სანიმუშო მეუღლე
ბიზანტიის იმპერატორ თეოდოსი დიდის მეუღლე ფლაკილა ძველ ელინთა სამეფო გვარს ეკუთვნოდა, თავის წინაპრად იმპერატორ ანდრიანეს თვლიდა და დიდად ამაყობდა ამით.
მაგრამ სულ სხვა რამ განამხიარულებდა მის სულს ჭეშმარიტი სიხარულით - სათნოყოფა, ნუგეშისცემა მოყვასისა. არ იყო კონსტანტინოპოლში ღარიბი ოჯახი, წელიწადში რამდენჯერმე რომ არ მოენახულებინა და არ დახმარებოდა. ამ საქმისთვის საგანგებოდ გამორჩეულ პატიოსან და ღვთისმოშიშ ადამიანებს დაავალა, როცა ვინმეს უბედურება შეემთხვეოდა, მყისვე ეცნობებინათ მისთვის. ქვრივები, ობლები, ომში დაღუპულთა ცოლ-შვილი, ავადმყოფები, ლოგინად ჩავარდნილები, თვით ის დამნაშავენიც კი, რომელთაც ბოროტი განზრახვით არ ჩაუდენიათ დანაშაული, ფლაკილას "ოჯახად" იქცნენ, რომელზეც დედასავით ზრუნავდა ეს დალოცვილი ქალი. ხშირად მოინახულებდა ხოლმე სნეულთა თავშესაფარს, დავრდომილთ თავისი ხელით აჭმევდა, ასმევდა წამალს, უცქერდა, როგორ უხვევდნენ ჭრილობებს... როცა ეუბნებოდნენ, ხომ არსებობს სხვა საქმეებიც, არანაკლებ სათნო ღვთისა, შენთვის კი უფრო შესაფერი, რომელთა აღსასრულებლად ესოდენი თავის დამცირება საჭირო არ არისო, ფლაკილა პასუხობდა: "ეკლესიისა და მამულისთვის ზრუნვას და დამსახურებულ ჯილდოს იმპერატორს ვუთმობ. დაე, ქვეშევრდომთა სიკეთისთვის გამოიყენოს მეფური დიდება და ამ სათნოებით განდიდდეს. ჩემთვის კი დიდი პატივი იქნება, თუ უფალი შეიწირავს ჩემს მცირე ზრუნვას და მდაბალ მსახურებას. სხვაგვარად როგორ გამოვხატავ მისადმი მადლიერებას, თუ არა იმით, რომ ჩამოვიდე ტახტიდან, რომელზეც ამამაღლა და ვემსახურო მას, გლახაკთა სახით მოსულსო".
თავმდაბლობით ფლაკილამ ქმრის გულიც მოიგო, მაგრამ ამ ხელმწიფებას მხოლოდ მისთვის რჩევის მისაცემად იყენებდა. ესაუბრებოდა მეუღლეს ღვთის რჯულზე, რომელიც ზედმიწევნით იცოდა, შთაბერავდა სარწმუნოებისა და მოშურნეობის ცეცხლს, თავად რომ იწვოდა. მოაგონებდა მეუღლეს მის მეფურ მოვალეობას და სთხოვდა, ძალაუფლება ბოროტად არ გამოეყენებინა. იმპერატორობაზე მეტად მისი ღვთისმოშიშება გაახარებდა.
თუ როგორ უყვარდა დედოფალი ხალხს, ფლაკილას გარდაცვალებამაც გამოაჩინა. სიკვდილი კი ადრე ეწვია. სამწუხარო ამბავმა მთელი იმპერია შეძრა. მგლოვიარე ხალხი სასახლეს მოაწყდა. უზომო იყო მწუხარება თეოდოსი იმპერატორისა. იმითღა ინუგეშა თავი, რომ მეუღლე უდიდესი პატივით დაკრძალა. ფლაკილას კუბოსთან სიტყვა წარმოთქვა წმინდა გრიგოლ ნოსელმა, რომელმაც დედოფალს "ეკლესიის სიმტკიცე, ღატაკთა საუნჯე და უბედურთა საფარველი" უწოდა.
აღთქმა
არქიმანდრიტი ტიხონი ერთ გულისამაჩუყებელ ამბავს მოგვითხრობს: ოჯახში თერთმეტი ბავშვი იზრდებოდა, თერთმეტივე ვაჟი. უფროსი თექვსმეტი წლის იყო.მამა ავად გაუხდათ და ზამთრის ერთ ღამეს გარდაიცვალა. ქალი მარტო დარჩა. მხურვალედ ავედრებდა ღმერთს შვილებს. ყველაზე მეტად კი უმცროსს მიეჯაჭვა, რომელსაც ჯერ კიდევ მუცლით ატარებდა.
