განა რა სჯობს, როდესაც სულიერად ყრმანიც ვართ და ბრძენნიც?
ყრმანი - ადამიანთა შორის ყველაზე სათნონი არიან ღვთისთვის, მათთვის ბოლომდე განხსნილია კარი სასუფევლისა. "...ამინ გეტყუი თქუენ, უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხუიდეთ სასუფეველსა ცათასა" (მათე 17,18)
- წმინდა წერილით გვმოძღვრავს უფალი.ყრმათა სული ჯერ კიდევ იმარხავს უმანკოებას და პირველ სამოსელს, რომელსაც დაკარგული ედემის სურნელი ასდის... სწორედ ამიტომაც არიან ისინი ყველაზე დიდი და სანუკვარი სამიზნენი ბოროტისათვის, რომელიც ჯოჯოხეთის ყველაზე ბნელ და შემზარავ ძალებს იყენებს მათ წარსაწყმედად.
თუმცა ყრმობა მხოლოდ ბიოლოგიური ასაკი კი არა, სულიერი მდგომარეობაცაა, რომელიც ნათლის ძეობის დაკარგული პატივივით კვლავ უნდა მოვიპოვოთ და შევიმოსოთ.
გვესაუბრება კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი კონსტანტინე ლეკიშვილი.
- მამა კონსტანტინე, რას გულისხმობს ყრმობა?
- ღმერთმა დალოცოს ყველა ის პატარა არსება, ვინც იბადება ან უკვე დაიბადა. უფალმა ყოველ მათგანს ბედნიერი ცხოვრება და სულის სიძლიერე მიანიჭოს.
კაცი უფლისკენ ალალად, გახსნილი, სუფთა გულით უნდა ვიდოდეს და ეს სიწრფელე და ბუნებრიობა ყრმათა და მათნაირთა გულებიდან მოდის.
რატომ არის ბავშვი უფრო ახლოს უფალთან, ან რატომ ბრძანებს მაცხოვარი - ყრმებს ემსგავსენით, რადგან მათნაირებისაა ცათა სასუფეველიო? იმიტომ, რომ ბავშვი არ თამაშობს და არც ფარისევლობს, როგორც ხშირად მოზრდილთ გვჩვევია - ვთამაშობთ მორწმუნე, კეთილ ადამიანებს, თუმცა სინამდვილეში ასეთნი სულაც არ ვართ.
წარმოიდგინეთ ორი-სამი წლის ყრმა, რომელიც თავისი უშუალობით ხიბლავს გარშემომყოფთ და მით უფრო - უფალს. იგი გულის ნდომას მიჰყვება და იმდენადაა მინდობილი მამაზეციერს, რომ მისი სურვილები თითქმის ემთხვევა უფლის სურვილებს, სხვაგვარად ამგვარ უბიწოებას ვერ შეინახავდა. მაგრამ წლებთან ერთად ნელ-ნელა ვკარგავთ და ვშორდებით ყრმობას, ჩვენი ბუნება ცოდვით უხეშდება და ამიტომაც მოგვიწოდებს ღმერთი - მათ ემსგავსეთ, რომ ჩემთან მოხვიდეთო.
- როგორ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი პირველსახე?
- ეს, შესაძლოა, მავანმა პირდაპირაც გაიგოს და გონებითაც ყრმებს მიემსგავსოს, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. უფალი ხომ ბრძანებს - იყავით ბრძენნი, ვითარცა გველნი და უმანკონი, ვითარცა ტრედნიო?!
ქრისტიანს სიბრძნე უფლისგან ეძლევა და იგი უცილობლად უნდა გამოიყენოს. ადამიანი გონებით კი არა, სულით უნდა ემსგავსოს ბავშვს.
ამ მდგომარეობის დასაბრუნებლად ლოცვა, ღვაწლი და ქრისტიანული ცხოვრება გვჭირდება. უნდა გავაანალიზოთ, თუ რა არის სარწმუნოება. ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის "პატარა უფლისწული" მაგონდება, სადაც პატარას დიდები ვერ უგებენ... ასაკთან ერთად ჩვენ ვდიდობთ, ვმოზრდილობთ და გვავიწყდება და ვკარგავთ პირველ სამოსელს. სულიერი ზრდა კი სულაც არ გამორიცხავს უბიწოებას. და განა რა სჯობს, როდესაც სულიერად ყრმანიც ვართ და ბრძენნიც?
როცა ვინმე გვატყუებს, თავი კი არ უნდა მოვიტყუოთ, სარწმუნოებით ნაბოძები სიბრძნე უნდა მოვიშველიოთ, მაგრამ უმანკოებაც შევინარჩუნოთ. ყრმანი სწორედ ცოდვის მიმართ უნდა ვიყოთ, რაც გონებრივ განუვითარებლობას სულაც არ გულისხმობს. ამის მაგალითად იმ დიდ ბერთა ცხოვრებაც გამოდგება, რომელთაც დიდ სიბრძნესთან ერთად ჩვილობა და დიდი სიწმინდე მტკიცედ შეინახეს.
პაისი ათონელი ერთგან წერს: წარმოიდგინეთ, რომ გვიან ღამით ფანჯრიდან ხმაურით მომავალი ახალგაზრდები დაინახეთ. ვისაც კეთილი ზრახვა აქვს, გაეფიქრება, ალბათ, ღამისთევის ლოცვიდან ბრუნდებიანო, ბოროტი გული კი მათ ღრეობიდან მომავლებად ჩათვლის. ყოველივე ჩვენს შინაგან მდგომარეობასა და ზრახვაზეა დამოკიდებული.
პაისი ათონელი ასევე ბრძანებს: თუ შუაღამიანზე მეზობლისგან ხმაურს გავიგონებ, კეთილი ზრახვის შემთხვევაში მივიჩნევ, რომ ლოცვისას მეტანიებს აღასრულებს, ხოლო თუ ბოროტი ზრახვა მაქვს, უთუოდ ბოროტ მიზეზს მოვუძებნიო.
როდესაც ვინმეს საქციელს კეთილ განზრახვას შეუსაბამებ, ეს, შესაძლოა, რეალობას არც ემთხვეოდეს, მაგრამ ბოროტი ფიქრი სულს გვიზიანებს, კეთილი კი შინაგანად ყრმას მიგვამსგავსებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რასაც სულში ვიტევთ, სხვაშიც იმას ვხედავთ. ეს ხომ სრულებით ლოგიკურია. ყოველი კაცი თავისი შინაგანი სარკით აირეკლავს და აღიქვამს სამყაროს. აქედან გამომდინარე, სიკეთის დანახვის უნარის შესაძენადაც უნდა ვიღვაწოთ და შევეცადოთ, ყველაფერს ყრმათაებრ წმინდა თვალით ვხედავდეთ, რაც, ვიმეორებ, იმას როდი ნიშნავს, რომ გავსულელდეთ და აზროვნებას აღარ დავეყრდნოთ. სწორედ ამგვარი მდგომარეობა დაგვათმენინებს უთვალავ განსაცდელსა თუ უსამართლობას.
- მაგრამ სანამ ყრმებს ვემსგავსებით, ხომ უნდა მოგვინდეს ასეთებად ყოფნა? არსებობენ ისეთნიც, რომელთაც ისე აქვთ დაბინდული სულიერი თვალი, არასოდეს მოუნდებათ ყრმობის დაბრუნება. წუთისოფელი მართლაც ყველანაირად "გვეხმარება", ეს მდგომარეობა არ გვინდოდეს და ხელს არ გვაძლევდეს...
- ამ შემთხვევაში საქმე ურწმუნო სულთან გვაქვს და ჯერ მის მოსაქცევად უნდა გავისარჯოთ. ასეთს სიცილად არ ეყოფა მოწოდება - ყრმებს ემსგავსეთო და გვიპასუხებს: ბავშვობის ასაკი დიდი ხანია გავიარეო...
- მამა კონსტანტინე, აღზრდის პროცესში ვინ უნდა მონაწილეობდეს?
- უპირველესად, რაღა თქმა უნდა, ხორციელი მშობლები. უფლის სიყვარული სწორედ მათ უნდა ჩაუნერგონ თავიანთ პირმშოს. მაგრამ ჯერ თავად უნდა მოიქცნენ და გაქრისტიანდნენ. ბავშვს როგორც აღზრდი, სწორედ იმ გზას დაადგება. როდესაც მშობელი დილით და საღამოს ხატების წინ ლოცვებს აღავლენს და ყრმა ამას ხედავს, უნდა თუ არა, ეს ყოველივე მაინც რჩება მეხსიერებას და დროთა განმავლობაში ეს ხსოვნა გამოძახილს უცილობლად პოვებს.
მშობლის არჩევანსა და მის პირად მაგალითს მართლაც ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვი ხომ ღრუბელივით იწოვს ყველაფერს.
- გარდა მშობლისა, თავ-თავისი მისია აქვთ მოძღვარს, ნათლიას, სკოლას, გარემოს...
- ძალზე მნიშვნელოვანია, რა გარემო დახვდება ბავშვს საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში ან ვინ ასწავლის. ხშირად მორწმუნე პედაგოგის რწმენა ყრმაზეც გადადის, თუმცა ეს მხოლოდ ბავშვზე როდი ითქმის. ინსტიტუტში მყავდა პედაგოგი, რომელიც ქართული ლიტერატურის ისტორიას მასწავლიდა და თან სახარებას გვიკითხავდა, რამაც ჩემზე იმოქმედა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 19-20 წლის გახლდით.
უნდა ვილოცოთ, რომ ჩვენი შვილები მორწმუნე მასწავლებლებთან მოხვდნენ, რადგან ძალზე მნიშვნელოვანია, როგორი ადამიანები მიაწვდიან მათ ცოდნას და როგორ.
- მშობლის ლოცვა ახსენეთ, რომელიც მანათობელი კანდელია ყრმათათვის...
- მშობლის ლოცვას მართლაც უდიდესი ძალა და მადლი აქვს. მინდა, გამოგიტყდეთ, სულ გულზე მხვდებოდა, რომ ლოცვების წიგნში მხოლოდ დედის ლოცვა იყო და საკუთარ თავს ვეკითხებოდი, - ნუთუ მამამ არ შეიძლება ილოცოს შვილებისთვის-მეთქი?! და მიმსგავსებული ლოცვით ვლოცულობდი. ამას წინათ გამოსცეს მამის ლოცვაც, რომელიც ჯერჯერობით ლოცვანში არ შეუტანიათ.
ლოცვასთან ერთად სწორი არჩევანის გასაკეთებლად გონიერება და წინდახედულებაც გვჭირდება. ზოგ სასწავლებელს ამერიკული დაარქვეს, ზოგს - ზელანდიური ან ფრანგული, თუმცა ეს უმეტესწილად სულაც არ გულისხმობს კეთილსაიმედო გარემოსა და ხარისხიან განათლებას. როდი გამოვრიცხავ, რომ იქაც იყვნენ მორწმუნე პედაგოგები, მაგრამ, ვფიქრობ, გამიზნულად უნდა განისაზღვროს სასწავლებელი, რომელშიც ყრმა მართლაც განათლებას მიიღებს და არა მხოლოდ კონკრეტულ ცოდნას, მორწმუნე მასწავლებლები დახვდებიან და თუნდაც რელიგიის სწავლება არ იქნება აკრძალული. განათლებასა და წიგნიერებას შორის ხომ უზარმაზარი განსხვავებაა - განათლება სულიერ ნათელს გულისხმობს და არა მშრალი ცოდნის გარკვეულ მარაგს.
მოგეხსენებათ, რა ეპოქაც გამოვიარეთ - ადამიანები გამიზნულად იზრდებოდნენ ათეისტებად, თუმცა ყოველ ჭეშმარიტ მეცნიერში იდო თუნდაც მარცვალი სარწმუნოებისა. ახლა დროება შეიცვალა - მას, მართალია, თავისი საცდურები მოჰყვა, მაგრამ არჩევანის საშუალება მაინც გვაქვს, რა გარემოს და ვის მივანდოთ ჩვენი შვილების აღზრდა.
- ეკლესია რა ასაკიდან უნდა ჩაერთოს აქტიურად ამ პროცესში?
- ბავშვი ჩვილობიდანვე უნდა დაჰყავდეს მშობელს ტაძარში, აზიარებდეს; უკვე 6-7 წლის ასაკიდან და უფრო ადრეც შეიძლება აღსარებაც თქვას და მოძღვართან ურთიერთობას შეეჩვიოს. ძალზე დიდი მისია აქვთ მოძღვარსა და ნათლიას.
- მამაო, ხშირად მშობელი აძალებს ბავშვს წირვა-ლოცვაზე დასწრებას და ოდენ გარეგნულ მსახურებას აჩვევს, უფლის სიყვარულს კი ვერ ასწავლის, ვერ აგებინებს, რაში სჭირდება ამ წესების აღსრულება, რითაც განაშორებს უფალს...
- აქაც ოქროს შუალედია დასაცავი - არ ივარგებს, მშობელმა საერთოდ აღარ მოუწოდოს ყრმას ტაძარში სიარულისკენ, ხშირად კი დაძალებითა და შეხსენებით უფრო ვაბრკოლებთ მათ და საბოლოოდ ვუცრუებთ გულს ეკლესიაზე. ვიმეორებ, მშობლის პირად მაგალითს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სხვათა შორის, ბავშვები, რომლებიც ზიარების წინ ჭირვეულობენ, ძირითადად ისეთი მშობლების შვილები არიან ხოლმე, რომლებიც თავად არ ეზიარებიან და ეკლესიურად არ ცხოვრობენ.
ჩამოყალიბების პროცესში ბავშვები დროებით შეწყვეტენ ხოლმე ტაძარში სიარულს, რაც ხშირად მშობლებს პანიკაში აგდებს. გარკვეულ დრომდე უნდა ვაცალოთ, თავად მიხვდნენ, რომ ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება, რომ იგია ყველაფრის საწყისი და მისგან გვაქვს სიცოცხლე. ისინი ნელ-ნელა აცნობიერებენ ამას, ამიტომ მოზარდებთან ძალზე დიდი სიფრთხილე გვმართებს. მუჯლუგუნითა და დაძალებით მხოლოდ უკურეაქციას მოვიმკით.
- ამ შემთხვევაში მშობელი შვილს ალბათ უხილავად უნდა დაეხმაროს და ბედის ანაბარა არ მიატოვოს...
- თავისთავად. თუ ბავშვი დაბრკოლდა, იმას როდი ნიშნავს, მშობელიც დაბრკოლდეს, მოდუნდეს, ტაძარს დაშორდეს და არ აკონტროლოს, რა გზას ადგას მისი შვილი. პირიქით, ლოცვა უნდა გააძლიეროს, რომ მოზარდმა სწორი არჩევანი გააკეთოს და სწორად ჩამოყალიბდეს. მთავარია, ამ ეტაპზე რა პოზიციას დაიკავებს მშობელი. ზომიერება და სიბრძნე გვმართებს, რაც, დამეთანხმებით, ძალზე რთულია.
- ყოველ სიტყვას თავისი ენერგია აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რა სიტყვათა ველში იზრდება პატარა ადამიანი. ალბათ, სიტყვის ძალიდან გამომდინარე, სწორედ ბილწსიტყვაობით შედის მასში ბოროტი...
- მრევლს ხშირად ვეუბნები - ბილწსიტყვაობა და გინება - ეშმაკის სადიდებელია, ლოცვა კი - უფლისა-მეთქი. ოჯახში, სადაც არ ლოცულობენ და ბილწსიტყვაობენ, ბავშვებსაც ბოროტს უქვემდებარებენ. ქალაქში რომ გახვიდეთ, ძალზე ბევრი უხამსი სიტყვა მოსწვდება ყურს, რაც იმ ოჯახებზე მეტყველებს, რომლებმაც ეს ადამიანები აღზარდა. როგორც ჩანს, მათი მშობლებიც ბილწსიტყვაობდნენ... ამიტომ ჯერ მოზრდილები უნდა მოვიდნენ ეკლესიაში, რომ შვილების ქრისტიანებად აღზრდა შეძლონ.
- ხშირად ისინი, ვინც ყრმებს ბილწსიტყვაობას ასწავლის, ვერც კი აცნობიერებენ, რაოდენ ზიანს აყენებენ მათ და ამით ხალისობენ კიდეც...
- სამწუხაროდ, ზოგჯერ ბავშვი ლაპარაკსაც ვერ ახერხებს, ისე აჩვევენ უხამს სიტყვებს, რაც თავად მშობელთა სიბილწესა და გარყვნილებაზე მეტყველებს. ამ უკანასკნელთ რატომღაც ჰგონიათ, რომ ამით შვილს იმ ცხოვრების წესთან შეგუებაში ეხმარებიან, რომელიც, ჩვენდა სავალალოდ, დღეს გარს გვარტყია. ეს უდიდესი ცოდვაა. ყრმის სულში თავიდანვე შეგვყავს ეშმაკი. ზიარებისას ბავშვში უფალი შედის, სიწმინდე და დიდი მადლი, ბილწ სიტყვასთან ერთად კი - ეშმაკი. ადამიანებს არც კი სჯერათ, რომ გინება დიდი ბოროტების, ცოდვისა და დანაშაულის საწყისია. არადა, სამწუხაროდ, სწორედ ასეა.
- გარკვეული ასაკიდან სიბილწე მძლავრად შედის ყრმის არსებაში, მოზარდობისას იცვლება ადამიანის ფიზიოლოგია, ფსიქიკა, იღვიძებს მანამდე უცნობი ინსტინქტები, ამას ემატება თანამედროვე ტექნოლოგიებისგან მომდინარე საცდურები... როგორ უნდა მოვამზადოთ ყრმა სულიერად, რომ ყველაფერ ამას გაუძლოს და გადარჩეს?
- როგორც ერთი წმინდა მამა ამბობს, ბოლო ჟამის ქრისტიანები საცდურთა დათმენით მოწამეებს ემსგავსებიან. სწორედ ამ გარყვნილების შემოტევისგან უნდა დავიცვათ თავი და შვილები. აკრძალვაშიც ზომიერება დავიცვათ - ხომ არ შეიძლება, თანამედროვე ცხოვრებაში ბავშვს კომპიუტერთან ურთიერთობა ავუკრძალოთ? მას საამისოდ გარკვეული დრო უნდა გამოვუყოთ და განვუმარტოთ, რატომ არის სახიფათო ამა თუ იმ საიტისა თუ გადაცემის ნახვა; ტელევიზორის ყურებისას გარკვეული კომენტარები უნდა გაკეთდეს, რომ სწორად აღქმაში დავეხმაროთ. თეჯირში ან შუშის გალავანში შვილს ვერავინ გამოამწყვდევს და ყველაფერს ვერ აუკრძალავს. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ხომ კეთილი მიზნებისთვისაც შეგვიძლია, თორემ ცუდი და ნეგატიური ქუჩაშიც ჩასაფრებულია. ბავშვი უნდა გავარკვიოთ და დავაკვალიანოთ, თუ რა არის ცუდი და რა - კარგი, რომ სწორი არჩევანის გაკეთება შეძლოს.
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდესაც შვილი პირველად შესცოდავს - იცრუებს, ითვალთმაქცებს, ვინმეს დაამცირებს ან სასტიკად მოექცევა? რამდენად მართებულია ამ შემთხვევაში დასჯა?
- უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამას იგი, უმეტესწილად, გაუცნობიერებლად აკეთებს, ამიტომ სასჯელი ძალიან მკაცრი არ უნდა იყოს. ზოგჯერ უნდა დავსაჯოთ, ზოგჯერ კი მითითებაც საკმარისია. თუმცა განმეორების შემთხვევაში დასჯა აუცილებელია. მოგეხსენებათ, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. შეიძლება ზოგიერთ საქციელზე ყურადღება არც კი გავამახვილოთ, რომ ამით უფრო არ დავაბრკოლოთ ბავშვი. ძალზე დიდი სიბრძნე, თავშეკავება და ყურადღება გვმართებს.
- მამა კონსტანტინე, ძველად ყრმობის ასაკი სხვა დროს მთავრდებოდა, ადამიანები ბავშვობას შინაგანად უფრო დიდხანს ინარჩუნებდნენ, დღეს კი თაობებს შორის განსხვავება უფრო საგრძნობია და მშობლები ხშირად გონებრივად ვეღარც ეწევიან შვილებს, შესაბამისად, ვერც იცავენ და ეხმარებიან...
- როგორც ზემოთ ვთქვი, მშობელი ჯერ თავად უნდა მოექცეს და, პირველ რიგში, თვითონ გააკეთოს კეთილი არჩევანი, რადგან შეუძლებელია, ჭაობში ჩაძირულმა სხვისი დახმარება შეძლოს.
- ღვთისმშობლობა გვიახლოვდება. მზე მარიამიც ხომ ყველას დედაა...
- ყველას მოგეხსენებათ წმინდა დედის ცხოვრება, როდესაც იგი სამი წლისა ტაძრად მიიყვანეს და ისიც, თუ რა სასწაულებს უკავშირდებოდა ეს ყოველივე. ღვთისმშობელი უდიდესი მეოხია ჩვენი უფლის წინაშე. წარმოიდგინეთ, უფალს როგორ უნდა ჰყვარებოდა ყოვლადწმინდა მარიამი, რომ სწორედ მისით ინება დაბადება.
ხშირად ვახსენებთ, თუნდ სადღეგრძელოებში, ღვთისმშობლის საოცარ შეწევნას, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად ჯეროვან პატივს ვერ მივაგებთ ჩვენს ზეციურ მეოხს. მაგალითისთვის: ცოტა ხნის წინ მიძინების მარხვა გავიარეთ, რომელიც ბევრმა იმ მიზეზით არ შეინახა, დასასვენებლად ყოფნისას მარხვისთვის პირობები არ გვაქვსო. ზოგი მთხოვდა, რძის ნაწარმის მიღების კურთხევა მიმეცა... ეს ხომ სირცხვილია! ღვთისმშობელს ყველაზე მძიმე და გადამწყვეტ წუთებში ვევედრებით შემწეობას და ისიც შეგვეწევა, თუმცა ეს ხშირად გვავიწყდება.
- ახალი სასწავლო წელი იწყება. რას ეტყოდით და უსურვებდით ყრმებს?
- ყოველი ახალი სასწავლო პროცესის დაწყება იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი თაობა უერთდება მოსწავლეთა რიცხვს. ბევრი მათგანი ახლა შეუდგება ამ გზას. ყველა ასაკის ყრმასა და სტუდენტს ვუსურვებ, მთელი არსებით შეიმეცნონ ზნეობრივად მისაღები ყველა საგანი და წარმატება საკუთარ თავს კი არა, უფალს მიაწეროს, მეტად მიენდონ მას.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!