მეუღლეობრივი ღალატი ღვთის მსგავსად შექმნილი ადამიანის ღირსების შელახვაა და ღვთისგან განდგომად ითვლება
ქრისტიანის ყოფა ვნებებთან ბრძოლაა, რომელთა შორის უსასტიკესად მრუშობის ვნება ითვლება.
ეკლესია ამ ცოდვის ორ სახეს გამოყოფს: სიძვას და მრუშობას. პირველი დაუოჯახებელთა კავშირია, მეორე კი მათი კავშირი, ვინც უკვე დაქორწინებულია და მეუღლეს ღალატობს. სამწუხაროდ, ოჯახურ ცხოვრებაში ღალატი გახშირდა. ზოგიერთნი, განსაკუთრებით მამაკაცები, ამას შეცოდებად არც კი მიიGნევენ. ოჯახურ სიმტკიცეს ვნებებს ანაცვალებენ. ინგრევა ოჯახები, უბედურდებიან ბავშვები. რელიგიური მოსაზრებით, მამაკაცი ითვლება ოჯახის უფროსად. პავლე მოციქული ბრძანებს: "ქმარი არის ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი" (ეფეს. 5,23). იგი უნდა იყოს არა მხოლოდ ოჯახის უფროსი და მარGენალი, არამედ, უპირველესად, ზნეობრივი მაგალითი, რადგან ზნეკეთილი მამის სულიერი ცხოვრება ხილულად და უხილავად ეხმარება და მოძღვრავს შვილების ცხოვრებას. მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი თავის გმირს, დათა თუთაშხიას, ერთგან ათქმევინებს, - კაცობა ტვირთიაო. რას ნიშნავს მამაკაცის "ტვირთი", რამდენად მძიმედ აისახება ოჯახის, ერის ცხოვრებაზე მამაკაცის მიერ ამ ტვირთის გაუცნობიერებლობა, მისი ფუნქციის დაკნინება. ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა ზურაბ მჭედლიშვილი: - ადამიანის შექმნა მამაკაცად და დედაკაცად და მათ მიერ ქვეყნიერების აღვსება და გამრავლება თავიდანვე ღვთის განგებით განისაზღვრება. ადამს მხოლოდ ევა მიეცა და ევასთვისაც მხოლოდ ადამი არსებობდა. აქედან გამომდინარე, მამაკაცს მხოლოდ ერთი ქალი უნდა უყვარდეს, რომელთან ერთადაც მთელ ცხოვრებას გაატარებს. სიყვარული პიროვნული გრძნობაა და მხოლოდ ერთი ადამიანის მიმართ ვითარდება. ყველასთან თანაბარი გრძნობით ვერ იქნები. თუ სიყვარული ზოგადად ვრცელდება საწინააღმდეგო სქესზე, ეს უკვე სულიერი დაავადებაა. ადამიანი ღვთის მსგავსადაა შექმნილი, ზნედაცემულობა მისი ბუნების საწინააღმდეგოა. ასეთი წესით ცხოვრება სამარცხვინოა როგორც ქალისთვის, ასევე მამაკაცისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, არსებობს კატეგორია ადამიანებისა, რომელიც, გარკვეულწილად, ღირსებადაც კი მიიჩნევს მრუშობას. ეს ჩვენი დღევანდელი ცხოვრების "თავისუფლების", ყველაფრის გადაფასების, ზნეობრივ-ეთიკურ შეხედულებებზე გალაშქრების მძიმე შედეგია. 21-ე საუკუნეში უმრავლესობისათვის მოძველებულია ზნეობრივი ღირებულებები, რომლებიც ქრისტიანობის მიერ იქადაგებოდა და დღესაც იქადაგება. ბევრისთვის ეს, სამწუხაროდ, შუა საუკუნეების ცნობიერებად ითვლება. სინამდვილეში ზნედაცემულობა, სიძვა, მრუშობა ბევრად უფრო ძველია, ვიდრე შუა საუკუნეები, ღვთისგან მოცემული ღირებულებები კი სამარადჟამოა და ყოველთვის ფასეული, რომელსაც დრო ვერაფერს დააკლებს. სიცრუით მცხოვრები ადამიანი ამ სიმცდარის მწარე შედეგს მალე საკუთარ თავზე გამოცდის. ხშირად ნანობს კიდეც, მაგრამ ზოგჯერ სინანული გვიანია. მისი ოჯახური ცხოვრება მეტად მძიმე შედეგით მთავრდება. თავად ეს შედეგია იმის მაჩვენებელი, რომ ამგვარი ცხოვრება და აზროვნება მანკიერია. თანამედროვეებში მამაკაცი რის უფლებასაც საკუთარ თავს აძლევს, იმას ქალს ვერ პატიობს. მისი შეხედულებით, ქალის მრუშობა მიუღებელია, რადგან იგი ოჯახის სინდისია. თუ მამაკაცი ამგვარად უდგება საკითხს, მაშინ ისიც უნდა იცოდეს, რომ ზნეობრივი სიწმინდე ქრისტიანობის მონაპოვარია და იგივე ქრისტიანობა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს მამაკაცს. მეუღლეობრივი ღალატი ღვთის მსგავსად შექმნილი ადამიანის ღირსების შელახვაა და ღვთისგან განდგომად ითვლება. როცა მამაკაცი თავად ერთგულებისა და ზნეობის ეტალონია, მისი მეუღლეც, შესაბამისად, ღირსეული ცხოვრებით ცხოვრობს. მას მორალური უფლება უნდა ჰქონდეს იმისა, რომ სხვას მოსთხოვოს პატიოსნება. ხშირად ისევ ქალი იჩენს მეტ ღირსებას და დიდ შეურაცხყოფას იმავეთი არ პასუხობს.
სამაგიეროს გადახდა - საპასუხო ღალატი მეტად ამძიმებს მდგომარეობას, გარემოს, რაც შეკრულ წრეში აგდებს ქვეყანას და მისი ზნეობრივი შეგნება უკან-უკან მიდის.
- ქართულ ოჯახთა უმრავლესობა გარეგნულად ინარჩუნებს არსებობას, მაგრამ ფაქტობრივად, შიგნიდან დანგრეულია. მამაკაცი მრუშობს, ცოლი კი აბორტს იკეთებს. ასეთ ოჯახში ბავშვები არაჯანსაღი ატმოსფეროთი სუნთქავენ და არაჯანსაღ პიროვნებებად ყალიბდებიან... რას იტყვით ამაზე და ზოგადად, რამდენად აისახება ეს უკეთურება ჩვენი ქვეყნის მომავალზე?
- მეუღლეებს შორის უპატივცემულობა და უსიყვარულობა, გაუცხოება, თავ-თავიანთი ცხოვრებით ცხოვრება ბავშვებს სულსა და გულს უცივებს. ოჯახის დანგრევა მოზარდზე ყველაზე მძაფრად აისახება. მას გარემოსადმი აგრესია უჩნდება და თავის თავში იკეტება. მის მდგომარეობას უფრო ამძიმებს გადაცემები და ფილმები, სადაც ოჯახური ცხოვრება მარტოოდენ ბიოლოგიური ურთიერთობაა. ადამიანთან დაშორება და სხვასთან ურთიერთობის გაბმა ისე ადვილად ხდება, თითქოს არაფერი იყოს დასაძრახი ამგვარ ცხოვრებაში.
როცა ოჯახში ღირსებით ყველა თავის სიმაღლეზე დგას, მაშინ მომავალი თაობაც ჯანსაღი იზრდება, რაც მრავალმხრივ განაპირობებს ქვეყნის, ერის ძლიერებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარეგნულად შენარჩუნებულ, მაგრამ ფაქტობრივად დანგრეულ თუ განქორწინებულ ოჯახებში ეგოცენტრული, საკუთარ "მე"-ზე დამოკიდებული თაობა იზრდება, რაც სამომავლოდ უთვალავ დაუნდობლობას შობს. ამ თაობის მდგომარეობიდან გამოყვანას დიდი სიყვარული სჭირდება.
- ბოლო პერიოდში დავინახეთ, რომ ქვეყანაში არსებული მატერიალური სიდუხჭირის გამო ოჯახებს გაუჭირდათ. ოჯახის ტვირთი, თუნდაც მატერიალური თვალსაზრისით, ძირითადად ქალებმა იტვირთეს. ქალები უფრო აღმოჩნდნენ სათანადო სიმაღლეზე, რომ პრობლემისათვის თვალი გაესწორებინათ.
- როცა ახალი ოჯახი იქმნება, რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას იკისრებს მამაკაცი, მით უფრო ღირსეულია იგი. ეს თავისთავად განიცდება ადამიანში. ოჯახზე ზრუნვა ბუნებრივად მოითხოვს საკუთარი თავისთვის ბევრ რამეზე უარის თქმას - მეუღლისა და შვილების, მათი ოჯახური ბედნიერების სანაცვლოდ. ყოველთვის ისე არ ხდება, სამწუხაროდ, რომ ადამიანმა თავისი საყვარელი საქმიანობით, საკუთარი გონებრივი პოტენციალით არჩინოს ოჯახი, ყოველთვის არ ხდება მისი შესაძლებლობისა და ცოდნის რეალიზება... ასეთ შემთხვევაში მან ღვთის შეწევნით უნდა გამონახოს გზა, რათა პასუხისმგებლობა ოჯახზე ბოლომდე იტვირთოს. ხშირად პატივმოყვარეობის გამო, რასაც გარემოც ემატება, მამაკაცი ბევრ შემოთავაზებას თაკილობს. არადა შრომა არასოდეს ლახავს ადამიანის ღირსებას. პირიქით, როცა უარს ამბობ ისეთ სამუშაოზე, რაც თითქოს შენი ღირსების შემლახავია, სწორედ ამ დროს კნინდები, ხდები უსუსური, საკუთარ ოჯახს ლუკმას უკარგავ და არ ძალგიძს, რეალობას თვალი გაუსწორო. სწორად ბრძანეთ, ამ შემთხვევაშიც ქალი უფრო მეტად აღმოჩნდა თავის სიმაღლეზე და მამაკაცის პასუხისმგებლობა თავის თავზე იტვირთა. ეს კიდევ უფრო მძიმე შემთხვევაა.
- ქართველი კაცი მეომრად იზრდებოდა. მწერალი ოთარ ჭილაძე წერს: "მტერმა ამოხსნა ქართველი ერის გადარჩენის საიდუმლო. ჩვენ კი დავივიწყეთ. ქართველ კაცს წაართვეს თავის დაცვის იარაღი". დღეს ვხედავთ, რომ ქართველ კაცს, სამწუხაროდ, ძველებურად აღარ შეუძლია საკუთარი ღირსების დაცვა...
- თანამედროვე საქართველოში, როგორც, ზოგადად, მსოფლიოში, ადამიანის ცნობიერება მიმართულია ცხოვრებისეული კომფორტის მოწყობისა და მისით ტკბობისაკენ. ეს მის შეგნებას სრულად ავლენს. ასეთისთვის, ზოგადად, სიკეთე მხოლოდ მიწიერი კეთილდღეობით შემოიფარგლება, მისთვის ყველაფერი აქაა, ამ ყოფიერებაში და საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ სხვისთვის ნაბიჯს არ გადადგამს. ეს არცაა საკვირველი, თუ მისთვის ფასეული აქ, ამ სოფელშია, იგი არაფრით არ დათმობს საკუთარ სიცოცხლეს, განცხრომას არც ოჯახისთვის და არც სამშობლოსთვის. მეომარი სული მათში მკვდარია. ეროვნული ღირებულებები მათთვის ძალიან უცხო და ხშირად ღიმილის მომგვრელია.
შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ თაობების ისეთი შეგნებით აღზრდაა, რომელსაც ქრისტიანობა გვასწავლის - სიყვარული ღვთისა და ადამიანისა. სიყვარული ადამიანის მიმართ თავის თავში მოიცავს სიყვარულს ოჯახის, ქვეყნისა და კაცობრიობისადმი. არსებული მანკიერი ცნობიერება ჯანსაღი, ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული აზროვნებით უნდა შეიცვალოს - მხოლოდ ეს არის გამოსავალი.
- "არც ერთი ვნება ისე საძულველი არაა, როგორც ამპარტავნება და არც ერთი არ იმსახურებს იმდენ დაცინვას, როგორც ვერცხლისმოყვარეობა", - წერდა წმინდა პეტრე დამასკელი. რამდენად მნიშვნელოვანია ამის გაცნობიერება?
- ვერცხლისმოყვარე ადამიანი ყველაზე უსამართლოა. მას არაფერი მოუტანია თან დაბადებისას და იმდენს ზრუნავს მიწიერ საუნჯეზე, თითქოს ყველაფერს თან წაიღებს აღსასრულისას.
ყველა ცოდვის დასაწყისი ამპარტავნებაა, ხოლო ყველა ბოროტების ფესვი - ვერცხლისმოყვარეობა. პირველი - ადამიანს ღმერთს აშორებს, მეორე კი ცხოველებთან აახლოებს.
ვერცხლისმოყვარე ღვთისაგან განდგომილია, რადგან ვერცხლისმოყვარეობა კერპთაყვანისმცემლობაა.
ოქროზე მოფიქრალ ადამიანს არ შეუძლია ისწრაფოს ცისკენ და სურდეს მარადიული, უხრწნელი საუნჯე. მისი გული ისეა ჩაკეტილი სიმდიდრეში, როგორც ლოკოკინა - ნიჟარაში, რომელსაც არც სურვილი აქვს და არც შესაძლებლობა, მოსცილდეს მას. შეუძლებელია ერთად გიყვარდეს ვერცხლიც და სულიც, - წერს წმინდა იოანე ოქროპირი.
მაცხოვრის მცნება მოუხვეჭელობის შესახებ: "ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან" (მათე 6, 19), - არა მხოლოდ მდიდრებს შეეხება, არამედ ღარიბებსაც, რადგან ღარიბ-ღატაკიც შეიძლება თავის ერთადერთ ლარს ისე იყოს მიჯაჭვული, როგორც მდიდარი - ათასს.
ვერცხლისმოყვარეობის ცოდვის თავისებურება ის არის, რომ ამ ცოდვით შეპყრობილი ადამიანი რაც მეტს პოულობს, მეტს ეძებს. ბერი პაისი ათონელი წერს: "ვინც მატერიალურ სიმდიდრეს ფლობს, მუდამ დარდიანი და შეწუხებულია, ან ქონებას დაჰკანკალებს, არავინ წამართვასო, ან სული არ წამართვანო. ასეა ძუნწი კაცი, რომელსაც სტკივა მაგრად მოკუმშული ხელი; მან თავისი გულიც მოკუმშა და ქვად აქცია. იმისთვის, რომ განიკურნოს, მას ტანჯული ადამიანი უნდა შეხვდეს და შინაგანად შეძრას. მაშინ იძულებული გახდება, თავისი მოკუმშული ხელი ნელ-ნელა გაშალოს, ქვადქცეული გულიც მოლბება და ადამიანის გულად იქცევა, და მისთვისაც გაიხსნება სამოთხის კარი".