წმინდა თეოფანე დაყუდებულის გადმოცემით:
ჭეშმარიტი ქრისტიანი მაშინ ხდება ადამიანი, როცა სულითა და გულით შეიყვარებს ღმერთს და მოყვასი საკუთარი თავივით უყვარს. ეს კი ნიშნავს, ცხოვრობდე სხვათა საამებლად და არა საკუთარი სიამოვნებისათვის. ასეთ სიყვარულში მჟღავნდება ღვთის სიყვარულიც. არ უნდა ვაწყენინოთ სხვას, არავინ გავლანძღოთ, სულ სიკეთე უნდა ვაკეთოთ. ეკლესიაში ვიაროთ ყოველ შაბათ-კვირას, ყოველ დღესასწაულზე, უნდა გვახსოვდეს, რომ კვირა - უფლის დღეა. ამ დღეს ღვთისმსახურებას ყველა მლოცველი ესწრება, ამ ქვეყნისანიც და ზეციერნიც. უნდა ვიყოთ ეკლესიის, ქრისტეს მორჩილნი.
სიკვდილამდე უნდა ვუერთგულოთ ეკლესიას, ქრისტეს, რათა ვერავითარმა უბედურებამ, შიშმა თუ სირცხვილმა ვერ გადაგვიყვანოს ჭეშმარიტი გზიდან.
"ერთ არს უფალი, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება", - ამბობს პავლე მოციქული.
ჭეშმარიტი რწმენა ერთია და მას მართლმადიდებლობა ეწოდება. ეშმაკი ცდილობს დაყოს ეს ჭეშმარიტება, ბზარი გაუჩინოს. იგი აცდუნებს ხალხს და მისდრეკს მათ სხვადასხვა სექტაში. ვაი მათ, ვინც განუდგება მართლმადიდებელ ეკლესიას - უდიდესი სასჯელი ელოდებათ ღვთის ღალატისთვის, ჭეშმარიტი სარწმუნოებიდან განდგომისთვის.
ეკლესია ის გოლიათია, რომელსაც ვერავინ შეარყევს. რამდენჯერ დაესხა მტერი თავს... დღეს მათი სახსენებელიც არსადაა, ეკლესია კი დგას მედგრად, რადგან მისი საძირკველი თვით ქრისტეა, უძლეველი ქრისტე. ასე იქნება სამყაროს დასასრულამდე. რამდენჯერაც უნდა შეეცადონ ჯოჯოხეთის ძალები მასზე აღზევებას, იმდენჯერვე დამარცხდებიან, რადგან იგია სვეტი ჭეშმარიტებისა.
კეთილმსახური ცხოვრების შესახებ ვკითხულობთ კოსტრომელი მთავარეპისკოპოსის პლატონის თხზულებაში: აიძულე თავი, ადგე ადრე და განსაზღვრულ დროს. განსაკუთრებული მიზეზის გარეშე არ იძინო შვიდ საათზე მეტხანს.
გაიღვიძებ თუ არა, იმ წუთშივე აღიყვანე გონება ღმერთთან და კეთილკრძალულებით გადაისახე პირჯვარი, თან იფიქრე ჯვარცმულ იესო ქრისტეზე, რომელიც ჩვენი გამოხსნისათვის ეცვა ჯვარს. შემოსვის დროს გახსოვდეს, რომ იმყოფები უფლისა და მფარველი ანგელოზის წინაშე, გაიხსენე ადამის დაცემა, რომელმაც ცოდვის გამო დაკარგა უმანკოების სამოსელი და სიმდაბლით ითხოვე უფალ იესო ქრისტესგან მადლი, რათაAშეიმოსო მით და ფიქრობდე, გრძნობდე, ლაპარაკობდე და მოქმედებდე ისე, როგორც თვითონ ფიქრობდა, გრძნობდა, ლაპარაკობდა და მოქმედებდა.
შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყე დილის ლოცვა, მუხლმოდრეკით ილოცე წყნარად, ყურადღებით, კეთილკრძალულად და უღრმესი სიმდაბლით, როგორც უნდა ხდებოდეს ეს ყოვლისშემძლის თვალთა წინაშე. გამოითხოვე მისგან რწმენა, სასოება და სიყვარული, აგრეთვე კურთხევა იმდღევანდელ საქმიანობაზე. ითხოვე ძალა, რომ სიმხნით მიიღო ყოველივე ის, რასაც სათნოიჩენს უფალი, რომ იმ დღეს მოგვივლინოს ან დაუშვას შენზე და რომ სიმტკიცით, სიმშვიდით და ქრისტეს სიყვარულიოთ გადაიტანო ყველა სიმძიმე, ჭირი, შეშფოთება, განსაცდელი და სნეულება - სულიერი თუ ხორციელი.
მიიღე მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ყველაფერი გააკეთო უფლისთვის, ყველაფერი შეიწყნარო მამობრივი ხელიდან, გადაწყვიტე, გააკეთო სწორედ ასეთი და ასეთი კეთილი საქმე ან განერიდო სწორედ ასეთსა და ასეთ ბოროტებას, საკუთარი თავი სრულად შესწირე უფალს ცოცხალ მსხვერპლად.
იფიქრე ამგვარად: შესაძლოა ეს დღე იყოს უკანასკნელი დღე ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერი აკეთე ისე, როგორც მოინდომებდი გაგეკეთებინა, ახლავე ღვთის სამსჯავროს წინაშე წარდგომისათვის რომ ემზადებოდე.
ყოველ დილით იფიქრე, რომ მხოლოდ ახლა იწყებ და გსურს, გახდე ქრისტიანი, ხოლო წარსული დრო უქმად დაიკარგა. არ დაიწყო არც ერთი საქმე ლოცვის გარეშე, რამეთუ რასაც ჩვენ ვიქმთ და ვამბობთ ლოცვის გარეშე, შემდეგ მცდარი ან საზიანო აღმოჩნდება და გამხელს საქმეთა მიერ ჩვენთვის უცნობი სახით. შრომის დროს ყოველთვის უნდა იყო მხიარული და მშვიდი, წარმატება მისი მიანდე უფლის ლოცვა-კურთხევას და დაკმაყოფილდი იმით, რომ შეასრულე შენი საქმე. ყოველივე, რაც შენთვის ძნელია, შეასრულე, როგორც ეპიტიმია ცოდვების გამო, მორჩილებისა და სიმდაბლის სულით. შრომის დროს იმეორე მოკლე ლოცვები, განსაკუთრებით იესოს ლოცვა და წარმოიდგინე იესო, რომელიც შრომობდა იოსებთან ერთად, ოფლითა თვისითა მოიპოვებდა საზრდოს. თუკი შენი შრომა დამთავრდა წარმატებით, როგორც გსურდა, ისე, მადლობა შესწირე ღმერთს და თუ წარმატება არ ექნება, გახსოვდეს, რომ ესეც ღვთის დაშვებით ხდება, ხოლო ღმერთი ყოველივეს კეთილად იქმს.
საზრდელის მიღების შემდეგ შენი თავი ჩათვალე ერთ-ერთ იმ ხუთიათასთაგანად, რომელნიც იესო ქრისტემ დააპურა სასწაულებრივად და მადლობა შესწირე მას გულით და ევედრე, რომ არ მოგაკლოს ზეციური საზრდო - სიტყვა ღვთისა და წმინდა სისხლი და ხორცი ქრისტესი. თუკი გსურს მშვიდი ცხოვრება, საკუთარი თავი სრულიად მიანდე უფალს. იქამდე ვერ პოვებ სიმშვიდეს, სანამ უფალში არ დამშვიდდები, გეყვარება რა მხოლოდ ის.
არაფერი გააკეთო ღვთის მცნებების საწინააღმდეგოდ. ნუ ესწრაფვი და ნუ ეძიებ ნურაფერს, გარდა უფლისა. ყველაფერი აკეთე და ითმინე ღვთისთვის. იზრუნე არა იმაზე, რომ პატივს გცემდნენ და უყვარდეთ ამ საუკუნის ადამიანებს, არამედ იმაზე, რომ სათნო ეყო უფალს და სინდისი არ გამხილებდეს ცოდვებში. ფხიზლად ადევნე თვალი საკუთარ თავს, გრძნობებს, აზრებს, გულის მოძრაობასა და ვნებებს, არაფერი ჩათვალო ნაკლებ მნიშვნელოვნად, როცა საქმე ეხება შენს მარადიულ ცხოვრებას.
მიეჩვიე ყველაფერში სიკეთის დანახვას. იყავი მშვიდი, წყნარი, მდაბალი, ჩუმი და დაითმინე. მაგალითად გყავდეს იესო. იგი არ დაგადებს ისეთ ჯვარს, რომლის ზიდვასაც ვერ შეძლებ. თვითონვე დაგეხმარება ჯვრის ზიდვაში. ღვთის რომელიმე მცნების აღსრულების შემდეგ ელოდე განსაცდელს, რამეთუ სიყვარული ქრისტეს მიმართ გამოიცდება წინააღმდეგობათა გადალახვით.
ყველაფერი აკეთე იესოს სახელით და ამგვარად ყოველი შენი საქმე იქნება კეთილმსახურება. უფრო მეტად უსმინე, ნაკლებად ილაპარაკე: მრავლისმეტყველების დროს ცოდვას ვერ გაექცევი. ითხოვე უფლისგან მადლი დროული მდუმარებისა და ლაპარაკისათვის. დაიცევ ბაგენი შენი, რათა არა სცოდო ენითა შენითა და სმენაც მოზღუდე, რათა არ ისმენდე არაფერს ისეთს, რაც საძაგელია ღვთისთვის.
ცნობისმოყვარეობას ნუ გამოიჩენ ახალი ამბების მიმართ: ისინი ართობენ სულს. სიხარულით იმსჯელე მადლისმიერი ნიშნების შესახებ. გაექეცი ყველაზე მცირე ცოდვასაც კი, რამეთუ ვინც არ გაურბის მცირეს, ის აუცილებლად ვარდება დიდსა და მძიმე ცოდვებში. ყოველი აზრი, რომელიც განგაშორებს უფლისაგან, განსაკუთრებით კი ბილწი ხორციელი აზრები, განაგდე გულიდან რაც შეიძლება სწრაფად, ისე, როგორც მოიშორებდი სამოსელზე დაცემულ ცეცხლის ნაპერწკალსაც კი. როდესაც მოდის ამგვარი აზრი, ილოცე მხურვალედ: "უფალო, შემიწყალე, უფალო, ნუ მიმატოვებ, მიხსენ განსაცდელისაგან". მაგრამ განსაცდელის დროს არ შეძრწუნდე. ვინც გიგზავნის შემთხვევას ბრძოლისათვის, ის მოგცემს ძალასაც გამარჯვებისათვის. იყავი სულით მშვიდად, სასოება გქონდეს ღვთისა, თუკი უფალი შემწეა შენი, ვინ წინააღგიდგეს შენ?
როდესაც რაიმე უპატიობას დაითმენ ადამიანთაგან, გულისხმაყავ, რომ ღმერთმა დიდებისათვის გამოგიგზავნა და ამგვარად უპატიობას მწუხარებისა და შფოთის გარეშე გადაიტან, ხოლო დიდებაში, როდესაც ის მოიწევა შენზე, იქნები სანდო და სასჯელს გადაურჩები. თუ გაქვს საჭმელი და ჩასაცმელი, ამითაც იყავი კმაყოფილი ჩვენთვის დაგლახაკებული იესო ქრისტეს მსგავსად. ნურასოდეს იკამათებ და მეტისმეტად თავს ნუ დაიცავ და გაიმართლებ. არაფერი თქვა უფროსობისა და ახლობლების საწინააღმდეგოდ საჭიროებისა და აუცილებლობის გარეშე. რაც არ გსურს შენთვის, იმას ნუ გაუკეთებ სხვასაც და რისი მიღებაც გსურს სხვათაგან, პირველ რიგში შენ გაუკეთე მათ.
თუკი ვინმეს ერთ სიტყვაზეც ვერ დაიყოლიებ, ნუ დაუწყებ კამათს, შენ თვითონ ისარგებლე იმ მადლით, რომელიც მან დაკარგა. რამეთუ ურისხველობა დიდ სარგებელს მოგიტანს, მაგრამ როცა ზიანი ერთისგან სხვებზეც ვრცელდება, მაშინ ნუ მოითმენ, ეძიე სარგებელი არა საკუთარი თავისთვის, არამედ მრავალთათვის. საერთო სიკეთე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კერძო.
დაძინებამდე განიხილე შენი სინდისი, ითხოვე გონების განათება საკუთარი ცოდვების შესაცნობად, იფიქრე მათზე, ითხოვე შენდობა, აღუთქვი გამოსწორება, ზუსტად განსაზღვრე, თუ როგორ აპირებ გამოსწორებას. შემდეგ მიანდე შენი თავი უფალს, თითქოს ამ ღამეს უნდა წარდგე მის წინაშე. ჩააბარე შენი თავი ღვთისმშობელს, მფარველ ანგელოზს, წმინდანს, რომლის სახელსაც ატარებ. წარმოიდგინე ლოგინი სამარედ, ხოლო საბანი სუდარად. გადაისახავ რა პირჯვარს და ემთხვევი ჯვარს, რომელსაც ატარებ, დაიძინე მფარველი ანგელოზის საფარველქვეშ. ითხოვე უფლისაგან ცოდვათა შენდობა და სულგრძელება ავადმყოფობის დროს. ყველანაირად შეიკავე თავი წუწუნისა და გაღიზიანებისაგან, რაც ჩვეულებრივია ავადმყოფობის დროს. თუკი უფალმა იესო ქრისტემ ცხონებისათვის დაითმინა ასე მძიმე სატანჯველი, ჩვენ რა გავაკეთეთ ან რა დავითმინეთ საკუთარი თავის გადარჩენისათვის?
რაც შეიძლება ხშირად იარე ტაძარში ღვთისმსახურებაზე, განსაკუთრებით ეცადე, რაც შეიძლება ხშირად იყო ლიტურგიის დროს. კვირა დღე და დღესასწაულის დღეები მიუძღვენი ღვთის მსახურებას. ყოველთვის, როდესაც იმყოფები ტაძარში, წარმოიდგინე, რომ იმყოფები ღვთის, ანგელოზებისა და წმინდანთა წინაშე. ლიტურგიის შემდეგ დღის დარჩენილი დრო მიუძღვენი საღვთო წერილის კითხვას და სხვა საღვთისმსახურო საქმეს. შენი დაბადების დღე განსაკუთრებით მიუძღვენი ამგვარ საქმიანობას. ყოველწლიურად და ყოველ თვეში მკაცრად განიხილე შენი სინდისი.
თქვი აღსარება და ეზიარე შეძლებისდაგვარად ხშირად. წმინდა ზიარებას ყოველთვის მიეახლე ჭეშმარიტი სულიერი შიმშილით და წყურვილით, გულის შემუსვრილებით, კეთილკრძალულებით, სიმდაბლით, სასოებითა და სიყვარულით. რაც შეიძლება ხშირად იფიქრე ღმრთის შენდამი უდიდეს სიყვარულზე, რომ შენ თვითონაც შეიყვარო იგი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ამგვარად მშვიდად იცხოვრებ მიწაზე და ინეტარებ ზეცაშიც უკუნითი უკუნისამდე. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი იყოს შენ თანა.
***
გვესაუბრება ბოლნელი ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე): - ერთ არს ღმერთი, ერთ არს სარწმუნოება, ერთ არს ნათლისღება. ერთ ღმერთს ერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება და ერთი გზა აქვს მასთან მისასვლელი. ჭეშმარიტი სწავლება სარწმუნოებისა წმინდა სახარებიდან, შემდეგ მოციქულთა მემკვიდრეობით მოგვდგამს და დაუნჯებულია წმინდა მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, მართლმადიდებელ ეკლესიაში. ვიცით, რომ მართლმადიდებლობა სწორი სარწმუნოებაა, თუმცა უფალი გვაძლევს არაერთ ნიშანს იმისა, სად არის ჭეშმარიტება. გავიხსენოთ მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელზეც უდიდესი დავა იყო მონოფიზიტებსა და დიოფიზიტებს შორის. მღვდელმთავრებისა და სასულიერო პირების ნაწილი ცდომილებაში იყვნენ. ამ დროს როგორ უნდა გაერკვიათ ჭეშმარიტება? კონსტანტინოპოლში, იმ ტაძარში, სადაც მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება მიმდინარეობდა, დაბრძანებული იყო წმინდა დიდმოწამე ეფემიას უხრწნელი სხეული (წმინდა ეფემია ყოვლადქებული IV საუკუნეში მოღვაწეობდა). კრებაზე დაისვა საკითხი - თუკი ჩვენ, ადამიანები, მათ შორის სასულიერო პირები, ერთპიროვნულად ვერაფერს ვწყვეტთ, მაშინ მივანდოთ ეს უფალს, ვილოცოთ, რათა უფალმა განსაზღვროს, სად არის ჭეშმარიტება. ორივე მხარემ - მონოფიზიტებმაც და დიოფიზიტებმაც დაწერეს თავიანთი მრწამსი, ვისაც როგორ მიაჩნდა სწორად სარწმუნოების აღიარება და წმინდა ეფემია ყოვლადქებულის სარკოფაგში ჩადეს და უხრწნელ სხეულს გულზე დაადეს. შემდეგ წმინდანის სხეული დაფარეს და დარაჯები მიუჩინეს სარკოფაგს. რამდენიმე დღე ცალ-ცალკე ლოცულობდნენ და ევედრებოდნენ უფალს სიმართლის აღიარებას. კვირის ბოლოს ყველა ერთად შეიკრიბა. გახსნეს სარკოფაგი და საოცრება იხილეს: ის მართლმადიდებლური მრწამსი, რომელიც ჭეშმარიტია, ეფემიას მარჯვენა ხელში ეკავა, ხოლო მწვალებლური - მის ფეხებთან იდო. ამით გამოაშკარავდა ცდომილება და IV მსოფლიო საეკლესიო კრებამ აღიარა მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტება.
- რატომ უშვებს უფალი, წმინდანების უხრწნელი სხეული ხილულად ვიხილოთ?
- მართლმადიდებელი წმინდანების უხრწნელი სხეულები დასტურია იმისა, რომ ადამიანი ჭეშმარიტი სარწმუნოებით, განსაკუთრებული სულიერებით ცხოვრობდა და უფალმა გამოარჩია, რათა უფრო მეტად განვმტკიცდეთ რწმენაში. ისინი ხომ ჩვენნაირი ადამიანები იყვნენ. თავდადებით, თავგანწირვით ემსახურებოდნენ უფალს და უფალმა წმინდანთაAდასს მიაკუთვნა. მრავალი ნახულობს წმინდანთაAუხრწნელ სხეულებს და საკუთარი თვალით რწმუნდება ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტებაში.
მიწიერი ადამიანი ეძებს ხილულ საბუთს, რათა დარწმუნდეს უფლის არსებობაში. რამდენ მართლმადიდებლურ ხატს სდის მირონი.Eეს არის მინიშნება, რომ ხატი ცოცხალია. ცოცხალია ის, ვინც ხატზეა გამოსახული და მას ესმის ჩვენი ვედრება. ამ განსაცდელებით აღსავსე დროში უფალი არ გვტოვებს და მცირედმორწმუნეობის გამო საკუთარ თავს გვიცხადებს სხვადასხვა გამოცხადებით. ხშირად ღვთის შემწეობას სულ სხვა რამეს მივაწერთ ხოლმე. ვინც ცდუნდება და უღალატებს სარწმუნოებას, მკაცრად დაისჯება ღვთისგან. ჩვენ უნდა ვუერთგულოთ რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მოწოდებას - "არა გეცრუებით შენ, ჩვენო სიწმინდით მშობელო წმინდაო მართლმადიდებელო კათოლიკე ეკლესიაო არცა განგცემთ შენ, ჩვენო სიქადულო მართლმადიდებლობაო". ეს თავდადება და ერთგულება ჩვენმა წინაპრებმა დაამტკიცეს წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სიტყვებით: - "ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს". ასე რომ, ჩვენ გვაქვს მრავალი სიტყვით და სასწაულით დამტკიცებული სარწმუნოება.
- როგორ ხდება წმინდანად აღიარება?
- პირველ რიგში, ეს ღვთის ნებაა. როცა ადამიანი გარდაიცვლება და პატივს მიაგებენ, ის უკვე იმთავითვე განისჯება უფლის წინაშე. უფალი განსჯის და თავად მიაგებს იმ პატივს, რომელსაც იმსახურებს. მოგეხსენებათ, რომ სასუფეველში სხვადასხვა ნეტარების ადგილია. ის იმის მიხედვითაა, თუ ვინ რა დაიმსახურა. გარკვეული დროის შემდეგ ეკლესიაში, საზოგადოებაში მომწიფდება აზრი, შეისწავლიან მის ცხოვრებას და, რა თქმა უნდა, უფლის ნება, სულიწმინდის მადლი განცხადდება წმინდა სინოდზე. ამას წყვეტს ეკლესიის მმართველობის უმაღლესი ორგანო - პატრიარქი და წმინდა სინოდის წევრები.Uუახლოეს წარსულში ჩვენმა ეკლესიამ ჩვენი დიდი წინაპრებიდან არაერთი წმინდანად შერაცხა. მათ შორის ცოტნე დადიანი, დიმიტრი ყიფიანი, ექვთიმე ღვთისკაცი-თაყაიშვილი, ექვთიმე კერესელიძე, კომუნისტების დროს წამებული არაერთი მღვდელმთავარი, სასულიერო თუ საერო პირი. ჩვენ კიდევ არ ვიცით, რამდენი მამა არის დაფარული, თუმცა ისინი ღვთის წინაშე წმინდანები არიან და მალე შეემატებიან წმინდანთა დასს, ზეციური საქართველოს რიცხვს. ინებოს ღმერთმა, კიდევ ბევრს დაემსახურებინოს ეს დიდება.
საუბარმა მოიტანა და ვიტყვი, რომ გასულ საუკუნეებში ჩვენს ეპარქიაში მოღვაწეობდა მღვდელმთავარი იოანე ბოლნელი, რომლის შესანიშნავი ქადაგებების მცირე ნაწილი ათონურ მრავალთავშია შემორჩენილი. ის დიდი მოღვაწე იყო. ღვთის ნებით, დადგება მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი.
ჩვენმა პატარა ერმა, ფაქტობრივად, ქრისტეს სისხლით მორწყო მთელი მიწა-წყალი. გაცილებით დიდია ზეციური საქართველო, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.
უხრწნელობა არ არის ერთადერთი ნიშანი მოღვაწის სიწმინდის შესაფასებლად. უფალი ამ ყველაფერს უშვებს ჩვენთვის, თორემ წმინდანი ისედაც განდიდებულია. მთავარი ხომ სულია და არა სხეული.Uუფალი ბრძანებს: "ნეტარ არიან, რომელთა არა უნახავთ და რწმენეს". ჩვენ სარწმუნოებისთვის მტკიცება და სასწაული არ უნდა გვჭირდებოდეს, მაგრამ უფალი ითვალისწინებს ჩვენს სისუსტეებს, მიწიერ მიდრეკილებებს, არასრულყოფილ აზროვნებას, შემეცნებას და ამიტომაც დამატებით გვიცხადებს ხილულ სასწაულებს.
ყველა წმინდანი დიდია ღვთის წინაშე და ვისაც არ უნდა შეევედრო წრფელი გულით, შეგეწევა. ინებოს ღმერთმა, რომ მათი მფარველობით და შემწეობით ღვთისთვის სათნოდ წარგვემართოს ცხოვრება.
- მეუფეო, რას მოითხოვს უფალი თითოეული ადამიანისგან?
- პირველ რიგში, უნდა აღვასრულოთ სულიერი მსახურება. ღვთის სათნოდ ცხოვრება, ღვთისმსახურება, პატიოსნად და კეთილად წარმართვა ცხოვრებისა ყველას ვალია. ცოცხალი კაცი მოსიარულე მანათობელი სანთელი უნდა იყოს. განვლილ დღეზე მადლობა შევწიროთ უფალს, რომ შეგვაძლებინა სიკეთის კეთება.Yყველა უნდა ეცადოს, ის ჯვარი იპოვოს, რომელიც უფალმა მისცა. ხშირად სხვისი ჯვარი მოგვწონს და სხვისი გვშურს. ადამიანი თუ მიენდობა ღვთის ნებას, ის ატარებს. ჩვენ უნდა შევუმსუბუქოთ ერთმანეთს საკუთარი ჯვარი. მხოლოდ ერთ ადამიანს გაუჭირდება მისი ზიდვა. მღვდელმთავარს უდიდესი ჯვარი აქვს - პასუხს აგებს მთელ სამწყსოზე. ასე რომ, ჩვენს ჯვარს და ჩვენს მდგომარეობას ჩვენი ცხოვრების წესიც განსაზღვრავს.
ღმერთმა ყველას კეთილად გვატარებინოს ჩვენი ჯვარი.