თავმდაბლობაც სულიწმინდის ნიჭია, რაც ბევრს გვაკლია
შემოქმედმა ადამიანი შექმნა და სამი უდიდესი ნიჭი - თავისუფლება, გონება და სიყვარული უბოძა სულიერი ზრდისა და ნეტარებისთვის.
მაგრამ სადაც თავისუფლებაა, იქვე დასაშვებია არჩევანის გაკეთებისას ორჭოფობა და ცდუნება. გონის საცდური გონებითი ამპარტავნებაა. ეს ნიშნავს, საღვთო ზესიბრძნისა და სიკეთის შეცნობის ნაცვლად ბოროტისა და კეთილის გაგება უფლის გარეშე სცადო, მოისურვო, თავად გახდე "ღმერთი". სიყვარულის გრძნობის საცდურია, ღმერთისა და მოყვასის ნაცვლად გიყვარდეს საკუთარი თავი და ყოველივე ის, რაც ქვენა სურვილებს დაგიკმაყოფილებს და წარმავალ განცხრომაში გამყოფებს. პირველმა ადამიანმა ვერ გაუძლო ამ ცდუნებებს...გვესაუბრება ქარელის რაიონში მდებარე სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი სქემიღუმენი თეოდოსი (ხაჩიძე):
- სახარებიდან ერთ თავს გავიხსენებ: ბატონმა ერთ ქვეშევრდომს მისცა ხუთი ქანქარი (ფულის ერთეული), მეორეს - ორი, მესამეს კი ერთი, რის შემდეგაც დატოვა და განეშორა. გავიდა დრო. ვისაც ხუთი ქანქარი ერგო, მან "სავაჭროსა ზედა დადო" და კიდევ ხუთი იშოვა. ვისაც ორი მიეცა, მანაც დადო "სავაჭროსა ზედა" და მეტი მიიღო. მესამემ, რომელიც მშიშარა იყო, ბატონის მრისხანების შიშით არაფერი გააკეთა და მიწაში ჩაფლა ის ერთი ქანქარიც.
გავიდა დრო და მოულოდნელად ბატონიც გამოჩნდა, რაც ჩვენს აღსასრულს, ბოლო ჟამს ნიშნავს. ამ ქანქარებში კი იგულისხმება ღვთისგან ბოძებული ნიჭები. უფალმა ზოგს მეტი ნიჭი მისცა, ზოგს - ნაკლები. ღვთისგან ბოძებული ნიჭის გარეშე არავინ რჩება. ბატონმა ქვეშევრდომებს პასუხი მოსთხოვა - ვინ როგორ გამოიყენეთ ბოძებული ქანქარიო. ხუთი ქანქარის პატრონმა უპასუხა, - ბატონო, შენ რომ ხუთი მიბოძე, მისგან კიდევ ხუთი მოვიგე და ჩაიბარე ათი ქანქარიო. ბატონმა მიუგო, - კეთილი მონა ხარ, მცირესა ზედა ერთგული აღმოჩნდი და დიდსა ზედა დაგადგენ, შევედ - სასუფეველსა მამისა ჩემისაო. მეორემაც იგივე უთხრა. მასაც იმასვე დაჰპირა, მესამემ კი: ბატონო, ვიცი, ძალიან მკაცრი ხარ და მრისხანე. სადაც არ დაგიბნევია, იქ იკრებ, სადაც არ დაგითესია, იქ იმკი. ამიტომაც შემეშინდა, არ დამეკარგა ბოძებული ერთი ქანქარი და მიწაში დავფლე. ახლა უკან გიბრუნებო. ბატონმა უპასუხა, - ბოროტი მონა ხარ... კარგად იცი, რომ სადაც არ დამითესია, იქ ვიმკი და სადაც არ გამიბნევია, იქ ვაგროვებ, მაგრამ ამას მაინც ვერ მიხვდიო. მისი ბრძანებით, წაართვეს მონას ის ერთი ქანქარი და მისცეს ხუთის პატრონს. ამით იმის თქმა სურს უფალს, რომ ვისაც მეტი აქვს, მეტი მიეცემა, რადგან კეთილად გამოიყენა, ხოლო ვინც ვერ გამოიყენა, წაერთმევა და არაფერი დარჩება.
რთულია იცხოვრო წუთისოფელში უფლის მიერ ბოძებული ნიჭებით. რთულია ამოიცნო, რა ნიჭი გაქვს, რისთვის გაგაჩინა უფალმა. თუ ადამიანმა ეს გაიგო, აღარ მოიქცევა იმ ერთი ქანქარის პატრონი მონის მსგავსად.
სულხან-საბა ორბელიანის ერთ იგავს, "ძუნწსა და ოქროს" გავიხსენებ. კაცმა იპოვა ოქროს ზოდი და მიწაში დამარხა. დროდადრო მიდიოდა სანახავად და ამით ხარობდა. არავინ ასარგებლა ოქროთი. მერე ვიღაცამ დაინახა, მოიპარა და ოქროს ნაცვლად ქვა ჩადო. პატრონმა ნახა და ტირილი დაიწყო. გამვლელმა ჰკითხა, რა გჭირსო. უთხრა. როცა გაიგო მიზეზი, უპასუხა, - შენ მაინც არ ხმარობდი და მიწაში გინდა ოქრო გქონია და გინდა ლოდიო.
ყველაფერი სულიწმინდიდან, უფლის კურთხევიდან მოდის. არიან განუსაზღვრელი მეხსიერების პატრონები, ისეთნი, ვინც სიტყვაშეუბრუნებლად ასრულებს ყველაფერს. ეს მართლაც ნიჭთა ნიჭია. არიან ადამიანები, რომლებსაც ბოროტება არ ახასიათებთ, განკითხვა სძულთ და უფალთან ახლოს დგანან. რამდენი განათლებულია ჩვენს გარშემო, რომლებმაც თავად არ ისურვეს ქვეყანას ემსახურონ. ამგვარი ნიჭები ადამიანებს უფრო მეტად ზრდასრულ ასაკში ან ღრმა სიბერეში ახსენებს თავს. ხშირად დრო უქმადაც იკარგება და ღვთის ბოძებული ნიჭები უკვალოდ ქრება. გამორჩეულნი ბავშვობიდანვე იყენებენ ნიჭებს. აუცილებელი როდია, ყველა ადამიანი მონასტერში ცხოვრობდეს. უფალს ორივე ცხოვრება აქვს დადგენილი - სასულიეროც და საეროც. ერშიც შეიძლება კაცი ცხონდეს და მონასტერშიც. ღვთის ნიჭის უგულებელყოფაა ისიც, როდესაც ადამიანი მიაღწევს გარკვეულ ზღვარს და ოჯახის გარეშე ცხოვრობს. თან არც მონასტერში წასვლაზე ფიქრობს. თუკი უფალმა არ ინდომა მისთვის ოჯახი, შეუძლია საეკლესიო ოჯახს შეუერთდეს და მონასტერში გამოავლინოს საკუთარი ნიჭები.
მოძღვრის ლოცვა-კურთხევის შესრულებაზეც ბევრი რამაა დამოკიდებული.
მონასტერში ადამიანი განსაკუთრებით ამჟღავნებს საკუთარ ნიჭს. ერში მყოფნი ხშირად ფლანგავენ, არ ახმარენ იმას, რისთვისაც უფალმა უბოძა. როცა წლების განმავლობაში იცხოვრებს ადამიანი მონასტერში, უფალი მისთვის შესაფერისი ნიჭის საქმეს ანდობს. წინამძღვარი და სულიერი მოძღვარი ხვდება, რისკენ აქვს მონასტრის წევრს მიდრეკილება და ღმერთმა რისი უნარი მისცა. საბაწმინდის ლავრაში სამოღვაწეოდ მისულ წმინდა მამა იოანე დამასკელს დასაწყისში ის საქმე არ მიანდეს, რაც ღმერთმა ნიჭად უბოძა - გალობის, ლოცვებისა და საეკლესიო ლიტერატურის შედგენის ნიჭი. ვიდრე მამებს ღვთისგან არ ეუწყათ, მისთვის მიეცათ ის საქმე, რისთვისაც მონასტერში მივიდა, მანამდე არ მიანდეს.
ჩვენს გვერდით მრავალი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც საზოგადოებასთან დამოკიდებულებაში საუკეთესოები ჩანან, მაგრამ, სამწუხაროდ, მსგავსნი ხშირად ოჯახებში უარყოფითი თვისებებით გამოირჩევიან.
მონასტრის წინამძღვრობა განსაკუთრებულად მძიმე ტვირთია. ადამიანი ინდივიდია და წინამძღვარი ვალდებულია, მონასტრის თითოეულ წევრთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. მაგრამ ზოგჯერ ადამიანი ვერ ეთვისება მონასტრულ ტიბიკონს და ტოვებს მონასტერს. ეს უკვე წინამძღვრის ბრალი აღარაა. წინამძღვარი მშობელია მათი, მას უნდა შეეძლოს, ყველანაირ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის დამშვიდება და სწორ გზაზე დაყენება.
მინდა გავიხსენო წმინდა ბერის, მოსე შავის ცხოვრება და მოღვაწეობა. დასაწყისში მოსე შავი ავაზაკების მეთაური გახლდათ. ფიზიკურად ძლიერი იყო და ბავშვობაში კაცი მოკლა. შეშინდა და გაიქცა. მშიერ-მწყურვალს ყაჩაღები გადაეყარნენ და შეიკედლეს. გავიდა ხანი და მოსე ყაჩაღთა მეთაური გახდა. ერთხელ ნადავლი გაინაწილეს და ქეიფი გამართეს. ანაზდად მოსეს სინანულის გრძნობა დაეუფლა და მახლობელ მამათა მონასტერში წავიდა. მორჩილმა იცნო და მისვლის მიზეზი ჰკითხა. მოსე შავი ერთი კვირა ალოდინეს. წინამძღვარმა შეუთვალა, - ვერ მიგიღებ, რადგან მრუდე გზას ადგახარო. მოქცევა და სწორ გზაზე დადგომა მინდა. თუ ხელს არ შემიწყობთ, ჩემი ხალხით მოვალ და რაც მოხდება, თქვენ დაგბრალდებათო, - მოსემ. რაღა უნდა ექნა მონასტრის წინამძღვარს, მიიღო... უმძიმეს მორჩილებებს ასრულებდა. ერთხელ თავს დაესხა ოთხი თავისი ყოფილი მეგობარი. ყველა გაკოჭა და წინამძღვარს მიუყვანა. ბოლოს არც მისმა მეგობრებმა ისურვეს მონასტრიდან წასვლა. მოსე შავის უდიდესმა სინანულმა ყველა მისი მეგობარი მოაქცია. ბერად აღკვეცის შემდეგ დიაკვნად კურთხევის დღეც დადგა. წინამღვარმა ერთ-ერთ ბერს დაავალა, მოსე შავისთვის ხელი ეკრა საკურთხეველში, თან ეთქვა, - შე ძაღლო, აქ რას მოდიხარო. ბერი ასეც მოიქცა. მოსე შავის საქციელმა იმდენად განაცვიფრა წინამძღვარი, რომ მაშინვე მღვდლად აკურთხა. მოქცეული ნაყაჩაღარი მოწამებრივად აღესრულა.
ზაქარია წინასწარმეტყველმა არ დაიჯერა ცოლის ფეხმძიმობა და დაისაჯა. მხოლოდ ლოცვის დროს ჰქონდა მეტყველების უნარი. ღვთის დაშვებითაც ბევრი რამ ხდება. რომანოზ მგალობელი კონსტანტინოპოლის აია სოფიას ტაძრის მედავითნეთა და მგალობელთა დარად იღებდა ჯამაგირს. შეშურდათ მისი - ჩვენოდენი არ იცის და რატომ იღებს ჩვენოდენსო. ერთხელ რომანოზს შობის მსახურებისას უნდა ეგალობა. ხელი ჰკრეს ამბიონზე. თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლები წასკდა. მთელი ღამე დედა ღვთისმშობელს ევედრებოდა, მიეცა უკეთ გალობის ნიჭი. რომანოზ მგალობელმა ყველა გააოცა თავისი ნიჭით და წმინდანთა შორის დაიდო ადგილი. მოიხსენიება, როგორც რომანოზ ტკბილად მგალობელი.
ადამიანებს ნიჭი სხვადასხვა დროს ეძლევათ, ზოგს - მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, ლოცვით. უფალი დიდად გულმოწყალეა, საკმარისია ითხოვო და აუცილებლად შეგეწევა. დიაკვნობისას მოძღვარმა, მამა ისაიამ (გოგიბერიძე) მკითხა, - მღვდლობა თუ გინდაო. დიახ-მეთქი. სურვილი რომ გაქვს, კარგია, მაგრამ რისთვის გინდა, ეს არის საკითხავი. თუ სამშობლოს, ეკლესიის სამსახურად გინდა, კარგიაო. ძალიან მძიმე ტვირთია მოძღვრობა, მაგრამ, უფლის შეწევნით, ეს ჯვარი ნუგეშსაც გაძლევს.
ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, ნათლობისას ადამიანს ეხსნება რამდენიმე პროცენტი დაფარულისა, თუ გახდა დიაკვანი, მას ეხსნება ოცდაათი პროცენტი სამყაროს უხილავი ძალებისა, მღვდლობაში - კიდევ ოცდაათი პროცენტი. მხოლოდ ეპისკოპოსს ეხსნება დანარჩენიო. სულიწმინდის ნიჭი არის ეპისკოპოსობის მადლი. როდესაც ანტონი დიდმა მოისურვა ენახა დაფარული, ცოტა არ იყოს, შეცბა. ამის ერთბაშად დანახვას ვერც ერთი ადამიანი ვერ გაუძლებს.
ბავშვებში ნიჭი ვლინდება მხოლოდ დედაენაში. ამ ფესვებში სითბოსა და სიყვარულს ნახულობს, რომელიც ადამიანად ჩამოყალიბებაში ეხმარება. წინაპრების მადლიდან იღებს მოზარდი ნიჭს. ბავშვებისთვის ნიჭის გამოვლენის კიდევ ერთი გზა ეკლესია, მონასტრული ცხოვრებაა. მართალია, სკოლაში ვლინდება ბავშვის ნიჭიერება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სულიერებას არ ემსახურება. განათლება ხომ სულიერი ცხოვრებიდან გამომდინარეობს. თუ ეს არის შეზავებული, ბავშვი დაჩაგვრასაც ადვილად გადაიტანს და სიხარულსაც თავმდაბლობით მიიღებს. თავმდაბლობაც სულიწმინდის ნიჭია, რაც ბევრს გვაკლია. მიტევება და თავმდაბლობა უმთავრესია ადამიანის სწორად ცხოვრებაში.
ბედნიერია ადამიანი, თუ თავიდანვე მიხვდება, რა ნიჭით გააჩინა ღმერთმა და რა გზით უნდა იცხოვროს. განსაკუთრებით ბედნიერია, თუ ცოტა ხნით მაინც მოასწრებს ამ ნიჭით ცხოვრებას.
ღმერთმა შეგვაცნობინოს დროულად ღვთისგან ბოძებული ნიჭის არსებობა საკუთარ თავში და ამით შევძლოთ ცხონების გზაზე დადგომა.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მოგვცეს თავმდაბლობა და მიტევება.