დე, ყველაფერს სიყვარულით იქმოდეთ!
ადამიანი მოწოდებულია იმისათვის, რომ იშრომოს და იღვაწოს, სიკეთე აღასრულოს. სიზარმაცე კი ძალიან აკნინებს მას.
გამოცდილი მოღვაწეები წერენ, რომ თუკი ადამიანი ერთხელ მაინც იგემებს უსაქმურობის სიტკბოს, იგი მისთვის შრომაზე მეტად სასურველი ხდება და თუკი სურვილს აისრულებს, უსაქმურობის ვნება თანდათანობით ისე ეუფლება მას, რომ ვეღარც დანაშაულს გრძნობს მის გამო. "როგორც გაჭიმულ ბაგირზე მოსიარულემ არ უნდა დაუშვას მცირედი დაუდევრობაც კი, რადგან მცირედი ცთომის შემთხვევაშიც ჩამოვარდება და დაიღუპება, სწორედ ასევეა დაუშვებელი ჩვენთვის მცონარება", - შეგვაგონებს წმინდა იოანე ოქროპირი. წუთისოფელი ყოველი ჩვენგანისთვის ერთგვარი ასპარეზია, სადაც ღვთის მოშიშებით უნდა ვიღვწოდეთ. წმინდა ილია მართალი გვასწავლის, რომ ღვთისა და მამულის მსახურებაში, სიკეთის აღსრულებაში მდგომარეობს ღირსება ადამიანისა. "ამ ხანმოკლე სიცოცხლეში შრომა შეიყვარე, რათა საუკუნოდ განისვენო", - წერს წმინდა ეფრემ ასური. მაცხოვარი გვეუბნება, რომ ზეცაში მოვაგროვოთ საუნჯე და არა ამქვეყნად. ზეცაში კი იმ ადამიანს აქვს საუნჯე, რომელიც აქ, წუთისოფელში, სიკეთით, სათნოებით, პატიოსანი შრომით იღვწის.
გვესაუბრება ჯვარისმამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თავმას ჩოხელი.
- მამაო, რა არის მსახურება ანუ სამსახური, არსებობს თუ არა დიდი და პატარა საქმეები და განსაკუთრებით რომელი საქმიანობაა უფლისათვის სათნო?
- უპირველესად, ყველას გვმართებს გაცნობიერება იმისა, რომ ჩვენი ცხოვრება მსახურებაა. უნდა ვიყოთ დაუღალავნი და გულმოდგინენი, განმსჭვალულნი ერთი აზრით, ერთი სწრაფვით - ყველაფერი ღვთის სადიდებლად უნდა ვაკეთოთ. "დე, ყველაფერს სიყვარულით იქმოდეთ!" - ამბობს მოციქული პავლე. უფალმა, რომელიც კაცთა შორის იყო, ვითარცა "მსახური", თავის მოწაფეებს ასწავლა მსახურება. ასევეა ახლაც: მისი ჭეშმარიტი მოწაფეებისთვის მთელი ცხოვრება ერთიანი მსახურებაა. და როდესაც სიკეთის მსახური ადამიანის სული მარადისობაში გადავა, "საქმე მისი შეუდგეს მისთანა". (გამოცხ. 14,13).
რაც შეეხება დიდ და პატარა საქმეებს, ამასთან დაკავშირებით გავიხსენოთ უფლის მიერ ნათქვამი იგავი: ერთ-ერთმა ბატონმა სხვადასხვა რაოდენობის ტალანტი დაურიგა თავის მონებს. ორმა მსახურმა გარკვეული დროის შემდეგ ორმაგად დაუბრუნა ბატონს მის მიერ ბოძებული ტალანტები და მისი კეთილგანწყობა და ქება დაიმსახურა, მესამეს კი, რომელმაც მიწაში დაფლა ტალანტი, განურისხდა. ამ იგავის აზრი ყველასათვის ნათელია - ღმერთი სხვადასხვა ნიჭს აძლევს ადამიანს და თითოეულის მოვალეობაა, ღვთის მიერ ბოძებული ნიჭები საკუთარი შრომითა და ძალისხმევით გაამდიდროს, იღვაწოს, სათნოებებით ღმერთს მიემსგავსოს, საღვთო მოქალაქეობას დაეშუროს. ყოველი ადამიანი უნდა ისწრაფოდეს, რაც შეიძლება მეტი მადლი, მეტი სიკეთე აკეთოს. მამები ამბობენ: ნუ უგულებელყოფთ ნურც მცირე საქმეებს! წმინდა ილია მართლის სიტყვებით: "ყოველ ადგილას, ყოველ საქმეში - რაც უნდა ჩუმი იყოს, რაც უნდა მცირე - ადამიანს შეუძლია აღმოაჩინოს სიდიადე ღვაწლისა. ტყუილად კი არ არის ნათქვამი ერთი მეცნიერის მიერ: "ვინც ორი მარცვალი მოიყვანა იქ, საცა მანამდე მარტო ერთი მარცვალი მოდიოდა, იგი ერთ უდიდეს სამსახურს უწევს კაცობრიობასო". ამ წუთისოფელში ადამიანს ბევრი და მრავალი სახის საქმე აქვს საკეთებელი, როგორც კერძოდ თავის თავისთვის, ისე ზოგადად ყველასათვის. სათითაოდ ყველას ერთნაირი დანიშნულება არა აქვს, სათითაოდ ყველას რამე დანიშნულება კი უსათუოდ აქვს. მაღალი ზნეობის თვალის წინაშე სიდიდე ადამიანისა დანიშნულების სიდიდეზე არ არის დამოკიდებული. მრავალგვარია ნიჭიერება, ღონე და მიდრეკილება ადამიანისა. სიდიდე და ღირსება ის არის, ვინ როგორ აურჩია საქმე თავის ნიჭს, ღონეს, მიდრეკილებას და ვინ როგორ უძღვება. თვითონ საქმის მეტ-ნაკლებობა აქ არაფერ შუაშია, დიდი და პატარა სულ ერთია, ოღონდ კაცმა იმას მიმართოს, იმას ჩასჭიდოს ხელი, რაზედაც გული მიუწევს და ნიჭი და უნარი მიუწვდება. უამისოდ ყოველი დიდი საქმე მცირეა და ამისით კი ყოველი პატარაც კი დიდია". ჩვენ ცოტა ამბიციურები ვართ. ადამიანთა უმრავლესობას სურს დიდი საქმის აღსრულება, ეძებს თვითმყოფადობას, დიდებას და არაფრად აგდებს მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო საქმეს, თვლის რა მას თავისი ღირსებისთვის შეუფერებლად ან უსარგებლოდ. სინამდვილეში კი არ ესმის ის, რომ "რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის". ღვთის აზრი და შეფასება ბევრჯერ ჩვენსას არ ემთხვევა. ქვრივის ორი მწულილი მისთვის უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე ყველა დანარჩენი საუნჯე. მოციქული ამბობს: "კაცად კაცადმან, ვითარცა მიიღო მადლი, ეგრეთვე ურთიერთას ამსახურებდით მას, ვითარცა კეთილნი მნენი მრავალფერსა მის ნიჭისა ღმრთისანი" (1 პეტრე 4,10). უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი სამსახური, თუკი პატიოსნად აღვასრულებთ, ღვთისთვის სათნოა. შეძლებისამებრ იღვაწე და იმოქმედე კეთილი, - სხვას ამის მეტს არაფერს სთხოვს ქვეყანა თავის შვილსა და მოქალაქეს (წმინდა ილია მართალი).
- ადამიანებს გვახასიათებს მაღალი თანამდებობებისკენ სწრაფვა, მაგრამ ხშირად გვავიწყდება, რომ სიტყვა "თანამდები" მოვალეს ნიშნავს. რამდენად მნიშვნელოვანია იმ პასუხისმგებლობის გაცნობიერება, რომელსაც ესა თუ ის თანამდებობა გულისხმობს?
- სხვათა შორის, როდესაც ეთნოფსიქოლოგიაზე მიდგება საქმე, წმინდა მამები ამბობენ, რომ ყველა ერს აქვს თავისი ვნება (ნაკლი) და ღირსება. ქართველები განსაკუთრებით ამბიციურები ვართ, არც შრომა გვიყვარს და გვიზიდავს მაინცდამაინც. ამასთან დაკავშირებით გერონტი ქიქოძე წერდა: "ზოგიერთი ქვეყანა ჩამორჩენილია ეკონომიკურად. მათ შორის საქართველოც. მართალია, თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური ფრაზეოლოგია უკვე ავითვისეთ, მაგრამ თანამედროვე წარმოება ჩვენში ჯერ კიდევ სუსტად არის განვითარებული. უწინარესად, სისტემური, აუჩქარებელი, მიზანმიმართული შრომის უნარი გვაკლია. ბუნებით მოუთმენლები ვართ და შემთხვევით ან უცაბედად გამდიდრებაზე ვოცნებობთ. ამ მხრივ შუა საუკუნეების მეკობრეებსა და რაინდებს უფრო ვგავართ, ვიდრე თანამედროვე ადამიანებს, ან, უკეთ რომ ვთქვათ, იმ ესპანელ ავანტიურისტებს, მე-16 საუკუნეში მთელი ამერიკა რომ შემოიარეს ელდორადოს, ე. ი. ოქროს ქვეყნის ძებნაში. ცხადია, ოქროს მინდვრები არსად არსებობს, ოქროს სილას კი შეგროვება, გაწმენდა და გადადნობა სჭირდება. ეკონომიკური წინსვლა არ შეიძლება ადამიანის შეგნებული და ენერგიული მონაწილეობის გარეშე. ჩვენ გვგონია, რომ საერთაშორისო კაპიტალიზმი ერთ მშვენიერ დღეს ჩვენზე მოიღებს მოწყალებას, აამოძრავებს ჩვენი ქვეყნის საწარმოო ძალებს, გაშლის და ააყვავებს მეურნეობას, წარმოებას. მაგრამ ეროვნულ სიმდიდრეს მხოლოდ ცოცხალი ეროვნული ენერგია ქმნის. კაპიტალიზმის განვითარება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ჩვენთვის ხელსაყრელი, თუკი ეს განვითარება ჩვენივე მწარმოებელი ძალის აქტივობით მოხდება. ქართველი ერის მოდუნება, სხვათა შორის, იმაშიც ვლინდება, რომ ის კაპიტალს უყურებს არა მწარმოებლის, არამედ მხოლოდ მომხმარებლის თვალით. მისთვის კაპიტალი მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების საშუალებაა და არა სტიქია, რომელიც მთებს ძრავს, ნიადაგს აბრუნებს და უზრუნველყოფს ადამიანის ბატონობას ბუნების ძალებსა და ფარულ საუნჯეებზე.
ჩვენს ერში არისტოკრატული ტრადიცია ძლიერია. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ თანამედროვე ფსიქოლოგია ნელ-ნელა ყალიბდება: ქარხანასა და ფინანსურ ბირჟას კლუბი და სალონი გვირჩევნია, ხოლო ქვანახშირის მტვრითა და ჭვარტლით გაჟღენთილი ჰაერი მაინცდამაინც არ გვიზიდავს".
შრომა და გამრჯელობა რომ არ გვიყვარდა ქართველებს, ამაზე ილიაც წუხდა და ამისკენ მოუწოდებდა ქართველებს. "ახლა ან ადლი უნდა გვეჭიროს ხელში, - წერდა იგი, - ან გუთანი, ან ჩარხი ქარხნისა, ან მართულები მანქანისა. ეხლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლსა ჰღვრიდეს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ჰღვაროს. ქვეყანა ახლა იმისია, ვინც ირჯება და ვინც იცის წესი და ხერხი გარჯისა... ხმლით მოსეულმა ვერა დაგვაკლო რა - შრომით და გარჯით, ცოდნით და ხერხით მოსეული კი თან გაგვიტანს, ფეხქვეშიდან მიწას გამოგვაცლის, სახელს გაგვიქრობს, გაგვიწყვეტს... ახლაც ომია, ხოლო სისხლის ღვრისა კი არა, ოფლის ღვრისა. ეს ომი შრომისაა და იგი, ვითარცა შრომა - პატიოსანია, ნამუსიანია და ისეთივე თავმოსაწონებელი, თავგამოსაჩენი, როგორც უწინ თოფისა და ხმლის ომი იყო. ვაჟკაცობა ამისთანა ომში ბევრით წინ არის სისხლის ომის ვაჟკაცობაზე. ვაჟკაც გულადზე მშრომელი სამის გაფრენით მეტიაო". ადამიანთა უმრავლესობა ზოგიერთ საქმიანობასა და სამსახურს თაკილობს და ისწრაფვის მაღალი თანამდებობებისაკენ. მაგრამ თუ კაცი თანამდებობას მხოლოდ გასამდიდრებლად და მეტი პატივისა და დიდებისთვის ეძებს, დიდად სცოდავს. "ვისაც თანამდებობა იმიტომ უნდა, რომ მოყვასთა სასარგებლოდ მოიხმაროს, სოფელში მშვიდობა და მყუდროება, სიმართლე და მართლმსაჯულება დაიცვას, კეთილი და მადლიანი საქმისთვის იღვწის, ყოველთვის ახსოვს, რა დიდი და ძნელი საქმეა მთავრობა და რა დიდსა და საშინელ პასუხისმგებლობაში ვარდება ღვთის წინაშე ის, რომელიც ძალაუფლებას უსამართლოდ მოიხმარს" (წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი). მაცხოვარი დურგლის ოჯახში გაიზარდა და სამყაროს შემოქმედი ღმერთი დურგლობის ხელობას ბავშვობიდან ეუფლებოდა. სახარებისეული სიბრძნე გვასწავლის, რომ არ უნდა ვეძებოთ საუკეთესო ადგილი, არამედ "რომელსაც სურს, დიდი იყოს, ყველას უნდა მოემსახუროს". ასე რომ, სადაც არ უნდა ვმუშაობდეთ, მთავარია ჩვენში არ დაიკარგოს სახარებისეული სული, სული თავმდაბლობისა, მორჩილებისა, სიყვარულისა.
- ხშირად გვესმის, რომ შრომა და საქმიანობა ერთგვარი თერაპიაა. მაინც რაში ეხმარება ადამიანს შრომა და შესაბამისად, რამდენად მავნებელია უქმად ყოფნა, როგორც სხეულისთვის, ასევე სულისთვის?
- თუ რა არის შრომის საზღაური, ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა მამათა ცხოვრებიდან შემდეგი მოთხრობები: ერთი ბერი უდაბნოში მოღვაწეობდა. იგი წყალს ძალიან შორი მანძილიდან ეზიდებოდა შრომითა და დიდი გაჭირვებით. ერთხელ სულმოკლეობამ სძლია და შეიპყრო ზრახვამ: "რისთვის არის საჭირო ამდენი შრომა. ამას არ სჯობს, წყლის მახლობლად დავიწყო მოღვაწეობაო?" როდესაც ამ განზრახვის აღსრულებაზე ფიქრობდა, იხილა არსება, რომელიც მას მისდევდა და მის ნაბიჯებს ითვლიდა. ბერმა ჰკითხა, ვინ ხარო. მან მიუგო: "მე ვარ ანგელოზი, რომელიც მომავლინა უფალმა შენი ნაბიჯების დასათვლელად და ამისთვის დიდი მადლის მოსანიჭებლადო". ბერმა ეს რომ გაიგონა, გაძლიერდა და უდაბნოს უფრო შორ სიღრმეებს მიაშურა სამოღვაწეოდ.
ერთხელ მამა ამო და მამა ბიტიმი მამა აქილასთან მივიდნენ. კართან მდგართ შიგნიდან მოესმათ ხმა. მამა აქილა ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებდა: "ნუ გეშინინ, იაკობ, შთასვლად ეგვიპტედ". კარზე დააკაკუნეს. მამა აქილამ კარი გააღო, ბერებს ვინაობა ჰკითხა. უპასუხეს, ნიტრიის მთიდან გახლავართო. მამა აქილამ ისინი მიიღო. სტუმრებმა სთხოვეს, რაიმე გვითხარით სულის სასარგებლოდო. მამა აქილამ უჩვენა მათ ჭილოფი და უთხრა: "მწუხრიდან ამ ჟამამდე მოვქსოვე ეს ჭილოფი. განა იმიტომ, რომ მჭირდებოდა, არამედ იმიტომ, რომ არ განმირისხდეს ღმერთი, არ დამბრალდეს უსაქმურობა და არ გამასამართლოს - შეგეძლო რამე გაგეკეთებინა და არ გაისარჯეო. სწორედ ამიტომაც ვშრომობ და ძალ-ღონეს უქმად არ ვხარჯავო".
ადამიანი, რომელიც უსაქმურობს, ემსგავსება იმ უხმარ მონას, რომელმაც მისთვის მინდობილი ქანქარი მიწაში დაფლა. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ცოტა დრო გვაქვს ამ ქვეყანაზე მოცემული და განვლილი ცხოვრების ყოველი წუთისთვის პასუხი უნდა ვაგოთ. "შეუფასებელია ის ჟამი, რომელიც შენს ხელთ არის და თუ ამაოდ გაფლანგავ, მოვა დრო, ძებნას დაუწყებ და ვეღარ პოვებ", - წერს წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი. წმინდა მამები ცდილობდნენ სხეული ხანგრძლივი შრომით დაემორჩილებინათ, რათა მისით საცდურს არ სწეოდნენ. ამიტომ განუწყვეტლივ მღვიძარენი იყვნენ სულით. მამა არსენი ამბობდა: "სახარება გვასწავლის: "რომელსა აქუნდეს სამოსელი, განყიდენ და მოიგენ თავისა თვისისა მახვილი". ეს ნიშნავს, რომელსაც უყვარს უსაქმოდ ყოფნა, დატოვოს იგი და მოიგოს თავისი თავისთვის შრომა". ერთი ბერი კალათს წნავდა და შემდეგ ისევ არღვევდა მას, რათა უქმად არ ყოფილიყო. ერთ ძმას მონასტერში სიძვის ბრძოლა ჰქონდა და გულისწყრომა იპყრობდა. რჩევას იგი მამა არმენს დაეკითხა. მან კი უპასუხა: "დავით წინასწარმეტყველი ამისთვის იტყვის: "ლომსა მოვკვლევ, ხოლო დათვსა დავაშთობდ..." ეს ნიშნავს, რომ გულისწყრომა უნდა მოკლა, ხოლო გულისთქმა შრომით შეაჭირვოო". შრომა ასევე არის მოწყენილობისგან თავის დაღწევის უებარი საშუალება. გავიხსენოთ, თუნდაც ოთარაანთ ქვრივი: "მარტონი თქვენ ხართ, თორემ მე სად მცალია მარტოობისთვისო", - ეუბნებოდა იგი თავადიშვილებს.
- რა ცოდვებს წარმოშობს, თავის მხრივ, უსაქმურობა?
- უსაქმურობისგან მომდინარეობს, უპირველეს ყოვლისა, უქმადმეტყველების ცოდვა. სულიერ ზრდასა და მრავალსიტყვაობას შორის უკუპროპორციული დამოკიდებულებაა. როდესაც მამა არმენს ეკითხებოდნენ, როგორ დაეცვა სული, იგი მიუგებდა: "როგორ დავიცვათ ჩვენი სულები, თუკი ენის კარი არ შეგვიკრძალავსო?!" წმინდა მამები გვასწავლიან, თუკი თავს არ განვიშორებთ ყოველივე ამქვეყნიურისა და ამაოსაგან, მაშინ თვით ის, ამქვეყნიური და ამაო, განგვაშორებს ჩვენ ღვთისაგან. ასე რომ უსაქმური კაცი განსაცდელში ადვილად ვარდება. "არაწმინდა დემონები შეეჩვივნენ იმათთან ყოფნას, და უმეტესად აშფოთებენ იმათ, რომელნიც თავს სიზარმაცით იუძლურებენ", - ამბობს ღირსი მამა ნილოს სინელი.
- მოციქული ბრძანებს: "სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკვდარ არსო". რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია სარწმუნოების არა მხოლოდ სიტყვით აღიარება, არამედ საქმეებით აღსრულება?
- ამასთან დაკავშირებით წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი წერს: "საქმე ღმრთისა ის არის, როდესაც კაცი ღმრთისგან მიღებულ სიტყვას საქმედ გადააქცევს, ღმრთის სწავლებასა და ჭეშმარიტებას მოიხმარს და არსებაში მოიყვანს. ღმრთის სიტყვა და სწავლება ჩვენთვის მოსახმარებლადაა მოცემული და არა უქმი ბაასისათვის. გახსოვდეს და გეშინოდეს ამ საშინელი სიტყვისა: წყეულ იყავნ მოქმედი საქმისა ღმრთისა უდებებით (იერემია 48,10). თუ უდები ხარ, უმჯობესი იყო შენთვის, სრულიად არ გაგეგონა სიტყვა ღმრთისა, ვიდრე ის, რომ გაიგონე და არ აღასრულე. შენში სიტყვა და საქმე, ქრისტიანული სწავლება და ცხოვრება ისე მტკიცედ უნდა იყოს შეერთებული, რომ ორივე შენს ერთ ბუნებას შეადგენდესო".
აღსარება სჯულისა ორნაირია: სიტყვით და საქმით. სიტყვით ღმერთს ის აღიარებს, ვინც ენით წარმოთქვამს ქრისტეს სახელსა და მის სარწმუნოებას, ხოლო საქმით ის, ვინც ცხოვრებითა და საქმეებით გამოხატავს იესო ქრისტეს სახარების ერთგულებას. ვისაც სურს სათნო ეყოს უფალს, ორივე აღსარება უნდა აღასრულოს, ე.ი. სიტყვა და საქმე შეაერთოს. ვინც მხოლოდ ენით აღიარებს უფალს, ხოლო საქმით მისი მცნებების წინააღმდეგია, იგი არათუ ქრისტიანი არაა, არამედ მოღალატეა ქრისტესი. უფალი მათ, რომელნიც ხშირად ევედრებოდნენ და შეწყალებას სთხოვდნენ, ეუბნება: რასა მეტყვით მე: უფალო! უფალო! და არა ჰყოფთ, რომელთა გეტყვით თქუენ (ლუკა 6,46). მაცხოვარი მათ იმიტომ საყვედურობს, რომ, მართალია, მის სიტყვებს ისმენდნენ, მაგრამ საქმით არ აღასრულებდნენ. როგორც ჩანს, მაშინაც იყვნენ სულმოკლე ადამიანები, სუსტი ხასიათისანი, რომელთაც სარწმუნოებაც ჰქონდათ და სასოებაც, მაგრამ ძალას ვერ ატანდნენ თავს, რომ ცოდვა მოეშალათ და სიწმინდით ცხოვრება დაეწყოთ. თუ ეკლესიაში დადიხარ და ლოცულობ, თუ ღვთისგან ცოდვების შენდობასა და მოტევებას ითხოვ, საქმითაც უნდა ეცადო, მოიშალო ცოდვა და სათნოება აღასრულო. წინააღმდეგ შემთხვევაში მაცხოვარი შენც გისაყვედურებს: უსაყვედურებს მატყუარასა და ცრუს, რომელიც ხშირად ატყუებს მოყვასს, ხშირად ლაპარაკობს სინდისის წინააღმდეგ, მერე კი ეკლესიაში მიდის და უფალს შეწყალებას სთხოვს; უსაყვედურებს ბოროტს, სიძულვილითა და შურით აღსავსეს, რომელიც ბედავს და ასეთი ცუდი გულით ღმრთის სახლში მიდის იმ იმედით, რომ შეწყალებული იქნება; უსაყვედურებს ხარბსა და გაუმაძღარს, რომელსაც ღმერთზე მეტად ვერცხლი უყვარს; მპარავსა და მტაცებელს, ერთი სიტყვით, ყოველ ქრისტიანს, რომელიც უმეტესად ცოდვასა და ვნებას ემორჩილება და თავის ცუდ თვისებებს არ ებრძვის, მაგრამ ლოცულობს და ღმრთისაგან შენდობას ითხოვს. მაცხოვარმა გვასწავლა, ვინც ღმრთის სიტყვას მხოლოდ ისმენს და მას საქმით არ აღასრულებს, იმ უგუნური კაცის მსგავსია, რომელმაც სახლი ქვიშაზე საფუძვლის ჩაყრის გარეშე ააშენა და ქარმა და წყალმა დაუნგრია; ხოლო ვინც ისმენს და აღასრულებს კიდეც, იმ გონიერ კაცს ემსგავსება, რომელმაც სახლი კლდეზე ააშენა და ღრმა საფუძველიც ჩაუყარა და ქარმა და ნიაღვრებმა მას ვერაფერი დააკლეს.
- საერო სამსახურები მრავალგვარია. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი ნებისმიერი მსახურებისას?
- წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი აღნიშნავს, რომ საერო სამსახურში მყოფთ ერთი კარგი და სასარგებლო ჩვეულება აქვთ. ყოველი მოხელე თუ თანამდებობის პირი წინა წელში თავისი საქმიანობის ანგარიშს შეადგენს და თავის უფროსს წარუდგენს. სასწავლებლის უფროსი იმის ანგარიშს შეადგენს, რამდენი მოსწავლე სწავლობდა მის სასწავლებელში, როგორ სწავლობდნენ და იქცეოდნენ, სახელმწიფო ხაზინადარი - რამდენი ფული შემოვიდა ხაზინაში და რამდენი გავიდა, გონიერი ვაჭარი - რამდენი მოიგო, ხოლო თუ წააგო, რა მიზეზით წააგო. ამგვარი ანგარიშის შედგენით ადამიანები გამოცდილებას იძენენ და იმასაც იტყობენ, რა შეეწევა მათი საქმის წარმატებას მომავალში და რა დააბრკოლებს.
სამწუხაროდ, ყველას ავიწყდება უმეტესად სასარგებლო და უსაჭიროესი ანგარიში, სახელდობრ, ანგარიში ქრისტიანული ზნეობითი ცხოვრებისა წარსული წლის განმავლობაში. ქრისტიანმა თავისი სინდისისა და ღმრთის წინაშე აუცილებლად უნდა წარადგინოს ანგარიში იმისა, როგორ გაატარა წინა წელს ცხოვრება - სიწმინდითა და კრძალულებით თუ დაფანტულად და უზრუნველად, ადრე გაკეთებულ მადლსა და სიკეთეს შემატა რამე, თუ ძველ ცოდვებს ახალი ცოდვები დაუმატა, უფრო მიუახლოვდა ღმერთს თუ უმეტესად დაშორდა. ყველაზე სასარგებლო ასეთი ანგარიშია, რადგან ადამიანის ყოველგვარი საქმიანობის წარმატება მის შინაგან თვისებებსა და მიდრეკილებებზეა დამოკიდებული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცი პირველად ქრისტიანი უნდა იყოს და მერე სამსახურის აღმასრულებელი. უფრო უკეთ რომ ვთქვათ, ქრისტიანობა და სამსახურის აღსრულება პიროვნებაში ისე განუყოფლად უნდა იყოს შეერთებული, რომ ერთი მეორეს ამშვენებდეს. მოკლედ, ვინც არ უნდა იყოს ადამიანი და რა საქმესაც არ უნდა აღასრულებდეს, ანგარიში უნდა მისცეს თავის თავს, ქრისტიანულად ასრულებდა ამ საქმეს თუ მხოლოდ პირადი სარგებლობისა და ანგარების მიზნით. ქრისტიანს უნდა ახსოვდეს, რომ ყოველ საქმეს, თვით უმცირესსაც კი, ზნეობრივი მხარე აქვს და თავისი საქმე ისე უნდა წაიყვანოს, კაცთა შორის ღმრთის სასუფევლის გავრცელებას შეუწყოს ხელი.
მამა პაისი ათონელიც აღნიშნავს, რომ რასაც უნდა აკეთებდეს ადამიანი, იგი ამას ღვთისთვის უნდა აკეთებდეს. ჩვენ ვივიწყებთ ღმერთს და შემდეგ ჩაერთვება აზრი, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ვაკეთებთ, ჩაერთვება კაცთმოთნეობა და ვცდილობთ, თვალში არ მოვხვდეთ ადამიანებს. თუკი ვინმე იმ აზრით მოქმედებს, რომ ღმერთი ხედავს მას, აკვირდება მის ნამოქმედარს, რასაც უნდა აკეთებდეს, ყველაფერი გამოუვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც რაღაცას იმისათვის აკეთებს, რომ ადამიანების წინაშე გამოჩნდეს კარგად, ის ყველაფერს კარგავს და ამაოდ ფლანგავს. ვიდრე რაიმეს გააკეთებდეს, ადამიანმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: "ვთქვათ, მე მომწონს, რასაც ვაკეთებ, მაგრამ ღმერთს თუ მოეწონება?" და კარგად დააკვირდეს, სათნოა თუ არა ის ღვთისთვის. თუ მას ამის გაკეთება ავიწყდება, მაშინ მას ღმერთი დაავიწყდება. ამიტომ ამბობდნენ უწინ: - "ღვთის გულისათვის!" ან - "ამ უღმერთოს ღვთისა არ ეშინია?!" ანდა ამბობდნენ: - "თუ ღმერთს სურს", "თუ ღმერთი მოგვცემს". ძველად ადამიანები ყველგან გრძნობდნენ ღვთის მყოფობას: მათ ღმერთი ყოველთვის თვალწინ ედგათ და ამიტომ ყურადღებით იყვნენ. ისინი იმ მდგომარეობას განიცდიდნენ, რომლის შესახებაც ფსალმუნში ნათქვამია: "წინასწარ ვხედავ უფალსა, რათა არა შევიძრა". სწორედ ამიტომ იყვნენ ისინი ესოდენ შეუძვრელად. ახლა კი ხედავთ, როგორ ნელ-ნელა შემოდის ევროპული ტიპიკონი და ძალიან ბევრი მხოლოდ ერული აღზრდის გამო იქცევა კარგად. რასაც უნდა აკეთებდეს ადამიანი, ამას მხოლოდ ქრისტესთვის უნდა აკეთებდეს, აცნობიერებდეს, რომ ქრისტე ხედავს მას, თვალყურს ადევნებს. შინაგანად ამას ადამიანური საწყისი არ უნდა ჰქონდეს. ადამიანის ყოველი მოქმედების გულისგული ქრისტე უნდა იყოს. თუ რაღაცას იმ მიზნით ვაკეთებთ, რომ ადამიანებს მოვეწონოთ, ეს არანაირ სარგებლობას არ მოგვიტანს. დიდი ყურადღებაა საჭირო. აუცილებელია, გამუდმებით ვიკვლევდეთ, რა მიზეზები უდევს საფუძვლად ჩვენს ქმედებას. როგორც კი გავაცნობიერებ, რომ რაღაც საკითხში კაცთმოთნეობით ვარ აღძრული, დაუყოვნებლივ უნდა დავცხო მას, იმიტომ რომ თუ რაიმე სიკეთის გაკეთება მსურს და ამაში კაცთმოთნეობა ერთვება, აი, სწორედ მაშინ ვცდილობ ჭიდან წყლის ამოღებას ნახვრეტებიანი სათლით.
საცთურთა უმრავლესობა ხშირად ქმნის ჩვენს "მეს", როდესაც სხვა ადამიანებთან დაპირისპირებისას შინაგანი თვითნებობა გვაქვს, ანუ, როდესაც პირადი ანგარიშით ვართ აღძრულნი; როდესაც გვსურს, საკუთარ თავს გადავაჭარბოთ და საკუთარი, პირადი დავიკმაყოფილოთ. ზეცაში ერული აღმართებით კი არა, სულიერი დამდაბლებით ადიან. ვინც დაბლა ჩადის, ის იმედიანად მიდის და არასოდეს ეცემა. ამიტომ, მოდით, რამდენადაც შევძლებთ, ამოვშანთოთ საკუთარი თავიდან ერული ყოყოჩობა და ერული წარმატებულობა, იმიტომ რომ სწორედ ესაა სულიერი წარუმატებლობა. ჩავახშოთ ფარული თუ აშკარა ეგოიზმი და კაცთმოთნეობა, რათა მხურვალედ შევიყვაროთ ქრისტე. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ სულიერი ცხოვრება უხმაუროა.
- დაბოლოს, მამაო, დღევანდელი მსოფლიო დგას ეკონომიკური კრიზისის წინაშე. უმუშევრობა ტოტალურ პრობლემად იქცა. ბუნებრივია, ყველა კითხულობს: რამდენ ხანს გაგრძელდება კრიზისი. როგორია ეკლესიის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი?
- წმინდა მამები გვირჩევენ, რომ უმჯობესი იქნებოდა სიტყვა "კრიზისისთვის" "ღვთის მსჯავრი" გვეწოდებინა. "კრიზისის მიზეზი ყოველთვის ერთია, - ამბობს წმინდა ნიკოლოზ სერბი, - ყველა გვალვის, წყალდიდობის, ეპიდემიისა და სხვა ჭირთა მიზეზი იგივეა - ესაა ღვთისგან განდგომა. ახლანდელი კრიზისიც განდგომილების ცოდვამ გამოიწვია და ღმერთმაც დაუშვა იგი, რომ გაეღვიძებინა, გამოეფხიზლებინა ადამიანები, რომ გონს მოსულიყვნენ და დაბრუნებოდნენ უფალს. თანამედროვე ადამიანის შეგონებისთვის უფალმა თანამედროვე საშუალებები გამოიყენა. მან დარტყმა მიაყენა ბანკებს, ბირჟებს, მთელ ფინანსურ სისტემას. მთელი მსოფლიოს ფულის გამცვლელთა მაგიდები ამოაყირავა, როგორც ეს ერთხელ იერუსალიმის ტაძარში გააკეთა. გადამხურდავებელთა და ვაჭართა შორის არნახული პანიკა დათესა. აღაშფოთა, დაამხო, არია, შეაძრწუნა, შიში დანერგა და ყოველივე იმისათვის, რომ ევროპელი და ამერიკელი ბრძენნი გამოფხიზლებულიყვნენ, გონს მოგებულიყვნენ და ღმერთი გახსენებოდათ. იმისთვის, რომ მათ, მატერიალური კეთილდღეობის ნავსაყუდელში განმტკიცებულებს - საკუთარი სულები გახსენებოდათ და მაღალი ღმერთისთვის, ცოცხალი ღმერთისთვის ეცათ თაყვანი".