არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი წერს: "არაფერია მონაზვნობაზე გამორჩეული. მონაზვნობა განღმრთობას ნიშნავს, ორმხრივ - ხორციელ და სულიერ სიწმინდეს, ღმერთთან თანაზიარობას. მონაზვნობა ადამიანში არსებული ღვთის სასუფევლის შეცნობა, შეგნება და აღმოჩენაა. "ვინ არს ბრძენ და გულისხმაჰყოს ესე?" ვინც არის ჭეშმარიტად კეთილგონიერი და შეიცნო, რომ მონაზვნობაში ღვთის განსაკუთრებული მადლი - განღმრთობა და სიწმინდეა; სოფლის, საკუთარი ნების, თავისუფლების დატოვებით მოვიდა და შეუდგა მონაზვნურ ცხოვრებას. გამუდმებული ძიებითა და ბრძოლით იპოვა იესო და ვნებათაგან განთავისუფლებული ვნებებზე გამეფდა.
მონაზვნობის გარეშე ვერავინ აღწევს უვნებობას. მღვიძარების, თავშეკავებისა და განუწყვეტელი ლოცვის გარეშე ვერავინ განიწმენდს გონებას. მონაზვნობის გარეშე ვერავინ აღიტაცება ჭვრეტაში. ისე ვერავინ მიუახლოვდება და შეერწყმება იესოს, როგორც ის, ვინც არ მიატოვებს და მის გვერდით დარჩება, მაშინ იგი ნეტარების ღირსი გახდება: "ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაი ღმრთისაი".
ადამიანი სულიერი ბრძოლისა და ღვაწლისთვისაა მოწოდებული, რომლის დროსაც მისი მოკავშირე ღმერთია და თანაშემწე - მოძღვარი.
ადამიანის მონაზვნური ცხოვრებისკენ მოწოდება ღვთის დიდი მადლის გამოვლინებაა და აქ უმეტესი მადლი სულიერი მეგზურის პოვნაა. წინამძღოლის პოვნა ღვთის განსაკუთრებული წყალობაა, რადგან მორჩილის წარმატება თუ წარუმატებლობა მასზე იქნება დამოკიდებული.
როცა თავს დაიმდაბლებ, ყველა წმინდანად მოგეჩვენება. როცა კმაყოფილი ხარ შენი თავით, ყველა უკუღმართი და ცუდია.
არაფერი ეჯავრება ღმერთს ისე, როგორც უკანონო, ტკბობას მიცემული სხეულის უწმინდურება. ადამიანი, რომელიც არაწმინდა გულის სიტყვებთან მრუშობს, მკვდარი ძაღლივით ყარს. ენდეთ ჩემს სიტყვებს. ის, რაც აქამდე მოგწერეთ, გამოცადეთ და საქმით დარწმუნდით, რომ გამოცდილებით მიღებულ ჭეშმარიტებას გეუბნებით. ეშმაკები ვერასდროს შეძლებენ ადამიანის მოხიბვლას იქ, სადაც მორჩილება, სიმდაბლე და ბრძოლაა. სისასტიკე, ურჩობა და ამპარტავნება გულგატეხილობასა და უდებებას ბადებს და მაშინ მოდიან ეშმაკები და ადამიანის სულს ნეხვის გროვად და გომურად გადააქცევენ. არ წყნარდებიან, სანამ მას, ახალ და ძველ ცოდვებში დამნაშავედ ქცეულს, საბოლოოდ არ დაიმონებენ. ასე რომ, შვილო, სხვა დების მსგავსად, აიძულე თავი, რადგან თუ უდებებაში იქნებით, დიდი ჭირი გეწევათ, მაგრამ თუ თავს აიძულებთ, სამუდამოდ გადარჩებით, კეთილსურნელოვან საკმევლად და ძვირფას მირონად იქცევით, ჭეშმარიტად უფლისთვის სათნო სიტყვიერი მსხვერპლი გახდებით".
მადლობა ღმერთს, ჩვენს დროშიც არიან ისეთი ბერ-მონაზვნები, რომლებიც თავიანთი მდუმარე მოღვაწეობით და დაუშრეტელი მოსაგრეობით ცხოვრობენ წუთისოფელში. ხშირად ადამიანის თვალისთვისაც შეუმჩნევლად მსახურობენ. თუმცა იციან, რომ ამ ყველაფერს, არა სხვისთვის დასანახად, არამედ ღვთისთვის აკეთებენ. სოფელ ბრეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი) მართლაც ღვთისგან რჩეული ადამიანია. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, მამა ზაბულონი ბრეთის დედათა მონასტერს და ქარმელის მამათა მონასტერს წინამძღვრობს.
- ქარმელის მონასტერი ახლა ყალიბდება, - მიამბობს მამა ზაბულონი, - ქარმელი ძამის ხეობაში მეუფე იობმა 2006 წელს, ერთ-ერთი მსვლელობის დროს აღმოაჩინა და იქ მონასტრის დაარსება გადაწყვიტა. მეუფის ლოცვა-კურთხევით, მისი კეთილმოწყობა მე დამევალა. ღვთის შეწევნით, დღეს უკვე წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარია. მონასტერში სამი ბერი ცხოვრობს. ზაფხულისთვის ვფიქრობთ კელიების მოწესრიგებას.
მეუფის ლოცვა-კურთხევით ვაპირებთ ღია ტრაპეზის მოწყობას. 14 სექტემბერი ღვთისმშობლის საფარველის ხსენების დღეა, თან საეკლესიო ახალი წელია. ამ დღეს იქ შევიკრიბებით და ღია ტრაპეზზე წირვა-ლოცვას აღვავლენთ.
- მამაო, როგორ უნდა მოღვაწეობდეს და მოსაგრეობდეს ბერ-მონაზონი?
- მონაზონი განმარტოებით მცხოვრებს ნიშნავს, რომელსაც სურვილი აქვს, თავისი ცხოვრება ღმერთს შესწიროს. ტოვებს ახლობლებს, იმ ადამიანებს, ვისთანაც ჰქონდა ერში ურთიერთობა. მიაშურებს მონასტერს და იქ წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით იწყებს მოღვაწეობას.
მოღვაწეობა, პირველ რიგში, მორჩილებაში გამოიხატება. ახალმისული მონასტერში უნდა გამოიწვრთნას მორჩილებაში. სჯულის კანონში მითითებულია, რომ მორჩილება სამი წლის განმავლობაში უნდა სრულდებოდეს. შემდეგ მოხდეს ბერად აღკვეცა. თუ მორჩილი ამ გამოცდებს მონასტრის წინამძღვრისა და მოძღვრის შეხედულებებით ჩააბარებს, აღკვეცავენ და იქნება ძმობის წევრი. შემდეგ იწყებს ღვთისთვის ცხოვრებას იმ წესებითა და კანონებით, რა წესიც მონასტერში სრულდება.
- რას მოითხოვს მონასტრული ცხოვრება?
- პირველ რიგში თავდადებას, მორჩილებას. აღკვეცის დროს აღთქმა იდება, რომ ის ადამიანი მორჩილი იქნება და არ დატოვებს მონასტერს. მერე უკვე იწყებს მოღვაწეობას თავისი ნიჭების მიხედვით. ერთი პატერიკი მახსენდება. მონასტრის წევრს ტრაპეზარის მორჩილება ჰქონდა და წირვა-ლოცვასაც არ ესწრებოდა. ერთხელ ტაძარში შევიდა. როცა მღვდელი დიდი გამოსვლის დროს ბარძიმით გამოვიდა, მან იხილა ქრისტე ამ მოძღვრის სახით. წირვის შემდეგ წინამძღვარს უთხრა, ტრაპეზს არ გავაკეთებ, რადგან წირვაზე რომ ვიყავი, მსახურების დროს უფალი ვიხილე. თქვენ ტაძარში წირავთ და მე კი მხოლოდ ტრაპეზს ვაკეთებო. წინამძღვარმა უპასუხა, - უფალი შენმა მორჩილებამ განახაო. ბერისთვის მთავარი მორჩილებაა. მორჩილი ადამიანი ეშმაკის მახეებისგან დაცულია. შეიძლება მლოცველს საფრთხე შეექმნას არასწორი ლოცვით, რადგან ლოცვას სწავლა უნდა. ვინც ლოცვას კითხულობს, შეიძლება ყველა მლოცველი არაა. ლოცვა დიდი სათნოებაა. ლოცვას სათნოებების დედოფალს უწოდებენ. მაგრამ ეს მოძღვრის ხელმძღვანელობით უნდა ხდებოდეს. მორჩილება შეგძენს თავმდაბლობას, თავმდაბლობა კი სიყვარულს. მორჩილებით ლოცვაც და ნებისმიერი ღვაწლიც შეიწირება. მორჩილებაა საფუძველი ყოველგვარი სიკეთისა. შეიძლება ადამიანი ლოცულობდეს, დღე და ღამეს ათენებდეს, მაგრამ მორჩილება არ ჰქონდეს. ნურავინ იფიქრებს, რომ მის ლოცვას შეისმენს უფალი.
მორჩილება მოწამეობას უდრის, მორჩილებით აღსრულებული ყოველი საქმე მოწამეობაა. საკუთარი ნების წინააღმდეგ გიხდება მოღვაწეობა. სულიერი ბრძოლაა, აკეთებ იმას, რისი გაკეთებაც არ გსურს. აქ არის ზუსტად სიბრძნე მორჩილებისა. აკეთებ იმას, რაც ღმერთს უნდა და არა - შენ. წმინდა მამებს სამ ეტაპად აქვთ დაყოფილი მორჩილების ხარისხი. პირველი საფეხურია - არ ემორჩილები ლოცვა-კურთხევას, მაგრამ გარეგნულად მაინც აკეთებ, მეორე - ნაწილობრივ ემორჩილები, მესამე კი სრული მორჩილებაა. უდრტვინველ მორჩილებასაც მიღწევა უნდა. ასეთი ცხოვრებით ღმერთთან უფრო ახლოს მიხვალ.
წმინდანთა ცხოვრებიდან პირველად ათანასე ალექსანდრიელის ცხოვრება წავიკითხე. ცხონებული მამა შიო (ხარძეიშვილი) და მე თანასოფლელები ვართ. როცა ერთმანეთს შევხვდებოდით, განვმარტოვდებოდით ხოლმე. ის იმ წმინდანთა ცხოვრებას მიყვებოდა, რაც წაკითხული ჰქონდა. მაშინ ბავშვები ვიყავით. მე წმინდა ათანასეს ცხოვრებას ვუამბობდი. ბევრ რამეზე ვსაუბრობდით, მაგრამ განსაკუთრებით ეს დამამახსოვრდა.
წმინდა ათანასეს ცხოვრებაში ნათქვამია: "ათანასე მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ და მთელი მსოფლო ათანასეს წინააღმდეგ". ძალიან მიხარია, რომ მისი სახელობის ტაძარი აშენდა. მისი სახელობის მონასტერია ძამის ხეობაში. მისი წინამძღვარია მამა ისიდორე.
ათანასეს სიტყვებია: - "ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რაც ყველაფერია ჩვენთვის". ეს ყველაფერი - მართალი სარწმუნოებაა, მართლმადიდებლობაა. ამ ადამიანებმა საკუთარი თავი შესწირეს ქრისტეს. წმინდა ვახტანგ გორგასალი ამბობს, - "ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს". ღმერთმა მოგვცეს ძალა, ქრისტესთვის ვიცხოვროთ. ჩვენ ხომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და ალბათ პირველ რიგში გვმართებს ღმერთისთვის ცხოვრება.
წინასწარმეტყველებაც არის, რომ საქართველო ბოლო ჟამს გაბრწყინდება. გაბრწყინდება ალბათ სულიერებით. ინებოს უფალმა, რომ ყველა ქართველი ეკლესიის მრევლი გახდეს, უცხოეთში მყოფი ქართველობა დაბრუნდეს, პატიმრები გათავისუფლდნენ. ბევრმა შეცვალა ცხოვრების წესი, უკვე ქრისტიანულად აზროვნებენ. ღმერთმა მოგვხედოს!
***
მონაზონ ნეონილას თქმით, მონასტერში ადამიანი თავის ნიჭებს ღვთის მსახურებაში აქსოვს. მონაზვნის მოსაგრეობა პირველ რიგში საკუთარი თავის უარყოფაა და მოყვასისთვის თავის დადება. ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე ებრძვის საკუთარ თავს, მუდამ ვნებებთან ბრძოლაშია. სადაც მორჩილება არ არის, იქ ეშმაკია ჩარეული. წმინდა მამები ამბობენ: მორჩილებით, ლოცვით, თავმდაბლობით მივუახლოვდებით ღმერთსო. მორჩილება თავის უარყოფაა და დიდი ღვაწლიცაა. წმინდა მამები გვასწავლიან, ყველას შემწყნარებლები იყავით, ოღონდ ურჩის არაო. თუ მორჩილებას არ ასრულებს ადამიანი, არ უნდა ცხოვრობდეს მონასტერში.მონაზონმა თომაიდამ კი საუბარში ახსენა, რომ მონასტრებში დაცემაც არის და ადგომაც. როცა ადამიანი დაეცემა, სასოწარკვეთილებაში კი არ უნდა ჩავარდეს, არამედ ღმერთს მინდობილი, მადლობას სწირავდეს ყველაფრისთვის. მუდამ ნეტარებაში ვერ იქნები. განსაცდელი მაინც მოდის მონასტერში. ზოგჯერ შეიძლება უსიყვარულობაც მოგეჩვენოს, მაგრამ ხედავ, რომ ეს ასე არაა. ადამიანი ღვთის სიყვარულმა უნდა წაიყვანოს მონასტერში, ან ცოდვების მიტევების სურვილმა. მე სულის სახსნელად და თავის უფლისთვის მისაძღვნელად მოვედი მონასტერში. ვფიქრობ, ამ გზით მივიყვან ჩემს სულს სასუფევლამდე. ვცდილობ, ვიცხოვრო მორჩილებით, შევიძლო სიყვარული და ჩემი მოკრძალებული მოსაგრეობით უფალს ასე ვემსახურო.