დღეს მორწმუნე ადამიანისგან ხშირად გაიგონებთ: "იყოს, უფალო, ნება შენი!" როდესაც რაიმე სერიოზული ნაბიჯი უნდა გადავდგათ, ყოველთვის ვამბობთ: "როგორც უფლის ნება იქნება".
ლოცვისასაც ყოველდღე წარმოვთქვამთ: "იყავნ, უფალო, ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა". ამ სიტყვებით შემოქმედს აღვუთქვამთ, რომ მის წმინდა ნებას დავემორჩილებით, ყველაფერს, რაც დღის განმავლობაში შეგვემთხვევა, მოთმინებითა და სიმშვიდით მივიღებთ. სიტყვით კი აღვუთქვამთ, მაგრამ საქმით როგორ აღვასრულებთ, იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სულგრძელნი ვართ.
პავლე მოციქული სულის საცხოვნებლად ერთ-ერთ აუცილებელ პირობად სულგრძელობას მიიჩნევს, რომელსაც უბრალო მოთმინებისგან განასხვავებს. მოციქული, რომელსაც "პირი ქრისტესი და მოძღვარი წარმართთაი" ეწოდება, ჭეშმარიტი სულგრძელობისკენ მოგვიწოდებს, მთელი ჩვენი ცხოვრება ხომ გამოცდაა, და მხოლოდ ის გაუძლებს განსაცდელს, ვინც სულგრძელი იქნება, სწორედ ის შეძლებს ყოველგვარი ტანჯვის დათმენას.
ბრძენი მეფე სოლომონი წერს: "სულგრძელი კაცი დიდ არს გონებითა, ხოლო სულმოკლე - ძლიერად უგუნურ" (იგავ. 14,28). ყოველგვარი უსიამოვნება, რომელიც კი ატყდება თავს სულგრძელ ადამიანს, სწრაფადვე ქრება, რამეთუ ბრძენია კაცი, რომელიც შინაგან, სულიერ სიმშვიდეს მუდამ ინარჩუნებს: თუ ზიანს აყენებენ - მტკიცეა, ვითარცა კლდე, თუ შეურაცხყოფენ - ურყევია, ვითარცა სვეტი... ასეთნი ხშირად დიდად იწოდებიან.
წმინდა წერილში ღვთის ნების უდრტვინველად აღსრულების უამრავი მაგალითი გვაქვს. ძველი აღთქმის რჩეული ერის მამამთავარი აბრაამი სახეა უფლის ნების უსიტყვო მორჩილებისა. ჭეშმარიტი ღმერთის ბრძანებით, 75 წლის აბრაამმა დატოვა მამის სახლი, სამშობლო და იქით გაემართა, საითაც უფალმა მიანიშნა. წმინდა იოანე ოქროპირის განმარტებით, ღმერთმა აბრაამს არ მიუთითა, კერძოდ რომელ ქვეყანაში უნდა დამკვიდრებულიყო, მამამთავარმა არ უწყოდა, საით ეჭირა გეზი. ასე აწრთობდა უფალი მართალი აბრაამის სულს. მას სიმართლედ სწორედ ის შეერაცხა, რომ რწმენით დაუტევა ყოველივე ძვირფასი და უფალს გაჰყვა. აბრაამმა მთელი ცხოვრება უცხოობაში გაატარა, მრავალი განსაცდელი დაითმინა სულგრძელობითა და უფალზე სრული მინდობით.
და უფალმა აკურთხა იგი: "გყო შენ ნათესავად დიდად, და გაკურთხო შენ, და განვადიდო სახელი შენი... და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი".
მიუხედავად ამ კურთხევისა, აბრაამი დიდხანს უშვილო იყო, რადგან მისი ცოლი სარა ბერწი აღმოჩნდა. აბრაამს, რომელსაც ღრმად სწამდა უფლის სიტყვების ჭეშმარიტება, სხვა ცოლი არ შეურთავს. "შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელი არს ღვთისთვის", - ამბობს წმინდა წერილი. მართლაც, ვნახეთ, როგორ იძლია ბუნების კანონი, როცა 100 წლის აბრაამს 90 წლის სარამ ძე უშვა - ისააკი.
კვლავ გამოსცადა რწმენაში აბრაამი ღმერთმა. უბრძანა, აღთქმის ძე მაღალ მთაზე აეყვანა და მსხვერპლად შეეწირა მისთვის. მხოლოდშობილი ძის სიყვარულმაც კი ვერ დათრგუნა აბრაამში ღვთის სიყვარული, რაც უფლისადმი სრული მორჩილებით გამოიხატება. არც შეკითხვა, არც ყოყმანი, არც ოდნავი დაეჭვება უფლის სამართლიანობაში, - სრული რწმენით დაუყოვნებლივ შეუდგა უფლის ნების აღსრულებას. მორიას მთაზე სამსხვერპლო ააგო, ისააკი საკურთხეველზე დააწვინა, აღმართა ხელი ძის შესაწირად და ამ დროს უფლის ანგელოზის ხმა ჩაესმა: ნუ მოკლავ შენს ძეს, რადგან დაინახა უფალმა, რომ შიში გაქვს სიყვარულით ღმრთისა. როგორც ეფრემ ასური წერს, აბრაამის სახელი ღვთის წინაშე კიდევ უფრო განდიდდა, რადგან მან მხოლოდშობილი ძეც კი გაიღო უფლისთვის. ეს მისი რწმენის მწვერვალი იყო.
ღვთის წმინდა ნების მორჩილება ყოველგვარი გამოძიებისა და განჩხრეკის გარეშე უფალზე ყოველწამიერ მინდობას ნიშნავს. ეს კი კაცთაგან შობილთა შორის მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შეძლო. "აჰა, მხევალი უფლისაი, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა", - ამ სიტყვებით მიიღო ქალწულმა მარიამმა ყველაზე დიდი საიდუმლო ცათაგან დაუტევნელი ღმერთის თავის წიაღში დატევნისა.
ღვთისმშობლის დიდებულებისა და სიწმინდის სიმაღლე ღრმა მორჩილების საფარველქვეშ ბრწყინავდა. ყოვლადწმინდა მარიამი სიხარულსაც და მწუხარებასაც სიმშვიდით იღებდა, რადგან სრულიად მინდობოდა ზეციურ საფარველს. თავის ძეში ღვთაებრივი დიდებულების თანდათანობით გამოვლინებაზე დიდი სიხარული მისთვის არ არსებობდა. იესოზე მიწიერ მზრუნველობას სიყვარულით იდებდა თავს, თუმცა მას არც დაცვა და არც დარიგება სჭირდებოდა. დედა ღვთისა ყოველივეს, რაც მხოლოდშობილ ძეზე ესმოდა, გულში იმარხავდა. სრულიად შეუმჩნევლად ცხოვრობდა. შრომასა და ლოცვაში მშვიდად გადიოდა დღეები.
მოაწია ენით გამოუთქმელი მწუხარების დღემაც. დედა ღვთისამ საყვარელი ძე ჯვარზე გაკრული რომ იხილა, აღსრულდა სვიმეონ მიმრქმელის მიერ ქალწულისადმი ნათქვამი: "და თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი".
ღვთისმშობელმა სრულიად უარყო საკუთარი ნება და მხოლოდ ღვთის ბრძანებას აღასრულებდა. ეწადა თავის წილხვდომილ ივერიაში წამოსვლა, რათა წარმართობის ბნელით მოცულ ქართველთათვის ჭეშმარიტი სარწმუნოება ექადაგა, მაგრამ რაკი უფალმა უბრძანა, არ განშორებოდა იერუსალიმს, ივერია კი ბოლო ჟამს განათლდებოდა, მორჩილებით მიიღო უფლის სიტყვა და მიცვალებამდე იერუსალიმში დარჩა.
ადამიანური სულგრძელობა ღვთის სულგრძელობას უნდა ემსგავსებოდეს, რომელიც ჩვენს ცოდვებს არათუ ითმენს, არამედ გვპატიობს კიდეც, თუ მოვინანიებთ. დავით გურამიშვილმა საოცარი სიტყვებით შეამკო ჩვენი მაცხოვნებელი ქრისტე ღმერთის მიერ გაღებული უდიდესი მსხვერპლი. ჯვარზე სიკვდილით იესომ დათრგუნა კაცობრიობის მტერი და საუკუნო სიკვდილისაგან გვიხსნა:
"ქმნა სულგრძელება მათზედა და დასთმო მან ჩვენთვის ესო.
დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!"
როგორც ყოველივე, სულგრძელობის ძალაც მოგვეცემა უფლისგან, თუ ვითხოვთ. ამიტომ ოპტელი ბერები ყოველდღე ევედრებოდნენ შემოქმედს: "უფალო, მომეც მე ძალი, რაითა დავითმინო დაშრომაი მდგომარისა დღისაი და ყოვლისა შემთხუევისაი განმავლობასა შინა მისსა. ექმენ წინამძღვარ ნებასა ჩემსა და მასწავე მე ლოცვაი, სასოებაი, რწმენაი, სიყუარული, მოთმინებაი და მიტევებაი, ამინ".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი