როგორც იოანეს "გამოცხადება" გვაუწყებს, სულიწმინდის შვიდი ნიჭი არსებობს: "და შვიდნი ლამპარნი ცეცხლისანი იწვებოდეს საყდარსა მისსა, რომელნი არიან შვიდნი იგი სული ღმრთისანი".
ერთ-ერთი და პირველი ნიჭი სულიწმინდისა არის ზეგარდმო გარდამოსული სიბრძნე - სიბრძნე ღვთისა. არსებობს ხორციელი - ადამიანური სიბრძნეც, ნაყოფი ადამიანური აზროვნებისა, რომლის შეძენაც მხოლოდ ამქვეყნიური ცოდნით აღგვჭურვავს...
გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა გიორგი სხირტლაძე.
- სიბრძნე არის ნიჭი ღვთისა, რომელიც წარმოიშობა ნათლსიღების, ემბაზში შთაფვლის შემდეგ, სულიწმინდის მადლის ზემოქმედებით. ვიცით, რომ სულიწმინდის შვიდ ნიჭს შორის ერთ-ერთი სწორედ სიბრძნეა, რომელიც ადამიანს ღმერთს აჩვენებს და აძლევს საშუალებას, ამა სოფლის ტრაგიკულ სინამდვილეში ეძებოს სასუფეველი ცათა; მისცეს ბრძნული გარჩევის უნარი, რომლის მეშვეობითაც შეძლებს, სწორი ორიენტაციით მიჰყვეს ღვთის მცნებებს და დაემორჩილოს მათ.
სიბრძნე ღვთის შესახებ, სიბრძნე საკუთარი თავის შემეცნების შესახებ, სიბრძნე მოყვასის შესახებ საშუალებას გვაძლევს, ჯანსაღად ვიაროთ ცათა სასუფევლისკენ მიმავალ ვიწრო და ეკლიან გზაზე. სწორედ ეს არის სიბრძნე ღვთისა. თუკი ადამიანი არ დგას ცხონების გზაზე, თავისთავად იგულისხმება, რომ ღვთის სიბრძნე, სულიწმინდის მიერ მიცემული სიბრძნე არ გააჩნია.
ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი არსებაა. მას მიცემული აქვს არა მარტო უკვდავი სული, არამედ აზროვნების, მეტყველების, სინდისის, შემოქმედების, წონასწორობის დაცვისა და სხვა მრავალ უნართან ერთად - უნარი უზარმაზარი სიბრძნის დატევნისა, მაგრამ ცოდვაში მყოფი და მოუნათლავი კაცი ღვთის სიბრძნეს სრულფასოვნად ვერ იტევს, რადგან შემეცნების, გულისა და გონების გრძნობები, აზროვნების უნარები გამრუდებული აქვს. მართლმადიდებლური ნათლისღების შემდეგ სული დიდ ტრანსფორმაციას, მეტამორფოზას განიცდის, რომელსაც სულიწმინდის მადლი აძლევს. ეს მადლი სრულიად გარდაქმნის ადამიანს და როგორც ნიჭს, უბრუნებს იმ ხატებას, რომელიც მან პირველი ცოდვით დაცემის შემდეგ დაკარგა. მაგრამ უბრუნდება არა იმ ხარისხით, ადამს პირველი ცოდვით დაცემამდე რომ ჰქონდა, არამედ უფრო აღმატებულით - გახსნილი სიბრძნე ეძლევა, რომლითაც დაუსრულებლად ივსება, ადამიანი ხომ მუდმივად შემეცნების პროცესში იმყოფება, მას ეძლევა საშუალება, სიბრძნე მუდმივად გაიღრმავოს და გაიმდიდროს. ეს არის სულიწმინდის მადლის მოქმედება. ახალი აღთქმის ეკლესიის წიაღში ნათელღებულ ადამიანს ეძლევა ის სიმამაცე, ის გულოვანება, ის სიმტკიცე სარწმუნოებისა, რომელიც სინამდვილეში სიბრძნის გამოხატულება და ქმედებაა. თვითონ სიბრძნე ღვთისა არის მაცხოვარი, განკაცებული უფალი იესო ქრისტე - უხილავი სიბრძნე განკაცნა და მაცხოვრის სახით მოვიდა.
- ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ღვთის სიბრძნის შეძენა, ამ სიბრძნეში განმტკიცება მაცხოვრის მიბაძვითა და მის მიერ მოცემულ სწავლა-მოძღვრებათა შესისხლხორცებით უნდა ვეცადოთ...
- ცხადია, პირველ ყოვლისა, უნდა ვისწრაფოთ, ყველაფერში მივემსგავსოთ განკაცებულ უფალს, რათა მისი მადლით შევიცნოთ ის სიბრძნე, რომელსაც ღმერთი გვავალებს. ღმერთი ხატებას იმისთვის გვაძლევს, რომ მსგავსებას მივაღწიოთ, ანუ მსგავსება დავალებაა, რომელიც უნდა შევასრულოთ ჩვენში ღვთის სიბრძნის განვითარებით. ცხადია, განკაცებულ უფალს უპირველესად სიბრძნის მოპოვებაში უნდა მივემსგავსოთ და სახარებისეული მცნებების შესისხლხორცებას შევეცადოთ.
ღვთის მოწოდება - ეძიებდეთ სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, - გვავალებს, მუდამ გვახსოვდეს, რომ ჩვენი ჯვარი უფლის მიბაძვა, უფლის სიბრძნის შეთვისებაა...
- ...რათა მისი მეშვეობით მოვიპოვოთ სასუფეველი ცათა.
- უმთავრესი მიზანი ღვთაებრივი სიბრძნის შეძენისა სასუფევლის დამკვიდრებაა. ეს აცხოვნებს ადამიანს. ყოველგვარ სიბრძნეს კი არ ძალუძს ცხონება, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ღვთაებრივს.
ზღვა ქარიშხლით განიწმინდება, ოქრო და ლითონი - ცეცხლით, ადამიანი კი ღვთაებრივი სიბრძნით. შეუძლებელია, კეთილშობილი და სათნო იყო და ღვთის სიბრძნე არ გიმშვენებდეს სულს. უამისოდ ვერ შევძლებთ განწმენდას.
უამრავი ადამიანი ცდილობს სიბრძნის მიღებას, მაგრამ უმეტესობა ამაო სიბრძნეს იძენს. ბევრი აკადემიკოსი თუ პროფესორი მინახავს, ეკლესიის წიაღს მოშორებულნი, რომლებიც უამრავ ინფორმაციას ფლობენ, ღვთის სიბრძნე კი არ გააჩნიათ, ურწმუნონი და სულიერად მკვდარნი არიან. ასეთი ადამიანი ყოველთვის ცდუნებაშია.
აუცილებელია, სული ღვთაებრივი საზრდელით იკვებებოდეს. გავიხსენოთ, რას ეუბნება უფალი სამარიტელ დედაკაცს: ვინც იმ წყლიდან დალევს, რომელსაც მე მივცემ, აღარასოდეს მოსწყურდებაო. ვინც ღვთაებრივი სიბრძნით მოიკლავს წყურვილს, ცოდნის წყურვილს, და ვინც ამ სიბრძნისგან მიიღებს საზრდელს (აქ ზიარებაც იგულისხმება), მას აღარასოდეს მოშივდება და მოსწყურდება, რადგან ეს სიბრძნე განაღმრთობს ადამიანს და ამომწურავ პასუხს აძლევს ყოფიერების ფუნდამენტურ კითხვებზე, რაც ასე სჭირდება ყველა ადამიანს. ამის გარეშე ვერასოდეს ვპოვებთ მოსვენებასა და შვებას. ამგვარად, სიბრძნე ღვთისა სწორ მსოფლმხედველობას, მართალ მსოფლშეგრძნებას გვაძლევს და მოსვენებასა და შვებას გვანიჭებს.
ცხადია, ღვთის სიბრძნე ყველაზე მეტად წმინდა წერილში - ძველსა და ახალ აღთქმაში მოიპოვება. იგი ღვთაებრივი სიბრძნით არის აღსავსე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უპირატესი ახალი აღთქმაა, მაგრამ ის ნაყოფია ძველი აღთქმისა. სიბრძნე ღვთისა ასევე იპოვება წმინდა გარდამოცემასა და წმინდა მამათა ცხოვრებებში, მათ თხზულებებში, დარიგებებში, უზარმაზარ სულიერ გამოცდილებაში, რომელიც მართლმადიდებელმა ეკლესიამ დააგროვა. მაგრამ სიბრძნეს განხორციელება სჭირდება. ცოდნა არ ჰქვია იმას, რასაც სწორი არჩევანით ხორცი ვერ შეასხი, რაც მხოლოდ გაიგე და ვერ გააკეთე; ეს ინფორმაციაა.
უზარმაზარ სიბრძნეს მოგვცემს საკუთარი თავის, სულიერი მდგომარეობის მუდმივი ყურადღება. განუწყვეტელი სულიერი მღვიძარება გვმართებს, რათა დავამარცხოთ ჩვენი სულიერი მტრები - შინაგანი სტიქიური იმპულსები, რომლებიც ჩვენში ვნებების სახით აღიძვრის. უწყვეტი სულიერი ყურადღებითა და თვითანალიზით, ჭეშმარიტი შინაგანი ლოცვითა თუ სხვა ეკლესიური საშუალებებით, ასევე წმინდა მამათა თხზულებების შესწავლით, დარიგებებით, მათი ცხოვრების გაცნობით შევძლებთ განვწმინდოთ ჩვენი შინაგანი ადამიანი, განვიწმინდოთ გული და გრძნობები, რათა ერთმანეთისგან გავარჩიოთ ადამიანში მოქმედი სამი ნება - ნება ღვთისა, ნება ბოროტისა და ადამიანის დაცემული ნება; გავარკვიოთ, რომელ ნებასთანაა სინერგიაში ჩვენი ნება, რომელს მიჰყვება, რომ შედეგად შევძლოთ, ღვთის სიბრძნეს მივყვეთ.
ღვთის სიბრძნის მოპოვებისთვის ბრძოლა ძალზე რთულია. ამ დროს განუწყვეტლივ გვიხდება ბრძოლა ჩვენს არასრულფასოვნებასთან - ყოველივესთან, რაც გვაცილებს ღმერთს. ამ პროცესში ჩართული ადამიანი მუდმივად ამა სოფლის დინების საწინააღმდეგოდ მიდის. ეს კი იოლი როდია, უდიდეს სულიერ შრომასთან არის დაკავშირებული. და, რაც მთავარია, საჭიროა ბრძოლა საკუთარ თავთან, ჩვენში გარედან თუ შიგნიდან აღძრულ სისუსტეებთან, თვითანალიზი - განჩხრეკა საკუთარი სულიერი მდგომარეობისა.
- "ხოლო ზეგარდმო სიბრძნე პირველად სიწმიდე არს და მშვიდობაი, სახიერებაი და მორჩილებაი, სავსე წყალობითა და ნაყოფითა, საქმეთა კეთილთაითა, განუკითხველ და შეუორგულებელ", - ბრძანებს იაკობ მოციქული. როგორ უნდა გვესმოდეს ეს სიტყვები?
- ღვთაებრივი სიბრძნე, ცხადია, უპირველესად სიწმინდეა, რადგან უფლის სიბრძნე ჰგავს ღვთის შიშს, რომელიც სიყვარულს ბადებს. ღვთის შიში მაცხოვნებელი და წმინდაა. იგი ძნელი მოსაპოვებელია, თუ დაკარგე, მისი მოხვეჭა კიდევ უფრო ძნელი ხდება, თუმცა მაინც შესაძლებელია. ასევეა ღვთის სიბრძნე, რომელიც სიწმინდეა - უფლისმიერი სიბრძნე არ არის მკვდარი ინფორმაცია, რაღაც განყენებული ცოდნა, რომელიც ღმერთს გვაშორებს, არამედ - ცოცხალი სიწმინდე, რომელიც სულზე მოქმედებს როგორც სიმშვიდე, როგორც სახიერება, როგორც მომცემელი მორჩილებისა. ვინც ღვთის სიბრძნე მიიღო, წმინდა ხდება. სიბრძნე წმენდს გულს და ადამიანს მშვიდობასა და სახიერებას (სიკეთეს) ანიჭებს. ასეთი კაცი, შეუძლებელია, მორჩილი არ იყოს. ამიტომაც ამბობს იაკობ მოციქული: სიბრძნე არს "მორჩილებაი, სავსე წყალობითა და ნაყოფითა". ღვთაებრივი სიბრძნის სანაცვლოდ წყალობას ვიღებთ და მოწყალეც ვხდებით, ეს ყველაფერი კი ნაყოფს გამოიღებს - სულიწმინდის შვიდი ნიჭი სულიწმინდის ცხრა ნაყოფს ანიჭებს ადამიანს, ცხრა ნაყოფის გამოღებას ავალებს და საამისოდ ძალასაც აძლევს.
ამდენად, იაკობ მოციქული გვასწავლის, რომ ღვთაებრივი სიბრძნე მაცხოვნებელია. შეუძლებელია, ადამიანმა ის მიიღოს და ვერ მიხვდეს, ვერ იგრძნოს, მადლობა არ აღუვლინოს ღმერთს. შევიყვაროთ სიბრძნე ღვთისა, აღვძრათ ჩვენში წყურვილი უფლის სიბრძნისა, მას ხომ ცხონებისკენ მივყავართ.
- ადამიანური სიბრძნეც ხომ არსებობს?..
- ცხადია, არსებობს ადამიანური საღი აზრი, მაგრამ ის მოკლებულია სრულყოფილებას.
ჯერ კიდევ ქრისტემდე იყვნენ ბრძენი ადამიანები როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში, მაგრამ ისინი ღვთივგამოცხადებულ სიბრძნეს ვერ ფლობდნენ. ქრისტეს გარეშე კი ადამიანი ბნელში დადის. მაგრამ მოვიდა უფალი იესო ქრისტე - თვით განხორციელებული ნათელი, სიბრძნე და ყველაფერი ცხადად გამოჩნდა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი