პავლე მოციქული ბრძანებს, რომ "დრონი ბოროტნი არიან", მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით მღელვარე და დაძაბულ დროში მოგვიწია ცხოვრება.Aადამიანებმა ხორციელი საზრუნავი სულიერზე წინ დააყენეს.
ყველაფერი გაუფასურებული, დამცირებული და დაკნინებულია...
მუდამ სადღაც მიგვეჩქარება, ვბორგავთ, გზას სწრაფი ნაბიჯით მივიკვლევთ, გამუდმებით დავცქერით მაჯის საათს, რომელსაც წარსულიდან მომავალში გადავყავართ... დრო გაუჩერებლივ მიქრის და არ ძალგვიძს შევაჩეროთ იმ "აწმყოში", რომელიც მარადიულობისა და დროის გადაკვეთის წამია... გავურბივართ სიჩუმეს, ღვთისა და საკუთარი თავის პირისპირ მარტო დარჩენას.
ბერი ამფილოქე ამბობს: "განმარტოება საუბარია უფალთან და სულებთან, რომლებიც სიყვარულით და მზრუნველობით მოდიან ჩვენთან. კუნძულ პატმოსის გაშიშვლებულ და ბნელ კლდეებს არ გავცვლი ათენის აყვავებულ ბაღებზე. ქალაქში ხალხი წმინდად არ აზროვნებს. ხედავენ ყვავილებს, თვალწარმტაც ველებს, მაგრამ მათი გული მადლობას არ სწირავს უფალს იმ მშვენიერების გამო, რომელიც მან შექმნა. უდაბნოში კი ყველაზე უსახური პეიზაჟი და უსიამო ხმის მქონე ფრინველიც ღმერთზე გვაფიქრებს. ასე რომ, ბედნიერია, ვინც ღმერთთან ახლოსაა, გინდაც სალ კლდეზე ცხოვრობდეს".
მაგრამ ერში მცხოვრებმა ადამიანმა როგორღა უნდა მოიპოვოს შინაგანი უშფოთველობა და სიმშვიდე ამ გარეგნულ მშფოთვარებაში?
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი წერს: "სიტყვიერი მდუმარებით, ემოციების დამშვიდებით, უშფოთველი აზრებითა და ხორციელი სიმყუდროვით დაიწყე. დიდი შეცდომა იქნება, თუ წარმოვიდგენთ, რომ ძალა შეგვწევს, უმაღლესი წერტილიდან - გონებისა და გულის უშფოთველობიდან დავიწყოთ... ისწავლეთ, იყოთ უძრავად, დაუძაბავად, ოღონდ ოცნებასა და უძლურებაში არ ჩაცვივდეთ, ეცადეთ, გამუდმებით ვიოლინოს სიმებივით ისე იყოთ აწყობილი, რომ სწორი ხმა გამოსცეთ. არც იმდენად დაჭიმული, უეცრად რომ გაწყდეთ და არც ისეთი მოშვებული, მხოლოდ ზუზუნს რომ გამოსცემდეთ. როცა ამით დაიწყებთ, მოუსმინეთ სიჩუმეს, სრულ სიმშვიდეში დარჩით და შესაძლოა, ვიდრე წარმოგიდგენიათ, იმაზე გაცილებით ადრე ახდეს გამოცხადების წიგნის სიტყვები: "აი, მე ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ".
მართლმადიდებლობა პიროვნული სრულყოფის რელიგიაა. მყუდროებისა და უშფოთველობის მოპოვება დიდ გონებრივ და ფსიქოლოგიურ ვარჯიშს მოითხოვს.
როგორ მოვიპოვოთ ერში მცხოვრებლებმა მყუდროება და სიმშვიდე, ამის შესახებ გვესაუბრება მამა დავით ციცქიშვილი.
- ჩვენი სულიერი ცხოვრება ერთგვარად უდაბნოს ჰგავს. ბერი პაისი ამბობდა: "უდაბნო, განდეგილი ცხოვრება დიდად შეეწევა სულიერ ვნებათა აღმოფხვრას, რადგან სარეველაც კი ხმება უნაყოფო უდაბნოში, შლამიან ნიადაგში კი ლერწამივით ხარობს..."
