამო სამოთხეში ხომ ვერ მოხვდები? შემდეგ შევიტყვე, დაფარულად მოღვაწე ყოფილა.
ოჰ, ნეტავ უფალმა ღირსგვყოს ყველა ზეციურ სავანეში ყოფნისა. ამის იმედი უნდა გვქონდეს და სასო არ წარვიკვეთოთ, რადგან ეს სასიკვდილო ცოდვაა. სხვადასხვა არის ნეტარების ხარისხი. დამსახურებისდა მიხედვით, ზოგი ქერუბიმებთან იქნება, სხვები - სერაბიმებთან და ასე შემდეგ. ნეტავ ჩვენ გადარჩენილთა შორის აღმოვჩნდეთ...
ივნისი, 1909 წელი. დღეს არა მარტო ერისკაცთა შორის, არამედ ახალგაზრდა სამღვდელოებაშიც კი ვრცელდება ამგვარი აზრი: თითქოს საუკუნო სატანჯველი შეუთავსებელია ღვთის უსაზღვრო გულმოწყალებასთან და აქედან გამომდინარე, სატანჯველიც არ არის საუკუნო. ასეთი შეცდომა საქმის მიუხვედრელობიდან მოდის. საუკუნო სატანჯველი და საუკუნო ნეტარება, უპირველესად, თვითონ ადამიანის შიგნითაა... "სასუფეველი ღმრთისა შორის თქვენსა არს" (ლუკა 17,21). სიცოცხლეში რა გრძნობასაც დანერგავს კაცი თავის სულში, იმითვე გადავა საუკუნო ცხოვრებაში. ავადმყოფი სხეული იტანჯება მიწაზე. რაც უფრო ძლიერია ავადმყოფობა, მით მეტია სატანჯველი. ასეა სულიც. დასნეულებული საშინლად იტანჯება საუკუნო ცხოვრებაში გადასვლისას. უკურნებელი ხორციელი ავადმყოფობა სიკვდილით მთავრდება, მაგრამ რითი დამთავრდება სულიერი ავადმყოფობა, სული ხომ უკვდავია? შური, მრისხანება, ბრაზი, სიძვა და სხვა სულიერი სნეულებანი ისეთი გველგესლები არიან, რომ შემოეხვევიან კაცს და გადაჰყვებიან საუკუნო სიცოცხლეში. ჩვენი ცხოვრების მიზანია ამ გველგესლების აქვე, მიწაზე დათრგუნვა, სულის მთლიანად განწმენდა, რათა სიკვდილის წინ ვუთხრათ ჩვენს მაცხოვარს: "მოვალს მთავარი იგი ამის სოფლისაი და ჩემ თანა პოოს არარაი" (იოანე 14,30). ცოდვილი სული, თუ არ განიწმინდება სინანულით, წმინდანთა გვერდით ვერ დაივანებს. სამოთხეში რომც შეუშვან, მისთვის აუტანელი იქნებოდა იქ ყოფნა და წასვლას ეცდებოდა. მართლაც, როგორ შეიძლება, გულქვა მოწყალეთა შორის იყოს, ხოლო ბოროტი - მოსიყვარულე ადამიანებთან.
ერთი საწყალი მასწავლებელი მაღალ საზოგადოებაში სადილზე მოხვდა. სუფრასთან გენერლებს შორის დასვეს. თავს უხერხულად გრძნობდა. დანა-ჩანგალსაც ისე ვერ ხმარობდა, როგორც მისი თანამეინახენი. სუფრაზე საჭმელი ბევრი იყო, მაგრამ მასწავლებელმა ზოგიერთზე უარი თქვა, რადგან არ იცოდა, როგორ ეჭამა. სადილობის დასასრულამდე თითქოს ეკლებზე იჯდა და ოცნებობდა, როდის დამთავრდებოდა ყველაფერი. სხვები კი მხიარულობდნენ, ისე იქცეოდნენ, თითქოს შინ ყოფილიყვნენ. დესერტის შემდეგ რაღაც სასმელი შემოიტანეს - პატარა ჭიქები დიდ ჭიქებში ჩაედგათ. პირველად მასწავლებლის გვერდით მჯდომ გენერალს მიართვეს. მასწავლებელს ძალზე მოუნდა ამ სასმლის გასინჯვა, აიღო ჭიქა და სულმოუთქმელად დაცალა - ჩვეულებრივი წყალი იყო, პიტნით შეზავებული. საცოდავი როგორ შეწუხდა, როცა ნახა, რომ სხვები ამ წყალს მხოლოდ პირში ივლებდნენ. მას შემდეგ დაიფიცა, რომ არასოდეს გაეკარებოდა მაღალი წრის ხალხს. თუ მიწაზე ასე უსიამოვნოა უცხოებთან ყოფნა, რა იქნება ზეცაში. ძალზე გავრცელებულია არასწორი შეხედულება სატანჯველზე. ის ესმით ძალზე სულიერად და განყენებულად, როგორც სინდისის დაბინძურება. რა თქმა უნდა, ჯოჯოხეთში სინდისი დაბინძურებული იქნება, მაგრამ იქ დაიტანჯება სხეულიც, არა ის, რომელიც ახლა გვაქვს, არამედ ის სხეული, რომელსაც შევიმოსავთ საყოველთაო აღდგომის შემდგომ. არც ჯოჯოხეთია განყენებული ცნება, მასაც განსაზღვრული ადგილი აქვს.
ქალაქ ნ-ში ცხოვრობდა ახალგაზრდა ოფიცერი. რელიგიურ საკითხებს სკეპტიკურად უყურებდა. ერთმა შემთხვევამ მთლიანად შეცვალა მისი არსება. ამგვარად მოგვითხრობს თვითონ ამ ამბავს: ერთხელ შინ დაბრუნებულმა თავი ცუდად ვიგრძენი, მივწექი და ვგონებ მიმეძინა. უცებ სადღაც უცნობ ქალაქში აღმოვჩნდი. საშინელი სანახავი იყო. დიდი, ნახევრად დანგრეული რუხი სახლები საცოდავად იხატებოდა ფერმკრთალი ცის ფონზე, ვიწრო, დახლართული ქუჩები, ალაგ-ალაგ ნაგვის გროვები. ირგვლივ კაცი არ ჭაჭანებდა. თითქოს მტრის მოლოდინში ყველას მიეტოვებინა აქაურობა. ვერ აგიწერთ იმ სასოწარკვეთასა და მწუხარებას, მაშინ რომ დამეუფლა. ღმერთო ჩემო, სადა ვარ?! ერთ სარდაფში ორი სულიერი დავინახე, ორივე მეცნო - რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი ჩემი ჯარის მეგობრები იყვნენ. მათაც მაშინვე მიცნეს და ძალზე გაიხარეს. სად ცხოვრობთ-მეთქი, - ვკითხე. მიწისქვეშეთში, ერთ პატარა ოთახში შემიყვანეს. ჩემო მეგობარო, - ვუთხარი ოთახის პატრონს, - სიცოცხლეში სილამაზისა და სიკოხტავის ტრფიალი იყავი და ყოველთვის დიდებულ სახლებში ცხოვრობდი, ახლა სად დაგიდვია ბინა-მეთქი. არაფერი მიპასუხა და მოწყენილმა თვალი მიმოავლო თავის ოთახს. შენ სადღა ხარ-მეთქი, - მივმართე მეორეს. ის უფრო ქვემოთ, სიღრმეში წავიდა. გაყოლა ვეღარ გავბედე და პირველს ვთხოვე, სუფთა ჰაერზე ავეყვანე. მან გზა მიჩვენა. დიდი გაჭირვებით ამოვფოფხდი იქიდან. გავიარე რამდენიმე მოსახვევი და უცბად ჩემს გარშემო ქვის კედლები აღიმართა. თითქოს ქვის ტომარაში ვიდექი. "უფალო, მიხსენი!" - ვიყვირე სასოწარკვეთილმა... ვხედავ, პირღია უფსკრულის პირას ვდგავარ და საზარელი ურჩხული ცდილობს, ქვემოთ ჩამაგდოს. "უფალო, შემეწიე!" - ვყვირი და გონს მოვდივარ. ღმერთო, სად ვიყავი, ნეტავ ახლა სადღა ვარ? შორს კონუსისებრი მთებია. მივდივარ. არავინ ჩანს. თხელ ყინულგადაკრული მდინარის იქითა მხრიდან ადამიანები მოდიან მწკრივად და გოდებენ. მდინარეზე გადასვლა მოვინდომე, მაგრამ ფეხქვეშ ყინული იბზარება, იმსხვრევა. წყლიდან ურჩხული ლამობს, პირი მტაცოს, მაგრამ გავასწარი. ბილიკი მთას მისდევს, ცივა და სულში უნაპირო სევდაა. დაფლეთილი კარვის წინ დანთებულ ცეცხლს ხალხი შემოსხდომია. მათ შორის ჩემი დაუძინებელი მტერი ვიცანი. მოხვედი, საყვარელო? ახლა კი ცოცხალი ვეღარ გადამირჩებიო, - მითხრა და ყველა ჩემკენ გამოქანდა. ღმერთო, მიხსენი და შემიწყალე! - კიდევ ერთხელ ვიყვირე და უცბად - ეს რა ხდება? - ვწევარ კუბოში, გარშემო ხალხია და პანაშვიდს იხდიან. მათ შორისაა ერთი მოხუცი მღვდელი, დიდად სულიერი და ნათელმხილველი. ის სწრაფად მომიახლოვდა და მითხრა: - იცით, რომ სულით ჯოჯოხეთში იყავით? ნურაფერს მოყვებით ახლა, დამშვიდდითო.
ამ ხილვის შემდეგ ეს ახალგაზრდა სრულიად შეიცვალა. დატოვა პოლკი და სხვა საქმეს მოჰკიდა ხელი. მოილოცავდა ტაძრებს და ხშირად ეზიარებოდა. ჯოჯოხეთის ხილვამ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
სიკვდილისა და ჯოჯოხეთის ხსოვნა სასარგებლოა სულისათვის. "მოიხსენე შენი ბოლო და საუკუნოდ არ სცოდავო". სხვათა შორის, სამოთხის ნეტარების გახსენებამ ადამიანი შეიძლება დაცემისაგან დაიფაროს.
ერთ მონასტერში ცხოვრობდა ბერი პიმენი, მალოროსიელი იყო, უსწავლელი, 70 წლის. მზარეულს მორჩილებდა, ჭრიდა შეშას, ცეცხლს ანთებდა, წყალი მოჰქონდა. მონასტრის მზარეული კი ფიცხი იყო, გაბრაზდებოდა და ხშირად სცემდა პიმენს. ის კი არასოდეს განაწყენდებოდა. ყველაფერს სიყვარულით დაითმენდა. ამ სავანის ერთ მღვდელმონაზონს ლოცვისას ჩაეძინა და სიზმრად ერთ მშვენიერ, ხილით დახუნძლულ ბაღში აღმოჩნდა. იქვე დაინახა მამა პიმენიც. მამაო, აქ რას აკეთებო, - ჰკითხა. "ეს ჩემი აგარაკია, უფალმა მიბოძა, - მიუგო პიმენმა, - როცა სული მიმძიმდება, აქ მოვდივარ და ნუგეშს ვიღებო". მღვდელმონაზონმა ხილი სთხოვა და მამა პიმენმაც მანტიის კალთა აუვსო მშვენიერი ნაყოფით. უცებ მან იქვე საკუთარი გარდაცვლილი მამა დაინახა, რომელიც მღვდელი იყო და გახარებულმა მისკენ გასწია. ხელები უნებურად გაუშვა მანტიის კალთას, ხილი მიწაზე დაეფანტა და გამოეღვიძა. დილა იყო. მღვდელმონაზონი თავისი კელიის სარკმელთან მივიდა. მზარეულის ყვირილი შემოესმა: "ოჰ, შე არამზადავ, ისევ ცოტა წყალი მოიტანე? გითხარი, ყველა ჭურჭელი აავსე-მეთქი. არც ჩაგიხედავს მათში, შე საქონელო", - და ყვირილითა და ცემით გამოაგდო მამა პიმენი გარეთ. მღვდელმონაზონი გავიდა კელიიდან და მამა პიმენს ჰკითხა: - ახლა სად იყავიო. მიმძინებია სამზარეულოში და სიბერის გამო საკმარისი წყლის მოტანა დამავიწყდა, რის გამოც მზარეულმა სამართლიანად მისაყვედურაო, - უპასუხა ბერმა. "მამაო პიმენ, ნუ დამიმალავ, სად იყავი ახლა?" - გაუმეორა კითხვა. "იქ, სადაც შენც იყავი, ღმერთმა თავისი განუზომელი მოწყალებით განმიმზადა ეს სავანე", - მიუგო ბერმა. "რა იქნებოდა, ის ხილი რომ არ დამბნეოდა?" - ჰკითხა მღვდელმონაზონმა. გაიღვიძებდი და მანტიის კალთაში გექნებოდა, მაგრამ მაშინ მე მონასტრის დატოვება მომიხდებოდაო, - თქვა მამა პიმენმა. მალე იგი გარდაიცვალა და გადასახლდა მისთვის განმზადებულ სავანეში. დაე, ღირსგვყოს უფალმა ჩვენ, მისი სათნომყოფელნი, თავის წმინდა სავანეში მოხვედრისა...