რა უნდა იცოდეს პატიმარმა
ტუსაღთა ნუგეშისცემა და შეწევნა ერთ-ერთი ქრისტიანული სათნოებათაგანია.
თითოეული მსჯავრდებულის სული, რაგინდ ცოდვილიც უნდა იყოს კაცი, ძვირფასია უფლისთვის, რადგან მსჯავრდებულიცა და თავისუფალიც - ყველანი მისი შვილები ვართ. მსჯავრდებული ადამიანი, რომლისთვისაც აღკვეთილია უმთვრესი ღირებულება - თავისუფლება, მრავალ ქვეყნიურ სიკეთესაა მოკლებული, მაგრამ რჩება უმთავრესი (ის, რაც წუთისოფლის ფერხულში ჩაბმულ ადამიანს აქვს წართმეული) - საკუთარ თავთან განმარტორებისა და თვითჩაღრმავების მეტი შესაძლებლობა. ეს კი არცთუ მცირედი სიკეთეა იმისათვის, რომ ცხოვრების საზრისი იპოვოს კაცმა.
ვფიქრობ, სწორედ საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და უფალთან მიახლების სურვილს აღუძრავს მრავალ მსჯავრდადებულს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის (ქიქოძე) ქადაგებები, რომელთა ფრაგმენტებსაც გთავაზობთ დღეს.
სახლი ესე არს სახლი მწუხარებისა
"სახლი ესე (საპატიმრო) არის სახლი მწუხარებისა. უეჭველია, რომ თქვენ, ძმანო, აქა დაპყრობილნი, მწუხარენი ხართ და შეწუხებულნი. თუ სხვანი კაცნი, უცხონი, შორიდგან მხედველნი თქვენი მდგომარეობისა, მწუხარებასა და სიბრალულსა ჰგრძნობენ, როგორღა შეიძლება, რომ თქვენ თვითონ არ სწუხდეთ თქვენს თავზედ. გარნა რა ნაირია თქვენი მწუხარება? რა გაწუხებთ თქვენ უფრო? წმინდა მოციქული პავლე სულით წმიდით აგვიხსნის ჩვენ, რომ მწუხარება ორნაირია: ერთი მწუხარება არის ღვთისმიერი ანუ ღვთის გულისთვის, მეორე მწუხარება არის სოფლიური. ახლა კიდევ გკითხავ მე თქვენ: რომელი ამ ორთა მწუხარებათა არის თქვენ გულში? თავიდანვე ვსთქვი, რომ არ შეიძლება თქვენს გულში არ იყოს მწუხარება, მაგრამ ღვთის მიერი მწუხარება არის, თუ სოფლისა ამის მწუხარება თვითოეულის თქვენგანის გულში?.. არა, ძმანო ჩემნო! აქ, ამ უბედურ სახლში ღვთისა მიერი მწუხარება უნდა იყოს თქვენს გულში!"თუ ეკლესია ვისმესთვის ქვეყანაზე არის საჭირო და სასარგებლო, თქვენთვის ასწილ უმეტესად
"თქვენ ყოველნი შეპყრობილნი ხართ აქა უთუოდ ცუდის საქმისათვის და მით უმეტესად საჭირო არის თქვენთვის ეკლესია, ლოცვა, სინანული, ვედრება ღვთისა. თქვენც ქრისტიანენი ხართ, მონათლულნი ხართ! ღმერთმან ნუ ჰქმნას, რომ თქვენ შორის ვინმე იყოს უღმრთო, სჯულზე ხელაღებული. რაც გინდა ცოდვილი იყოს კაცი, ყოველთვის გაღებული არის მისთვის კარი ეკლესიისა... თუ ეკლესია ვისმესთვის ქვეყანაზე არის საჭირო და სასარგებლო, თქვენთვის ასწილ უმეტესად".წმინდა ეკლესია არის დედა ჩვენი...
"წმინდა ეკლესია არის დედა ჩვენი... დედა არ დაივიწყებს თავის შვილსა, როგორიც უნდა იყოს მისი შვილი. თქვენგანაც მოელის იგი სინანულსა, მოქცევასა. დედას უფრო ებრალება თავისი შვილი, უბედურებაში ჩავარდნილი. ქვეყანამ რომ უარგყოს, საკუთარმა დედამ რომ აღარ მოგიღოს და შერცხვეს შენი, წმიდა ეკლესია არ დაგივიწყებს შენ და არ გაგადებს, არამედ ყოველთვის ელის, რომ მიიქცე მისდამი და მიიღო მისგან სულიერი განახლება და განწმენდა". როდესაც ცოდვას გააგდებ გულისაგან, მაშინ ამ საპყრობილედგანაც გამოხვალ
"მართლა ფრიად საბრალონი და საცოდავნი ხართ, და არა მხოლოდ მით, რომელ აქ შეპყრობილნი ხართ, დატყვევებულნი, - ეგ კიდევ დიდი არაფერი იქნებოდა, - არამედ ფრიად საცოდავნი და სატირალნი ხართ თქვენ მით, რომ ცოდვისგან ხართ შეპყრობილნი, ცოდვის ტყვენი ხართ, ცოდვისგან წარტაცებულნი და შეკრულნი, ამისთვის ებრალებით თქვენ ღმერთსა და კეთილგონიერსა კაცსა. ცოდვა არის პირველი თქვენი მტერი და დამატყვევებელი, ცოდვამ შემოგაგდო თქვენ აქ (საპყრობილეში) და მოგაკლო თქვენ პირველი სიკეთე კაცისა - თავისუფლება.დამიჯერეთ, ძმანო ჩემნო, როდესაც ცოდვას გააგდებ გულისგან, თუ ოდესმე ცოდვისგან დაგიხსნა ღმერთმან, მაშინ ამ საპყრობილედგანაც გამოხვალ".
თქვენი მდგომარეობა სხვა არის და მძიმე, ძმანო ჩემნო!
"ვინც კი სოფელში თავისუფლად სცხოვრობს და არაფერი უჭირს, იმასაც კი ჰმართებს, რომ თავის თავზე და თავის მდგომარეობაზე ჰფიქრობდეს და ღმერთს ევედროს, რომ გააუმჯობესოს მისი მდგომარეობა, მით უმეტესად გმართებთ თქვენ, რომ თქვენ თავზე იფიქროთ. ძმაო ჩემო, დაჰფიქრდი შენ გულში, ჰკითხე შენს თავს: რისთვის დაგემართა შენ ეს უბედურება, ე.ი. საპყრობილეში შესვლა? ნუ ეფერები შენს თავს, ნუღარ დაჰმალავ შენს გულში შენს ბრალს, მოინანიე შენი ცოდვა, ევედრე ღმერთსა, რომ გამოგიყვანოს სულიერისა ტყვეობისგან, და მით განთავისუფლდე ხორციელისა ტყვეობისგანაც".დიდი სარგებლობა არ ექნება მით, თუ მარტო საპყრობილიდგან განთავისუფლდა კაცი და სულიერ საპყრობილეში მაინც კი დარჩა
საპყრობილესა ამას შინა მყოფნო! ხშირად უნდა განიმეორებდეთ ლოცვასა ამას დავით წინასწარმეტყველისასა: "გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რათა აღუარო სახელსა შენსა". ხშირად ევედრეთ ღმერთსა, გამოიყვანოს სული თქვენი საპყრობილედგან ცოდვათასა, ე.ი. არა ამა ხილულ საპყრობილიდგან გამოიყვანოს სული თქვენი, არამედ სულიერი საპყრობილიდგან, ე.ი. ცოდვისაგან, რომელმან შეგკრა თქვენ და შემოგიყვანა ამ ხილულ საპყრობილეში. მართლა დიდი მწუხარება და უბედურება არის ამ საპყრობილეში ყოფნა. ვინ არ ისურვებს აქედგან გამოსვლას და განთავისუფლებას? მაგრამ დიდი სარგებლობა არ ექნება მით, თუ მარტო აქედგან განთავისუფლდა კაცი, და სულიერ საპყრობილეში მაინც კი დარჩა... პირველად სულიერი საპყრობილისაგან უნდა გამოვიდეს კაცი, და ხორციელი, ხილული საპყრობილისაგან მალე გათავისუფლდება". რა არის სულიერი საპყრობილე?
"სულიერი საპყრობილე ის არის, როდესაც კაცი არის შეკრული, ანუ შეპყრობილი რომლითამე დიდითა ცოდვითა, ასე რომ სული მისი დამონებულია ცოდვასა, თავისუფლება აღარა აქვს. ამისთანა მდგომარეობაში იყო წმიდანი და წინასწარმეტყველი დავით მეფე. თუმცა იგი იყო წმიდანი და წინასწარმეტყველი, მაგრამ მაინც კაცი იყო და კაცის ბუნება ჰქონდა. და ერთხელ საშინელს ცოდვაში ჩავარა; უბრალო, კარგი კაცი მოაკვლევინა და მისი ცოლი თვითონ წაიყვანა. ამით იგი ჩავარდა საშინელს მდგომარეობაში. სული წმინდა განშორდა მისგან, სული და გული გაუქვავდა. მონანიებაც ვერ მოახერხა და ვერ შეძლო. გარნა ღმერთმან განაღვიძა იგი თვისითა მრისხანებითა... ამისა მერმედ დავით მოვიდა გრძნობაში, შეინანა, იწყო ტირილი და გლოვა და სხვათა შორის სიტყვითა ესეც წარმოსთქვა:"გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რათა აღუარო სახელსა შენსა".
რით უნდა გამოვიდეს კაცი სულიერისა საპყრობილისაგან?
"რით უნდა გამოვიდეს კაცი სულიერისა საპყრობილისაგან? სინანულით, გულისა და სულის შეწუხებით. დავით მეფემ გვიჩვენა ამის მაგალითი. როდესაც ღმერთმა შეატყობინა მისი ცოდვა, იგი შესწუხდა, გაიხადა სამეფო ტანისამოსი და ძაძა შეიმოსა, მიწაზე დაჯდა, იწყო გლოვა და ტირილი. ღმერთმან ისმინა მისი და აღხოცა მისი ცოდვა...თქვენ უფრო გმართებთ, ძმანო ჩემნო, ტირილი და გოდება, სინანული და გულისწუხილი. არა ერთხელ განარისხეთ თქვენ ღმერთი, ვითარცა დავით, არამედ მრავალგზის. ცხოვლად წარმოიდგინე თვითოეულმა, რაოდენგზის და რაოდენი ცოდვითა დააშავა თავისი სულიერი ღირსება, გააგდო თავისგან მადლი ღვთისა, განარისხა ღმერთი. თქვენც ცხადად შეგატყობინა ღმერთმა თქვენი ცოდვა, თვისი რისხვა. რით? მით, რომ აქ, ამ სამწუხარო ადგილას ჩაგაგდო, - ეს ღვთის განგებით იყო!
ვინ შემოგიყვანა აქ? ცოდვამ! მასასადამე, მოიძულე ის ცოდვა, ის შენი დამღუპველი მტერი!.. თუ კარგად დაჰფიქრდები, თუ მოინდომებ მთელითა სულითა და გულით, - ღმერთი მოგხედავს, მისი მადლი შენს გულს დაალბობს, ცრემლს მოგცემს, გამოიყვანს სულსა შენსა საპყრობილიდგან ცოდვათასა და მაშინ მხოლოდ იქნები თავისუფალი ამა ხილული საპყრობილიდგან. ამინ".
ვინც სულგრძელად მოითმენს სასჯელს, იგი ღვთის შვილად შეირაცხება
"თუ დამნაშავე და ბოროტის მოქმედი კაცი დაისაჯა და სწუხს, მაგრამ ჭკუა იხმარა, მოითმინა, შეინანა, სასარგებლოდ გამოიყენებს თავისთვის სასჯელს და გამართლდება სულიერად.რა უნდა ჰქნათ თქვენ და როგორ უნდა მოიქცეთ, რომ აწინდელმა თქვენმა მწუხარებამ და სასჯელმა გაგამართლოთ ღვთის წინაშე და სიხარულად გარდაიქცეს?
სასჯელი, ტანჯვა, ხანდისხან მოასწავებს ღვთის მოწყალებას და სიყვარულს, და არა რისხვას და სიძულვილს. ვინც სულგრძელად და ჭკუით მოითმენს სასჯელს, იგი ღვთის შვილად შეირაცხება. დაფიქრდით, ძმანო, რამ შემოგიყვანათ ამ საპყრობილეში? რამ მოგაყენათ ამისთანა სირცხვილი, უბედურება? ნუ ატყუებ შენს სინდისს! განა ღმერთმა არ იცის შენი გული, და არ იცის რა გიქნია?
სასამართლოში რომ წაგაყენებენ წინაშე მსაჯულთა, შენც და შენი ადვოკატიც სცდილობთ, როგორმე გაათეთროთ შენი თავი და კიდეც ხშირად აღასრულებთ ამ სურვილს, რაც გინდა დანაშაულობა გქონდეს.
მაგრამ ღვთის წინაშე ამისთანა ღონისძიება არ შეგეწევა; ღვთის წინაშე შენს გულში ყოველთვის ესრედ უნდა იტყოდე: "უცოდვილეს ვარ ყოველთა კაცთა! შენ უწყი ყოველნი ჩემნი საქმენი და გულის თქმანი, შემინდე, შემეწიე! შემეწიე, რომ ამიერითგან მაინც მოვიშალო ცუდი ყოფაქცევა, მომეც სინანული. შენ მხოლოსა შეგცოდე, უფალო, შენ მხოლო განგარისხე".
თუ აქაც არ დაჰფიქრდით, თუ ამისთანა მდგომაროებაში მყოფთა არ შეინანეთ, მაშ როდისღა დაჰფიქრდებით, როდისღა შეინანებთ?
"ზოგიერთი კაცი, თუ რამე უბედურება დაემართა, სტირის და სწუხს, მაგრამ ღმერთზე აღარ ჰფიქრობს, და ავიწყდება, რომ ღვთისგან არის ყოველიფერი - კაცის მწუხარებაც და სიხარულიც, ბედიც და უბედურებაც... ნაცვლად იმისა, რომ დაჰფიქრდეს და გამოიკვლიოს რისგანაც დაემართა მას უბედურება, და მოინანიოს ის ცოდვები, რომელნი იყვნენ მიზეზნი მისისა უბედურებისა, იგი ხან ღმერთს აბრალებს თავის უბედურებას, ხან ეშმაკს, ხან სხვა კაცს... ესრეთი სოფლური, ხორციელი მწუხარება, როგორც იტყვის წმინდა მოციქული პავლე, სიკვდილს გააჩენს, მოჰკლავს კაცს... თუ აქაც არ დაჰფიქრდით, თუ ამისთანა მდგომარეობაში მყოფთა არ შეინანეთ, მაშ როდისღა დაჰფიქრდებით, როდისღა შეინანებთ?ღვთის განგებად შეჰრაცხეთ, რომ ამ საპყრობილეში ჩავარდით, ამით გიწოდებს ღმერთი სინანულისათვის და მოქცევისათვის. თუ შეინანეთ, უწინდელი საქმეები მოიძულეთ, გაცოცხლდებით, სცხონდებით, თუ აქაც არ გაიღვიძეთ და არ გამოიცვალეთ ხასიათი, საუკუნო უბედურებასა და სიკვდილსა მიეცემით, რომელიც-და განგაშოროთ თქვენ და ჩვენ ყოველთაგან მაცხოვარმა უფალმა იესომ, არამედ მოგვცეს სინანული ცხოვრებისა შეუნანებელი ამინ".
ლოცვა პატიმართათვის
(თქმული გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ ქუთაისის საპყრობილეში ეკლესიის კურთხევისას)
"ღმერთო, მოწყალეო, მაცხოვარო ჩვენო! მოჰხედე საწყალთა ამათ და დაჩაგრულთა ცოდვისაგან და ეშმაკისაგან. განუღე მათ კარი სინანულისა და მოქცევისა. განაახლე ზოგიერთი მათგანი, რომელთაც ისურვონ, მიეც მათ ლმობიერება გულისა, და შემუსვრილება სულისა. მრავალი და დიდი შეუძლია შენსა მოწყალებასა! როგორათაც დღეს საკურთხეველსა ამას ზედა აღნთებულ იქმნა შენს წინაშე სანთელი, ეგრეთვე აღანთე მათ გულში ნათელი შენისა მეცნიერებისა. ამინ". ახლაც შეუძლებელი არ არის, რომ ვინმე თქვენგანი უბრალოდ (უდანაშაულოდ) იყოს შესმული საპყრობილესა...
"იქნება თქვენ შორის ერთი, ანუ ორი ვინმე პირი შეცდომით არის შთაგდებული ამ საპყრობილეში, ე.ი. უსამართლოდ აიღეს მასზედ ეჭვი, დანაშაული (დამნაშავე) არ არის. ამისთანა პირმა მოთმინებით უნდა მიიღოს ეს შემთხვევა, სასოება არ დაჰკარგოს ღმერთზედ, კიდეც უნდა ჰმადლობდეს ღმერთს. წმინდა იოანე წინამორბედი და ნათლისმცემელი დაპყრობილი იყო არა ბრალისა და ბოროტმოქმედებისა თვისისათვის, არამედ სრულიად უბრალოდ (უდანაშაულოდ), მტრის შესმენით (იხ. მარკ. 6,17). ახლაც შეუძლებელი არ არის, რომ ვინმე თქვენგანიცა უბრალოდ იყოს შესმული და დაპყრობილი აქ. და თუ მართლა ვინმე არის ესრეთი თქვენს შორის, თუ მართლა ვისმე თქვენგანს თვისი სინდისი არ ამტყუნებს იმ ცუდს საქმეში, რომლისთვისაც აქ ჩასვეს იგი, იმან თავის გულში ამ სახით (ამგვარად) განიზრახოს: თუკი დიდი წინასწარმეტყველი ქრისტეს ნათლისმცემელი შთააგდეს საპყრობილეში და ღმერთმან მიუშვა ესრეთი უსჯულოება, და თუკი იგი, დიდი, წმიდა კაცი, არ დრტვინავდა, არამედ ჰმადლობდა ღმერთსა და დაემორჩილა ღვთის განგებას, მე ვინა ვარ ცოდვილი და უღირსი, რომ არ მოვითმინო ეს უბედურება-თქო. ამ სახით ანუგეშოს თავის თავი მან, ვინც უბრალოდ იქმნა დაპყრობილი აქ".
წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სიტყვა პატიმრებისადმი (მიუხედავად იმისა, უსამართლოდ არიან ისინი მსჯავრდებულნი თუ სამართლიანად)
"ყოველმა თქვენგანმა აქ (საპყრობილეში) ყოფნით უნდა ისარგებლოს, შეინანოს, გული გაირეცხოს, სინდისი გაიწმინდოს. ამით იგი დასდებს დასაბამსა თვისი ბედნიერებისასა, შეარცხვენს თავის სულიერს მტერს, ასიამოვნებს ღმერთსა. ღმერთი ყოველთვის მოელის ჩვენს მონანიებას და მოქცევას... ამიტომ ყოველმა კაცმა უნდა ისარგებლოს თავისი უბედურებით და თავისი უბედურება გარდააქციოს ბედნიერებად და ამ საპყრობილესგან გამოვიდეს განათლებული და განთავისუფლებული. ამინ". მოამზადა
ეკატერინე ქორიძემ
ეკატერინე ქორიძემ