კურთხევის გარეშე ქმნილი საქმე სათნო და სასარგებლო ვერ იქნება
"თუ ადამიანს ღვთის კურთხევა აქვს, ეს უდიდესი საქმეა, ნამდვილი სიმდიდრეა.
ის, რაც კურთხეულია, დგას და არ ინგრევა, ხოლო რაც კურთხევის გარეშეა, ვერ გადარჩება", - მამა პაისი მთაწმინდელის ეს სიტყვები ცხადად მიანიშნებს კურთხევის უდიდეს ძალასა და მნიშვნელობაზე, რომლის მისაღებადაც განუწყვეტლივ უნდა ისწრაფოდეს ადამიანი.გვესაუბრება რესპუბლიკურ საავადმყოფოში მდებარე წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა დავით შენგელია.
- რას ნიშნავს კურთხევა? როგორ უნდა გვესმოდეს ამ სიტყვის მნიშვნელობა?
- კურთხევა ღვთაებრივი ძალის მატარებელი სიტყვაა. ამ ძალას მადლი ეწოდება. ამგვარად, კურთხევა მადლის მიღებას ნიშნავს. როდესაც ადამიანი ღვთის კურთხევით, ღვთისგან ბოძებული მადლით აღივსება და აღიჭურვება, ცხოვრებას მართებულად წარმართავს, ყველაფერს სწორად აღიქვამს, ისე, როგორც უფლისგანაა ბოძებული და ნებადართული. ამდენად, კურთხევა ღრმა, ცოცხალი შინაარსის მატარებელი სიტყვაა. კურთხევის წყალობით ადამიანი სწორად მოქმედებს, სწორად აზროვნებს და მისი ცხოვრება სწორი მიმართულებით მიედინება. ღვთის კურთხევის ქვეშ მყოფი კაცი შესისხლხორცებულია, შედუღებულია ღვთის მადლთან, მისით არის აღვსებული და მის მოღვაწეობასაც, ღვთისკენ სვლას კეთილი ნაყოფი გამოაქვს.
- მამები ბრძანებენ, ღვთის კურთხევა უფალთან ურღვევ ურთიერთობას მოაქვსო...
- ცხადია. სხვაგვარად ღვთის კურთხევასა და მადლს ვერ მოვიპოვებთ. ადამიანის გონება, გულისყური მუდამ ღვთისკენ უნდა იყოს მიმართული, მიენდოს უფალს, სჯეროდეს მისი, რათა მასში აყვავდეს ყოველივე, რაც სათნოეყოფა უფალს და მის სულს.
სწორი დამოკიდებულება ლოცვისა და შრომისადმი აღზრდის ადამიანს და დააახლოებს უფალთან. თუ კაცი არ ლოცულობს და არ შრომობს, ანუ არ იქმს ღვთის სათნო საქმეებს, უფლის კურთხევისა და მადლისგან ყოველთვის განყენებული იქნება.
- ღვთისგან პირველი კურთხევა პირველმა ადამიანებმა მიიღეს და პირველადაც სწორედ პირველმშობლებმა დაარღვიეს კურთხევა.
- ადამი და ევა ღვთის კურთხევით დამკვიდრდნენ სამოთხის ბაღში. სამყაროს შემოქმედის კურთხევითვე უფლება ჰქონდათ, ებატონათ ყველაფერზე, ეხმიათ სამოთხის ყველა ხის ნაყოფი, გარდა ედემის შუაგულში მდგარი კეთილისა და ბოროტის ცნობადის ხისა, რათა ცოდვით არ დაცემულიყვნენ. სამწუხაროდ, მათ ღვთის პირველი კურთხევა არ შეასრულეს. ამის გამო დაისაჯნენ და განიდევნენ სამოთხის ბაღიდან.
ვიცით, რომ პირველი კურთხევის დარღვევის სანაცვლოდ ცოდვით დაეცა არა მხოლოდ ეს ორი ადამიანი, არამედ მთელი მათი მოდგმა, მთელი კაცობრიობა. ადამში ყველა ადამიანმა შესცოდა და პირველქმნილი ცოდვა ყველა მათგანზე გავრცელდა. მთელი სამყაროს ცოდვებიც სწორედ პირველქმნილ ცოდვაში იყო ჩადებული.
უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანისთვის, საზოგადოებისა თუ მთელი ქვეყნიერებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ღვთის კურთხევის შესრულებას. მისი შეუსრულებლობა კი შესაძლოა დამღუპველიც აღმოჩნდეს, რადგან ასეთ შემთხვევაში ცალკეული ადამიანიც და საზოგადოებაც ეშმაკის გზაზე, გონების აბნევის გზაზე მიდის, ისევე, როგორც აებნათ გონება ბაბილონის გოდოლის მშენებლობისას. აუცილებლად გაცამტვერდება ყოველივე, რაც ღვთისთვის სათნო და საჭირო არ არის.
- რატომ ვთხოვთ ლოცვა-კურთხევას ღვთისმსახურთ?
- მოციქულებიდან მოყოლებული, ეს წესი იერარქიულად გადმოდის მათ მემკვიდრეებზე - ღვთისმსახურებზე. მათ ლოცვა-კურთხევის მადლი უზენაესისგან აქვთ მინიჭებული. მათი მეშვეობით თავად უფლისგან გვეძლევა კურთხევა და მადლი; ღვთისმსახური ამ მადლის გამტარია. აუცილებელია, ამა თუ იმ საქმის შესასრულებლად ღვთისმსახურისგან ლოცვა-კურთხევა ავიღოთ. კურთხევის გარეშე ქმნილი საქმე სათნო და სარგებლის მომტანი ვერ იქნება, დაჭკბნება და კეთილ ნაყოფს ვერ გამოიღებს. კურთხევა - ეს არის მადლის ფრქვევა ზეციდან.
კურთხევის გაცემის უფლება მშობელსაც აქვს. მშობლის ლოცვა-კურთხევა და დაკვალიანება, რა ასაკშიც უნდა იყოს, შვილს სწორ გზაზე აყენებს. ვინც მშობლის ლოცვა-კურთხევითა და მორჩილებით ცხოვრობს, თვითონაც ბედნიერი იქნება და მისი შთამომავლობაც.
- მოძღვრისგან ლოცვა-კურთხევის გამოთხოვისას ხომ ზომიერების დაცვა გვმართებს...
- მოძღვრისგან ისეთ საქმეებსა და საკითხებზე უნდა ვითხოვოთ კურთხევა, რაც ღვთისთვისაც სათნო იქნება და პიროვნებასა თუ საზოგადოებასაც სარგებლობას მოუტანს. ამისთვის საჭიროა განსჯის უნარი, თუმცა მანამდე ადამიანს სულიერმა მოძღვარმა უნდა მიუთითოს და ასწავლოს, როდისაა კურთხევის მიღება საჭირო და როდის - უსარგებლო. ფუჭ და უშინაარსო ან თუნდაც წვრილმან საქმეებზე კურთხევა არ უნდა გამოვითხოვოთ. კურთხევა, უმეტესწილად, მნიშვნელოვანი სულიერი საკითხების გადასაწყვეტად უნდა ვითხოვოთ, მნიშვნელოვანი საოჯახო თუ საზოგადოებრივი საკითხებიც (დაოჯახება, სამსახურებრივი საქმიანობა, ადამიანებთან ურთიერთობა) მოძღვრის ლოცვა-კურთხევით უნდა გადავჭრათ, რათა მოყვასთან სწორი, გააზრებული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდეს.
- თავის მხრივ, მოძღვარიც ხომ აძლევს სულიერ შვილს კურთხევას ამა თუ იმ საქმის აღსასრულებლად?
- თუ მოძღვარს გულმა უკარნახა, რომ ადამიანი კურთხევის გზით დააკვალიანოს და დალოცოს რაიმე საქმეზე, რომელიც, ცხადია, ქრისტიანულ სწავლებასა და მორალზე უნდა იყოს დაფუძნებული, უნდა მივიდეს მასთან და აუხსნას, რომ აქვს შინაგანი სიმწიფე, კურთხევა მის მიმართ, რათა ესა თუ ის საქმე იტვირთოს და წარმართოს.
- ასეც ხდება - ადამიანი მოძღვრისგან კურთხევას იღებს, ასრულებს კიდეც, მაგრამ ამას თავმდაბლობით, უფლის სიყვარულითა და მოშიშებით არ აკეთებს...
- ეს ადამიანის სულიერ სიცარიელეზე მიანიშნებს. როდესაც კაცი სათანადოდ არ სწავლობს, არ შეიმეცნებს ღვთის სიტყვას - შორს არის სახარებისეული ჭეშმარიტებისგან, მოკლებულია სულიერ საზრდოს, მას კურთხევის ძალა და მნიშვნელობაც არ აქვს გააზრებული. ასეთი ადამიანის რწმენა, აზროვნება თუ სულიერი საქმეები ზედაპირულია. ფორმალურად კი ასრულებს ლოცვა-კურთხევას, მაგრამ ამას აკეთებს არა უფლის რწმენითა და სიყვარულით, არამედ საზოგადოების თვალში თავის მორწმუნედ, ეკლესიურად წარმოსაჩენად. ეს ფარისევლური დამოკიდებულება უფროა, ვიდრე ჭეშმარიტი სულიერება. ასეთი კატეგორიის ადამიანი ემსგავსება ცარიელ თავთავს, რომელიც ნაყოფს არ იძლევა.
- ცხადია, კურთხევა და კურთხევის აღსრულება სულიერად განგვამტკიცებს და გვაძლიერებს.
- ასეთი ადამიანი შეიქმნება დიდი სულიერების მატარებელ კლდედ, რომელიც აგებული იქნება სიყვარულით, თავმდაბლობით, სიმშვიდით, სულგრძელობით, მორჩილებითა და სხვა ქრისტიანული სათნოებებით. თავისი ცხოვრებიდან და სათნოებებიდან გამომდინარე, გახდება ის ციტადელი, რომელსაც ვერავითარი ბოროტი ძალა, ვერავითარი ცოდვა ვერ დაანგრევს, რადგან შეიძენს ბოროტთან განუწყვეტელი შერკინების უნარს. ასეთ კაცს შესწევს ძალა, შეებრძოლოს და სძლიოს ბოროტ სულს. მორწმუნე ხომ სწორედ ამის სანაცვლოდ მოიპოვებს გამარჯვებას და ცხონდება.
ადამიანი, რომელიც კურთხევითა და მორჩილებით ცხოვრობს, ღვთისგან არის კურთხეული. ასეთი გარეგნულადაც ემსგავსება ჩამოქნილ სანთელს. მისი სათნო თვალებიც, გამომეტყველებაც და ქცევაც დასტურია იმისა, რომ სწორად, მართებულად ცხოვრობს.
- რატომ უნდა იკურთხოს ქრისტიანის ყველა ნივთი?
- ნაკურთხი ნივთი განიწმინდება ყოველივე უკეთურებისგან და ღვთიური მადლით იმკობა. საეკლესიო ნივთების გარდა, სასურველია ყოფითი დანიშნულების ნივთების კურთხევაც, ოჯახში იქნება ეს თუ სამსახურში.
საქართველოშიც და სხვა ქრისტიანულ ქვეყნებშიც ძველთაგანვე არსებობდა ტრადიცია ადგილის - მინდორ-ველებისა და ბაღ-ვენახების კურთხევისა, საიდანაც ადამიანს სარჩო-საბადებელი ეძლევა. ნაკურთხ ადგილას ღვთის მადლი დაივანებს და შრომა ფუჭად არ ჩაგვივლის.
- სახლის კურთხევის შესახებაც ვისაუბროთ. რამდენ ხანში ერთხელ უნდა ვაკურთხებინოთ საცხოვრისი?
- კურთხევა ის ჯავშანია, რომლითაც ბოროტი სულისგან ვიცავთ საკუთარ ცხოვრებასაც და იმ ადგილსაც, სადაც ვმკვიდრობთ. სასურველია, სახლი წელიწადში ერთხელ ვაკურთხებინოთ.