ჩვენ ტრადიციულ ფესვებზე აღზრდილი მომავალი თაობა გვჭირდება
წიგნში "ბავშვთა აღსარება" ვკითხულობთ: "პატარა ბავშვებმა არ იციან, რა არის ცოდვა.
მხოლოდ მოძღვართან საუბრის შემდეგ ხვდებიან, რომ ცოდვაა გაუგონრობა, დაუკითხავად რამის აღება და ასეთი რამეები. თანაც ცოდვად მხოლოდ "ცუდი საქციელი" კი არ მიიჩნევა, არამედ "ბილწი გულისთქმებიც". ბავშვებს ხშირად ეს "ბილწი გულისთქმები" უფრო აშინებთ, ვიდრე "ცუდი საქციელი". "ვიღაც მაიძულებს ცუდი სიტყვების თქმას, მე კი არ მინდა ასე მოვიქცე", - ამბობენ ისინი. ასეთ დროს მშობლები უნდა ესაუბრონ პატარას, ურჩიონ, რომ აღსარებისას თქვას ეს.თუ ბავშვი მშობლებს "ბილწ გულისთქმათა" შესახებ შესჩივლებს, ე.ი. ენდობა მათ. ჩვენც შვილს უნდა განვუმარტოთ, რომ ბილწ ზრახვებს ბოროტი ძალა შთააგონებს და კი არ უნდა შეშინდეს, არამედ უნდა შეებრძოლოს მას.
ბავშვებს ხშირად აწუხებთ ცუდი სიზმრები ან ლოცვისას გონება ეფანტებათ. ისინი ცდილობენ, მშობლებს გააგებინონ ეს. აი, ყველაზე ხელსაყრელი წუთი სულიერი ბრძოლის დასაწყებად! მარხვითა და ლოცვით, აღსარებითა და ზიარებით უნდა ვებრძოლოთ ცოდვას. ბავშვიც შეამჩნევს, რომ ლოცვის დროს ბოროტი აზრები თანდათან ქრება.
თუ ცუდი ფიქრები არ ტოვებს პატარას, მან უფრო ხშირად და ხანგრძლივად უნდა ილოცოს.
რატომ ვამბობთ აღსარებას?
ადამიანი, რომელიც არ განიცდის სინანულს და ფიქრობს: - რას ვიზამ, ჩემი ცხოვრება ასე აეწყო, მაგრამ მინდა შვილი ქრისტიანულად აღვზარდო, მინდა იაროს ეკლესიაში, ჩააბაროს აღსარება, ეზიაროს, მე კი როგორმე უამისოდაც ვიცხოვრებო, - შვილს აღსარების მნიშვნელობას ვერ აუხსნის. როგორ უნდა გააგებინო ბავშვს, რატომ ვამბობთ აღსარებას, თუკი თავად არ ხარ აღმსარებელი?
კარგი იქნება, თუკი ოჯახის წევრებთან ერთად, ბავშვების თანდასწრებით, სახარებას ვიკითხავთ. ეს პატარებზე სასიკეთო გავლენას მოახდენს.
"მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა" (მათე 3,2), - გვიქადაგებს საღვთო წერილი. მონანიება არის სულიერი ცხოვრების გზა, რომელსაც სულის ცხონებამდე მივყავართ. სინანულის გარეშე გადარჩენა შეუძლებელია.
"როგორ უნდა ჩავაბაროთ აღსარება?" - მართლმორწმუნე მშობელი ამ კითხვაზე პასუხს ყოველთვის იპოვის, მისი განმარტება არ იქნება ზედაპირული, რადგანაც აღსარება თითოეული ადამიანის სულიერი მოთხოვნილებაა.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს აღსარებისთვის მომზადებაში?
ოჯახს, რომელსაც ჰყავს მოძღვარი და აქვს ქრისტიანული ცხოვრების ტრადიცია, ბავშვის აღსარებისთვის მომზადება არ გაუძნელდება, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა პატარას სულს არ ვავნოთ. ზოგიერთი მშობელი შვილისთვის თავად წერს აღსარებას, მიდის ბავშვი მოძღვართან და მიაქვს დედის ან მამის მიერ დაწერილი აღსარება... მშობლები ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ეშინიათ, ბავშვს ცოდვები არ გამორჩეს. ასე ფიქრი შეცდომაა. უფალი ხომ რაოდენობის მიხედვით არ შეგვინდობს ცოდვებს! თუ ბავშვი გულწრფელად ამბობს აღსარებას, მაგრამ ყველა ცოდვას ვერ იხსენებს, ამაში საშიში არაფერია; ღმერთი ყველას აძლევს საშუალებას, თანდათანობით მოინანიოს შეცოდებანი. ბავშვი კი ინანიებს მხოლოდ იმას, რაც თვითონ მიაჩნია ცოდვად.
აღსარების წინ მშობელი უნდა გაესაუბროს შვილს, აუხსნას, რომ სირცხვილის გრძნობის გამო ცოდვის დამალვა არ ღირს, რადგან ღმერთი მაინც ყველაფერს ხედავს, მოუნანიებელი ცოდვა კი უფრო ღრმად გაიდგამს ფესვებს და შემდეგ მისი ამოძირკვა უფრო გაჭირდება. ბავშვს უნდა შევახსენოთ თავისი შეცდომები (ცხადია, ტაქტიანად და ლმობიერად), მაგრამ მის ნაცვლად აღსარების ჩაბარება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მით უმეტეს დაუშვებელია, გამოვკითხოთ მოძღვარს ჩვენი შვილის უკვე მონანიებული ცოდვების შესახებ. ეს პატარას მოძღვრის ნდობას დააკარგვინებს. რაც უფრო მეტად ენდობა ბავშვი მშობლებს, მით მეტად ენდობა მოძღვარს.
ბავშვები შინაგანად მზად არიან აღსარებისთვის, მაგრამ პირველი ნაბიჯის გადადგმა მაინც უჭირთ. ამ დროს მათ ყველაზე მეტად მოძღვარი დაეხმარება.
რა ასაკიდან ამბობენ ბავშვები აღსარებას?
ბევრ მშობელს მიაჩნია, რომ რაც უფრო ადრე დაიწყებს ბავშვი აღსარების ჩაბარებას, მით უკეთესია, ეკლესიაში კი შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებს აღსარების გარეშე აზიარებენ. ქრისტიანული ანთროპოლოგიის თანახმად, ბავშვი შვიდ წლამდე აღსარებას არ აბარებს. არა იმიტომ, რომ უცოდველია, არამედ იმიტომ, რომ აღსარების თქმა მხოლოდ ცოდვის აღიარება კი არა, მასთან ბრძოლაცაა. მცირე ასაკის ბავშვებს კი თავიანთი ცოდვის შეგნება და მასთან შებრძოლება გაუჭირდებათ, ამიტომაც პატარების ნაკლოვანებათა გამოსწორება მშობლების მოვალეობაა. დედ-მამასთან გულახდილი საუბარი პატარა ბავშვისთვის აღსარების ტოლფასია. მშობლების გარეშე ბავშვი ცოდვას ვერც შეიგნებს და, რაღა თქმა უნდა, ვერც გამოასწორებს.
ბევრი მიიჩნევს, რომ აღსარება შეიძლება აღზრდის მეთოდადაც გამოვიყენოთ, მაგრამ ეს ასე არ არის. მშობლებს ჰგონიათ, რომ თუ 4-5 წლის ბავშვი აღსარებას აბარებს, ის სამუდამოდ თავისუფლდება იმ ცოდვებისაგან, რომლებიც მოინანია. ასეთ ადამიანებს აღსარების არსი არ ესმით.
ზოგიერთი პატარა, რომელიც გონებრივად ადრე ვითარდება, 7 წლამდე ამბობს აღსარებას, მაგრამ, ჩვეულებრივ, 7 წლის ბავშვსაც არ შეუძლია შეგნებულად აღსარების თქმა. აღსარება ბავშვისთვის ყოველთვის ერთგვარი სტრესია, ამიტომ შეიძლება, გული ვერ გადაუშალოს მოძღვარს, პირიქით, უფრო ჩაიკეტოს საკუთარ თავში. ასე მაშინ ხდება, როცა ბავშვი სულიერად მოუმწიფებელია და ვერ აცნობიერებს, რა ხდება. ასეთი აღსარება ფორმალური იქნება, ის ვერავითარ სიკეთეს ვერ მოუტანს ბავშვის სულს.
7 წლიდან ბავშვის ცხოვრება ძირფესვიანად იცვლება, ის სკოლაში მიდის, ხვდება ახალ გარემოში, ეკისრება ახალი მოვალეობანი, ერთი სიტყვით, იწყება მისი პირადი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება. ეს ასაკი ბავშვისთვის ახალი დაბადებაა. მთელი სამყარო მას ახლებურად წარმოუდგება. მან იცის, რომ მის საქციელსა და ცოდნას ამიერიდან აფასებენ.
ამ ასაკის ბავშვები ტაძარშიც სხვაგვარი პასუხისმგელობით მიდიან. ეკლესია ხომ იგივე სკოლაა, ცხოვრების ნამდვილი სკოლა, სადაც მასწავლებელი ღმერთია. ამ ასაკში იწყება სულიერი ცხოვრება, სულიერი ბრძოლები. ამ დროს აღსარების მნიშვნელობაც ბავშვს გაცილებით უკეთ ესმის. ცოდვასთან ბრძოლა ისეთი აქტიური ვერ იქნება, როგორიც მოწიფულ ასაკში, მაგრამ ის მაინც გამოიღებს შედეგს. ამ ბრძოლაში ყალიბდება ბავშვის ხასიათიც.
პირველი აღსარების წინ
ბავშვის პირველი აღსარების წინ მშობლებმა უნდა ილოცონ, ესაუბრონ შვილს და მარტივად და გასაგებად განუმარტონ აღსარების მნიშვნელობა. ნუ დააშინებთ პატარას, რათა უფალი მკაცრ მსაჯულად არ წარმოიდგინოს. ღმერთი მოსიყვარულე მამააო, - უნდა ფიქრობდეს ის. ამას გარდა, ასწავლეთ მოძღვართან ურთიერთობის წესები.
კარგი იქნება, თუ მშობლები ისეთ მოძღვარს შეარჩევენ, რომელიც ყურადღებით მოუსმენს ბავშვს.
პირველი აღსარება ბავშვის ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ეს დღე მისთვის დღესასწაულად უნდა იქცეს, მან უნდა გააცნობიეროს, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ოღონდ საჩუქრებით ნუ მოისყიდით, ნუ მიაჩვევთ, მათი ხათრით თქვას აღსარება.
როგორი უნდა იყოს ბავშვის აღსარება?
ბავშვის აღსარება გულახდილი და უშუალო უნდა იყოს. თუკი სიმართლე და გულწრფელობა აღსარების შემდეგაც დარჩება მის გულში, მაშინ ის ყოველი აღსარების შემდეგ უფრო უკეთესი გახდება, ვიდრე მანამდე იყო, მაგრამ თუ თუთიყუშივით გაიმეორებს მშობლის ნათქვამს, მისი გამოსწორება გაჭირდება.
ბავშვები აღსარების დროს ხშირად დუმან. აღსარების მიღება ასეთ დროსაც შეიძლება, რადგან დუმილი ამ დროს სინანულის ნიშანია.
ბავშვს აღსარებისას თავისუფლება უნდა მისცეთ. მან უნდა თქვას ის, რასაც თავად მიიჩნევს საჭიროდ. თუკი არ გავითვალისწინებთ მის ასაკობრივ ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, ვასწავლით, რა და როგორ თქვას და დაჟინებით მოვთხოვთ, მაინცდამაინც წესისამებრ მოიქეციო, ბავშვი თვალთმაქცობას დაიწყებს. თავიდან ისე მოიქცევა, როგორც მისგან მოითხოვენ, მერე კი თანდათან დაშორდება ეკლესიას. ჩვენ მხოლოდ იმის უფლება გვაქვს, აღსარების წინ კეთილსა და ბოროტზე, სინდისის ქენჯნაზე ვესაუბროთ.
აღსარება ახალი აღთქმის შვიდ საიდუმლოთაგანია. ამ საიდუმლოში მონაწილეობენ აღმსარებელი, მოძღვარი და ღმერთი. სწორად ჩააბარა თუ არა ბავშვმა აღსარება, გულწრფელად მოინანია თუ არა ცოდვები, ამის შეფასება არავის ძალუძს, ეს მხოლოდ უფალმა იცის".
***
გვესაუბრება ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით გეგეშიძე:- ბავშვის აღზრდა ოჯახიდან იწყება. მათზეა დამოკიდებული, თუ როგორ ჩამოყალიბდება მომავალი თაობა. პირველ რიგში მშობელმა უნდა უბიძგოს მოზარდს ეკლესიური ცხოვრების დაწყება. როცა სათანადო ასაკს მიაღწევს, აღსარების თქმასაც მიეჩვევა და შეეცდება შეცდომების ადვილად გამოსწორებას. რაც შეეხება მარხვის შენახვას, 12 წლამდე ბავშვებისთვის აუცილებელი არ არის. სასურველია, მშობელმა შვილები ხორციანი საკვების მიღებას ოთხშაბათსა და პარასკევს მაინც მოარიდოს. ამით უფრო მეტად გამოუმუშავდებათ ნებისყოფა. იცით, რატომ უჭირთ ახლა ახალგაზრდებს მარხვის შენახვა? რადგან ამას ბავშვობიდან არ არიან შეჩვეულები. მშობელი, მოძღვარი და ნათლია ერთ კავშირშია აღზრდასთან დაკავშირებით. როცა ბავშვი აღსარების თქმას იწყებს, მთელი პასუხისმგებლობა სულიერად აღზრდაში მოძღვარზე გადადის. როცა მოზარდი ეკლესიურად იზრდება, უკვე ადვილი ხდება მასთან ურთიერთობა როგორც მშობლისთვის და ახლობლებისთვის, ასევე პედაგოგებისთვისაც.
***
რა თქმა უნდა, თითოეულ მოზარდთან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო. არიან ჯანმრთელი ბავშვები, სნეულები, უნარშეზღუდულებიც. მთავარია, რომ მოძღვარმა ყველასთან გამონახოს საერთო ენა და სულიერი რჩევა მისცეს. როცა ბავშვი ღვთის სიყვარულით, ეკლესიური ცხოვრებით გაიზრდება და ჩამოყალიბდება, მერე უკვე ცხოვრების ასპარეზზე დამოუკიდებლობასაც ეჩვევა. ასეთი ადამიანის ცხოვრებაში რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერს გაუწევს ანგარიშს და წონასწორობას არასოდეს დაკარგავს. შეიძლება ასეთი ახალგაზრდა ნაკლებად ჩავარდეს ცოდვაში. ხოლო თუ ცოდვით დაეცემა, ის აუცილებლად წამოდგება და თავდაპირველი სახით გააგრძელებს ცხოვრებას. ჩემს სამრევლოშიც არიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც ბავშვობიდანვე დაიწყეს ეკლესიური ცხოვრება და რწმენით აღიზარდნენ. ისინი მართლაც გამორჩეულები არიან სხვა არაეკლესიური ბავშვებისგან. სამაგალითონი არიან ოჯახში და საზოგადოებაშიც. რამდენიმე მათგანი თბილისის სასულიერო სემინარიაშიც სწავლობს.***
სულიერ შვილებთან ერთად ხორციელი შვილებიც მყავს. ისინი ჩემს ოჯახში ხომ მხოლოდ კარგს დაინახავენ. სიგარეტს არავინ ეწევა, არავინ ბილწსიტყვაობს, არავინ ჩხუბობს და დადებით მაგალითს იღებენ მშობლებისგან. თუკი ყველა მშობელი იცხოვრებს ეკლესიურად, შვილებსაც ასეთივე ცხოვრების წესით აღზრდის. შთამომავლობით გადაეცემა ამგვარი აღზრდა ქართველობას. ეს არის ჩვენი მომავალი თაობა და გადარჩენის ერთადერთი ნიშანი. გული მწყდება, რომ მომავალი თაობისგან იცლება სოფლები და ყველას ქალაქისკენ უჭირავს თვალი.Gგარკვეული დროის შემდეგ ბოლომდე დაიცლება და ახალგაზრდობაც საძებარი გახდება. სხვათა შორის, სოფლად მცხოვრები ბავშვები უფრო ზრდილობიანნი არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ არა აქვთ საშუალება ზედმეტი ფუფუნებისა, მეტად არიან შრომისმოყვარენი და იციან უფროს-უმცროსობა. ჩემს ბავშვობაშიც ასე იყო - თუ ვინმე რაიმეს დამავალებდა, მიხაროდა. დღეს, თანამედროვე ახალგაზრდას რაიმე შენიშვნა რომ მისცე, შეურაცხყოფად მიიღებს. ამპარტავნება და პატივმოყვარეობა სჭარბობს მათში. დროის სულისკვეთებამაც ხელი შეუწყო ბავშვების ცუდად გარდაქმნას. თუკი პედაგოგებშიც, სკოლაშიც მყარად არ იქნება გამჯდარი სარწმუნოება, რწმენა, ისინი ვერ აღზრდიან ჭეშმარიტ მამულიშვილებს.
დღეს იმიტომ იტანჯება ქართველი ერი ნაწილობრივ და კაცობრიობაც, რომ ჩვენ ღვთის მცნებებს გვერდი ავუარეთ და მხოლოდ კაცობრივი მცნებები შევიმუშავეთ და გვინდა, რომ დედამიწაზე ვპოვოთ სამოთხე. არადა, სამოთხე არ არის დედამიწაზე; აქ არის ადგილი მომზადებისა მარადისობაში გადასასვლელად. თუმცა გამოცდა დედამიწაზეა ჩასაბარებელი. რასაც დავთესავთ, იმას მოვიმკით. თუ ოჯახი მტკიცე იქნება, ალბათ მომავალში კაცობრიობას მცირედად მაინც ეშველება. ვისურვებდი, რომ მომავალი თაობა ეკლესიაში ყოფილიყოს და ეკლესიიდან დავინახოთ ჩვენი სამშობლო, ეკლესიის გადასახედიდან ვადიდოთ ჩვენი ერი, ჩვენი წარსული, მატერიალური და სულიერი ფასეულობა. ვისურვებდი, მომავალი თაობა იყოს რწმენაში განმტკიცებული და იცოდნენ ცოდვა-მადლის გარჩევა. დალოცოს ღმერთმა, ჩვენი მომავალი თაობა. მამაშვილურად ვთხოვ ყველა მათგანს, ნუ აჰყვებიან დასავლურ ფასეულობებს. უმჯობესია მივდიოთ წინაპართა ნაკვალევს.U
უფალი ბრძანებს, ბავშვები მოუშვით ჩემთანო. თუ ჩვენი დაუდევრობით რაიმე ხდება ბავშვების მიმართ, ეს პირველ რიგში უფროსების დანაშაულია. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ღმერთმა ააღორძინოს და გააძლიეროს დედაეკლესია და ჩვენი სამშობლო.