"ღმერთო ჩემო, რა მშვენიერია!.."
ქორწინება სასწაულია დედამიწაზე. სამყაროში, სადაც ყველა და ყველაფერი განცალკევებისაკენ მიილტვის, ქორწინება არის ადგილი, სადაც ორი ადამიანი ურთიერთსიყვარულით უკავშირდება ერთმანეთს.
ესაა ადგილი, სადაც განხეთქილება თავდება და იწყება ერთობლივი ცხოვრების ხორცშესხმა. ამაში მდგომარეობს ადამიანურ ურთიერთობათა ყველაზე დიდი სასწაული: უცბად ორნი ერთ პიროვნებად იქცევიან, ორი პირი ურთიერთსიყვარულით და ერთმანეთის ბოლომდე მიღებით რაღაცით უფრო მეტი აღმოჩნდება, ვიდრე უბრალო წყვილი, ორი ადამიანი ერთ მთლიანობად იქცევა. ამაზე ყოველ ადამიანს მართებს დაფიქრება. ცალკე ცხოვრება მტანჯველია, მძიმეა, მაგრამ, ამავე დროს, რაღაცით ადვილია და ჩვეულებრივი. ადამიანთა ინტერესები, გემოვნება განსხვავებულია, და ამიტომ ძალზე ადვილია, საკუთარ თავს უთხრა: მინდა იმით ვიცხოვრო, რაც მაინტერესებს. ზოგი მოგებისთვის ცხოვრობს, ზოგი - კულტურისთვის, ზოგი იდეალს ეძებს, მე კი თვითკმაყოფილი ერთეული ვარ, საკუთარი თავიც მყოფნის... და აი, აქედან იწყება საზოგადოების, კაცობრიობის დაქსაქსვა. საბოლოოდ, არაფერი რჩება იმ საოცარი, სასწაულებრივი ერთობისაგან, რაც შეიძლებოდა, ადამიანთა შორის ყოფილიყო. ქორწინება კი არის ერთობის აღდგენის სასწაული იქ, სადაც მისი აღდგენა ადამიანური ძალებით შეუძლებელია.
მაგრამ ამისათვის საჭიროა გავიაზროთ, თუ რა არის სიყვარული და როგორ შეგვიძლია დავუკავშირდეთ ერთმანეთს სიყვარულით. რადგან არსებობს სხვადასხვაგვარი სიყვარული, ამ სიტყვას ჩვენ ვხმარობთ ძალზე განსხვავებულ გარემოებებში. ვამბობთ, რომ გვიყვარს ღმერთი, გვიყვარს მშობლები, გვიყვარს ცოლი, ქმარი, ბავშვები; მაგრამ ასევე ვამბობთ, რომ გვიყვარს მეტად უმნიშვნელო საგნებიც. როდესაც ვამბობთ, რომ მიყვარს ნაყინი, მიყვარს სეირნობა, მიყვარს ფეხბურთი, მიყვარს თეატრი, - ამით ამ წმინდა, გასაოცარ სიტყვას ვამცირებთ, ვამდაბლებთ თვით სიტყვის ღირსებას და ამ არეულ-დარეულობის მსხვერპლი თავადვე ვხდებით.
***
სიყვარული საოცარი გრძნობაა, მაგრამ იგი არის არა მარტო გრძნობა, არამედ ესაა ადამიანის მთელი არსების მდგომარეობაც. სიყვარული იმ მომენტში იწყება, როდესაც ჩემს წინ დავინახავ ადამიანს და ჩავწვდები მის სიღრმეს, როდესაც უეცრად დავინახავ მის მთელ არსს. რა თქმა უნდა, როდესაც ვამბობ: "ვხედავ", - ეს ნიშნავს არა იმას, რომ "ვწვდები გონებით" ან "ვხედავ თვალებით", არამედ - "ვწვდები მთელი ჩემი არსებით". იგი შეიძლება შევადაროთ, მაგალითად, მუსიკის, ბუნების, ხელოვნების ნაწარმოების მშვენიერებით გამოწვეულ განცდას, როდესაც ვდგავარ მის წინაშე გაოცებული, დადუმებული და აღვიქვამ მხოლოდ იმას, რაც ჩემს წინაშეა და არანაირი სიტყვით არ ძალმიძს ამის გამოთქმა, თუ არა ამოძახილით: "ღმერთო ჩემო! რა მშვენიერია!" ადამიანის სიყვარულის საიდუმლო იმ მომენტში იწყება, როდესაც ვუმზერთ მას მისი ფლობის სურვილის გარეშე, მასზე ძალაუფლების ქონის სურვილის გარეშე, მისი ნიჭიერების ან მისი პიროვნების რაიმე გზით გამოყენების სურვილის გარეშე, - მხოლოდ ვუმზერთ და ვოცდებით იმ მშვენიერებით, რომელიც ჩვენს წინ იშლება.როდესაც მე აღმოვჩნდები ადამიანის პირისპირ, რომელსაც ვუყურებ სიყვარულის თვალით, არა გულგრილობის, ანდა სიძულვილის, არამედ სწორედ სიყვარულის თვალით, მე ამ ადამიანის თანაზიარი ვხდები - ჩვენში იწყება რაღაც საერთო, ზიარი ცხოვრება. ადამიანის აღქმა ხდება სიღრმეებში, რომელიც სიტყვების, ემოციების მიღმა იმყოფება. მორწმუნე ასე იტყოდა: როცა მე ვჭვრეტ ადამიანს ამ ნათელში, სპეტაკი სიყვარულის ნათელში, მაშინ მე ვხედავ მასში ღვთის სახებას, ხატს. გახსოვდეთ, ყოველი ჩვენგანი ხატია, უფლის სახებაა, მაგრამ ჩვენ არ შეგვწევს უნარი, გვახსოვდეს ეს და არ ვიცით, როგორ უნდა მოვეპყროთ ერთმანეთს. ნეტამც შეგვწევდეს იმის ხსოვნის უნარი, რომ ჩვენს წინაშე ხატია, სიწმინდეა!.. ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ხატი ყველა მიმართებით მშვენიერია. ყველამ ვიცით, თუ რა ემართება ზოგჯერ დიდი ოსტატის ნახატს, ხატს ან ხელოვნების ნებისმიერ ნიმუშს, სილამაზის ნებისმიერ ფორმას: მოუფრთხილებლობამ, გარემოებებმა, ბოროტებამ შესაძლოა იგი დაამახინჯოს. მაგრამ როდესაც ჩვენს წინაშეა დიდი ოსტატის ნაწარმოები, რომელიც ნაწილობრივ დამახინჯდა, შეიბღალა, მასში შეიძლება დავინახოთ ან გაფუჭებული, ან კვლავ შერჩენილი სილამაზე. თუ ჩვენ ვუმზერთ ამ სურათს, ხელოვნების ნებისმიერ ნიმუშს განცვიფრებული სიყვარულის თვალებით, ვხედავთ სიმშვენიერეს, ხოლო დანარჩენის გამო შეგვიძლია ვიდარდოთ, ვიტიროთ. ზოგჯერ შეიძლება ისიც გადავწყვიტოთ, რომ მთელი ცხოვრება შევწიროთ მას, რომ ყველა დაზიანებული ადგილი ამ ნახატში, ხელოვნების ამ ნიმუშში აღვადგინოთ. ეს სიყვარულის საქმეა: შეხედო ადამიანს და ერთდროულად მასში დაინახო მისი განუშორებელი სილამაზეც და შეწუხდე იმის გამოც, თუ რა უქნა მას ცხოვრებამ, რა დაატეხა თავს. სიყვარული - ეს არის ტანჯვაც, ტკივილიც იმის გამო, რომ ადამიანი არასრულყოფილია, და ამავე დროს, სიხარულიც იმის გამო, რომ ის ასე განსაცვიფრებლად და შეუდარებლად მშვენიერია. აი, თუ ასე შევხედავთ ადამიანს თუნდაც ერთხელ, შეიძლება იგი შევიყვაროთ ყველაფრის მიუხედავად, წინააღმდეგ იმისა, თუ რა ხვდებათ თვალში სხვა ადამიანებს.
***
წმინდა წერილში ქორწინება წარმოგვიდგება უდიდესი სიხარულის, უკიდურესი სისავსის გამოხატულებად. ეს არის არა დამშვიდების, არამედ სიხარულისა და სიყვარულის ზეიმის სისავსე. მისი ყველაზე სრულყოფილი სახე მოცემულია ე.წ. კრავის ქორწინებაში, ე.ი. შეერთებაში, უფალთან შეხვედრის სიხარულში, რომელიც განკაცდა, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე, მთელი თავისი ყოფა შესწირა ქვეყანას - ქმნილებას; როდესაც უკვე ყველაფერი დამთავრებულია, როდესაც აღარ არსებობს დაპირისპირებულობა, როდესაც ღმერთი და ადამიანი საერთო ცხოვრებით არიან შეერთებულნი. და ეს არ შემოიფარგლება ადამიანით, არამედ აჭარბებს მას და მოიცავს ყოველივე არსებულს. ასე რომ მოციქულ პავლეს შეეძლო ეთქვა: "ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში" (1 კორ. 15,28).მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს სახე, რომელსაც იყენებს მოციქული და რომელიც ახასიათებს ეკლესიას, როგორც კრავის საცოლეს (გამოცხ. 21,9). ვინ არის საცოლე? საცოლე, არსებითად, არის ქალწული, რომელმაც საკუთარ თავში იპოვა ისეთი სიღრმე და სიმტკიცე, რომ შეძლო შეეყვარებინა ერთადერთი, განუმეორებელი სიყვარულით ერთი ადამიანი და მზადაა, დატოვოს ყოველივე და იყოს მასთან; გაჰყვეს, სადაც არ უნდა წავიდეს იგი. ხოლო სიტყვა "კრავი" მოგვაგონებს ძველი აღთქმის პასექის კრავს, რომელიც პირველად დაიკლა იმ ღამეს, როდესაც ებრაელები გარბოდნენ ეგვიპტიდან: უბიწო, უდანაშაულო კრავი, ადამიანური ცოდვის მსხვერპლი. მოგვიანებით ეს სახე გადატანილ იქნა ქრისტე მაცხოვარზე, როგორც უბიწო წამებულზე, რომელიც ეწამა იმის გამო, რომ ადამიანები განუდგნენ ღმერთს და შეწყვიტეს სრული მნიშვნელობით ადამიანობა.
ამგვარად, სახე, რომელიც მოცემული გვაქვს კრავის საცოლეში - ტრაგიკული სიყვარულის სახეა; სიყვარულისა, რომელმაც გაიარა თავისი გზა ჩვენს ტრაგიკულ საწუთროში ამ ტრაგიზმის სრული შეგნებით, რომელმაც მიიღო ეს ტრაგიზმი არა როგორც არასასურველი, უარსაყოფი ტანჯვა, არამედ როგორც მოწოდება, როგორც მონაწილეობა თავად ქვეყნიერების ბედშიც და ღვთის საიდუმლოებებშიც.
ეს ორივე სახე მეტყველებს სიყვარულზე: სრულყოფილ, თავგანწირულ, მოხარულ სიყვარულზე. სახარების ერთ-ერთ ძველ ხელნაწერში არის ადგილი, სადაც ქრისტეს ეკითხებიან: "როდის მოვა ღვთის სასუფეველი?" და ქრისტე პასუხობს: "ღვთის სასუფეველი უკვე მოსულია იქ, სადაც ორნი - უკვე ორნი კი არა, ერთნი არიან..."
***
შეიძლება დავსვათ კითხვა: თუ ღვთის სასუფეველი მართლაც მოსულია ქორწინებაში, მაშინ როგორია ამ სასუფევლის დამოკიდებულება ადამიანისადმი, რომელმაც აირჩია მარტოხელა ცხოვრება? ეკლესიაში არსებობს ორი ერთმანეთის საპირისპირო ინსტიტუტი: ეს არის ქორწინება და ბერმონაზვნობა. ამასთან, ყოველი ადამიანისთვის, რომელიც ეკუთვნის ეკლესიას, მისი წევრია, მისი ცხოვრებით ცხოვრობს, სავსებით გასაგებია, რომ წინააღმდეგობები მის ყოფაში, მის არსში არ შეიძლება არსებობდეს. მართლაც, თუ ავწონ-დავწონით საკითხს ქორწინებისა და ბერმონაზვნობის შესახებ მათი არსის მიხედვით, ნათელი ხდება, რომ ქორწინება და ბერმონაზვნობა ერთი და იმავე ეკლესიის თითქოსდა ორი სხვადასხვა სახეა - ქორწინებაში თვალში გვხვდება ერთობა: ორნი უკავშირებენ ერთმანეთს თავიანთ ბედს ისე, რომ ერთად განვლონ მთელი თავიანთი მიწიერი გზა, ბერმონაზვნობაში კი ადამიანი შორდება იმ პირად ადამიანურ სიახლოვეს, რაც ქორწინების სიხარულსა და სრულყოფილებას შეადგენს, თითქოსდა ტკბება წინასწარ იმ დროით, როდესაც ღმერთი გაიმარჯვებს, როდესაც გაიმარჯვებს ყველაფერი, რაც საუკეთესოა ადამიანში. დიახ, ბერი ამაზე უარს ამბობს, მაგრამ იგი არ ამბობს უარს სიყვარულზე: პირველ რიგში, უფლის სიყვარულზე, მეორე რიგში კი, ადამიანის სიყვარულზე. ბერად ყოფნა შეუძლია მხოლოდ იმ ადამიანს, რომელმაც საკმაოდ ღრმად შეიმეცნა და აღიქვა სამყაროს ტრაგიზმი, რომლისთვისაც ქვეყნიური ტანჯვა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მზადაა სრულიად დაივიწყოს საკუთარი თავი იმისთვის, რომ ახსოვდეს ტანჯული, ღვთისაგან მოწყვეტილი, წარმავალი საწუთრო და იმისთვის, რომ ახსოვდეს თავად უფალი, რომელიც ჯვარს ეცვა ქვეყნის სიყვარულის გამო. და ამიტომ ბერად შედგომა სრულიადაც არ ნიშნავს საწუთროსაგან გაქცევას. მაგონდება ვალაამის მონასტრის მორჩილი, რომლის შესახებაც მომითხრო ჩემმა სულიერმა მოძღვარმა. მან ორმოცდაათი წელი გაატარა მონასტერში, მაგრამ მაინც არ დათანხმდა ბერად შედგომაზე. მან გაიარა სრული მოსაგრეობა, მაგრამ თავს მაინც ბერობისთვის მოუმზადებლად თვლიდა. ჩემმა სულიერმა მოძღვარმა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ერისკაცი იყო და თავის გზას ეძებდა, მორჩილს ჰკითხა: "განა რა არის ბერმონაზვნობა, რა ისეთი ვინმეა ბერი, რომლად გახდომაც შენ არ შეგეძლოს, მიუხედავად იმისა, რომ მონასტრულ ცხოვრებას ეწევი?" მან უპასუხა: "ბერი არის ადამიანი, რომელიც მთელი გულით წუხს და ტირის ქვეყნის უბედურებაზე, და აქამდე მე ჯერ არ მივსულვარო".
როგორც ხედავთ, ბერმონაზვნობაშიც და ქორწინებაშიც ყველაფრის საფუძველი სიყვარულია, ამასთან, პირადი, ცოცხალი, კონკრეტული სიყვარული საწუთროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მისი ტრაგიზმის შეგნებაში, და ამასთან ერთად (და ეს ისახება უფრო ცხადად, უფრო თვალნათლივ ქორწინებაში) - იმის სიხარულში, რომ ამ ტრაგიკულ სამყაროში არის სიყვარული, არის ერთობა, არის მეგობრობა, არის ისეთი ადამიანური ურთიერთობები, რომლებიც მას ხდის არა ჯოჯოხეთად, არამედ - შესაძლო სამოთხედ.
და აქ, როგორც ბერმონაზვნობაში, ასევე ქორწინებაში დიდი როლი ენიჭება იმედს, რომელიც უნდა გავიგოთ არა როგორც უბრალოდ ოცნება, არამედ როგორც მოზეიმე რწმენის, დაჯერების აქტი. წმინდა წერილი გვეუბნება, რომ იმედი - ეს უკვე მომავლის მოლოდინია, როგორც რწმენა - უკვე დარწმუნება უხილავში. იმედი არ არის ოცნება მასზე, რომ შესაძლოა, მომავალში იყოს უკეთესობა. დღევანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე (მიუხედავად მისი უსიხარულობისა და ზოგჯერ საშინელებისაც), ვხედავთ, რომ საშინელებებით სავსე აწმყოში მოჩანს ნათელი, იწვის სიყვარული; რომ სინათლე ბნელში ნამდვილად ანათებს და სიბნელე ვერანაირი ძალით ვერ სძლევს მას. იმედის წყალობით ვივსებით რწმენით, რომ ბოლოს და ბოლოს გაიმარჯვებს ნათელი. ეს - ჩვენი იმედია, და ეს - ჩვენი რწმენაა, და მათზე შესაძლოა აღმოცენდეს სიყვარულის გამარჯვება როგორც ბერმონაზვნობაში, ასევე ქორწინებაში.
***
საეკლესიო წესები, რომელთაც ათასწლოვან გამოცდილებასა და რწმენაში აქვთ გადგმული ფესვები, ხშირად ხატოვნად, მოხდენილად, სიმბოლოებით თვალწინ წარმოგვიდგენენ სიყვარულის, სიხარულის, მწუხარების ადამიანური გამოცდილების ისეთ სიღრმეებს, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს არა მარტო მორწმუნისთვის, არამედ ურწმუნოსაც უმხელენ მისი საკუთარი სულის და მისი საკუთარი ცხოვრების რაღაც სიღრმეებს.ჩვენ ყველანი ვფიქრობთ, თითქოს ვიცით, რა არის სიყვარული და შეგვიძლია სიყვარული. სინამდვილეში ძალიან ხშირად შეგვიძლია მხოლოდ ადამიანური ურთიერთობებით პირის ჩატკბარუნება. ვფიქრობთ, რომ გვიყვარს ადამიანი, რადგან მის მიმართ ალერსის გრძნობას განვიცდით, რადგან მასთან თავს კარგად ვგრძნობთ; მაგრამ სიყვარული - რაღაც უფრო მეტია, ბევრად უფრო მომთხოვნი და, ზოგჯერ, ტრაგიკულიც.
სიყვარულს სამი მხარე აქვს. ჯერ ერთი, შეყვარებული ადამიანი გასცემს, სურს გასცეს. მაგრამ იმისათვის, რომ გასცეს, იმისათვის, რომ გასცეს სრულყოფილად, გასცეს ისე, რომ მიმღებს ტკივილი არ მიაყენოს, საჭიროა იცოდეს გაცემა. ხშირად ხდება, რომ გავცემთ არა სიყვარულით, ნამდვილი, თავგანწირული, უხვი სიყვარულით, არამედ იმიტომ, რომ როდესაც გავცემთ, ჩვენში იზრდება საკუთარი მნიშვნელობის, საკუთარი სიდიადის შეგრძნება. გვგონია, რომ გაცემა არის საკუთარი თავის განმტკიცების, საკუთარი თავისთვის და სხვა ადამიანებისთვის საკუთარი მნიშვნელოვნობის ჩვენების ერთ-ერთი ხერხი. მაგრამ ამ პირობებით ადამიანისგან მიღება - ძალზე მტკივნეულია. სიყვარულს მხოლოდ მაშინ ძალუძს გაცემა, როდესაც საკუთარ თავს ივიწყებს; ადამიანი გასცემს, როგორც ერთ-ერთმა გერმანელმა მწერალმა თქვა, ისევე, როგორც ჩიტი გალობისას. არა იმიტომ, რომ საჭიროა, იძულებითია მისგან გაცემა, არამედ იმიტომ, რომ გაცემა - მისი სულის გალობაა, სიხარულია, რომელშიც შესაძლოა თავი დაივიწყო სხვა ადამიანის სიხარულისთვის. ისეთი სიყვარული, რომელსაც გაცემის უნარი აქვს, გაცილებით უფრო იშვიათია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.
მეორე მხრივ, სიყვარულში საჭიროა მიღების ცოდნა; მაგრამ ზოგჯერ მიღება გაცემაზე ბევრად უფრო ძნელია. ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რა მტანჯველია მივიღოთ რაიმე, განვიცადოთ წყალობა ადამიანისგან, რომელიც არ გვიყვარს, ან პატივს არ ვცემთ; ეს არის დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი. იმისათვის, რომ შეგვეძლოს გაცემა და შეგვეძლოს მიღება, საჭიროა გამცემის სიყვარული იყოს თავდავიწყებული, ხოლო მიმღებს უყვარდეს გამცემი და უსათუოდ დარწმუნებული იყოს მის სიყვარულში.
მაგრამ იქაც კი, სადაც გაცემა და მიღება - ზეიმია, სიხარულია, არის სიყვარულის კიდევ ერთი მხარე, რომელსაც ვივიწყებთ. ეს არის თვითშეწირვა არა იმ აზრით, რასაც ჩვეულებრივ მასზე ვფიქრობთ; მაგალითად, რომ ადამიანი, რომელსაც უყვარს სხვა ადამიანი, მზად არის მისთვის იმუშაოს, მოიკლოს რაიმე იმისათვის, რომ მან მიიღოს რაიმე საჭირო, რომ მშობლებს შეუძლიათ მოიკლონ საჭირო რამ იმისთვის, რომ ბავშვები იყვნენ მაძღრები და ჩაცმულები და ზოგჯერ საჩუქრის მიღების სიხარული იგემონ. არა; ის თვითშეწირვა, რომელზეც მე ვსაუბრობ, უფრო მკაცრია: იგი შეეხება რაღაც უფრო მეტად შინაგანს. იგი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი მზად არის სხვისი სიყვარულისათვის გადგეს განზე. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ხანდახან ხომ ასეც ხდება ქმარსა და ცოლს შორის: მათ უყვართ ერთმანეთი ძლიერ, მტკიცედ, ალერსიანად, სიხარულით, მაგრამ ერთ-ერთი ეჭვიანობს; ცოლი - ქმარზე ან ქმარი - ცოლზე, არა ვინმესთან მიმართებით, ვისაც ძალუძს აქვე, ახლავე დააყენოს მათი სიყვარული კითხვის ნიშნის ქვეშ, არამედ წარსულის გამო. მაგალითად, შორდებიან ბავშვობის მეგობრები; სადღაც მოგონებების სიღრმეში ინთქმება წარსულის განცდები. მას, ვისაც ასე გიჟურად, უგუნურად უყვარს, სურს, რომ ცხოვრება დაიწყოს მხოლოდ მათი შეხვედრის მომენტიდან, ხოლო ყოველივე ის, რაც წინ უსწრებს ამას, ცხოვრების, სულის, ურთიერთობების მთელი სიმდიდრე - მას სახიფათოდ ეჩვენება; ეს არის რაღაც, რაც ცხოვრობს საყვარელი ადამიანის სულში მისგან დაუკითხავად. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო რამ. იმიტომ, რომ ადამიანს არ შეუძლია დაიწყოს ცხოვრება რომელიმე დღიდან, თუნდაც საყვარელ, ძვირფას ადამიანთან შეხვედრის ყველაზე ნათელი დღიდან. მან უნდა იცხოვროს თავისი სიცოცხლის დასაწყისიდან. შეყვარებულმა უნდა მიიღოს წარსულის საიდუმლო, როგორც საიდუმლო და მოუფრთხილდეს მას, დაიცვას იგი, უნდა დაუშვას, რომ წარსულში იყო საყვარელი ადამიანის ასეთი ურთიერთობები მშობლებთან, მეგობრებთან - იყო ცხოვრების ისეთი მოვლენები, რომლებთანაც იგი სხვაგვარად ვერ იქნება თანაზიარი, თუ არა მოსაფრთხილებელი, ალერსიანი, მოკრძალებული სიყვარულით. და აქ იწყება არე, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ რწმენის არე არა მხოლოდ ღმერთისა, არამედ ერთი ადამიანის მეორისადმი ურთიერთრწმენისა.
***
გარდა სიყვარულისა, ე. ი. ერთი ადამიანის მეორისადმი ალერსიანი, მგზნებარე და ჩუმი ლტოლვისა, ამ ურთიერთობებს ახასიათებს რწმენაც. დაწინდვის მსახურების დასაწყისში ჩვენ ვლოცულობთ იმისთვის, რომ უფალმა მათ, ვინც ჯვრისწერას აპირებს, გამოუგზავნოს არა მარტო ურთიერთსიყვარული - სრულყოფილი, მშვიდი, არა მარტო თავისი მეოხება, არამედ თანამოაზრეობა და მტკიცე რწმენაც და, რასაკვირველია, პირველი აზრი, რაც მორწმუნეს თავში გაუელვებს, არის შემდეგი: "მოგვეცი, უფალო, მტკიცე რწმენა შენდამი, და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება..."ეს სიმართლეა. მაგრამ არის მასში მეორე მხარეც. შეუძლებელია, ურთიერთობები იყოს ჭეშმარიტი, ნამდვილი, თუკი ცოლს და ქმარს, საცოლეს და საქმროს შორის არ არის ურთიერთრწმენა, ე. ი. ერთი მხრივ ნამდვილი ნდობა, ხოლო მეორე მხრივ ერთგულება. ეს მეტად მნიშვნელოვანია, და იგი ვლინდება ძალზე ნათლად შემდგომ მსახურებაში, როდესაც იკითხება ლოცვა, რომელშიც იხსენიება უძღები შვილი. იგი წავიდა მამის სახლიდან, იცხოვრა უძღები, ულამაზო ცხოვრებით, შეინანა გარემოებათა ზეწოლის გამო და დაბრუნდა სახლში. და რა მოხდა? - მამა მას ხვდება, მისკენ გარბის, გულში იკრავს, კოცნის და როდესაც შვილი ეუბნება მამას: "შევცოდე ზეცის წინააღმდეგ და შენს წინაშე, ღირსი არა ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე" - მამა მას არ ათქმევინებს უკანასკნელ სიტყვებს, რომლებიც გზაში ჰქონდა მომზადებული მონანულ შვილს. მას უნდოდა ეთქვა: "მიმიღე თუნდაც შენს ერთ-ერთ მსახურად" - მამა მას ამას არ ათქმევინებს, რადგან შესაძლოა იგი უღირსი შვილი იყოს, მაგრამ შეუძლებელია იგი უფრო ნაკლები იყოს, ვიდრე შვილი. ხოლო შემდგომ მამა არაფერს ეკითხება; მისთვის საკმარისია ის, რომ შვილი სახლში დაბრუნდა. იგი არ ეკითხება მას, ნანობს თუ არა, ნაღვლობს თუ არა, რცხვენია თუ არა თავისი წარსულის, არ ეკითხება, მზად არის თუ არა, შეიცვალოს; მისთვის საკმარისია, რომ შვილი დაბრუნდა იმისთვის, რომ სწამდეს მისი ბოლომდე.
***
ადამიანი უყვართ არა რაღაცის გამო, არამედ პირიქით, ის შეიძლება გახდეს დიდი მნიშვნელობის, შესანიშნავი ადამიანი იმის გამო, რომ უყვართ. დაწინდვის წესის მეორე ლოცვაში საუბარია იმაზე, რომ ღმერთმა გამოირჩია ეკლესია, როგორც წმინდა ქალწული წარმართთა წრიდან. თუ დავუფიქრდებით ამას და წარმოვიდგენთ: ვინ არის ეს ეკლესია? ეკლესია – ვართ ჩვენ: მეც, შენც, ყველა ჩვენი მეგობარიც; როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ ღმერთმა ამოგვირჩია ჩვენ, როგორც წმინდა ქალწული? ჩვენ ყველა ცოდვილები ვართ, ყველას ნაკლი გვაქვს, ყველანი საკმაოდ უზნეონი ვართ, - როგორ შეეძლო ღმერთს შეეხედა ჩვენთვის და ამოვერჩიეთ, როგორც წმინდა ქალწული? საქმე ისაა, რომ ღმერთი ჩვენ გვიყურებს, ხედავს შესაძლებლობას იმ მშვენიერებისა, რომელიც ჩვენშია, ხედავს ჩვენში მას, რაც შესაძლოა ვიყოთ და იმისათვის, რასაც ის ხედავს, იგი ჩვენ გვიღებს. იმის გამო, რომ ჩვენ ვუყვარვართ, იმის გამო, რომ შეგვემთხვა ის სასწაული, რომ ვიღაცამ დაინახა ჩვენში არა უშნო, არამედ მშვენიერი, არა ბოროტი, არამედ კეთილი, არა მახინჯი, არამედ საოცარი - ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ზრდა, ზრდა განცვიფრებისაგან ამ სიყვარულის წინაშე, ზრდა განცვიფრებისაგან იმის წინაშე, რომ ამ სიყვარულით ჩვენ გვეჩვენა ჩვენივე საკუთარი მშვენება, რომლის შესახებაც ვერც კი წარმოგვედგინა. მე ვამბობ, ცხადია, არა იმ გარეგნულ, ზედაპირულ მშვენიერებაზე, რომლითაც ჩვენ ყველანი თავს ვიწონებთ: სახის ნაკვთებით, გონებით, გულისხმიერებით, ტალანტით - არა, სხვა მშვენებაზე.და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი გზა ადამიანის განახლებისა, ერთადერთი გზა, მივცეთ ადამიანს საშუალება, ბოლომდე გადაგვიშალოს გული, არის ის, რომ გვიყვარდეს იგი; გვიყვარდეს არა მხოლოდ მისი სათნოებების გამო, არამედ იმისდა მიუხედავად, რომ იგი არასრულყოფილია; გვიყვარდეს უბრალოდ იმიტომ, რომ ადამიანია და იმიტომ, რომ თავისთავად ასე დიადი და მშვენიერია. შეგვიძლია ყოველთვის გვწამდეს ამისა. ჩვენ ყოველთვის არ შეგვიძლია ამის დანახვა. მხოლოდ სიყვარულის თვალებს შეუძლიათ მოგვცენ ამის დანახვის უნარი. ადამიანს შეიძლება ვუყუროთ გულგრილი მზერით - და მაშინ ჩვენ ვერაფერს ვხედავთ: ვამჩნევთ მხოლოდ გარეგნულ გამოვლინებებს, სახის ნაკვთებს, ვაფასებთ ადამიანს ისევე, როგორც ვაფასებთ ყველაფერ დანარჩენს: ძაღლს, ცხენს ან საგანს, რომლის ყიდვაც გვსურს. საჭიროა ვისწავლოთ ადამიანის დანახვა ისეთად, როგორიც ის არის მთელი თავისი სიღრმით, მთელი არსებით, და შესაბამის მიმართებაში ვიყოთ მასთან. ასეთ მიმართებაშია ჩვენთან ღმერთი. ღმერთს ვუყვარვართ არა იმიტომ, რომ კარგები ვართ, ღმერთი მოწყალეა ჩვენს მიმართ არა იმიტომ, რომ ვიმსახურებთ ამ წყალობას ან სიყვარულს: მას ჩვენ უბრალოდ ვუყვარვართ. თუკი შეგვწევს უნარი, ვიყოთ მადლიერნი იმის გამო, რომ ვინმეს - ღმერთს ან ადამიანს - შეუძლია შეგვიყვაროს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, უბრალოდ იმიტომ, რომ მისი გული იხრება ჩვენსკენ, ჩვენ შეგვიძლია სხვა ადამიანებად გარდავიქმნათ. ქორწინებაში ეს მეტად მნიშვნელოვანია; მეტად მნიშვნელოვანია ეს ნდობა ადამიანისა და ეს უნარი ხსოვნისა, რომ მხოლოდ სიყვარულით შეიძლება იგი დადგეს, უფრო სწორად, შეიძლება მას დავეხმაროთ დადგეს ყოველივე იმად, რად ყოფნაც მას შეუძლია, როგორადაც ჩაიფიქრა იგი უფალმა; შეიძლება აღმოვაჩინოთ მთელი მისი მშვენიერება.