მოწყალე ხელი არ გაღატაკდება
სამყაროში არაფერი არსებობს წყალობის გაღების გარეშე, ღვთის მიერ გაჩენილი ყოველი ქმნილების ბუნებაში წარუშლელად დევს თვისება მოწყალებისა.
ქვეყანაზე არაფერია თავისთავადი, მხოლოდ საკუთარი თავის კეთილდღეობისა და მსახურებისათვის. მზე არ ანათებს მხოლოდ თავისთვის, არამედ უნაწილებს და ათბობს თავისი სინათლით ქვეყნიერებას, მცენარე არ ხარობს მხოლოდ საკუთარი არსებობისათვის, არამედ ჟანგბადსა და ნაყოფს იძლევა გარემოსათვის. მრავალფეროვნება ცხოველებისა მხოლოდ სილამაზისთვის როდი შეიქმნა, არამედ საზრდელი და სამოსელია მრავალთათვის. თუ ადამიანთან შედარებით ამ უდარეს ქმნილებათათვის აუცილებელია მოწყალება და სარგებლის მოტანა, მაშინ რაღა უნდა ვთქვათ ადამიანზე, რომელიც ხატება და მსგავსებაა ღვთისა, გვირგვინია ქვეყნიერებისა, უსაყვარლესი ქმნილებაა შემოქმედისა? თუ ყოველი ხე, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს მოიკვეთება და ცეცხლში დაიწვება, მაშინ რაღა მოელის ადამიანს, რომელიც მოწყალების, გაჭირვებულთა დახმარებისა და შეწევნის გარეშე ცხოვრობს?დღეს ხშირად გვესმის ადამიანთაგან ნათქვამი: როგორ უნდა დავეხმარო მას, ხელ-ფეხი აქვს და იმუშაოს... ეს არის გლახაკი? - ყაჩაღივით ითხოვს... ან კიდევ: იეღოველი და ურწმუნოა, ხალხს ატყუებს... საკუთარი ბიზნესი აქვს, თითქოს ბრმა და უფეხო იყოს და ა.შ. ამგვარად მეტყველთ ხშირად ავიწყდებათ უფლის სიტყვები, რომელიც ამბობს: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ" და "რომელმა უყო ერთ ამ მცირეთაგანს, მე მიყო". ქრისტე არ ამბობს, რომ ამგვართ მოწყალენი იქნებიან ნეტარნიო, არამედ ყოველს, რომელიც ჩემი სახელით შეეწევა თითოეულ მთხოვნელს, დამწუხრებულსა და შეჭირვებულს, სიკეთის ერთი წვეთიც არ დაეკარგება ცათა სასუფეველშიო. განა შენ, ადამიანო, როდესაც ღვთის წინაშე წყალობას ითხოვ, უფალი გეძიება ან საკუთარი დამსახურებისა და ცოდვების მიხედვით გაძლევს? შენ, რომელიც ყოველწამს უარყოფ ღმერთს, განაგდებ მის მცნებებს შენი გონებიდან და გულიდან, ნუთუ უფლის შეწევნითა და მადლით არ ცოცხლობ, განა მიტოვებული ხარ მისგან? თავად ღირსი ხარ მისი წყალობისა? რასაკვირველია, არა. მაშინ თვით რატომ განიკითხავ, გამოეძიებ, რისთვის განარჩევ მათ, მით უმეტეს, რომ არც შეურაცხგყოფენ და გამცირებენ, განსხვავებით შენგან, რომელიც დღენიადაგ განიკითხავ მათ. არათუ მოწყალებას არ იღებ მათთვის, არამედ აგინებ და უარყოფ არა მხოლოდ მათ, არამედ ქრისტეს, რომელიც მათშია, მათი გულისთვის დაგლახაკდა და მიიღო სასჯელი და სიკვდილი. არ გაუღებ მას, ვინც გიკაკუნებდა? - იცოდე, არც შენთვის გაიხსნება ცათა სასუფეველი. ნუთუ უფლის ჯვარმცემელები, უარმყოფელები ღირსნი იყვნენ გამოხსნისა, მადლისა, ძე ღმერთის თავგანწირვისა? მიუხედავად ამისა, მაცხოვარი მათთვისაც ეცვა ჯვარს, დასთხია წმინდა სისხლი, რათა გამოხსნილნი და განწმედილნი ყოფილიყვნენ უდიდესი სასყიდელით.
წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებით: "მოწყალების ძალა მხოლოდ იმაში კი არ არის, ბევრს გაიღებ თუ ცოტას, არამედ იმაში, რომ მისცე არანაკლები, ვიდრე შეგიძლია". არ გაქვს ფული, სიტყვით შეეწიე, ლოცვა აღავლინე გულში მისთვის, საზრდელი მიეცი, წყალი მიაწოდე. არ არსებობს ქვეყანაზე ისეთი ადამიანი, რომელსაც თუნდაც მცირე მოწყალების გაღება არ შეეძლოს, ეს მცირე კი სასუფეველში უხვ ნაყოფს გამოუტანს მას.
თვით სიტყვა წყალობა - დაუმსახურებელ გაღებას, დახმარებას ნიშნავს. თუკი ღირსია ადამიანი დახმარებისა, მაშინ რაღა წყალობაა იგი, ამას ხომ ისედაც იმსახურებს?
წყალობის არსი სწორედ დაუმსახურებელ შეწევნაშია. მაშინ შენ, ადამიანო, რატომ განარჩევ სხვებს ღირსებისა და უღირსების მიხედვით, იგი ხომ ყოველგვარი შესაბამისობის, დამსახურების გარეშე გაწეული დახმარებაა?
მოწყალება სხვაგვარი სახეა ნათლობისა. თუ ნათლისღების დროს ცოდვები ჩამოირეცხება წყლით, გლახაკთა დახმარებისას ვიწმინდებით ჩვენი ცოდვებისაგან. მოწყალე ხელი არ გაღატაკდება, რადგან მდიდარი ის კი არ არის, ვისაც ბევრი აქვს, არამედ ის, ვინც ბევრს გასცემს. ამქვეყნიური სიმდიდრე წარმავალია, უსაფუძვლოა, რადგან, როგორც სიმაძღრის შემდეგ კვლავ მოგშივდება, ასევე სიმდიდრეს სიღატაკე მოსდევს. მრავლად არიან დღესდღეობით მდიდარნი, რომლებიც ფლობენ სიმდიდრეს, მაგრამ გლახაკთათვის უარესი გლახაკნი არიან, ერთ კაპიკსაც არ გაიღებენ და თუ გასცემენ, ისევ საკუთარი დიდების, პატივისა და ავტორიტეტის ასამაღლებლად. მასმედიის, კამერებისა და ხალხთა მასების წინაშე გაღებული კაპიკები განა მოწყალებაა? როგორც აღმოსავლური სიბრძნე ამბობს, სიკეთის კეთებისას მიემსგავსე წყალს, იგი ყოველთვის სიმდაბლისკენ მიექანება და ყოველივეს უჩუმრად არწყულებს (ლაო-ძი). თავმდაბლობით, მხოლოდ სიკეთითა და მოყვასის დახმარების განზრახვით აღსრულებული შესაწირია ღვთისთვის სათნო. სიმდიდრე მის ფლობაში კი არ გამოიხატება, არამედ ღვთისმიერ გამოყენებაში. საბრალონი არიან ამაოდ მდიდარნი, რომელნიც ინახავენ ათასგვარ ფასეულობას ბანკებსა და სეიფებში და უარყვეს მთავარი შესანახი, "ღვთაებრივი ბანკი", რომელიც "გლახაკთა მუცელია". როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "გინდა, რომ იყოს შენი სიმდიდრე, საუნჯე წარუპარველი, დაჰფალ იგი მუცელსა გლახაკთასა". ნათქვამია, ნუ შეურაცხყოფ გლახაკს, იგი უფალთან გიჩივლებსო, ამის საპირისპიროდ, დააპურე გლახაკი, რომელიც უფალთან განგადიდებს, ღმერთი შეგიცნობს მისით. რაში გარგია ამქვეყნიური სიმდიდრე, რადგან მოვა ისეთი დრო, რომ ან შენ დაგტოვებს იგი, ან შენ დატოვებ მას. დიდია სიგლახაკე, მაგრამ გლახაკთმოყვარეობა უპირატესია.
მოწყალება, განრღვეულთა გამართვა, სნეულის განკურნება - მეორე ზიარებაა, მისი სახებაა. ზიარებისას შენ გაჭმევს ქრისტე თავის სისხლსა და ხორცს, მოწყალებით კი შენ აჭმევ, აპურებ მას. ვისაც ქრისტე დააპურებს, მას არასდროს მოშივდება, და ვინც ქრისტეს მისცემს გლახაკში, იგი ცხონდება. როგორც წმინდა იობი ამბობს: ერთი დღეც რომ იყოს ადამიანის ცხოვრება ამ ქვეყანაზე, არ იქნება თავისუფალი ჭუჭყისაგან, ამიტომ იგი ყოველთვის საჭიროებს წყალობას ღვთისგან, რათა ცხონდეს, შესაბამისად, ცხონება წყალობაა და ამიტომაც მწყალობელი ცხონდება. ღმერთმა ქონება იმიტომ მოგვცა, რომ ამით ზეცა ვიყიდოთ (წმინდა იოანე ოქროპირი).
გლახაკს აძლევ ამქვეყნიურს, დროებითს, ის კი გიხდის მარადიულით, სიცოცხლით. ადამიანისათვის არ არსებობს იმაზე დიდი სიხარული, იმაზე დიდი ბედნიერება, რასაც მასში სხვისი დახმარების შედეგად "ანთებული" სიკეთე იწვევს. მიწაზევე ნეტარია იგი. სასუფევლისეული განცდა, რომელიც რაიმე კეთილი საქმის აღსრულებისას აღიძვრება შენს გულში, იცოდე, ზეციური მარადიულობის მონაბერია და როგორც გაზაფხულის შემოსვლას გრძნობ მისი კეთილი სურნელებით და იცი, რომ ახლოა, ასევე იცოდე, რომ მოწყალებით მიღებული სიხარულის განცდა, მისით აღვსება მარადიული ცხოვრების, "ზეციური იერუსალიმის" წინაპირობაა. ნეტარია ის ადამიანი აქვე, მიწაზე, ვინც ემსგავსება მაცხოვრის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს: "იყვენით თქვენ მოწყალენი, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი მოწყალე არს". ამინ!