უზომო მწუხარებამ მოიცვა ქალი. ერთხელაც, ღამით, სასოწარკვეთილი თავის მოსაკლავად გაიქცა, თითქოს რაღაც ძალა სიკვდილისკენ უბიძგებდა. უფსკრულის პირას მდგარი თავისდაუნებურად აღუთქვამდა ღმერთს: "თუ სიკვდილისგან დამიხსნი, ამ უმანკო ყრმას შენს სამსახურში ჩავაყენებო".
სასწაულით გადარჩა. შვიდი დღის შემდეგ გაუჩნდა ვაჟი, რომელსაც მისი აღთქმა უნდა შეესრულებინა. ბავშვი გონიერი, ძლიერი და საოცრად მშვიდი იყო. მხოლოდ მან "იცოდა", რა აღუთქვა დედამისმა ღმერთს იმ საშინელ ღამეს. "იცოდა" და თავის პატარა გულში "მალავდა". დედასაც ეძნელებოდა, გაემხილა, რას დაჰპირდა უფალს.
ქმრის გარდაცვალების ოთხი წლის თავზე ქალმა პატარა აღაპის სუფრა გააწყო. ბავშვები დანაყრდნენ და სათამაშოდ გაიფანტნენ. დედა ნაბოლარასთან დარჩა. გონიერ ბავშვს უკვე ყველაფერი ესმოდა. ამიტომაც დედამ ბიჭუნასთვის საიდუმლოს გამხელა გადაწყვიტა. დასვა საწოლზე, მის წინ მუხლებზე დაემხო და მღელვარებისგან ატირდა.
ბავშვი არ შეშინებულა, ჩუმად იჯდა და ალერსიანად უცქერდა დედიკოს. ქალს აზრის გამოხატვა უჭირდა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ გამოთქვამდა გულიდან ამოვარდნილ სიტყვებს: "ჩემო საყვარელო ბიჭო... აღთქმა... აღთქმა..." ლამის დაახრჩო ცრემლმა.
ბიჭი მიუახლოვდა, ნაზად მოეხვია და ასაკისთვის შეუფერებელი სერიოზულობით მტკიცედ უთხრა: "დედა, მე ყველაფერი ვიცი და აღვასრულებ კიდეც შენს აღთქმასო..."
მამა სერგი კარგი მღვდელი გახდა, მრავალი სული მიიყვანა ქრისტესთან და ეკლესიას დიდი სამსახური გაუწია. მან პატიოსნად აღასრულა დედის აღთქმა, მუდამ ევედრებოდა ღმერთს მშობლებისთვის, ოჯახისთვის, მრავალრიცხოვანი ნათესავებისთვის...
დაძმური სიყვარული
წმინდა პავლე და წმინდა იულიანა ღვიძლი და-ძმანი იყვნენ. ფინიკიის ქალაქ პტოლომეიდაში ცხოვრობდნენ. ღვთისმოშიში ქრისტიანები ყველას შეეწეოდნენ - მორწმუნეებსაც და კერპთაყვანისმცემლებსაც. ალბათ ეს სათნოებები იფარავდათ ქრისტესმოძულე ხელისუფლებისგან.იმპერატორი ავრილიანე ასურეთის მონახულების შემდეგ პტოლომეიდაშიც შევიდა. უამრავი ხალხი გამოეგება. მათ შორის პავლეც იყო, რომელიც ჯვარს გამოისახავდა. კარგად ახსოვდა ქრისტეს ნათქვამი: "არ არის ხელმწიფება ღვთის გარეშეო" და უფალს ევედრებოდა, მეფის ჩამოსვლა სასიკეთო ყოფილიყო. ავრელიანემ შენიშნა ქრისტიანი ჭაბუკი და შეაპყრობინა. ქვეყანაში, სადაც ყველას ჰქონდა რელიგიური გრძნობების გამოხატვის უფლება, მხოლოდ ქრისტიანებს დევნიდნენ და აწამებდნენ.
მეორე დღეს პავლე ავრელიანეს წინაშე წარადგინეს.
- ქრისტიანულ ნიშანს რატომ გამოისახავდი? - ჰკითხა მეფემ.
- ჩემს უფალს და მეფეთა მეუფეს ვადიდებდი, - განაცხადა ყმაწვილმა, - არ ვიცოდი, სხვაგვარად როგორ გამომეხატა თქვენი შემობრძანებით გამოწვეული სიხარული...
- განა არ იცნობ ჩემს ბრძანებებს, გალილეველთა წინააღმდეგ რომ გამოვეცი?
- მე თქვენი უდიდებულესობის ყველა ბრძანებას ვკითხულობ, - თქვა ვაჟმა, - მაგრამ ვასრულებ მხოლოდ იმას, რომელიც ჩემს რწმენას და სინდისს არ თრგუნავს. თუ ეს აკრძალულია, მზად ვარ, ქრისტესთვის წამება დავითმინო!
განრისხებულმა ავრელიანემ მისი გაროზგვა ბრძანა. პავლე ხეზე მიაბეს და ხარის ძარღვით სცემდნენ. ამ დროს, დამსწრეთა გასაოცრად, "დამნაშავესთან" ნორჩი ქალწული მივიდა და გასისხლიანებულ ჭაბუკს იარები დაუკოცნა. ეს მისი და იულიანა გახლდათ. მან თამამად მიმართა ხელმწიფეს:
- ასე სასტიკად რატომ აწამებ ჩემს ძმას? განა მცირედით მაინც შეურაცხყო შენი მეფობა? განა რითიმე აწყენინა თანამოქალაქეებს? ჩემი გული და მთელი ხალხი მას შუამდგომლობს. მეფეო, შეიწყალე უდნაშაულო...
გულქვა ავრელიანემ კი ბრძანა:
- მოხადეთ თავსაფარი ამ თავხედს და უმოწყალოდ ურტყით სახეში, თავისი იმპერატორის პატივისცემა რომ ისწავლოს!
იულიანას გაეღიმა მეფის უგუნურობაზე. იმპერატორს მოეწონა ქალიშვილი და უთხრა:
- შენი სიყმაწვილისა და სილამაზისთვის შეგიწყალებ, ოღონდ თაყვანი ეცი ღმერთებს, ჩვენი სამშობლოს მფარველებს.
- ვევედრები ქრისტეს, დაიფაროს ჩემი სამშობლო ბოროტისაგან, კერპებს კი მსხვერპლს არ შევწირავ! - იულიანამ თვალნი ზეცად აღაპყრო და ჯვარი გამოისახა.
- ეგეც ძმასთან ერთად აწამეთ! - იყვირა ავრელიანემ.
სამი დღე ათასგვარი საწამებლით ტანჯავდნენ ქალ-ვაჟს. ხან პავლე განაძლიერებდა დას, ხან იულიანა წამოაყენებდა ძმას. ბოლოს მრავალ ტანჯვათა დამთმენმა და-ძმამ ქედი წარუპყრო ჯალათის მახვილს, სული თვისი კი უფალს შეჰვედრა.
ჯვარცმა
XX საუკუნის დასაწყისში ოპტის უდაბნოში მამა დანიელი (მოლოტოვი) მოღვაწეობდა. ერისკაცობაში ის მხატვარი გახლდათ, პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული, რეპინისა და ვასნეცოვის მეგობარი. მაგრამ იმ სულიერ მადლს, რომლითაც გამოირჩეოდა ბერობაში, დასაბამი ერისკაცობაშივე დაუდო.მამა დანიელი კარგი მთხრობელიც გახლდათ. აი რა მოუთხრო სერგი ნილუსს თავისი ერისკაცული ცხოვრებიდან:
"წამიყვანეს და პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში გამამწესეს. ვასილის კუნძულზე დავსახლდი და გულმოდგინედ შევუდექი მხატვრობის შესწავლას.
მიუხედავად ყმაწვილკაცობისა, ხმაურიან პეტერბურგში თან მოვიტანე სულიერი განწყობა, რომლითაც ჩემმა ბავშვობამ დამაჯილდოვა. საღამოებს შინ ვატარებდი, განმარტოებით. ვიჯექი ჩემთვის ყრმობიდანვე წიგნის კითხვას ჩვეული. იშვიათად თუ მოვინახულებდი ნაცნობებს ანდა მეგობრებთან ერთად ბილიარდს ვთამაშობდი. დედაქალაქთან საერთო ბევრი არაფერი მქონდა, არ მიზიდავდა, როგორც ოპტელი მამები იტყოდნენ, "უცოდველი ქალაქი", უცოდველი, რადგან "თავის თავში ცოდვას ვერ ხედავს". უკვე ვიცოდი ცოდვის მნიშვნელობა, ვიცოდი, რა სასჯელი ელოდა ცოდვილს სიკვდილის შემდგომ. მე კი საუკუნო სიცოცხლე მინდოდა, მთელი გულით ვისწრაფოდი მისკენ.
