ღვთის ნებით, ქალი და მამაკაცი ყოველთვის თანასწორნი იყვნენ. უბრალოდ, მათ თავ-თავისი საქმე აქვთ და ერთმანეთს ავსებენ.
ქალი პასუხისმგებელია არა მხოლოდ კაცობრიობის ფიზიკურ გამრავლებაზე, არამედ მის სულიერ აღზრდაზე. ამ უდიდესი მისიის შესასრულებლად ქალს დიდი დედობრივი სიყვარული, მიმტევებლობა, სიბრძნე, შინაგანი ძალა, სულიერი და ზნეობრივი სიმაღლე სჭირდება. სწორედ ესაა მისი ჯვარი, რომელიც შექმნისთანავე ებოძა. საკითხავია, ღირსეულად ვატარებთ კი ქალები ამ ჯვარს?!
წმინდა წერილში ვკითხულობ: "შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს" (დაბ. 1,27-28). წმინდა მამები განმარტავენ, რომ ღვთის ხატების თვალსაზრისით მამაკაცი და დედაკაცი არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. უფალი ზოგადკაცური ბუნების გამომხატველია. ადამიანის ჰიპოსტასური გაყოფა გარკვეულ მიზანს ემსახურება და ეს მიზანი, პირველ ყოვლისა, გამრავლებაა.
მართალია, სარწმუნოება და სჯული ორივე სქესს ერთი გვაქვს, მაგრამ ზნეობრივი სწავლა-დარიგებანი ქალებისთვის განსხვავებულია, რადგანაც სხვაა მათი მოვალეობა და დანიშნულება.
მიუხედავად იმისა, რომ ქალის მთავარი დანიშნულება დედობაა, მართლმადიდებლობაში არსებობს მეორე გზაც - მონაზვნობა, რომელიც ქორწინებაზე აღმატებულია. მართლმადიდებლობის თანახმად, ყველას როდი ძალუძს ქორწინება. უფალმა მოწაფეებს უთხრა: "არიან საჭურისნი, რომელნიც დედის საშოდანვე ასე იშვნენ, არიან საჭურისნი, რომელთაც თავად დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლის გულისათვის. ვისაც წვდომის თავი აქვს, ჩასწვდეს" (მთ. 19,12).
ქალწულად ცხოვრების გატარება მძიმე საქმეა და ყველას არ შეუძლია ამ სიმძიმის სამარის კარამდე მიტანა, შეუძლია მხოლოდ იმას, ვისაც ღვთისგან აქვს მოცემული ასეთი ნიჭი. ამის შესახებ თვით მაცხოვარი ბრძანებს: "ყველა ვერ დაიტევს ამ სიტყვას, არამედ ვისაც მოცემული აქვს" (მთ. 19,11).
გავნაგრძოთ საუბარი ქორწინებასა და ოჯახზე, სადაც ქალს თავისი მოვალეობანი და შესაბამისად ჯვარიც აქვს. საამისოდ კვლავ შესაქმეს და პირველ უჯახს უნდა დავუბრუნდეთ. როდესაც უფალმა ჩვენი წინაპარი, ადამი შექმნა, ბრძანა: "არა კეთილ არს ადამის მარტოდ ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს" (დაბ. 2,18). წმინდა იოანე ოქროპირი მიიჩნევს, უფლისEეს სიტყვები არ ნიშნავს იმას, რომ მის ქმნილებას, ადამს სრულყოფილება აკლია, ეს მინიშნებაა იმ ფაქტზე, რომ მარტოკაცისთვის დამქანცველია სოფელი. ღვთისგან ბოძებულმა ცოლმა, თავისი ცოცხალი მონაწილეობითა და სიყვარულით უნდა სრულყოს ადამის ნეტარება. დედაკაცის ამ მოწოდებას შეესაბამება ის მდგომარეობა, რომელიც თავად ღმერთმა განუსაზღვრა მას. ეს მდგომარეობა არ ამდაბლებს ქალის ღირსებას, იგი არ არის მამაკაცთან შედარებით დაბალ საფეხურზე მყოფი არსება, ვინაიდან დედაკაცი არა მარტო თანაშემწეა მისი, არამედ მსგავსიც და, გამომდინარე აქედან, მხოლოდ თანასწორობა განაპირობებს მამაკაცისთვის იმ შემწეობას, რომელსაც იგი საჭიროებს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დედაკაცისთვის განსაზღვრული ადგილი მამაკაცისაზე დამოკიდებულია: ცოლი ქმრის მერე და ქმრისთვის შეიქმნა. თუმცა იგი, როგორც პიროვნება, თანასწორია ქმრისა - მისი სისხლთაგანი და მისი ხორცთაგანი, და ისე მჭიდროდ არის მასთან დაკავშირებული, რომ თუ ქმარი დაამდაბლებს - თავსაც დაიმდაბლებს.
ევა შეიქმნა ადამის შემწედ. ეს არის საფუძველი ქალის დანიშნულებისა და მოვალეობისა.
ხშირად სვამენ კითხვას: რატომ ქმნის უფალი ევას ადამის ნეკნისგან? წმინდა წერილის სხვა ადგილებში მოცემულია ამ კითხვაზე ერთგვარი პასუხი, გახსნილია ამ მოვლენის ღრმა მნიშვნელობა - სწორედ ქმრისა და ცოლის ერთიანობის ფაქტი, აქედან კი მთელი კაცობრიობისა, მათი ორმხრივი ლტოლვის საფუძველი და ურთიერთობის საჭიროება. პავლე მოციქული წერს: "კაცი კი არ შეიქმნა ქალისათვის, არამედ ქალი კაცისათვის... თუმცა არც კაცია ქალის გარეშე და არც ქალი - კაცის გარეშე" (I კორ. 11,9;11). როგორც ეკლესიის წმინდა მამები განმარტავენ, ღმერთმა ევა, პირველი ცოლი, შექმნა ადამის ნეკნისგან, რათა ბუნების ერთობიდან გამომდინარე ეგრძნოთ უფრო დიდი სიყვარული ერთმანეთისა და ეცხოვრათ ერთიანი, განუყოფელი ცხოვრებით.
საინტერესო ის არის, რომ ადამის ცოდვით დაცემა უსახელო ცოლისგან მოხდა. ბიბლიის თანახმად, ედემში მხოლოდ მამაკაცს ჰქონდა სახელი - ადამი, ქალმა კი სახელი პირველი მშობიარობის შემდეგ მიიღო, როცა პირველი შვილი მისცა ადამს და ქმარმა უწოდა მას ევა, რაც სიცოცხლეს ნიშნავს, რამეთუ ევა გახდა ყოველი ადამიანის პირველდედა. წმინდა ფილარეტი ასეთ კითხვას სვამს: "უცნაური არ არის, რომ სახელი "სიცოცხლე" (ევა) მიეცა მას", რომელიც სიკვდილის მიზეზი გახდა?" (აქ იგულისხმება ევას მიერ ქმრის ცდუნება, ცოდვით დაცემა, რასაც ამქვეყნიური სიკვდილის შემოსვლა მოჰყვა) და იქვე პასუხსაც იძლევა: "ცოლისთვის ევას (სიცოცხლის) დარქმევით ადამი ღვთისმშობელზე წინასწარმეტყველებს, რომელიც გახდებოდა ჭეშმარიტი სიცოცხლის დედა და გამოასწორებდა ევას შეცდომას..." ხშირად, როდესაც სურთ, დააკნინონ ქალი ქრისტიანობაში, მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ სწორედ მისი გზით შემოვიდა პირველად ცოდვა, ანუ პირველად მან შესცოდა. ამის შესახებ IV საუკუნის საეკლესიო მამა და ღვთისმეტყველი ათანასე ალექსანდრიელი თავის თხზულებაში "განკაცებისათვის უფლისა" აღნიშნავს, რომ თუკი ქალისგან (ევასგან) შემოვიდა ცოდვა და დაეცა კაცობრიობა, ასევე ქალისგან - მარადქალწული მარიამისგან იშვა მაცხოვარი, კაცობრიობის მხსნელი.
ამრიგად, უფალმა ქალის შექმნისთანავე დაადგინა მისი მისია ქორწინებაში: მამაკაცის შემწეობა, შთამომავლობის მიცემა და ყოფნა ქმართან ერთ სულ და ერთ ხორც" (სწორედ ქალისა და მამაკაცის "ერთსულ და ერთხორც" შეერთება წარმოადგენს მართლმადიდებლური ქორწინების საიდუმლო არსს).
ქალისთვის შვილების სწორ აღზრდაზე საპატიო და დასაფასებელი მოვალეობა არ არსებობს. ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმე მშობლობაა, მაგრამ დედაშვილობა მაინც სხვაა. კაცს ეს საწყენად არ უნდა დარჩეს. პირიქით, ამის გამო ქალის პატივისცემა მართებს, რადგან ყველანი დედის ნაშობნი ვართ. მართალია, ბავშვს ნორმალური აღზრდისთვის ორივე მშობელი სჭირდება, მაგრამ ისიც ფაქტია, უქმროდ დარჩენილ დედაკაცს მარტოს შეუძლია აღზარდოს შვილები, მამაკაცისთვის კი ეს შეუძლებელია. თუმცა ეს ნაკლი როდია, უბრალოდ ბუნების კანონია. დედაა სიცოცხლის მატარებელი, მშობელი და, შესაბამისად, გამზრდელიც. დედა ასწავლის შვილს პირველ ლოცვას, უკითხავს მას პირველ ლექსს, უამბობს პირველ ზღაპარს. დედა შვილით ცხოვრობს, შვილით სუნთქავს, სხეულით გრძნობს, როცა მას საფრთხე ემუქრება; როცა შვილი განსაცდელშია, იგი ნათელმხილველი ხდება, მისი ლოცვა სასწაულმოქმედ ძალას იძენს. წმინდა მამები ამბობენ, რომ დედის ლოცვას შეუძლია ჯოჯოხეთიდან ამოიყვანოს შვილის სული. სამწუხაროდ, დღეს დედებმა შვილების აღზრდა ძირითადად ბებიებსა და ძიძებს გადავაბარეთ. ბავშვი დედის მაგივრად სხვის სახეს ხედავს დაძინებისას და გაღვიძებისას, სხვისი ხმა ესმის, სხვა აჭმევს, უცვლის, ბანს; სხვა არის პირველი კბილის ამოსვლის მოწმე, პირველი ნაბიჯისა, პირველი სიტყვისა; სხვის მაგალითზე სწავლობს ცხოვრებას, სხვის თვალწინ უყალიბდება ხასიათი, ინტერესები; სხვა არის მისი წუხილისა და სიხარულის მოწმე. სამწუხაროდ, ეს სხვაც ხშირად შემთხვევითი, დროებითი ადამიანია. ბავშვმა არ იცის, ვის მიეკედლოს და მიუსაფრობის გრძნობა უჩნდება. ძალაუნებურად აღარც მშობლებს აქვთ მძაფრი გრძნობა შვილების მიმართ. მართალია, მშობლებსა და შვილებს შორის ბიოლოგიური სიყვარული და მიზიდულობა მაშინაც არსებობს, როცა რაიმე მიზეზის გამო ერთმანეთს მოწყვეტილნი არიან, მაგრამ როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სიყვარული გაწეული ამაგითაც განისაზღვრება. შეიძლება, ბევრი შემეკამათოს და არცთუ უსაფუძვლოდ, იქნებ გადავაჭარბე კიდეც, მაგრამ მაინც მგონია, რომ უმჯობესია, შვილი გარკვეულ ასაკამდე მშობელმა დედამ გაზარდოს. პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ამაზე დიდი სიამოვნება ამქვეყნად არ არსებობს.
ჩვენს სულიერად დაზიანებულ დროში დედის მიერ შვილის სწორად აღზრდა ჭეშმარიტად ქრისტიანული ღვაწლია, ხოლო ამ გზაზე გადასალახი სიძნელეები ის მაცხოვნებელი ჯვარია, რომლითაც გამოისყიდება დედის პირადი ცოდვები. შვილი უფლის საჩუქარია, არა მარტო სიხარულის თვალსაზრისით, არამედ ჭმუნვისაც. ეს წყალობა ყოველვის აღემატება ჩვენს დამსახურებებს და უფლის მადლმოსილების ნაყოფია. დამეთანხმებით, ძნელია, გაიზიარო ასეთი შეხედულება, განსაკუთრებით მაშინ, თუ დედა ხარ და შვილის აღზრდისას პრობლემებს ეჯახები. ამიტომ იმის გასაცნობიერებლად, რომ შვილის ცოდვები ჩვენი, მშობლების, ცოდვებისა და სისუსტეების ანარეკლია, აუცილებელია განსჯის განსაკუთრებული უნარი, თავმდაბლობა და მორჩილება. დედის ჯვარი ხშირად ისიცაა, რომ აღზრდის შედეგი ყოველვის არ შეესაბამება მის ძალისხმევას.
თავი ცოლისა და საერთოდ ოჯახის - მამაკაცია. ამის შესახებ პავლე მოციქული წერს: "ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენ ქმრებს, როგორც უფალს, ვინაიდან ქმარია ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა და თვითვეა სხეულის მხსნელი. მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს ყველაფერში" (ეფეს. 5,22-24). "ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც ჯერ-არს უფალში" (კოლას. 3,18).
ხანდახან ქალები პროტესტს გამოთქვამენ, როგორ შეიძლება უვარგისი კაცი ოჯახის მეთაური იყოსო, მაგრამ როგორც ეკლესიის მამები განმარტავენ, ეს საღვთო კანონია, სულიწმინდის მიერ ნაკარნახევი. თუ ქალი ამ კანონს ვერ იღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ან არ იცნობს საღვთო წერილს, ან არ სწამს მისი, ან თუ სწამს, მცირედ მორწმუნეა. როცა საღვთო წერილი გვასწავლის, რომ მამაკაცი თავია ცოლისა, ჩემი აზრით, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ქალი ოჯახში დამცირებული უნდა იყოს. რადგანაც ოჯახი ერთი სხეულია, დაუშვებელია, მას ორი თავი ჰქონდეს. თუ ექნება, კონფლიქტი მათ შორის გარდაუვალია. მშვიდობისა და წესრიგის დამყარებისთვის აუცილებელია უფროს-უმცროსობა. ამიტომ ღვთის კანონი იმის შესახებ, რომ მამაკაცი ოჯახის თავია, აუცილებლად უნდა მივიღოთ, მაშინაც კი, როცა მამაკაცი ფიზიკურად ან სულიერად სუსტია. ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, თუ ქალი მორწმუნე და ჭკვიანია, აუცილებლად ეცდება, მეუღლის ავტორიტეტი ასწიოს და იგი საკუთარ თავზე მაღლა დააყენოს.
ამგვარად, მართლმადიდებლობაში ცოლებს ევალებათ ქმრების მორჩილება, მაგრამ ეს სულაც არ აკნინებს ქალს, რადგან მისი მორჩილება შედარებულია ქრისტესადმი ეკლესიის მორჩილებასთან. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალი დაჯილდოებულია თავისი მისიის განსაკურებული ერგულების უნარით; ის შეიმეცნებს თავს დედობის პირველსაწყისიდან წარმომდინარე წყაროდ ცხოვრებისა. მას ვერ დაიმონებ, ვერ დაამცირებ, რადგან თანდაყოლილი სიმდაბლე აქვს მომადლებული. მისი მორჩილება ნებაყოფლობითია, მისი თავისუფალი ნების გამოხატულებაა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი