მხოლოდ თავმდაბალ ადამიანს შეუძლია, თავი დააღწიოს ბოროტის მიერ დაგებულ მახეს
ბოროტი ათასგვარი საცდურით აბრუებს ადამიანებს და ცოდვის ჭაობში ღრმად ითრევს.
ჩვენს დროში მისი ქმედება უფრო დაიხვეწა და სიკეთისა და ბოროტების გარჩევა კიდევ უფრო გაჭირდა. კაცობრიობის მტერი გამუდმებით ცდილობს, ღვთაებრივი სიკეთენი შეცვლილად წარმოაჩინოს. იგი ჭეშმარიტი რწმენის ნაცვლად ურწმუნოებას ან ცრუ რწმენას სთავაზობს ადამიანს, იმედის ნაცვლად - სასოწარკვეთილებას ან ცრუ იმედს, ჭეშმარიტი სიყვარულის წილ - უსიყვარულობას ან მოჩვენებით სიყვარულს, და ეს ყველაფერი ისეა შენიღბული, რომ შავისა და თეთრის ერთმანეთისგან გარჩევა ძნელია.გვესაუბრება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მოძღვარი მღვდელი კონსტანტინე გიორგაძე.
- მამაო, საეკლესიო სწავლებით, რა არის საცდური?
- თვითონ სიტყვა "საცდური" მიგვანიშნებს, რომ ეს არის ის, რაც ადამიანს ჭეშმარიტი გზიდან გადააცდენს და ცოდვაში ჩააგდებს. საცდურს ცოდვა მოსდევს - თავდაპირველად ადამიანი საცდურით ეცემა, საცდური კი ცოდვას შობს. საცდური ხაფანგივითაა - თუ მასში ჩავარდი, უკვე ცოდვაში ხარ.
უნდა ითქვას, რომ საცდური მჭიდროდ უკავშირდება ამპარტავნებას. ამპარტავანი ადვილად ცდუნდება. რომ არა ამპარტავნება და ღმერთთან გატოლების სურვილი, ევა და ადამი სამოთხეში არ ცდუნდებოდნენ. დღესაც ასეა - როცა ადამიანი იწყნარებს საცდურს, ამ ქმედებას თითქმის ყოველთვის ამპარტავნება უსწრებს წინ.
თანამედროვე ეპოქა საცდურთა სიმრავლით გამოირჩევა. დღეს ადამიანი კიდევ უფრო უსუსურია, ვიდრე ოდესმე, უჭირს გაარკვიოს, სად არის ჭეშმარიტება და სად ხაფანგია დაგებული. მაგრამ ამის გარკვევა მაინც არის შესაძლებელი წმინდა ეკლესიის დახმარებით. გონიერ კაცს, რომელიც აცნობიერებს, რომ მისი არსებობა მხოლოდ ამქვეყნიური ყოფით არ შემოიფარგლება და ცდილობს, მიაგნოს ჭეშმარიტებას, უფალი აუცილებლად მიიყვანს ტაძრამდე. თუმცა ტაძარში მოსულს ადვილად არ თმობს ბოროტი და კვლავაც განგრძობს მის ცდუნებას, მაგრამ ახლა უკვე - უფრო ძლიერ. ამიტომ გვმართებს, ვიყოთ ძალზე ფრთხილად. ეკლესია იმ რეცეპტებსაც გვაწვდის, რომლებიც საცდურისა და ცოდვისგან დაგვიფარავს.
მახსენდება ერთი პატერიკი, რომელშიც მოთხრობილია, რომ ძველად ბოროტი ქრისტიანთა სახლებსა და ეზოებს ვერ ეკარებოდა, უღრან ტყეებსა და მყრალ ჭაობებში სახლობდა. ახლა კი უკვე ადამიანთა შორისაც დაიბუდა. ადრე ყოველი ქრისტიანის სახლში იყო სალოცავი კუთხე, სადაც მუდმივად ენთო კანდელი, საკმევლის სუნი ტრიალებდა, ლოცვის განწყობა სუფევდა. ბუნებრივია, ეშმაკი ასეთ ადგილას თავს კარგად ვერ გრძნობდა და არც ეკარებოდა.
- დღეს ყველაზე ხშირად საიდან შემოდის საცდური?
- ტელევიზიის, მობილური კავშირგაბმულობის, კომპიუტერისა და ინტერნეტის განვითარებამ მანძილი და დრო მკვეთრად შეამცირა, მაგრამ საცდურიც გაამრავლა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა გამოგონებისა თუ ნივთის მოხმარება შეიძლება როგორც სასიკეთოდ, ასევე ბოროტი მიზნისთვის. ტექნიკური პროგრესი თავისთავად არ არის ცუდი. არსებითია, ადამიანი რა მიზნით გამოიყენებს მას. სამწუხაროდ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიჯაჭვულია ტელევიზორსა და კომპიუტერს.
ინტერნეტი საჭირო და აუცილებელია მოზარდისთვის - მას შეუძლია, მისი საშუალებით ცოდნა გაიღრმავოს. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ინტერნეტში უხვადაა სხვადასხვა პორნო და ეროტიკული საიტი, რომლებიც მოზარდებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი ხდება.
გარდა ამისა, კომპიუტერთან თამაში დღეს ბავშვებისთვის საკმაოდ დიდი გასართობია და ხშირად მშობელს, ტელევიზორის მსგავსად, შვილის კომპიუტერისგან მოწყვეტაც უჭირს. ბავშვები გამუდმებით თამაშობენ ძალადობის შემცველ საშინელ კომპიუტერულ თამაშებს. ხშირად ფსიქიკის დაზიანების ხარისხი პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენ ხანს ატარებს ბავშვი კომპიუტერთან თამაშში ან ძალადობის ამსახველი ფილმების ყურებაში.
საზოგადოების, განსაკუთრებით კი - მოზარდი თაობის, მსოფლმხედველობას მნიშვნელოვნად აყალიბებს ტელევიზია. სამწუხაროდ, ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ცდილობენ იდეოლოგიური დატვირთვის მქონე გადაცემებით არატრადიციული ცხოვრების წესის დამკვიდრებას,Aასე რომ, საცდური ხშირად მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით შემოდის ჩვენს ცხოვრებაში.
ერთი შეხედვით "უწყინარი" ტელესერიალებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს სულიერებას. ვინც მთელ დღეს სერიალების ყურებაში ატარებს, მათში ასახული ცხოვრების წესის სინამდვილეში დამკვიდრება უკვე მისაღებად მიაჩნია. საქართველოს ერთ-ერთ სოფელში ასეთი შემთხვევა მოხდა: ბიძაშვილმა მამიდაშვილის ცოლად შერთვა მოინდომა. ბუნებრივია, გაკიცხეს - ეს ხომ ჩვენს ტრადიციებს ეწინააღმდეგებაო. პასუხად კი მიიღეს: თუკი სერიალების სამშობლოში, ჩვენზე უფრო განვითარებულ ქვეყანაში, შესაძლებელია, ჩამორჩენილ და გაუბედურებულ საქართველოში რაღატომაა დაუშვებელიო...
- ბოლო დროს მოსახლეობაში დიდი მღელვარება გამოიწვია ბავშვების სქესობრივი აღზრდის პროექტმა...
- ამგვარი განათლებით ბავშვებს საცდურში ვაგდებთ. მტერმა ძალიან კარგად იცის, მუხა რომ ადვილად წააქციოს, ცული ფესვს უნდა დაარტყას. მავანი ამიტომაც ცდილობს, ბავშვებით დაიწყოს ერის გახრწნა. დღიდან შექმნისა ადამიანი სულ ამ გზით მრავლდება. ჩვენს წინაპრებს ამ მხრივ სპეციალური განათლება არ მიუღიათ. მაშინ საგანგებოდ არ შეისწავლიდნენ, როგორ უნდა დაეცვათ ჰიგიენა, თუმცა ეს გადასარევად იცოდნენ. სულის სისუფთავეზე მეტს ზრუნავდა კაცი, რაც თავისთავად განაპირობებდა ხორცის სისუფთავესაც.
მშობლებმა უარი უნდა თქვან თავიანთი შვილების სკოლებში ე.წ. სქესობრივ აღზრდაზე - ეს დამღუპველი იქნება მოზარდი თაობისთვის.
- ხშირად საცდური იმ გარემოდან შემოდის, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. სამწუხაროდ, ქუჩა და უბანიც ზოგჯერ მოზარდში მავნე ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს...
- ზოგ შემთხვევაში შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ მოდით, ყველაფერს სხვას ნუ გადავაბრალებთ. როცა ცხენს დაუჭედავს გაუშვებ მთაში, ადვილად გადაიჩეხება. ასეა ბავშვიც - თუ ოჯახში არ ისწავლა კარგის და ცუდის გარჩევა, გარეთ გასულს ძალიან გაუჭირდება. თავდაპირველ აღზრდას ბავშვი ოჯახში იღებს. თუ მას ღვთისმოშიშებითა და ქრისტიანული ზნეობით გავზრდით, ქუჩაში გასულს ადვილად არაფერი აცდუნებს. შვილებმა საცდურებს თავი რომ აარიდონ, ამისთვის მშობლებმა უნდა ილოცონ, სახლიდან გამავალი დალოცონ, პირჯვარი გადასახონ, შესთხოვონ უფალს, მშვიდობით დააბრუნოს შინ. სამწუხაროდ, ხშირად მშობლები თვითონაც აღსაზრდელები არიან და ამიტომ ვერც შვილებს ზრდიან სათანადოდ.
- ზოგჯერ ჩვენს ყველა ცოდვას ბოროტს მივაწერთ; ვამბობთ, ეშმაკმა მაცდუნა, მტერმა შემაცდინაო. სინამდვილეში კი ეს ცდუნება როდია, არამედ ჩვენივე არჩევანია...
- ადამიანი თვითონვე იგდებს თავს საცდურში, როცა პირდაპირ იყენებს ბოროტის ძალას, დადის მჩხიბავებთან და ნათელმხილველებთან, მონაწილეობს ე.წ. სპირიტუალურ სეანსებში. ასეთ დროს ძალზე დიდია საფრთხე იმისა, რომ ბოროტის კლანჭებში მოხვდეს. ბოლო დროს ტელევიზიითაც კი უკეთებენ რეკლამას ნათელმხილველებს. საეკლესიო სწავლების თანახმად, ბოლო ჟამს სწორედ ამგვარი ცრუ წინასწარმეტყველები და მქადაგებლები გამოჩნდებიან. ერთი ქართული ანდაზა მახსენდება: ყველა ბუზი ბზუისო, ფუტკართან ყველა ტყუისო. ფუტკარი ერთადერთი მწერია, რომელიც ჭეშმარიტად შრომობს. ფუტკარივითაა მართლმადიდებელი ეკლესიაც - ის ერთადერთი ფლობს უფლის ჭეშმარიტ სწავლებას.
ხშირად თვითონვე ვართ ავტორები ჩვენივე ცოდვისა. ბოროტი იმდენად გვაცდუნებს, რამდენადაც ჩვენ თვითონ მივცემთ ამის მიზეზს. მიზეზი კი მისთვის ყველა ჩვენი ცუდი ჩვევა, მიდრეკილება თუ დაუდევრობაა. პავლე მოციქული წერს: "ნუცა სცემთ ადგილ ეშმაკსა" (ეფ. 4,27). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ცდუნების მიზეზს ბოროტს ჩვენ ვაძლევთ. ის კი გვაკვირდება, რომელი ცუდი თვისება და მიდრეკილება მკვიდრობს ჩვენში. თუ ანგარება შეგვამჩნია, მისით ჩაგვაგდებს ცოდვაში; თუ მრისხანება შეგვატყო, მრისხანებით დაგვღუპავს...
შესაძლოა კაცს საცდურად უსაქმურობაც ექცეს და მეტისმეტი საქმიანობაც. ზოგიერთი მთელი დღე მცონარებს: ქუჩებში ხეტიალობს, მეგობრებს ახალ ამბებს უყვება, ჭორაობს... და თუ მაინც მიდის ტაძარში, მხოლოდ იმისთვის, რომ მეტი საქმე არ აქვს. ასე გაჰყავს დროს და საკუთარი თავისთვის არავითარი სარგებლობა არ მოაქვს.
მონასტერში ასეთი წესია: რადგან უსაქმოდ მყოფ კაცს ბოროტი ეუფლება, ამიტომ ბერ-მონაზვნები გამუდმებით ლოცულობენ ან შრომობენ. ერთ-ერთ მონასტერში ბერების მორჩილება კალათების წვნა იყო. როდესაც გაუთავდებოდათ მასალა, დაწნულ კალათებს შლიდნენ და თავიდან წნავდნენ - მხოლოდ იმიტომ, რომ უსაქმურად არ ყოფილიყვნენ.
არც მეტისმეტი საქმიანობა ვარგა - ადამიანი განუწყვეტლივ დაკავებულია ათასგვარი საქმით და უმთავრესი - სულზე ზრუნვა ავიწყდება. უფალი გვასწავლის: ექვსი დღე თქვენი იყოს, ერთი კი ჩემიო. ხომ შეიძლებოდა, პირიქით ეთქვა - მე გაგაჩინე და ექვსი დღე ჩემი იყოს და მხოლოდ ერთი - შენიო? უფალმა თავისი ქველმოქმედებით მხოლოდ ერთი დღე ითხოვა ჩვენგან, რათა მას შევწიროთ, ტაძარში მივიდეთ... სამწუხაროდ, ხშირად ამასაც ვერ ვახერხებთ. ზოგჯერ ჩვენს ქალბატონებს სწორედ კვირა დღეს მოუნდებათ სახლის დალაგება, სარეცხის რეცხვა და შინ ფუსფუსი... მოგეხსენებათ, ძველად ქართველი კაცი კვირას ხარსაც არ აბამდა უღელში... დღეს კი მცირედითაც აღარ ვგავართ წინაპრებს.
- არის თუ არა საცდური უხამსად ჩაცმული დედაკაცი?
- რა თქმა უნდა. როდესაც ქალი უხამსად იცვამს, გასაკვირი არცაა, რომ სხვა დააბრკოლოს და აცდუნოს. მოგეხსენებათ, თვალით ადამიანმა შესაძლოა დიდი ცოდვა ჩაიდინოს. გამომწვევად ჩაცმული ან ნახევრად შიშველი დედაკაცის დანახვისას კაცმა შეიძლება ფიქრით იმრუშოს, ამ ცოდვის ნახევარი კი სწორედ ქალის კისერზეა.
თანამედროვე ქალები გამომწვევად იცვამენ, არ ერიდებიან სიშიშვლეს და ამას უკომპლექსობას ეძახიან. უსირცხვილობას და უკომპლექსობას - ამ ორ ცნებას ერთმანეთში ურევენ. არ უნდა დაგვავიწყდეს - ქალს გაცილებით მეტად მართებს კდემამოსილება, ვიდრე მამაკაცს.
მამაკაცებს მინდა მივმართო: ნუ იქნებიან ლაჩრები. განა შეიძლება, გვერდით უხამსად ჩაცმული მეუღლე, დედა ან და გაიყოლო?! ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ვაჟკაცი არა ხარ?!
- ზოგი თვლის, რომ მონასტერში უფრო ნაკლები საცდურია, ვიდრე ერში; ჰგონია, თუკი ამ სოფელს დატოვებს და მონასტრულ ცხოვრებას შეუდგება, საცდურებისგან შორს იქნება. ასეა თუ არა სინამდვილეში?
- ეს სიტყვები ჭეშმარიტია, მაგრამ უფრო ძველ დროს მიესადაგება.
ზოგს მონასტერი დასასვენებელი ადგილი ჰგონია, არადა ის ბრძოლის წინა ხაზია. იმ ბრძოლისა, რომელსაც ბოროტი უცხადებს ადამიანს. ძველი ქართული ანდაზისა არ იყოს, ძაღლი შინ არ ვარგოდაო, სანადიროდ გარბოდაო; სწორედ ასე ემართება მათ, ვინც ერში არ გამოირჩევა სულიერი ცხოვრებით და მონასტერში გარბის, თითქოს იქ გამოიცვლება...
ჯარისკაცი, სანამ ომში წავა, სროლას სწავლობს, საბრძოლო ხელოვნებას ეუფლება, იწვრთნება. მონასტერშიც მაშინ უნდა წავიდეს ადამიანი, როცა ერში გამოიწვრთნის სულს. მოუმზადებლად და გაუცნობიერებლად მონასტერში წასვლა სახიფათოა. მონასტერში სპონტანურად წასული ადამიანი ხშირად საცდური ხდება იქ მყოფთათვისაც.
- მამა კონსტანტინე, რით უნდა ვებრძოლოთ საცდურს?
- როდესაც წმინდა ანტონი დიდმა ჩვენებაში იხილა კაცთა საცდუნებლად დაგებული ეშმაკის მახენი, აღმოთქვა: განა შეუძლია ვინმეს, თავი დააღწიოს მათ? პასუხად მოესმა: მხოლოდ თავმდაბალთ. ამიტომაც თავმდაბლობა კიდევ ერთი უმთავრესი თვისებაა ადამიანის პიროვნებისა. როგორც აღვნიშნე, საცდური მჭიდროდ უკავშირდება ამპარტავნებას, ამ უკანასკნელს კი თავმდაბლობა ამარცხებს. თავმდაბლობა, ერთი მხრივ, იცავს ადამიანს ამპარტავნების სენისგან, მეორე მხრივ კი უნარჩუნებს ღირსებასა და მეობას, რათა მან არც საკუთარ თავს მიაწეროს თავისი მიღწევები და არც თავისი პიროვნება და თავისუფალი ნება უარყოს სრულიად.