ღვთისგან მოცემული პირველი აღთქმის აღსრულებით დავიბრუნეთ სამოთხე - უფლის ჭვრეტის უნარი, მოგვეცა შესაძლებლობა უფალთან ყოფნისა
სიტყვა "აღთქმა" დაპირებას, პირობის დადებას ნიშნავს.
პირველი აღთქმა ადამიანებს ღმერთისგან მიეცათ პირველი ცოდვით დაცემის შემდეგ. ეს იყო აღთქმა მესიის, მხსნელის მოვლინებისა - ძველი აღთქმა, რომლის აღსრულებასაც კაცობრიობა ათასწლეულების მანძილზე ელოდებოდა. როდესაც აღესრულა პირველი აღთქმა - დედამიწაზე მოვიდა მხსნელი კაცობრიობისა, სათავე დაედო ახალ აღთქმას, ახალ გამოცხადებას... გვესაუბრება წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა გელასი ნატროშვილი: - ვიცით, რომ ადამი და ევა თავიანთი ცოდვით დაცემის გამო განიდევნენ სამოთხიდან და დაკარგეს ღვთისგან მინიჭებული უდიდესი მადლი, მაგრამ აღთქმა მიიღეს უფლისგან, რომ მათი ცოდვა იქნებოდა გამოსყიდული დედამიწაზე მესიის, მხსნელის მოვლინებით. ადამში ყველა ადამიანმა შესცოდა, ამიტომ ღმერთის აღთქმა მთელ კაცობრიობას ეხებოდა. ადამიანები აღთქმის აღსრულებას მაცხოვრის, მხსნელის, იესო ქრისტეს განხორციელებამდე ელოდებოდნენ, ამიტომაც იმ დროს ეწოდება ძველი აღთქმის პერიოდი. იესოს განხორციელებამდე რომელი ხანაც არ უნდა ავიღოთ - მსაჯულთა, წინასწარმეტყველთა თუ მეფეთა, არის მოლოდინი მესიისა. ამ მოლოდინში ცხოვრობდნენ ადამიანები, ვიდრე არ მოხდებოდა მათი გამოსყიდვა, განსაკუთრებით - რჩეული ერი, რომელსაც შემორჩა რწმენა ერთი ღმერთისა. ცოდვის გამოსყიდვა უნდა მოეხდინა ისევ ადამიანს, ადამიანური ბუნება თანამონაწილე უნდა გამხდარიყო გამოხსნისა, მაგრამ ყველა ადამიანი სუსტია, ამიტომაც გახდა საჭირო ყოვლადწმინდა სამების ერთ-ერთი ჰიპოსტასის განკაცება, განხორციელება - ძე ღვთისა სრულ ღმერთობასთან ერთად გახდა სრული კაციც, რათა სრულად ეტვირთა ტვირთი, რასაც გამოსყიდვა ჰქვია. სხვა შემთხვევაში ეს იქნებოდა მოჩვენებითი.
- რატომ დასჭირდა საუკუნეები ღმერთისგან მოცემული პირველი აღთქმის აღსრულებას?
- როგორც მოგახსენეთ, რაც ძველი აღთქმის პერიოდში ხდებოდა, იყო მომზადება მხსნელის მისაღებად. გარკვეულ პერიოდებში ადამიანებს ავიწყდებოდათ აღთქმა, ავიწყდებოდათ, რომ ელოდებოდნენ მესიას. როგორი სასწაულებით გამოიყვანა მოსემ თავისი ერი ეგვიპტიდან, რათა მონობიდან ეხსნა. მიუხედავად ამისა, როგორც კი სინას მთაზე ავიდა სჯულის მისაღებად, ებრაელებმა კერპთაყვანისმცემლობა დაიწყეს - ოქრო-ვერცხლი მოაგროვეს და კერპი ჩამოასხეს, ანუ დაივიწყეს აღთქმა. რატომ? რადგან ადამიანი შინაგანად მოუმზადებელია, მიწიერისკენ გახედვა ურჩევნია ზეცის ყურებას, არადა მათი ხსნა ზეციდან მოდიოდა. მოსეს მიერ უფლისგან მოხდენილი სასწაულები იყო მომზადება მესიის შესახვედრად, რათა ადამიანები უფრო მეტი რწმენით შეხვედროდნენ მას.
სწორედ ერის მაცხოვრის მისაღებად მომზადებას დასჭირდა ათასწლეულები, რადგან მესიის მოლოდინი ხშირად ნელდებოდა ერში. მაცხოვარი უნდა განხორციელებულიყო იმ დროს, როდესაც ადამიანები ყველაზე მეტად იქნებოდნენ მომზადებულნი მის შესახვედრად. უფლის განკაცების პერიოდში ერი გაჟღენთილი იყო იმ რწმენით, რომ მესია უნდა მოსულიყო, თუმცა ელოდნენ უფრო მიწიერ მეუფეს, რომელიც ხმალაღმართული შემოიჭრებოდა და პალესტინიდან განდევნიდა რომაელებს.
ვიცით, რა შედეგები მოჰყვა მაცხოვრის განხორციელებას. მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობა ელოდა მას, მოვიდა დედამიწაზე, ღვთაებრივი სწავლება მისცა ადამიანებს, მათ წინაშე ახდენდა უამრავ ხილულ სასწაულს, ერმა მაინც შეჰღაღადა პილატეს - ჯვარს აცვი იგიო. როდესაც ჯვარცმა მოახლოვდა, საჯაროდ მოახდინა სასწაული - უამრავი ადამიანის თვალწინ აღადგინა ოთხი დღის მკვდარი ლაზარე, თუმცა ადამიანებმა მაინც ვერ იცნეს, ვერ მიიღეს იესო ქრისტე როგორც მესია, მხსნელი ადამიანთა სულისა. ადამიანთა მოდგმა მაინც მოუმზადებელი იყო სულიერად, ვიდრე არ მოხდა აღდგომა და უფლის გამოცხადება.
- რაში მდგომარეობს ახალი აღთქმის არსი და მნიშვნელობა, რა მოგვიტანა ახალმა აღთქმამ?
- უკვე მოხდა გამოხსნა, დავიბრუნეთ ის, რაც დაკარგეს პირველმა მშობლებმა, ადამმა და ევამ - სამოთხე, უფლის ჭვრეტის, უფალთან საუბრის უნარი, მოგვეცა შესაძლებლობა უფალთან ყოფნისა. შესაძლოა ზოგმა იკითხოს - თუ დავიბრუნეთ, სად არის ან რატომღა ვცოდავთო? მართალია, სამოთხის კარი ისევ გაიღო, მაგრამ იქ შესვლას ისე ვერ მოვახერხებთ, თუ ამისთვის შინაგანად, ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრებით არ მოვემზადეთ.
დღევანდელ, ახალი აღთქმის მორწმუნე ერს გაცილებით მეტი მოეთხოვება, ვიდრე ძველი აღთქმის ადამიანებს, თუნდაც მართლებს, ბოლომდე გვაქვს განცხადებული ყველაფერი, მათთვის კი ბევრი რამ დაფარული იყო, თუნდაც წმინდა სამების საიდუმლო. იცოდნენ, რომ ღმერთი ერთია, მაგრამ ის, რომ ერთარსება ღმერთი სამსახოვანია, არ იცოდნენ. მაცხოვარი მოვიდა და მოხდა განცხადება, მეტი მოგვეცა. იმიტომ ვამბობთ სამოთხის კარი გახსნილიაო, რომ ბოლომდე ვიცით, ბოლომდე გვაქვს განცხადებული, როგორ უნდა მივიდეთ იქამდე. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამ გზას მივყვეთ.
- ადამიანიც ხომ დებს აღთქმას ღვთის წინაშე.
- ღვთის წინაშე პირველ აღთქმას ადამიანი ნათლისღების დროს დებს, როდესაც სამგზის უარყოფს ეშმაკს და აცხადებს, რომ შეუდგება ქრისტეს. ეს არის აღთქმა, პირობა. ქრისტეს შედგომა კი ნიშნავს, აკეთო ის, რისკენაც მოგვიწოდებს უფალი, რა კურთხევაც მოგვცა ქრისტემ. ეს არის ზნეობრიობა და სულიერება, მათი ერთმანეთთან შერწყმა. ამის გარეშე იმის განცხადება, ქრისტეს შევუდექიო, ტყუილია.
- ანუ ირღვევა ღვთის წინაშე დადებული პირველი და უმთავრესი აღთქმა, რაც, სამწუხაროდ, თითქმის ყველა ადამიანს უხდება, თანაც არაერთგზის. ნებისმიერი ცოდვის ჩადენით ხომ უფლისადმი მიცემულ უმთავრეს პირობას, ფიცს გადავდივართ და ვარღვევთ.
- როგორც არ უნდა ვცდილობდეთ, ბოლომდე მაინც ვერ მივყვებით უფლის გზას, კაცთმოყვარე უფალი მაინც ბევრს გვპატიობს. ერთი მხრივ, ეს იმით გამოიხატება, რომ გვაძლევს სინანულის საიდუმლოს გზით ცოდვების მონანიების საშუალებას. ამას გარდა, თუკი ჩვენ სურვილი მაინც გვაქვს უფალთან ყოფნის, ვიბრძვით, ვცდილობთ იმ ჯაჭვის გაწყვეტას, რომლითაც მიწას, წუთისოფელს ვართ მიჯაჭვული, ამ სურვილსაც კი სათნოებად იწირავს და მოგვიტევებს, ყველანაირად შეგვეწევა, რათა განვმტკიცდეთ, გავძლიერდეთ და სწორი გზით სვლა შევძლოთ.
- ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისას აღთქმას დებს მიმრქმელიც, ნათლიაც. რა ევალება მას ნათლობისას დადებული პირობის თანახმად?
- ნათლია ღვთის წინაშე დებს აღთქმას, ფიცს - კისრულობს ნათლულის სულიერ აღზრდაზე ზრუნვას. იგი მონათლულის სულიერი მშობელი ხდება და ისევე უნდა იზრუნოს მის სულიერ საზრდოობასა და სულიერი ცხოვრების სწორად წარმართვაზე, როგორც ხორციელი მშობელი ზრუნავს შვილის ხორციელი აღზრდისთვის. ამიტომ ნათლიად ეკლესიური ადამიანი უნდა შევარჩიოთ.
- ხშირად ხდება, რომ ნათლობისას მიმრქმელი თუ მოსანათლი გაუცნობიერებლად დებს აღთქმას, შინაგანად მზად არ არის ამისთვის. არც იცის ღვთისადმი მიცემული პირობის არსი და მნიშვნელობა. ზოგი ჩვილობისა და ყრმობის ასაკში ინათლება და ალბათ არც ასეთ შემთხვევაში ხდება გაცნობიერებულად აღთქმის დადება...
- ეს ასე არ არის. ღვთის წინაშე მაინც ყველაფერი გაცნობიერებულად ხდება, რადგან ჩვილის გვერდით გაცნობიერებულად უნდა იდგეს მისი ნათლია, რომელიც მოსანათლის ნაცვლად იღებს აღთქმის დადებისა და შესრულების ვალდებულებას. როდესაც ნათლული წამოიზრდება, მან უნდა გააცნოს ნათლულს ეს ყველაფერი და დაეხმაროს აღთქმის შესრულებაში. ნათლობა არ არის მხოლოდ რიტუალი, რომ დავდგეთ, სანთელი დავიჭიროთ, ჯვარი შევიძინოთ და ა.შ. ეს არის უდიდესი საიდუმლო, რომელიც მოსანათლსაც და მიმრქმელსაც უდიდეს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას აკისრებს. ამიტომაც არის აუცილებელი ნათლიად სულიერებით და არა ყოფითი, მიწიერი უპირატესობებით გამორჩეული ადამიანის შერჩევა.
- ადამიანები უფლის წინაშე სხვა სახის აღთქმასაც დებენ. ბევრი ჩვენგანი სხვადასხვა განსაცდელის ჟამს შემწეობას ითხოვს ღვთისგან, სანაცვლოდ კი რაღაცის შესრულების აღთქმას, პირობას აძლევს.
- როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ხატების წინაშე ვდგავართ, ტაძარში ვართ თუ პირად ლოცვებს ვკითხულობთ, არასოდეს ვითხოვოთ კონკრეტული რამ, მით უფრო მიწიერი და ნივთიერი. დავუშვათ, გვიჭირს ან ჩვენს შვილს უჭირს რაიმე, ან სხვა სახის განსაცდელი გვეწვია, ჩვენზე უკეთ უფალმა იცის ეს ყველაფერი. ჩვენ ვალდებული ვართ ვილოცოთ, ლოცვა გავაძლიეროთ, დანარჩენი უფალს მივანდოთ, შევღაღადოთ - იყოს ნება შენი, უფალო. როდესაც უფალი დაინახავს, რომ მას ვენდობით, გვიყვარს, იმას მოგვაგებს, რაც ჩვენთვის სასარგებლო და საჭიროა.
- ზოგჯერ ადამიანი აღთქმას დებს, რომ აღარ ჩაიდენს ამა თუ იმ ცოდვას.
- ადამიანი ყოველთვის უნდა ერიდოს აღთქმის დადებას უფლისა თუ მის წმინდანთა წინაშე. უფალი ხომ მოგვიწოდებს, იყოს შენი სიტყვა ჰო - ჰო და არა - არა. ზოგიერთი ხატის წინ დადგება, დაიფიცებს, რომ არ მოწევს სიგარეტს, მაგრამ მეორე დღესვე უხდება ფიცის გატეხა. ამით კიდევ უფრო იმრავლებს ცოდვებს. უფალს სთხოვე, რომ ცოდვის დაძლევის ძალა მოგცეს. თუკი გულწრფელად მოინდომებ, ღვთის შეწევნით, ნებისმიერი სულიერი სენისგან განკურნებას მოახერხებ.
- არსებობს ტრადიცია საკლავის დაკვლის აღთქმის დადებისა. ცხადია, არც ასეთი სახის აღთქმის დადებაა მისაღები.
- სხვადასხვა სახის მსხვერპლშეწირვა აღესრულებოდა ძველი აღთქმის პერიოდში. ზოგიერთი მსხვერპლშეწირვის დროს დაღვრილი სისხლი მიანიშნებდა ჯვარცმისას უფალ იესო ქრისტეს მიერ დაღვრილ სისხლზე, რომლის მეშვეობითაც მოხდა ცოდვით დაცემული კაცობრიობის გამოსყიდვა. ეს იყო ყველაზე დიდი მსხვერპლშეწირვა, რომლის შემდეგაც ახალი აღთქმის ეკლესიაში სისხლიანი მსხვერპლშეწირვა აღარ აღესრულებოდა. ღვთის წინაშე საკლავის შეწირვის აღთქმის დადება ყოველთვის თვითნებურად, ეკლესიასთან შეუთანხმებლად ხდება. ეკლესია აკურთხებს საკლავის შეწირვას და დაკვლას, თუკი ამას ქველმოქმედების მიზნით ვაკეთებთ, მაგრამ სასტიკად კრძალავს ცხოველისა თუ ფრინველის რიტუალურ შეწირვას - როდესაც შეწირვას თან ახლავს რიტუალები: სალოცავის გარშემო შემოტარება, შუბლის სანთლით შეტრუსვა, დაკვლა და ა.შ. დაკლული ზვარაკის სისხლი ნაკერპალი ხდება. გამოდის, რომ ადამიანი აკერპებს ცხოველს და მის დაკვლა-არდაკვლაზე ამყარებს იმედს.
- მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელსაც უცოდინრობის გამო უკვე აღთქმული აქვს ზვარაკის დაკვლა?
- ღვთის წინაშე დადებული პირობა უნდა შევასრულოთ, მაგრამ ამას არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს რიტუალური ხასიათი, მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედების სახით აღვასრულოთ. უნდა მივმართოთ ღვთისმსახურს, რომელიც აგვიხსნის, რა განსხვავებაა ქველმოქმედებასა და რიტუალურ სისხლიან მსხვერპლშეწირვას შორის. მიგვითითებს, როგორ მოვიქცეთ, რათა ჩვენგან გაღებული შესაწირი უფლისთვის სათნო და მისაღები იყოს.
ადამიანმა ნებისმიერი სახის აღთქმა უნდა შეასრულოს, უფლის წინაშე იქნება ის დადებული თუ მოყვასის წინაშე. ეს ღირსებისა და სულიერების საკითხია.
- მონაზვნობის აღთქმასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
- როდესაც ადამიანი მონაზვნად აღიკვეცება, ეს იმას ნიშნავს, რომ კვდება ამქვეყნიური ცხოვრებისთვის და აღდგება ქრისტესთვის, ცოცხლობს მხოლოდ ქრისტეში, სწორედ ამას გულისხმობს მონაზვნად აღკვეცისას დადებული უპოვრობისა და უქორწინებლობის აღთქმა. მონაზონი მიწიერი ცხოვრებისთვის მკვდარია, წუთისოფელთან აღარავინ აკავშირებს, ცოცხლობს მხოლოდ ღვთისთვის. აღთქმის დასტურად იმოსება კუნკულ-ბარტყულითაც, რაც კუბოს მიანიშნებს. სანამ ბერი ცოცხალია, მას კუნკულ-ბარტყული უკან აქვს, გარდაცვალების შემდეგ შემოუტრიალებენ და ისე კრძალავენ. ბერმონაზვნობის აღთქმა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ამიტომაც ეკითხებიან მონაზვნობის მსურველს რამდენიმეჯერ აღკვეცის წესის აღსრულებისას - აღთქმის დადებამდე, ხომ ნებაყოფლობით დგამს ამ ნაბიჯს, ძალას ხომ არავინ ატანს, ან სხვა მიზეზი ხომ არ არსებობს.
- მოქმედებს თუ არა ადამიანზე ღვთის წინაშე დადებული აღთქმის დარღვევა?
- სწორედ ამიტომ გვაფრთხილებს უფალი, აღთქმა არ დადოთო, რომ მისი შეუსრულებლობა უარყოფითად მოქმედებს ჩვენზე - გვაბნევს, იწვევს შიშს, რადგან იმასაც ვფიქრობთ და განვიცდით, რომ აღთქმა ვერ შევასრულეთ. წმინდა მიწიერი გაგებითაც კი, ეს არის ჩვენთვის ძალზე დამთრგუნველი. ჩვენს მიერ წარმოთქმული არც ერთი სიტყვა არ იკარგება, უკვალოდ არ ქრება. თითოეული წარმოთქმული სიტყვის გამო მოგვიწევს პასუხისგება ღვთის წინაშე, თუკი არ შევასრულებთ. შეუსრულებლობა კი გულწრფელად უნდა მოვინანიოთ.
- ხშირად ადამიანი თავს იმშვიდებს, რომ აღსარებით მოინანიებს და მიეტევება.
- ეს არასწორი დამოკიდებულებაა აღთქმის და საერთოდ სინანულის საიდუმლოს მიმართ. ადამიანს მხოლოდ გულწრფელად მონანიებული ცოდვა მიეტევება, როდესაც შინაგანად, მთელი არსებით ნანობს და ყველანაირად ცდილობს მის დაძლევას. თუკი ადამიანი შეგნებულად სჩადის ცოდვას იმ იმედით, რომ ხვალ მოინანიებს, ამ გზით მიტევებას ვერ მიიღებს. პირიქით, უფრო იმრავლებს ცოდვებს.
- აღსარების ჩაბარებაც ხომ არ არის ერთგვარი აღთქმის, პირობის დადება, არა სიტყვით, არამედ ქმედებით გამოხატული?
- შეგნებულად ცოდვების მონანიება თავისი არსით უფლის წინაშე დადებული პირობაა. სიტყვით კი, ვიცით, რომ სინანულის საიდუმლოს დროს არავითარ აღთქმას არ ვდებთ არც უფლის და არც უფლის ანგელოზთა თუ მის წმინდანთა მიმართ.
- როდესაც ადამიანი აღთქმას დებს, მას მისი შესრულების სურვილიც აქვს, მიუხედავად ამისა, ბევრ ჩვენგანს უხდება აღთქმის დარღვევა. რა აიძულებს ადამიანს, რომ არ შეასრულოს უფლისა თუ მოყვასის წინაშე დადებული პირობა?
- ნებისმიერი ცოდვის ჩადენის მიზეზი ადამიანური ბუნების სისუსტე, უძლური, ცოდვისკენ მიდრეკილი ბუნებაა, რაც ადამისა და ევას ცოდვით დაცემისა და სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ მივიღეთ. მართალია, ნათლისღებით მემკვიდრეობით მიღებული პირველქმნილი ცოდვისგან ვთავისუფლდებით, მაგრამ ჩვენი ბუნება კვლავ უძლური და ცოდვისკენ მიდრეკილი რჩება. რომ არა უფლის მრავალმოწყალება, ვერც ერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდა. ვინც წარმატებით ებრძვის ცოდვას, უფლისგან მეტი ძალა, შეწევნა ეძლევა.
სათავე ცოდვისა არის ეშმაკი. ის გვთავაზობს, გვაწვდის, გვანახებს საცდურს, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული, მივიღებთ თუ არა შეთავაზებას. თუ არ მივიღებთ, ძალას ვერ დაგვატანს, ცოდვას ძალით ვერ ჩაგვადენინებს, რადგან ჩვენს ცხოვრებაში ჩარევის ძალა არ შესწევს. შეგვიძლია ღვთისგან ბოძებული თავისუფალი ნება ღვთისავე ნებას დავუმორჩილოთ, მისი ნების შესაბამისად წარვმართოთ, ქრისტიანის უმთავრესი მოვალეობაც ხომ სწორედ ეს არის.