ხშირად კითხულობენ: - ცოდვაა თუ არა ტელევიზორის ყურება?
ამის საპასუხოდ გიამბობთ ეპისკოპოს იოანე ნოვგოროდელის ამბავს:
ერთხელ ეშმაკმა მოინდომა მისი ცდუნება, შეძვრა პირსაბანში და დაელოდა. მეუფე იოანე არაფერს მიეკარებოდა ისე, ჯვარს თუ არ გადასახავდა. ასე მოიქცა მაშინაც და ამით შეკრა ეშმაკი. შეშინებულმა ეშმაკმა სთხოვა, გაეთავისუფლებინა იგი. მაშინ მეუფემ ასეთი პირობა დაუდო: - გაგიშვებ, თუ ამაღამვე მომატარებ იერუსალიმის წმინდა ადგილებს და მერე უკან დამაბრუნებო.
რა გაეწყობოდა! ეშმაკმა მიიღო ფრთოსანი რაშის სახე და მოატარა წმინდა ადგილები.
ასე რომ, კეთილი საქმეების კეთებისთვის ტელევიზორის კი არა, ეშმაკის გამოყენებაც კი შეიძლება. გადაცემებში თუ საუბარია ღმერთზე, ჭეშმარიტებაზე, მოყვასის სიყვარულზე, სულის ცხონებაზე, სასარგებლოც კია მისი ყურება. მაგრამ რადგან ასეთი რამ ძალზე იშვიათად ხდება, ტელეგადაცემებით გატაცებაც საზიანოა. წიგნში, "ჩვენთან არს ღმერთი", ვკითხულობთ:
"იმას კი არ უნდა მივდიოთ, რასაც ცხოვრება გვთავაზობს ჩვენივე სიამოვნებისთვის, უნდა ვეძიებდეთ ჭეშმარიტებას. ღმერთი ამქვეყნად ხომ საიქიო ცხოვრებისთვის გვამზადებს. იქ აღგვითქვამს მარადიულ სიხარულს. სწორედ ამიტომ უნდა ვთქვათ უარი ამქვეყნიურ სიამეებზე. ბრძოლაც უნდა გამოვუცხადოთ, ვიდგეთ მტკიცედ, დავრჩეთ ღვთის ერთგულნი ბოლომდე. მაგრამ არ გვაპატიებს, ამქვეყნიურ სიამეებში თუ გავცვლით, როგორც ეს დაემართა ერთ მგალობელს. იგი ყველასგან გამოირჩეოდა დახვეწილი სმენითა და ხმით. შეუჩნდა ერთი პროფესორი, საოპერო ხელოვნებას დააუფლა და ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩააბა. ერთხელაც თავის მოძღვარს ტაძრის შესასვლელთან დახვდა ცხვირახვეული:
- ვერ მიცანით?! მე ხომ თქვენ გუნდში ვგალობდი!
მოძღვარმა ძლივს იცნო - ეს რა მოგსვლიაო?! ეჰ, მამაო! საშინელება გადამხდა თავს. და მოჰყვა თავისი ცხოვრების ამბავს, როგორ გახდა პოპულარული, როგორ მოიარა მსოფლიო, როგორ დაავიწყა ამქვეყნიურმა ცხოვრებამ შემოქმედი, როგორ ჩავარდა ცოდვებში, როგორ შეეყარა საშინელი სენი და გამოეხრა ყელი და ცხვირი. - ახლა კი არავის ვჭირდებიო, - ნაღვლიანად დაასრულა მან.
- კაცი რომ უფალს დაივიწყებს, უბედურებას ვერ ასცდება. შენ ღმერთმა მოგცა მადლი, რომელიც მის სადიდებლად უნდა გამოგეყენებინა. შენ კი საკუთარი თავის განდიდება მოინდომე. ახლა ხომ დარწმუნდი ამქვეყნიური დიდების წარმავლობაში. ნუ შეშინდები, ღმერთი მოწყალეა, მოინანიეო, - ურჩია მოძღვარმა".
ამავე წიგნში კიდევ ერთ საინტერესო ამბავს ვკითხულობთ:
"ერთხელ გზაზე მიმავალმა მოხუცმა ყური მოჰკრა ასეთ ფრაზას: რა უსამართლოა ღმერთი! კარგ, კეთილ ადამიანებს კლავს, გარეწრებსა და ყაჩაღებს კი წყალობას თავზე აყრის! მოხუცმა მოსაუბრეებს გადახედა და ჰკითხა: - ერთი ეს მითხარით, ჯარისთვის როგორ ბიჭებს არჩევენ? - ჯანმრთელებსა და სრულწლოვანებს! - უპასუხეს მათ.
- ასევეა ღმერთიც! - განაგრძო ქალმა, - თავისთან სულიერად ჯანსაღი და ძლიერი ადამიანები მიჰყავს, სულით ხეიბრებს კი ამქვეყნად ტოვებს, რომ მონანიების საშუალება მისცეს.
მართლაც, სულის განწმენდა მხოლოდ მონანიებით თუ შეიძლება. ესეც ღვთისგან ბოძებული ჯილდოა. მონანიებისას უფალი ხელს გვიწვდის უფსკრულიდან ამოსაყვანად. მასვე შევყავართ სამოთხეში და ასე გვიბრუნებს მისგან ბოძებულ და ჩვენი დაუდევრობით დაკარგულ მადლს. ღვთის წინაშე ცოდვილებს ისევ ღმერთი გვმფარველობს, როგორც უძღებ შვილებს. ჩვენი გონება დაბინდულია ათასი განცდით, ამქვეყნიურ ყოფაზე ფიქრით და ზოგჯერ ამ ბურუსში ნაღარასავით გაისმის ღვთის ხმა: - მოინანიეთ, რადგანაც მოახლოებულია სასუფეველი ცათა. ვაი მას, ვინც ყურს არ ათხოვებს ამ ხმას.
დიდი სქემით შემოსილი სილუანი ამბობს: - ადამიანის ყოველი ცოდვა, უმცირესიც კი, თავისებურად მოქმედებს გარემოზე.
იოანე ოქროპირის აზრით კი: ცოდვის საკითხი ყველაზე დიდი პრობლემაა ამქვეყნად. ჩვენი ცოდვებით კვლავ ვაყენებთ ტკივილს მაცხოვარს ჩვენსას - იესო ქრისტეს, რომელმაც სწორედ ჩვენი ცოდვები იდო თავს, რათა მონანიების შემთხვევაში, შენდობა მიგვეღო მისგან. რაც უნდა დიდი იყოს ჩვენი ცოდვა, იგი შეგვინდობს, რადგან მოწყალეა და სულგრძელი. მონანიების მეშვეობით ღმერთი გვწმენდს და აღარც იხსენებს ჩვენს ცოდვებს. სინანულის განცდა ადამიანს მხოლოდ მაშინ გაუჩნდება, თუ მუდმივად კონტროლს გაუწევს საკუთარ თავს, უნებლიე შეცოდებაც რომ არ გაეპაროს და მაშინვე რომ მოინანიოს მოძღვართან. დამალული ცოდვა ქვის ქვეშ მიმალულ გველსა ჰგავს. როცა ქვას ააცლი, სადღაც მიიკარგება. ასევეა ცოდვაც. როცა აღიარებ, გაგეცლება და მისგან სულიც განგეწმინდება. განწმენდის შემდეგ ღმერთი მფარველობს ადამიანს და არ აძლევს საშუალებას ავ სულებს, კვლავ აცდუნონ იგი.
ეშმაკი ყველანაირ ხრიკს მიმართავს, ჩადენილი ცოდვა რომ არ გათქმევინოს. ეშმაკისეული ფიქრია, როცა ადამიანი ცოდვის ჩადენამდე ინუგეშებს თავს, ღმერთი მაინც მაპატიებსო და ადვილად აგდებს ცოდვაში. მერე კი, ისევ ეშმაკის ჩაგონებით, ადამიანს სასოწარკვეთა იპყრობს და ღვთისგან შენდობის იმედი ერთმევა. ამ დროს სულმოკლენი თავსაც კი იკლავენ. ამიტომ ფხიზლად უნდა ვიყოთ და, მიუხედავად ამ სიფხიზლისა, თუ მაინც ჩავვარდებით ცოდვაში, მაშინვე მოვინანიოთ იგი მოძღვართან. მოძღვარი შესთხოვს უფალს ჩვენთვის შენდობას. მაგრამ ამით არ უნდა დავასრულოთ სულის განწმენდა. ამის შემდეგ უნდა შევეცადოთ კეთილი საქმეების კეთებას. ღმერთი ყველაფერს შეგვინდობს, ერთის გარდა - მოუნანიებელი ცოდვებით ამქვეყნიდან წასვლას. საშინელი სამსჯავროს დროს პასუხს ვაგებთ არა ჩადენილ ცოდვებზე, არამედ იმაზე, რომ არ მოვინანიეთ.
აღსარებისას ადამიანს მარჯვნივ ანგელოზი უდგას, მარცხნივ კი ეშმაკი, ანგელოზი ჩააგონებს, მოინანიოს ცოდვები და არ დამალოს ისინი, ეშმაკი კი მას უმძაფრებს სირცხვილის გრძნობას, ანდა აზრს, რომ სისულელეა ცოდვების მონანიება მოძღვართან, რადგან იგიც ისეთივე ადამიანია, როგორიც ჩვენ. ისიც ემორჩილება ამ აზრს, დამძიმებული გულით მიდის მოძღვრისგან და შვებასაც ვერ გრძნობს. პირიქითაც კი ემართება: ცოდვები გველებივით შემოეხვევიან და სულს უხუთავენ. ამის გამო ღმერთიც აღარ მფარველობს. გახარებული ეშმაკები კი არ ტოვებენ და სხვა ცოდვებში აგდებენ. სულ სხვა განცდა ეუფლება კაცს, რომელმაც დაუფარავად აღიარა ცოდვები. საოცარი სიმსუბუქის შეგრძნებით ნეტარებს, გულში ეღვრება სიხარული, ხოლო მისი სხეული ისე სპეტაკდება და ბრწყინდება, რომ ეშმაკები ახლოსაც ვეღარ ეკარებიან. ეშმაკი იქ ბუდობს, სადაც ნათელი არ არის.
ცოდვებისგან განწმენდილი კაცი კი ანგელოზებით არის გარშემორტყმული და ხორციელი თვალისთვის შეუმჩნეველი ნათელი დაჰყვება. ამასთან, უნდა ახსოვდეს, რომ სიკვდილის შემდეგ ყველა გაივლის საშინელ სამსჯავროს, რომელიც საზვერეებისგან შედგება. თითოეულ საზვერეში განიხილება ცოდვის მხოლოდ ერთი რომელიმე სახეობა, ის, თუ როგორ მოინანია მან ეს ცოდვა. თუ არ მოუნანიებია, ეშმაკები არ მისცემენ საშუალებას, გააღწიოს ამ საზვერედან, ხოლო თუ მონანიებული აქვს, ანგელოზები ეხმარებიან და გაჰყავთ საზვერედან. გაუწმენდავი სულით კი, როგორც ვიცით, ვერავინ შევა ცათა სასუფეველში".
გვესაუბრება ბერი პავლე (კუპრაშვილი):
"ერთადერთი გზა, რომელიც ადამიანს გადაარჩენს, ჭეშმარიტი, მართლმადიდებლური სარწმუნოებაა. ცხონება სახარებისეული სწავლებითაა მხოლოდ შესაძლებელი. უფალმა ლოცვა, მარხვა, ზიარება, აღსარება დაუწესა თითოეულ ჩვენგანს. ასე რომ იცხოვროს ყველამ, კაცი ცხონდება. დღეს უჭირთ ქრისტეს მცნებების დაცვა, რადგან ძალიან დიდი საცდურია ერში. ათასგვარმა გასართობმა დროის მეტი ნაწილი წაართვა ერისკაცთ. ეს ყველაფერი ხალხში ეშმაკმა, ბოროტმა ძალამ შემოაგდო.
- მამაო, დრო, რომელიც უფლისგან გვაქვს ბოძებული, ხშირად უყაირათოდაც იფლანგება. მაინც როგორ უნდა გამოვიყენოთ დრო და განსაკუთრებით რას უნდა მივაპყროთ გულისყური?
- კაცი დილით რომ ადგება, უფალს მადლობა უნდა შესწიროს, რომ დღე მშვიდობით გაუთენდა. თუ უფალმა ოცდაოთხი საათი გვაჩუქა, ერთი საათი მას ვერ უნდა დავუთმოთ? როცა ლოცვით გადიხარ შინიდან, ყველანაირად დაცული ხარ. ბოროტებას ისხლეტ და დაბრკოლებებიც გარიდებს თავს. კაცმა ლოცვით უნდა იცხოვროს. მიმტევებლობა, მოთმინება, აღსარება და ზიარება სათნოებათა გვირგვინია. თუკი ასე იცხოვრებს, მისთვის უკვე იოლია სასუფეველში შესვლა. მე ვლოცულობ იმისთვის, რომ გონება გაეხსნათ და ყველა მივიდეს ტაძარში. მიხვდნენ, თუ რა არის ქრისტიანობის არსი. სამწუხაროდ, დღეს უმეტესობა ტაძარს გვერდს უვლის და დროის მეტ ნაწილს გასართობ ადგილებში ფლანგავს - ბარში, კაზინოში. თუმცა ბევრსაც გაეხსნა გონება და დღეს უკვე აღმსარებელია. საკმარისია კაცმა ერთი ნაბიჯი გადადგას, ტაძარში შევიდეს და მადლი მაშინვე უხილავად შემოდის, მერე კი სინანულში ვარდება და განიცდის, ამდენ ხანს რატომ არ მივიდა ტაძარში. ჩვენი პატრიარქის, მოძღვრების, ბერ-მონაზვნების ლოცვით, მადლით ტაძარს მრევლი ემატება. ლოცვას ყველა ადამიანი ღვთის გზამდე მიჰყავს. ღმერთი კაცთმოყვარეა და ყველა უყვარს, თითოეული ჩვენგანის სულის გადარჩენაზე ზრუნავს. ვინც ღვთის მცნებებით ცხოვრობს, ის გრძნობს ღმერთის სიყვარულს.
- როგორ დათმონ ამქვეყნიური სიამეები?
- როცა ხორციელ ფუფუნებას მეტი ყურადღება ეთმობა, სულიერი მდგომარეობა უკვე აღარავის ახსოვს. როგორც ხორცს უნდა კვება, ასევე სჭირდება სულს კვება. გამუდმებით უნდა ვლოცულობდეთ, რათა სულმა საზრდო მიიღოს. სული ხომ უკვდავია, ხორცი კი მიწად იქცევა. ქრისტიანის იარაღი ლოცვაა, რისი საშუალებითაც ძლიერდება და თავს იცავს ყოველგვარი ამქვეყნიური სიამეებისგან.
ბოროტმა მანქანები აამუშავა. ახლა რომ ვუკვირდები, ახალგაზრდების უმრავლესობა მიჯაჭვულია კომპიუტერთან. "ინტერნეტკლუბში" დილამდე თამაშობენ. ლოცვაზე ნახევარი საათი უჭირთ გაჩერება და იქ კი სიამოვნებით მიდიან. ბოროტმა მიიჯაჭვა ადამიანები, ღმერთის დიდება კი დაავიწყდათ. ყველაფრის კარგად გამოყენება უნდა შეგვეძლოს. კომპიუტერს გასართობად კი არა, კარგი საქმეებისთვის უნდა ვიყენებდეთ. თუმცა სახარებაში არსად წერია, ითამაშე და ხორცს ასიამოვნეო. მოზარდი რა გარემოშიც გაიზრდება, ბოლომდე ისეთი დარჩება. ეკლესიურად მცხოვრებ ოჯახში კი ახალგაზრდაც მშობლების მსგავსი იქნება. თუ მეტი რწმენა და ღვთის სიყვარული გვექნება, ღვთისთვის სათნოდ ვიცხოვრებთ.
ღმერთმა დაგლოცოთ და რწმენაში განამტკიცოს მთელი საქართველო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი