ადამიანები იმდენად სულმოკლენი ვართ, რომ რაიმე სიკეთის გაკეთების შემდეგ სულგრძელობას ვკარგავთ და უფლისგან მაშინვე ველოდებით საზღაურს.
თუ იმთავითვე არ მივიღეთ, დრტვინვას ვიწყებთ და სასოწარკვეთილებაში ვვარდებით. დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის მიერ თარგმნილ "მართლმადიდებელი მოძღვრის დღიურიდან" ვკითხულობთ: "ჩვენ ყველა, რა თქმა უნდა, მზად ვართ უფალს ამგვარი ლოცვით მივმართოთ, რამეთუ ყველა ვსაჭიროებთ მოთმინებას. მოთმინებამ იესო ქრისტეში, ისევე როგორც სხვა თვისებებმა, სრულყოფილებას მიაღწია. "თვისთა თანა მოვიდა და თვისთა იგი არა შეიწყნარეს" (იოანე 1,11). მაცხოვარს არასდროს დაუკარგავს მოთმინება, არასდროს განელებია სიყვარული, არასდროს შეუწყვეტია ლოცვა-კურთხევა, ქველმოქმედება ყველასა და თითოეულისთვის, მუდამ მზად იყო, სიყვარულის ნიჭები გადმოეფრქვია, თუმცა უწყოდა და ხედავდა, რომ ადამიანებმა გულფიცხელობით უარყვეს და არ მიიღეს. იგი გულმოწყალე იყო ყველას მიმართ, ხელებს განართხავდა ხალხისკენ, და იმავე ხალხმა ჯვარს მიალურსმა! მაგრამ ჯვარზე მიმსჭვალულ წმინდა ხელებს გამოხსნა და სიცოცხლე მოაქვნდა. თავად მოწაფეებს ყოველთვის როდი ესმოდათ უფლისა. თავიანთი ურწმუნოებით, სულმოკლეობით, მერყეობით, ისინი ხშირად აწყენინებდნენ და, მიუხედავად ამისა, მაცხოვარი არ ღიზიანდებოდა - არ დუმდებოდა მისი სწავლება, არ კლებულობდა სიყვარული მათდამი. რაოდენი მოთმინება იყო საჭირო, რათა ყოველდღიურად ამ ტანჯულ, უბედურ, ხშირად გამძვინვარებულ ბრბოში ყოფილიყო. ითხოვდნენ რა მისგან კურნებასა და შეწევნას, მოსვენებას არ აძლევდნენ და ისიც, უცვალებელი სიმშვიდით, სულერთიანად ეწირებოდა ამ ბრბოს, იხარჯებოდა რა დაცემული და ვნებული კაცობრიობის სამსახურში. გასაოცარ თავმდაბლობას ვხედავთ უფალში, როდესაც იგი პირისპირ აღმოჩნდა თავის მტრებთან! ქვეყნიერების დასაბამიდან არასდროს არავისში გამჟღავნებულა ასეთი თავმდაბლობა! სიფიცხით წარმოთქმულ სიტყვას, მუქარას, უხეშ განკითხვას იგი ლოცვით, სიყვარულით პასუხობდა. სიყვარული ანაცვალა თავის მკვლელთა ადამიანურ გაბოროტებას. ჩვენ გვაკვირვებს მაცხოვრის განსაცვიფრებელი მოთმინება და უცვალებლობა უმძიმეს ღვაწლში ქვეყანასა ზედა, ასე ხშირად რომ ჩანდა უმადური, უნაყოფო. თავად თითქმის არასდროს უნახავს საკუთარი მოძღვრების კეთილისმყოფელობითი გავლენა; იმ ბრბოში, მას რომ მიჰყვებოდა, ბევრი იყო ურწმუნო. მაცხოვარი მთესვარი იყო: მკათათვე არ დამდგარიყო. მაშასადამე, თავისი ცხოვრებით ნებისმიერ ვითარებაში უფალი ჩვენ ღვთიური მოთმინების მაგალითს გვაძლევდა. მაშ, ვილოცოთ: "უფალმა წარგვიმართოს გულნი ჩვენნი სიყვარულსა ღმრთისასა და მოთმინებასა ქრისტესსა!" ვისწავლოთ საქმიანობაში წარუმატებლობის მოთმინებით გადატანა ისე, რომ მოწყენილობა არ დაგვეუფლოს; ხელსაყრელ დროს დაველოდოთ იმ სიფრთხილით, რომ აჩქარებით, სარგებლობის ნაცვლად, ვნება არ მოვიწიოთ და გვახსოვდეს, რომ ნაადრევად მოწყვეტილი ნაყოფი უგემური და უმადლოა".
ინტერნეტის დახმარებით დავუკავშირდი და საუბარი ვთხოვე ამერიკაში, ლოს-ანჯელესის წმინდა ნიკოლოზისა და სან-ფრანცისკოს ივერიის კარიბჭის სახელობის ტაძრების მღვდელმსახურ იოანეს (კავსაძე).
- თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ვიდღესასწაულეთ ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი...
ახლა, როდესაც ვუბრუნდებით შრომასა და ღვაწლს ჩვენი სულების გამოსაწრთობად, მორწმუნე ქრისტიანებმა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: შევიგრძენით კი აღდგომის სიხარული მთელი ჩვენი შეგნებით? გავიაზრეთ კი აღდგომის სიდიადე სინამდვილეში?.. თუ მხოლოდ სადღესასწაულო გარემო მოქმედებდა ჩვენზე? ვკითხოთ საკუთარ თავს: რატომ ვზეიმობდით ამ დღეს? დიახ, სიკვდილითა სიკვდილი მოკლა მხსნელმა ჩვენმა, დიდება უფალს! ადამი განთავისუფლდა და ჯოჯოხეთი დაემხო, დიდება უფალს! საუკუნო სიცოცხლის კარი გაგვეხსნა და შევწვდით ცათა სასუფეველს! დიდება და მადლობა ქრისტე მაცხოვარს! მაგრამ რამდენად შეეხო ეს ჩვენს სულს? შევიცანით კი ხილული დღესასწაულიდან უხილავი ზეციური დღესასწაული ჩვენს სულში, გულსა და გონებაში? ვინაიდან ეკლესია იმისთვისაა დედამიწაზე, რომ ხილულიდან უხილავი შევიცნოთ და თუკი ჩვენ არასდროს გვიფიქრია იმაზე, როგორ შეიქმნა სამყარო, როგორ მოეწყო ქვეყანა, ვინ განაგებს მას, დღე და ღამე როგორ ენაცვლება ერთმანეთს, ან პურის მარცვალი როგორ ითესება მიწაში, როგორ იხრწნება და შემდეგ როგორ ამოდის მისგან მრავალი თავთავი, ვერ მივხვდებით აღდგომის სინამდვილესაც... თუ არ გვიფიქრია, ცას დასასრული აქვს თუ არა, ვერ მივწვდებით სამყაროს მიღმიერს, ჩვენში შემოსულს და სულ გავატარებთ ხოლმე აღდგომის დღესასწაულებს გაუცნობიერებლად, სხვაზე აყოლით, შინაგანი განცდის გარეშე... ღმერთმა დაგვიფაროს!
ღვთის სიკეთეთა შემეცნება ჩვენი ვალია... ყოველდღე უნდა ვუღრმავდებოდეთ საკუთარ თავს, ჩვენი შინაგანი სამყაროსა და გარე სამყაროს ურთიერთობებს და ვეძიებდეთ ღმერთს - ჩვენს შემოქმედს, როგორც ამას დავით წინასწარმეტყველი იტყოდა და იქმოდა კიდეც: "შენ გრქუა გულმან ჩემმან, უფალი მოვიძიო, გამოგიძია შენ პირმან ჩემმან, პირი შენი უფალო მოვიძიო"... წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ამ სამყაროს შექმნა, რომელსაც ვხედავთ, გაცილებით მიუწვდომელია და რთულია, ვიდრე საყოველთაო აღდგომის სინამდვილე... რადგან არ არის ერთი და იგივე - აანთო ჩამქრალი სანთელი და გააჩაღო არასდროს არსებული ცეცხლი...
ასე რომ, საკუთარი თავის შეცნობიდან და ამ სამყაროს შეცნობიდან უნდა შევიმეცნოთ ღმერთი და მისი დიდებული საქმეები... ე. ი. ქმნილებიდან უნდა შევიცნოთ შემოქმედი...
დღეს მინდა მოკლედ გესაუბროთ სენტენციაზე - რასაც დათესავ, იმას მოიმკი, ანუ საზღაურის მიგებაზე...
ამ სამყაროში ყოველივეს თავისი საზღაური აქვს, კეთილს - კეთილი, ბოროტს - ბოროტი... ამ საღვთო კანონზომიერებას ვერავინ და ვერაფერი ასცდება... მაგალითად, ხეს რომ წყალს დაუსხამ, სამაგიეროდ და საზღაურად ნაყოფს მოგვცემს, ყვავილს მზე რომ მოხედავს, საზღაურად გაიფურჩქნება, სილამაზეს და კეთილსურნელებას დააფრქვევს... და ასე უნდა იყოს ადამიანებშიც. ერთ სიკეთეს რომ მიიღებ, ის ათად უნდა აქციო, როგორც ერთი ხორბლის თესლი მრავალს აღმოაცენებს. შენ რომ სიყვარულს მიიღებ, უნდა ამრავლო და უფრო მეტი გასცე ღვთის სადიდებლად... გახსოვთ ალბათ იგავი ტალანტებზე...
სიკეთე მარადისობიდან მოდის და იგი არ არის სტატიკური, გაყინული. სიკეთე მდგომარეობს მუდმივად ქმნაში, დაუცადებელი სიკეთის ქმნაში... და ადამიანი თავისი შრომითა და ღვაწლით უნდა შესწვდეს კეთილ საზღაურს, თავისი სულგრძელებით უნდა გაიკვალოს გზა კეთილი მისაგებლისკენ... ამქვეყნად ჩვენი ვალია, ვთესოთ... და ვთესოთ ეს სიკეთე უანგაროდ...
ხანდახან ხდება, რომ შესწირავს ადამიანი ამქვეყნიურ საფასეს - ძვირფას შესაწირს ღმერთს და ფიქრობს, რომ ძალიან დიდი საქმე გაუკეთა უფალს და ეს იქნება მისი ცხონებისა და კეთილი მისაგებლის გარანტი... მაგრამ ეს ასე არ არის... რა მოსატანია ჩვენი შესაწირი იმ შესაწირავთან, რომელი შესაწირავიც მამაზეციერმა გაიღო ჩვენთვის, კაცობრიობის გამოხსნისათვის... ძე თვისი მოსცა სოფელს ზვარაკად შესაწირავად. ჩვენ კი საზღაურად რას ვაძლევთ უფალს? ყვედრებას, ეჭვებს, ურწმუნოებას, უკეთურებასა და გმობას (ჩვენში ვგულისხმობ კაცობრიობის უმრავლესობას)...
აი, მაგალითად, ზოგიერთნი, როდესაც ეკლესიურ ცხოვრებას შეუდგებიან, იწყებენ ლოცვას, მარხვას, ტაძარში სიარულს... იმწუთასვე უნდათ, რომ ცხოვრება რადიკალურად შეეცვალოთ უკეთესობისკენ. მაგალითად, ჯანმრთელობა თუ აწუხებთ, უნდათ რომ იმწუთასვე გამოუსწორდეთ, უსახსრობა და უფულობა თუ აწუხებთ, უნდათ რომ მეორე დღესვე გამოუჩნდეთ ფული...
დავაკვირდეთ ბუნებას, ის ხომ წმინდა წერილის შემდეგ მეორე წიგნია ჩვენთვის, რომელიც ღვთის საქმეებზე მოგვითხრობს...
ასეა მოწყობილი ყველაფერი? თუ ყველაფერს თავისი დრო აქვს? მაგალითად, ხე ან ვაზი, სანამ ნაყოფს გამოიღებს, რამდენი საქმეა საჭირო: ნიადაგის მომზადება, დარგვა, სისტემატური მორწყვა, გასხვლა, მავნე მწერებისა და ჭიებისგან დაცვა, შეწამვლა და ბოლოს დრო... ასევეა ადამიანშიც... კეთილი ნაყოფის გამოღებას შრომა, ლოცვა, მარხვა და დრო სჭირდება... ამაში ვემსგავსებით შემოქმედს, რომელმაც შექმნა ეს სამყარო და რომელიც აქამომდე განაგებს მას...
სულგრძელება და მოთმინება აქცევს ადამიანს ადამიანად... წმინდა პავლე მოციქული ბრძანებს, რომ სიყვარული სულგრძელია... ეს სიტყვები მგონი საკმარისია, რომ გაიაზრო სულგრძელების სიდიადე... ამის მაგალითია ქრისტე... ეს ის ღვთაებრივი თვისებაა, რომლის წყალობითაც დგას მსოფლიო...
ჩვენ კი სულ გვეჩქარება, სულ წინ გვისწრებს სული... უმალვე გვინდა ვიხილოთ შურისგებაც და კეთილისგებაც... მაგალითად, როცა ვხედავთ უკეთურ ადამიანს, რომელიც ხარობს ამ წუთისოფლის სიკეთეებით, ეჭვები გვიპყრობს, ღმერთი არსებობს თუ არა, და თუ არსებობს, რატომ არ მიაგებს უფალი უკეთურს მისი საქმეების შესაბამისად... ხოლო როცა სიკეთეს ჩავიდენთ, სულვსწრაფობთ კეთილი საზღაურის მიღებას...
რა თქმა უნდა, ადამიანი სიკეთეს რომ თესავს, მას იმის იმედიც უნდა ჰქონდეს, რომ სიკეთეს მოიმკის, მაგრამ არა იმ დროს, როცა ეს მას სურს, არამედ იმ დროს, როცა ეს საჭირო იქნება მისი სულისთვის... როცა მკის დრო დადგება...
ჩვენ ხშირად ისიც გვავიწყდება, რომ ეს ქვეყანა არ არის ჩვენი სამშობლო და საბოლოო ნავსაყუდელი, ეს კაცობრიობისათვის სასჯელაღსრულების ადგილია... ჯერ კიდევ არ დამდგარა მერვე დღე კაცობრიობისათვის... ჯერ კიდევ არ დამდგარა ღვთის საუკუნო სოცოცხლე კაცობრიობისათვის... და, აქედან გამომდინარე, მორწმუნე ქრისტიანები ჯილდოს აქ არც უნდა ელოდონ... ნუთუ ვინმე იფიქრებს იმას, რომ ღვთის მომავალ სამეფოში ოდესმე ძლიერი სუსტს დაჩაგრავს ან შეჭამს? ან ვინმეს ეტკინება რამე? ანდა ყინვა ან სიცხე კაცს მოკლავს? რაც ამქვეყნად ხშირად ხდება... ამიტომაც ეს არ არის ჩვენთვის ნეტარების სავანე... ჩვენ მოველით აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა!.. ჩვენ მოველით იმ სამეფოს, სადაც მგელი და კრავი ერთად მოძოვენ ბალახს...
წმინდა სახარებაში მრავლად არის ადგილი, სადაც საუბარია საზღაურის უკუმიგებაზე, მაგალითად: უფალი ბრძანებს, - "ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ, ვინაიდან რომელი განკითხვითაც განიკითხავთ, და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ თქვენ". ე.ი. განკითხვასაც თავისი საზღაური ჰქონია... ზოგიერთს ეს ცოდვა მიაჩნია "პატარა ცოდვად", მაგრამ ეს ის ცოდვაა, რომელიც ყველაზე მეტად უშლის ხელს ჩვენს ნებისმიერ წარმატებას ამ ცხოვრებაში და სამომავლო ცხონებაშიც... ნუთუ გვგონია, რომ ჩვენს მიერ მავანის მიმართ გასროლილი განკითხვისა და გაჭორვის სიტყვის ძალა უკან არ მოგვიბრუნდება? მოგვიბრუნდება! და თან როგორ, ისიც არ ვიცით... ამიტომაც მოგვიწოდებს უფალი, ილოცეთ თქვენი მტრებისთვის და დალოცეთ თქვენი დამაწყევრებიო... რათა კეთილი სიტყვა და კეთილი სურვილი დაითესოს ჩვენს ირგვლივ... რა იცი, იქნებ, ის შენი მტერიც მოყვარედ გექცეს მალე ღვთის ძალით და შენი ლოცვით... შენთვის კი ეს უდიდესი საზღაური იქნება... "კბილი კბილისა წილ" კი არა, არამედ სიყვარული სიძულვილისა წილ...
ჩვენ ვთქით უკვე ზემოთ, რომ ყოველივეს თავისი საზღაური აქვს: კეთილს - კეთილი და ბოროტს - ბოროტი... მაგრამ ხშირად ხდება ისე, რომ კეთილისა წილ ბოროტი მიეგება ადამიანს და არამარტო ადამიანს... და ეს არის ამ წუთისოფლის თავადის და მისი მსახურების საზღაური სიკეთისათვის... თქვენ იცით, ვისაც მიაგეს უმეტესად კეთილისა წილ ბოროტი - მაცხოვარს ჩვენსას იესუ ქრისტეს, რომელმაც დიდი სულგრძელებითა და მოთმინებით აიტანა ყოველივე ჩვენი გულისთვის... და ამით მაგალითი მოგვცა ჩვენც, თუ როგორი სულგრძელნი და მომთმენნი უნდა ვიყოთ განსაცდელების ჟამს...
ასე რომ, რასაც დათესავ, იმას მოიმკი! მაგრამ ამაშიც არსებობს გამონაკლისი: ერთი - ღვთის გამოუკვლეველი წყალობა და განგებულება, და მეორე - მღვდელთან ნათქვამი აღსარება, რომელში აღიარებული ცოდვები და უკეთურობები აღიხოცება უკვალოდ, ვინაიდან რასაც მოგიტევებს უფალი, იმას აღარ მოგკითხავს, რა თქმა უნდა, იმ ცოდვებს თუ აღარ ჩაიდენ შემდეგში...
...დაბოლოს, უნდა გვახსოვდეს მუდამ, რომ რწმენის საზღაური საუკუნო სიცოცხლეა, განსვენება და სიხარულია, ხოლო ურწმუნოების საზღაური არარაობა, ჯოჯოხეთი და მოუსვენრობაა.
კვლავაც ვითხოვოთ ღვთისაგან კეთილი სიტყვისგება წინაშე საშინელსა სამსჯავროსა ქრისტესა. უფალმა მოგვმადლოს წყალობა და გამოხსნა, როცა ეს ჩვენთვის ძალზე საჭირო იქნება... ამინ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი