პირში ქება იგივეა, რაც ფეხის დადება სწრაფმავალი კაცისთვის. ქება ადამიანს ამპარტავნებაში აგდებს
ქრისტიანულ სათნოებათაგან ერთ-ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია სიმდაბლე, თავმდაბლობა.
როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, სიმდაბლე არის დასაწყისი ქრისტიანის სულიერი ცხოვრებისა, საფუძველი სხვა ქრისტიანული სათნოებებისა: "კაცმა ყველა სათნოებაც რომ აღასრულოს, თუ თავმდაბლობა არ გააჩნია, დაკარგავს მათ", - გვიქადაგებს წმინდა გიორგი ათონელი. გვესაუბრება ვანისა და ბაღდათის ეპარქიის ღვთისმსახური, მამა ბესარიონ მშვილდაძე. - ანტონი დიდი ამბობდა, - ერთხელ ვიხილე ეშმაკის ყოველგვარი მახე დედამიწაზე დაგებული და შეძრწუნებულმა ვიკითხე: არის ვინმე, ვინც ამას გადაურჩება-მეთქი? შემომესმა ხმა: - მხოლოდ თავმდაბალნი და მშვიდნიო. გადარჩენაში ხომ სულის ცხონება, მარადიული ნეტარი ცხოვრების მოპოვება იგულისხმება. გამოდის, რომ თავმდაბლობის გარეშე ადამიანი ზეციურ სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს...
- საერთოდ, ქრისტიანული სათნოებების, ქველი საქმეების გარეშე ადამიანი სულის ცხონებას ვერ მიაღწევს, ცხადია, ეს თავმდაბლობასაც ეხება. ამ ერთ-ერთ უმთავრეს სათნოებაზე აღმოცენდებიან სხვა ქრისტიანული სათნოებები. ამდენად, თავმდაბლობა აუცილებელი პირობაა სულის ცხონებისთვის, ამიტომაც უწოდებს უფალი ნეტარებს თავმდაბალ ადამიანებს ნეტარების პირველ მცნებაში და მათ მარადიულ ნეტარებას აღუთქვამს: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი". სულით სიგლახაკეში სწორედ სიმდაბლე იგულისხმება.
"აღიღეთ უღელი ჩემი თქვენ ზედა და ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალი გულითა და ჰპოვოთ განსვენებაი სულთა თქვენთაი", - ბრძანებს მაცხოვარი. ე. ი. მაგალითი თავმდაბლობისა თავად განკაცებული უფალი იესო ქრისტეა, უფალი ხომ საოცარი სიმდაბლით მოევლინა ქვეყანას. გავიხსენოთ, როგორ ვითარებაში იშვა ღმერთკაცი, მხსნელი სოფლისა - გამოქვაბულში, სადაც მწყემსები ავდარში საქონელს აბინავებდნენ. ცხადია, უფალს, ზეცისა და მიწის მეუფეს, შეეძლო დიდებითა და პატივით მოვლენოდა ადამიანებს, მაგრამ მისთვის გამოქვაბული და ბაგა უფრო სასურველი აღმოჩნდა, ვიდრე მდიდრული სასახლე ან თუნდაც უბრალო სახლი. ამგვარი შობით სიმდაბლისა და მორჩილების, მცირედით კმაყოფილების მაგალითი გვაჩვენა. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ერთ-ერთ საშობაო ეპისტოლეში ბრძანებს: "საოცარია, პირველმხილველნი განხორციელებული მაცხოვრისა იყვნენ უბრალო მწყემსები და არა განმგებელნი ქვეყნისა ანდა სხვა მაღალი თანამდებობის პირნი... იესო ქრისტეს განსაცვიფრებელ თავმდაბლობაშია სწორედ მისი ღვთაებრივი სიდიადე". სახარების თანახმად, მაცხოვარმა კიდევ არაერთი მაგალითი გვიჩვენა თავმდაბლობისა - მიიღო წინადაცვეთა, ნათლისღება, საიდუმლო სერობის დროს ფეხი დაბანა მოციქულებს, სრულიად უდანაშაულომ და უცოდველმა უსიტყვოდ, თავმდაბლად აიტანა მრავალი შეურაცხყოფა და გვემა ჯვარზე გაკვრისას.
- მეზვერეც ხომ თავმდაბლობის საუკეთესო მაგალითია.
- მეზვერე მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია თავმდაბლობისა. იგი თავმდაბლობას ავლენს სიტყვითაც და გარეგნული ქმედებითაც, რაც მისი შინაგანი განცდების ხილული გამოვლინებაა - მეზვერის თავდახრილი დგომა ტაძარში, საკურთხევლიდან შორს, მკერდში მჯიღის ცემა, თვალთა ზეცისკენ ვერაღპყრობა მის სულიერ განცდაზე, ცოდვათა შეგნებასა და მათ გამო გულწრფელ სინანულზე მიანიშნებს. თავმდაბლობა გამოსჭვივის მეზვერის ლოცვიდანაც: "ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას". მეზვერის სიმდაბლე გამოიხატებოდა იმაში, რომ მას შეცნობილი ჰქონდა საკუთარი სულიერი უღირსება უფლის წინაშე, ცოდვა და გულწრფელად გლოვობდა ამას. თანაც საკუთარ თავზე კი არ ამყარებდა იმედს, არამედ უფლისგან ითხოვდა შემწეობას. სწორედ სიმდაბლის, თავის დამდაბლების გამო გამართლდა მეზვერე უფლის წინაშე. ამიტომ ადამიანი უნდა ცდილობდეს, შეიმოსოს მეზვერისეული თავმდაბლობით, რათა ამაღლდეს ღვთის წინაშე და მისგან გამართლება, მადლი და წყალობა მიიღოს. უფალი ამის შესახებ ხომ პირდაპირ ბრძანებს იგავის ბოლოს - ვინც დაიმდაბლებს თავს, ის ამაღლდება, ხოლო ვინც აიმაღლებს, ის დამდაბლდება, როგორც ეს ფარისეველს დაემართა. ფარისეველი ხომ სწორედ ამპარტავნებამ, საკუთარი ცოდვების დაუნახაობამ, მოყვასის განკითხვამ, ცოდვილთა სიძულვილმა და ცრუ ღვთისმოსაობამ დაამდაბლა ღვთის წინაშე.
- მეზვერის მაგალითიდან გამომდინარე, თავმდაბლობა ადამიანში ცოდვათა შეცნობითა და ცოდვათა გამო გულწრფელი სინანულით ვლინდება. კიდევ რა თვისებებით გამოიხატება ეს სათნოება? რა იგულისხმება სიმდაბლეში?
- წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვს ჩამოთვლილი აქვს ის თვისებები, რომლებიც ახასიათებს თავმდაბალ ადამიანს. ეს თვისებებია: "შიში ღმრთისა, ამ შიშის განცდა ლოცვის დროს, საკუთარი არარაობის ღრმა შეგრძნება; მოყვასზე შეხედულების შეცვლა (როდესაც ადამიანს ძალდაუტანებლად ყოველი კაცი თავისზე უკეთესი ეჩვენება); კაცთაგან ქების მოძულება; მუდმივი ყურადღება საკუთარი თავისადმი; სიმართლე და სიწრფელე; ლმობიერება; ამა სოფლისა და ვნებისადმი ჯვარცმის სურვილი; ამ ჯვარცმისადმი ლტოლვა; უარყოფა ფარისევლური ქცევებისა და სიტყვებისა; სიძულვილი ყოველივესი, რაც კაცთა წინაშე მაღალია და ღმერთის წინაშე საძაგელი; თავის მართლების უარყოფა; სახარებისგან ნამცნები დუმილი შეურაცხმყოფელთა წინაშე; უარყოფა ყოველი აზრისა, რომელიც უჯანყდება ქრისტეს; სულიერი განსჯის უნარი; ყველაფერში ეკლესიის შეგნებული მორჩილება".
თავმდაბალი ადამიანი უპირველესად მორჩილებას უნდა ავლენდეს, უამისოდ ადამიანს საკუთარი ცოდვების შეცნობა გაუჭირდება და ვერც გულწრფელ სინანულს მიეცემა ცოდვათა გამო. სამწუხაროდ, მორჩილების ღვაწლის ტვირთვა ბევრს უჭირს.
კვლავ წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის სწავლებას მივუბრუნდეთ. თავმდაბლობა ადამიანში საკუთარი უღირსობის განცდითაც ვლინდება. თავმდაბალი ადამიანი თავს ყველაზე მდაბლად მიიჩნევს, ამიტომაც არ განიკითხავს ადამიანებს სისუსტეებისა და ცოდვილი მიდრეკილებების გამო. ნებისმიერ ვითარებაში სასოებას ამყარებს ღმერთზე. თუკი რაიმე სიკეთეს იქმს, თავმდაბლად აღიარებს, რომ ეს ღვთის წყალობითა და მადლით შეძლო და არა საკუთარი ძალით. ადამიანის მიერ ქმნილი ნებისმიერი ქველი საქმე ხომ მხოლოდ ღვთის წყალობით გამოღებული ნაყოფია. მხოლოდ ღვთის წყალობით აღესრულება ჩვენი სულის გადარჩენაც.
სულით მდაბალი ადამიანი, გარდა იმისა, რომ თავის მიერ აღსრულებულ სიკეთეებს ღვთის წყალობას მიაწერს, ცდილობს, ღვთივსათნო საქმეები ფარულად, ღვთის და არა კაცთა საჩვენებლად აკეთოს. არ ეძიებს მიწიერ სიმდიდრესა და პატივს. არასოდეს არავის შეურაცხყოფს, სხვათაგან მიყენებულ წყენას კი თავმდაბლად და მდუმარებით, უსიტყვოდ ითმენს, არ მრისხანებს და ბოროტდება მაწყინართა მიმართ. ერთ-ერთ ბერს სთხოვეს თავმდაბლობის ცნება განემარტა. ესაა, აპატიო ძმას შეცოდება მანამ, ვიდრე ის გთხოვს პატიებასო, - უპასუხა მან, შემდეგ კი დასძინა, - თავმდაბლობა მხოლოდ მიტევებას კი არა, ბოროტების სიკეთით გადახდასაც გულისხმობსო.
- ადამიანებს შეურაცხყოფის თავმდაბლად დათმენა, მით უფრო წყენის სიკეთით გადახდა უჭირთ.
- თუკი ადამიანი წმინდა მამათა მოძღვრებით იხელმძღვანელებს, მოახერხებს წყენის თავმდაბლად დათმენას. ამისთვის უპირველესად უნდა მივმართოთ შინაგან ლოცვას - კარგია, თუ გულში განუწყვეტლივ ვიმეორებთ "იესოს ლოცვას", ვიდრე წყენა და სიბრაზე გაგვივლიდეს. შეგვიძლია გულში წარმოვთქვათ "მამაო ჩვენოც". შემდეგ კი, როდესაც სიბრაზე გადაივლის, გავიხსენოთ საკუთარი ცოდვები და ნაკლოვანებები. ვეცადოთ გავიხსენოთ ის სიკეთე, რომელიც ჩვენთვის გაუკეთებია მაწყინარს. შემწეობა ვთხოვოთ ღმერთს, რომ მოგვმადლოს წყენის უსიტყვოდ დათმენისა და გულწრფელად მიტევების ძალა. გავიხსენოთ განკითხვის დღეც, როდესაც ჩვენ მიერ ქმნილი საქმეებით განვისჯებით. როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, თუ წყენის დათმენა გვიჭირს, ძლეულნი ვართ ბოროტისგან. სრულიად უმიზეზოდ და უსამართლოდაც რომ გვაწყენინონ, თავმდაბლად უნდა დავითმინოთ და მივუტევოთ, არ გავბოროტდეთ მაწყინართა მიმართ. გავიხსენოთ მაცხოვრის მაგალითი, რამდენი წყენა და შეურაცხყოფა მიაყენეს სრულიად უსამართლოდ, ის კი ჯვარცმული ამბობდა: "უფალო, შეუნდვენ მათ, რამეთუ არა იციან, რას იქმანო".
- საჭიროა თუ არა თავმდაბლად დათმენა, როდესაც სამშობლოს, სარწმუნოებას და მოძღვარს გილანძღავენ?
- ასეთ დროს ადამიანს თავმდაბლად დათმენა არ ევალება. ჩვენ მხოლოდ პირადად ჩვენი წყენა და შეურაცხყოფა უნდა დავითმინოთ თავმდაბლად და მდუმარებით, თუმცა არც სამშობლოსა და სარწმუნოების შეურაცხმყოფელთა მიმართ უნდა გამოვავლინოთ მრისხანება.
- "თავმდაბლობა ის ფარია, რომელიც მაცდურის ისრებისგან იცავს კაცის სულს", - ბრძანებს ერთ-ერთი წმინდა მამა. ე.ი. თავმდაბლობა უძლიერესი იარაღია ბოროტი სულის წინააღმდეგ საბრძოლველად.
- ერთ-ერთ პატერიკში მოთხრობილია ასეთი შემთხვევა: მამა მაკარის გზად ეშმაკი შემოხვდა და მოინდომა, წმინდა მამისთვის დაერტყა. ვერ შეძლო და უთხრა: ძალა შენშია, მაკარი, მე უძლური ვარ შენ წინაშე. რასაც შენ აკეთებ, იმას ვაკეთებ მეც: შენ მარხულობ, მე საერთოდ არ ვჭამ, შენ ფხიზლობ, მე საერთოდ არ მძინავს, მხოლოდ ერთი რამით მამარცხებო. რითიო? - ჰკითხა მამა მაკარიმ. სიმდაბლით, - მიუგო ეშმაკმა.
თუ ადამიანს თავმდაბლობა არ გააჩნია, მასში მისი საწინააღმდეგო ცოდვა - ამპარტავნება ბუდობს. ამ ცოდვით კი ყველაზე მეტად შორდება ღმერთს და უახლოვდება ეშმაკს. თავმდაბლობა, როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, ცოდვათა მძლეველია და ადამიანში სათნოებებს განამრავლებს, ამპარტავნება ცოდვებს კი არ განაშორებს ადამიანს, არამედ ამრავლებს ცოდვილ ჩვევებსა და მიდრეკილებებს. ეს ყველაზე საშიში ცოდვაა, რადგან ისე აშკარად არ ჩანს, როგორც სხვა ცოდვები, მაგალითად, მრუშობა, ქურდობა და ა.შ. წმინდა მამებმა ამპარტავნებას უწოდეს დედა ყოველგვარი ცოდვისა.
- თავმდაბლობა ყველაზე მეტად ეკლესიის წიაღში ყოფნამ უნდა შესძინოს ადამიანს და განამტკიცოს ამ სათნოებაში, თუმცა, სამწუხაროდ, ზოგჯერ სწორედ ეკლესიაში სიარული იქცევა ხოლმე ამპარტავნების მიზეზად - ზოგიერთი, რადგან ეკლესიაში დადის, მარხვას ინახავს და სხვა საეკლესიო წესებსაც აღასრულებს, სხვებზე აღმატებულად მიიჩნევს თავს. ჰგონია, სულიერებაში გამოიწრთო და მზად არის, ყველა დამოძღვროს. ზოგიერთი დიდი ხნის მრევლის წევრი ხომ განუწყვეტლივ აძლევს შენიშვნას, მედიდურად და მკაცრი ტონით ასწავლის ეკლესიაში ახალმოსულთ, როგორ მოიქცნენ.
- ასეთი "მუშაკობა" ადამიანს ღმერთის სიახლოვეს ვერ ამყოფებს და ვერც სასუფევლის კარს გაუხსნის. მხოლოდ ეკლესიაში სიარული, წირვა-ლოცვაზე დასწრება, მარხვის შენახვა თუ სხვა საეკლესიო წესების ცოდნა და შესრულება არ არის საკმარისი სულის საცხოვნებლად. ეს ყველაფერი ადამიანმა შინაგანად, ღრმა სულიერი განცდით, თავმდაბლობითა და უხმაუროდ უნდა აკეთოს. სწორედ თავმდაბლობაა გასაღები სამოთხის კარისა.
არც ის უნდა ვიფიქროთ, რომ ღვთის წინაშე გამართლებას, წყალობას და ჯილდოს მხოლოდ ეკლესიაში ხანგრძლივი, წლების მანძილზე სიარულის გამო მივიღებთ. "მეათერთმეტე ჟამის" მუშაკის მსგავსად, შესაძლოა უფლისგან იმ ადამიანმა მიიღოს გაცილებით მეტი საზღაური - ჯილდოსა და წყალობის სახით, რომელიც ბოლო ჟამს მივა "სამუშაკოდ", მაგრამ თავმდაბლობით, ჭეშმარიტად ეკლესიური ცხოვრებით იღვაწებს.
- არიან ადამიანები, რომლებიც ეკლესიურად არ ცხოვრობენ, მაგრამ ბუნებით თავმდაბალნი იბადებიან. აცხონებს თუ არა ეს კაცს?
- ეს ნიჭი მას ხომ უფალმა მისცა. მაშინ რატომ არ ადიდებს შემოქმედს? უფალი კი ადამიანმა ღვთივსათნო, ჭეშმარიტად ეკლესიური ცხოვრებით უნდა განადიდოს, ღვთისგან ბოძებული ნიჭი კვლავ უფალს უნდა მიუძღვნას.
- თავმდაბლობას სამი უმთავრესი სათნოება - რწმენა, სასოება და სიყვარული აღმოაცენებს. თავის მხრივ რომელ სათნოებებს შობს თავმდაბლობა?
- თავმდაბლობა უპირველესად შობს მიმტევებლობას, ასევე მორჩილებას, მოთმინებას, მოყვასის სიყვარულს და მსგავს სათნოებებს.
- მართალია, თავმდაბლობა მორჩილებას შობს, მაგრამ თავის მხრივ მორჩილებაც ხომ არის საფუძველი თავმდაბლობისა.
- ეკლესიის კანონებისა და სულიერი მოძღვრის მორჩილების გარეშე თავმდაბლობას ვერ მივაღწევთ. მორჩილება უნდა იყოს ძალდაუტანებელი, უსიტყვო, ადამიანის შინაგანი განცდა. ასეთი მორჩილების ძალა იმდენად დიდია, რომ არაჩვეულებრივი სისწრაფით აჰყავს ადამიანი სულიერ სიმაღლეზე.
- ზოგიერთს თავმდაბლობის შენარჩუნება უფრო მაშინ უჭირს, როდესაც წარმატებას მიაღწევს და კაცთაგან ქებას დაიმსახურებს. შესაძლოა გარეგნულად არ გამოავლინოს, რომ თავი მოსწონს, მაგრამ შინაგანად ამპარტავნება იპყრობს.
- როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, პირში ქება იგივეა, რაც ფეხის დადება სწრაფმავალი კაცისთვის. ქება ადამიანს ამპარტავნებაში აგდებს. კვლავ წმინდა მამათა სწავლებებს დავეყრდნობი. ასეთ დროს, როდესაც პირში გვაქებენ და ჩვენს კეთილ საქმეს განადიდებენ, გავიხსენოთ ჩვენი ნაკლოვანებები, გავიხსენოთ ისიც, რომ სიკეთე ჩვენი ძალით კი არა, ღვთის წყალობით აღვასრულეთ. თუ ასე მოვიქცევით, მოვახერხებთ ვძლიოთ ამპარტავნებას და შევინარჩუნოთ უმაღლესი ქრისტიანული სათნოება - სიმდაბლე.
- შეიძლება თუ არა, ადამიანმა გამოიცნოს, მართლაც მიაღწია თუ არა გულწრფელ, ჭაშმარიტ თავმდაბლობას?
- წმინდა მამები ამის გასარკვევად ერთ ხერხს გვთავაზობენ - როდესაც გვსაყვედურობენ იმ ცოდვის გამო, რომელიც ჩვენ თვითონაც გვაშფოთებს და საყვედურსა და შეგონებას მშვიდად, მდუმარებით ვისმენთ, თან მადლობას ვამბობთ შეგონებისთვის, ეს იმას მიანიშნებს, რომ ღრმა, გულწრფელი თავმდაბლობით ვართ შემოსილი. მაგრამ თუ შეგონებისას შინაგანად საპირისპიროს განვიცდით, თუკი საყვედური გვაბრაზებს, ე.ი. სიამაყე შეგვეპარა. ამიტომაც ვერ ვახერხებთ საყვედურისა და შეგონების მშვიდად და თავმდაბლად დათმენას...