ჩვენთვისაც შესაძლებელია უფლის მადლმოსილებითა და რწმენით ასეთი სულიერი საფეხურის მიღწევა
ერთ-ერთი თვისება ადამიანისა მიმბაძველობაცაა. ეს თვისება მაცხოვნებლადაც შეიძლება გვექცეს და სულიერი სიკვდილის მიზეზადაც.
მაცხოვნებლად იმ შემთხვევაში გვექცევა, თუკი უპირველესად მაცხოვრის მიწიერ ცხოვრებას დავისახავთ მაგალითად, განკაცებული უფლის მიბაძვით ვიცხოვრებთ, ისე, როგორც მაცხოვარმა იცხოვრა დედამიწაზე ყოფნის ჟამს - შობიდან ჯვარცმის ჩათვლით: სიმდაბლით, მორჩილებით, სიყვარულით, განსაცდელთა უდრტვინველად გადატანით... გოლგოთაზე ასვლისა და ჯვარცმის გარეშე სულიერ აღდგომას, სულიერ გამარჯვებას ვერ მოვიპოვებთ.მიბაძვა გვმართებს წმინდანებისაც, რომლებიც ყველაზე მეტად ბაძავდნენ მაცხოვარს. ამის უნარი თითოეულ ადამიანს მიეცა ღვთისგან.
გვესაუბრება წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ყიფშიძე.
- მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე - ქრისტესიო, - ბრძანებს პავლე მოციქული. რას ნიშნავს ქრისტეს მიბაძვა? როგორ და რატომ უნდა ვბაძავდეთ მაცხოვარს?
- მაცხოვარმა განკაცებით ადამიანის ბუნება გამოიხსნა - მის პიროვნებაში ერთდროულად ღმერთი განკაცდა და ადამიანი განიღმრთო. ამით უფალმა ცადყო, რომ ადამიანი ღვთის მიერ ასეთად შეიქმნა. თითოეული ჩვენგანი მიზანდასახულად უნდა იღვწოდეს ქრისტეს მისაბაძად, რაც დაუსრულებელი სრულყოფაა ადამიანისა ცათა სასუფევლის დასამკვიდრებლად. სრულყოფა აქვე, ამქვეყნად უნდა დავიწყოთ. მაცხოვარი ქადაგებდა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ თავისი ცხოვრებითაც. ჩვენც ჩვენი ცხოვრებით უნდა მივემსგავსოთ განკაცებულ უფალს.
- რატომ გვევალება მოციქულთა მიბაძვა? რითაა მისაბაძი და გამორჩეული მათი ცხოვრება?
- წმინდა მოციქულები პირველნი იყვნენ, ვის წინაშეც უფალმა განაცხადა თავისი აღთქმა ადამიანთა მიმართ, რომ მოვიდოდა მესია, რომელსაც ებრაელი ხალხი ელოდა. წინასწარმეტყველთა გადმოცემით, წმინდა მოციქულები თავად მაცხოვარმა გამოარჩია და ჭეშმარიტი რჯულის ქადაგებისკენ მოუწოდა, რაც, ცხადია, იმ წარმართულ ყოფაში ძალზე მძიმე იყო და თან ახლდა დევნა-შეჭირვება. მოციქულთა უმრავლესობამ სიცოცხლე მოწამებრივად დაასრულა და თავისი ცხოვრებით დაამოწმა ჭეშმარიტება ქრისტიანობისა. თუ მაცხოვარი განკაცებული ღმერთია, მოციქულები განღმრთობილი ადამიანები არიან, რომლებიც მოქმედებდნენ რწმენითა და მადლმოსილებით და შეძლეს, საკუთარ თავში განეხორციელებინათ ის მცნებები, რომელთაც მაცხოვარი ქადაგებდა. მათი მიბაძვა ჩვენი ვალდებულება კი არა, სულიერი მოთხოვნილება უნდა იყოს, ერთგვარი გამხნევება, მოწოდება, რომ ჩვენთვისაც შესაძლებელია უფლის მადლმოსილებითა და რწმენით ასეთი სულიერი საფეხურის მიღწევა.
- ქრისტიანისთვის მისაბაძ მაგალითად უნდა იქცეს წმინდანთა ცხოვრებაც, მათი ცხოვრება ხომ გვიბიძგებს, უფლის მიმბაძველნი გავხდეთ. მეორე მხრივ, უფალიც სწორედ ამის გამო უშვებს, რომ მათი ცხოვრება საჩინო იყოს ჩვენთვის, ვუწყოდეთ მათი ამქვეყნიური ღვაწლის შესახებ...
- მადლმოსილება, რომელიც წმინდა მოციქულებმა იტვირთეს, განივრცო და გადავიდა იმ ადამიანებზეც, რომლებმაც მათ მსგავსად გაიარეს გოლგოთა და ლამპარივით უნათებენ და უკვლევენ გზას ცხონების მოსურნეებსა და მაძიებლებს. ესენი არიან სწორედ წმინდა მოწამეები, მართალნი, მოციქულთასწორნი, ღირსნი თუ წმინდანთა სხვა დასში მყოფნი. სულიერი, ეკლესიური ცხოვრების გამოცდილებიდან ცნობილია, რომ წმინდა მოციქულების ღვაწლისა და მარტვილობის ამსახველი თხზულებები კეთილ გავლენას ახდენს ადამიანზე, აღანთებს მასში მორწმუნე სულს და უღვიძებს რწმენას, ისე, როგორც კანდელში ჩამატებული ზეთი აძლიერებს ცეცხლს. ამიტომაცაა აუცილებელი წმინდანთა ცხოვრების გაცნობა. ნუ მოვაკლებთ საკუთარ თავს, ჩვენს შვილებსა და, საზოგადოდ, ქართველობას მათ დიდ მეოხებას ღვთის წინაშე.
- ალბათ მნიშვნელოვანია იმ ქრისტიანთა მიბაძვაც, რომლებიც ღვთივსათნოდ ცხოვრობენ, თავიანთი ცხოვრების წესით ადიდებენ უფალს. ბევრი ადამიანი სწორედ ასეთი ქრისტიანების მიბაძვით უერთდება დედაეკლესიის წიაღს და შემდეგ ეცნობა მოციქულთა თუ წმინდანთა ცხოვრებას, იგებს ადამიანის ამქვეყნად მოვლინების მიზანს, მისიასა და დანიშნულებას...
- არათუ მნიშვნელოვანი, ადამიანისთვის არსებითი და აუცილებელიცაა იმ ქრისტიანთა მიბაძვა, რომლებიც ღვთივსათნო ცხოვრებით ცხოვრობდნენ, თუმცა ეს ერთბაშად ვერ მიიღწევა, ეტაპობრივად, ნელ-ნელა უნდა მოხდეს. ადამიანმა ღვთივსათნოდ რომ იცხოვროს, უნდა გაიაზროს მათი გამოცდილება, ვინც უფლის მცნებათა დაცვით იცხოვრა და ცხოვრობს.
- ცხადია, მისაბაძ მაგალითად უნდა იქცეს ღვთისმსახურთა ცხოვრებაც. ადამიანი ღმერთამდე ხომ სწორედ მათ უნდა მიიყვანონ...
- მოძღვარი გამორჩეულია ღვთისგან. უფალი ბრძანებს: "არა თქუენ გამომარჩიეთ, არამედ მე, რამეთუ არა ამასოფლისანი ხართ". ღვთისმსახური არა მარტო სიტყვით უნდა ქადაგებდეს ქრისტიანობას, არამედ, უპირველესად, ცხოვრების წესით. მოძღვრის ცხოვრება ეკლესიის წიაღს გარეთ მყოფთათვის ეკლესიაში მოსვლის საწინდარი უნდა გახდეს, ეკლესიაში მყოფთათვის კი რწმენაში გამამყარებელი. ყველაზე მეტად ადამიანები სწორედ ღვთისმსახურთა ცხოვრების წესს აქცევენ ყურადღებას. ამიტომაც სასულიერო პირი განუწყვეტლივ უნდა ადევნებდეს თვალყურს თავის შინაგან მდგომარეობას, ცხოვრების წესს, რათა დამაბრკოლებლად არ იქცეს, ადამიანებს ხელი არ შეუშალოს ეკლესიამდე მისვლაში.
- შვილებისთვის, განსაკუთრებით - ყრმობისა და სიყმაწვილისას, მისაბაძ მაგალითად მშობლები იქცევიან ხოლმე. ეს ხომ მათ უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს. რა არის მშობლის უმთავრესი მოვალეობები, რათა მათი შვილები სულიერად სწორად, სრულფასოვან პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ?
- ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის პირველი მაგალითი უახლოესი გარემოა - მშობლები და ოჯახის წევრები. მათთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მათი ცხოვრების წესს, ქცევას, ღირებულებებს. ეს ყველაფერი ბავშვს მექანიკურად, გაუცნობიერებლად გადმოაქვს და ითვისებს, სულის შემადგენელ ნაწილად აქცევს. როდესაც ოჯახი ქრისტიანულად ცხოვრობს, მისი წევრები ქრისტიანულად აზროვნებენ და მოქმედებენ, მოზარდიც შესაბამისი ფასეულობებით იზრდება.
უდიდესი როლი აქვს სკოლასაც. ხშირად პედაგოგი მშობელზე დიდ ავტორიტეტად იქცევა ბავშვისთვის. თუკი მასწავლებელი თვითონ არ ცხოვრობს ჭეშმარიტი ღირებულებებით, ცხადია, აღსაზრდელებსაც მცდარ შეხედულებებს ჩამოუყალიბებს.
გარდატეხის ასაკის მოსვლასთან ერთად მოზარდებში პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბება იწყება. სწორედ ამ დროს ესაჭიროება მას მშობლების, ეკლესიის, მოძღვრის, მასწავლებლის ერთობლივი ძალისხმევა. ბავშვს რომ ეკლესიური ცხოვრებისკენ უბიძგოს, უპირველეს ყოვლისა, თავად მშობელი და აღმზრდელი, მასწავლებელი უნდა იყოს რელიგიური. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს მოზარდის მომავალს - მასში მოძალადის ფსიქოლოგია გაიმარჯვებს თუ კაცთმოყვარეობა.
- ზოგჯერ ადამიანს ფანატიკურად უყვარს მეგობარი ან რომელიმე მომღერალი, ფეხბურთელი, პოლიტიკოსი თუ სხვა ცნობილი პიროვნება და მის მიბაძვას იწყებს...
- ქრისტიანული მრწამსი გვასწავლის, რომ თითოეული ადამიანი პასუხისმგებელია არა მხოლოდ საკუთარ ცხოვრებასა და ცხონებაზე, არამედ უახლოესი გარემოს და საზოგადოების მომავალზეც. პოპულარობა მხოლოდ კარგ ფეხბურთელობასა თუ მომღერლობას როდი ნიშნავს; პოპულარული ადამიანი საზოგადოებისთვის გამორჩული უნდა იყოს პიროვნული ღირსებებითაც. მათი ღირსებები მოზარდებისთვისაც მისაბაძი გახდება და ამგვარად თაობები უფრო ნორმალურად ჩამოყალიბდებიან.
- რა არის თანამედროვე მოზარდების - "თინეიჯერების" სენი? ყველაზე მეტად სწორედ ამ ასაკისთვისაა დამახასიათებელი სხვათა მიბაძვა. როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს მათ მიმართ საზოგადოებას, ოჯახს, ეკლესიას, სკოლას? როგორც წესი, საზოგადოების დიდ ნაწილს მათი არ ესმის, მეტიც, ხშირად აგრესიასაც კი ავლენენ. როგორც მოძღვარი, რაში ხედავთ თანამედროვე მოზარდთა მთავარ პრობლემას?
- ჩვენს უმდიდრეს ენაში "თინეიჯერის" ულამაზესი შესატყვისი არსებობს - "ნინველი" (სულხან-საბას მიხედვით). სამწუხაროა, რომ ჩვენში ბევრმა არ იცის ეს სიტყვა და ასე დამკვიდრდა "თინეიჯერი", ისევე, როგორც ბევრი უცხო ტრადიცია, აზრი... ამას ერი დეგრადაციამდე მიჰყავს. რაც შეეხება ნინველთა პრობლემებს, ვფიქრობ, მათი უმრავლესობისთვის ყველაზე მეტად აქტუალური უსიყვარულობაა, რადგან გარემოა სიყვარულისგან დაცლილი. მათ, ისევე როგორც საზოგადოების დიდ ნაწილს, პატიება, ურთიერთმიტევება სისუსტედ მიაჩნიათ, რაც ასევე უსიყვარულობის შედეგია. აგერ უკვე ოცი წელიწადია, ჩვენი ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია და თავისთავად ესეც განაპირობებს მოზარდებში მუდივ დაძაბულობას, აგრესიას, შეუნდობლობას. უთავრესი გამოსავალი კი ეკლესიასთან სიახლოვე, უფალთან ზიარებით ადამიანის სიყვარულში გაზრდაა.
- მოდაზეც ვისაუბროთ. მოდური ტანისამოსი ხომ ყოველთვის იყო და დღესაც არის მისაბაძი. რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ამ საკითხის მიმართ? რამდენიმე სიტყვით იმასაც შევეხოთ, როგორ უნდა იმოსებოდეს და გამოიყურებოდეს ქრისტიანი და რას ავლენს ადამიანი თავისი ჩაცმულობით.
- უცხო კულტურისა და შეხედულებების ბრმად გადმოღება ვახსენე. სწორედ ამგვარად ხდება ჩაცმულობის ხელოვნურად გადმოტანაც. დღევანდელი ახალგაზრდობა და უფროსი თაობაც კი იმდენადაა მოქცეული უცხო აზრის გავლენის ქვეშ, რომ საკუთარი აღარც კი გააჩნიათ. აღარ ძალუძთ, საკუთარი გემოვნების მიხედვით შეიმოსონ. არადა, ის, თუ როგორ იმოსება ადამიანი, ბევრ რამეზე მეტყველებს - შესამოსელი გამომხატველია პიროვნების შეგნებისა, გემოვნებისა, სულიერი მდგომარეობისა და განათლებისა. მინდა მოზარდებს შევახსენო, რომ ადამიანი სულიერებით ფასდება. როცა მოზარდი გამომწვევი ჩაცმულობით ცდილობს ყურადღების მიქცევას, ეს მის ჩამოუყალიბებლობაზე მეტყველებს. ნუ დაივიწყებთ, რომ თითოეული თქვენგანი ხატებაა ღვთისა და ამ ხატების არსებითი თვისება სიწმინდე და უმანკოებაა. ხშირად ასეთ თავის მართლებასაც მოისმენთ: არსებულ სიდუხჭირეში ძნელია ნორმალური სამოსის შეძენაო. ადამიანს, რომელიც სწორად ყალიბდება და შინაგანი კულტურაც აქვს, ყველაზე უბრალო, მოკრძალებული სამოსითაც შეუძლია გემოვნებით, ლამაზად, ინდივიდუალურად გამოიყურებოდეს.
- რას გვეტყვით იმ უცხოელი მუსიკოსებისა და ჯგუფების შესახებ, რომელთაც უამრავი მიმბაძველი ჰყავს?
- თქვენ წარმოიდგინეთ, იმ ქვეყნებში, სადაც ეს ჯგუფები შეიქმნა, ბავშვის მუსიკალური გემოვნების ჩამოსაყალიბებლად სხვა გზა გამონახეს. მიგიქცევიათ ყურადღება, რომ ძალზე პოპულარულ მულტიპლიკაციურ ფილმებს მხოლოდ კლასიკური მუსიკა გასდევს? მათში ვერ შეხვდებით აგრესიულ, მძიმე მუსიკას. მუსიკა ადამიანის ემოციის გადმოცემის ერთ-ერთი სახეა და ძალზე გადამდებია. როდესაც ის აგრესიულია, მოზარდზე უარყოფითად მოქმედებს, რადგან თავად ეს ემოციაა უარყოფითი. ჩვენს მოზარდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ბევრი მიმდინარეობა, რომლებიც ქუჩაში ჩაისახა და ლანძღვა-გინებითაა სავსე. ჩვენი ბავშვებისთვის ლამის მშობლიურადაა ქცეული ინგლისური ენა და ასეთ "სიმღერებს" ადვილად ითვისებენ. ესეც კიდევ ერთი საშუალებაა უზნეობის დამკვიდრებისა, აგრესიისა და ძალადობის გაზრდისა.
როგორც აღვნიშნეთ, ბავშვს თავიდანვე ფასეული, ნამდვილი მუსიკა უნდა მოვასმენინოთ და შევაყვაროთ. ისევე როგორც ხელოვნების ყველა დარგი, მუსიკაც ადამიანის გაკეთილშობილებას ემსახურება.