- ბერ-მონაზვნების შესახებ ნათქვამია: "იჯექი შენს სენაკში და შენი სენაკი გაცხოვნებს შენ". უდაბნო მეტად ერთფეროვანი ადგილია. საითაც გაიხედავ, მხოლოდ ქვიშაა, მწირი ნიადაგი, მცენარეს თითქმის ვერსად ნახავ... ერთი სიტყვით, თვალი ვერაფრით ხარობს. სენაკში მყოფი ბერიც შემოსაზღვრულია შთაბეჭდილებებისგან: არ ესმის საუბრები, თვალიც დაცულია სანახაობრივი საცდურისგან, მეტი საშუალება აქვს, იფიქროს ღმერთზე. ასე რომ, წარმატებულ ბერ-მონაზონთა სულიერი ცხოვრება, გარკვეული თვალსაზრისით, უდაბნოს წააგავს. ღირსი მამა სერაფიმ საროველი ამბობს: "შენ მხოლოდ იჯექი სენაკში ყურადღებით და მდუმარებით და ეცადე, უფალს მიუახლოვდე. ღმერთი მზად არის, შენგან, ადამიანისგან, ანგელოზი შექმნას".
დუმილი სულიერი ცხოვრების პირობაა. ბერი იერონიმე სულიერ შვილს სწერდა: "შეძლებისდაგვარად მოერიდე გარეგან ურთიერთობებს, განმარტოვდი სენაკში, დაძაბე გონება, რათა იხილო სულიერი სამყარო. თქვი ხოლმე: "ნეტავ, როდის მივალ ჩემს სენაკში და განვმარტოვდებიო". ჯერ მწარე ნახე და სამაგიეროდ კარგ ჯილდოს მიიღებ. ბევრ სიკეთეს მოგიტანს დუმილი. შენი სენაკი მიგიზიდავს. ისწავლე და ილოცე. თუ თვითონ მტკიცედ არ დამდგარხარ ფეხზე, სხვას როგორღა დააყენებ? ხალხი აწყდება ეკლესიებს, რათა სულიერი წყურვილი დაიკმაყოფილოს. რას მისცემ მათ, თუ თავად არაფერი გაგაჩნია? ან როგორ გექნება, თუ უფალს არ სთხოვ? ილოცე და მიჰყევ სწავლებას, რათა მტკიცედ დადგე ფეხზე და, როგორც კლირიკოსმა, წარმატებას მიაღწიო".
ათონის მთაზე მოღვაწე ერთ-ერთი ბერი ამბობდა, რომ მთაწმინდაზე მცხოვრებ მამებს ზღვის ნაპირზე სეირნობა არ სჩვევიათ. მართალია, ეს არ ეკრძალებათ, მაგრამ გაურბიან თვალისა და ყურის გართობას, ზღვისა და მთების წარმტაცი სილამაზით ტკბობას. უჯობთ, თავ-თავიანთ სენაკებში განმარტოვდნენ, რათა მყუდროება შეინარჩუნონ.
ერის ადამიანები ზღვისკენ, მთებისკენ მიისწარფვიან, რათა რაც შეიძლება მეტად დატკბნენ ბუნების მომაჯადოებელი სილამაზით. ბერი იოსები კი თავის სულიერ შვილს უდაბნოში უხმობდა: "ჩემო საყვარელო შვილო, ჩამოდი თუნდაც ერთი დღით, ღმერთსა და ღვთისმეტყველებაზე ვისაუბროთ; ჩამოდი, რომ დატკბე იმით, რაც ეგზომ მოგნატრებია: მოუსმენ ველურ კლდეებს - იდუმალებით სავსეთ, მდუმარ ღვთისმეტყველთ. ისინი ღრმა აზრებს გაგიმხელენ და შენს გულსა და გონებას შემოქმედთან მიიყვანენ. აღდგომიდან მარიამობამდე აქ სამოთხეა. ღმერთს ადიდებენ მდუმარე ღვთისმეტყველნიც: დიდებული კლდეები და მთელი ბუნება, თითოეული არსება თავისი ხმითა თუ დუმილით.Pპაწაწინა ბალახთან ხელს რომ მიიტან, თავისი ბუნებრივი სურნელების ფრქვევით დაიჩივლებს: "ოჰ! ნუთუ ვერ დამინახე? როგორ მატკინე!.." აქ ყველაფერს თავისი ხმა აქვს და მაცოცხლებელ ნიავთან ერთად, რომელიც ყოველივეს ამოძრავებს, ჰარმონიული და მუსიკალური ქება-დიდება ეგზავნება შემოქმედს..."
წარმატებული მონაზონი სენაკისკენ ისწრაფვის. წმინდა ანტონი დიდი წერს: "მონაზვნის სენაკი ღუმელია ბაბილოვნისა, რომლის ცეცხლშიც სამი წმინდა ყრმა გამოიცადა და სვეტია ცეცხლისა, რომლიდანაც თვით ღმერთი ესიტყვებოდა წმინდა მოსეს... როგორც კვდება ნაპირზე ამოგდებული თევზი, ისევე ემართება იმ მონაზონს, რომელიც დიდხანს დაყოვნდება თავისი სენაკის გარეთ".
არქიმანდრიტი რაფაელი კითხულობს: "რა არის მთავარი მონაზვნობაში? რატომ დგანან თანამედროვე ბერ-მონაზვნები ასე შორს ძველი მოღვაწეებისგან?Bბევრი მათგანი ხომ გულწრფელად შეუდგა ამ გზას და დატოვა ყველაფერი? რატომ ფართხალებენ უღონოდ, წყლიდან ამოყრილი თევზებივით? რატომ აქვთ სიხარული და მადლი უფრო იშვიათად, ვიდრე ძველ მოღვაწეებს ჰქონდათ? რატომ შფოთავენ, მწუხარებენ და დარდობენ?! - ამ ბერებს მეც მივეკუთვნები..."
უდიდესი ღვაწლი ბერ-მონაზონთათვის გულისა და გონების დაცვაა. როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი გონება? - ძველი ბერები კუნკულს იხურავდნენ, მხოლოდ მიწას დასცქეროდნენ და ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდნენ. პატერიკი მოგვითხრობს ამბავს უდაბნოს ერთ-ერთი მონასტრის იღუმენისა, რომელიც ალექსანდრიელ ეპისკოპოსს ესტუმრა. უკან დაბრუნებულს ბერებმა ჰკითხეს, - რა ნახე იქო. იღუმენმა მიუგო: არაფერი მინახავს, რადგან მიწისთვის თვალი არ მომიშორებიაო. ამგვარად იზღუდავდნენ თავს გარეგანი შთაბეჭდილებებისგან და სიმშვიდეში ცხოვრობდნენ. ღირსი სინკლიტიკია ამბობდა: "თვალები სიკვდილის ფანჯარაა. იქიდან მოდის საცდური და განსაცდელები. მონაზონმა აუცილებლად უნდა დაიხშოს სმენა ერული საუბრებისგან, ინფორმაციისგან. თუ ამას არ აკეთებს, მისი სული ღრუბელს ემსგავსება, რომელიც სიბინძურეს იწოვს". იყვნენ მოღვაწეები, რომლებიც დღის განმავლობაში წარმოთქმულ სიტყვებს ითვლიდნენ და მათ სიჭარბეს ნანობდნენ. ღირსი სერაფიმე საროველი ამბობდა: "საჭიროების გარეშე არ უნდა ილაპარაკო. განა მორბის ვინმე შენთან, რომ სასარგებლო რამ მოისმინოს?"
- სულხან-საბას ლექსიკონში მონაზვნობა და ერისკაცობა ასეა განმარტებული: "მონაზვნობა - სენაკსა შინა ჯდომა, ხოლო ერისკაცობა - სვლა ზღვათა ღელვათა". ჩვენს მშფოთვარე ცხოვრებაში უბრალო ერისკაცებმა როგორღა მოვიხელთოთ უდაბნოსებრი სიმშვიდე; როგორ შევძლოთ ჩავუღრმავდეთ თავს?
- ერთ-ერთი ათონელი ბერი წერს, დღეს ეშმაკი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ადამიანის ყურადღება გარეგანი მოვლენებისკენ მიმართოსო. ტელევიზორი, რადიო, პრესა, კომპიუტერი... ყველანაირად უწყობს ხელს, რომ კაცმა უმთავრესზე არ იფიქროს.
წარმატებული ბერ-მონაზვნები კი სრულიად სხვაგვარად იქცევიან. არქიმანდრიტი ქერუბინის ნაამბობი ნათლად წარმოაჩენს ბერული სულისა და ღვაწლის სიდიადეს. მას თურმე ხშირად გზავნიდნენ სკიტის ნავმისადგომში ამანათების წამოსაღებად, ათონის ერთ-ერთ პორტში ფოსტის მისაღებად. აქ იგი სხვა მამებს ხვდებოდა, რომლებიც ამავე მიზნით მიდიოდნენ ნავმისადგომში. ყველანი ერთ ქოხში იყრიდნენ თავს და ეს თავყრილობა სრულებითაც არ ჰგავდა ერის ხალხისას. აქ არ ისმოდა ხმამაღალი, მღელვარე ხმები, ღრიანცელი ან უქმი საუბარი. არავინ ეჯიბრებოდა ერთმანეთს, ვინ მეტს იტყოდა. პირიქით, იმას ცდილობდნენ, რაც შეიძლება ნაკლები ელაპარაკათ და მეტად ჩაკეტილიყვნენ საკუთარ თავში. "ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდა ამ წმინდა, კურთხეული მამების ხატება: მდაბალნი, მდუმარენი, მიწისკენ თავდახრილნი; ძველი კაბებით შემოსილნი, თეთრი შალის წინდებითა და მძიმე ფეხსაცმელებით; კვერთხებით, გაცრეცილი სკვნილებით ხელში. ვერასოდეს შევძლებ მათ დავიწყებას. აგერ უკვე ორმოცი წელი გავიდა და ახლაც აღმაფრთოვანებს მათი ფარული მდუმარება, ყოველდღიური სიკვდილი, მცდელობა, ყველასთვის შეუმჩნეველნი დარჩენილიყვნენ. აღფრთოვანება ოდნავადაც არ მინელდება. თითქოსდა, ჯერ კიდევ გუშინ მენახოს ისინი - სულიწმინდის ცოცხალი ჭურჭელნი. მათ უარყვეს ყოველივე გარეგნული, მოჩვენებითი, პირობითი, ფუჭი და უსარგებლო. ჩაუღრმავდნენ საკუთარ თავს, დახვეწეს თავიანთი "შინაგანი კაცი" და ასე მიაგნეს უძვირფასეს საუნჯეს - ცათა სასუფეველს. რას ეტყოდა თანამედროვე, გონებაგაფანტულ, მშფოთვარე მსოფლიოს მათი თვითუარყოფა, უსიტყვო გმირობა, განღმრთობა იესო ქრისტეში?" ამ ადამიანებს გარს უდაბნო აკრავთ და მისი მეშვეობით შინაგანად უფალთან ერთობაში არიან. "მათ განწმინდეს უდაბნო, იგი სულიერ სახელმწიფოდ გარდაქმნეს", - წერს პაისი ათონელი, რომელსაც ძალზე უყვარდა უდაბნოს მდუმარება: "ო, კურთხეულო უდაბნოვ, რამხელა დახმარებას უწევ ღვთის შვილებს, რომ თანხმობაში იყვნენ შემოქმედთან. მიწიერ სამოთხედ ქცეულხარ და ველური ცხოველებისთვის მოგიყრია თავი იმ კაცთა გარშემო, ვინც დააშოშმინე".
როცა სერაფიმე როუზს, დიდ ამერიკელ ქრისტიან მოღვაწეს, ჰკითხეს, სურდა თუ არა ათონის მთაზე მოღვაწეობა, უპასუხა: "ათონი საკუთარ თავში უნდა აიშენოს კაცმაო". მართლაც, მან ისეთ სულიერ მდგომარეობას მიაღწია, რომ უდაბნოში ცხოვრების გარეშეც განიცდიდა უდაბნოსეულ სიმშვიდეს. ბერი პაისი კი მათ, ვინც სულიერი ცხოვრების გზას ადგას, ასე მიმართავს: "შეიყვარეთ უდაბნო და სიღარიბე, შეძლებისდაგვარად გათავისუფლდით მატერიალური ნივთებისაგან და, თუ რამ გაგაჩნიათ, უპოვართ დაურიგეთ. გაიმარტივეთ ცხოვრება, გათავისუფლდით წუთისოფლის ამაო საზრუნავისგან და თქვენი არსებობა აზრს შეიძენს... პატივი ეცით უდაბნოს, რომ თავისი უდაბურებით შეგეწიოთ - გაუდაბურდეთ ვნებათაგან და ქრისტესგან მადლით შეიმოსოთ".
ჩვენი დროის უბედურება ის გახლავთ, რომ ადამიანები საკუთარი მეს შემეცნებას გაურბიან, სწყინდებათ ყოფნა საკუთარ თავთან, უჭირთ განმარტოება... არადა, ქრისტიანობა იმას გულისხმობს, რომ რაც შეიძლება მეტად გააშუქო საკუთარი თავი, რათა შეძლო "განცდა თვისთა ცოდვათა". ამისთვის კი სიჩუმით, მყუდროებით, მდუმარებით უნდა შევიმოსოთ. როგორც წმინდა ამბროსი მედიოლანელი ბრძანებს: "მდუმარება მომავალი სამყაროს საიდუმლოა".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი