სჯობს, ეცადოთ იცხოვროთ ისე მართლად და პატიოსნად, რომ ფიცის გარეშეც სჯეროდეთ თქვენი
უფლის მესამე მცნება, რომელიც კაცობრიობას მოსე წინასწარმეტყველის მეშვეობით მიეცა, ასე ჟღერს: "არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა".
ამასთან დაკავშირებით ბერი გაბრიელი (ურგებაძე) წერს: "ღმერთი არის სიყვარული. არ შეიძლება მისი სახელის უმიზეზოდ ხსენება. მაგალითად, ჩვეულებრივ სხვადასხვა საკითხზე საუბრის დროს. მხოლოდ ლოცვისა და მეტად აუცილებელი მსჯელობისას უნდა გამოვთქვამდეთ მის სახელს, თანაც დიდი სასოებით. შენ რომ რამდენჯერმე დაგიძახონ სახელი, მოიხედო და არავის შენთან საქმე არ ჰქონდეს, ხომ გაჯავრდები?!" ადამიანი ისედაც ფრთხილად უნდა მოეკიდოს თითოეულ სიტყვას, რადგან "ყოველი სიტყვა უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყვა მისთვის დღესა მას სასჯელისასა" (მათე 12,36). მით უფრო ეხება ეს უფლის სახელის წარმოთქმას და საერთოდ, ღმერთზე საუბარს. ღვთის სახელი დიდი კრძალვითა და შიშით უნდა წარმოითქვას. ამ თემაზე გვესაუბრება კანადაში მოღვაწე მღვდელმსახური, მამა პავლე ზაქარაია:
- მამაო, რა შემთხვევაში ვარღვევთ ამ მცნებას?
- სამწუხაროდ, დღევანდელი მორწმუნეები ამ მცნებას, ისევე, როგორც სხვა დანარჩენ მცნებებს, ხშირად ვარღვევთ. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს კიდეც, რატომ არ შეიძლება უფლის ამაოდ, სიტყვის მასალად ხსენება. მაგრამ თუკი გავიხსენებთ იმას, რომ უფალი არის ცისა და მიწის, მთელი სამყაროს შემოქმედი და ჩვენ მის მიერ ვართ შექმნილნი; უფალმა, რომელსაც განსაკუთრებული სიყვარულით უყვარს ყოველი ადამიანი, მთელი კაცობრიობა, მოგვივლინა თავისი მხოლოდშობილი ძე, რომელიც განკაცდა, ჩვენთვის ივნო, ჩვენთვის ჯვარს ეცვა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ცოდვა გამოესყიდა და სამოთხის კარი კვლავ გაგვღებოდა, ბუნებრივია, თუ გავიაზრებთ იმასაც, რომ დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე ვცოდავთ, უფალი მაინც არ წარგვწყმედს და არ გვსჯის, მივხვდებით, თუ რატომ არ შეიძლება ამაოდ ღვთის სახელის ხსენება. არ შეიძლება მოვიხსენოთ უფალი სიტყვის მასალად, პირად საუბრებში, გულის გარეთ, სასხვათაშორისოდ. შეიძლება ვინმემ იკითხოს, თუ ეს ასეა, ლოცვისასაც ხომ ვახსენებთ უფალს? ხანდახან ზოგიერთ არაეკლესიურ ან სულიერ ცხოვრებაში გამოუცდელ ადამიანს ჰგონია, რომ დიდი მორწმუნე ისაა, ვისაც სულ ღმერთის სახელი აკერია პირზე. იტყვიან ხოლმე, - ესა და ეს კაცი ისეთი მორწმუნეა, რომ ყოველი სიტყვის შემდეგ უფალს ახსენებსო. ეს მართებული არ არის. ზოგჯერ თვით არამართლმადიდებლებიც კი ერიდებიან უფლის სახელის ამაოდ, უპატივცემულოდ ხსენებას. ცნობილი ფიზიკოსი ისააკ ნიუტონი, რომელიც მორწმუნე იყო, უფლის ხსენებისას ფეხზე დგებოდა და ქუდს იხდიდა. თუკი არამართლმადიდებელს ასეთი მოწიწება ჰქონდა უფლის სახელის მიმართ, რაღა გვეთქმის ჩვენ, მართლმადიდებლებს, რომლებსაც უპირველესად გვეკუთვნის ღვთის თაყვანისცემა და მოწიწება.
- ალბათ, ყველანი ვცოდავთ ამ მცნების დარღვევით და არც კი გვესმის, რას ვჩავდით. ეს ჩვენს რეალობაში მაინცდამაინც დიდ ცოდვად არ აღიქმება... ადამიანებისგან უნებურად წარმოითქმება ღვთის საგმობი ანდა სასაყვედურო სიტყვები. რამდენად ვცოდავთ მაშინ, როდესაც ვფიქრობთ, თითქოს ღვთის მიერ არის დაშვებული ადამიანთა შეცოდებები ან ტკივილები?..
- ამ საკითხზე არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი) წერს: ჩვენს წარმოდგენაში ღვთის მგმობელი არის გაავებული, ურწმუნო ადამიანი. ჩვენ, მორწმუნეები, დავდივართ ტაძარში, მივეახლებით წმინდა საიდუმლოს... და მაინც, ჩვენ ღვთის მგმობელნი ვართ, ვინაიდან უბედურებისა და სნეულების დროს ვდრტვინავთ და ამით განვიკითხავთ უფლის განგებულებას. ჩვენ შორის, ვისაც მცირედმორწმუნე ქრისტიანები გვქვია, ისეთებიც არიან, რომელთაც არ გვყოფნის მოთმინება, უშფოთველად გადავიტანოთ მწუხარება და ვაცხადებთ: "ღმერთი არ არსებობს!", თუ ხმამაღლა არ ვამბობთ, გულში მაინც ვიტყვით ამას. "განა მე ვარ დამნაშავე, რომ ასეთი ხასიათი მაქვს დაბადებიდან?", ანდა: "ღმერთი რომ იყოს, დაუშვებდა ომს, ძარცვას, მკვლელობას, ყრმათა სიკვდილს?" და ა.შ.
ეს ხომ აშკარა ღვთისგმობაა?! ჩვენ შორის ისეთი მცირედმორწმუნენიც არიან, რომლებიც ცდიან ღმერთს კადნიერი მიმართვით: "თუ მართლა არსებობ, უფალო, შემისრულე ესა თუ ის სურვილი, ხოლო თუ სურვილი არ შემისრულდება, შენც არ ყოფილხარ!.." და ყოველივე ამას წარმოთქვამენ არა რწმენის გზაზე ახალშემდგარნი, არამედ ისინიც, ვინც თავს ღრმად მორწმუნეებს უწოდებენ.
ამის თქმით ჩვენ ვემსგავსებით იმ მგმობელებს, რომლებიც გოლგოთაზე დასცინოდნენ ჯვარცმულ მაცხოვარს. გავიხსენოთ მაცხოვრის გვერდით გაკრული ავაზაკის სიტყვები: "შენ თუ ხარ ქრისტე, იხსენ თავი შენი და ჩუენცა" (ლკ. 23,39). მამები შეგვაგონებენ, რომ თუ ვინმეს მსგავსი კადნიერება გამოგვიჩენია უფლის წინაშე, შევინანოთ წრფელი სინანულით: "უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ღმრთისმგმობელთ! უფალო, ჩვენ განუწყვეტლივ ვცოდავთ იმით, რომ შენს სახელს წარმოვთვამთ უქმად მეტყველებით!"
- მეტიც, ჩვენ ვბედავთ და ვიფიცებთ უფლის სახელს, ხოლო ზოგჯერ ამ ფიცით აშკარა სიცრუეს ვფარავთ და ამას უშიშრად ვჩავდით. ძველ აღთქმაში მიღებული იყო უფლის სახელით დაფიცება. ქრისტემ მეტ-ნაკლებად შეცვალა ეს წესი. როგორი ფიცია მისაღები და გამართლებული?
- ძველ აღთქმაში იყო ნათქვამი: "არა ცილი ჰფუცო".
დედამიწაზე რომ არ ყოფილიყო ცოდვა, მაშინ აღარც სიცრუე იქნებოდა, აღარც სიცრუის მიმართ ეჭვი და აღარ იქნებოდა საჭირო ფიცი. მაგრამ ხალხმა შესცოდა. დაიწყეს სიცრუის თქმა და ერთმანეთის მოტყუება. ხოლო სადაც ტყუილი შეიძლება, იქ, ბუნებრივია, ადგილი აქვს ეჭვსაც. რით შეეძლო ხალხს დაემოწმებინა თავისი დაპირების უტყუარობა, როცა ამას აუცილებლობა ითხოვდა? რა ძალას უნდა აეძულებინა ისინი, რომ წმინდად და პატიოსნად შეესრულებინათ თავიანთი დაპირება? რჩებოდა ერთი: ამათი სინდისი ღვთის სამსჯავროს შიშით უნდა შეეკრათ. და აი, როცა ეს აუცილებელი იყო, ადამიანი თავის თავს წარმოიდგენდა ყოვლისშემძლე ღვთის წინაშე და თითქოს ასე ეუბნებოდა თავის მოყვასს: "შენ შეგიძლია არ მენდო, რადგან მეც შენსავით ცოდვილი ვარ, მაგრამ ჩემზე და შენზე მაღლა ღმერთია, რომელიც ყოველივეს ხედავს, ყოვლადძლიერი და სამართლიანია. დაე, ის იყოს მოწმე და თავდები ჩემი დაპირებისა. მე მოვუწოდებ მის საშინელ სახელს, და შევთხოვ, რომ დამეხმაროს, რათა შევასრულო ჩემი სიტყვა და არ დამინდოს, თუ არ შევასრულებ მას. ერწმუნე ღმერთს - სამართლიან მსაჯულს, რომ მე ერთგული ვიქნები ჩემი დაპირებისა". ასე წარმოიშვა ფიცი ღვთის სახელით.
ადამიანები, - ამბობს წმიდა მოციქული პავლე, "კაცთა უფროსისა მიმართ ჰფუციან, და ყოვლისა ცილობისა მათისა დასასრულსა დასამტკიცებლად ფიცი არს" (ებრ. 6,16). ამ ფიცით იფიცებოდნენ პატრიარქები: აბრაამი, ისააკი, იაკობი, იოსები, ფიცს დებდნენ მეფე დავითი და ძველი აღთქმის სხვა მართალნი. ასეთი ფიცი ცოდვა რომ ყოფილიყო, მაშინ წმინდანები არავითარ ფიცს არ დადებდნენ თავიანთ ცხოვრებაში. კეთილკრძალულებით ფიცით მოწოდება ღვთის სახელისა არსებითად იგივე ლოცვაა: ეს არის ყოვლისშემძლე ღვთისადმი ცოდვილი კაცის სულის ამოკვნესა, რათა მან განაძლიეროს იგი, როგორც სუსტი, რომ შეასრულოს კეთილი დანაპირები ღვთის წმინდა სახელის დიდებისათვის, რათა მან აღმოფხვრას წინააღმდეგობანი, რომელიც ხშირად ხვდება ადამიანს კეთილი საქმის კეთებისას. ეს არის სათხოვარი, რომელსაც მიართმევს ცოდვილი ღმერთს თავისი ცოდვებისათვის. "აი, უფალო, სადამდე მივიყვანე თავი ჩემი ცოდვებით: ახლობელსაც კი არ სჯერა ჩემი... იყავი შენ, ყოვლადძლიერო, შუამდგომელი ჩვენ შორის და მოწმე ჩემი დაპირებისა". და უფალმაც, არა მარტო დაუშვა, არამედ თავად, გამომდინარეობდა რა ადამიანური სისუსტებიდან, თავისი ღვთაებრივი მაგალითით განსწმიდა ფიცი: "თავს გეფიცები" (შექ. 22,16). "დავდე პირობა ჩემს რჩეულთან" (ფს. 88,4), - ამბობს უფალი სხვა მსგავს ფიცზეც. "ღმერთმა, - ამბობს წმინდა მოციქული პავლე, - სურდა რა აღთქმის შთამომავალთათვის ეჩვენებინა უტყუარობა თავისი ნებისა, გამოიყენა ფიციც კი" (ებრ. 7,17).
ამრიგად, ღვთის საშინელი სახელი არის მიუწვდომელი და ყოვლისმომცველი ღვთის ძალა, რომელიც მართალთ აკურთხებს და წყევლის ფიცის გამტეხთ. აი, ასეთი წმიდაა ღვთის სახელის მოწოდება. მაგრამ რაც წმიდა იყო ძველ აღთქმაში, განა შეიძლება იგი იყოს ცოდვა ახალ აღთქმაში? ქრისტე მაცხოვარი თვითონ ამბობს საკუთარ თავზე, რომ იგი მოვიდა არა დასარღვევად ან შესაცვლელად ძველი აღთქმის წმიდა მცნებებისა, არამედ უფრო გარკვევით ასახსნელად მათი სულიერი მნიშვნელობისა, რომელიც იუდეველთა განმმარტებლებს დაებნელებინათ. ძველი აღთქმის სჯული ამბობდა: "უფლის, შენი ღმერთის გეშინოდეს და მას ემსახურებოდე, მის სახელს ფიცულობდე" (მეორე სჯ. 6,13). "ცრუ ფიცი არ თქვათ ჩემი სახელით, თორემ შეაგინებთ თქვენი ღვთის სახელს" (ლევ. 19,12). ვინც იფიცებს დაუფიქრებლად, ანდა არღვევს კანონიერად მიცემულ აღთქმას, იგი ამით აცხადებს, რომ მას ღმერთი არ სწამს: იგი არაფრად აგდებს და ამით შეურაცხყოფს ღვთის სახელს; ხოლო ვინც კეთილკრძალულებით იფიცება ღვთის სახელს და წმიდად ინახავს დადებულ აღთქმას, განადიდებს ღმერთს, აღიარებს ღვთის ყოვლისმხილველობას, ყოვლისშემძლეობასა და სამართლიანობას; რისთვისაც თავადაც ხდება ქების ღირსი, რადგან იგი ამით დაფარავს პირს, "რომელი იტყოდა სიცრუესა" (ფს. 62,11).
ფიცი ასწავლის კაცს ღვთის წინაშე სიმდაბლესა და ღვთის შიშს. მაცხოვარს რომ სრულიად გაეუქმებინა ფიცი, ეს ხალხის ზნეობას თავაშვებულობისაკენ მიმართავდა; ქრისტეს კი ახალ აღთქმაში თავისი ღვთაებრივი მცნებებით სრულყოფილებისაკენ მიჰყავს ხალხი. აი, რატომ აუწყებდა საზეიმოდ წინასწარმეტყველი ისაია, რომ ქრისტეს სამეფოში ახალი სახელით წოდებულთ (ქრისტიანებს), "ყველას, მის გამხსენებლებს, შეაძრწუნებს საბაოთ უფლის განაჩენი, მასზე რომ განაჩინა" (ის. 19,18). და მართლაც, წმინდა მოციქული პავლე ამოწმებს, რომ პირველი ქრისტიანები ფიცულობდნენ ღვთის სახელით, და თავადაც არაერთხელ მოუწოდებს ღვთის სახელს თავისი სიტყვების დასამოწმებლად. იოანე ღვთისმეტყველმა ჩვენებაში იხილა ანგელოზი, რომელმაც ზეცისაკენ აღმართა ხელი "და ჰფუცა მისსა, რომელი იგი ცხოველ არს უკუნითი უკუნისამდე" (გამ. 10,5-6). ბოლოს, თვით ქრისტე მაცხოვარმა არ უარყო, ადამიანურად რომ ვთქვათ, ფიცი მიეღო, როცა მღვდელმთავარმა კაიაფამ განსჯისას უთხრა მას: "გაფუცებ შენ ღმრთისა ცხოველისა, რათა მითხრა ჩუენ, უკეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა?" (მთ. 26,63) და მან მაშინვე უპასუხა ისე, როგორც მაშინდელი ებრაული კანონი ითხოვდა მისგან: "შენ ჰსთქუ", ანუ: დიახ, მართალია, სწორედ ასეა. ებრაელებს ღვთის მცნება, რომელიც ცრუ ფიცს კრძალავდა, სიტყვასიტყვით ესმოდათ: თვით ღვთის სახელი (იაღვე) იმდენად წმიდად მიაჩნდათ, რომ საუბრებისას ეშინოდათ მისი წარმოთქმა, მაგრამ სიყალბე და სიცრუე, რომელიც ხალხში არსებობდა, მაინც იძულებულს ხდიდა მათ, ფიცისათვის მიემართათ. და აი, მათმა მწიგნობრებმა მოიგონეს უამრავი თვითნებური ფიცი, სადაც ღვთის სახელი საერთოდ არც კი იხსენიებოდა: ისინი ფიქრობდნენ, რომ მათი გამოყენებით ღვთის მცნებები ფიცის შესახებ არ ირღვეოდა. სადამდე მიდიოდა უგუნური ფიცის ჩვევა, ჰეროდეს მაგალითიდანაც ჩანს, რომელმაც მოცეკვავე სალომეას გასაოცარი ცეკვისათვის ფიცით აღუთქვა ნახევარი სამეფო. მაგრამ ყველაფერი შექმნილია ღვთისაგან, ამიტომ ნიშანდობლივია: ვინც ფიცულობს ქმნილებას, იგი თვით შემოქმედსაც ეფიცება. აი, რატომაა, რომ მაცხოვარს თავის მცნებებში არ მოჰყავს: "მისი სახელით დაიფიცე", არამედ მიუთითებს სხვა მცნებაზე - ყალბ ფიცზე. კვალად გესმა, - ამბობს იგი, - რამეთუ ითქუა პირველთა მათ მიმართ: არა ცილი ჰფუცო, - ფიცი მხოლოდ ჭეშმარიტების დასამოწმებლად წარმოთქვი, მაგრამ თუ დაიფიცე, მიეც უფალსა ფიცი შენი.
იცოდა რა ამ მცნების ცრუ განმარტებანი ფარისეველთა მიერ, მან გადაჭრით აკრძალა ყველა მათ მიერ მოგონილი ფიცი: ხოლო მე გეტყვი თქვენ: არა ფუცუად ყოვლადვე, - ნუ დაიფიცებთ სინდისის წინააღმდეგ არა მარტო ღვთის სახელით, არამედ არავითარი სახით, ნუცა ცასა, რამეთუ საყდარი არს ღუთისა, რადგან ცის დაფიცებით, ადამიანი იფიცებს თვით ღმერთს, რომელიც ზეციურ საყდარზე ბრძანდება, ნუცა ქუეყანასა, რამეთუ კუარცხლბეკი არს ფერხთა მისთა; ნუცა იერუსალიმსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისა, ე.ი. ღვთისა. ნუცა თავსა შენსა ჰფუცავ, - ისე ნუ იტყვი, როგორც ამბობდნენ იუდეველები: "დაე მოვკვდე, თუ სიმართლეს არ ვამბობ"; შენი ცხოვრება შენ არ გეკუთვნის, იგი მთლიანად ღვთის ხელშია: რამეთუ შენ თვითონ ვერ ძალ-გიძს ერთისა თმისა განსპეტაკებად, გინა დაშავებად, როგორ უნდა დაიფიცო ის, რაც შენს უფლებაში არ არის? ამასთან: როგორც არ უნდა სცოდავდე შენი სინდისის წინაშე, ყველა მსგავს ფიცს ისეთივე ძალა აქვს, როგორიც ღვთის სახელით წარმოთქმულ ფიცს. ფიცი - ეს წმიდა საქმეა, ეს არის დიდი ამბავი: არ შეიძლება იგი წარმოითქვას დაუფიქრებლად, არ შეიძლება მისი თვითნებურად შეცვლაც. სჯობს, ეცადოთ, იცხოვროთ ისე მართლად და პატიოსნად, რომ თქვენ აღარც კი დაგჭირდეთ დაფიცება, რათა ფიცის გარეშეც სჯეროდეთ თქვენი. ვინც ხშირად იფიცებს ღვთის სახელს, მისი ნაკლებად სჯერათ. ასე, რომ, თქვენს ყოველდღიურ საქმეებში ნურასოდეს დაიფიცებთ, არამედ ილაპარაკეთ მხოლოდ სიმართლე: არამედ იყავნ სიტყუა თქუენი ჰე, ჰე, და არა, არა; ხოლო უმეტესი ამათსა, ყოველი დაუფიქრებელი დაპირება ღვთისა, ფარისეველთაგან მოგონილი ყოველგვარი ფიცი უკეთურისაგან არს. ის ფიციც კი, რომელიც ღმერთმა მოსეს მიერ დაუდგინა ადამიანთ - "მის სახელს ფიცულობდე", - ესეც კი, კეთილკრძალულებით რომ წარმოითქმება, როგორც ლოცვა, დაშვებულია მხოლოდ ადამიანებში არსებული ბოროტებისა გამო, მხოლოდ იმისათვის, რომ დედამიწაზე მრავლადაა სიყალბე და სიცრუე, და ვიდრე ეს უკეთურებანი იარსებებს, იქამდე საჭირო იქნება აღნიშნული ფიციც, რათა ამით გადაეღობონ ცოდვასა და სიცრუეს.
ასე ესმოდათ წმიდა მამებს ქრისტეს ეს სიტყვები: "არა ცილი ჰფუცო". ასე ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი: "ვინც ცხოვრობს ისე, როგორც იესო ქრისტე ითხოვს, მას ყველა პატივს სცემს და მისგან ფიცს არ ითხოვენ. ეს საშიში საქმეა: მსახური ვერ ბედავს თავისი ბატონის სახელის ხსენებას საჭიროების გარეშე, ჩვენ კი ანგელოსთა მეუფის სახელს მეტად მოურიდებლად წარმოვთქვამთ! ქრისტე ისე გვიფრთხილდება, რომ გვიკრძალავს საკუთარი თავის დაფიცებასაც კი, ჩვენ კი იქამდე არ ვინდობთ ღვთის დიდებას, რომ ყველაფერში გვინდა იგი გამოვიყენოთ! შენ ხარ მატლი, მიწა, მტვერი, კვამლი, და მიისწრაფვი შენი მეუფის თავსმდებობისკენ! როგორი სითამამე და კადნიერებაა! შენ რომ არასოდეს გეცრუა, უბრალოდ რომ გენიშნებინა, უფრო მეტად დაგიჯერებდნენ, ვიდრე იმათ, ათას ფიცს რომ დებენ". მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში ღვთის წმინდანებისთვისაც კი უცხო არ იყო ფიცი. აი მაგალითად, როგორც ამბობდა ღირსი მამა ეფრემ ასური სიკვდილისწინა ანდერძში: "მე ეფრემი ვკვდები და ვტოვებ ანდერძს... ვფიცავ სინას მთაზე შეწყნარებულებსა და ქვეყნიდან მაუწყებლებს... რომ არ განვდგომივარ ეკლესიას"... ეფიცებოდნენ ღმერთს წმიდა მოწამეები იამბლიქე და აპოლონი, ღირსი მამები - ზოსიმე, პავლე და სხვები. ფიცი გამოიყენებოდა მსოფლიო კრებებზე (მეხუთესა და მეექვსეზე); იგი ეძლევათ მართლმადიდებელ ქრისტიანებს მეტად მნიშვნელოვან და საჭირო შემთხვევებში, როცა ამას ითხოვს კანონიერი უფლება, როცა იგი უნდა წარმოითქვას კეთილკრძალულებითა და მტკიცე რწმენით, რომ არ შეიცვალოს იგი.
- კიდევ რა იგულისხმება ღვთის სიტყვიერად გმობაში?
- სხვადასხვა სახის მკრეხელობა. საუბედუროდ ადამიანები იქამდეც კი კადნიერდებიან, რომ ხუმრობით წარმოთქვამენ ლოცვის სიტყვებს, წმინდა სახარების და ეპისტოლეთა ციტატებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტაძარში ღვთისმსახურების დროს მედავითნეები და მგალობლები ყოველთვის სათანადო ყურადღებით არ ეპყრობიან თავიანთ მსახურებას. ზოგჯერ არასწორად წარმოთქმული ერთი სიტყვაც კი ისე ამახინჯებს მთელ ფრაზას, რომ ღვთის დიდების ნაცვლად მკრეხელობა გამოდის.
მკრეხელობად და ღვთის გმობად ითვლება აგრეთვე ის, რაზედაც ბრძანებს ბერი გაბრიელი: "აღსანიშნავი და სამწუხაროა, რომ მკრეხელური სულისკვეთების სიმღერებს მღერიან. მაგალითად, არის სიმღერები, სადაც ნახსენებია: "წყეულ მიქელ-გაბრიელს", "მთვრალი თუნდაც ჯოჯოხეთში წავალ", "მე არ მჯერა არც სამოთხის მადლის" და ა. შ. მსგავსი სიმღერები, თავიანთი ჟღერადობიდან გამომდინარე, მრავალთა საყვარელ სიმღერებადაა ქცეული. ეს ყველას მძიმე ცოდვად მოეკითხება. განსაკუთრებით მათ ავტორებსა და შემსრულებლებს".
- ყველა ჩვენგანი სცოდავს ამ მცნების წინაშე უგულისყურო ლოცვის გამო. რამდენად მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ ხშირად არ ვართ ღირსნი უფლის სახელის წარმოთქმისა?
- უნდა გვახსოვდეს: როცა ადამიანი ლოცულობს, იგი ღმერთს ესაუბრება, თუმცა ლოცვის დროს უყურადღებობა, გონების გაფანტვა, სხვადასხვა საკითხზე ფიქრი არ შეიძლება და ღვთის სახელის ამაოდ მოხსენების ცოდვად ითვლება. შეიძლება მოვისმინოთ ტაძარში ღვთისმსახურება, სრულად წავიკითხოთ დილისა და საღამოს კანონი, მაგრამ ლოცვა კი არ გამოგვივიდეს, არამედ ცოდვა, რადგან უფლის სახელს ამაოდ ვახსენებთ. ლოცვა, რომელიც გულისყურით აღესრულება, უფლის მიერ მონიჭებული მადლია. ჩვენ ყოველი მხრიდან უნდა დავაკვირდეთ საკუთარ თავს და დიდი ყურადღებით მოვიკრიბოთ გონება ლოცვისას, ვაიძულოთ თავს, დავუბრუნოთ გაფანტული აზრები ლოცვის სიტყვებს. ჩვენ კი მოვდივართ ტაძარში, ფეხმოუცვლელად ვესწრებით ყველა საეკლესიო მსახურებას, და თავი უაღრესად მლოცველები გვგონია. შესაძლოა შინ, ჩვენს საკუთარ ტაძარში, როდესაც ჩვენს ყურადღებას არაფერი ფანტავს, ერთი რომელიმე ლოცვა აღვავლინოთ ან დაუჯდომელი წავიკითხოთ და ბევრად უკეთესად, წმიდად და ღრმად ვილოცოთ.
- ხშირად ვფარისევლობთ და თავს ვიწონებთ უფლის სახელის წარმოთქმით. ამით თითქოს დიდ მორწმუნეებად მოგვაქვს თავი... რამდენად მნიშვნელოვანია რწმენის ოდენ სიტყვით კი არა, საქმეებით აღსრულება?
- ამასთან დაკავშირებით წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი აღნიშნავს, რომ ღვთის საქმე არის ის, როდესაც ადამიანი ღვთისგან მიღებულ სიტყვას საქმედ გადააქცევს, ღვთის სწავლებასა და ჭეშმარიტებას მოიხმარს. ღვთის სიტყვა და სწავლება ჩვენთვის მოსახმარადაა მოცემული და არა უქმმეტყველებისათვის. "წყეულ იყავნ მოქმედი საქმისა ღმრთისა უდებებით" (იერემია 48,10). თუ უდები ხარ, უმჯობესი იყო შენთვის საერთოდ არ გაგეგონა სიტყვა ღვთისა, ვიდრე ის, რომ გაიგონე და არ აღასრულე. შენში სიტყვა და საქმე, ქრისტიანული სწავლება და ცხოვრება ისე მტკიცედ უნდა იყოს შეერთებული, რომ ორივე შენს ერთ ბუნებას შეადგენდეს". წმიდა ილია მართლის დიდი სატკივარი იყო ის, რომ ჩვენი ხალხი, რომელიც თავს ქრისტიანად მიიჩნევდა, რჯულის ფორმალურ აღმსარებლად იქცა და მთავარი - ქრისტიანული სული დაკარგა. ავიღოთ, თუნდაც, "კაცია-ადამიანი?!" ილიას არც ერთ სხვა ნაწარმოებში იმდენს არ ლაპარაკობენ ღვთის შესახებ და არსად ისე არ ახსენებენ უფლის სახელს ისე ხშირად, როგორც აქ. უბრალო საუბრებში უფლის წარამარა ხსენება ცოდვაა. თვითონ ლოცვასაც კი ამოკლებს ლუარსაბი და აქ ჩანს მისი დამოკიდებულება ქრისტიანობისადმი. ღმერთს მიმართავს, გმადლობ, რომ განმაძღეო. ხოლო ლოცვის მეორე ნაწილს კი არ ამბობს; "ნუ მომაკლებ ზეცისაცა შენსა სასუფეველსა". ასეა ჩვენს თანამედროვეობაშიც. ჩვენ სიტყვიერად, ზოგჯერ ფარისევლურადაც, გამოვხატავთ უფლის სიყვარულს, სინამდვილეში კი ჩვენი შინაგანი მდგომარეობა შორსაა უფლის დიდებისაგან. ხშირად მხოლოდ სიტყვით ვამკობთ, ვადიდებთ უფალს, ამ დროს კი გონება და გული ცარიელი გვაქვს. უმთავრესი - საქმეებით დიდებაა, რისთვისაც მთელი პიროვნების - გონების, აზროვნების, გულის განწმენდაა საჭირო, განწმენდილი გონებით იწყებს ადამიანი უფალთან მიახლებას. როცა უფლის სახელს ვახსენებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველთვის თუ არა, ზოგჯერ მაინც, შეიძლება ღირსნიც კი არ ვიყოთ მისი სახელის ხსენებისა. გვახსენდება ერთი შემთხვევა ეკლესიის ისტორიიდან, როცა ერთმა მონაზონმა მძიმედ შესცოდა, სულიერმა მოძღვარმა ასეთი ეპიტიმია დაადო: ილოცე ამგვარად: "რომელმა დამბადე, შემიწყალე მე ცოდვილი". ესე იგი, უფლის სახელსაც ნუ წარმოთქვამო. ეს მონაზონი შემდეგ მართლაც ასე ლოცულობდა და ამ ლოცვით ისეთი სინანული მოიპოვა, რომ მისმა სინანულმა მთლიანად აღხოცა ცოდვა და უფლის წინაშე იგი განმართლებული წარდგა. ეს მაგალითი ყოველთვის თვალწინ უნდა გვედგას. თუ ეს გვემახსოვრება, უფლის სახელს უფრო მოწიწებით წარმოვთქვამთ.
- რამდენად მავნეა უფლის სახელის ხსენება მაშინ, როცა განრისხებულნი, გაღიზიანებულნი ვართ?
- ზოგჯერ გაბრაზებულები ლამის ყვირილით ვახსენებთ ღმერთს. უნდა მოვერიდოთ იმის თქმასაც, რასაც, სამწუხაროდ, ხშირად თუ არა, ხანდახან მაინც ყველანი ვიმეორებთ - "უფალი დასჯის". თითქოს ჩვენ ზუსტად ვიცით, ვის როგორ დასჯის ღმერთი, ამით თავი საღვთო სამსჯავროს გადაწყვეტილების მცოდნეებად მოგვაქვს. როდესაც კატეგორიულად ვიტყვით, რომ ესა თუ ის ადამიანი უფლისგან დაისჯება, უნდა გავიხსენოთ ჩვენი აურაცხელი ცოდვა, რის გამოც ჩვენც შეიძლება დავისაჯოთ. თუ სხვას იოლად ვიმეტებთ, უფალმა შეიძლება ჩვენც ადვილად გაგვიმეტოს.
- ღმერთზე საუბარი, მისი ხსენება დიდ სიფრთხილეს საჭიროებს. არ არის შემთხვევითი, რომ მოციქული გვირჩევს - ყველა ნუ დამოძღვრავთ. რას ნიშნავს ეს?
- ეს ნიშნავს, რომ ყველამ არ უნდა დაიწყოს ხალხის დამოძღვრა და უფლის სახელის მოხსენიება. ამის შესახებ წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: "ისაუბრო რელიგიაზე და გასცე რჩევები - დამიჯერეთ, დიდი სხვაობაა! ეს საქმე უნდა აკეთოთ ღვთის შიშით, უკიდურესი სიფრთხილითა და ზომიერებით. დააკლებ მოყვასს ტვირთს - უბედურება არ არის; გადატვირთავ და მოყვასი ადვილად შეიძლება განუკურნებლად დაზიანდეს, სამუდამოდ შეიქნას ყველაფრისადმი უუნარო". ასე რომ, არ არის საჭირო "რჩევების" მიცემის საქმეზე დიდად შედგომა. ამას სჭირდება დიდი გამოცდილება და ღვთის მადლი.
მოდით, დავით წინასწარმეტყველის სიტყვებით შევთხოვოთ ღმერთს: "და იყვნენ შენდა სათნო სიტყუანი პირისა ჩემისანი" (ფსალმ. 18,14).
არა მოიღო სახელი უფლისა ამაოსა ზედა