თუკი მხოლოდ მიწიერს ვაგროვებთ, მიწას ვერ ავცდებით
სიტყვა საუნჯე ძვირფას განძს ნიშნავს. ყველაზე ძვირფასი განძი კი ზეციური სასუფეველი - სამოთხეა.
სწორედ ამ უმთავრესი საუნჯის მოპოვებაზე ზრუნვა უნდა იყოს ადამიანის მიწიერი ცხოვრების მთავარი მიზანი. მიწიერი საუნჯეც, ღმერთისგან რომ ებოძება, "ცათა შინა" საუნჯის დაუნჯებას უნდა მოახმაროს... გვესაუბრება წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზაქარია მაჩიტაძე.- საუნჯეში იგულისხმება ყველაზე დიდი განძი, რაც ადამიანს აბადია. მაცხოვარი ბრძანებს - თქვენი საუნჯე, უდიდესი განძი იყოს ცათა შინა, სადაც ვერც მოგპარავენ და არც გაფუჭდება. ასეთ განძს მარადიული დანიშნულება აქვს. სხვა დანარჩენი, რასაც დედამიწაზე მიწიერი კეთილდღეობისთვის ვიუნჯებთ, შესაძლოა უბედურების მიზეზადაც იქცეს, დაიკარგოს ან მოგვპარონ. თუკი მიწიერსაც ვიუნჯებთ და ზეციურსაც, მათი შეერთებით მრავალ კეთილ საქმეს ვიქმთ, მაგრამ უპირატესობა ყოველთვის ზეციურს, უხრწნელს - მარადიული საუნჯის მოპოვებისკენ სწრაფვას უნდა მივანიჭოთ. "სადაც არის საუნჯე თქვენი, იქ არის გული თქვენი", - გვმოძღვრავს სახარება. თუკი მხოლოდ მიწიერს ვაგროვებთ, მიწას ვერ ავცდებით, ხოლო თუკი ყველაზე ძვირფასი საუნჯე ცათა შინა გვექნება, ჩვენი გულიც ცათა შინა დაივანებს.
- უმეტესობა მაინც მიწიერი საუნჯის მოპოვებისკენ უფრო ვისწრაფვით...
- ადამიანი მიწაზე ცხოვრობს, მიწისგანაა შექმნილი, მაგრამ ამასთანავე აქვს საღმრთო სული, ამიტომ ყველაფერი, რასაც აკეთებს, უკვდავების შეგრძნებითაა გამსჭვალული. ისე ვცხოვრობთ, თითქოს არასოდეს დავიხოცებით. მიწაზე ვიუნჯებთ, ვაგროვებთ, თითქოს ეს განძი სამუდამოდ გამოგვადგება. ესეც კი უკვდავების შეგრძნებითაა გამსჭვალული. მაგრამ როდესაც კაცი ღრმად ჩაიხედავს საკუთარ თავში, ღრმად ჩაიხედავს სარწმუნოებაში, დაფიქრდება ცხოვრებაზე, დაფიქრდება მარადიულობაზე, აუცილებლად უკვდავს აირჩევს.
რადგან კაცი მარტო მიწა არ არის, ამიტომ ყველაზე მიწიერ ადამიანშიც კი არის რაღაც ამაღლებული: შეუძლებელია ის ისე დაეცეს, რომ მასში ღვთის ხატება და მსგავსება აღარ დარჩეს. ადამიანში ყოველთვისაა ღმერთისგან ბოძებული უკვდავი სული, ყოველთვის ისწრაფვის უკვდავებისკენ, უკეთესი ცხოვრებისკენ და, შესაბამისად, ისწრაფვის საუნჯის დაგროვებისკენ, სიკეთის ქმნისკენ.
- როგორ მოვიპოვოთ სულიერი საუნჯე? რა არის უმთავრესი იმისთვის, რომ ზეცაში დავიუნჯოთ, "ცათა შინა" დავაგროვოთ განძი?
- მოციქული პავლე წერს: ყველაფერი, რასაც ამქვეყნად ვაკეთებთ, შესაძლოა გარკვეული დროით იყოს სასარგებლო, მაგრამ შესაძლოა, სამარადჟამოდ გამოგვადგეს. ჩვენი საქმეები მარადიულად სასარგებლო მაშინ იქნება, თუკი მათ ღმრთისთვის ვიქმთ. მხოლოდ მიწიერი კეთილდღეობისთვის, შეიძლება ითქვას, მოკლევადიანი გათვლებით გაკეთებული საქმეები მიწაზევე დარჩება, გარკვეულ დრომდე გამოგვადგება. თუმცა იქნებ იმდენ ხანსაც არ გამოგვადგეს, ჩვენ რომ ვფიქრობდით.
სახარების იგავი გავიხსენოთ: ერთი კაცი დიდძალ მოსავალს მიიღებს და შეწუხდება, ჩემი საუნჯე სად დავაბინავოო. შემდეგ კი გადაწყვეტს: მოდი, დავანგრევ ძველ ბეღლებს და ახლებს ავაშენებ, იქ შევკრებ მთელ ჩემს დოვლათს. ვეტყვი ჩემს სულს: ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი მრავალი წლისთვის, მოისვენე, ჭამე, სვი, იმხიარულე-მეთქი. მაგრამ იქვე განჩინებას მიიღებს: ამაღამვე მიიღებენ შენს სულს და სად უნდა წაიღო, ვის დარჩება, რაც დაიმზადეო.
როგორც წმინდა ბასილი დიდი განმარტავს, კაცს მიღებული საუნჯე ღარიბ-ღატაკთა მუცლებში უნდა შეენახა - მოწყალებად გაეცა. ამ გზით ზეცაში დაიუნჯებდა. მან კი მოპოვებული დიდძალი საუნჯისთვის ძველი საცავი დაანგრია. საბოლოოდ, ესეც გაებნა და დაეკარგა და ვერც ზეცაში დაიუნჯა. სულიც იმ ღამესვე განეშორა და დაიღუპა.
- ასე რომ, თუკი უფალი მიწიერ სიმდიდრეს გვიბოძებს, ისევ და ისევ ღმრთის სადიდებლად უნდა გამოვიყენოთ, უფალს მივუძღვნათ მოწყალების გაცემითა და კეთილი საქმეების ქმნით, რათა ზეცაში დავაგროვოთ საუნჯე, ეს კი მარადიული ცხოვრების მოსაპოვებლად გვჭირდება.
- ლიტურგიაზე, როდესაც მღვდელი შესაწირავს აღამაღლებს, წარმოითქმის სიტყვები: შენნი შენთაგან შენდა შემწირველნი ყოველთა და ყოველთათვის. ე.ი. ყველაფერი უფლისგან მოგვეცა და კვლავ ღმერთს ვუბრუნებთ ყოველთა და ყოველთათვის. ეს ყველაფერს ემსახურება და ყველაფერს მოიცავს.
- ადამიანმა სულიერი საუნჯე რომ დააგროვოს, სული ქრისტიანული სათნოებებით უნდა ჰქონდეს შემკული. რომელია უპირველესი სათნოება, საფუძველი სხვა ქრისტიანულ სათნოებათა?
- სახარების თანახმად, უფალთან ერთ-ერთი სჯულისმეცნიერი მიდის და ეკითხება: რაი არს ყველაზე დიდი მცნება? უფალი პასუხობს: "შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ეს არის პირველი და დიდი მცნება და მეორე ამის მსგავსი: შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი". ყოველივე ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული. უმთავრესი სათნოება ღმრთისა და მოყვასის სიყვარულია. ღვთის შემეცნება, ღვთის სიყვარული განაპირობებს მოყვასის სიყვარულს. შესაბამისად, მოყვასის სიყვარული შეუძლებელია უფლის სიყვარულის გარეშე. თუ მოყვასის სიყვარულს ღმრთის სიყვარული არ ახლავს, აუცილებლად გააბოროტებს ადამიანს - როდესაც მოყვასს შევეწევით, მისგან სანაცვლოს ველით, მან კი შესაძლოა იმ ფორმით ვერ გვიპასუხოს, ისე ვერ მოიქცეს, როგორც ჩვენ დავგეგმეთ, როგორც ჩვენ გვსურდა. ეს კი ხშირად უთანხმოების მიზეზი ხდება.
- როცა კაცი ქრისტიანული სათნოებების მოხვეჭისკენ ისწრაფვის, ცდილობს, ღმრთივსათნოდ იცხოვროს, ისწრაფვის, დაიუნჯოს საუნჯე ცათა შინა. საკმარისია თუ არა სულის ცხონებისთვის ღვთისკენ, სულიერი საუნჯის დაგროვებისკენ განუწყვეტელი სწრაფვა?
- ამ კითხვას საუკეთესოდ პასუხობს სახარების იგავი ტალანტების შესახებ. უფალმა, ვისაც რამდენი ტალანტი მისცა, იმის მიხედვით მოსთხოვა. ერთ-ერთმა ბოძებული ტალანტი მიწაში დაფლა, მიზეზად კი დაასახელა: ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ; იმკი, სადაც არ დაგითესავს და კრეფ, სადაც არ დაგიბნევია. შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი. აჰა, შენი შენვე გქონდესო. უფალმა სწორედ ამ სიტყვებით ამხილა: შენ სავაჭროდ უნდა ჩაგედო, გამრავლებაზე გეზრუნა, ამოღებით მე ამოვიღებდი. თუკი იქ შემიძლია მოვიმკა, სადაც არ დამითესავს, მოსაგებად ჩადებული ტალანტის ამოღებაზეც მე ვიზრუნებდიო. ამრიგად, ადამიანს ევალება მცდელობა, განუწყვეტელი სწრაფვა ღმრთისკენ, სულიერი სრულყოფილებისკენ, ცათა შინა საუნჯის დაგროვებისკენ.
- საინტერესოა, შეძლებს თუ ვერა კაცი სულიერი სრულყოფილების მიღწევას...
- ზოგიერთ საღმრთო თვისებებითა და სიკეთით გამორჩეულ ადამიანზე ვამბობთ, სრულყოფილიაო, მაგრამ, როგორც უფალი ბრძანებს: იყავით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არსო. ასეთი სრულყოფილების მიღწევა შეუძლებელია, ეს არის მარადიული სვლა სრულყოფილებისკენ. ადამიანის განღმრთობა უფლის შემეცნებისდა კვალად ხდება, მაგრამ, როგორც მამები ბრძანებენ, განღმრთობამდე გაადამიანება გვამრთებს - ადამიანური ცხოვრებით, ადამიანური ურთიერთობებით, რასაც განღმრთობისკენ სწრაფვაც მოჰყვება. განღმრთობისკენ სვლა შეუჩერებელი პროცესია.
- ჩვენი მთავარი საუნჯე ღმერთთან ერთობის მიღწევაა. როგორ გავხდეთ ღირსი უფალთან ერთობისა?
- ღმერთთან ერთობა ეკლესიაში მიიღწევა - ლიტურგიული მსახურებითა და იმ საეკლესიო საიდუმლოებებით, რომელთა მეშვეობითაც საღმრთო მადლი გვეძლევა. ჩვენ გვაქვს უდიდესი საიდუმლო ზიარებისა - ამ დროს ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღებით სულისა და ხორცის კურნება და საუკუნო ცხოვრება გვენიჭება.
საზოგადოდ, ღმერთთან ერთობა ყველა ადამიანს აქვს მიცემული, მაგრამ ეს ტალანტი შესაძლოა დავფლათ და დავმარხოთ, მიწასავის დავაყაროთ მიწიერი ცოდვები და მიწიერი მოქმედებები. ვეცადოთ, ასეთი რამ არ მოხდეს, ვიზრუნოთ ამ ნიჭის აღორძინებაზე.
- ზოგიერთს ღვთივსათნო ცხოვრების სურვილი კი აქვს, მაგრამ ამას ვერ ახერხებს. რა აბრკოლებს ადამიანს, რა უშლის ხელს, ღვთივსათნოდ იცხოვროს, უფლის მცნებები აღასრულოს და ცათა შინა საუნჯე დააგროვოს?
- ქრისტესკენ სავალ გზაზე დაბრკოლებები ყველა ადამიანს ხვდება, ყველანი ხომ ცოდვისკენ ვართ მიდრეკილი, ყოველ ჩვენგანშია ჭიდილი სიკეთესა და ბოროტებას შორის. ღმრთისკენ სავალი გზა არ არის იოლად გასავლელი, მაგრამ თუკი ადამიანის უფლისკენ სვლა მტკიცეა და შეუპოვარი, დაბრკოლებებსაც ადვილად გადალახავს. სახარების ერთი ეპიზოდი გავიხსენოთ. მარიამ მაგდალინელი უფლის საფლავისკენ მიეშურება, რათა მაცხოვრის სხეულს ნელსაცხებელი სცხოს, და თან წუხს - საფლავის კართან დადებულ ლოდს ვინ გადააგორებსო. იქ მისულს ლოდი გადაგორებული დახვდა - ის ანგელოზმა გადააგორა. მამები გვასწავლიან: მთავარია, განზრახვა გვქონდეს ღმრთისკენ სვლისა, სიკეთის კეთებისა და იმ სიძნელეებს, დაბრკოლებებს, ამ გზაზე რომ შეგხვდება, უფლის ანგელოზი ისევე გადააგორებს, როგორც მაცხოვრის საფლავთან დადებულ ლოდს.
- ვისაც სულიერი თვალი ახელილი არ აქვს, ხომ შეიძლება დაეჭვდეს - ღვთივსათნო ცხოვრების, უფლის მცნებების აღსრულების სანაცვლოდ იგროვებს კი სულიერ საუნჯეს ზეცაში?
- ადამიანი ღმრთის ხატი და მსგავსია, მან იცის ავისა და კარგის გარჩევა. ამიტომაც ვმალავთ ხოლმე ჩვენს ცუდ საქმეებს, კეთილი საქმეების კიდევ მეტად წარმოჩენასა და გახმაურებას ვცდილობთ. შესაბამისად, ვიცით, რა არის მიწიერი და რა - ზეციური. თუ კაცმა ეს არ იცის, შეურაცხადი ყოფილა. მას ღმრთისგან ისეთი ფორმითაც არ მოეკითხება, როგორც გონებასრულ ადამიანს.
- სულიერი საუნჯის შეძენაზე მთელი ცხოვრება უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ ზოგჯერ სულიერი ფერისცვალება ბოლო ჟამს ხდება, ადამიანი სიცოცხლის ბოლოს შეიმეცნებს ღვთის არსებობას. მასაც ხომ აქვს შესაძლებლობა სულიერი საუნჯის შეძენისა?
- ამის საუკეთესო მაგალითი ჯვარცმული და მონანული ავაზაკია, რომელიც სასუფეველში ძველი აღთქმის მამამთავრებსა და მართლებზე ადრე შევიდა.
- შეიძლება თუ არა, ადამიანმა სულიერი ცხოვრებისადმი ფარისევლური დამოკიდებულებით, მხოლოდ გარეგნულად გამოხატული ქრისტიანობით შეიძინოს სულიერი საუნჯე?
- მხოლოდ გარეგნულად გამოხატული ქრისტიანობა არ არსებობს, მაგრამ არსებობს მეტ-ნაკლები სარწმუნოება, რომლის შეფასებაც ჩვენ არ შეგვიძლია, რადგან ვერ მივხვდებით, როგორია ადამიანის შინაგანი, სულიერი მდგომარეობა. ზოგიერთს ჰგონია, რომ ეკლესიის მიერ დადგენილი ამა თუ იმ წესისა თუ კანონის შესრულების სანაცვლოდ ცხონდება, მაგრამ ასეთი კაცი ღმერთზე კი არა, საკუთარ თავზეა მინდობილი. ბუნებრივია, ასეთი ადამიანი მალევე დაეცემა, ღმრთის შეწევნის გარეშე ჩვენ ხომ არაფერი შეგვიძლია.
ქრისტიანობა შინაგანი ცხოვრებიდან გამომდინარე გარეგნული ქცევების წესებს ნიშნავს. შეუძლებელია, შინაგანად ქრისტიანი ადამიანის ქცევა ქრისტიანული არ იყოს, ანდა გარეგნულად ქრისტიანულად იქცეოდეს, შინაგანი სარწმუნოება კი არ ჰქონდეს. ხეს ქერქს თუ გავაცლით, აუცილებლად გახმება. მისი სიცოცხლე ქერქში არ არის, მაგრამ ქერქი მის შინაგან სიცოცხლეს იცავს. გარეგნული ქმედება ქრისტიანისა იგივეა, რაც ხისთვის ქერქი, რომელიც თითქოს არაფერს წარმოადგენს, შინაგანს კი სწორედ ის იცავს.
- წმინდანთა შესახებ რას გვეტყვით? მათი მიწიერი ცხოვრება ხომ დასტურია იმისა, რომ დიდძალი განძი დაიუნჯეს ცათა შინა.
- ყოველი წმინდანის მიერ განვლილი გზა ინდივიდუალურია: ზოგი მოწამეობით გაბრწყინდა ღმრთის წინაშე, ზოგი - ცივ კელიაში განმარტოებული მოღვაწეობით, ზოგი - მოყვასზე ზრუნვით, ზოგი - საღვთისმეტყველო შრომებით, ზოგი - სამშობლოსთვის თავდადებით... ამდენად, ადამიანმა ყველა თვისება და შესაძლებლობა ღმრთის სიყვარულში უნდა ჩააქსოვოს, რათა ცათა შინა დაიუნჯოს.
- უშლის თუ არა ხელს მიწიერი საუნჯე სულიერი საუნჯის შეძენასა და დაგროვებას?
- სიმდიდრე არ არის დამაბრკოლებელი საშუალება. მრავალი მდიდარი ვიცით, რომლებმაც სასუფეველი მოიპოვეს - გავიხსენოთ წმინდანად შერაცხული მეფეები, მთავრები, ძველი აღთქმის მართალი ადამიანები... მათთვის მიწიერ სიმდიდრეს ხელი არ შეუშლია ღმრთისკენ სწრაფვაში, ღმრთივსათნო ცხოვრებასა და სულიერი საუნჯის შეძენაში. რაც უფრო მდიდარია ადამიანი ხორციელად, მით უფრო ფხიზელი უნდა ჰქონდეს გონება და მეტად აკონტროლოს საკუთარი თავი, რათა სიმდიდრის მონად არ იქცეს, მისთვის უპირატესი არ გახდეს მიწიერი საუნჯე, რომელიც ხვალ შესაძლოა დაკარგოს. სულიერი საუნჯის შეძენაში პატიოსნად მოპოვებული მიწიერი საუნჯე კი არ გვაბრკოლებს, არამედ სწრაფვა სიმდიდრისკენ, მიწიერზე მიჯაჭვულობა.
- ეკლესიის წიაღში ყოფნისა და სულიერი მოძღვრის გარეშე თუ შეძლებს ადამიანი სულიერი საუნჯის მოპოვებას?
- წმინდა მამები ბრძანებენ, რომ ეკლესიის გარეშე შესაძლოა სიმდიდრესაც მიაღწიოს კაცმა, მიწიერ სიკეთეებსაც და გარკვეულ ზნეობასაც - ყველაფერს, გარდა ცხონებისა და მარადიული სიცოცხლისა. ამიტომ სიკეთის ყველა მადლმოსილება ეკლესიის წიაღში უნდა შევიძინოთ.
- ყველა ერს თავისი სიმდიდრე აქვს...
- როგორც წმინდა ილია მართალი ბრძანებს, სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა - მამული, ენა, სარწმუნოება. თუ მათ შენახვასა და შენარჩუნებაზე არ ვიზრუნებთ, ერი აღარ ვიქნებით. ასე რომ, ქართველი ერის ყველაზე დიდი საუნჯე მამული, ენა და სარწმუნოებაა.
ბოლო ხანს პატრიარქი ქადაგებებში ხშირად ბრძანებს ახალი ქართული იდეის შესახებ: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ესეც უდიდესი ღვთაებრივი საუნჯეა და ის ხელშეუხებლად უნდა დავიცვათ.
ქართველ კაცს კიდევ ერთი უძვირფასესი განძი აქვს - მოსიყვარულე გული, რომელიც ქრისტეს მიერაა განწმენდილი.
- ტაძრები და ისტორიული ძეგლებიც ხომ ერის საუნჯეა?
- ტაძრები ეროვნული საუნჯის საცავია - მათში ინახება მამულის ერთობა, ენის საღმრთო ფუნქცია და სარწმუნოების სიწმინდე. ეკლესიაშია უფლის დიდება, სამშობლოს დაცვა და ადამიანის ხსნა.
- ტრადიციების შესახებ რას გვეტყვით?
- ის ტრადიციები, წინაპრებმა რომ შემოგვინახეს და ქრისტიანობამ გააეკლესიურა, დასაცავია და უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ ტრადიციად ვერ მივიჩნევთ იმ წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ორი-სამი თაობის წინ ჩაინერგა ან ძალით ჩათესეს. ტრადიცია არის ის, რაც აკეთილშობილებს ერს, რაც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა, მიიღო და გააეკლესიურა ქრისტიანობამ.