საკუთარი თავის მორევა ყველაზე დიდი გამარჯვებაა და ეს ყველას უნდა ახსოვდეს
ბოროტი ძალა ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
ჩვენს დროში მისი ქმედება უფრო დაიხვეწა და სიკეთისა და ბოროტების გარჩევა კიდევ უფრო გაჭირდა. როგორ აღვუდგეთ წინ ამქვეყნიურ დაბრკოლებებს? როგორ ვებრძოლოთ და რა საშუალებებით? - ამ საკითხზე გვესაუბრება ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი.
- საით მივდივართ ჩვენ, ქრისტიანები, და რა გვაბრკოლებს ამ გზაზე?
- როდესაც მოძღვარი იწყებს საღვთო ლიტურგიის მსახურებას, დასაწყისშივე წარმოთქვამს ასამაღლებელს: "კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და სულისა წმიდისა... აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ". მრევლის თითოეულ წევრსაც, როცა ამბობს "ამინს", უნდა ახსოვდეს, რომ ამით სრულ თანხმობას გამოხატავს და მისი ქმედება, ასე ვთქვათ, მოღვაწეობა ამ სოფელში უნდა იყოს სვლა სასუფევლისკენ. ადამიანი მოწოდებულია ცხონებისთვის და ის უნდა ილტვოდეს სასუფევლისკენ, რაღა თქმა უნდა, ქრისტეში, ქრისტიანული ცხოვრების წესით.
- ადამიანიც და ანგელოზიც ღმერთმა შექმნა ხატებისა და მსგავსებისა თვისისაებრ. რათა ვისაუბროთ, რა დაბრკოლებები ხვდება ადამიანს ამ გზაზე, სასურველია ვიცოდეთ, გავიხსენოთ, რატომ მოხდა მისი განშორება და გამოძევება სამოთხიდან - ზეციური წიაღიდან...
- სამწუხაროდ, ძალიან ხშირად სასულიერო პირები და მრევლი ერთმანეთს ადარებენ ანგელოზისა და ადამიანის დაცემას და ამბობენ, თითქოს სასუფეველში და დედამიწაზე მსგავსი დაცემა აღესრულა, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით, ანგელოზის დაცემასა და ადამიანის დაცემას შორის დიდი განსხვავებაა. ანგელოზი დაეცა საკუთარი არასწორი ქმედებით, გნებავთ, საკუთარ თავზე გადამეტებული შეხედულებით, პატივმოყვარეობით, რაც ერთობლიობაში იწოდება ამპარტავნების ცოდვად. და აი, ამის გამო იქნა გამოძევებული სამოთხიდან. მას დაცემაში არავინ დახმარებია, იგი დაეცა საკუთარ თავში.
რა მოხდა ადამთან? ადამი ეცემა საკუთარ თავში, ევას დახმარებით, გველის ანუ ეშმაკის ზეგავლენით და, ასე ვთქვათ, გარკვეული შეცდენით. ადამიანი ეცემა ჯერ გარე, არაწმინდა ძალების ზეგავლენით და შემდგომში თავისი საკუთარი ნების არასწორი გამოყენებით. ძალიან ხშირად თანამედროვე ადამიანებს, ქრისტიანებს გვიყვარს გადაბრალება, როგორც ადამმა გადააბრალა ევას, შემდგომ კი ევამ - ეშმაკს.
ეს არცთუ მოკლე ექსკურსი იმისთვის გავაკეთე, რომ კარგად გვესმოდეს, როგორ მოხდა დაცემა ზეცაში და სამოთხეში... და ისიც კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ადამის დაცემა დედამიწაზე არ არის ერთჯერადი აქტი. ანგელოზებში დაცემა აღარ მეორდება, რადგან ისინი იმდენად განმტკიცებულნი არიან უფალში, რომ ყოველწამს ადიდებენ მას, როგორც წერია ესაიას წინასწარმეტყველებასა და იოანეს გამოცხადებაში: "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ!" ხოლო ადამიანების დაცემა, სამწუხაროდ, ყოველ წამს გრძელდება, რამეთუ ადამიანი მერყევი, ცვალებადი, არასრული არსებაა და იგი ძალიან ხშირად თავისი ცხოვრების წესით არის დაცემულ მდგომარეობაში. დაცემული ანგელოზის ცხოვრება უფრო და უფრო მიემართება დაცემისკენ. სამწუხაროდ, ადამიანი ბაძავს არა კეთილგონიერ ანგელოზს, რომელიც აღარ ეცემა და განმტკიცებულია უფალში, არამედ სწორედ დაცემულ ანგელოზს, რომელიც ყოველ წამს ცდილობს, უფრო დაცემული გახდეს და განეშოროს უფალს. ადამიანები, რომლებიც მოდიან ეკლესიაში, პირად საუბრებში ამბობენ, რომ ძალიან ძნელია მარხვის შენახვა, მცნებების დაცვა, ფაქტობრივად, ისინი აღიარებენ თავიან უძლურებას და აცხადებენ, რომ მათთვის შეუძლებელია იმ ელემენტარული ქრისტიანული სათნოებების აღსრულება, რასაც ეკლესია ქადაგებს. ეს ნიშნავს, რომ ისინი დაბრკოლებული არიან უფალთან ურთიერთობაში და არ იციან ავისა და კარგის გარჩევა. დასანანია, უმრავლესობამ არ იცის, რომ ღვთის შვილია. ღვთის შვილობადაკარგულებს ურჩევნიათ, თავიანთი ცხოვრებით იცხოვრონ, მიბაძონ არაწმინდა სულს და არა ღმერთს. ღმერთი გვაძლევს მცნებებს, ნეტარებებს და სხვა უამრავ საეკლესიო სწავლებას. ზოგიერთი ადამიანი კი გაურბის მათ და ცდილობს, იცხოვროს საკუთარი და, ასე ვთქვათ, ეშმაკის ნებით, რაც წარმწყმედელი და დამღუპველია. ის უამრავ რამეს იგონებს, ოღონდ არ აღასრულოს უფლის ნება და საეკლესიო სწავლება, არ იაროს ეკლესიაში, არ თქვას აღსარება, არ ეზიაროს და აცხადებს, რომ მას არ აქვს დრო, არ აქვს სურვილი, ხელს უშლიან გარემოებები და ა.შ. ანუ რაც სამოთხეში მოხდა, ყოველდღე, ყოველწუთას გრძელდება ადამიანის ცხოვრებაში.
- პირიქითაც ხდება - ცხოვრებისეული დაბრკოლებები რომ შეხვდებათ, ეკლესიას მიაშურებენ ხოლმე. რით აიხსნება ეს?
- როცა ადამიანზე აღესრულება უფლისგან დაშვებული განსაცდელი, მერე, მადლობა ღმერთს, ადამიანი მოდის ხოლმე ეკლესიაში და პოულობს დროს, იყოს უფალთან, აღასრულოს მცნებები და კარგი მლოცველი, აღმსარებელ-მაზიარებელი ხდება. სანამ აქამდე მივა ჩვენი ცხოვრების წესი და ჩვენი დაცემული ბუნება გამოიღვიძებს უფლის განსაცდელებით, მანამდე სასურველი იქნებოდა, კარგად ჩამოგვეყალიბებინა მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ადამიანი დაბრკოლებული. პირველ რიგში, მინდა ყველა ადამიანმა, ყველა ქრისტიანმა გაითვალისწინოს და კარგად დაიმახსოვროს: ადამ და ევასავით, ნუ გადავაბრალებთ ჩვენს დაცემას სხვას; ვაღიაროთ, რომ დაცემა და დაბრკოლება მოდის, პირველ რიგში, საკუთარი ბუნებიდან. ამის შესახებ შესანიშნავად ბრძანებს წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: მთელი მსოფლიო და კაცობრიობა ხიბლის მდგომარეობაშია! ყველა ადამიანი, გარკვეულწილად, დაბრკოლებულია, დაზიანებულია თვით ადამიანის ბუნება და იგი საჭიროებს აღორძინებასა და განკურნებას. აი, ამის გამო მოვიდა ქრისტე, რომელმაც გაგვიხსნა კარიბჭე სასუფევლისა, რომელიც არის "გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება". ქრისტესთან ერთად ყველა დაბრკოლებას გადავლახავთ. მაგრამ თუ ადამიანი მარტოა და, ასე ვთქვათ, არ სჭირდება უფალთან ურთიერთობა, იგი, ბუნებრივია, დაბრკოლებული იქნება საკუთარი დაცემული ბუნებით, ეშმაკის ზეგავლენით და საზოგადოებიდან მომდინარე ყოველგვარი უკეთურებით, რაც ასე ნათლად არის წარმოდგენილი დღევანდელ საზოგადოებაში.
- როგორ დაიძლევა და გადაილახება დაბრკოლებები?
- მაცხოვარი გვასწავლის, როგორ შეიძლება ადამიანი დაბრუნდეს ზეციურ იერუსალიმში ანუ სასუფეველში: "ვისაც სურს, შემომიდგეს მე, უარყოს თავი თვისი, აღიღოს ჯვარი და შემომიდგეს მე". ადამიანმა, თუკი სურს, მივიდეს უფალთან, პირველ რიგში, უნდა უარყოს საკუთარი დაცემული ბუნება - ის მთავარი დაბრკოლება, რომელიც საკუთარ თავში აქვს. ბიბლიიდან მოგეხსენებათ, როდესაც უფალმა წარღვნა მოუვლინა კაცობრიობას და ნოე კიდობნიდან გამოვიდა, მან ნიშნად მიიღო ცისარტყელა და უფლის აღთქმა, რომ წყლით წარღვნა აღარ მოხდებოდა. ადამიანის ბუნება დაბადებიდანვე ბოროტებისკენ მიისწრაფვის. როგორც კი იშვება, სამწუხაროდ, იმთავითვე მემკვიდრეობით იღებს დაცემულ, დაზიანებულ ბუნებას და ამიტომაც ინათლება ბავშვი ჩვილობაშივე, რათა განთავისუფლდეს მემკვიდრეობითი ცოდვისგან და ეს ცოდვისმიერი ზეგავლენა პატარაობიდანვე აღმოიფხვრას. როდესაც ვატყობთ, რომ პატარა გარემოდან იღებს მრავალ დაბრკოლებას, გვიყვარს ხოლმე თქმა, როგორ გაეშმაკდა, როგორი ეშმაკიაო. მოდით, შევთანხმდეთ, რომ პირველი დაბრკოლება ადამიანში მომდინარეობს საკუთარივე დაზიანებული, დაცემული ბუნებიდან, რომელიც დაბადებიდანვე ბოროტებისკენ მიისწრაფვის. წმინდა წერილიდან მაგალითები იმიტომ მომყავს, რომ ვინმეს არ ეგონოს, თითქოს ეს ჩემი გამოგონილი თეზისებია. სასურველია, ყველამ იცოდეს, რომ უდიდესი გამარჯვება საკუთარი თავის დამარცხებაა. თუკი სურს ცოდვაზე, ბოროტებაზე, უკეთურ მდგომარეობაზე გამარჯვება, როგორც მაცხოვარი გვასწავლის, ადამიანმა უნდა უარყოს თავი თვისი, აღიღოს ჯვარი და შეუდგეს უფალს. ეს არის უხილავი ბრძოლის ყველაზე მთავარი სტრატეგია. ასეთნი რჩეულები იყვნენ - მეუდაბნოე მამები, რომლებიც უდაბნოში მოღვაწეობდნენ. მათ მოიძულეს ეს სოფელი უფლის სიყვარულით. მათ კი არ სძულდათ ხილული სამყარო და ქვეყნიერება, არამედ ბოროტება, დაზიანებული, დაცემული ბუნება. ისინი გაურბოდნენ მაცდური წუთისოფლის ხვანჯებს; გაურბოდნენ თავიანთი ცხოვრების წესით, საკუთარი თავის უარყოფით, ხორცის გვემით, აღსარებით, ზიარებით, უფალთან ურთიერთობით... თუკი მათ ცხოვრებას თვალს გადავავლებთ, დავინახავთ, რომ როცა ეს დიდი მამები მიდიოდნენ სოფლიდან და გაურბოდნენ საკუთარ დაზიანებულ ბუნებას, მათ მიმართ აღდგებოდა მთელი დაცემული ქვეყნიერება და ცოდვას დამონებული საზოგადოება. ახლაც ზოგჯერ სასულიერო პირის მისამართით (თეთრი სამღვდელოებიდან იქნება თუ შავიდან) მრავალ ცილისწამებას წარმოთქვამენ მავანნი. იმას კი არ იტყვიან, ეს ადამიანი ამ სოფლიდან უფლის სიყვარულის გამო გავიდაო, არამედ ათასნაირ შეთითხნილ ცილისწამებას და ჭორს დაუყრიან. ესეც ეშმაკისგან არის. უნდა ვიცოდეთ, როდესაც საკუთარი თავის უარყოფის შემდეგ ვიწყებთ უფალთან ურთიერთობას, თვით ბოროტება აღდგება ჩვენს წინააღმდეგ და ეს არის მეორე ერთგვარი ბოროტი ზეგავლენა ადამიანზე, რომელიც უფალთან მიახლოებას ცდილობს.
ეშმაკისა და საკუთარი თავის წინააღმდეგობის გარდა დაბრკოლების სახით ადამიანს წინაღუდგება ხოლმე ის ცოდვები, განსაცდელები და საცდურები, რომლებიც მოდის საზოგადოებიდან, ოჯახის წევრებისგან, ნათესავებისგან, ახლობლებისგან, ხალხისგან, ვისთანაც გვიწევს მოღვაწეობა. აი, ამიტომ ბრძანებს იესო ქრისტე: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. გიყვარდეს უფალი, როგორც შენი მამა, სიცოცხლის მომცემელი. და ვინც უარყო საკუთარი თავი, ვინც უარყო ბოროტება, ეს სოფელი, დღეს სასუფეველშია. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ვერავინ ცხონდება, თუკი ვერ გადალახავს იმ დაბრკოლებას, რომელიც მომდინარეობს საკუთარი თავისგან, ეშმაკისა და საზოგადოებისგან.
- როგორც ბრძანეთ, მთელი ჩვენი მიწიერი ცხოვრება არის ასპარეზი, სამოთხიდან გამოძევების ადგილი, სადაც ადამიანი უნდა ეპაექრებოდეს ჯერ საკუთარ თავს, მერე დაცემულ სულს, საზოგადოებას და მხოლოდ ამ დაბრკოლებებზე გამარჯვების შედეგად დაბრუნდება ზეციურ სასუფეველში... ამას ეკლესიურ ენაზე ცხონება ჰქვია.
- სხვაგვარად ადამიანი ცხონებას ვერ მიაღწევს. სამწუხაროდ, ჩვენ, ქართველებს, ძალიან ხშირად გვიყვარს საუბარი სლოგანებით, გარკვეული ფრაზებით, რომ ჩვენ ყველანი ვცხონდებით, ივერია გაბრწყინდება, გადავრჩებით... მაგრამ ვერ გაბრწყინდება ვერც ივერია და ვერც ჩვენი დაცემული ბუნება, თუკი ამქვეყნიურ დაბკოლებებს ვერ გადავლახავთ. ჩვენ გარეშე არაფერი მოხდება. უნდა ვიცოდეთ, რომ დაბრკოლებები გადაილახება მხოლოდ ლოცვით, მხოლოდ მარხვით, შრომით, საკუთარი თავის უარყოფითა და ეშმაკთან შერკინებით, რაღა თქმა უნდა, უფლის დახმარებით. ნახეთ, როგორ წერია ძველ აღთქმაში: დაემორჩილეთ უფალს, წინ აღუდექით ეშმაკს და ის გაიქცევა თქვენგან. პავლე მოციქული ამბობს, როგორც მბრდღვინავი ლომი, ისე დადის ეშმაკი და დაეძებს, რომ ვინმე ჩაყლაპოსო. და თუკი იცი, რომ შენი მოწინააღმდეგე მბრდღვინავი ლომია და შენივე მოწინააღმდეგეა შენი საკუთარი თავიც და ეს საზოგადოებაც, არ შეგფერის, იყო მოლხენით და შენთვის განკუთვნილი სიცოცხლე გაატარო ლხენაში, დროსტარებასა და ქეიფში... როგორც ბევრი თანამედროვე ქრისტიანი იქცევა - დროს ატარებს მცონარებაში, უდებებასა და გახრწნილებაში. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ წუთისოფელში მოკლე ჟამი მოგვეცა იმისთვის, რომ ეს დაბრკოლებები გადავლახოთ და ცათა სასუფეველი დავიმკვიდროთ. შემთხვევით როდი მოვიყვანე ასამაღლებელი, რომლითაც იწყება ღვთისმსახურება. ადამიანს მთელი წირვის განმავლობაში უნდა ახსოვდეს, რომ ღვთისმსახურება იმისთვის შედგა, დაიწერა, გადმოიცა და აღესრულება, რომ ეს არის გარკვეული სიმბოლო, ეკლესიით გადმოცემული სწავლება იმის შესახებ, როგორ უნდა გაატაროს ადამიანმა თავისი ცხოვრება, რომ ბოლოს სასუფევლის მკვიდრი გახდეს - უკვე ღვთის წყალობით და საკუთარი ცხოვრების წესით. ეს არის სწორედ სინერგია. ეკლესიური წესით მცხოვრები ადამიანი უნდა გახდეს ის უძღები შვილი, რომელიც დაბრუნდა მამის წიაღში.
- მაგრამ, როგორც ვიცით, ეს ყველაფერი ასე იოლი არ არის. ადამიანს სჭირდება გარკვეული შრომა, ღვაწლი, ლოცვა და წინამძღოლიც ეკლესიისა და მოძღვრის სახით.
- მინდა შეგახსენოთ ტერმინ "ეკლესიის" ეტიმოლოგია. ეს ბერძნული ტერმინია და ნიშნავს წვეულთა კრებას; იმ ადამიანების ერთობლიობას, რომელთაც უფალმა მოუწოდა. გარკვევით ამბობს მაცხოვარი, თქვენ კი არა, მე აგირჩიეთ თქვენო. ყოველი ადამიანი, რომელიც დღეს ეკლესიაშია, მართლმადიდებელია, - წვეულია, მოხმობილი, რჩეული და ეს ყველაფერი არის ღვთის ნება, ღვთის წყალობა. როგორც აღვნიშნე, არ არის ასე მარტივი მხოლოდ აღიარება იმისა, რომ წვეულები ვართ; რომ მართლმადიდებლები ვართ და ეკლესიაში ვიმყოფებით. საკუთარი ნების უარყოფის გარეშე ჩვენი დაბრუნება სასუფეველში არ მოხდება. როგორც ადამიანის, კერძოდ, ევას, დაცემა მოხდა საკუთარივე ნებით, ხისგან, გამოხსნისთვის საჭირო გახდა ყოვლადწმინდა მარიამის ქალწულება, ხის ძელი - ჯვარი და ამასთან ადამიანის საკუთარი ნება-სურვილი. როცა ვეკითხები ხოლმე, მაგალითად, ახალგაზრდებს, რა არის მათი ცხოვრების მიზანი, ძალიან ბევრი იჩეჩავს მხრებს და არ იცის, რა მიპასუხოს. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მისი ცხოვრების მიზანი სასუფეველში დამკვიდრება და დაბრუნებაა, შერიგებაა უფალთან, და რომ არსებობს ის სამი დიდი ბარიერი, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ და რომლებიც გვაბრკოლებს ცხონების დიდ და ძნელ გზაზე... და თუკი ადამიანი არ მოისურვებს, არ შეუდგება, არ მოუხმობს უფალს დახმარებისთვის, როგორღა გადალახავს ამ ბარიერებს?!
ეკლესიაში ახალმოსულ ადამიანს ხშირად უკვირს, რატომ წარმოთქვამს მედავითნე "უფალო, შეგვიწყალენს" 40-ჯერ. სულს სჭირდება ინტენსიურად აღიარება იმისა, რომ იგი ცოდვილია, დაცემულია და შესაწყალებელი. ამიტომაც ვიმეორებთ ხშირად: "უფალო, შეგვიწყალენ!" ასევე ძალიან საინტერესო ტერმინია "ალილუია", რომელიც ძველებრაულიდან პირდაპირ, უთარგმნელად გადმოვიდა თანამედროვე ენებში. ეს სიტყვა ასე ითარგმნება: "აჰა, უფალი და ადიდეთ იგი". ეს არის იმ ხალხის მიერ წარმოთქმული სიტყვა, რომელიც საკუთარ თავში ჭვრეტს უფალს და იცის, რომ იგია ჩვენი მხსნელი და მაცხოვარი... და თუკი უფლისკენ არ ვივლით "ალილუიას" აღვლენითა და ლოცვებით, ვერასოდეს მივალთ მასთან. შეიძლება გვეგონოს, რომ ყველა დაბრკოლება გადავლახეთ და მივედით უფალთან, მაგრამ ამ დროს აღმოვჩნდეთ ხიბლის მდგომარეობაში. ისევე როგორც ებრაელი ერი იდგა სხვა ერებსა და რელიგიებზე მაღლა, მაგრამ მაინც შორს იყო უფლისგან... უფრო მეტიც: როცა მოვიდა უფალი, ვერ იცნეს იგი, იმიტომ რომ დაბრკოლებულნი იყვნენ საკუთარი დაცემული ბუნებით, ცრუ რელიგიითა და შეხედულებებით. იუდაიზმი ჭეშმარიტი რელიგია იყო, მაგრამ მათ დამახინჯებული ჰქონდათ ჭეშმარიტი სწავლება ღმერთზე. ამიტომაც ამხელს უფალი მათ მცდარ რელიგიურობას და შეაგონებს მათეს სახარებაში: თუ გინდათ, რომ ცხონდეთ, აუცილებლად უნდა უარყოთ საკუთარი თავი. ეს ყოველივე დამაფიქრებელი უნდა იყოს ჩვენთვის. იესო ქრისტემ ამხილა ძველი აღთქმის ცრუ მამობა, ცრუ მასწავლებლობა, ცრუ წინასწარმეტყველება - არც თვითონ შედიხართ ცათა სასუფეველში და სხვებსაც აბრკოლებთო. ასევე შესაძლოა, ბევრი მოძღვარი და თანამედროვე ქრისტიანი დამაბრკოლებლად იქცეს სხვა ადამიანებისთვის თავისი ცხოვრების წესით... პირდაპირ წერია, რომ ჯობია, წისქვილის ქვა დაიკიდოს იმ ადამიანმა, ვინც აბრკოლებს სხვას უფალთან მისვლაში. ეს ძალიან დამაფიქრებელია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოძღვრებს მართებთ ამის გათვალისწინება. მოძღვრის გარეგნობა, საუბარი, სიარული, ჩაცმულობა, გამომეტყველება, გადაადგილების საშუალება - ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს მის მართლმადიდებლურ მრწამსსა და ცხოვრების წესს. მრევლის რიგითმა წევრმაც უნდა იცოდეს, რომ ისიც შეიძლება იქცეს დაბრკოლებად სხვისთვის. ადამიანების უმრავლესობა ეკლესიაში და მის გარეთ სხვადასხვაგვარად იქცევა. ასეთი მდგომარეობა, ცხადია, დამაბრკოლებელია და ამას ყველამ უნდა მივაქციოთ ყურადღება. გაფრთხილება გვმართებს, რათა ჩვენი საქციელით ვინმე არ დაზიანდეს და არ დაბრკოლდეს. ადამიანი ზნეობრივი არსებაა და ის ვერ ჩაითვლება ადამიანად, თუ არ არის მორწმუნე, ეთიკური, თავისუფალი. თუკი ესოდენ დიდი პასუხისმგებლობა დაგვაკისრა ღმერთმა, განა შეიძლება, ასე დაბრკოლებულნი დავრჩეთ და ვერ გადავლახოთ ის პირუტყვული ნდომა, რაც ხორციელ ბუნებას ახასიათებს? მაგალითად, ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ მარხვას ვერ შეინახავს, რადგან ვერ შეელევა ამა თუ იმ საკვების გემოს, პირუტყვს უტოლდება და მისგან იმითღა განსხვავდება, რომ ვერტიკალური მდგომარეობა უჭირავს.
- რას გვეტყოდით ინტერვიუს დასასრულს?
- ამ თემას ერთი ინტერვიუ არ ეყოფა. ადამიანის დაბადება და ამქვეყნად მოვლინება უკვე დაბრკოლებაა. დაბადებისთანავე მას წინ აღუდგება მრავალი სამყაროული დაბრკოლება. მოგეხსენებათ, როდესაც ბაგაში იშვა კაცობრიობის მხსნელი, იესო ქრისტე, ბაგიდანვე იდევნებოდა ამ სოფლისგან. თუკი მაცხოვარს არ ინდობდა ეს სოფელი და ქვეყნის მხსნელს არ ჰქონდა ადგილი, რომ თავი მიედრიკა და საშუალება, ამ ქვეყანაზე მშვიდად ეცხოვრა, წარმოიდგინეთ, ჩვენ რა დღეში ვეყოლებით ეშმაკს! ვართ კიდეც დღეს საშინელ დაბრკოლებებში. ალბათ, ყველა ხედავს, რომ ეს სოფელი გახვეულია ეშმაკის ბადეში. ეს ბადე, მოგეხსენებათ, იხილა წმინდა ანტონი დიდმა. დღევანდელი სამყარო ისეა დაბრკოლებული დამახინჯებული იდეოლოგიითა და მრწამსით, რომ ეშმაკს აღარც სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა ჩვენთვის მახეების დასაგებად, ისედაც საკმარისად ვართ გახლართულნი მათში ჩვენი ცოდვებით. შეკითხვაზე, თუ ვის ხელეწიფება თავის დახსნა ამ ბადეებისგან, ანტონი დიდს მოესმა უფლის პასუხი: მათ მხოლოდ თავმდაბალი დააღწევს თავს. და ეს იმიტომ, რომ იმ ერთი ცოდვის გამო გამოაძევა ღმერთმა სასუფევლიდან ანგელოზიც და ადამიანიც. ეს გახლდათ - ამპარტავნება, ქედმაღლობა და მისი წამალი მხოლოდ და მხოლოდ თავმდაბლობაა. როგორ ღვაწლშიც არ უნდა იყოს ადამიანი, თუ მას თავმდაბლობა და მორჩილება არ ექნება, წარმოუდგენელია მისი ცხონება. მხოლოდ თავმდაბალს ძალუძს ამა სოფლის თავადის მიერ დაგებული ცოდვისმიერი ბარიერების, გარკვეულწილად იმავე საზვერეების, გადალახვა. ეს ბარიერი უხვად არის ჩვენში, ჩვენს ირგვლივ, როგორც ხილულად, ასევე უხილავად. უხილავი ბარიერი უფრო საშიშია. რადგან ამ შემთხვევაში ადამიანს დამახინჯებული სულიერება აქვს. მას ჰგონია, რომ ადიდებს ღმერთს და კმაყოფილია თავისი ცხოვრებით, ლუარსაბივით თავდაჯერებულია, სინამდვილეში კი სული ცოდვებით აქვს სავსე... ადამიანმა საკუთარი თავი არარაობად უნდა მიიჩნიოს. როგორც წმინდა მამები ყვედრიდნენ საკუთარ თავს დავით მეფსალმუნის სიტყვებით: "მატლ ვარ და არა კაც". თუ ადამიანმა უფალთან მისვლა არ დაიწყო საკუთარი თავის უარყოფითა და დაცემის აღიარებით, მაშინ, ბუნებრივია, ვერ მიაღწევს გამარჯვებას. საკუთარი თავის მორევა ყველაზე დიდი გამარჯვებაა და ეს ყველას უნდა ახსოვდეს. თუკი მოერევი საკუთარ თავს, შენსავე დაცემულ ბუნებას, გადალახავ კიდეც ყველა იმ ბარიერს, რომელიც წინ დაგიგო ეშმაკმა უფლისავე დაშვებით. ხშირად ადამიანები თავიანთ უძლურებას ეშმაკს აბრალებენ. ამბობენ, ეშმაკმა შემაცდინაო.Mმაგრამ ძალიან ხშირად, სანამ ეშმაკი შეგვაცდენდეს, მანამ უკვე დაბრკოლებულნი ვართ საკუთარი ცრუ შეხედულებებით. ყოველთვის, როცა გადაწყვეტილებას ვიღებთ, უმჯობესია, რჩევა ვკითხოთ ჩვენზე უფრო გამოცდილ ადამიანებს, რათა შეცდომა არ დავუშვათ. ზოგიერთი ფიქრობს, რომ აღარ საჭიროებს დამოძღვრას, რადგან საკმაო განათლება აქვს საამისოდ. ამ დროს ისინი დაბრკოლებულნი არიან თავიანთი ცრუ შეხედულებებით და ხიბლში იმყოფებიან. მათ თავიანთი თავი უკვე სასუფეველში დაუგულებიათ. ებრაელებსაც ეგონათ, რომ ღვთის რჩეულები და სასუფევლის ძენი იყვნენ. ჩვენც ხშირად ვფიქრობთ, რომ ქართველ ერს ნაკლები დაბრკოლება გვაქვს და ადვილად ვცხონდებით, სხვა ერები კი - ძნელად. სინამდვილეში ჩვენი ცხონება უფრო ძნელია, ვიდრე სხვა ერებისა - ჩვენ მეტი მოგვეცა და მეტიც მოგვეკითხება. ვიმეორებ, დროსტარებითა და ცეკვა-თამაშით ვერავინ ცხონდება,Dდა რადგანაც ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა გვაქვს და მაცხოვრის კვართი და ბევრი სიწმინდეა დავანებული ჩვენთან, ეს, რაღა თქმა უნდა, დიდი წყალობაა ღვთისა, მაგრამ ნუკი გვეგონება, რომ ამით ვცხონდებით მხოლოდ. ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს. უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ თუკი დღეს ჩვენს ქვეყანაში რამე ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა, ეს არის, უპირველესად, ჩვენი ცოდვების, დაცემულობის, ცრუ შეხედულებების, არასწორი იდეოლოგიის ბრალი. 2000 წელზე მეტია, რაც ჩვენი ქვეყანა მართლმადიდებელ სარწმუნოებას ატარებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ნახავთ ისეთ კარგ ქრისტიანს, როგორიც გვინდა. გარეგნულად კი არიან თითქოს, მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანი ის არის, ვინც გადალახა ამა სოფლის ბარიერები და სხვასაც ეხმარება მათ დაძლევაში. ასეთები კი, სამწუხაროდ, ცოტანი არიან ჩვენს გვერდით. ჩემი სურვილია, მენახოს ჩვენი ერი მართლაც გახარებული, გაბრწყინებული, ბედნიერი... დაე, ქართველ ერს უფლის წყალობით გადაგველახოს ყველა ის ბარიერი, რაც ეშმაკმა, ამა სოფელმა, საკუთარმა დაცემულმა ბუნებამ აღგვიმართა. ჩვენ გახვეულნი ვართ ეშმაკის ხლართებში და აქედან უნდა დავიხსნათ თავი ლოცვით, მარხვით, უფლის მორჩილებით, რათა შევძლოთ დაბრუნება ზეციურ იერუსალიმში, ზეციურ საქართველოში. ეს არის მიზანთმიზანი, რომლის გარეშეც ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება უაზრო და უშედეგო იქნება.