დრო ისე გარბის, უკან მოხედვასაც ვეღარ ვასწრებთ. წუთისოფლის ორომტრიალში გულისყური ამა ქვეყნის საზრუნავებისკენ გვაქვს მიქცეული და ვცდილობთ, ყველაზე და ყველაფერზე წინ საკუთარი თავი დავაყენოთ.
ხშირად დროს ამაოდმეტყველებაში, ოცნებებში ვფლანგავთ და ჩვენივე აზრებით ვიხიბლებით. როცა ხატების წინ, ტაძარში ვცდილობთ სალოცავად განვეწყოთ, ჩვენი გონება დროს არ კარგავს და ცხრა მთას იქით დაეხეტება. ხშირად უკეთური აზრი ჩაგვძახებს - რა დროს ლოცვაა, აგერ, შენი ოჯახის წევრს უჭირს და მიხედეო. ზოგჯერ ტკბილი ხმა გვეტყვის, - დღეს რა კარგად მოიქეცი, გაჭირვებულს დაეხმარე, რამდენი ეკლესია-მონასტერი მოილოცე, მადლი მიიღე და კიდევ ამდენი უნდა ილოცო, ისედაც ხომ ბევრ სიკეთეს აკეთებო. მოკლედ, რა აღარ ხდება ხოლმე ცოდვილი ადამიანის გულსა და გონებაში. რომ იტყვიან, ბრძოლის ველზეა გამოსული ჭეშმარიტად მორწმუნე და ეკლესიური ადამიანი. რადგანაც დედაეკლესია მებრძოლია, ჩვენც მტკიცედ და შეურყევლად უნდა ვიდგეთ.
მართალია, დრო სხვაფერდება, წლები მიდის, მაგრამ უფლის გარშემო არაფერი იცვლება. ფერისცვალებას მხოლოდ კეთილად აღსრულებული უფლის მცნებები შეგვძენს.
მაცხოვარი ბრძანებს: "კლდესა ზედა აღვაშენე ეკლესია და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მასო". მართალია, დრო მიდის, მაგრამ ეკლესია-მონასტრები, ბერ-მონაზვნების უწყვეტი ჯაჭვი მარადიულია, ისევე როგორც ღვთისმსახურების მადლი.
ბოლნისის ეპარქიაში ბოლნელ ეპისკოპოს ეფრემს (გამრეკელიძე) ვესტუმრე. მეუფე ეფრემთან საუბარი ყოველთვის მავსებს და სულიერად მაპურებს. ჩვენი ჟურნალის მკითხველიც მიიღებს ამჯერადაც მეუფისგან სულიერ საზრდოს.
- უფალმა სამყარო მარადისობისათვის შექმნა და ადამიანს მიეცა უკვდავი სული. მას შემდეგ, რაც კაცმა შესცოდა და მასში ცოდვა შემოვიდა, დაკარგა მარადისობა და ჩამოქვეითდა წუთისოფელში. ამის შემდეგ მისი ცხოვრება დროით შემოისაზღვრა და ამ ცხოვრებას წუთისოფელი უწოდა. სულიერი, საეკლესიო გაგებით, წუთისოფელი ანუ ცხოვრების ხანა მოგვეცა მარადიული ცხოვრებისათვის მოსამზადებლად. ქრისტეს ჯვარცმით და აღდგომით ადამიანს კვლავ მიეცა საშუალება, პიროვნული მადლით და უფლის მცნებათა აღსრულებით დაბრუნდეს მარადიულობაში, საიდანაც ის გამოვიდა. ჭეშმარიტი მართლმადიდებელი დედაეკლესია ემსახურება იმას, რომ ადამიანს დააძლევინოს წუთისოფელი, დროის, ეპოქის, ცხოვრების ყოველგვარი სირთულე და მოამზადოს მარადიული ცხოვრებისათვის. ყველა დროს თავისი სირთულეები ახლავს. ერთადერთი, რაც უცვალებელი და გარდაუვალია, ეს არის ღმერთი, გარდაცვალება და მარადიული ცხოვრება. რომელ ეპოქაშიც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ვერ ასცდება ამ გარდაუვალობებს, რადგან ყველა მივალთ უფალთან, ყველა განვისჯებით და მოვიპოვებთ მარადიულ სამყოფელს. ჩვენი ცხოვრების ამ გზას ვერასდროს გავრიყავთ, მაგრამ სულიერი ცხოვრებით უნდა ვაჯობოთ დროს, განვერიდოთ წუთისოფლის საცდურებს და ამით სულს მოვამზადებთ მარადიული ცხოვრებისათვის. ვინც არის ერთგული დედაეკლესიისა, ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, ის სძლევს დროს. ნათქვამია, - დრონი მეფობენ და არა მეფენიო. დროზე აღმატებული სარწმუნოება და სულიერებაა. კაცთა სულების გადარჩენაც მხოლოდ დედაეკლესიის წიაღშია შესაძლებელი.
- როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ყველა დროში?
- ადამიანი ყველა დროში უფლის მცნებებს უნდა ემორჩილებოდეს. უფალი ბრძანებს: "ცა და ქვეყანა გარდავალს და ჩემი სიტყვები არ გარდავალსო", ანუ არ შეიცვლებაო. მართლაც, უფალი მარადიულია. მაშასადამე, თუ გვსურს, მარადიულობის მკვიდრნი და შვილები გავხდეთ, ჩვენი ცხოვრება მარადიულზე უნდა დავაფუძნოთ. უფალი ბრძანებს იგავის სახით, რომ გონიერია ის ადამიანი, რომელიც თავის მრწამსს, სამკვიდრებელს დაამყარებს კლდეზე. ეს კლდე არის ქრისტეს სარწმუნოება. ხოლო უგუნურია ის, ვინც ქვიშაზე დაიწყებს შენებას. ეს ქვიშა არის ფერისცვალებადობა და საცდური წუთისოფლისა. ამიტომაც ჩვენი ცხოვრების წესი და მიზანი უნდა იყოს ღვთისმსახურება და ზრუნვა საკუთარი სულისთვის. მიწიერი ცხოვრება, ფიზიკური არსებობა შეიძლება იცვლებოდეს, მაგრამ მთავარია, ამ მდგომარეობამ არ იმოქმედოს ჩვენს სულიერებაზე. თუკი ადამიანი სულიერია, მისი აზროვნება და შემეცნება დამყარებულია ქრისტეს მცნებებზე და გაუძლებს დროს. XXI საუკუნეშიც თითქოს ძალიან რთულად გვეჩვენება უფლის მცნებების დაცვით ცხოვრება. ბევრისგან გამიგონია, რომ ძნელია, ერთდროულად იყო ეკლესიური, დაიცვა ქრისტეს მცნებები წინანდებურად და ამავე დროს, არ მოსწყდე საზოგადოებას. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია, ვინაიდან უფალი იგივეა მარად და მარად. უფალი ბრძანებს: მე ვარ ანი და ჰოე. ის არის დასაწყისი და დასასრული. უფალი გვაძლევს ძალას. მთავარია, კაცმა მოინდომოს და ვინ რა ხარისხით შეასრულებს ღვთის მცნებას, ეს თავად ადამიანზეა დამოკიდებული. უფალი ბრძანებს: "მე თქვენთანა ვარ ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა". ჩვენ მოგვცა ძალა, ვძლიოთ საცდურებს და განსაცდელებს წუთისოფელში. დედაეკლესიის წიაღი არის ის ხომალდი, რომელიც აბობოქრებულ ზღვას გადაგვალახვინებს და გაგვიყვანს სამშვიდობო ნაპირზე.
- როგორ გაუძლო დროს დედაეკლასიამ?
- ეკლესიამ ძალიან რთული დრო გაიარა. მოგეხსენებათ, ქრისტეს წინააღმდეგ ბრძოლა არ შეწყვეტილა ქრისტეს ჯვარცმით. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ქრისტიანობის, ეკლესიის, მორწმუნეთა წინააღმდეგ აღმოცენდა სხვადასხვა საცდური და მწვალებლობა. თითქმის სამი საუკუნე გრძელდებოდა ეკლესიის დევნა და სწორედ მაშინ გამჟღავნდა ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოების სიმტკიცე, ძლევამოსილება წუთისოფელზე. მრავალი წმინდანი ეწამა ამ ეპოქაში. მოგეხსენებათ, რომ შვიდი საეკლესიო კრება დასჭირდა იმას, რომ საბოლოოდ დამტკიცებულიყო მრწამსი და დებულება ჭეშმარიტი სარწმუნოებისა. ეკლესიამ გაუძლო წუთისოფლის ყველა სირთულეს. მართლაც, "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან" დედაეკლესიას. შეუძლებელია ადამიანმა ამპარტავნულად და ეგოისტურად იფიქროს, - მე ჩემი თავის პატრონი და უფალი ვარ და ყველა განსაცდელს თავად გადავლახავო. ვინც ეკლესიის გარეთ ქრისტიანობა, ღვთისმოსაობა და ღვთისმსახურება ისურვა, შემცდარია, რადგან ეკლესიის გარეთ ქრისტიანობა არ არსებობს. მხოლოდ ერთადერთი - ეკლესიაა ის ძალა და ნავსაყუდელი, რომელიც ადამიანის სულს გადაარჩენს. ყველა ეპოქასა და დროში გონიერი ადამიანი იპოვის ძალასა და მფარველობას ეკლესიის სახით, რომელიც მას გაარიდებს განსაცდელებს. მართალია, წუთისოფელი ბობოქრობს და მთელი ძალით ცდილობს, ადამიანის სული გადაიყვანოს ჯოჯოხეთში, მაგრამ უნდა შევეცადოთ, მივყვეთ დედაეკლესიის ხმას.
დედაეკლესია მებრძოლია იმ გაგებით, რომ ჩვენ ვიბრძვით. არ არსებობს წუთისოფელში დასვენება. ვისაც ჩაეძინება, იმას საცდური მალე იპოვის. დედაეკლესია ბრძოლის დროს ადამიანს აძლევს ყველანაირ საშუალებას - მარხვას, ლოცვას, აღსარებას, ზიარებას, რჩევა-დარიგებას. ამიტომაც მას სჭირდება სულიერი მოძღვარი, როგორც ბრძოლაში მყოფ მეომარს - მთავარსარდალი. ჩვენი ერის სულიერი წინამძღოლი არის უწმინდესი და უნდა ვიყოთ ერთგულნი მისი მოწოდებისა, უნდა მივანდოთ მას ჩვენი სული.
- მეუფეო, რა არის ეკლესიური ცხოვრების არსი ყველა დროში?
- ძველი რომაელები ამბობდნენ, - უწმინდესი ხშირად იმეორებს ხოლმე ამას, - დრო იცვლება და მასთან ერთად ჩვენც ვიცვლებითო. იცვლება ადამიანის ფიზიკური მდგომარეობა, უნარი, ასევე სულიერი, ინტელექტუალური შესაძლებლობები. რა თქმა უნდა, განვითარება, როგორიც დღეს არის, ისეთი არ გახლდათ წინა საუკუნეებში. ადამიანს უჩნდება სხვადასხვა მოთხოვნილება. მოგეხსენებათ, რომ ღვთის მცებები და საღვთო გამოცხადებები არის დოგმატები, უცვალებელი და მარადიული. გარდა ამისა, ეკლესიას აქვს სულიერი ცხოვრების წესი. შეიძლება ეს იყოს ჩამოყალიბებული სჯულის კანონში, სხვადასხვა დადგენილებაში, რომლის დაშვებაც ანუ იკონომიაც შეიძლება და კიდევაც არის მითითებული. ვინ როგორ უნდა იმარხულოს და ილოცოს, ამას სულიერი მოძღვარი განსაზღვრავს. ქრისტიანობა, ეკლესიურობა არ ნიშნავს ბრმად მიბაძვას, რომელიმე წესის კატეგორიულობით შესრულებას. ეკლესია ადამიანს ამზადებს მარადიული ცხოვრებისათვის. ამ მზადების დროს ის გადის სხვადასხვა საფეხურს. ამიტომაც საჭიროა გამოცდილი წინამძღვარი, რომელიც მას სულიერ ცხოვრებაში დაეხმარება. ეკლესია დროს კი არ ითვალისწინებს, არამედ ადამიანის შინაგან, ინდივიდუალურ შესაძლებლობებს. ეს ყველა საუკუნეში გახლდათ დაშვებული - მოციქულებიდან მოყოლებული დღევანდლამდე. ეს არ არის თვითმიზანი. მაგალითად, დასავლეთში კათოლიციზმი დროს აჰყვა. ამით, ფაქტობრივად, დაკარგა ის სიმტკიცე, ძალა, ერთიანობა, რომლითაც ეკლესია არის ძლიერი და რომლითაც იცავს წუთისოფლისგან თავს. რაკიღა მათ ცდომილება შეიტანეს დოგმატებში, მოეშალათ ის ზღუდე, რომლითაც ეკლესია წარმოადგენს სიმტკიცეს, ჭეშმარიტებას. ამდენად, ისინი გაითქვიფნენ ცივილიზაციის სხვადასხვა საფეხურში. ეს ჩვენთვის დაუშვებელია. მართლმადიდებლობა, თავისი არსით, არის კონსერვატიული და ეყრდნობა ძველს, წმინდა წერილს, მაგრამ ამავე დროს, შეიწყნარებს ყოველგვარ სიახლეს, რაც არ ეწინააღმდეგება ქრისტეს მცნებებს და საღვთო წერილს. ეკლესია თავად არის მცხოვრები დროში, საზოგადოებაში მცხოვრებ ადამიანთა კრებული და ამასთანავე, ითვალისწინებს ყველა იმ მდგომარეობას, რაც აქვს მის წევრს, მრევლს.
რა თქმა უნდა, მართლმადიდებლობა ყველასთვის ერთია, თუმცა გააჩნია, მას როგორი მონდომებით და მოშურნეობით აღასრულებს. ჩვენს ქვეყანაში არასდროს ყოფილა მწვალებლობა. თუ ეკლესიაში ერთიანობა არ იქნა, ქვეყანა ვერ გაერთიანდება. სასურველია, ყველამ შეიგნოს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ერთიანობისათვის დედაეკლესიის როლი, ავტორიტეტი, განსხვავებით სხვა სახელმწიფოებისა და ერებისგან, რომლებიც ფაქტობრივად გამოეყვნენ ამ ჭეშმარიტებას. ამიტომაც ადამიანმა დაკარგა მისი გადამრჩენელი სულიერი სიმდიდრე. ამიტომაც არის ნაწინასწარმეტყველები, რომ ბოლო ჟამს საქართველო გახდება ის რჩეული ქვეყანა, ციხე-გოდოლი, რომელიც მთელ მსოფლიოს მისცემს მაგალითს ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვისა. ყველასათვის არის ცნობილი და ამას უწმინდესი ხშირად აღნიშნავს ხოლმე, რომ საქართველოს ეკლესია არის ახალგაზრობის ადგილი. სასიხარულოა, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ სულიერ ერთიანობას, ტრადიციებს, წარსულს, კულტურას, რწმენას. მჯერა, რომ გავალთ სამშვიდობოს და ჩვენი ქვეყანა სამაგალითო იქნება ღვთისმოსაობითა და ღვთის სიყვარულით.
- დრომ ბევრ ჩვენს თანამემამულეზეც იმოქმედა და უცხოეთში გადახვეწა.
- ეს მტკივნეული თემაა და ამ ბოლო პერიოდში კვლავ აქტუალური გახდა. ეკონომიკურმა მდგომარეობამ, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩვენი ეკლესიის შვილები, ახლობლები აიძულა, ცხოვრებისეული პირობების გასაუმჯობესებლად წასულიყო საზღვარგარეთ. სამშობლო ერთადერთია, მაგრამ უფალი ყველგან არის. როდესაც ადამიანი უცხო გარემოში მიდის, ძალიან დიდია რისკი ცდუნებისა. ჩვენ ამის არაერთი მაგალითი ვიცით, რომ იქ წასული ადამიანი ვეღარ უძლებს ფსიქოლოგიურ წნეხს და უცხო საზოგადოებაში ადაპტირებას ვერ ახერხებს. უცხოეთში საცხოვრებლად მიმავალი სულიერად უნდა იყოს მომზადებული. პირველ რიგში უნდა ჰყავდეს სულიერი მოძღვარი და მისი ლოცვა-კურთხევით გადადგას ეს ნაბიჯი. მერე უკვე ოჯახის წევრებმა უნდა შთააგონონ, რომ არ დაკარგოს სარწმუნოება, სამშობლოს სიყვარული, კულტურა, განცდა იმისა, თუ ვინ არის, საიდან წამოვიდა, რომ უნდა დაბრუნდეს კვლავ სამშობლოში. ყოველი ადამიანი განცდით, გულდაწყვეტით უნდა გადიოდეს სამშობლოდან და ფიქრობდეს, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს უკან. ამ შემთხვევაში მონატრება და სიყვარული არ მისცემს საშუალებას, ბოლომდე შთაეფლოს საცდურებსა და განსაცდელებში. სამწუხაროა, რომ დღეს ბევრი ქართველი ეცემა სულით, რადგან უმეტესობა სულიერად მოუმზადებელი მიდის უცხოეთში. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში ჩამოსულ სტუმარს მუდამ ამაღლებული შთაბეჭდილება აქვს ჩვენს ქვეყანაზე, მაგრამ ზოგიერთი ვაიქართველი უცხოეთში საპირისპიროს აკეთებს. მადლობა უფალს, რომ დღეს უკვე ევროპის ბევრ ქალაქში არის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ტაძრები, სამრევლოები, სადაც არაერთი მოძღვარი მოღვაწეობს. იქ ქართველებს საშუალება აქვთ, თავიანთი ნავსაყუდელი, სულიერი შესაკრებელი ჰქონდეთ. ეს არა მარტო სულიერი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლადაა აუცილებელი, არამედ ეროვნული ნოსტალგიისა და დანაკლისის შესავსებად. ბევრი უცხოეთში მყოფი ამბობს, რომ არ ყოფილიყო იქ ეკლესია და გვერდით არ მყოლოდა ჩემი მოძღვარი, ვერ გავუძლებდი უცხოობაში ყოფნასო. მადლობა უფალს. ვინც იქ იპოვის სწორ გზას და მივა ტაძარში, მას ხელი მოემართება და ამით ფიზიკურ საქმესაც აღასრულებს და სულიერად ჯანსაღი კვლავ უკან დაბრუნდება. ღმერთმა ინებოს, ჩვენს ქვეყანაში ისე მოწესრიგდეს ყოველივე, რომ ჩვენი შვილები შინ დაბრუნებულიყვნენ.
- მეუფეო, დროის ცვალებადობა გლობალიზაციასთანაა დაკავშირებული?
- რა თქმა უნდა. დღეს ყველანაირად ცდილობენ, ერთფეროვანი გახადონ ყველა ქვეყანა, რათა ადვილად სამართავი გახდეს. სურთ შექმნან ზომბირებული მასა ადამიანებისა, რომლებსაც არ ექნებათ ღრმა ფესვები ეროვნული, კულტურული, სულიერი თვალსაზრისითაც, ცდილობენ, ჩამოაყალიბონ რაღაც უნივერსალური რელიგია, რათა შემდგომ ერთი ანტიქრისტეს ხელში თავი მოუყარონ მსოფლიოს. ანუ საუბარია ეკუმენიზმში გაერთიანებაზე. ამით ცდილობენ, ჭეშმარიტების მქონე მართლმადიდებლები და კერპთაყვანისმცემლები, ცრუ და მართალი, ნათელი და ბნელი ერთმანეთში აურიონ და ამით თითქოს მომხიბლავი საზოგადოება წარმოქმნან. შეუძლებელია ერთ ჭიქაში ჩაასხა წყალი და ღვინო ისე, რომ ერთმანეთს არ შეერიოს. რა თქმა უნდა, დიალოგი საჭიროა ქადაგების სახით, და არა ის, რომ მართლმადიდებლობის გვერდით სხვა ვაღიაროთ, როგორც ჭეშმარიტი სარწმუნოება. ჩვენ, მართლმადიდებლებმა, ყველგან უნდა ვაღიაროთ, რომ ჭეშმარიტების გასაღები ანუ მაცხოვნებელი მადლი დევს მხოლოდ წმინდა სამოციქულო ეკლესიაში. ერთი ხანობა ჩვენი ეკლესიაც იყო სხვადასხვა მდგომარეობისა და ბრძოლის შედეგად ეკლესიათა მსოფლიო გაერთიანებაში. მადლობა უფალს, დადგა ამისი ჟამი და უწმინდესის მეთაურობით, დავტოვეთ ეს შესაკრებელი, რომელიც აბსოლუტურად უნაყოფო გახლდათ. ეკუმენიზმის მიმდევრები კი თვლიან, რომ ოდესღაც ჭეშმარიტება იყო ერთიანი, მაგრამ შემდგომ დაიმსხვრა და ახლა ჭეშმარიტების ნამსხვრევები გაფანტულია სხვადასხვა სარწმუნოებასა და მიმდინარეობაში. ჩვენ ისინი უნდა შევკრიბოთ, რათა კვლავ ერთიანი ჭეშმარიტება მივიღოთო. ეს სიყალბე და მაცდუნებელი აზრია. ჭეშმარიტება მთლიანად დარჩა წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიაში.
ღმერთმა დაგვიფაროს, ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ. სიფხიზლის სადარაჯოზე დგას ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ეკლესია. ეკლესიის გარეთ მყოფ ადამიანს რა დიდი განათლებაც არ უნდა ჰქონდეს, მაინც ვერ გაუძლებს შემოტევას. რაც დრო გავა, ეს ბრძოლა უფრო გამძაფრდება, ამიტომაც ერთგულნი უნდა ვიყოთ რჯულისა და ღვთის მცნებებისა, რომელსაც ეკლესია გვთავაზობს.
- როგორ უნდა მოვემზადოთ უფალთან შესახვედრად?
- ყოველი კაცი უნდა ემზადებოდეს უფალთან შესახვედრად. ადამიანი იმაზე არ უნდა ფიქრობდეს, როდის მოვა დიდებით უფალი. დიდებით მოსვლაც მოსულია. ამიტომაც არ გაამჟღავნა უფალმა, როდის დადგება ის დრო, თუმცა ამის ნიშნები მრავალი ვიცით. ვისაც აქვს გონიერება, ადვილად შეიგრძნობს ამ ნიშნების აღსრულებას. ეს ნიშნებია თუნდაც იგივე გლობალიზაციის პერიოდი, პოლიტიკური კატაკლიზმები, ადამიანთა საყოველთაო ურწმუნოება. უფალი ასე სვამს შეკითხვას: როდესაც მოვალ ქვეყანასა ზედა, ვიპოვი მორწმუნესო? საყოველთაოდ გავრცელება სახარებისა - ესეც ნიშანია მეორედ მოსვლისა. კიდევ სხვა მრავალი ნიშანია. მათ შორის იერუსალიმში სოლომონის ტაძარი უკვე უნდა აღდგეს, გამოცხადდება მსოფლიოს საყოველთაო არჩევნები და ამით თითქოს სულიერ მმართველს აირჩევს. მადლობა უფალს, რომ გვმფარველობს ზეციური დედოფალი. მისი სასწაულმოქმედი მადლით, ათონის ივერთა მონასტერშია დავანებული კარიბჭის ღვთისმშობელი, რომელიც ბოლო ჟამს ჩამობრძანდება საქართველოში და დაიფარავს ივერიას. საქართველო იქნება ის ოაზისი და სულიერი ნათლის სვეტი, რომელიც ნიშანს და მაგალითს მისცემს მსოფლიოს. შემთხვევით არ წერია შესანიშნავ ნაწარმოებში "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი", რომ ამით ენითა იმხილება მეორედ მოსვლის წინ ქვეყნიერება. "ამ ენაში" იგულისხმება ჩვენი ერი. წარმოიდგინეთ, რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია ქართველებს. ასე რომ, დრო ძალიან მსწრაფლმავალია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დრო არის დაუნდობელი, იგი ყველას და ყველაფერს წალეკავს, უბრალოდ, მასზე უნდა ავმაღლდეთ, როგორც ტალღებზე მოსიარულე ადამიანი, რათა არ ჩავიძიროთ წუთისოფლის სიამეებსა და მორევში. სულიწმინდის მადლით გავიაროთ წუთისოფელზე და გადავიდეთ სამშვიდობოს. ჯერ კიდევ როდის უწოდა ქართველმა ადამიანმა ცხოვრებას წუთისოფელი. ახლა ალბათ წუთზე კი არა, წამზე დავიდა ყველაფერი. ადამიანი იმდენად ჩაერთო ამ საზრუნავებში, რომ მისი გონებაც დაჩქარდა. თითქოს გვსურს, ყველაფერი მოვასწროთ, ყველაფრით დავკმაყოფილდეთ. ამასობაში, შეიძლება მცირე დრო დაგვრჩეს, ვიფიქროთ მარადიულობაზე. თუკი ადრე უმეტესი დროისა მიძღვნილი იყო უფლისადმი, ახლა პირიქით, ღმერთს იმ დროსაც ვპარავთ, რომლითაც ადამიანმა ღმერთი უნდა განადიდოს და მადლობა შესწიროს უფალს. რაც დრო გადის, უფრო გვიმცირდება შანსი იმისა, როგორმე თავი დავაღწიოთ ცოდვილ ცხოვრებას. ვამბობთ, რომ გავიზარდეთ, ასაკი მოგვემატა, სინამდვილეში კი პირიქით - დაგვაკლდა. ასე რომ, დრო ჰგავს მდინარეს, რომელსაც წინ ვერ აღუდგები და ვერ დააგუბებ, არამედ ეს მდინარე უნდა გადალახო, მოძებნო ხიდი, გამოსავალი. ინებოს ღმერთმა, რომ ამ დროის მდინარე გაგვევლოს და ნეტარი მარადიული სასუფეველი დაგვემკვიდრებინოს.
- ამბობენ, მონასტერში დრო გაჩერებულიაო.
- სწორედ მონასტერი არის ის ადგილი, სადაც თითქოს დრო გაჩერებულია. თითქოს ამ დროის მდინარებას გაექცნენ ბერ-მონაზვნები და ზემოდან დაჰყურებენ წუთისოფელს. როდესაც წუთისოფლიდან ადამიანი მონასტერში მიდის, დიდ მადლსა და სიმშვიდეს პოვებს. ამას ვერასდროს მოიპოვებს წუთისოფელში. ჩვენი მონასტრები იყვნენ მაგალითის და სულიერი მუხტის მიმცემნი ერისათვის. ღმერთმა გააძლიეროს და ააღორძინოს ჩვენი მონასტრები, მათი ლოცვით კიდევ გააერთიანოს და გაამთლიანოს საქართველო.
ღმერთმა დალოცოს ჟურნალი "კარიბჭე", რომელიც ამ ბობოქარ დროში ჭეშმარიტად არის სულიერი ორიენტირი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი