ჩვენთვის მისაბაძი ადამიანები წმინდანები არიან, ხოლო სტერეოტიპების ადევნება მონობაა
"ნუ ჰგონებთ, თუ გეტყოდე არა ჩაცმასა, არცა დახურვასა
, არა კეთილთა შემოსვასა, გინა შიშლებითა ვლასა უპატიურად, არამედ გეტყვი ჩაცმასა უცოდველად, დახურვასა არა ვალითა, მოკაზმვასა არა ნატაცებითა, შემოსვასა არა ქვრივთა და ობოლთა ნაძარცვითა, სამკაულთა შესხმასა არა ანგარებითა, არამედ ყოვლითა სიმართლითა და მადლობითა ღმრთისაითა; და რა-იგი მოეცეს ღმერთსა, კმა-იყოფდეთ და გული გითქმიდესთ სამოსლისათვის ზეციურისა, რომელ უბრწყინვალეს არს მნათობთასა, ვითარცა იტყვის მათე სახარებასა შინა: მაშინ მრავალნი გამობრწყინდენ, ვითარცა მზენი". ეს სიტყვები ორი საუკუნის წინ წარმოითქვა. მისი დამწერი, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ დადგებოდა დრო და ქართველ კაცს თავს მოახვევდნენ უცხოეთიდან შემოტანილ რეკლამებს, უგემოვნო სერიალებს, უხამს ჟურნალ-გაზეთებს, ათასგვარ უზნეობას. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი გრძნობდა ცვლილებას ქართველი ქალის გუნება-ხასიათში და ხშირად ეხებოდა ამ პრობლემას. ერთ-ერთ ქადაგებაში ამბობს: "მივაქციოთ გული და გონება ჩვენი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისადმი. როგორ ცხოვრებას ატარებდა იგი: მშვიდსა, დაფარულსა, თავმდაბალსა, სამკაულნი, ძვირფასი ტანსაცმელი უყვარდა მას თუUარა? - სრულიად არა! წმინდა მამანი მოგვითხრობენ, რომ ყოვლადწმინდის ღვთისმშობლისგან დარჩა ერთი მისი საკუთარი სარტყელი. იგი იყო უბრალო, იაფი და მისი ხელით ნაქსოვი... აღარ ვიტყვი წმინდისა სიწმინდესა, უმანკოებასა. აჰა, სახე და მაგალითი, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ყოველი ქალი!"
ქართველი საზოგადო მოღვაწეები დიდ ყურადღებას უთმობდნენ საკითხს, თუ რა წვლილი მიუძღვის ქალს, დედას ერის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. ვაჟა-ფშაველა წერდა: "შვილების მომავალი ბედ-იღბალი იმაზეა დამოკიდებული, თუ დედამ რა შთაბეჭდილებით ასაზრდოვა თავისი ბარტყები". საქართველოს ყოველთვის სჭირდებოდა განათლებული, ზნეობრივად კეთილშობილი დედები. ჩაცმულობის საკითხის შესახებ გვესაუბრება თბილისის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა გიორგი (რაზმაძე).
- ჩვენი გარეგნული იერი, ჩაცმულობა (ე.წ. იმიჯი) გარკვეულწილად გამოხატულებაა ჩვენი სულიერი მიზანსწრაფვის, მენტალიტეტის, მსოფლმხედველობის. მასში აისახება შინაგანი კულტურა, გემოვნება, ხასიათი. დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით. დღევანდელი ჩაცმულობის სტილი ჩვენი დროების სულისკვეთებას გამოხატავს, რაც, რა თქმა უნდა, ანგარიშგასაწევია. მაგრამ ხომ არსებობს მარადიული ფასეულობები, რომელთაც დროის მსახვრალი ხელი არ ეხება. როგორი უნდა იყოს ქრისტიანის ჩაცმულობა და იერ-სახე?
- ყველაზე მეტად ის არის სამწუხარო, რომ ეკლესიის წიაღში მორწმუნე ქრისტიანებს შორისაც არსებობს ჩაცმულობის პრობლემა. ჩვენი უპატიო ჩაცმულობით არა მარტო გარშემომყოფ საზოგადოებას, არამედ, უპირველესად, საკუთარ სულს შეურაცხვყოფთ, ვხრწნით სულიწმინდის ტაძარს. ქრისტიანის შესამოსელის საკითხზე საუბრობს წმინდა წერილი. პავლე მოციქული პირდაპირ მიუთითებს მანდილოსნებს, თუ როგორი ჩაცმა მართებთ მათ. სჯულის კანონის თანახმად, მამაკაცის სხეული აუცილებლად მუხლებამდე უნდა ყოფილიყო დაფარული. პავლე მოციქულის მიხედვით, დედაკაცი ტაძარში თავდაბურული უნდა იყოს, მოკრძალებულად იქცეოდეს და ა.შ. როცა ეს წესები იდევნება ყოფიდან, სულიერი დაცემის გამოხატულებაა. ერთხელ წმინდა მამა მაკარი მეგვიპტელი ალექსანდრიაში ჩავიდა სულიერ შვილებთან ერთად. ქუჩაში მეძავი დედაკაცი შემოხვდათ, რომელსაც შესაბამისად ეცვა. მაკარი აქვითინდა. ჰკითხეს მიზეზი. მან კი უპასუხა: პირველ რიგში ის მატირებს, რომ ეს ქალი იღუპება და ბევრს აცდუნებს, მეორე ის, რომ ეს ქალი ისე მომხიბვლელად არის ჩაცმული, მე ჩემს სულიერ მდგომარეობას ამგვარად ვერ ვმოსავო. ნამდვილად დიდი განსაცდელი აქვს იმ ადამიანს, რომელიც არასწორად ცხოვრობს და სხვისათვის მაცდური ხდება. სახარებაში ამის შესახებ წერია, თუ შენგან საცდური მოდის, გიჯობს, წისქვილის ქვა მოიბა ქედზე და წყალში გადავარდეო. უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ჩაცმულობით არ გავაღიზიანოთ ადამიანები. დღეს ქუჩაში შეხვდები ერთად მოსიარულე ქალ-ვაჟს. ქალის ჩაცმულობა ყველას ყურადღებას იქცევს. ვაჟს კი ამისა სულაც არ რცხვენია. ვაჟი შეიძლება ამ ქალის მეუღლეც იყოს, ძმა, ანდა მეგობარი. ქალი თავისი სხეულის წარმოჩენით ადამიანებს ცოდვისკენ მოუწოდებს. ვაჟი კი ხელს არ უშლის. ეს, ჩემი აზრით, დაცემის გამოვლინებაა და აღმაშფოთებელი ფაქტია.
- სამოთხეში, როდესაც ადამი და ევა მადლისგან განიძარცვნენ, სიშიშვლე შეიგრძნეს და შერცხვათ. აქედან მოყოლებული, სიშიშვლე სირცხვილად ითვლება. როგორი ვითარებაა ამ მხრივ დღეს?
- ადრე ნამდვილად ასე იყო, მაგრამ დღეს პირიქით ხდება, თუ ადამიანი ისე იცვამს, როგორც ქრისტეს ეკლესია ასწავლის, ეს სამარცხვინო ფაქტად, ჩამორჩენილობად აღიქმება. როცა წმინდა ქეთევანი შაჰის წინაშე წარდგა და ქრისტეს გულისთვის ტანჯავდნენ, დედოფალი არ გატეხილა. ყველამ იცის, თუ როგორ იცავდა იგი ჭეშმარიტ სარწმუნოებას. ბოლოს სთხოვდა თავის მტანჯველებს: "დედის ნაშობნი ხართ თქვენც, ნუ შეურაცხყოფთ ჩემს სიშიშვლესო". თუნდაც წმინდა ბარბარეს წამება გავიხსენოთ. როდესაც იგი გააშიშვლეს და მოედანზე ჩამოატარეს, უფალმა დაიცვა თავისი სახელისთვის წამებული და ნათლით შემოსა მისი სიშიშვლე, რათა ადამიანის თვალს არ დაენახა. ამ წმინდანებს სხეულის გვემის არ ეშინოდათ. პირიქით, უხაროდათ კიდეც. მათ სხეულის გაშიშვლება მიაჩნდათ ყველაზე დიდ ტანჯვად. ადრე თუკი ჯალათი აშიშვლებდა ადამიანს, ახლა საკუთარი ნებით ხდება ეს, რაც მადლის დაკარგვის შედეგია. როდესაც ადამი და ევა ცოდვით დაეცნენ, სულიწმინდის მადლი განიმოსეს და ლეღვის ფოთლით დაიფარეს სიშიშვლე. ასე ხდება, როცა ადამიანი სულიერებას კარგავს, მისი ზნეობრივი საყრდენი გადაადგილდება, ფასეულობები იცვლება. მისთვის მთავარი ხდება ის, თუ როგორ შესთავაზოს თავისი თავი სხვას, როგორ მიიქციოს ყურადღება. ქრისტიანობა კი სულ სხვა ღირებულებებს ქადაგებს: ადამიანი უნდა იყოს თავმდაბალი, მორჩილი, სადა, მოკრძალებული, უბრალოდ შემოსილი, უნდა ცდილობდეს, გახდეს ჭურჭელი სულიწმინდისა. თუ ადამიანი ამისკენ არ მიილტვის, ვერასდროს ცხონდება. არადა, ადამიანის დანიშნულებაა, წუთისოფელში მოიპოვოს სულიწმინდის მადლი და ცხონდეს. სულიწმინდის მადლი კი შეუძლებელია დამკვიდრდეს ისეთ ადამიანში, რომელიც თავის სხეულს შეაგინებს, ბილწავს, შეურაცხყოფს და, ფაქტობრივად, ეშმაკის იარაღად ხდის.
ჩვენს ტაძარში არ ვუშვებთ შარვლიან, მოკლეკაბიან ქალებს. როცა ბევრი ხალხი არ არის და ტაძარში სიხალვათეა, ღვთისმშობლის მხარეს დგანან მანდილოსნები, ხოლო მაცხოვრის მხარეს - მამაკაცები. ამგვარი წესით სრულდება ღვთისმსახურება. ტრადიციებისა და ფასეულობების რღვევა, ვფიქრობ, ოჯახიდან იწყება. როგორ შეიძლება შვილმა მშობელს გაუბედოს ურცხვი ჩაცმულობით ქუჩაში გამოსვლა, ეს ხომ ოჯახის შეურაცხყოფაა, მაგრამ ვაი, რომ ამის მაგალითს თვითონ მშობლები აძლევენ შვილებს.
- ზოგჯერ მხილება უკურეაქციას იწვევს. ვულგარული ჩაცმა თითქოს ადამიანის ხასიათსაც ავულგარულებს.
- სოლომონ ბრძენი ამბობს: უგუნურს ნუ ამხილებ, თორემ მტრად მოგეკიდებაო. ეს ყოველივე ადამიანის შეგნებამდე უნდა მივიდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის საშინელ სამსჯავროზე აუცილებლად მოგვეკითხება ადამიანების ცდუნება.
- ამ წარმავალ წუთისოფელში ყველაფერი ცვალებადი და დაუდგრომელია, მათ შორის მოდაც, რომელიც სრულიად შეესატყვისება ახალ დროებას. ამ არნახული სიჩქარეების ეპოქაში ახალი დროისათვის ალღოს აღება და, შესაბამისად, მოდის მიმდევრობა საზოგადოებაში დამკვიდრების აუცილებელ პირობად ითვლება. ამ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი რომ გახდე, ალბათ, უნდა მოერგო სტერეოტიპს. რამდენად ემუქრება ეს ინდივიდუალობას?
- ამ ვითარებას ხომ ვიღაც დირიჟორობს. მოდასაც ვიღაც ქმნის. ეს ზედაპირულად, ცხადია, არ ხდება. ახალგაზრდებს არ ესმით, რა არს თავისუფლება. განა თავისუფალია ადამიანი, რომელიც რაღაცის ტყვეობაში იმყოფება? სანამ კაცი არ გათავისუფლდება უგუნური ცხოვრების წესისგან, ვნებებისგან, მაცდური ჩაცმულობისგან, იგი ჭეშმარიტებას ვერ იპოვის და ვერც თავისუფლებას მოიპოვებს. მისი მოპოვება მხოლოდ ეკლესიის წიაღში, ქრისტეში ხდება: "სცანთ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლოს თქვენ". ზოგს ჰგონია, რომ ეკლესია ადამიანებს თავისუფლებას ართმევს, მკაცრად სჯის, რაღაცას უსაზღვრავს. სამწუხაროა, რომ მართლმადიდებლობას ვერ არჩევენ ინკვიზიციისგან. ეკლესია ადამიანს ჭეშმარიტ თავისუფლებას ანიჭებს. ჩვენთვის მისაბაძი ადამიანები წმინდანები არიან, ხოლო სტერეოტიპების ადევნება მონობაა.
- ზოგიერთი სასულიერო პირი ერიდება ვულგარული ჩაცმულობის გამო ადამიანის მკაცრად მხილებას - ვაითუ მხილებულმა დაკარგოს ეკლესიაში მისვლის სურვილი და უფრო დაიღუპოსო...
- მოძღვარი იმისთვის არის დადგენილი ეკლესიაში, რომ ღვთის მიერ მისთვის მინდობილი და ჩაბარებული ცხოვარი მიიყვანოს იქ, სადაც უფალი ელოდება თითოეულ ჩვენგანს. სახარებაში არის იგავი მოწყალე სამარიტელისა. სამარიტელი გზაზე დაინახავს მიწაზე განრთხმულ, ნაგვემ ადამიანს, ღვინოს და ზეთს დაასხამს მას, კარაულზე დასვამს და სადგურში მიიყვანს, რომელიც ეკლესიის სახეა და სადგურის უფროსს, ანუ მოძღვარს აბარებს. თან ორ დრაჰკანს აძლევს - ძველ და ახალ აღთქმას და ეუბნება: "იღვაწე და თუ რაიმე წარაგო, მერე მოვიდე და უმეტესად მოგაგო შენ". მოძღვარმა უნდა იღვაწოს, რათა ადამიანში ქრისტე გამოსახოს და ქრისტეს გადასცეს იგი. მაგრამ ვაი ისეთ მოძღვარს, რომელიც ადამიანში ქრისტეს კი არ სახავს, არამედ აჰყვება მის ამაო განზრახვებში და უკეთური ცხოვრებისთვის არ ამხელს. ზიარებაზეც ისე უშვებს, რომ არ მოჰკითხავს, სინდისი წრფელი აქვს თუ არა. იგი არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი სიკვდილისთვისაც იმეტებს მრევლს. მოძღვრობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. როდესაც იგი თავის სულიერ შვილებთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე და უფალი თითოეულ მათგანს განიკითხავს, შემდეგ მიუბრუნდება მოძღვარს და ეტყვის: რას აკეთებდი მაშინ, როცა ესა თუ ის სულიერი შვილი არასწორად ცხოვრობდა, ცოდვას ეძლეოდა? რატომ არ ამხელდი? მერე უკვე გვიანი იქნება. კი ბატონო, ჩვენს ტაძარში არ ვუშვებთ არაქრისტიანულად შემოსილს, მაგრამ წავა იქ, სადაც ადვილად შეუშვებენ, არ ამხელენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მხილება სიყვარულით უნდა მოხდეს. და მოძღვრებმა ეს პასუხისმგებლობა უნდა გავაცნობიეროთ. მარტო საკუთარ ოჯახზე კი არ უნდა ზრუნავდეს მოძღვარი, არამედ ღვიძლი შვილის ტკივილივით უნდა გაითავისოს მრევლის სატკივარი.
- ზოგიერთი მოძღვრისგან გამიგონია, რომ ჯერ ადამიანი ღვთის სიტყვით უნდა შემოსო და მერე თავად მიხვდება, თუ როგორი სამოსით უნდა შეიმოსოსო...
- თუ მოძღვარმა არ შემოსა ადამიანი ღვთის სიტყვით, არ დაარიგა, არ ამხილა, ვინ გააკეთებს სხვა? რაკიღა მოძღვარმა არ დამიშალა, ე.ი. ბრალი არ მიმიძღვისო, - იფიქრებს მავანი და სინდისს დაიმშვიდებს. ქართველი ქალი დღეს იქამდეც კი მივიდა, რომ, უკაცრავად, წელიც გამოაჩინა. ეს აზიური სენია. ასეთი საქციელი მიღებულია ჰარამხანაში, სადაც უსჯულო ცხოვრების წესს ეწევიან.
- ზოგიერთისგან გაიგონებთ - ტანსაცმლით არ ფასდება ადამიანის ზნეობრიობა და ასეთი ჩაცმულობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მრუშობასო. ამ არგუმენტს იმ მოსაზრებითაც ამყარებენ, რომ მოკრძალებული სამოსის მიღმაც შესაძლოა იმალებოდეს ბიწიერება და ამორალურობა...
- ურცხვი ჩაცმულობა მრუშობის ცოდვისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია, რასაც შეიძლება მეორე ნაბიჯიც მოჰყვეს. ცოდვას ყოველთვის აქვს ჯაჭვური რეაქცია და პატარა და დიდი ცოდვა არ არსებობს. ორივე დამანგრევლად მოქმედებს ადამიანის სულზე. უცოდველი, რა თქმა უნდა, არავინაა, შეიძლება წესიერად ჩაცმულსაც ჰქონდეს ცოდვები, მაგრამ ეს ჩვენი განსასჯელი არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა არის სხვისთვის მაცდუნებელი. ისე კი ყველას თავისი გული აქვს გამოსასწორებელი და ღვთის მადლით ხდება გულის განწმენდა.
- მაცდუნებელი მძიმე ცოდვას იღებს თავის თავზე, მაგრამ წმინდა მამები არიან მაგალითები იმისა, თუ როგორ შეიძლება ცდუნების მოგერიება და განქარვება...
- ალექსანდრიაში ერთი ბერი ცხოვრობდა. ვიდრე ბერად აღიკვეცებოდა, მას ქალაქში ერთ ქალთან შეხვედრა მოუწია. ეს ქალი ისე მაცდურად იყო ჩაცმული, რომ ბერს საშინელი მრუშობის ბრძოლა დაეწყო. ეშმაკი წლების მანძილზე არ ანებებდა თავს. ერთხელაც ბერმა ამ ქალის გარდაცვალების ამბავი შეიტყო. იმ ღამეს მან მონაზვნის მოსასხამი წაიღო და საფლავის ამოსათხრელად წავიდა. გახრწნილი სხეულის ნაშთები მოსასხამში გაახვია და თავის კელიაში წამოიღო. როცა ბოროტი სული ბრძოლას დაუწყებდა და მრუშობის ცოდვისკენ უბიძგებდა, ბერი მოსახსამს გახსნიდა და გახრწნილი სხეულის სიმყრალეს დაყნოსავდა. მაშინ ხვდებოდა, რომ ყველაფერი ამაო და წარმავალია, მოეგებოდა გონს და ამბობდა: მეც ამ დღეში აღმოვჩნდები, მეც ეს მელისო. იოანე კიბისაღმწერელი წერს: როცა შეხედავ ადამიანს და მის ცდუნებაში მოყვები, დაიწყე ფიქრი, მადლობა ღმერთს, ასეთი ლამაზი ადამიანი გააჩინა ამ წუთისოფელშიო. მეორე საშუალებაც არსებობს ხორციელი ხიბლის დაძლევისა: წარმოიდგინე, რომ ეს მომხიბლავი ადამიანი კუბოში წევს. განა შეიძლება მიცვალებულის მიმართ ვნება გაგიჩნდეს? ასე რომ, როდესაც სხვა გთავაზობს ცდუნებას, არ უნდა მიიღო, მაგრამ ის სხვაც უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ თავისი ცხოვრების წესით ადამიანები ცოდვაში არ ჩააგდოს და მათი სულები არ დააზიანოს.
- ოჯახის შექმნის დროს ხშირად ხორციელ სილამაზეს ენიჭება უპირატესობა.
- ადამიანი, უწინარეს, სულით ლამაზი უნდა იყოს. როცა სული იწმინდება, ეს მადლი გარეგნულადაც ვლინდება და ადამიანი ფიზიკურადაც ლამაზდება. ხომ გვახსოვს ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი: "სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების... თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს". ერთი ღვთისმეტყველი სულისა და სხეულის დამოკიდებულებას მუსიკოსსა და ინსტრუმენტს ადარებს. თუ ერთ-ერთი დაზიანებულია, მაშინ მუსიკა ვეღარ იქნება მშვენიერი და ჰარმონიული. სულიწმინდის მადლი განამშვენებს და განაბრწყინებს სხეულს. მაგრამ ჩვენი უბედურება ის არის, რომ მხოლოდ ხორციელი თვალებით ვიყურებით და იმის იქით რა არის, ვეღარ ვხედავთ. ამიტომაა, რომ დღეს უამრავი ოჯახი ინგრევა - ვნებებზე დაფუძნებული ოჯახი არამყარია. როცა ვნება ქრება, პრობლემები იწევს წინ, რისთვისაც ადამიანები მზად არ არიან.
საბერძნეთს გარს აკრავს ეგეოსის ზღვა, სადაც ერთი ნახევარკუნძული და ორი კუნძულია. პირველზე ათონის მთაა, მეორე - კუნძული კასანდრა, სადაც ადამიანები შიშვლები დადიან - სამოთხეშიც ასე იყოო, მესამეზე კი - მკაცრი რეჟიმის ციხეა. სულიერ ცხოვრებაშიც ასეა. ადამიანს წინ უდევს არჩევანი: იცხოვროს ვნებიანი ცხოვრებით, ავაზაკური ცხოვრებით ან სულიერი ცხოვრებით. ეს სამი ადგილი ჩვენს სულიერ მდგომარეობას განასახიერებს. უფალი ყოველთვის ჭეშმარიტი გზისკენ მოგვიწოდებს, რომელ გზას ავირჩევთ, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.
სახარებაში არის ადგილი: უფალი ლეღვის ხესთან მივა და უნაყოფობის გამო დასწყევლის. ხე გახმება. როდესაც ადამი და ევა ცოდვით დაეცნენ, მათ თვალი აღეხილათ და იხილეს, რომ შიშვლები იყვნენ. მოწყვიტეს ლეღვის ფოთოლი და დაიფარეს. უფალმა ისინი იმიტომ განდევნა სამოთხიდან, რომ ნაყოფი აღარ ჰქონდათ, ისევე როგორც ლეღვის ხეს. უგუნურია ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ადამი და ევა შიშვლები ცხოვრობდნენ სამოთხეში. ეს მათი უზნეო ცხოვრების გამართლების მცდელობაა. არიან ადამიანები, რომლებიც კი არ ნანობენ ჩადენილ ცოდვებს, არამედ, პირიქით, გამართლებას უძებნიან. არსებობს რაღაც მოძღვრებები, რომლის თანახმადაც ადამიანს არ სჭირდება ტანსაცმელი. ის ისე უნდა ცხოვრობდეს, როგორც იშვა. ეს ადამიანის დაცემული მდგომარეობის უკიდურესი პათოლოგიური გამოვლინებაა.
- "ვეფხისტყაოსნის" ერთ-ერთი პერსონაჟის (ფატმანის) დახასიათებისას ყურადღება მიქცეულია იმ ფაქტზეც, რომ მას "დია ედვა სასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელი". ეს თვისება ამ ქალის ბუნებას კარგად წარმოაჩენს. ითვლება თუ არა ზნეობრივ ლაფსუსად სხეულის ზედმეტი მორთვა-მოკაზმვა, გადაჭარბებული ზრუნვა ტანსაცმლის შესაძენად?
- ესეც ერთგვარი ცოდვაა და ამის გამოსასწორებლადაც მართებს ადამიანს ზრუნვა. სჯულის კანონში მოძღვარს აქვს მითითება, რომ ზიარებაზე არ დაუშვას პომადიანი და თვალებმოსურმული ქალი. კანონში წერია: ჯერ პირი დაბანე დედაკაცს და შემდეგ მიიყვანე საზიარებლადო. დავსვათ კითხვა: რისთვის უნდა ადამიანს ფერ-უმარილი? ამაშიც ხომ ერთგვარი ვნებაა ჩადებული. უფალმა როგორიც შეგქმნა, ისეთი უნდა იყო. თავის მორთვასაც, სამკაულის ტარებასაც ზომიერების ალღო, კულტურა სჭირდება, რომელიც ქართველ მანდილოსნებს ყოველთვის ჰქონდათ.
გარდა ამისა, ჩაცმისა და სხეულის მორთვის მანია ემსახურება ყურადღების მიპყრობას. ადამიანმა იმაზე კი არ უნდა იფიქროს, როგორ შეაფასებს საზოგადოება, არამედ უფლის წინაშე აყენებდეს თავს და ცდილობდეს, მის სათნოდ იცხოვროს.
ადრე სკოლაში ფორმები ეცვათ ბავშვებს, ახლა კი ამას ვინღა ჩივის. ცოტა ხნის წინ სქესობრივი აღზრდის სწავლებასაც აპირებდნენ. ეს არცაა გასაკვირი მაშინ, როცა წმინდანთა ცხოვრებებს მკვდარ ტექსტებს უწოდებენ. დღეს რომ ქუჩაში გააჩეროთ მორთულ-მოკაზმული ადამიანები და შეეკითხოთ, რა ღვაწლი გასწია წმინდა ქეთევან დედოფალმა ღვთის და ერის წინაშე, შესაძლოა, ვერ გიპასუხოთ. ზოგმა ისიც კი არ იცის, ვინ არის მაცხოვარი და რა გააკეთა თითოეული ჩვენგანისთვის. სამაგიეროდ, კარგად იცის ნებისმიერი ჰოლივუდელი კინოვარსკვლავის ცხოვრების წვრილმანები. ეს არის დაცემის დასაწყისი. ვფიქრობ, დღეს თუ არ შემოვკარით განგაშის ზარებს, ხვალ გვიან იქნება.
- ზიარებისწინა ლოცვებში ვკითხულობთ: "სამოსელი ჩემი მამხილებს მე, რამეთუ არა არს საქორწინე..." როგორ უნდა გავიგოთ ეს სიტყვები?
- ეს ნიშნავს, რომ ადამიანის სულიერი სამოსელი, ზნეობრივი ცხოვრება შებღალულია. ახალნათელღებულთ აცმევენ სპეტაკ შესამოსელს, რომელსაც ჩვენი შემდგომი ცხოვრებით, ცოდვებით ვსვრით და ის უკვე აღარ არის საქორწინო. ქორწილი ცათა სასუფეველში ყოფნაა (სიძესთან - უფალთან ყოფნაა). უნდა ვეცადოთ, რომ სამოსელი, რომელიც ნათლისღებისას გვებოძა, ხშირი აღსარებებით განვასპეტაკოთ და უფალთან მივიტანოთ უმწიკვლოდ და შეუბღალავად.
- საუბრის დასასრულს რას გვეტყოდით?
- უნდა გვახსოვდეს, რომ ამქვეყნად ყოველივე წარმავალია. როგორც "ყვავილი ველისა", ისე დაჭკნება ადამიანის მშვენიერება. ყველანი საფლავებს დავიმკვიდრებთ საბოლოოდ. სიკვდილის ჟამს დადუმდება ბაგე, რომელიც მზად იყო ადამიანისთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად, გაჩერდება ხელები, რომლებიც მზად იყვნენ სხვათა სავნოდ და საზიანოდ, სხეულის ყველა ნაწილი უქმი იქნება. ამაზე დაფიქრება გვმართებს და უნდა ვეცადოთ, სულის მშვენიერებას მივაქციოთ ყურადღება, რადგან მხოლოდ სული მიჰყვება ადამიანს მარადისობაში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!