"პირველითგან იყო სიტყვაი, და სიტყვაი იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი" - გვამცნობს იოანე მახარებელი.
როგორც ხედავთ, თვით უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე მისი უსაყვარლესი მოწაფისა და მეგობრის იოანე ღვთისმეტყველის მიერ მოიხსენიება, ვითარცა განხორციელებული სიტყვა - ლოგოსი, რომელიც "პირველითგან იყო ღმრთისა თანა". სწორედ სიტყვის ძალით აღადგენდა მაცხოვარი მიცვალებულებს, გარდაქმნიდა კაცთა სულებს და უამრავ სასწაულს აღასრულებდა. სულიწმინდის გადმოსვლის შემდეგ სიტყვის ძალით მოქმედებდნენ წმინდა მოციქულებიც, რომლებმაც დასაბამი დაუდეს ქრისტეს ეკლესიას, და ურიცხვი დასი წმინდანთა, რომელთა სიტყვასაც განსაცვიფრებელი ძალა ჰქონდა.
"სიტყვათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყვათა შენთაგან დაისაჯო", - შეგვახსენებს სახარებისეული სიბრძნე. ვაცნობიერებთ კი პასუხისმგებლობას ღვთის წინაშე ჩვენ მიერ წარმოთქმული სიტყვის გამო?! - ეს კითხვა მუდამ აწუხებდათ წმინდა მამებს, რომლებიც სიტყვას ადამიანის ნების ემანაციას უწოდებდნენ. "ბოროტი სიტყვა კეთილსაც ბოროტად გადააქცევს, ხოლო კეთილი სიტყვა ბოროტსაც კეთილად გარდაქმნის", - ამბობდა ღირსი მაკარი დიდი. პავლე ფლორენსკი სიტყვას ადამიანის სულის გამონაყოფ ცოცხალ არსებას უწოდებს - ჰაერისგან მოქსოვილი სხეულითა და ხმოვანი ტალღის ფორმის შინაგანი სტრუქტურით. სიტყვა ის გამტარია, რომლის მეშვეობითაც სულში იღვრება არა მხოლოდ აზრები და სახეები, არამედ შეგრძნებების, განცდების, გრძნობებისა და სურვილების ნაკადი. "მოაზროვნე სულის არსებიდან იბადება მისი თანაარსი სიტყვა, თავის თავშივე წარმომაჩინებელი აზრისა და მისივე თანასწორი, - განმარტავს წმინდა იოანე კრონშტადტელი, - აზრისაგან და აზრით გამოვალს სული, რომელიც სიტყვაში განისვენებს და სიტყვაშივე შეუერთდება მსმენელთ. ეს სული სავსებით თანასწორია აზრისაც და სიტყვისაც და თანაარსია მათი. მაგალითად, სიტყვაში "მიყვარხარ" ხედავ მოსიყვარულე საწყისსაც და სიტყვასაც - მისგან შობილს, და, ამასთანავე, სიყვარულის რაღაცნაირ სასიამოვნო სუნთქვასაც შეიგრძნობ".
"თქმით შენ შობ სიტყვას, - გვასწავლის წმინდა თეოფანე დაყუდებული, - წარმოთქვი სიტყვა და ის უკვე აღარასოდეს მოკვდება, არამედ იცოცხლებს უფლის სამსჯავრომდე; შენთან ერთად წარდგება ამ სამსჯავროზე და იქნება ან შენს სასიკეთოდ, ან საწინააღმდეგოდ".
მოსკოველი მიტროპოლიტის ფილარეტის სწავლებით, ადამიანის სიტყვა შეიძლება განბასრებულ იქნეს, ვითარცა მახვილი - მაშინ ის მოწყლავს და კლავს, ან დალბობილ იქნეს, ვითრცა ზეთი, რომელიც კურნავს...
მამათა სიბრძნითა და დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებით, ავსიტყვაობით შეიძლება მოკლა და მოშხამო სული, შეჰყარო მას ყოველგვარი ვნება, ცოდვა და მანკიერება, გარყვნა უმანკოთა წმინდა გულები, მოწამლო გარშემომყოფთა არსებობა. და პირიქით, სიტყვით შესაძლებელია ადამიანთა კურნება, ამაღლება, გაკეთილშობილება, შესაძლებელია, შესძინო მათ რწმენა, სიმხნევე, სიხარული, ააღორძინო მათში სიყვარული და გულმოწყალება, მიმადლო მშვიდობა, სიმყუდროვე და ნეტარება სულისა... ამიტომ გვმართებს დაკვირვება და დიდი სიფრთხილე ყოველი სიტყვის წარმოთქმისას, რადგან თუ სწორად არ შევარჩევთ სიტყვას, ამით შესაძლოა ზიანი მივაყენოთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ახლობლებსაც, რომლებსაც ხშირად ვესაუბრებით, ამ საუბრებით კი წარმოჩნდება, ბოროტ ზეგავლენას ვახდენთ მათზე თუ კეთილს. ამიტომაც იყო, რომ წმინდა მამები თავიანთი ცხოვრების უმეტეს დროს მდუმარებაში ატარებდნენ, რადგან იცოდნენ უმთავრესი - სიტყვით წარწყმდება და სიტყვით ცხონდება კაცი. ეკლესიური გაგებით, ამაოდმეტყველება და სხვათა განკითხვა უმძიმესი და მომაკვდინებელი ცოდვის რანგშია აყვანილი.
ზოგიერთი სიტყვა ქრისტიანმა ხშირად უნდა გამოიყენოს. ასეთ სიტყვებად, უპირველეს ყოვლისა, მიიჩნევა: "შემინდე" ან "მაპატიე", რომლებიც წარმოთქმისთანავე გვამდაბლებს ღვთისა და მოყვასის წინაშე, მიგვანიშნებს საკუთარ დანაშაულზე და, აქედან გამომდინარე, გვიღვიძებს სინანულისა და მიტევების სურვილს. ღირსი ანტონი დიდი გვასწავლის: "შეაჩვიე თავი იმას, რომ შენი ენა ყოველ ჟამს, ცხოვრების ნებისმიერი შემთხვევისას ყოველ ადამიანს და თვით ზეციურ მამას სთხოვდეს შენდობას".
ამასთან, "ძალზე მნიშვნელოვანია, რა განცდით წარმოვთქვამთ ამ სიტყვებს. "მაპატიე" შეიძლება წარმოვთქვათ ცივად, თითქოსდა იძულებით, სინანულისა და დანაშაულის განცდის გარეშე. ასეთ შემთხვევაში მას აღარ ექნება იმხელა ძალა, რომ შეარიგოს, გააერთიანოს ადამიანთა გულები, განწმინდოს ჩვენი სული... ამ სიტყვას მაშინ აქვს სულიერი ძალის სისრულე, როცა სიყვარულით, სიმდაბლით, სიმშვიდით არის განზავებული", - აღნიშნავს წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი.
ეკლესიის მამათა სწავლებით, შენდობას არა მხოლოდ მაშინ უნდა ვითხოვდეთ, როცა ვავნებთ და ვაწყენინებთ ერთმანეთს, არამედ უკმაყოფილების თუნდაც უმნიშვნელო გამოვლინების შემთხვევაშიც, წყენისა და არაკეთილგანწყობის ჩასახვისთანავე, რათა სათავეშივე აღმოვფხვრათ ურთიერთსიყვარულის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ქმედება.
სქემარქიმანდრიტი სოფრომი წერს: "ყოველ ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია თავის გამართლება, მაგრამ თუ მასში სინდისი გაიღვიძებს და იგი ყურადღებით ჩაიხედავს საკუთარ გულში, მაშინვე აღმოაჩენს, რომ თავის მართლებით კი არ აღმოფხვრის მზაკვრობის გამოვლინებას, არამედ, პირიქით, თავის მართლება საკუთარი თავის მოტყუება იქნება მისთვის და ზიანის გარდა არავითარ სარგებელს არ მოუტანს.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოვრების ორომტრიალისგან გადაღლილი, შეძრწუნებული მოყვასის სული ნამდვილ სიყვარულსა და თანაგრძნობას მოითხოვს, რომლებიც, პავლე მოციქულის სიტყვით, "არა ეძიებენ თავისას" - არ ეძიებენ თავის გამართლებას და მოყვასის განკითხვას. სწორედ პირადი თავმოყვარეობის ძლევით და საკუთარი თავის დადანაშაულებით განვაცდევინებთ ადამიანებს სიხარულს, მივმადლებთ სიმშვიდისა და სიყვარულის განცდას".
ახალგაცნობილისა თუ ძველი ნაცნობისგან რაც შეიძლება ხშირად უნდა გამოვითხოვოთ პატიება და თუ შენდობა გულწრფელი იქნება, ადამიანებთან ურთიერთობის წარმატებაც და ამით გამოწვეული ორმხრივი სიხარული ჩვენი ყოველდღიურობის თანამდევი განცდა გახდება. ასეთი საქციელით კი ბევრი ცოდვაც მოგვეტევება.
ზოგიერთმა სიტყვამ შეიცვალა მნიშვნელობა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის განმარტებით, ძველად სიტყვა "მოწყალება" დღევანდელთან შედარებით გაცილებით ფართო მნიშვნელობას შეიცავდა. "მოწყალება არ ნიშნავს მხოლოდ გაჭირვებულის შველას ან მძიმე მდგომარეობაში მყოფისათვის თანაგრძნობას. ეს სიტყვა ასევე გულისხმობს სხვისი მდგომარეობის იმდენად ღრმად წვდომის უნარს, რომ შეძლო მისი თვალით დაინახო სამყარო, მისი განცდით გააანალიზო პრობლემები, ეს კი სიბრალულზე მეტია. ეს არის არა მარტო თანაგრძნობა, არამედ საკუთარი თავის შეგნებული გაიგივება სხვა პიროვნებასთან იმდენად, რომ აღიქვამ და გრძნობ სამყაროს, გარემოს ისე, როგორც აღიქვამს მას ჭირში მყოფი. ეს არის ნიჭი სხვად ყოფნისა. "მისდიეთ მოწყალების გზას და სიმართლეს", - გვარიგებს ბრძენი. აქ, ერთი მხრივ, იგულისხმება ღვთის მოწყალება, მოყვასისთვის გაწეული სიკეთე, გაჭირვებულისადმი თანაგრძნობა, საერთოდ, მზადყოფნა სხვათა დასახმარებლად, ხოლო, მეორე მხრივ, მიცემული პირობისა და დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისათვის ზრუნვა, - ამბობს პატრიარქი და რამდენიმე მაგალითი მოჰყავს, - ებრაელთა წინაპარი ისააკი თავის სახლეულთან ერთად მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა. მას ჩვეულებად ჰქონდა ჭების ამოთხრა, რომ სხვასაც ესარგებლა წყლით. იგი ამით თავისებურად აღასრულებდა მოწყალების საქმეს".
დაბოლოს, ისევ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის სიტყვებს მოვიშველიებთ: "სიტყვა არ არის მარტო ბგერათა ერთობა, მასში განსაკუთრებული მისტიკური ძალაა ჩადებული. ყვავილს ან ხეს რამდენიმეჯერ ხმამაღლა, დაჟინებით რომ უთხრათ, გახმიო, იგი უთუოდ დაჭკნება და გახმება.
მშობლებო, არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ დაწყევლოთ თქვენი შვილები... იცოდეთ, თქვენი სიტყვები დიდი ძალისაა და აუცილებლად შესრულდება".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი