ბერი იოსებ ათონელი წიგნში, "მონაზვნური გამოცდილების გადმოცემის შესახებ", წერს: "ნებისმიერი შეცდომის დაშვებისას სინანულით ადამიანს მიეტევება ცოდვა, მაგრამ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე რჩება მის შესახებ წარმოდგენა და როცა ოდნავ ჩათვლემს, მოდუნდება, ცხადად თუ ძილში ისევ ეცხადება ეს ყველაფერი, გულისსიტყვა რომ შეუბილწოს, პასუხისმგებლობა დააკისროს ძველ ცოდვაზე ან გონება მაინც გაუფანტოს.
ვერ ხედავ დავით წინასწარმეტყველს, როცა ნათანი მას ბერსაბეს გამო ამხელს? ის ღაღადებს: "ვცოდე წინაშე უფლისა!" ხოლო წინასწარმეტყველი ეუბნება: "და უფალმანცა მიგეტევნა ცოდვანი შენნი". მას მაშინვე მიეტევა, მაგრამ ამის გამო ცხოვრების ბოლომდე იხდიდა სასჯელს.
ჯერ ბერსაბეს ნაშობი შვილი დაიღუპა, შემდეგ მისმა პირმშომ შესცოდა მის ასულ თამართან, თავად დავითს კი შვილი, აბესალომი დევნიდა... და ეს ყველაფერი შენდობის შემდეგ მოხდა. როგორც ხედავ, ცოდვა მიეტევება, მაგრამ რჩება დაცემის შესაბამისი ეპიტიმია.
გახსოვს წმინდა თეოდორა ალექსანდრიელი, რომელიც ბერივით ცხოვრობდა? შესცოდა, გაიქცა, შეინანა, განიწმინდა, მაგრამ მრუშობისთვის ეპიტიმია არ დადებია. როცა ტყუილუბრალოდ დაადანაშაულეს და გააძევეს, სხვისი შვილი გაზარდა. მარტო მან იცოდა, რისთვის სწამებდნენ ცილს. ხოლო დიდი ეფრემ ასური საპყრობილეში ჩასვეს ვითომ ხბოს მოპარვისთვის, თუმცა კი წმინდა იყო. "მართალია, - უთხრა უფალმა, - ახლა არ მოგიპარავს, მაგრამ ბავშვობაში ხბო არ გამოხსენი და ის ნადირმა შეჭამა".
ამრიგად, თუმცა ადამიანს მიეტევება ცოდვა, მაგრამ წარმოდგენა შეცოდებაზე და ამ წარმოდგენის მოქმედება რჩება.
და რადგან შენ ბოლო ხანებში გაზარმაცდი, ღვთის დაშვებით, მოსაფხიზლებლად მაცდური შემოგიჩნდა. ამიტომ აღდექი და შეჰღაღადე: "ძეო დავითისაო, მსურს, რაითა აღვიხილნე თვალნი!" და აი, შენს გვერდით ნათლისმომცემელი იესოა, რომელიც სინანულისა და ღვთაებრივი ცოდნის ნათელს განიჭებს.
ამრიგად, შვილო, წარსულზე არ ვდარდობ, არამედ მომავლის გამო ვხარობ. რადგან უმცირესი უმჯობესისგან იკურთხება და ცოდვა, მცირე თუ დიდი, ჭეშმარიტი სინანულით განქარდება, ამიტომ ნუ უყურებ მას, რაც უკანაა, რაც წინაა იმას მისწვდი.
ძალიან მიხარია, რომ შეცნობა გინდა, შვილო, ეს კარგი ნიშანია: როცა ვინმეს შემეცნება უნდა, რაღაცას მიაღწევს, სხვანაირად არ ხდება. და თუ ვერ შეძლებს, ის მაინც ეცოდინება, რომ სხვები აკეთებენ ამას. თავის მაყვედრებელი მდაბლდება, განსამტკიცებლად ღმერთს სთხოვს წყალობას და ასეთი გზით აღწევს სათნოებაში წარმატებულთა ხარისხს.
ყოველთვის, როცა ცდები, მოინანიე, დრო არ დაკარგო, რადგან შენდობის თხოვნის გადადებით მაცდურს შენში ფესვების გადგმის საშუალებას აძლევ... დაცემისას იმედი არ გადაიწურო, მზადყოფნით წამოდექი, მეტანია გააკეთე და თქვი: "შემინდე, ჩემო ქრისტე, ადამიანი ვარ და უძლური". რამდენჯერაც დაეცემი, ადექი და მაშინვე შენდობა ითხოვე, სევდას გულში ნუ ჩაიხვევ, რადგან მაცდურს ახარებს დარდი და გულგატეხილობა, რაც ბევრ სხვას, სულის ნაღვლით ამავსებელს აღმოაცენებს მაშინ, როდესაც მონანულის განწყობა მეტყველებს: "მამაო, ვცოდე, შემინდე!" და ასე განაქარვებს ნაღველს".
***
სინანულის შესახებ ჩვენი დროის ბერ-მონაზვნები გვესაუბრებიან. ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი მარიამი (ჯაფარიძე):
- სინანულის გზით ადამიანი უფალს უკეთესად უახლოვდება. სინანულის ხმით ვეძახით მაცხოვარს და ვუბრუნდებით კვლავ უფალს. სინანული ადამიანის შინაგანი განცდაა და საოცარი ტკივილია, შეიძლება გამუდმებით ამაზე არ ფიქრობდე (თუმცა უმჯობესია, ასე იყოს), მაგრამ მუდამ ამ განცდაში უნდა გრძნობდე თავს და ყველაფერს თავის სახელს არქმევდე. ღმერთთან კავშირში თუ რაიმე ვნება გაბრკოლებს, ყოველივე მოიკვეთე და მონანული წარდექი ღვთის წინაშე. მონანული აუცილებლად იძენს თავმდაბლობას, გულის შემუსვრილებას. რაც უფრო ძლიერი სინანული აქვს ადამიანს, მით უდიდესი სიხარულის განცდა შემოდის მის სულსა და გულში. ხოლო რაც უფრო დიდია ტკივილი, მით მეტია აღდგომის სიხარულის განცდაც. მგონია, რომ რელიგიური ცხოვრების დასაწყისი სინანულის გრძნობასთან არის დაკავშირებული, რაც ეკლესიური ცხოვრების განმავლობაში განსაკუთრებით ძლიერდება. ოდნავადაც რომ შემცირდეს, ეს ნიშნავს, რომ შემცირდეს ჩვენი რელიგიური ცხოვრება. როცა ადამიანში ღვთის განცდა შემოდის, მასში სინდისის გრძნობა უფრო ძლიერდება. თუკი მონასტრულ ცხოვრებაზე ფიქრობს, ჩანს, მასში ძლიერად შემოვიდა სინანულის განცდა. ცხადია, ჩვენი ცოდვების მცირე ნაწილს ვხედავთ, მაგრამ რაც მეტი ნათელი შემოდის ჩვენში, მეტ ცოდვას ვხედავთ. შინაგანი ცხოვრების გამოცდილება, ჩვენი განწმენდის პროცესი ჩვენში უფრო მეტ ცოდვას დაგვანახებს. შინაგანად რაც უფრო განიწმინდება ადამიანი, უფრო მეტ ცოდვას ხედავს საკუთარ თავში. სინანულში მყოფი მუდამ თავმდაბალია და არ არის იმგვარად განწყობილი, რომ მოყვასში რაიმე ცუდი დაინახოს. ღმერთმა მოგვცეს "განცდა თვისთა ცოდვათა.
არმაზის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი იოანე (კიზირია):
- "ადამიანი ჯერ გონებით ინანიებს საკუთარ ცოდვებს, მერე თანდათანობით ხდება მისი სრული განწმენდა, მრავალი წლის შრომის შემდეგ კი ჭეშმარიტი სინანული უჩნდება. თუკი ადამიანი გონებით ჭეშმარიტად ინანიებს ჩადენილ ცოდვებს და არ მალავს აღსარებაში, ის აღწევს ამგვარ სინანულს. თუ საკუთარ ცოდვებს ინანიებს და აქვს ამ ყველაფრის მიმართ უზომოდ დიდი განცდა, თვალცრემლიანი ამბობს: "ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე". მონანული სხვის განკითხვას კი არ შეუდგება, მუდამ საკუთარი ცოდვების გამოსწორებაზე ზრუნავს. თუ ადამიანი სინანულშია, მოყვასს არასდროს განიკითხავს, თუ არადა, მისი ბაგეები მუდამ განმკითხველი იქნება. ხშირად აღსარებაში ადამიანები სხვის განკითხვას მოჰყვებიან ხოლმე, ამით შეატყობ, რომ ეს პიროვნება არ არის სინანულში და მისგან ჯერ შორსაა სინანულის განცდა. გონებით ამბობს რაღაც ცოდვებს, მაგრამ ჭეშმარიტი სინანულისთვის ვერ მიუღწევია. მარხვაც იმიტომ არის საჭირო, რომ სხეული მოვაუძლუროთ. როდესაც სხეული უძლურდება, სული ძლიერდება. სული თუ ძლიერდება, ადამიანი ლოცვას იწყებს.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.