მეც მაქვს ხოლმე სიხარულის წუთები, როცა ჩემი სულიერი შვილების სულიერი ძალების ნორმალურ ზრდა-განვითარებას ვხედავ. თუმცა მყავს ისეთნიც, ეგრეთ წოდებული ქონდრისკაცები, მრავალი წელი ერთსა და იმავე მდგომარეობაში რომ რჩებიან. თუმცა სულიერი ასაკით დიდი ხანია გამოვიდნენ ჩვილობის წლებიდან, მაგრამ ისევ მითხოვენ, როგორც ბალღები, სურთ, სულიერმა მამამ რაც შეიძლება მეტი ყურადღება დაუთმოთ, ხელში აიყვანოს, იავნანა უმღეროთ, თავზე ხელი გადაუსვათ, არასოდეს დასაჯოს, მკაცრად არ მოექცეთ და მათი ნება-სურვილის წინააღმდეგ არაფერი თქვას.
საკმარისია, რომელიმე მათგანი მყარ ნიადაგზე დააყენო და უთხრა: "აბა, ახლა მარტომ, უჩემოდ, ერთი ნაბიჯი მაინც გადადგი და ნახავ, შენ თვითონ როგორ მოგეწონებაო", უეცრად ყვირილს მორთავს: "მე სუსტი ვარ, უძლური, წავიქცევი და დავშავდები... თქვენს მკლავებში კი უფრო უსაფრთხოდ ვარ! ილოცე ჩემთვის, მამაო, და კეთილ საქმეებზე ნურაფერს მკითხავ; სათნოებები არა მაქვს და მათ ნურც ეძიებ. ან კი როდის რას მოვიპოვებდი, მე ხომ ჯერ ჩვილი ვარ!"
აბა, რას იტყვით! სიამოვნებს ზოგიერთ ჭაღარათმიანს სულიერ ცხოვრებაში "ჩვილად" ყოფნა. არ უნდათ, ეზარებათ საკუთარ თავზე მუშაობა. რისი იმედი აქვთ? ძნელი წარმოსადგენია. ალბათ ფიქრობენ, იმქვეყნადაც ხელში ატატებულს ატარებენ. ასეთებს მინდა ვუთხრა: "ვერა, შვილნო ჩემნო, ზარმაცნო და უდარდელნო, ვერ გაექცევით ღვთის მართლმსაჯულებას! თქვენ გაქვთ ყოველივე, რაც გადარჩენისთვის გჭირდებათ! ნათლისღების ემბაზში იშვით სულიერი ცხოვრებისთვის. წმინდა ეკლესიამ, როგორც ნაზმა და მზრუნველმა დედამ, გაგზარდათ მარადიული სიხარულისთვის, გამოგკვებათ ქრისტე ღმერთის უწმინდესი სისხლითა და ხორცით. ძლიერი და ჯანსაღი საკვებით გასაზრდოვათ - წმინდა მამათა სწავლებით. გასვათ წყალი საღმრთო სიტყვათა (სახარების) დაუშრეტელი წყაროდან, რომელიც მარადისობაში მიედინება. სამოსელი თქვენი სინანულის საიდუმლოთი განასპეტაკა. სული თქვენი გაახალისა და მხიარულყო, ავადმყოფობის ჟამს წმინდა საიდუმლოებებით, მირონისა და ზეთის ცხებით განკურნა. გიჩვენათ ჭეშმარიტი გზა ცათა სასუფევლისა. რაღა გაკლიათ, შვილებო? განიღვიძეთ სიზარმაცისა და გულგრილობისაგან! უთხარით ბოროტ ძალას: "არ დავიჯერებთ შენს მზაკვრობას, არ ვიწვებით გაუნძრევლად, როგორც ლოკოკინა ნიჟარაში! როგორც არ უნდა გვიმძიმდეს, გვსურს, ღვთის შეწევნით, ცხონების გზაზე ვიაროთ და არასოდეს გავჩერდეთ!" ამ სიტყვებზე განიხარებენ ზეციური ძალნი და უფალიც სიყვარულით შეგეწევათ კეთილ განზრახვაში, მოგეშველებათ, განუგეშებთ და განგაძლიერებთ ფეხზე დგომისას. სულიწმინდა განგიმჟღავნებთ ღმერთთან ურთიერთობის საიდუმლოს, ღვთისმოშიშ ადამიანთან სულიერი ურთიერთობის საიდუმლოს. სულიერ სამყაროსაც ხომ თავისი უსადენო ტელეფონი აქვს - გრძნობათა მანძილზე გადაცემა. იტყვიან ხოლმე, გული გულს ხედავსო. მეცნიერება ამას ტელეპათიას ეძახის, სულიერ ცხოვრებაში კი ამ საიდუმლოს კაცს თვით სულიწმინდა უმჟღავნებს.
მახსენდება, რა აღფრთოვანებით მწერდი საკუთარ სულიერ წარმატებებზე. მერე კი მეორე წერილი გამომიგზავნე: "მამაო, გულით ვგრძნობ თქვენს უკმაყოფილებას... ხომ ასეა? და რა არის ამის მიზეზი?" არც შემცდარხარ, დამამძიმა და დამამწუხრა პირველმა წერილმა და ეს გრძნობა შენც გადმოგედო. წერილი ერთიანად ფარისევლობით იყო გაჟღენთილი. თვალწინ წარმომიდგა, როგორ განიმოსე თავმდაბლობის სპეტაკი სამოსი და მყრალ ამპარტავნებაში გადაეშვი... და მეც იძულებული გავხდი, "ბუქსირზე" გამომები. მახსოვს, რარიგ ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა შენზე წიგნმა "ანგელოზის გამოცხადება", სადაც აღწერილია, როგორ მიჰყავს "ბუქსირით" უფლის ანგელოზს სტავროფილე ღვთის სასუფეველში. ვისაც დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი არა აქვს, ანდა ჰქონდა და დაკარგა, ამგვარად მიჰყავთ. კარგი იქნებოდა, გაგვეხსენებინა შენი ნაბიჯები, ამ დაკლაკნილ გზაზე რომ გადადგი.
როცა ღვთის სასწაულებს გავიხსენებთ, თავს რომ გადაგვხდა ანდა, ღვთის მადლით, ჩვენ მიერ სხვას უხილავს, სული გაგვიმხნევდება, შეიმუსრება და მადლიერების ნიშნად მეტი მოსაგრეობისთვის განეწყობა.
სულიერ სამყაროში მრავალი რამ არის საინტერესო და იდუმალი! მაგალითად, მატერიის მუდმივობის კანონის დარად, სულიერ ძალთა მუდმივობის კანონიც არსებობს. მატერიალურ სამყაროში წყლის წრიული მიმოქცევა ხდება - რაც უფრო მეტი წყალი აორთქლდება წყალსატევებიდან, ზღვებიდან თუ ოკეანეებიდან, მით უფრო მეტი ნალექით ივსება ისინი წვიმისა და თოვლის სახით.
ამდაგვარი რამ არსებობს ღვთისმოშიში კაცის ცხოვრებაშიც: რაც უფრო მეტად იმდაბლებს თავს და მოწყალების საქმეებით მეტ სიყვარულს ავლენს, რაც უფრო მეტად განიწმენდს თავს ვნებათა და ბოროტ ჩვეულებათაგან, მით მეტ მადლს იღებს ღვთისაგან, მით უფრო მეტად ასხივებს მას სიყვარულისა და მოწყალების საქმეთა სახით და თვითონაც სულ უფრო და უფრო მდიდრდება სულიწმინდის ნიჭებით.
სული ქრისტიანისა, რომელიც ჭეშმარიტი სინანულის გზას დასდგომია და მტკიცედ გადაუწყვეტია, მიჯობს მოვკვდე, ვიდრე შევცოდოო, ვნებათა და ბოროტ ჩვეულებათაგან განწმენდას იწყებს. ღვთის მართლმსაჯულების კანონით, მას მრავალი მწუხარებისა და თავდასხმის დათმენა უწევს. ეჩვენება, რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგ აღმდგარა, თითქოს ყველა შეითქვა, რომ დაცინვით, ცილისწამებით, ბოროტი სიტყვითა თუ საქმით აწამოს. საბრალოს ჰგონია, კანონი და სინდისი ნებას რომ აძლევდეს, თითოეული მათგანი სიამოვნებით გაანადგურებდა... საცოდავი საშინლად იტანჯება. მისთვის უცნობია სულიერი ცხოვრების საიდუმლოებანი, არაფერი გაუგონია სულიერი ძალების მუდმივობაზე და ვერც იმას ხვდება, რა და რისთვის ხდება. მხოლოდ იტანჯება და მდაბლდება. ხშირად იმეორებს თავისთვის: "ჩემი ცოდვების გამო მეტის ღირსი ვარო!"
ზოგიერთი ვერ უძლებს ასეთ გამოცდას, შეცდება და დრტვინვას იწყებს ადამიანებზე, თავის ბედზე და თვით უფალსაც განიკითხავს. ამით კი კარგავს სულიერებას, ძალას, სინათლეს, მადლს - ყოველივეს! თავმდაბლობის, ზეციური სასუფევლის მემკვიდრეობის უფლების შესაძენად შემდგომში ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს.
ჭირთამთმენი კი დღითიდღე იმდაბლებს თავს. თავის განსაცდელს არავის აბრალებს, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებს. გულწრფელად წუხს იმ ადამიანებზე, ბედმა რომ შეაჯახა. ფიქრობს: "უჩემოდ კარგად იყვნენ, მე ცოდვილი კი ვანერვიულებ, ვაბრაზებ. მოულბე მათ გული, უფალო, მიმადლე სიხარული!" რასაკვირველია, შენც გაიფიქრებ:P"ეს თავმდაბალი ადამიანის ფიქრები და სიტყვებია. განა შეიძლება, ვნებიანმა, თავმოყვარე და დიდებისმოყვარე კაცმა მტერს გულწრფელად უსურვოს სიხარულიო".
შეგეკითხები: მაშ, სად გადის ზღვარი თავმდაბალსა და იმ ადამიანს შორის, ვინც თავმდაბლობის შეძენას ცდილობს? მერწმუნე, მეგობარო, როგორც კი ცოდვილი ჭეშმარიტი სინანულის გზას დაადგება და მტკიცედ გადაწყვეტს, მეტად აღარ შესცოდოს, იმ წუთიდანვე იწყება მისი სულიერი განვითარება: გარდაქმნა, განახლება, მკვდრეთით აღდგომა შინაგანი კაცისა. მადლი განუშორებლად იმყოფება მასში და ყველაფერში შეეწევა, თუ ადამიანს ეს მართლაც სწყურია. ეს გარდაქმნა, ზრდა კაცისა ყოველთვის და ყველასთვის არ არის თვალსაჩინო, თვით ადამიანიც კი თავდაპირველად ვერ აცნობიერებს, რაც მის სულში ხდება...
როცა კაცი სინანულის გზას შეუდგება, სრულად მიენდობა ღვთის ნებას, როცა თავისი ცხონების მტრად გარშემო მყოფთ კი არა, საკუთარ თავს მიიჩნევს, სხვების ნაცვლად საკუთარ ამპარტავან მეს შეებრძოლება გამძვინვარებით, აი, სწორედ მაშინ დაიწყება მისი საიდუმლო ფერისცვალება, სულიერი ზრდა.
სიმდაბლის გზაზე შემდგარი საკუთარ თავს მტრად უნდა მოეკიდოს, მოიძულოს ის, უფრო სწორად - თავისი თვითნებობა, უმოწყალოდ უნდა გაიშოლტოს თავი. ვთქვათ, საძაგლად მოგექცნენ და ცილი დაგწამეს. ძალზე ძნელია ასეთი განსაცდელის გადატანა. ერთი სული გაქვს, თავის გასამართლებლად რამდენიმე სიტყვა მაინც თქვა... ნუ იზამ ამას, დაითმინე, ნუ იმართლებ თავს და დაინახავ, როგორ შობს მოთმინება თავმდაბლობას, თავმდაბლობა კი ქრისტეს სიყვარულს.
გაიშოლტე და დატუქსე თავი, უთხარი: იგემე ნაყოფი შენთა საქმეთა. როგორც ექცეოდი ადამიანებს, ცხადად თუ ფარულად, ახლა შენ გექცევიან ისე. დაითმინე და მადლობდე უფალს, საშუალება რომ მოგცა, შენი ცოდვების გამო სინანულის ნაყოფი შესწირო.
მოდით, ასეთი შემთხვევა განვიხილოთ. ადამიანი შეურაცხყვეს და აატირეს. მან კი გადაყლაპა წყენა, როგორ მწარე, მაგრამ მარგებელი წამალი, და ილოცა ექიმებისთვის (მტრებისთვის), რათა უფალმა ჩადენილი ცოდვად არ მიუთვალოს და აცხოვნოს ისინი. შეურაცხყოფილი, გაბრაზებული და გულგაქვავებული უმადლოდ წავა, წყენის დამთმენი კი მშვიდად. არც მან იცის და არც სხვამ, რა ხდება მის თავს იმ წუთს. არადა დიდებული და საიდუმლო რამ ხდება - მადლი, როგორც ნაზი და მოყვარული დედა, აჯილდოებს საკუთარი თავის მძლეველ კაცს და გამოუთქმელი სიხარულით, სიმშვიდითა და მყუდროებით ანუგეშებს. როგორც წიწილა ყალიბდება დაფარულად, ნაჭუჭქვეშ სითბოს მეშვეობით, ასევე ვითარდება და ფერს იცვლის ღვთის მადლის სითბოთი სხეულის საფარველით მოსილი ახალი ადამიანის სული.
ღვთის მადლის საიდუმლოდ მოქმედება დღედაღამ განუწყვეტლივ მიმდინარეობს. ხელჩაკიდებული მიჰყავს ღვთივსათნო სული სასუფეველში, და არა მარტო საკუთარი თავის ძლევის გამო; ოდნავი გაბრძოლების (თუნდაც წარუმატებლის), გამოსწორების მცირედი სურვილისთვისაც კი მადლი სხვადასხვა ხერხით გონს მოიყვანს კაცს და მასში სულიერი წრიული მიმოქცევა იწყება.
რაც უფრო მეტ ძალასა და ენერგიას გასცემს კაცი საკუთარი თავის ძლევისთვის, მით მეტ ენერგიას და სულიერ ძალას მიანიჭებს მას უფალი. ასე რომ, შემდგომში სულიერი ბრძოლა უფრო და უფრო უმსუბუქდება. ადამიანში გროვდება ძალა, სინათლე, სითბო (სიყვარული), ენერგია, იზრდება კაცთა გონებისთვის მიუწვდომელ საზომამდე. შინაგანი კაცი ვეებერთელა ხდება და ამ დროს იმსხვრევა ნაჭუჭიც (საფარველი) - კაცი მთელი დიდებულებით წარმოგვიდგება.
მთაზე აშენებული ქალაქი თვალთაგან ვერ დაიფარება. ადამიანიც შეიტყობს ღვთისაგან თავისი ცხონების შესახებ. ახლა უკვე დარწმუნებულია ამაში. ცდილობს, მოსაგრეობა ძველებურად, დაფარულად განაგრძოს, მაგრამ ძნელად თუ გამოსდის, რადგან უფლის ნებაა ასეთი - სასანთლე ზემოთ უნდა შემოიდგას, რათა სხვებს სითბო და სინათლე მიჰფინოს.
ორიოდე სიტყვით ასე ხდება ადამიანის სულიერი ზრდა, განვითარება და ფერისცვალება.
ვისაც ძალუძს, დაიტიოს!
სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)