ბინის მეპატრონეებს სხვა მდგმურებიც ჰყავდათ - ერთი ცოლ-ქმარი. ერთმანეთს რატომღაც ვერ ეწყობოდნენ. ხშირად მესმოდა მათი კამათი, ჩხუბი, ყვირილი... თავიდან გამიჭირდა ასეთი ხალხის მეზობლობა, მაგრამ კაცი ხომ ყველაფერს ეჩვევა. მეც შევეგუე აურზაურს და საყვარელი საქმე - წიგნების კითხვაც მშვიდად შემეძლო.
სასულიერო წიგნებს ვკითხულობდი. მამები გვასწავლიან, თუ ღვთის სიტყვის განმარტოებით კითხვისას შენთვის გაუგებარ ადგილს შეხვდები და ბრძენი და კეთილი მასწავლებელი გვერდით არ გყავს, თავმდაბლად სთხოვე უფალს, გონება განგინათლოს და კითხვა განაგრძე. როცა შემდეგში იმავე ადგილს წაიკითხავ, ყოველივე უცილობლად გასაგები გახდებაო.
ერთ საღამოს მათეს სახარებას ვკითხულობდი. შევჩერდი მაცხოვრის სიტყვებზე: "და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: "ამენ, გეტყვი თქვენ: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მათე 25,40). "რას უნდა ნიშნავდეს ეს? უფალი და შემოქმედი ყოველთა, წმინდა, უცოდველი, თვითმპყრობელი და თავისუფალი თავს როგორ უთანაბრებს ადამიანს? გამოდის, თუ ჩემს ავის მოსურნეს არ დავარწყულებ და დავაპურებ, თავად უფალს, მეუფესა და ღმერთსა ჩემსა, არ ვუბოძებ პურს და წყალს?" - ერთ ფიქრს მეორე მოჰყვა... საბედნიეროდ, ეჭვიან ფიქრთა ქარიშხალი დროულად შევაჩერე და, მამათა წესისაებრ, კითხვა განვაგრძე.
უეცრად მეზობელი ოთახიდან კამათის ხმა შემომესმა. მალე კამათი ჩხუბში გადაიზარდა. მუქარიდან ხელჩართულ ბრძოლაზე გადავიდნენ. წამით თვალწინ საზარელი სურათი დამიდგა: მოკლული, პოლიცია, გამომძიებელი, სასამართლო, მე - როგორც მოწმე... თითქოს საშინელი ქარბორბალა უნდა დაგვტეხოდა თავს. შესაძლო იყო, მართლაც მომხდარიყო ასე - როცა ქმარი მთვრალი იყო, ცოფდებოდა ხოლმე... და ეს არცთუ იშვიათად ხდებოდა...
საწოლის თავთან მოზრდილი ხის ჯვარცმა მეკიდა. მას არასოდეს ვიშორებდი. ახლაც ჩამოვიკიდე ყელზე, ჯვარი გამოვისახე და მეზობლების დასამშვიდებლად გავიქეცი.
დროულად შევედი - წუთიც და ქმარი ბრინჯაოს შანდლით ქალს თავს გაუხეთქავდა.
- რას სჩადით?! - დავიბღავლე, - თქვენ ხომ მას მოკლავთ!.. ცოდოა, ცოდო...
ძირს დამხობილ ქალს ქმრის მოქნეული მარჯვენა ავაცდინე და სასიკვდილო დარტყმას გადავარჩინე.
- ოჰ, შე ლაწირაკო!P- იღრიალა კაცმა და შანდალი ახლა მე მომიქნია. თავი ინსტინქტურად გავწიე. საშინელი ძალის დარტყმა მკერდზე მომხვდა და კუთხეში მიმაგდო...
კაცი გიჟივით გავარდა ოთახიდან...
საცოდავი ქალი ძლივს დავამშვიდე. ვმადლობდი უფალს, რომ მკვლელობა არ დაუშვა.
შინ გულდამძიმებული დავბრუნდი...
გაქცეული ქმარი კი იმ ღამით აღარ გამოჩენილა.
ოდნავ რომ დავმშვიდდი, ქურთუკი გავიხადე, პერანგი შევიხსენი და ფრთხილად მოვისინჯე ჯვარცმა. ორად გატეხილიყო. დარტყმის სიმძიმე მთლიანად მაცხოვარს მიეღო საკუთარ თავზე. იმავე წამს ჩავწვდი მის სიტყვებს: "რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ".
მეორე დღეს კაცი მოვიდა და ბოდიში მომიხადა. იმ დღიდან ჩემი მეზობლები მშვიდად ცხოვრობდნენ".