წმინდა ნიკოლოზ სერბი წერს: "ზოგჯერ ადამიანები ამახინჯებენ თავიანთ დამოკიდებულებას ღმერთთან, რადგან ვერ ხედავენ მასში ერთადერთ რეალობასა და ფასეულობას;
ამის შედეგად ისინი ყოველგვარ ადამიანურ ურთიერთობაში ცრუნი ხდებიან. მაშინ ფასეულობად ითვლება წარმოდგენა და გამონაგონი, ცხოვრება კი აჩრდილთა მოძრაობას ემსგავსება, როდესაც მზე ღრუბლებს მოეფარება.
ცრუ თეორიები ღმერთზე დაუყოვნებლივ გაიყოლებენ თან ცრუ სამეცნიერო, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თეორიებს. ერთი სიცრუე მეორეს ბადებს, პირველი ერწყმის მეორეს, მეორე კი საშველად მესამეს უხმობს.
მაშინ მოხერხებულობა სათნოებაზე მეტად ფასდება, რაოდენობა ხარისხს აღემატება.
და მაშინ ადამიანები ხვდებიან, რომ ისინი იძირებიან სიცრუეში და ყვირიან: ყველგან სიცრუეა! მაგრამ ჭეშმარიტებას არავინ უბრუნდება, ისევე, როგორც ნაპირს დაშორებული მოცურავეები კარგავენ ძალას, ერთმანეთს ებღაუჭებიან და იძირებიან, რადგან დაბნეულობასა და შიშში ავიწყდებათ, საით დარჩა ნაპირი და ვისთან უნდა ეძიონ შველა.
ასეთ დროს სამყაროს დაღუპვისაგან იხსნის ათიოდე მართალი - ღვთის ადამიანები, რომელთა არყოფნამაც სოდომი და გომორი დაღუპა".
რატომ არ ვცდილობთ, მოვიპოვოთ ჭეშმარიტი ბედნიერება, რატომ გავურბივართ რეალობას და თავს ვიტყუებთ ილუზიებით, რატომ ხდება ღირებულებათა ჩანაცვლება? ღვთის მიერ დადგენილ კანონებს რატომ ვამჯობინებთ ჩვენს მიერ გამოგონილს? რატომ იცლებიან ცნებები ნამდვილი შინაარსისგან? - ეს კითხვები განსაკუთრებით მკაცრად დაისმის დღეს. მათზე პასუხის გაცემა ვთხოვეთ სოფელ დიღმის წმინდა გიორგის ტაძრის მოძღვარს, მღვდელ შიო მენაბდეს.
- მამა შიო, რაში მდგომარეობს ადამიანის ცხოვრების ჭეშმარიტი მიზანი?
- სახარებაში წერია: "სცან ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლოს შენ". მხოლოდ ჭეშმარიტება ათავისუფლებს ადამიანს. მაგრამ საიდან უნდა იცოდეს ადამიანმა ჭეშმარიტება, თუ არა მისგან, ვინც არის თვით ადამიანისა და მთელი სამყაროს შემოქმედი? ვინც შექმნა ადამიანის სხეული, სამშვინველი და სული; ვინც გონებასა და გულს სულიერი ჭვრეტის უნარი მიანიჭა, ხოლო სამშვინველსა და ხორცს - მგრძნობელობა, თვალს - მხედველობა, ფერთა აღქმა, ყურს - ყველა ბგერის სმენა, საყნოსელს - ყოველივე სურნელის შეგრძნება, პირს - მეტყველების უნარი, კეთილხმოვანება და გემოს შეგრძნება; კიდურებს - მოძრაობის, ხელებს - შრომის, ფეხებს - სიარულის უნარი; ვინც კოსმოსი, მთელი სამყარო სიბრძნით განაწყო და აამოძრავა, მისგან უნდა გავიგოთ და შევიმეცნოთ, რა არის მისი ქმნილებისთვის სასარგებლო და საზიანო, რა არის სიკეთის მომტანი და რა - ბოროტებისა; ცეცხლი რომ წვავს და წყალი ახრჩობს, ამას მშობლისგან სწავლობს შვილი. ეს კანონზომიერი და ბუნებრივი მოვლენაა, რისი უარყოფაც შეუძლებელია. ცხოვრების მიზანი ჭეშმარიტებაში და სიბრძნესთან ზიარებაშია. თუ სიბრძნის სწავლა, კეთილისა და ბოროტის ერთმანეთისგან გარჩევა გინდა, ვის უნდა შეეკითხო, თუ არა მას, ვინც გასწავლის მის გარჩევას? მხოლოდ ღმერთშია დაუნჯებული ის სიბრძნე, რომელიც საგანთა და მოვლენათა ჭეშმარიტ შეფასებას გასწავლის. ადამიანმა უნდა ისწავლოს პირველხარისხოვანისა და მეორეხარისხოვანის ერთმანეთისგან გამორჩევა და მათგან უმთავრესზე ზრუნვა. პირველხარისხოვანია ყოველივე სიკეთის საფუძველი: მღვიძარე გონება, სიწმინდე გულისსიტყვისა, გულის სიფრთხილე, კეთილისმოყვარეობა, სულის სიწრფელე, ხორცის უბიწოება, გონების სიწმინდე.
- ადამიანებს უჭირთ ბოროტებისა და სიკეთის გარჩევა. არცთუ იშვიათად სიცრუე და ბოროტება სიმართლისა და სიკეთის მანტიით იმოსება. დაუფასებელია ნამდვილი კეთილშობილება და პატიოსნება...
- დღეს გამოჩნდნენ "ბრძენნი", მასწავლებლები, რომლებიც ცდილობენ მრავალსაუკუნოვანი კეთილი ფასეულობების თანამედროვე, ბოროტი ფასეულობებით ჩანაცვლებას. ისინი მაღალფარდოვანი სიტყვებით ცდილობენ საზოგადოების ჰიპნოზირებას. ყველაზე დიდი სიბრძნეა, ადამიანს მარტივად და უბრალოდ გააგებინო, რა არის მისთვის სიკეთე და რა არის ბოროტება. ასე მიიყვანო ჭეშმარიტი ფასეულობების შემეცნებამდე და ცხოვრებაში რეალურად დაანახო ამ ცნებების უცვლელობა. ესენი კი ცდილობენ, სიმართლე და სიკეთე ადამიანებს მოხერხებულად დაუმალონ, რათა მათ ვერ გაიგონ, თუ სად არის ჭეშმარიტება. საზოგადოება ეჩვევა ტელესერიალებით მოწოდებული თანამედროვე ცივილიზაციის მონაპოვრისა და ფასეულობების უკრიტიკოდ მიღებას. ისინი კი ცდილობენ საყოველთაოდ აღიარებული ზნეობრივ-ესთეტიკური ღონისძიებების შეცვლას. მაგალითად, თავს ესხმიან ისეთ ღირებულებას, რომელსაც "ერთობა" ჰქვია. ყველამ კარგად იცის, რომ ერთობა არის პიროვნებების, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს სიძლიერისა და შეურყვნელობის გარანტი. ეს არის სიკეთე და არა ბოროტება. ეკლესიისთვის ეს ერთ-ერთი მთავარი საყრდენი სვეტია. წყალწაღებული მყარ ქვას კი არ ეჭიდება, არამედ ხავსს. ასეთია დღევანდელი სამყაროს "ბრძენთა სიბრძნე". დღევანდელი მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდებს იმისკენ, რომ რაც მყარია, გამოცდილია და სასარგებლოა მისთვის, უგულებელყოს და არამყარს ჩაებღაუჭოს. ბილბორდებზე შეხვდებით ასეთ ლოზუნგებს: "ისარგებლეთ მსოფლიოს გამაერთიანებელი სიგარეტის სურნელით". აი, ეს არის დღევანდელი მსოფლიოს მიზანი. "მსოფლიოს გამაერთიანებელი" შხამის სურნელი ნიშანდობლივი ლოზუნგია. იგი კარგად ახასიათებს დღევანდელ დეგრადირებულ მსოფლიო საზოგადოებას.
ან ავიღოთ "თავისუფლების" ცნება. ადამიანებს ჰგონიათ, რელიგიური შეზღუდვებიდან გათავისუფლებით თავისუფლებას მოიპოვებენ. გაიგონებთ: მე ფანატიკოსი არა ვარ, ეკლესიაშიც დავდივარ, სანთელს ვანთებ და ჩემებურად მწამს ღმერთიო". ასეთ ადამიანს ჰგონია, რომ თავისუფალია მაშინ, როცა გააკეთებს იმას, რასაც მოისურვებს, რასაც მოსთხოვს გული და ვნება. ტელევიზიაშიც ხომ ქადაგებენ: "მიენდეთ თქვენს გემოვნებას - ვნებას", "დაიკმაყოფილეთ წყურვილი" და სხვა. ვნენებისადმი დამონებას ქრისტიანი ღვთისგან ბოძებული თავისუფლების დაკარგვად აღიქვამს. რა დავარქვათ ამას - ადამიანის პროგრესი თუ რეგრესი, სიკეთე თუ ბოროტება?
- ეკლესია ღვთის მიერ დადგენილ კანონებს ეფუძნება, სახელმწიფო კი ცდილობს, დაიცვას კონსტიტუცია. რა განსხვავებაა ამ კანონებს შორის და რა როლი ეკისრება ეკლესიას სახელმწიფო მოწყობის საქმეში?
- არსებობს გამონათქვამი: "ეკლესია არის სახელმწიფო სახელმწიფოში" და ამ ფონზე განვიხილოთ, თუ რა განსხვავებაა ამ ორ სახელმწიფოს შორის. ორივეს აქვს მოწყობის პრინციპი და საფუძველი, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ. ეკლესიასაც აქვს კონსტიტუცია და სახელმწიფოსაც. მათ შორის არსებითი განსხვავება პირველის უცვლელობაში და მეორის ცვალებადობაშია. ეკლესიის კანონები მოცემულია უზენაესი და უსრულყოფილესი არსების, კაცობრიობის შემოქმედის მიერ. კონსტიტუცია არის იმის გარანტი, რომ მისდამი ნებით დაქვემდებარებული საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენელი ამ მიწიერ ცხოვრებაში იცხოვრებს შესაძლო მაქსიმუმით, ანუ სრულყოფილებით. სახელმწიფოს კონსტიტუციის ცვალებადობის პრინციპი გულისხმობს მის ექსპერიმენტულობას სრულყოფილების ძიებაში. ისტორია ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს სათავეში მოსული ადამიანი (არჩევით იქნება თუ ძალადობით, ცბიერებით) ცდილობს კონსტიტუციის შეცვლას თავისი შეხედულებით. მაგრამ ადამიანი არ არის სრულყოფილი არსება. უფალი კი სრულყოფილია და მისდამი მორჩილება არის ბედნიერი ცხოვრების საფუძველი.
ეკლესია პოლიტიკაში არ ერევა. ყველას, ვინც სახელმწიფოს სათავეში მოვა (წარმართი იქნება თუ ათეისტი) ეკლესია ამბიონიდან მოუწოდებს ღვთისგან მოცემული მცნებების აღსრულებისაკენ. ეკლესიის უპირველესი მოვალეობაა - ადამიანებს უთხრას სიმართლე მიწიერი და ზეციური ცხოვრების შესახებ. თუ რომელიმე ხელისუფალი მოინდომებს სულიერ ცხოვრებას და სახელმწიფოს სულიერი პრინციპებით მართავს, ეკლესია, რა თქმა უნდა, გვერდით უდგას და ხმარდება მას. ხოლო თუ ხელისუფალი ღვთის საპირისპირო პრინციპებით შეუდგება ქვეყნის მართვას და ყოველივე ეროვნულსა და ზნეობრივს უარყოფს, მაშინ ეკლესია ამ საქმეში, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არ თანაუგრძნობს, ტკივილით ლოცულობს ღვთის წინაშე, რათა ღმერთმა მიანიჭოს ხელისუფალთ გონიერება, სიბრძნე და მოაქციოს სიკეთისაკენ.
- დღევანდელი ახალგაზრდობის პრობლემებზე რას იტყვით?
- დღეს ხშირად ლაპარაკობენ საქართველოს მომავალზე, ამა თუ იმ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაზე. აყალიბებენ ახალ-ახალ პროგრამებსა და თეორიებს. მაგრამ მთავარია, რომ დღეს ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი კატასტროფის წინაშე დგას: ჩვენს სამშობლოში აყვავებას იწყებს კაზინოები, მეძავთა სახლები, ნარკობიზნესი, ჰომოსექსუალიზმი, მკვლელობა. ნგრევა ემუქრება ჩვენს ძირძველ ტრადიციებს, ოჯახებს, ნათესაურ კავშირებს, მეგობრობას, ნათელმირონობას. გადაგვარება ემუქრება ყოველივე იმას, რაც კეთილის მომტანია საზოგადოებისთვის. მავანი იტყვის, ჩვენ იმიტომ ვიბრძვით ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რომ მეტი საშუალება იყოს ამ ბოროტების აღმოსაფხვრელადო. მაგრამ ნუთუ საქმე მხოლოდ სიღარიბესა და სოციალური პირობების გაუმჯობესებაშია? გადავხედოთ განვითარებულ ქვეყნებს, დღე არ გავა, რომ არ გავიგოთ მსოფლიოში ცნობილი რომელიმე სპორტსმენის მიერ ნარკოტიკების მოხმარების ან დანაშაულებრივი ქმედების შესახებ. იქ, სადაც თითქოს საზოგადოების უმეტესი ნაწილი უზრუნველყოფილია, უმუშევრები და უსახლკაროებიც კი ჩვენს მომუშავეებზე უკეთ ცხოვრობენ, განა ნარკომანია, პროსტიტუცია, სხვადასხვა დანაშაულებები შემცირებულია? პირიქით.
საგანგებოდ მინდა შევეხო ღვთის გამამწარებელ უბილწეს ცოდვას, რომლის შესახებ ჯერ კიდევ რუის-ურბნისის ძეგლისწერაშია აღნიშნული. ეს არის სოდომელთა ცოდვა (ჰომოსექსუალიზმი), რომელმაც უსასტიკესი სასჯელი დაატეხა სოდომ-გომორს. თუ გონს არ მოვეგეთ, არ შევინანეთ და დავრჩით ამ უკეთურებაში, ჩვენც არ აგვცდება გავარვარებული გოგირდის დამწველი ცეცხლი და მაშინ "ვაი მათ, ვისაც მიეცა არწივის ფრთები და თვალი, სიმაღლიდან ყოველის სახილველად, და ფრთებს დაუშვებს, თვალებს დახუჭავს და სიბრძნით არ გამოიყენებს ღვთისგან ბოძებული მართლმსაჯულების კვერთხს მათ მიმართ და ამით ხელს შეუწყობს ეკლესიისა და ერის გახრწნას". ვერ გვიშველის ღვთისმშობლის წილხვედრობა, ვერც წმინდანთა დასის სიმრავლე. "მაშინ სასჯელი სოდომელთა უმოლხინეს იქნება ჩვენსაზე, რადგან ყველაზე მეტად ეს ცოდვა ამწარებს უფალს".
- დაბოლოს, როგორი ღირებულებებითა და ორიენტირებით ცხოვრება იძლევა ჭეშმარიტი ბედნიერების მოპოვების საფუძველს?
- საგნებსა და მოვლენებს უნდა დავარქვათ ნამდვილი სახელები. სიკეთე და ბოროტება უნდა გამოვიყენოთ ორიენტირებად, რადგან ისინი განსაზღვრავენ ადამიანის ბედნიერებას ან უბედურებას. წარსულსა და აწმყოში ღრმად ჩავიხედოთ და დავაკვირდეთ, როდის და რა შემთხვევაში იყო ადამიანი ბედნიერი თუ უბედური. ლოგიკით უნდა მივხვდეთ და ეს მიხვედრილობა და დანახული სიბრძნე გამოვიყენოთ ცხოვრებაში, თუ გვინდა ვიყოთ ბედნიერნი.
ყველა დროის ყველა საზოგადოებაში იყო, არის და იქნება რწმენა. განსხვავება მხოლოდ მის სხვადასხვაგვარობაშია. ზოგს კერპების სწამს, ზოგს ადამიანების ან საკუთარი თავის. თეისტიც და ათეისტიც რწმენით ცხოვრობს. თეისტს ღმერთი სწამს, ათეისტს კი ის სწამს, რომ ღმერთი არ არის. მაგრამ მთავარია, ღვთის არსებობის ან არარსებობის რწმენა ადამიანისთვის სიკეთის მომტანია თუ ბოროტებისა. ამაზე დაკვირვება ისტორიაში მომხდარი ფაქტებითაა შესაძლებელი. ბიბლიაშიც უამრავი მაგალითი არსებობს. თუ ყურადღებით განვიხილავთ იმას, როგორ იქცეოდა ღვთის მორწმუნე ადამიანი ომის, მშვიდობის, შიმშილის, ბუნებრივი სტიქიების, სიმდიდრის, წაგებისა თუ მოგების დროს, როგორ გრძნობდა თავს და შემდეგ როგორ ხვდებოდა ამ ყველაფერს ურწმუნო, აქედან გამომდინარე, შეგვიძლია განვსაზღვროთ, ღვთის კანონებით ცხოვრება სჯობს თუ უღმერთოდ.
სახარება გვეუბნება, "ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და ესე ყოველი შეგეძინოთ თქვენ". ჭეშმარიტი ბედნიერების საფუძველი არის იმ სათნოებების ძებნა, რაც გამოთქმულია ცხრა ნეტარებაში. ბედნიერება არ არის ცვალებადი, წარმავალი, სხეულებრივი კატეგორია. მისი არსი მდგომარეობს უცვლელობაში, მარადიულობასა და სულიერებაში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი