ადამიანისთვის ადამიანობა ტვირთია - ადამიანმა ადამიანობა უნდა იტვირთოს
დღეს "კარიბჭის" მე-100 ნომერი გამოვიდა. ალბათ შემთხვევითი არ იყო, რომ ნომრის თემად ტვირთი ავირჩიეთ.
ნებისმიერი საღვთო საქმის აღსრულება ერთგვარი სულიერი ტვირთია - "კარიბჭის" კეთებაც ხომ საღვთო საქმეა, რომელიც მისმა ყოველმა თანამშრომელმა უნდა ვიტვირთოთ... ჟურნალის ამ ხნის მანძილზე განვლილი გზისა და ნომრის თემის შესახებ გვესაუბრება "კარიბჭის" კონსულტანტი, ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე:- დღეს, როდესაც "კარიბჭის" მე-100 ნომერი გამოვიდა, უნდა გავაანალიზოთ, რა გაკეთდა და კიდევ რა არის გასაკეთებელი.
გაკეთებით მართლაც ბევრი გაკეთდა: ჟურნალმა პოპულარობა მოიპოვა არა მხოლოდ ეკლესიურ, არაეკლესიურ წრეებშიც კი. "კარიბჭის" მეშვეობით მრავალი ადამიანი მორწმუნე გახდა, მრავალი მოვიდა ეკლესიის კარიბჭემდე. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: კარგად მოფიქრებული გეგმა საქმიანობისა (ჟურნალი საქართველოს ნებისმიერ კუთხემდე აღწევს), ცხადია, ხარისხი, პროფესიონალიზმი და, რაც მთავარია, საქმისადმი სწორი სულიერი დამოკიდებულება. ეს არის საღვთო საქმე, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვაკეთოთ. უფალი პირდაპირ გვავალდებულებს - იყავით ნათელი ამა სოფლისა და მარილი ამა სოფლისა.
"კარიბჭემ" ალბათ სამართლიანად დაიმკვიდრა პირველი ადგილი საეკლესიო ჟურნალებსა და პერიოდულ გამოცემებს შორის. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჟურნალი სრულყოფილია; მართალია, სულ უფრო უკეთესი და უკეთესი ხდება, მაგრამ სრულყოფილებამდე ძალიან ბევრი აკლია. შეცვლას და განახლებას საჭიროებს თუნდაც გარეკანის დიზაინი. შინაგანად კი მეტი ადგილი უნდა დავუთმოთ წმინდა მამებს, მათ ცხოვრებას, ნააზრევსა და თხზულებებს, რაც უკვე იგრძნობა, მაგრამ კიდევ მეტია საჭირო.
ვისურვებდი, "კარიბჭის" წერილები ყველა სულიერ სიმაღლეზე მდგომი ადამიანისთვის ყოფილიყოს მისაწვდომი. მასმედიამ ერი უნდა აღზარდოს, მხოლოდ ის კი არ მისცეს ერს, რასაც ის ითხოვს, არამედ ეცადოს, სულიერი მიანიჭოს, სულიერად აღზარდოს.
ქართველი ერი დღეს გაცილებით მაღალ სულიერ მდგომარეობაშია, ვიდრე თხუთმეტი წლის წინათ იყო. მაგრამ ძალიან შორს არ წავსულვართ. საჭიროა, ხალხი მეტად გაერკვეს მართლმადიდებლობის არსში. ამის გარეშე მხოლოდ რიტუალების აღმსრულებელი ერი ვიქნებით - გარეგნულად მივემსგავსებით ქრისტიანებს, არსით კი წარმართთა მსგავსნი დავრჩებით. არადა, ადამიანს მხოლოდ შინაგანი ქრისტიანობა აცხონებს. ეს როლი ჩვენმა ჟურნალმაც და სხვა რელიგიურმა გამოცემებმაც უნდა შეასრულონ.
"კარიბჭის" მთელ რედაქციას, ჟურნალში მომუშავე ყველა ადამიანს ვუსურვებ, ჭეშმარიტად ყოფილიყვნენ ნათელი და მარილი ამა სოფლისა. ნათელი ამა სოფლისა ალამაზებს და აცისკროვნებს სამყაროს, ადამიანს ღმერთთან მისასვლელ გზას უჩვენებს, ხოლო მარილი გახრწნისა და ზნეობრივი გადაგვარებისგან იცავს ერს.
- რამდენად მართებული იქნება, თუ ვიტყვით - განკაცებულმა უფალმა დაცემული კაცობრიობის ხსნა იტვირთა?
- ტვირთი ყოველთვის უკავშირდება რაღაც სიმძიმეს, ღვაწლს, ოფლსა და სისხლის დენას. ჩნდება კითხვა - როგორ შეიძლება, ღმერთმა რაიმე იტვირთოს, ის ხომ ყოვლისშემძლე არსებაა? უფლისთვის ძნელი არაფერია, როგორ შეიძლება, მისთვის რაიმე ძნელი იყოს? აქედან გამომდინარე, შესაძლოა ვიკითხოთ - რა ტვირთზეა საუბარი? როგორ შეიძლება, უფლისთვის რაიმე იყოს ტვირთი? მაგრამ ჩვენ ვიცით, რა გააკეთა უფალმა ჩვენთვის, ადამიანთა სიყვარულისთვის. მართლაც, რომ იტვირთა ადამიანი. თუ თავად არ იტვირთავდა, ღვაწლში არ იქნებოდა, არ დაიღლებოდა, ოფლსა და სისხლს არ დაღვრიდა, უფლის ადამიანისადმი სიყვარული ვერ იქნებოდა ტანჯვასთან თანაზიარი. თავგანწირვისა და ტანჯვის გარეშე კი სიყვარული სიყვარული აღარ არის. ღმერთი ადამიანის სიყვარულისთვის საოცარ რამეს სჩადის - სამყაროს შემოქმედი, პიროვნულად ღმერთი, ბუნებით ღმერთი ადამიანურ ბუნებასაც იღებს. როდესაც ადამიანურ ბუნებას ტკივილი ეხებოდა (მაცხოვარს გვერდი სტკიოდა თუ ხელი, ეკლის გვირგვინი ედგა და შუბლს უსერავდა, ღალატის გამო გული სტკიოდა, შიოდა თუ სწყუროდა), ადამიანურ განცდებს ყოველთვის ღმერთი იზიარებდა - ადამიანური ბუნების ტკივილი პიროვნულად ღმერთს სტკიოდა. ამიტომაც იტვირთა მან ჩვენი სიყვარული, ჩვენი ტკივილი, ჩვენი ცოდვა. ეს ძალიან ძნელი იყო.
ერთ ადგილს გავიხსენებ სახარებიდან. მაცხოვარს ეშმაკეულის განკურნებას სთხოვენ, ის კი ამბობს: "ჰოი, ნათესავი გულარძნილი და ურწმუნო, როდემდე უნდა ვიყო თქვენთან, როდემდე უნდა ვიდო თავს თქვენი უღმერთობანი?" აქ ჩანს, როგორ უჭირს უფალს ადამიანებთან ურთიერთობა, რადგან ვერავინ უგებს. თანშეზრდილ ძმებს, მართალი იოსების შვილებსაც კი არ სწამდათ იესო ქრისტესი - ის თავის ღვთაებრიობას არ ავლენდა, მის შინაგან სამყაროს კი ვერავინ ხედავდა, ვერავინ ჭვრეტდა. თვით მოციქულებმაც მიატოვეს. როდესაც გეთსემანიის ბაღში ლოცულობს, სტკივა, ისინი ვერც კი ფხიზლობენ...
აბა, როგორ არ იტვირთა? დღესაც არ ტვირთულობს ჩვენს მუდმივ ღალატს - სიტყვით, გულში, ქმედებით?..
- თავის მხრივ, ადამიანმაც ხომ უნდა აიღოს საკუთარი ხსნის ტვირთი? მაინც რა უნდა ვიტვირთოთ წუთისოფელში ღვთის წინაშე, რათა უფალთან მყოფობით დავტკბეთ, სულის ცხონება მოვიხვეჭოთ?
- ადამიანისთვის ადამიანობა უკვე ტვირთია - ადამიანმა ადამიანობა უნდა იტვირთოს. ცხოველისთვის ცხოველობა ტვირთი არ არის, ნებისმიერი ცხოველის ბუნება იმდენად სრულყოფილია, რომ მას არაფრის დამატება, განვითარება არ სჭირდება. ადამიანისთვის კი ადამიანობა ტვირთია, რადგან მისი ბუნება განვითარებადია. ადამიანი არის ხატი ღვთისა. გესმით, რას ნიშნავს ეს? - სამყაროს შემოქმედის, ყოვლისშემძლე არსების ხატია და უნდა გახდეს მსგავსი მისი. უფალი ხაზს უსვამს: იყავით თქვენ სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არსო. მაცხოვარი მოგვიწოდებს, რომ სრულყოფილებისკენ განუწყვეტლივ სწრაფვა, უსასრულო განვითარებაა საჭირო. ადამიანს ბოძებული აქვს ხატება ღვთისა, ის ვალდებულია, უსასრულობაში განვითარდეს. სრულყოფილებისკენ სწრაფვა არ უნდა დასრულდეს, ამაში მთელი ჩვენი სულიერი ძალა, ადამიანური რესურსები უნდა ჩავაქსოვოთ. აქედან გამომდინარე, წარმოიდგინეთ, რამხელა ტვირთია ადამიანობა. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა - თუკი კაცი სულიერად არ ცხოვრობს, უფლის სამსჯავროს წინაშე წარდგომისას პასუხისგება მოუწევს, რატომ არ იცხოვრა ღვთის ხატების შესაფერად და რატომ არ ისწრაფოდა ღვთის მსგავსებისაკენ. განა ეს ტვირთი არ არის? ტვირთია - შენში ცხოველობას აჯობო, ადამიანს ხომ ყველაფერი უბიძგებს იმისკენ, რომ ცხოველს დაემსგავსოს. და არა მარტო ცხოველობას, დაცემულ ბუნებასაც უნდა ვაჯობოთ, ჩვენ ხომ ადამის ბუნება გვაქვს. ადამი დასცილდა ღმერთს და ამით მისი ბუნება დაზიანდა, რაც მთელ კაცობრიობაზე გავრცელდა. დაცემული ბუნებით დავკარგეთ უნარი ღმერთთან მყოფობისა. ეს დაცემული ბუნება უაღრესად აგრესიული და დინამიურია, აზვირთებული ზღვის ტალღებივით მუდმივად ისწრაფვის, შეეწინააღმდეგოს ადამიანს. თუ პასიურნი ვიქნებით, თუნდაც გვსურდეს და ვცდილობდეთ კეთილშობილებას, დაცემული ბუნება ეშმაკის ჩარევის გარეშეც გადაგვჯეგავს. ადამიანი თავის დაცემულ ბუნებაზე მეტად აქტიური უნდა იყოს, რადგან დაცემული ბუნება ბოროტების მატარებელია. აგრესიას რომ აჯობო, ამას უდიდესი სულიერი ძალა სჭირდება.
- სულიერი ტვირთის ზიდვაში უფალიც ხომ შეგვეწევა, დახმარების ხელს გვიწვდის?
- ცხადია, უფალი შეგვეწევა, გვეხმარება, მაგრამ მაშინ, როცა ჩვენი რესურსები ამოიწურება, როცა ჩვენს სულიერ შესაძლებლობებს დავხარჯავთ. გავიხსენოთ იგავი ტალანტების შესახებ. ვისაც ხუთი ტალანტი მიეცა, ხუთი თვითონ უნდა მოემუშაკებინა - ღმერთი რასაც გაძლევს, შესაბამისი შენც უნდა მოიპოვო. როცა რესურსი ამოგეწურება, მხოლოდ მაშინ შეგეწევა უფალი. ამდენად, ადამიანის ტვირთი ძალზე მძიმეა.
დღეს ბევრს ლაპარაკობენ ადამიანის უფლებებზე, მაგრამ თუ დავაკვირდებით, არავინ ახსენებს ვალდებულებებს. როგორ, ადამიანს ვალდებულება არ აქვს? ოჯახში ქმარი თავის უფლებებზე საუბრობს, ცოლი - თავისაზე. მაგრამ ვალდებულებების გარეშე ოჯახი ხომ დაინგრევა? ასევეა საზოგადოებაშიც და მთელ სამყაროშიც.
თავისი ცხოვრების წესით ადამიანი შეიძლება იყოს სრული პირუტყვი, რომელიც მხოლოდ ხორციელი ცხოვრებით ცხოვრობს, ასევე სრული ეშმაკი - თუ სრულ ამპარტავნებაში, სიამაყესა და ეგოიზმში ჩავარდება. მაგრამ შეიძლება იყოს სრული ანგელოზიც - თუკი წმინდა და მართალი ცხოვრებით ცხოვრობს, წმინდანობის ხარისხს მიაღწევს.
საინტერესოა, რომელი ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული - წმინდანის, გაპირუტყვებულის თუ ეშმაკს მიმსგავსებულის? ყველას უფლებები ერთნაირად უნდა დავიცვათ? - ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ უფლებები, არამედ ვალდებულებები, რომელნიც ქრისტიანობას შეესაბამება. ეს ადამიანის ტვირთია. თუკი კაცმა იცის თავისი ვალდებულებები და ასრულებს მათ, ახლოსაა ღვთის მსგავსებასთან. ღვთის მსგავსებისკენ სწრაფვა კი უდიდესი პასუხისმგებლობაა, უდიდესი ღირსებაა, საფუძველი და ტვირთია ადამიანობისა.
- ღვთისგან ყველას გვეძლევა ჯვარი, რომელიც უნდა ვიტვირთოთ, უდრტვინველად ვზიდოთ. თუმცა ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ჩვენი ჯვარი მეტისმეტად მძიმეა, ზედმეტი ტვირთის ზიდვა გვიხდება...
- ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ. ერთ ადამიანს შეუძლია, 100 კილოგრამი ტვირთი ატაროს, მეორეს კი 40. მეტის ზიდვის ძალა არც ერთ მათგანს არ შესწევს. მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის, რადგან ერთს 101 კილოგრამის აწევა არ შეუძლია, მეორეს კი 41-ის. ასევეა ცხოვრებისეული ჯვარიც.
ჩვენი ხორციელი და სულიერი ანატომია ერთმანეთს ჰგავს - ყველას ერთი, ადამისგან წამოსული ბუნება გვაქვს, მაგრამ პიროვნულად ყოველი ადამიანი აბსოლუტურად უნიკალურია, პიროვნულად ორი ერთმანეთის მსგავსი ადამიანი არ არსებობს. შეიძლება ითქვას, თითოეული ჩვენგანი ცალკე აღებული სამყაროა. ყველა ადამიანისადმი უფლის განგებულებაც უნიკალური, განსხვავებულია. ღმერთი უსასრულო არსებაა და მისთვის სრულებით არ არის რთული, თითოეულ ადამიანს განსაკუთრებული განგებულებით მოექცეს. შესაძლოა, მოგვეჩვენოს, რომ ჯვარი უსამართლოდ მოგვეცა, მაგრამ ეს ასე არ არის. აქვე გეტყვით: როდესაც ადამიანს ცხოვრებისეული ჯვარი ემძიმება, ცდილობს, გაექცეს მას, ტვირთი კიდევ უფრო უმძიმდება.
ორ მაგალითს მოვიყვან. ქალს რამდენიმე შვილი ჰყავს. ღვთისგან კიდევ ერთი შვილი ეძლევა, მაგრამ თვლის, რომ მის აღზრდას ვეღარ იტვირთავს და მისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს - აბორტს იკეთებს. საკუთარი მცირედი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა - ვინც ეს ცოდვა ეკლესიის წიაღში ჩაიდინა, ყველას მეტად დაუმძიმდა ცხოვრება. ეს რომ სცოდნოდათ, ცხადია, ასე არ მოიქცეოდნენ.
მეორე მაგალითიც: არსებობს წესი გაუტკივარებისა, რომლის საშუალებითაც ქალი მშობიარობის ტკივილებს გაურბის. ქალმა შვილი ტკივილებით უნდა შობოს. ეს ღვთისგან ბოძებული ჯვარია, რომელიც ყველა დედამ უნდა იტვირთოს. ვინც ამ ჯვარს გაურბის და მოიცილებს, უთუოდ სხვაგვარად დაუმძიმდება ცხოვრება, დიდი პრობლემების წინაშე დადგება.
- უფალი ხომ ისეთ ჯვარს გვიბოძებს, როგორის ტვირთვასაც შევძლებთ...
- მოგახსენეთ, რომ ღმერთის დამოკიდებულება ყველა ადამიანის მიმართ უნიკალურია და, ამავე დროს, მამაშვილური. თითოეული ჩვენგანისთვის ღვთისგან ბოძებული ჯვარიც უნიკალურია და მამაშვილური სიყვარულით აღსავსე, იმისდა მიხედვით, ვის რა ესაჭიროება. ექიმი ზოგიერთ ავადმყოფს კურორტზე წასვლას უწერს, ზოგს ოპერაციას უნიშნავს, ზოგს კი სხვა სახის მკურნალობას, მაგრამ ხომ ვერ ვიტყვით, რომ მას ის ავადმყოფი უფრო უყვარს, რომელიც კურორტზე გაგზავნა? ექიმი ყოველთვის პროფესიონალიზმითა და ადამიანის სიყვარულით მოქმედებს. ასევეა ცხოვრებისეული ჯვარიც. შესაძლოა, მოგვეჩვენოს, რომ ერთს მძიმე ჯვარი ებოძა, სხვას კი მსუბუქი, მაგრამ სინამდვილეში ღვთისგან ყველას ის ჯვარი ეძლევა, რომელიც მას სჭირდება. ჯვარი იმიტომ გვეძლევა, რომ შევიმეცნოთ საკუთარი თავი და აქედან გამომდინარე გავაკეთოთ არჩევანი: რა გვსურს - გვინდა თუ არა ღმერთთან მყოფობა და მარადიული სიცოცხლე.
- როგორ ვატაროთ ჯვარი, რომ ღვთის წინაშე მართალნი ვიყოთ?
- უფლისგან ბოძებული ჯვარი მადლიერებით უნდა ვზიდოთ. გავიხსენოთ გოლგოთაზე ჯვარცმული ორი ავაზაკის მაგალითი. ორივე ერთნაირ მდგომარეობაში იყო, ორივეს ერთნაირად სტკიოდა, ორივე კვდებოდა, მაგრამ ერთი გმობდა ქრისტეს, მეორე კი ცოდვებს ინანიებდა და იესოში ღმერთს აღიარებდა. ერთი დაიღუპა, მეორე კი ცხონდა. გოლგოთაზე ჯვარცმული ორივე ავაზაკი სახეა ყოველი ადამიანისა. თითოეულ ჩვენგანს ჩვენ-ჩვენი ჯვარი გვაქვს - ამ ცხოვრებაში ყველანი, ავაზაკთა მსგავსად, ჯვარცმულნი ვართ. და არჩევანი ჩვენზეა - რომელ ავაზაკს მივემსგავსებით, მარცხნივ მყოფს თუ მარჯვნივ; ჩვენი უბედურებისა და ცოდვილობის მიზეზს საკუთარ თავში დავინახავთ თუ სხვაგან დავუწყებთ ძიებას, რაც ქრისტიანისთვის მიუღებელი საქციელია.
- ზოგიერთს ეკლესიური, ქრისტიანული წესით ცხოვრებაც - ლოცვა, წირვა-ლოცვაზე დასწრება, მარხვა... - ზედმეტ ტვირთად ეჩვენება...
- ქრისტიანული ცხოვრება მძიმეა, ის ტვირთია და ჯვარია, მაგრამ არაქრისტიანული ცხოვრება - უღმერთობა კატასტროფაა. რთულია უფლის მოწაფეობა, რადგან უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს, მაგრამ, სამაგიეროდ, ღმერთი სიყვარული, სიკეთე და ბედნიერებაა, მასთან ურთიერთობა სიყვარულითა და ბედნიერებით აღგვავსებს. უფალი ბრძანებს კიდეც: ტვირთი ჩემი სუბუქ არს და უღელი ჩემი ტკბილ არსო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, მართალია, ქრისტიანული ცხოვრება, ქრისტეს მოწაფეობა უღელია, ტვირთია, მაგრამ მსუბუქია და ტკბილი.
ჩვენ გვირაბში მყოფ ადამიანებს ვგავართ. იქ სიბნელე, სინესტე და ყოველგვარი უბედურებაა. მორწმუნეც და ურწმუნოც ერთნაირად იტანჯებიან, ერთნაირად ზრუნავენ. მათ შორის ერთადერთი განსხვავებაა: უღმერთო გვირაბის ბოლოს ვერაფერს ხედავს, მორწმუნე კი სინათლეს ჭვრეტს და ისიც იცის, იქამდე როგორ მივიდეს.
- გამოდის, ქრისტიანული ცხოვრება ზედმეტ ტვირთად მხოლოდ უღმერთო, უფლის რწმენისა და სიყვარულის გარეშე დარჩენილ კაცს მიაჩნია, რომელმაც არ იცის, რომ ასეთ ტვირთს მარადიული ნეტარება მოჰყვება.
- ქრისტიანული, ეკლესიური ცხოვრება მართლაც მისთვისაა ზედმეტი ტვირთი, ვინც ცხოვრების მიზანს ვერ ხედავს. ცხოვრების არსი კი მარადიული სიცოცხლის მოპოვებაა. თუ მიწიერ ცხოვრებაში ამ მიზანს ხედავ, მაშინ ქრისტიანული ცხოვრებაც ადვილი ხდება, ზედმეტ ტვირთად არ გეჩვენება. როდესაც დედას ბუნებრივი, დედობრივი ინსტინქტი აქვს, მისთვის შვილის გაჩენა და მოვლა იოლია, სიხარულს ჰგვრის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვილს განსაკუთრებული მოვლა და მზრუნველობა სჭირდება, მაგრამ როდესაც ქალში დედობრივი ინსტინქტი ჩამკვდარია, ეს ყოველივე მძიმე ტვირთად ექცევა. როგორც მოსიყვარულე დედას ახარებს ჩვილის მოვლა, გამოკვება, მისთვის ღამის გატეხა, ასევე ანიჭებს ღვთის მოყვარულ ადამიანს სულიერ სიხარულსა და ბედნიერებას ქრისტიანული ცხოვრება - დილით ადრე წამოდგომა, წირვაზე დასწრება, ლოცვა, მარხვა...
- ისეთი ადამიანებიც ხომ არსებობენ, რომელთაც სურთ, იტვირთონ ქრისტიანული ცხოვრება, იტვირთონ ღვთისგან ბოძებული ჯვარი, მაგრამ ვერ ახერხებენ. რა არის ამის მიზეზი?
- სურვილის აღსასრულებლად ნებისყოფაა საჭირო, მხოლოდ სურვილი შედეგს ვერ მოგვიტანს. როდესაც შენი ცხოვრების მიზანი ღმერთთან ყოფნაა და ამ საქმეში ნებელობაც ჩაერთვება, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიაღწევ მიზანს.
- შესაძლებელია თუ არა, კაცმა იმაზე მეტი ღვაწლი იტვირთოს, რაც მის სულიერ ძალებს აღემატება?
- ეს შეუძლებელია. მაგრამ არის არასწორი სწავლება: დავუშვათ, ადამიანს ცხონებისთვის ხუთი ერთეული სჭირდება, მან კი რვა მოაგროვა - სათნოდ ცხოვრობს, წმინდანობის ხარისხს მიაღწია, მან ხომ იმაზე მეტი ღვაწლი იტვირთა, რაც მისი ცხონებისთვის იყო საჭირო, ახლა კი შეუძლია, სხვებსაც გაუნაწილოს. ასეთ სწავლებას ქრისტიანობა არ ცნობს. უფალი საგანგებოდ აღნიშნავს, რამხელა ღვაწლიც უნდა გვქონდეს, თავისთავად ვერ ვცხონდებით, სასუფეველში ვერ შევალთ, რადგან არა გვაქვს უნარი ღმერთთან ყოფნისა. ადამიანს ღმერთი აცხონებს.
კაცის სიწმინდის ხარისხი საკუთარი დაცემულობის ჭვრეტაში ვლინდება - რაც უფრო უკეთ დაინახავ, რომ შორს ხარ უფლისგან, მით მეტი ხარისხი გაქვს წმინდანობისა. ამიტომაც იყო, რომ წმინდა მამები განუწყვეტლივ ევედრებოდნენ უფალს ცოდვათა მიტევებას. მათი ცხოვრებისა და ლოცვების კითხვისას გაგვაოცებს მამათა გლოვა და ტირილი თავიანთ ცოდვათა გამო.
- ქრისტიანის უმთავრესი მოვალეობა ლოცვაა, მაგრამ ჩვენი ლოცვა ღვთის წინაშე მართალი უნდა იყოს. ესეც ხომ ერთგვარი ტვირთია?
- ადამიანის ქრისტიანობა ლოცვაში ვლინდება, მაგრამ უმთავრესია, რამდენად ხარისხიანია ჩვენი ლოცვა, რამდენად ვეძიებთ ლოცვაში სიმდაბლეს, რამდენად ვისწრაფვით სიმდაბლისკენ. არც ერთ ქრისტიანულ ღვაწლში, მათ შორის - არც ლოცვაში, არ შეიძლება ნიჭების, სიხარულისა თუ სხვა მადლიანი გამოვლინებების ძიება. იესო მხსნელს ნიშნავს. ქრისტიანი აცნობიერებს, რომ დაცემული ბუნება აქვს, იღუპება და მხსნელს ეძებს, ამიტომ ნებისმიერ ქრისტიანულ ღვაწლში, ცხადია, ლოცვაშიც, საკუთარ დაცემულობას უნდა ვეძებდეთ. თუ ასე არ ხდება და ლოცვისას ნეტარებას ვეძებთ - ეს ხიბლის ნიშანია. სიხარული ლოცვის დროსაც გვეძლევა, მას ზიარება თუ სხვა სულიერი ღვაწლიც გვანიჭებს, მაგრამ ეს ღვთის საჩუქარია. თუ სიხარულისა და ნეტარების ძიებას ვიწყებთ, ვერ ვაცნობიერებთ, რომ ვიღუპებით.
- სულიერი მოძღვრის ტვირთზე რას გვეტყვით?
- მღვდლობის ხარისხში ყოფნა არ კმარა, რომ სულიერი მოძღვარი გახდე; მოძღვარმა სამღვდელო ხარისხის მიღებისას ბოძებული მადლის გარდა მოძღვრობის მადლიც უნდა მიიღოს, რაც მღვდლობის საიდუმლოს აღსრულებისას ჩანასახის მდგომარეობაში ეძლევა. მღვდელმა ძალიან ბევრი უნდა იღვაწოს სულიერად, რომ ეს მადლი გაზარდოს. თუ მოძღვრობის მადლს არ მოიხვეჭს, მასთან მისულ ადამიანებს ვერ დამოძღვრავს, ვერავითარ სულიერ სარგებელს ვერ შესძენს. დავუშვათ, კაცი მღვდელთან ლოცვის სასწავლად მიდის, ის კი, თუ თვითონ არ იცის, არ უსწავლია ლოცვა, ცხადია, სხვას ვერაფერს ასწავლის, ვერ გაიგებს, რა შეცდომებს უშვებს ადამიანი.
