აღდგომის დღესასწაულს ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი დიდი სიხარულით ვეგებებით და ერთმანეთს უფლის ჭეშმარიტ აღდგომას ისე ვახარებთ, როგორც პირველი ქრისტიანები.
მარხვის სინანულს აღდგომის სიხარული ენაცვლება. მომავალი ცხოვრების რწმენა გვიძლიერდება და სულიერი და ხორციელი აღდგომისთვის გვამზადებს.
აღდგომას განსაკუთრებული სასოებით მონასტერში ბერ-მონაზვნები აღნიშნავენ. ვარძიის მამათა მონასტერში მამებთან ერთად დღესასწაულს მრევლიც ეგებება. მამების ენატკბილი, მადლიანი ხმით აჟღერებული საგალობლები ისმის წინაპრების ნალოც გამოქვაბულებში.
ვარძიის მამათა მონასტრის კეთილმოწესეს, მღვდელმონაზონ მათეს (ვაშაყმაძე) ვთხოვე წინასააღდგომო განწყობის გაზიარება:
- მონასტრისთვის გამორჩეულად მკაცრია მარხვის პერიოდი. გარდა საეკლესიო ღვთისმსახურებისა, ბერ-მონაზვნები ცდილობენ, განმარტოვდნენ თავიანთ სენაკებში და შეეცადონ, რაც შეიძლება მეტი ნაკლი აღმოაჩინონ საკუთარ თავში, გადაავლონ თვალი თავიანთ ცხოვრებას და ანგარიში ჩააბარონ უფალს, თუ სად ვერ შეძლეს უფლის მცნებების დაცვა, სად დაუშვეს სინდისის მამხილებელი ცოდვები.
ხანდახან ვერ ვიცავთ უფლის მცნებებს, არ გვიყვარს მოყვასი საკუთარი თავივით, უფალი - მთელი სულითა და გულით. სახარებაში ერთ-ერთი ფარისეველი ეკითხება მაცხოვარს, - რომელი მცნება არის პირველი სჯულშიო, მაცხოვარი პასუხობს: "შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლთაAგულითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენითა". მეორე მსგავსია - "შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი თვისი". ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული მთელი სჯული და წინასწარმეტყველებანი. აქედან გამომდინარე, ქრისტიანი ვალდებულია, განსაკუთრებით კი მარხვაში, ერთგვარად შეაჯამოს თავისი ცხოვრება, ღვთის წინაშე განიცადოს საკუთარი ცოდვები და ნაკლოვანებები. გულწრფელად აღიარების შემდეგ დაუფლებული საკუთარი ცოდვების განცდა არის სულიერი განწმენდის საწინდარი. მარხვის პერიოდი ჟამია სინანულისა, განწმენდისა და სულიერი აღორძინებისა. თვით მაცხოვარმა ძალიან მკაცრად იმარხულა 40 დღე. როდესაც ძალიან მოშივდა, გამოეცხადა ეშმაკი და შეეცადა, მის გამოცდას. ეუბნება: - თუ ძე ხარ ღვთისა, უთხარი ქვას, პურად გადაიქცესო. მაცხოვარი მიუგებს, - "არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა". მემარხულეს ყოველთვის ებრძვის ეშმაკი. ეს ბრძოლები სხვადასხვა სახით გამოიხატება - არსებობს გონებრივი ბრძოლა, როდესაც გონება დაკავებულია ამაო საზრუნავებით, არადა ამ დროს უნდა იყოს უფლისკენ მიპყრობილი და განიცდიდეს საკუთარ ცოდვებს. ერში უამრავი საცდური არჩევანის წინაშე გვაყენებს. ამ დროს ქრისტიანი ვალდებულია, გამოამჟღავნოს სულიერი სიმტკიცე, პატივისცემა ეკლესიის დადგენილების, წმინდა მარხვისა და თავს უფლება არ მისცეს, რაიმე სახით გამოხატოს მარხვის უპატივცემულობა. ეს იქნება სახსნილო საკვების მიღება თუ გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა.
მაცხოვარი თავის მოწაფეებს მოუწოდებდა, მორიდებოდნენ ფარისევლებისა და სადუკევლების მსგავს გარეგნულ მარხვას. ქრისტიანი არ უნდა დაკმაყოფილდეს გარეგანი მარხვით, შინაგანადაც უნდა იმარხულოს. მარხვა სულიერი ღვაწლია და არა გარეგნული. ქრისტიანულ ეკლესიაში მნიშვნელოვანია ხორციელი ღვაწლი - მუხლმოდრეკა, მეტანიები და მდუმარება. ერში ამის ხელშემწყობი პირობები ნაკლებადაა, თუმცა ყველამ უნდა შეძლოს და იესოს ლოცვა აღასრულოს.
ადამიანი სულიერად იცლება, ღარიბდება და საჭიროებს სულიერ გამდიდრებას, სულიერ შვებას. რაც მდუმარებით, საკუთარ თავში ჩაღრმავებითა და შინაგანი ლოცვით მიიღწევა.
- დიდი მარხვის პერიოდში მონასტრული ტიპიკონი გამორჩეულია?
- ის ხორციელი თვალსაზრისითაც გამორჩეულია. შემცირებულია საკვების რაოდენობა, არის უზეთო და უბრალო. ბერ-მონაზვნები ცდილობენ, გარკვეულ დღეებში მხოლოდ ერთხელ იტრაპეზონ. ვარძიის მამათა მონასტერში ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს დღეში ერთხელ უზეთო ტრაპეზი გვაქვს. ორშაბათი ბერ-მონაზვნების მფარველი ანგელოზის დღეა და მის პატივსაცემად ვმარხულობთ. ვცდილობთ, მეტი დრო დავუთმოთ სულიერ მოღვაწეობას. სხეული არის უმადური მეგობარი და რაც უფრო მეტ პატივს მიაგებ, მეტ ზიანს მოგაყენებს. მაგრამ თუ ამ მეგობარს მკაცრად მივაგებთ თავისას, ხდება ჭეშმარიტი მეგობარი და ხელს გვიწყობს სულიერ მოღვაწეობაში. ბერ-მონაზვნისთვის ლოცვა და შრომა განუყოფელია. ჩვენს ეპარქიაში მარხვაში შეზღუდულია სტუმრების მიღება, რადგან ამ მხრივ ირღვევა მონასტრის მყუდროება.
- როგორ უნდა განვიცადოთ დღესასწაულის სიხარული?
- დღესასწაულის სიხარულს იმდენად განიცდის ადამიანი, რამდენადაც ამისათვის მანამდე ემზადებოდა. ვნების შვიდეულში ქრისტიანი უნდა ცდილობდეს მაცხოვართან ერთად გაიზიაროს ის დღეები, რაც მაცხოვრის ჯვარცმის წინ ხდებოდა. პირველად ეს არის მაცხოვრის გეთსიმანიის ბაღში ლოცვა მოწაფეებთან ერთად, მაშინ მაცხოვრის ადამიანური ბუნება შეშფოთებული იყო, რადგან იცოდა, რომ საშინელი ჯვარცმა ელოდებოდა, ევედრება ზეციურ მამას განძლიერებას ასეთი დიდი მსახურებისათვის. სახარება გვეუბნება, რომ ამ დროს მისი ცრემლი და ოფლი სისხლად გადაიქცა, ანუ უსაზღვრო იყო მისი განცდა საშინელი ჯვარცმის წინ. მის ტკივილს აორმაგებდა ის, რომ მაცხოვარს ყველა მიატოვებდა და გასცემდა საკუთარი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი. ამას მოსდევს მაცხოვრის შეპყრობა გეთსიმანიის ბაღში. მაცხოვარი დიდი გულისტკივილით მიმართავს იუდას: - იუდა, ამბორისყოფითა გასცემ ზესთა კაცისასაო? შემდეგ მაცხოვარი მიჰყავთ პილატეს სამსჯავროზე, სადაც მას გაროზგვა, შეურაცხყოფა ელოდება. ამას მოყვება საშინელი ჯვარცმა და მაცხოვრის მოსიყვარულე გულიდან ამოსული სიტყვები: - "მამაო, მიუტევე, რამეთუ არა იციან, რასა იქმან"...
საიდუმლო სერობა ხდება დიდ ხუთშაბათს. მაცხოვარმა ამ დღეს დააწესა ევქარისტიის საიდუმლო ანუ წმინდა ზიარება, რომელიც შემდეგში მართლმადიდებელი ეკლესიის განუყოფელ ნაწილად იქცა.
ჯვარცმით მაცხოვარმა ადამიანის ცოდვები გამოისყიდა და სასუფევლის კარი გაუღო კაცთა მოდგმას, თუმცა ჯვარცმა უნდა აღესრულოს ყველა ადამიანის ცხოვრებაში, ყველა ადამიანმა უნდა შექმნას თავისი ცხოვრებისეული ჯვარი. ვერტიკალურია სიყვარული ღვთისა და ჰორიზონტალური - მოყვასისა. ქრისტიანის ცხოვრება არის ჯვარცმა მაცხოვრისათვის, რაც იმაში გამოიხატება, რომ დაითმინოს სულიერი თუ ფიზიკური განსაცდელი და ამით გამოხატოს ერთგულება ჯვარცმული მაცხოვრისა. ასევე, ყველა მართლმადიდებელისთვის საყურადღებოა მაცხოვრის ბოლო სიტყვები: - მამაო, მიუტევე, რამეთუ არა იციან, რასა იქმან." მორწმუნე ქრისტიანი ვალდებულია, მიუტევოს მოყვასს, როდესაც ადამიანები ერთმანეთს გულს ვტკენთ და არ ვიცით, რას ვაკეთებთ.
ვნების შვიდეულში განსაკუთრებული მსახურებები სრულდება. ერთად იკითხება ოთხი სახარება, ასევე აღესრულება მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნა, რომელსაც მორწმუნე მრევლი ესწრება და ეამბორება ჯვრიდან გარდამოხსნილ ჯვარცმას. ამის შემდეგ იწყება ღამისთევის მსახურება და სააღდგომო განწყობა ეუფლებათ მორწმუნეებს. მოლოდინია იმისა, რომ მაცხოვარი მკვდრეთით უნდა აღსდგეს და სიხარული მოჰფინოს მთელ კაცობრიობას. ვარძიაში განსაკუთრებულია ეს მსახურება, ვინაიდან ლიტანიობა აღესრულება გამოქვაბულებში გალობითა და ანთებული სანთლებით. ამ დროს მთელი ვარძია გუგუნებს და მისი ექო ეფინება ირგვლივეთს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი