უფლის წყალობა მორჩილებით, სიყვარულით, თავმდაბლობით უნდა მოვიხვეჭოთ
პავლე მოციქულის ეპისტოლეებში ვკითხულობთ: "იყავით ერთურთის მიმართ კეთილნი, თანამლმობელნი და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა ქრისტეში მოგიტევათ თქვენ" (ეფეს. 4,32).
"მოწყალება და თანაგრძნობა უდიდესი ძალაა ცხოვრებაში. ის ბოროტება, რომელიც მოაქვს გესლიან ლაპარაკს, გულგრილობას მოყვასის მიმართ, სხვის გრძნობათა არგაგებას, ეჭვიანობას - ყოველივე ეს ნელდება და იფარება მხოლოდ კეთილი სწრაფვით, მარტოოდენ სიყვარულის გამოვლენით. ხოლო იქ, სადაც ვერ პოულობს სიკეთეს, დასტირის ბოროტებას და ცდილობს მის გამოსწორებას, ნაცვლად იმისა, რომ განიკითხოს. ჩვენი საუკეთესო გრძნობების სიჭარბე ცოცხალ ჭავლად იფრქვევა მოყვასზე. გვიყვარს რა ისინი, საკუთარ თავს მათ ადგილას ვაყენებთ და ისე ვექცევით, როგორც ვისურვებდით, ჩვენ მოგვქცეოდნენ. ჩვენ საკუთარივით გვტკივა მათი წუხილი და ნაკლულოვანებები.""მამაო, შეუნდევ, რამეთუ არ იციან, რას იქმან", - ღაღადებდა ჯვარცმული მაცხოვარი და უფალს იმ ადამიანთა შენდობასა და შეწყალებას სთხოვდა, რომელთაც ის ჯვარზე გააკრეს. ქრისტეს ეს საქციელი მორწმუნეებისთვის მიტევების საოცარი მაგალითია. პატიების უნარი ბევრჯერ გვჭირდება ცხოვრებაში. ამ თემაზე გვესაუბრება ჯვარისმამის სახელობის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი თავმას ჩოხელი.
- მამაო, როგორ დაიწერა 50-ე ფსალმუნი?
- მეფეთა წიგნი მოგვითხრბს, რომ ერთ საღამოს ბანზე მოსეირნე დავით წინასწარმეტყველმა დაინახა მშვენიერი ქალი და გაგზავნა კაცი მისი ვინაობის გასაგებად. გაიგო, რომ ის იყო ბერსაბე, ურია ხეთელის ცოლი. ურია ხეთელი მაშინ ომში იყო. დავითმა მისწერა იოაბ მხედართმთავარს, რომ ურია საშიშ ადგილზე დაეყენებინა, რათა მოეკლათ იგი. ასეც მოხდა, დავითმა კი მისი ცოლი - ბერსაბე შეირთო ცოლად. ამის შემდეგ ბერსაბე დაორსულდა. დიდი ცოდვა რომ ჩაიდინა, ამას დავითი ჯერ კიდევ ვერ გრძნობდა. მაშინ ღმერთმა გამოუგზავნა მას ნათან წინასწარმეტყველი, რომელმაც უთხრა: "ერთ ქალაქში ცხოვრობდნენ მდიდარი და ღარიბი კაცი, მდიდარს სტუმარი ეწვია; თუმცა მას ბევრი ცხვარი და სხვა ცხოველიც ჰყავდა, მაინც დაენანა თავისი ცხვრის დაკვლა და ღარიბს წაართვა ერთადერთი კრავი, რომელიც ძლიერ უყვარდა, მასთან სვამდა და ჭამდა, დაკლა ის და მიართვა სტუმარს". დავითმა მრისხანედ უთხრა: "ღმერთს ვფიცავ, ის კაცი სიკვდილის ღირსია და კრავის მაგიერ შვიდი წილი უნდა გადაუხადოს". ნათანმა უთხრა: "ეს კაცი შენა ხარ, შენ მოკალი ურია ხეთელი და მისი ცოლი მოიყვანე ცოლად. აჰა, მე აღვადგინო შენზე ბოროტი სახლისაგან შენისა, - იტყვის უფალი". დავითმა იგრძნო სინანული და უთხრა ნათანს: "ვსცოდე უფლისა მიმართ". ნათანმა უპასუხა: "უფალმა აღიღო ცოდვა შენი შენგან, არ მოკვდე; ხოლო ძე შენი, რომელი იშვა მისგან, მოკვდეს". ნათანი განეშორა. ბერსაბეს ეყოლა შვილი, რომელიც დასნეულდა და მოკვდა. დავითმა შეინანა თავისი ცოდვა და მწარე ცრემლით სთხოვდა ღმერთს ცოდვათა მიტევებას. სწორედ ეს სინანული გამოხატა მან ორმოცდამეათე ფსალმუნში, რომელიც იწყება სიტყვებით: "მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცე უსჯულოება ჩემი". ღმერთმა მიუტევა მას შეცოდება და ამის შემდეგ ბერსაბეს შეეძინა მეორე ძე, სოლომონი. ნათან წინასწარმეტყველმა მას "ღვთისაგან შეყვარებული" უწოდა.
- რამდენად მოწყალეა უფალი?
- კაცის ენა ვერ აღწერს, თუ როგორი მოწყალეა უფალი, ამას ჩვენი დაბნელებული გონებით ბოლომდე ვერც ვხვდებით. უფალი მოწყალეა - მან არარაობიდან ყოფნაში მოგვიყვანა, არაფრისაგან შეგვქმნა და ვართ მყოფადობაში. ღმერთს არ სჭირდებოდა ადამიანის შექმნა - უმისოდაც ღმერთი იყო. მან თავისი სიყვარულით, ქველმოქმედებით და მოწყალებით შექმნა ადამიანი, არა უბრალოდ, არამედ თავის "ხატად და მსგავსად" და გვირგვინად ყოველივე ქმნილებისა.
უფალმა უბრალოდ კი არ მოგვავლინა ამ ქვეყანაზე, არამედ დაგვადგინა სამოთხეში, სადაც ადამიანი იყო სრულ ნეტარებაში და ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდა ღმერთთან. სამწუხაროდ, ადამიანმა ეს მოწყალება ვერ შეიფერა და ცოდვით დაეცა. უფლის განუზომელ მოწყალებაზე ისიც მეტყველებს, რომ როდესაც ადამი დაეცა, ღმერთმა ის მაშინვე კი არ გამოაგდო სამოთხიდან, არამედ მისცა საშუალება, შეენანებინა, ეღიარებინა შეცოდება. თუმცა მან ეს არ გააკეთა. ღვთის მოწყალებით გაჩენილმა ადამიანმა ამპარტავნება გამოავლინა და სინანულის მაგიერ უფალს დასდო ბრალი: "შენ რომ ცოლი მომიყვანე, იმან მაცდუნაო". შეიძლება ითქვას, რომ ადამმა და ევამ შეუნანებლობითა და უმადურობით უფლის მოწყალების მიმართ თვითონვე გამოიძევეს თავი სამოთხიდან.
უფალმა თავისი მოწყალება სამოთხიდან გამოდევნის შემდეგაც კი არ მოაკლო ადამსა და მის შთამომავლებს, შემოქმედმა თავისი სიყვარულითა და მოწყალებით დაცემისთანავე განაგო კაცობრიობის ხსნა. სამოთხეშივე აღუთქვა ადამს, რომ მოვიდოდა ძე კაცისა და გამოიხსნიდა...
ასეთი მოწყალება უფლისა დღემდე მოდის ჩვენზე, მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობა თანდათან უფრო შორდება ღმერთს. ფსალმუნში ვკითხულობთ: "უფალო, შენ მხადი და მე გელტვი", რაც ნიშნავს: ღმერთო, შენ მომიწოდებ, მე კი გაგირბივარ... მართლაც, უფალი ყოველდღე გვწყალობს, გვანუგეშებს, გვაპურებს... ყოველდღე შინ მშვიდობით რომ ვბრუნდებით, ანდა დილას სარეცლიდან რომ ვდგებით, კიდევ ერთი დღე რომ გვითენდება, ეს დიდი წყალობაა უფლისა, რომელიც გვიცავს და გვიფარავს.
წმინდა ევქარისტიაც ხომ განუზომელი წყალობაა ღვთისა - გვაზიარებს თავის სისხლსა და ხორცს. სახარებაში ვკითხულობთ: ვინ უნდა იყოს ისეთი მამა, რომ შვილმა თევზი სთხოვოს და გველი მიაწოდოს, ანდა პური სთხოვოს და ქვა მისცესო. თუკი მიწიერი მამა ამდენად მოწყალეა შვილისადმი, რამდენად უფრო მოწყალეა მამა თქვენი ზეციური, რომელიც ყველაფერს გაძლევთო...
- უფალი განკაცდა და ჩვენი ხსნისთვის ჯვარს ეცვა. ეს, ალბათ, მის მიერ გამოვლენილი ყველაზე დიდი წყალობა იყო კაცობრიობისთვის...
- მართლაც... ხანდახან რომ ვამბობთ, უღირსნი ვართო, ეს მართალია. თუმცა ეს არ ნიშნავს, თითქოს ადამიანს არავითარი ღირსება არ გააჩნდეს. ასე რომ იყოს, ღმერთი თავისი ძის სისხლს არ დაღვრიდა კაცობრიობისთვის. ეს ღირსებაა ღვთის ხატება და მსგავსება ადამიანში. ადამიანი ხომ ჭურჭელია სულიწმინდისა. ამ ჭურჭლისთვის უფალმა თავისი სისხლი დაღვარა, სიკვდილით სიკვდილი დათრგუნა და სამოთხის კარი გაგვიღო. განა ამაზე დიდი მოწყალება არსებობს კიდევ?!
- როგორ უნდა მოვიხვეჭოთ უფლის წყალობა?
- უფალს უნდა ჩვენი მოწყალება და სიკეთე, მაგრამ ჩვენც უნდა გვინდოდეს, მივიღოთ და დავიტიოთ იგი. ამისთვის მოგვცა მან თავისუფალი ნება. მაშინ იღებს ადამიანი ღვთის წყალობას, როდესაც მისი ნება და უფლის ნება ემთხვევა ერთმანეთს. ამას ეწოდება სინერგია.
უფლის წყალობა უნდა მოვიხვეჭოთ მისივე მორჩილებით, სიყვარულით, თავმდაბლობით... სამწუხაროდ, არც მორჩილება გვაქვს ისეთი, როგორიც საჭიროა, არც სიყვარული, არც თავმდაბლობა და არც სულიერი ლოცვა. ამიტომ წყალობის მოსახვეჭად ისევ წყალობა უნდა ვითხოვოთ უფლისგან. უფალი გვაძლევს იმას, რაც მასვე უნდა შევწიროთ.
- რატომ საჭიროებს ადამიანი მუდმივ წყალობას?
- იმიტომ, რომ ღვთის გარეშე ის არაფერია. მამამთავარი აბრაამი ამბობს, უფალო, მე მტვერი და ნაცარი ვარ შენიო. დავით მეფსალმუნე კი - "მე მატლ ვარ და არა კაც..." მაშ, ჩვენ, უბრალო ადამიანები, ვინღა ვყოფილვართ?! უფლის ყოველდღიური მოწყალების გარეშე ადამიანი არაფერია. ჩვენი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაც კი სულიწმინდის მადლით ხდება. მეცნიერულადაც თუ განვიხილავთ ადამიანის ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას, ეს ნამდვილი საოცრებაა და უთუოდ უფლის მადლით ხდება.
ბედნიერებაა, თუ ადამიანი ყოველ წუთას სთხოვს უფალს შეწყალებას. არსებობს განუწყვეტელი ლოცვითი მდგომარეობა, რომელიც დიდ მამებს ეძლეოდათ. ჩვენც რაც შეიძლება ხშირად უნდა ვითხოვოთ უფლის წყალობა. ნათქვამია, "წმინდა ადგილი ცარიელი არ არისო". ის ადგილი, სადაც ღმერთს არ ევედრება ადამიანი, ცარიელია. ცარიელ ადგილას კი ავტომატურად ბოროტი შემოდის. პირველი, რითაც ბოროტი ებრძვის ადამიანს, ესაა - დაანებებინოს თავი ლოცვას, შემდეგ - პირჯვრისწერას... ასე უკვე იარაღაყრილია ადამიანის სული. ამიტომ გამუდმებით უნდა ვილოცოთ და ვითხოვოთ უფლის წყალობა.
- მამაო, რამდენად მართებულია მეტისმეტი სასოების დამყარება უფალზე? ვგულისხმობ ცოდვილი ცხოვრების გაგრძელებას მხოლოდ ღვთის მოწყალების იმედით...
- ეს ბოროტის შთაგონებულია. ეშმაკი ჯერ გეუბნება: სცოდე, კაცო, უფალი ხომ ყოვლადმოწყალეა, ის ხომ მამაშენია და ყველაფერს გაპატიებსო... უფალი მართლაც შემწყნარებელი და მოწყალეა... ასე რომ, ეშმაკი ნახევარსიმართლით მოდის. შემდეგ, როდესაც ივსები ცოდვით, სხვას გეუბნება: აწი რაღა გეშველება... კი არის უფალი მოწყალე, მაგრამ ამდენს არ გაპატიებსო... უკვე სასოს წარგიკვეთს, რომ უფალს აღარ მიმართო. ასე იპყრობს ადამიანს ჩვენი მტერი.
- სამწუხაროდ, ადამიანი შეგნებულად სჩადის ზოგჯერ ცოდვას და თავს იმშვიდებს, აღსარებაში მოვინანიებო...
- ეს ძალიან ცუდი ზრახვაა. ადამიანი რომ სუსტია, უფალმა იცის და ხშირი სინანულის საშუალებაც იმიტომ გვაქვს მოცემული. მაგრამ როდესაც ადამიანი ამბობს, ახლა ვცოდავ და მერე მოვინანიებო, უმსგავსი კადნიერებაა უფლის წინაშე. უფალი ბრძანებს: "არ არის კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოსო". თუმცა მიდრეკილნი უნდა ვიყოთ არა ცოდვისკენ, არამედ ღვთის მადლისკენ. ადამიანი შეიძლება დაეცეს, მაგრამ ისე კი არა, რომ წამოდგომა ვეღარ შეძლოს. დაცემა კი არ არის ტრაგედია, არამედ წამოუდგომლობა.
- ხანდახან ადამიანი ვერ ხედავს ღვთის წყალობას და უმადურობას ავლენს...
- უმეტეს შემთხვევაში მართლაც ვერ ვხვდებით ღვთის წყალობას. უწმინდესი ხშირად ბრძანებს, როდესაც ადამიანს დილა გაუთენდება, მუხლი უნდა მოიყაროს და მადლობდეს უფალს, რომ კიდევ ერთი დღე გაუთენდაო... მართლაც, განა ეს არაა წყალობა? წყალობა არ არის, როცა უფალს საღამოს შინ მიჰყავხარ და ისევ მშვიდად გძინავს, როდესაც სიკვდილს და უბედურებას გადაურჩები... ეს ჩვენი დამსახურება გვგონია, სინამდვილეში კი ღვთის დიდი წყალობაა... არც ვფიქრობთ, რომ უფლის ანგელოზმა გადაგვარჩინა. უწმინდესი ხშირად იხსენებს ხოლმე შემთხვევას: ერთი ფსიქიკურად დაავადებული ქალი, როდესაც გონებაზე მოდიოდა, ამბობდა თურმე, - ნუთუ ღმერთს მადლობას არ სწირავთ იმისათვის, რომ საღ გონებაზე ხართო.
ქრისტე ჩვენს გადასარჩენად მოვიდა და ჯვარს ვაცვით. ამაზე დიდი უმადურობა შეიძლება?!
- ზოგიერთს ხშირად ეჩვენება, რომ უფალი სათანადოდ არ წყალობს, სხვებს კი "ანებივრებს"...
- წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე) ამბობს: "ზოგს ჰგონია, უბედურება და ბედნიერება თვალახვეული დადიან ქუჩაში და თუ ვინმე პირველს გადაეყარა, უბედურია, ხოლო თუ მეორეს - ბედნიერი". ეს აბსურდია. უფალი ანიჭებს ყველას ყველაფერს მისი ზომის შესაბამისად. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს უფლის ნება და უფლის დაშვება. ამიტომ ადამიანმა არასოდეს არ უნდა თქვას, ავად ვარ და უბედური ვარო, ან ღარიბი ვარ და უბედურიო... რამდენსაც აქ ილხენ და გალაღდები, იმქვეყნად უკვე აღარ იქნება ასე. აქ სასჯელიც კი დიდი წყალობაა უფლისა. ღმერთი ადამიანს ორჯერ არ სჯის: ან ისჯები აქ, ან იქ. ამიტომ აქ თუ გსჯის ღმერთი, უნდა მადლობდე ამისთვის. როდესაც ახალგაზრდა ან თუნდაც ჩვილი იღუპება, ამბობენ, ღმერთმა რატომ გაიმეტაო. იქნებ ღმერთმა მას უფრო დიდი განსაცდელი აარიდა. ანდა ხომ არაფერი დაუშავებია იმ 14000 ყრმას, რომლებიც, წმინდა წერილის თანახმად, ჰეროდემ ბეთლემში ამოხოცა?! ამ შემთხვევას წმინდა მამები ასე განმარტავენ: ის 14000 ყრმა რომ გაზრდილიყო და ჰეროდეს არ ამოეხოცა ქრისტეს გულისთვის, იდგებოდნენ სხვა ებრაელებთან ერთად იმ მოედანზე, სადაც ისმოდა ყვირილი: "ჯვარს აცვ ეგე!" უფალმა კი სასუფეველში შეიყვანა ისინი.
- მამაო, რამდენად მართებულია იმედის მხოლოდ ღვთის წყალობაზე დამყარება?
- ღირსი სერაფიმე საროველი წყალმანკით დაავადდა, მაგრამ ექიმი არ გაიკარა. ამბობდა, ჩემი მკურნალი დედა ღვთისმშობელიაო. ასეთი მინდობა უფლისადმი სხვა მდგომარეობაა სულისა. მართლაც, მივიდა მასთან ღვთისმშობელი, შეახო კვერთხი და განკურნა... დღეს ვინმემ ერში რომ თქვას, უნდა მივენდო უფალს, ის მომიტანს საჭმელსო, ცრუ მინდობაა უფალზე. თუ ადამიანმა არაფერი აკეთა, ღმერთი როგორ შეეწევა?! უფალმა მოგვცა კურთხევა: "შენი პირის ოფლით მოიპოვე პური შენიო". უფლის კურთხევას თუ ასრულებ, მაშინ ხარ მასზე ჭეშმარიტად მინდობილი.
- უფალი ბრძანებს: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ"...
- ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ მოწყალეებს ღმერთი შეწყალებას ჰპირდება. ესე იგი, ყველაფერი მოგვეგება იმისდა მიხედვით, როგორც მოვექცევით სხვას. წმინდა წერილში ნათქვამია, რომ მეორედ მოსვლის ჟამს იმ ადამიანებს, რომლებმაც მოწყალება უგულებელყვეს, უფალი ეტყვის: რატომ არ მომხედეთ, როცა მწყურვალი, მშიერი და სნეული ვიყავი? მას კი უპასუხებენ: როდის გნახეთ, უფალო, ასეთ მდგომარეობაში? რაზეც უფალი მიუგებს: "რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავით".
არსებობს სულიერი და ხორციელი მოწყალების სახეები; თუმცა ხორციელი მოწყალება სულიერი მოწყალების გარეშე შეუძლებელია.
წმინდა მამები წერენ, მონეტა, რომელიც ხელში გიჭირავს, უნდა გაგიოფლიანდეს, სანამ არ გაიგებ ჭეშმარიტად, ვის უნდა მისცეო. შეიძლება შენ აძლევ ფულს ადამიანს, რომელიც წავა, ამ ფულით ნარკოტიკს შეიძენს და შენც მისი ცოდვის თანაზიარი ხდები. როდესაც იცი, მართლა სჭირდება, მართლა მშიერია, მწყურვალია და მოწყალებას გაიღებ, ესაა ჭეშმარიტი მოწყალება.
მაინც, რით უნდა გავცეთ მოწყალება, ხშირად ჩვენ თვითონაც რომ არა გვაბადია? - იკითხავს ვინმე. მაგრამ არის ის, რის მიცემაც უკანასკნელ ღარიბსაც შეუძლია - თანაგრძნობა, კეთილი რჩევა და ლოცვა.
- მამაო, არსებობს მოწყალება სიყვარულის გარეშე?
- ჭეშმარიტი მოწყალება სიყვარულის გარეშე არ არსებობს. სამწუხაროდ, ყველა ვერ ხვდება ამას და მოწყალებას ამპარტავნებით სჩადის: გაიღებს მოწყალებას და მერე ეს ქვეყანას უნდა მოსდონ. უფალი ბრძანებს: "მარჯვენა ხელმაც კი არ უნდა იცოდეს, რას აკეთებს შენი მარცხენა ხელიო". თუ მოწყალებაზე პასუხს ელოდები, მაშინ ის მოწყალება აღარაა.
- ხშირად უფალი თავის საქმეებს ადამიანის ხელით აკეთებს, ამიტომ კაცის ხელით აღსრულებული მოწყალება უფლის წყალობად უნდა მივიღოთ?
- რა თქმა უნდა. რა შეუძლია ადამიანს უფლის გარეშე?! უფალი გვაძლევს მოწყალების საშუალებას, როგორც საჩუქარს. ანუ ის მისია, მაგრამ შენად გითვლის. უფალი არავის არაფერს აიძულებს, ეს მასაც უნდოდა. შემოქმედი ჩვენი ხელით აკეთებს თავის საქმეებს, მაგრამ ჩვენივე ნებით.
- მამაო, რა მნიშვნელობა აქვს ღვთის მიერ ადამიანთა ცოდვების მიტევებას და რა არის ცოდვათა შენდობის არსი?
- ღმერთი ქმნის სამყაროს და მის გვირგინს - ადამიანს - უდიდესი სიყვარულით. ეს სიყვარული მოიცავს განუზომელ წყალობასაც. წყალობა ჩანს ყველგან და ყველაფერში, რადგან ქმნილი თავისით არ იმსახურებს იმ დიდებულებას, როგორადაც შექმნილია. წყალობა ჩანს მაშინაც, როცა ვსაუბრობთ ადამიანზე, რადგანაც სამყაროს გვირგვინად შექმნა იგი უფალმა - ეს უდიდესი საბოძვარია. ვიმეორებ, წყალობა იყო ის, რომ ადამის დაცემის შემდეგ ადამიანმა სრულიად არ დაკარგა სასუფეველი, რომ უფალი ადამიანისთვის განხორციელდა და ჯვარს ეცვა ამ ქვეყანაზე. როგორც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, განართხა ხელი ჯვარზე და მთელი სამყარო გულში ჩაიკრა... იხსნა ადამიანი სიკვდილისაგან და ის მარადიულ სასუფეველში დაამკვიდრა. ღვთის მოწყალება ყველგან ჩანს, მაგრამ ის, რომ ჩვენ შეგვიძლია დაკარგული სამოთხე კვლავ შევიძინოთ, უფლის ბოძებულობათაგან ყველაზე დიდია. სასუფეველში ყოფნა კი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ცოდვებისგან განვიწმინდებით, რადგან სწორედ ცოდვის გამო დაკარგა ადამიანმა სამოთხე. სწორედ ამიტომ ცოდვათა მიტევებაც არის ყველაზე დიდი წყალობა, რომელსაც უფალი გვანიჭებს. ყველაზე მეტად ღვთის მოწყალებას ცოდვაში მყოფი ადამიანი გრძნობს. რამდენადაც ღრმაა განცდა საკუთარი ცოდვებისა, მით დიდია ადამიანის მიერ ღვთის სიყვარულის შეგრძნებაც. რაც უფრო დიდია დაცემულობა, მით უფრო დიდია მიტევებით მიღებული სიხარულის განცდა. როცა პიროვნება გრძნობს თავის დაცემულობას, უღირსებას, იმავდროულად ხედავს, რომ უფალი ამის გამო არათუ სჯის, არამედ, პირიქით, ანუგეშებს, დახმარების ხელს უწვდის - ცოდვებს მიუტევებს. ეს უდიდესი საიდუმლოა.
მართლაც, "არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს". წმინდა წერლი გვეუბნება - არ არსებობს უცოდველი კაცი. დაბადებიდან ყველა ადამის ცოდვით ვართ დაცემულნი ("ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან"), მაგრამ ეკლესია იმასაც გვასწავლის, რომ "არა არს ცოდვა მძლე ღვთის კაცთმოყვარებისა". რაც არ უნდა დაცემული იყოს ადამიანი, მისი ცოდვილობა ვერ გარდაემატება ღვთის მოწყალებას და სიყვარულს. მთავარი სინანულია. თუ ჩვენ ჭეშმარიტად დავინახავთ ჩვენს დაცემას, უფალი თავის მადლს მოგვანიჭებს და მიგვიტევებს. "ეძიებდეთ და ჰპოვოთ", - ამბობს მაცხოვარი. ვინც ეძებს ღმერთს, ის ყოველთვის პოულობს მას.
- ცოდვათა მიტევება აღსარების საიდუმლოთი ხდება, რადგან მღვდელი ამ დროს შენდობის ლოცვას კითხულობს. საიდან აქვს მღვდელს ეს უფლება მინიჭებული?
- სულთმოფენობით ანუ წმინდა სულის გარდამოსვლით მოციქულებზე უფალმა ეკლესია დააფუძნა, რათა მისი საშუალებით კაცი განწმენდილიყო და ღმერთს მიახლებოდა. უფალთან მიახლოება კი ცოდვათა მიტევების გარეშე წარმოუდგენელია. ამისთვის ქრისტემ ეკლესიას მისცა "შეკვრისა და გახსნის" უფლება. აქედან გამომდინარე, ეკლესია ცოდვათა მიტევებას სულიწმინდის ძალმოსილებით ახდენს. ეს მადლი მიეცათ მოციქულებს და მათ შემდგომ მათ მოწაფეებს, სწორედ ამის გამო ეძლევა მღვდელს უფლება, წაიკითხოს შენდობის ლოცვა. ამ დროს უხილავად სულიწმინდა მოქმედებს.
- ალბათ ცოდვათა მიტევება ჩვენს სულიერ მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული...
- წმინდა ილია მართალი ამბობს, ადამიანის სულიერება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დაუტოვებია ცოდვის საზღვარი და მიახლებია სიწმინდის საზღვარსო. მსგავსი შინაარსი შეიძლება ჩავდოთ აღსარების საიდუმლოშიც - რამდენადაც დიდია სინანული, იმდენად იწმინდება ადამიანიც და იმდენადვე მაღლდება ღმერთში.
სინანული - ეს არის შინაგანი სასამართლო ყოველგვარი შემოსაზღვრულობის გარეშე. ეს არის ყველაზე დიდი სასამართლო, რომელსაც ადამიანი თვითონ წარმართავს თავის თავში, წარდგება ღვთის წინაშე და ისამართლებს თავს. აქ მსაჯული ღმერთია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სულიწმინდის მადლით ხდება, რადგან ადამიანს თავისთავად არაფრის გაკეთება არ შეუძლია. ამგვარად, სულიწმინდის მადლმოსილებით ადამიანი ახდენს თავისი ცოდვების განსჯას, სულიწმინდის სამსჯავროზე ასამართლებს თავის თავს და სულიწმინდის ძალითვე ხდება მისი განწმენდა. აღსარების საიდუმლო გვეხმარება, მივეახლოთ უფალს სინანულით, სიყვარულით და ცოდვათა განცდით.