რომ შეგვეძლოს იმ ადამიანთა სინდისში ჩახედვა, რომლებიც ეკლესიაში არ დადიან, დავინახავთ, რამდენი ჭრილობა და ეკალია მათ სულში
"უფალო, სწორი გზით მატარე!"
"უფალო, სწორი გზით მატარე!"
ტაძარში სიარულის საჭიროების შესახებ წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: "როდესაც თქვენს მცირერიცხოვნებას შევყურებ და ვხედავ, რომ ჩვენი სამწყსო ყოველი შეკრების შემდეგ სულ უფრო მცირდება, ერთდროულად ვწუხვარ და მიხარია. მიხარია თქვენ გამო, ვინც ახლა აქ ხართ; ვწუხვარ მათზე, ვინც თქვენთან არ არის. ქების ღირსი ხართ, რადგან მიუხედავად სიმცირისა, არ გახდით გულგრილნი; ისინი კი განკიცხვას იმსახურებენ იმის გამო, რომ თქვენებრ მოშურნენი არ არიან. ამიტომაც გიწოდებთ ბედნიერებსა და ნეტარებს, რამეთუ მათმა უზრუნველობამ გავლენა არ მოახდინა თქვენზე; ხოლო მათ, რადგან თქვენი მოშურნეობით ვერ ისარგებლეს, შევრაცხავ ვითარცა საბრალოთ და ვტირი. ნუთუ არ სმენიათ წინასწარმეტყველის სიტყვა: "ვირჩიე მე მივრდომა სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროის ვიდრეღა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა" (ფს. 83,11). მოხარული ვარ, ვიყო უკანასკნელთა შორის, - გვაუწყებს წინასწარმეტყველი, - იმაზედაც თანახმა ვარ, თუკი კარიბჭესთან მოხვედრის ღირსი გავხდები. უდიდეს წყალობად ჩავთვლი, თუ სულ უკანასკნელთა შორის დამაყენებენ "სახლსა ღმრთისა ჩემისასა". ყველასათვის საერთოს - ღმერთს სიყვარული ითავისებს, ამგვარია მისი თვისება. ამიტომაც ამბობს დავით მეფე: "სახლსა ღმრთისა ჩემისასა". შეყვარებულს არა მარტო სატრფოს, არამედ მისი სახლის, კარიბჭისა და ქუGის დანახვაც კი ენატრება. ხოლო თუ მის სამოსელს მოჰკრავს თვალს, ჰგონია, მის წინაშე თავად დგას. ასევე წინასწარმეტყველნი - თუმცა ვერ ხედავდნენ ღმერთს, ტაძარს შეჰყურებდნენ და მასში ჰყავდათ იგი წარმოდგენილი".
ხშირად გაიგონებთ: "ღმერთი მწამს, მაგრამ ეკლესიისა და სამღვდელოებისა არა მჯერა". მაგრამ შესაძლებელია კი, რომ ღმერთი გწამდეს, ხოლო ეკლესია და მისი იერარქია - არა? და მაინც, თუკი ასეთი რამ Gვენს ცხოვრებაში გვხვდება, მაშინ ახალი კითხვა იჩენს თავს: როგორია ეს რწმენა და რა შეიძლება ეწოდოს მას? განა ქრისტიანობა ეკლესიური ერთობის გარეშე არსებობს? გვესაუბრება ჯვარისმამის სახელობის მღვდელმსახური, დეკანოზი თავმას ჩოხელი:
- მოციქული პავლე გვასწავლის, რომ "ეკლესია არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა" (1 ტიმ. 3,15-16), რომ ეკლესია არის "ქრისტეს სხეული" (კოლ. 1,2; ეფეს. 1,23). მაცხოვარი ბრძანებს: "აღვაშენო ეკლესია ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათ. 16,18). ახლა ვთქვათ, შეიძლება კი, ქრისტიანი იყო და ქრისტეს ეკლესიაში არ იყო: შეიძლება კი, იღებდე ქრისტეს სწავლებას და არ იღებდე მის ეკლესიას? არ შეიძლება. ცხოვრებაში კი ვხვდებით ასეთ "რწმენას", მაგრამ ეს არ არის ნორმალური მოვლენა ისევე, როგორც ცოდვა არის ღვთის სიმართლისგან განდგომა, რომელსაც კაცნი სჩადიან, მაგრამ მისი სახელი უსჯულოებაა.
წმინდა მამები გვირჩევენ: ტაძარი ჩვენს მეორე და უმთავრეს სახლად რომ იქცეს და ვიგრძნოთ, რომ იგი "ჩვენია", შეძლებისდაგვარად სრულად მივიღოთ მადლი სულისა წმიდისა, უნდა ვიაროთ ტაძარში და უნდა ვიმყოფებოდეთ მასში, საკუთარ სულს ღმერთთან კავშირი უნდა ვასწავლოთ და მაშინ ზეციური მამა და მასწავლებელი, როდესაც ჩვენს გულმოდგინებას დაინახავს, განგვსწავლის, რომ ხელი მაგრად ჩავჭიდოთ და ცხონების გზაზე დაგვაყენოს.
- როგორ უნდა იქცეოდეს ადამიანი ტაძარში?
- უპირველესად, ტაძარში ყოფნისას უკიდურესი მოკრძალება გვმართებს. ეს უფალს კი არ სჭირდება, ჩვენთვისაა საჭირო. ჩვენთვისაა დიდი ბედნიერება, რომ ღმერთმა ჩაგვაგონა, მისთვის მიგვემართა და მის საბრძანებელში შესვლის შესაძლებლობა მოგვანიჭა. "რაი მივაგო უფალსა, რომელი ესე მომაგო მე. სასუმელი ცხოვრებისა მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო. ლოცვანი ჩემნი უფალსა მივცნე დღითიდღე", - ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი.
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ტაძარში დგომისა და მოქცევის წესებზე ამბობს: "თუ კაცი უკან, შორს იმისთვის დადგა, რომ მყუდროდ იყოს, თვალები და გონება არ გაეფანტოს და მეტადრე სიმდაბლით და მორიდებით ილოცოს, ეს მადლი იქნება; მაგრამ როცა ზოგიერთი უკანა კარის ახლოს იმისთვის დგება, რომ ლოცვის დამთავრებას არ დაელოდოს და მალე წავიდეს, ეს ცოდვაა; ტაძარში წინ დადგომა ცოდვა არ არის, თუკი კაცი ამას ამპარტავნებით არ აკეთებს. ზოგიერთი წინ იმისთვის დგება, რომ ლოცვები უკეთ გაიგონოს და სამღვდელო მოქმედება კარგად დაინახოს. ეკლესიაში დუმილით და კრძალვით დგომა ქრისტიანის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა. ვინც ტაძარში ყოველთვის უკრძალველად იქცევა, ხმამაღლა ლაპარაკობს, წირვას, კითხვასა და გალობას არ ისმენს, იგი ბეჯითად და კეთილად ვერც სხვა ქრისტიანულ მოვალეობებს ვერ აღასრულებს".
- ხშირად მრევლის წევრები თავს უფლებას აძლევენ, მოურიდებლად გაკიცხონ, არცთუ კორექტული შენიშვნა მისცენ ადამიანებს, რომლებიც, მათი აზრით, არღვევენ ეკლესიის განაწესს. ხანდახან მითითებები ადამიანის შეურაცხოფაშიც გადადის, რაც მრევლის დაბრკოლების ერთ-ერთი მიზეზი ხდება. რას იტყვით ამაზე?
- ერთ-ერთ ქადაგებაში უწმიდესმა ბრძანა: "ტაძარში ჩვენს ქცევას კიდევ ერთი სენი სჭირს. ზოგიერთი უძლურებისა და ავადმყოფობის გამო ვერ უძლებს მთელი წირვის მანძილზე ფეხზე დგომას და სადმე ჩამოჯდება ხოლმე. უფალი ხედავს კაცის გულს და იცის მისი ხორციელი უძლურების შესახებ. თქვენ კი, ჯან-ღონით აღვსილებო, ნუ განიკითხავთ მას, ახალგაზრდაა იგი თუ ხნიერი, ნუ მისცემთ შენიშვნას. ეს თვით იმ ადამიანის სინდისის საქმეა. ახალგაზრდაც ხომ შეიძლება იყოს ინვალიდი. ერთმა კაცმა შეძრწუნებით მიამბო, რომ ჩვენს მონასტერში მოსული შეესწრო საშინელ ამბავს: საღვთო ლიტურგიის აღსრულებისას, თანაც ევქარისტული კანონის მომენტში, ერთი ხნიერი ქალი აძალებდა შედარებით ახალგაზრდას, ფეხზე ამგდარიყო. ის კი ხვეწნით იმართლებდა თავს, ფეხზე წყლული მაქვს და დგომა არ შემიძლიაო. მაშინ გაისმა საშინელი სიტყვები: "სულაც დაგლპობია და მოგსპობია ეგ ფეხიო". შემდეგ კი, ვითომც არაფერიო, ეს ქალი პირჯვარსაც ისახავდა, მეტანიასაც აკეთებდა, გალობდა "მამაო ჩვენოს". იქნებ ეზიარა კიდეც. ამის მოყოლაც საშინელებაა და გაგონებაც! ჩვენში ძალზე ხშირად იმართება ასეთი არაადამიანური დიალოგები.
მეტიც, შეურაცხვყოფთ ადამიანს, ჩვენი უადგილო შენიშვნით ვაწყენინებთ და მერე მოჩვენებითი სიმდაბლით ვიტყვით: "მომიტევე მე, უფალო!" ეს თავხედური, უზნეო დაცინვაა: მომიტევე, რომ ცოტა გაწყენინე - აი, როგორი ვერაგია კაცის ბუნება! უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
გონს მოდით, ნუ მისცემთ თავისუფლებას თქვენს ბოროტ ენას ტაძარში. გახსოვდეთ, რომ უფალი მხოლოდ მრავლისმომთმენი არ არის, არამედ "საშინელ არს შევრდომაი ხელთა ღმრთისა ცხოველისათა" (ებრ. 10,31).
- ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ათწლეულების მანძილზე ადამიანების გონებაში თესავდნენ ურწმუნოების ბოროტ თესლს, ეჭვსა და უნდობლობას ეკლესიისა და სასულიერო პირების მიმართ, დღეს კი ბევრი თავისივე ნებით, სხვადასხვა მიზეზის დასახელებით შეგნებულად ამბობს უარს ამ დიდ წყალობაზე. რატომ ხდება ასე?
- დიახ, ადრე ხელოვნურად ქმნიდნენ ადამიანის ცნობიერებაში კარიკატურულ წარმოდგენებს ეკლესიაზე. არცთუ დიდი ხნის წინ უშიშროების სამსახური აკონტროლებდა სასულიერო სასწავლებელში შესვლის პროცესებს, პატიოსან, ჭკვიან, განათლებულ ადამიანებს ათასგვარად ეღობებოდა წინ. თუმცა, რაღა თქმა უნდა, არსებობს სუბიექტური მიზეზებით ეკლესიისაგან ინდივიდუალური განდგომისა და დაშორების შემთხვევებიც.
ამის შესახებ მთავარეპისკოპოსი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) წერს: "საჭიროა ცოცხალი მონაწილეობა ეკლესიის ცხოვრებაში. და მხოლოდ ამ შემთხვევაში იხსნება ეკლესია ადამიანის წინაშე, როგორც უმაღლესი რეალობა. იმისათვის, რომ ადამიანმა გაარჩიოს ეკლესიის არსი სხვადასხვა ფორმით მისი გარეგნული გამოვლინებისაგან, სულაც არ არის საჭირო იყოს ღვთისმეტყველი; მაგრამ ვაი, რომ ხშირად ხდება აღრევა და თუ ეკლესიის გარეგნულ გაფორმებაში ადამიანს რაღაც არ მოეწონა ან მიუღებელი გახდა მისთვის, შინაგანად, შინაარსობრივადაც სცილდება ეკლესიას.
სწორედ ეს არის საერთო ფსიქოლოგიური ფესვი, საერთო საფუძველი, რომელზეც აღმოცენდება ხოლმე მეტ-ნაკლები განდგომილება ეკლესიისაგან. მაგალითად, თუ რომელიმე ეკლესიაში მღვდელი რაღაცით აბრკოლებს ვინმეს (ხმით, მსახურების მანერით, უღირსი საქციელით და სხვ.), დაბრკოლებული ადამიანი ხშირად საერთოდ ტოვებს ეკლესიას. ასეთი მაგალითების მოყვანა მრავლად შეიძლება: მოდით ვიკითხოთ, რატომ აბრკოლებს მღვდლის უღირსი საქციელი ადამიანს მთელი ეკლესიის მიმართ? განა მღვდელი და ეკლესია ერთი და იგივეა? განა ძნელია იმის გაგება, რომ ეკლესია წმინდა რჩება და არ იბილწება მაშინაც კი, თუკი მისი მსახურები უღირსად იქცევიან? ნუთუ მთელი არსი ეკლესიისა სამღვდელოებაში მდგომარეობს? ეკლესია ხომ იესო ქრისტეს მისტიკური სხეულია, რომელსაც გააჩნია ზეციურ უსხეულო არსებათა (ანგელოზთა) და წმინდანთა (ადამიანნი, რომლებიც გამართლდნენ ღვთის წინაშე) ერთობა. ამ ერთობას ზეციურ ეკლესიას უწოდებენ. სხვაგვარად შეიძლება მოზეიმე ეკლესია ვუწოდოთ. ეკლესიის თვალხილულ მხარეს შეადგენენ მორწმუნე საზოგადოება და სასულიერო იერარქია სპეციალურად განკუთვნილი საღვთისმსახურო ადგილით, მოციქულთაგან მემკვიდრეობით მიღებული წესებით და ტრადიციებით. მას სხვანაირად მიწიერი, ანუ მებრძოლი ეკლესია ჰქვია. თავი ზეციურის და მიწიერის ერთობისა არის თვით ქრისტე მაცხოვარი. მაგრამ ვაი, რომ ჩვენ, ადამიანებს განზოგადებული მსჯელობა გვახასიათებს ხშირად და იგივე გვემართება ეკლესიასთან მიმართებითაც: ეკლესიას ედება ხოლმე ბრალი იმაში, რაშიც სცოდავენ მისი მსახურნი. ასეთი საქციელი, რა თქმა უნდა, არ არის სწორი, რადგან ეკლესია არ არის რომელიმე მღვდელი ან ეკლესიის მსახური; და მიუხედავად ამისა, ის, ვინც უღირსად იქცევა ეკლესიის წიაღში, ნებსით თუ უნებლიეთ, ეკლესიის მტრად გვევლინება და რაც არ უნდა მცდარი იყოს განზოგადების პრინციპით მსჯელობა ეკლესიის შესახებ, ეს ასე ხდებოდა ყოველთვის და ალბათ ასეც იქნება. ადამიანის ცნობიერებაში ღმერთის სახელი სიწმინდესთან, სიმართლესთან, პატიოსნებასთან არის დაკავშირებული და მისი მსახურისგანაც იმავეს ითხოვს. სწორედ ამიტომაც მართებს ღვთის მსახურს უდიდესი პასუხისმგებლობა ყოველი მისი მოქმედებისას, და არა მხოლოდ მსახურს, არამედ ყოველ წევრს ეკლესიისა, საერონი იქნებიან ისინი თუ სასულიერონი. მათი საქციელის მიხედვით შეიძლება კიდეც იდიდოს ღმერთის სახელი და მისი ეკლესია მართლაც მყუდრო თავშესაფრად იქნეს აღქმული, და შეიძლება კიდეც შეგინებული და უარყოფილი იქნეს".
- ერთ-ერთი მიზეზი, რაც ხშირად აბრკოლებს ადამიანს, არის ის, რომ ადამიანებმა არ იციან ღვთისმსახურების თანმიმდევრობა და მისი შინაგანი არსი - მნიშვნელობა. რამდენად სერიოზული და საპატიოა ეს მიზეზი?
- ადამიანი ყოველთვის მოახერხებს ამის გაგებას, ოღონდ, მთავარია, ნამდვილად სურდეს. ეკლესიიდან განდგომის ჭეშმარიტი მიზეზი ეს არ გახლავთ. მთელი უბედურება ისაა, რომ ეკლესია, ღვთისმსახურება თანდათან ზედმეტი ხდება სულისათვის, შინაგან გაუცხოებას აქვს ადგილი, რაც დაკავშირებულია სულიერ სიზარმაცესთან. ადამიანი სულით ხორცამდე ამსოფლიურ საქმეებშია ჩაფლული. წმინდა იოანე ოქროპირი მათზე, ვინც საეკლესიო ღვთისმსახურებას არ ესწრებიან, ბრძანებს: "მინდა ვიცოდე, სად არიან ახლა, რამ დააბრკოლა ისინი და განარიდა საღვთო ტრაპეზს? რაზედ საუბრობენ ახლა? თუმცა, მე კარგად ვიცი ეს: ან უგვან და სასაცილო თემებზე ბაასობენ, ამ ამქვეყნიურ საზრუნავს მისცემიან. ერთიცა და მეორეც მიუტევებელია და მკაცრ სასჯელს იმსახურებს. ამაოდ მოლაყბეებზე საუბარიც არ არის საჭირო, არამედ ისინიც ვერ გამართლდებიან, ვინც ჩვენთან თავს იმართლებენ და ამბობენ, რომ მათ ხელს უშლის აუცილებელი საჭიროება ოჯახურ საქმეთა მოგვარებისა, რადგან ეკლესიაში მოსვლა კვირაში ერთხელ ევალებათ და მაშინაც არ სურთ მიწიერ საზრუნავს მოსწყდნენ. ეს სახარებიდანაც ნათლად ჩანს: საქორწინე ლხინზე მიწვეულებმა უარი თქვეს პატიჟზე ამგვარი მიზეზების გამო: ერთმა ხარები იყიდა, მეორემ - აგარაკი, მესამემ ცოლი შეირთო და ამის გამო ვერ მოიცალეს, მაგრამ ამისდა მიუხედავად, ისინი დაისაჯნენ (ლუკა 14,18-28). ყველა ეს საქმე აუცილებელია, მაგრამ მათით ვერ გავმართლდებით, რადგან ისინი ამაონი არიან ღვთის წინაშე. უპირველესად, ღმერთს მიაგე პატივი, ხოლო შემდეგ იზრუნე სხვა დანარჩენ საქმეებზე. რომ შეგვეძლოს იმ ადამიანთა სინდისში ჩახედვა, ვინც ეკლესიაში არ დადის, დავინახავთ, თუ რამდენი ჭრილობა და ეკალია მათ სულში. როგორც დაუმუშავებელი მიწა უხეშდება და ბუჩქებით იფარება, ასევე საღმრთო სწავლებას მოკლებულ სულშიც აღმოცენდება ეკლები და მანკიერი სურვილები. თუკი ჩვენ, ვინც ყოველდღიურად ვუსმენთ წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს, ძლივს ვახერხებთ შურის, გესლის ამოგლეჯას გულიდან და საღმრთო წერილიდან განუწყვეტლივ ვუგალობთ ჩვენს ვნებებს - მძვინვარე მხეცებს, რათა როგორმე დავაცხროთ ისინი, მაშინ განა შესაძლებელია, ხსნის რაიმე იმედი ჰქონდეთ მათ, ვინც არასდროს არ უსმენს ღვთაებრივ სიბრძნეს და ამგვარი მკურნალობით არ სარგებლობს?"
- რამდენად საყურადღებოა საკითხი, თუ როგორ აღვზარდოთ ბავშვი ისე, რომ დავუმეგობროთ ეკლესიას?
- ამის შესახებ იღუმენი პეტრე მეშერინოვი წერს: ბევრი მშობელი დარწმუნებულია, რომ მათ ბავშვებს ღვთის შეცნობა მხოლოდ ტაძარში შეუძლიათ; არადა, ზოგჯერ ასე სულაც არ არის. ბავშვთა რელიგიური აღზრდა არსობრივად განსხვავდება უფროსებისაგან. შემთხვევით არ უთქვამს უფალს: "თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში" (მათ. 18,3). ეს მცნება, რასაკვირველია, უფროსებს საკუთარი თავის "პრიმიტირებას" არ გვიბრძანებს. პავლე მოციქული ამბობს: "ძმანო, ნუ იქნებით ყრმანი გონებით; ბოროტისათვის ყრმანი იყავით, მაგრამ სრულწლოვანნი იყავით გონებით" (1 კორ. 14,20). ეს ნიშნავს, რომ ბავშვები მიემსგავსებიან უფალს. ბავშვებს ხელეწიფებათ უფლის ცხოველმყოფელობის აღქმა შუამავლის გარეშე, ისინი მას ყველგან გრძნობენ, გარშემო არსებულ მშვენიერ და საოცარ სამყაროში, ბავშვურ ყოფიერ სიხარულში. მაგრამ ყველაზე ახლოს ბავშვებს უფლის შეგრძნება მშვიდობიან, სიყვარულით სავსე ატმოსფეროში შეუძლიათ. და აი, აქ "იხსნება ყველა კვანძი!" უპირველესად, ასეთი ატმოსფერო სად უნდა სუფევდეს, თუ არა ოჯახში? დედ-მამას უნდა უყვარდეს ერთმანეთი და შვილები, ოჯახში მშვიდობა უნდა სუფევდეს, მშობლებმა სწორედ ამ გზით უნდა შექმნან პირობები, რათა ბავშვები უფლისა და სულიერი ცხოვრების შეცნობისას არ დაბრკოლდნენ. ეს ღვაწლი სულაც არ მიიღწევა უფალზე გამუდმებული ან დამუქრებული საუბრით ("უფალი დაგსჯის, თუ ცუდად მოიქცევი"), არამედ ცხოვრებისეული მაგალითებით. თუ მშობლებისთვის ქრისტე არის არა გარეგნული, არა მოვალეობა ეკლესიაში მისვლისა, არა საშუალება სულიერი აღზრდისა, არამედ ყველაზე ძვირფასი, მნიშვნელოვანი და ფასეული მთელ დედამიწაზე, მაშინ ბავშვებიც ქრისტეს აღიქვამენ როგორც მშვიდობის, სიკეთისა და სიყვარულის წყაროს, რომელიც მარადიულად სუფევს მათ ოჯახში. მაგრამ ასეთი ოჯახები ძალიან იშვიათია. ოჯახში ხშირადაა ხმაური, ჭირვეულობა, გაუტანლობა და კინკლაობა წვრილმანების გამოც კი. არადა ქრისტიანული ოჯახისთვის უმთავრესია - საკუთარი სულიერი და ყოფითი ცხოვრება ჰარმონიული იყოს. მშობლებს თავად შეუძლიათ ამის გაცნობიერება, მაგრამ ხშირად მათ არც ძალა და არც სურვილი არ აქვთ, არ იციან საკუთარი ოჯახური ცხოვრების ისე ორგანიზება, რომ მის საფუძველში ღვთის კრძალვა, ქრისტიანული ფასეულობები ჩაიდოს, რათა ოჯახი ნამდვილ ოჯახურ ეკლესიად იქცეს. ეს იმის მიზეზია, რომ სულიერი ცხოვრება გარეგნულ-ფორმალურად, ავტორიტარულად, წიგნიერად, სქემატურად აღიქმება. ასეთ პირობებში სავსებით ბუნებრივია მათი სურვილი, რელიგიური აღზრდა მხოლოდ ეკლესიას გადააბარონ. მათი წარმოდგენით, ეკლესია ფორმალურ-ავტომატური, თითქმის მაგიური ხდება, ეკლესიურობაში მხოლოდ გარეგნული ქცევები, მაგალითად, ღვთისმსახურებაზე დასწრება, საკვირაო სკოლებში სიარული იგულისხმება.
ცხადია, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. ოჯახი მთელი ძალისხმევით უნდა შეეცადოს, მიაღწიოს, რომ უფალი იყოს არა ვიღაც მკურნალი, რომელიც დასვენების დღეებში ძალას გვაკარგვინებს, არამედ ცოცხალი ღმერთი, ის, ვინც იქნება ოჯახური ცხოვრების ცენტრი. ეს უნდა იყოს ოჯახის მიზანმიმართული, გააზრებული ზნეობრივი ღვაწლი, რომელიც ორიენტირებული იქნება არა უპირველესად "წესების" დაცვაზე, არამედ ჭეშმარიტი ოჯახური ეკლესიის შექმნაზე. აქედან დაიწყება ეკლესიური აღზრდაც. რელიგიური აღზრდის საქმეში კი უმთავრესია არა ძალდატანება, არამედ რელიგიური გრძნობების ორიენტირება შინაგანზე, უფალზე, ცოცხალ ქრისტეზე და არა მხოლოდ გარეგნულ - მსახურებების ზედმიწევნით აღსრულებაზე ფიქრი.
- ამ შემთხვევაში, ალბათ, აუცილებელია გავითვალისწინოთ ბავშვების ფსიქოლოგიური თავისებურებანიც. განა შესაძლებელია ბავშვს მოსთხოვო, ისევე დაიცვას ეკლესიაში მოქცევის წესები, როგორც უფროსმა?
- რა თქმა უნდა, ტაძარში შემოსვლისას ბავშვები 5-10 წუთის განმავლობაში იხიბლებიან ეკლესიის სილამაზით, გალობით, ღვთისმსახურებით, მაგრამ შემდეგ გართობას იწყებენ. ბევრ უფროსს არ ესმის ეს. არადა გვავიწყდება, რომ ბავშვებს არ შეუძლიათ წირვის ინტელექტუალურად აღქმა. უპირველესად, ისინი უნდა დარჩნენ ბავშვებად. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ვაქციოთ ისინი პატარა ბერ-მონაზვნებად. დაე, ირბინონ, იხმაურონ, ითამაშონ თანატოლებთან ერთად (მაგრამ, ცხადია, არა ტაძარში), ისწავლონ, შეიმეცნონ სამყარო. საჭიროა, მეტად ფრთხილად და სათუთად განვუსაზღვროთ მათ ეკლესიის დანიშნულება - მთელი ყურადღება მათში ღვთის კრძალვისა და მოწიწების გაღვიძებისკენ გადავიტანოთ, რათა ბავშვისთვის ეკლესია იყოს დღესასწაული, ჯილდო და არა რუტინა და ვალდებულება. ჩვენ კი ძალით დაგვყავს ბავშვი ტაძარში, ვაიძულებთ, დიდხანს იკითხოს ლოცვები, მკაცრად, სევდიანი სახით მოემზადოს ზიარებისთვის. ამიტომაც ვიწვნევთ ხოლმე, სამწუხაროდ, ასეთი მიდგომის ნაყოფს - დაკარგულ მადლს, ბოლოს კი ეკლესიასთან დაშორებას.
- დაბოლოს, ყველას თავისი გზა აქვს ეკლესიასთან, საერთოდ სარწმუნოებასთან მისასვლელი. რამდენად მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ადამიანს მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით არ შეუძლია საკუთარი თავის გამოსწორება, თუნდაც დანახვა, ცხონების გზაზე შედგომა? ამისათვის მას სჭირდება სულიწმინდის მადლი, რომელიც ეკლესიაშია...
- იცით, ყოველი ადამიანის გულში, რაც უნდა ურწმუნო იყოს იგი და არაღვთივსათნოდ მცხოვრები, ღვთიური სიკეთის მარცვალი მაინც მოიპოვება, რადგან იგი ღვთის ხატად და მსგავსადაა შექმნილი. არის პერიოდები ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც იგი ღმერთს, მასთან მყოფობას ეძებს, გარესამყაროსა და საკუთარ თავს აკვირდება. ამ დროს მას უფალი უხმობს, თავისკენ მოუწოდებს. მთავარია, ადამიანმა უზენაესის ხმას ყური მიუგდოს, მიჰყვეს მას, გამოფხიზლდეს სულიერი ძილისაგან, აღდგეს დაცემული და დაადგეს გზას ჭეშმარიტსა და ცხოვრებისმომცემელს, რომელიც არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე. "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე", - ბრძანებს უფალი. თითოეულის ცხოვრებაში დგება ჟამი ღვთის ძიებისა. მაგრამ როდესაც ადამიანი სულიერ გზას დაადგება, ჩვილი ბავშვივითაა - ბევრი რამ არ იცის. ამიტომ მან უფალს უნდა მიმართოს დახმარებისთვის: "უფალო, სწორი გზით მატარე!"
ერთ-ერთი სასულიერო პირი წერს: "უფალი ადამიანს მიუტევებს, თუ ის ითხოვს ამის შესახებ, აღიარებს მღვდელთან აღსარებაში თავის ცოდვას, თუ მტკიცედ მოინდომებს ებრძოლოს შემდეგში თავის წარსულ ცოდვებს და მთელი ძალით შეეცდება აღარ დაუშვას ეს. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ადამიანი უცებ გამოსწორდეს, უეცრად მოიშოროს ყველა თავისი ცოდვილი ჩვევა, არასწორი შეხედულებები, მცდარი მსოფლმხედველობა. კაცს არ ძალუძს უცებ გახდეს წმინდანი. ცოდვებისგან, მავნე ჩვევებისგან განთავისუფლება - რთული და ხანგრძლივი საქმეა. ეს ის ამოცანაა, რომლის შესრულებისთვისაც ყველა ადამიანია უფლისაგან მოწოდებული (ვინაიდან "მრავალნი არიან ჩინებულ, ხოლო მცირედნი - რჩეულ". (მათე 22,14). მის შესასრულებლად დრო გვაქვს გამოყოფილი - ეს ჩვენი სიცოცხლეა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თავად ადამიანი ვერ შეძლებს გადაჭრას ეს ამოცანა მხოლოდ საკუთარი ძალებით - მეტად ძლიერია დემონთა და საკუთარ ცოდვილ ჩვევათა წინააღმდეგობა, ხოლო ჩვენი თავისუფალი ნება კი, პირიქით, მეტად სუსტი. მხოლოდ უფლის შემწეობით, მისი ღვთაებრივი ძალის (მადლის) ხელშეწყობით, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიის საიდუმლოებებში მოქმედებს, შეუძლია ადამიანს შეასრულოს ის, რასაც მოელის მისგან ღმერთი. "რაც უფრო არაეკლესიურად, არასწორად ცხოვრობს ადამიანი, ხშირად სცოდავს, მით უფრო მეტად მოქმედებს ბოროტი ძალა მის ფსიქიკაზე და პირიქით, რაც უფრო განწმენდილია, მაღალი სულიერების არის იგი, მით უფრო უჩნდება ღვთიური იდეები, აზრები, წარმოდგენები, აკეთებს შესაბამის დასკვნებს. ამ დროს სულიწმიდის მადლი ხსნის, წმენდს ადამიანის გონებას, საღს ხდის მის აზროვნებას და განა შეიძლება, რომ ღვთაებრივმა ძალამ სულიერად დაბინძურებულ კაცთან დაივანოს? ეს მადლი გვამეცნებინებს სამყაროს ისეთ მოვლენებს, კანონზომიერებებს, ეკლესიისგან განზე მდგომი რომ ვერაფრით ჩასწვდებოდა. საკუთარი თავის სრულფასოვანი, ჭეშმარიტი გაგებაც მისი მოქმედების გარეშე შეუძლებელია", - წერს მღვდელი დავით ციცქიშვლი.
ასე რომ, "მოიცალეთ და გულისხმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი" (ფს. 45,10). ამ სიბრძნის მოსაპოვებლად კი მრავალი მეცადინეობაა საჭირო.
ეკლესიაში ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, ვიყოთ მასში არსებული მადლიანი ძალების მფარველობის ქვეშ და მათგან მივიღოთ სულიერი საზრდო. მთელი შემდგომი ცხოვრება კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად აქტიურად ვიცხოვრებთ ეკლესიის წიაღში.