მახსოვს, ერთხელ პატრიარქთან ვიყავით. ერთ-ერთ ადამიანზე უთხრეს, მღვდლობა უნდაო. მღვდლობა უნდა? - იკითხა პატრიარქმა. შემდეგ კი დასძინა: მღვდლობა - ეს არის ცხოვრება სხვებისთვისო. მღვდლობა მძიმე ჯვარია, მან არა მხოლოდ საკუთარი თავის, სხვების ცხონებაზეც უნდა იზრუნოს. მიუხედავად ამისა, მღვდლობა ტკბილი ტვირთია, რადგან ღვთის ხატი ხარ და უფლის საქმეს აღასრულებ. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, თუმცა სიხარულსაც განიჭებს.
- რატომ გაურბოდნენ წმინდა მამები მღვდლობის ტვირთს?
- მღვდლობას ძირითადად ბერები გაურბოდნენ. ჩნდება კითხვა - ბერული ცხოვრებით მცხოვრებ კაცს რაში სჭირდება მღვდლობა? ბერს მაქსიმუმი აქვს - მან სრულად მიუძღვნა თავი უფალს, და თუ კიდევ რაღაცას ეძებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბერობაში ღმერთი ვერ იპოვა, არასწორი სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს; უფალს კი არა, ხარისხს, თანამდებობას ეძებს. ამიტომაც იყო, რომ ბერები არასოდეს ცდილობდნენ მღვდლობის ხარისხის მოპოვებას; მათ აძალებდნენ, ეს ხარისხი მიეღოთ.
ყველა მღვდელს ენატრება უფალთან განმარტოება, მაგრამ ამაში მღვდლობა ეხმარება და თან ხელსაც უშლის. თუკი ბერს დიდ სქემაში შემოსავდნენ, ეპისკოპოსიც რომ ყოფილიყო, ეპისკოპოსობის უფლება აღარ ჰქონდა, რადგან უფალთან განმარტოება იმდენად აღმატებული რამაა, ნებისმიერი კეთილი ღვაწლი, ეპისკოპოსობაც კი, ხელის შემშლელი ხდება.
- სარწმუნოება ურთიერთის სიყვარულისა და სიმძიმილის ტვირთვასაც გვავალდებულებს...
- ჩვენ უფლის სიყვარულსა და ერთგულებას მოყვასის სიყვარულითა და ერთგულებით ვსწავლობთ. იმ ჯარისკაცებმა, რომლებიც უფალს სცემდნენ, აბუჩად იგდებდნენ, დასცინოდნენ, შეურაცხყოფდნენ, იცოდნენ, რომ მათ წინაშე სამყაროს შემოქმედი იდგა? არ იცოდნენ. მაცხოვარი ჩვეულებრივი დამნაშავე ტყვე ეგონათ. ამით მათი დანაშაული მცირდება? ცხადია, არა. როდესაც მოყვასს უკეთურად ექცევი - უფალს შეურაცხყოფ; როდესაც სუსტისადმი სისასტიკეს იჩენ - ღმერთის მკვლელი ხარ. როდესაც მოყვასის ტკივილი არ გტკივა, სიხარული არ გიხარია - სიყვარული არ გაქვს, ძალა არ შეგწევს, სხვისი ტკივილი თუ სიხარული საკუთარის მსგავსად განიცადო, გაიზიარო. როცა ამას ცხადად დაინახავ, დაფიქრდები, მიხვდები, რომ შორს ხარ მოყვასის და ე.ი. უფლის სიყვარულისგან.
ჩვენ საკუთარ თავს სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში შევიმეცნებთ. საკუთარი უსუსურობისა და უძლურების დანახვაში სხვებთან ურთიერთობა გვეხმარება. ეს ცხონებაშიც შეგვეწევა - თუკი აღმოვაჩენთ, რომ ეს ცოდვილი ჩვევები ჩვენშია, უფალს ვუხმობთ შემწედ, მათთან ბრძოლაში დახმარებას ვთხოვთ. ღვთის შეწევნით კი ნებისმიერ უძლურებას ვძლევთ, მოყვასის სიყვარულსაც ვისწავლით და სულის ცხონებასაც შევძლებთ.