შედეგი სიყვარულისა და სახეცვლილება შურისა
შექსპირი "ოტელოს" ერთ-ერთ გმირს ათქმევინებს: "ჰიო, ზეცის მადლო, შენ დაიხსენ კაცთ ნათესავი ეჭვიანობის სენისაგან!" ეჭვიანობა სულიერი სნეულებაა.
რა სულიერ-ფსიქოლოგიური მიზეზები განაპირობებს ამ სნეულებას? ამის შესახებ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი წერს: "ეჭვიანობა არის შედეგი სიყვარულისა და სახეცვლილება შურისა. ის იბადება იმის გამო, რომ ჩვენი სიყვარულის საგანს სხვის მფლობელობაში ვხედავთ ან ვფიქრობთ, რომ მას არა აქვს ჩვენს მიმართ თანაგრძნობა, ანდა, ყოველ შემთხვევაში, სხვას უფრო თანაუგრძნობს, ვიდრე ჩვენ. მაშინ ეს სხვა პირი იქცევა არსებად, რომელიც უსიამოვნებას, ეჭვიანობას აღგვიძრავს. ეჭვიანობა უაღრესად არასასიამოვნო გრძნობაა და მით უფრო არასასიამოვნოა, რაც უფრო ძვირფასი და ახლობელია ჩვენთვის სიყვარულის აღმძვრელი საგანი. ეჭვიანობა ან შედეგია ძლიერი სიყვარულისა (თუმცა აუცილებლობით არ არის მასთან დაკავშირებული), ანდა შედეგია საკუთარი თავისადმი უნდობლობისა, როცა ადამიანი საკუთარ თავს სიყვარულის ღირსად არ მიიჩნევს; ანდა, ბოლოს, შედეგია ეჭვნეული და მოუსვენარი ხასიათისა. მაგრამ ყველა შემთხვევაში ესაა უარყოფითი გრძნობა და თავისი უმაღლესი განვითარებისას უაღრესად მტანჯველია. მასში შეიძლება იმალებოდეს შეურაცხყოფილი თავმოყვარეობაც, სიამაყეც, შურისგების გრძნობაც და სხვა მრავალი არანაკლებ მდაბალი გრძნობა".მართლმადიდებლობა პიროვნული სრულყოფის რელიგიაა და ადამიანს უარყოფით ფიქრებთან, ემოციებთან, განცდებთან გამკლავების ხელოვნებას ასწავლის. ცხადია, ასწავლის ეჭვიანობის დაძლევასაც.
გვესაუბრება თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.
- ეჭვიანობას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სულიერ სნეულებას (ცოდვას), განვითარების რამდენიმე ეტაპი აქვს. რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ განცდის ჩანასახშივე შემჩნევას და მყისიერ აღკვეთას?
- არსებობს ასეთი ეკლესიური სქემა, პრინციპი, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია ცოდვასთან ბრძოლის თვალსაზრისით: თავდაპირველად ადამიანის გონებაში ცოდვილი ფიქრი, წარმოდგენა შემოდის, - ამას ერთგვარი გამოცდის მნიშვნელობა აქვს, დგინდება, როგორი არჩევანის გაკეთებისკენ ვართ მიდრეკილნი - ავისკენ თუ კარგისკენ. შემდგომ ამისა მეორე ეტაპი იწყება: ადამიანი მანკიერ ფიქრს, ცოდვილ ხატებს კი არ განაგდებს, მათ თვალიერებას იწყებს, მათთან კონტაქტში შედის. მომდევნო ეტაპზე ცოდვილი ჩანაფიქრის ან ხატის მიღებაზე ვთანხმდებით, მერე კი გადავწყვეტთ, მანკიერი აზრი განვახორციელოთ, საქმედ ვაქციოთ, და ჩნდება ცოდვის ჩადენის სურვილი, მისი ერთგვარი ემოციური მხარდაჭერა. სურვილს მოქმედებისთვის მზადყოფნა მოსდევს - ადამიანი სამოქმედო გეგმას სახავს. დაბოლოს, დგება მოქმედების ეტაპი. ამ სქემით ვითარდება ეჭვიანობაც. ამ განცდის შემოტევას ადრე თუ გვიან ყველა დასაქორწინებელი თუ ოჯახური წყვილი გამოცდის.
ეჭვიანობა რომ თავიდან ავიცილოთ, პირველ ყოვლისა, ეჭვის საბაბი არ უნდა მივცეთ - მოვერიდოთ ვინმესთვის ვნებიანად შეხედვას, თვალიერებას. ზოგჯერ, მეუღლის ან საყვარელი ადამიანის ყურადღება რომ მიიპყრონ ანდა სამაგიერო გადაუხადონ, მას განზრახ იწვევენ - უმტკიცებენ, არაერთი ქალისა თუ მამაკაცის გულის დაპყრობა შეგვიძლია და თუკი ჯეროვნად არ დაგვაფასებთ, მანუგეშებელსაც იოლად ვიპოვითო... ეს დემონური სურვილია. ეკლესიის წიაღში მყოფი ქრისტიანული ცნობიერების მქონე ადამიანისთვის ეჭვიანობის გამომწვევი ეს ილეთები და ხერხები შეურაცხმყოფელი და უკადრისია.
- ხშირად ეს უღირსი საქციელი ისე მოხერხებულადაა შენიღბული, ძნელად თუ შეამჩნევს კაცი...
- მაგრამ უფალს ხომ არაფერი გამოეპარება. ამიტომაც ყველა ჩვენგანის ვალია, მოიქცეს ისე, რომ მეუღლეს ეჭვი გაუქარწყლოს. წმინდა იოანე ოქროპირი გვმოძღვრავს: "განერიდე და გაექეცი სხვისი დაეჭვების უმცირეს საბაბსაც კი. თუ მეუღლე უსაფუძვლოდ გდებს ღალატში ბრალს, შეეცადე, დაამშვიდო, აუხსნა ყველაფერი. ეჭვიანობა ყველა ადამიანს ახასიათებს, მაგრამ ყოვლად მიუღებელია, განგებ აეჭვიანო ვინმე და ამით უკადრის მიზნებს შეასხა ხორცი".
- ეჭვიანობას ხომ პათოლოგიური გამოვლინებებიც აქვს. ბევრს დაუჩივლია, ჩემი მეუღლე მეტისმეტად ეჭვიანია და ცხოვრებას მიმწარებსო...
- ადამიანის უმთავრესი მიზანი საკუთარი თავის გამოსწორებაა. თუ კაცი ეჭვიანობისკენაა მიდრეკილი, უნდა შეეცადოს, მოთოკოს საკუთარი მე: ხშირად უნდა თქვას აღსარება, მოინანიოს შეცოდება, რომლისკენაც არის მიდრეკილი, არ მისცეს ეჭვიანობის ვნებას გამძაფრების საშუალება. ეჭვიანობა წარმოსახვის გახელებასთან არის დაკავშირებული. ამ დროს ძალზე მნიშვნელოვანია, ადამიანმა ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს, დაიწყოს ლოცვა (წარმოთქვას იესოს ლოცვა, მამაო ჩვენო...). ლოცვა სულიერ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გამხნევების საუკეთესო საშუალებაა. მისი წყალობით მნიშვნელოვნად სუსტდება მწვავე ემოციების ზემოქმედება.
- ეჭვიანობის კიდევ უფრო პათოლოგიური ფორმაც არსებობს, რომელიც ფსიქიკური აშლილობის დროს გვხვდება...
- მართლაც, ფსიქიატრიაში ცნობილია ბოდვის ისეთი სახეობა, როდესაც ადამიანი დარწმუნებულია, რომ მეუღლე ღალატობს. ამ ბოდვით შეპყრობილები ყველაზე უწყინარ სიტუაციებშიც კი თავიანთი ეჭვის დამადასტურებელ უტყუარ საბუთებს პოულობენ. ერთ-ერთი ავადმყოფი ჰყვებოდა: ჩემი ცოლი ვითომდა ყვავილების მოსარწყავად ყოველ დილით აივანზე გადის, სინამდვილეში კი მოპირდაპირე სახლში მცხოვრებ საყვარელს ანიშნებს, როდის არ ვიქნები შინო. ამ მდგომარეობას ღაზოიანობას ანუ ეჭვიანობის ბოდვას უწოდებენ. ეს უკვე ფსიქოპათიური გადახრაა.
ფსიქიატრები გამოყოფენ პარანოიდულ აშლილობას. მისთვის დამახასიათებელი უმთავრესი ნიშან-თვისებები ეჭვიანობა და უნდობლობაა. ადამიანი მუდამ დადარაჯებულია და ყოველ წუთს მოელის, რომ დაჯაბნიან, მოატყუებენ, გაამასხარავებენ... ყველგან მის წინააღმდეგ შეთქმულება ელანდება. აღარავის ენდობა. წყენია და ბუტია ხდება. იშვიათად უმეგობრდება ვინმეს და ხალხმრავლობასაც თავს არიდებს. გულჩახვეული და მეტისმეტად თავდაჯერებული ადამიანის სახელი აქვს. ასეთი მახასიათებლები ეჭვიანობისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. ეს ადამიანები თავგადაკლული მოქალაქეები არიან. პარანოიდული პიროვნებების მნიშვნელოვანი მახასიათებელია საკუთარი გამორჩეულობის შეგრძნებაც. მათ მტკიცედ სჯერათ საკუთარი ნიჭიერებისა და დიადი მისიისა, თუნდაც მათი საქმიანობა საამისო საფუძველს არ იძლეოდეს. ამასაც იოლად უპოვიან გამართლებას - თუ მათი ტალანტის რეალიზება ვერ მოხერხდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მოშურნეთა ხრიკების ბრალია; მათ მოატყუეს, შეაცდინეს და დაღუპეს. ამიტომაც გამუდმებით აქვთ ბოღმა ვიღაცის მიმართ. არის კიდევ ერთი ასპექტი: ისინი ადვილად ღიზიანდებიან და თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ, არადა მათი წყენინება ფიქრადაც არავის გაუვლია. ასეთ დროს სირცხვილს და დამცირებას მტკივნეულად განიცდიან.
პარანოიდული ქცევის ნიშანდობლივი მაგალითი აქვს აღწერილი ერთ-ერთ ფსიქიატრს: 45 წლის მამაკაცი ცოლის ერთგულებაში დაეჭვდა. თავიანთი საწოლის ქვეშ ცოლისგან მალულად სამალავი ამოთხარა. თხრას დიდი დრო და ენერგია შეალია, მერე კი საათობით იჯდა და ელოდა, როდის უღალატებდა ცოლი. ლოდინით რომ დაიღალა, თავის ნაცვლად მაგნიტოფონს ტოვებდა და ნებისმიერ ხმაურს იწერდა. ამისთვის სამალავში ელექტრობის გაყვანაც კი დასჭირდა. ასე გრძელდებოდა რამდენიმე თვე. დაიწყო ყინვები. სამალავში ყოფნა გაძნელდა. გადაწყვიტა, მეგობრებისთვის ეთხოვა დახმარება. ისინიც დაარწმუნა, ცოლი მღალატობსო. რიგრიგობით ისხდნენ სამალავში და ელოდნენ. ამასობაში ცოლმა ქმრის უცნაური საქციელი შენიშნა. იფიქრა, რაღაცას მიმალავს, ნამდვილად საყვარელი გაიჩინაო. გადაწყვიტა, თვალი ედევნებინა და გაეგო, სად გადაიკარგებოდა ხოლმე მისი მეუღლე. შენიშნა, რომ ქმარი გამუდმებით სამალავთან ტრიალებდა. რამდენჯერმე კი უცნობ ქალსაც მოჰკრა თვალი. რა იცოდა, რომ იგი მისი ქმრის ერთ-ერთი მეგობრის და და შეთქმულების მონაწილე იყო. ჰოდა, გადაწყვიტა, ქმრისთვის დანაშაულზე წაესწრო. ერთხელაც, როდესაც მთელი კომპანია სამალავში იყო, სახლმმართველის, მეზობლებისა და უბნის რწმუნებულის თანხლებით მეუღლეს და მის მეგობრებს თავს წაადგა. ჯერ კი გაოგნდნენ, მაგრამ მერე დიდი აურზაური ატყდა.
ეს შემთხვევა ნამდვილად მოხდა და მშვენივრად გვიჩვენებს, რა კომიკურ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს ეჭვით შეპყრობილი ადამიანი.
- აშკარაა, რომ ეჭვიანობის ასეთ პათოლოგიურ გამოვლინებებში ბოროტი ძალა მონაწილეობს...
- ამიტომაც პათოლოგიური ეჭვიანობის გამოვლინებათა გასანეიტრალებლად ღვთაებრივი მადლია აუცილებელი. ეს მადლი კი ეკლესიაში ტრიალებს. ასე რომ, ფსიქიკური აშლილობის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკლესიური ცხოვრების დაწყება, ლოცვა, აღსარების თქმა, ზიარება... წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი ხშირად დემონური ძალის მონა ხდება და თავის პიროვნებას კიდევ უფრო მეტად აკნინებს, რაც მის ფსიქიკას უდიდეს დაღს ასვამს.
ეჭვიანობისკენ მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანია მიდრეკილი. შესაძლოა, ამ განცდას საფუძვლად მესაკუთრული მომენტი, საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიში, მრისხანება, თავმოყვარეობის შელახვის შიში... ედოს. ბოროტი უფრო და უფრო ახელებს ამ მიზეზებით წარმოშობილ განცდებს. ჩვენი სიბრძნე კი იმაში მდგომარეობს, რომ ეკლესიური მადლის შემწეობით მოვთოკოთ ეს ვნებითი გახელება და წარმოსახვას ნაკლებად მივცეთ ამ მხრივ განვითარების საშუალება.
- ვფიქრობ, ოჯახში, სადაც მეუღლეებს შორის ჯანსაღი და ჰარმონიული ურთიერთობაა, ეს ვნება ვერ გაძლიერდება...
- საზოგადოდ, ოჯახურ ურთიერთობაში უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არც ერთი მხარე არ დაწვრილმანდეს. ცოლმაც და ქმარმაც უნდა შეინარჩუნონ პიროვნული სიდიადე, მოთმინებით, დიდსულოვნებით აიტანონ ერთმანეთის ნაკლოვანებები... ცხოვრება ბევრ განსაცდელს შეამთხვევთ, გაჭირვებაც ექნებათ, მაგრამ მათ ადამიანობის რთული გამოცდა უნდა ჩააბარონ. ახალგაზრდები, სანამ დაქორწინდებიან, ჩვეულებრივ, კარგი მხრით წარმოაჩენენ თავს, მალავენ თავიანთ ნაკლოვანებებს. იწყება ოჯახური ცხოვრება და ყოველივეს რიდე ეხდება. ადამიანი მწარე სინამდვილეს ეჯახება და იწყება სირთულეები. როდესაც ადამიანი მოწოდების სიმაღლეზე არ დგას, სულმოკლეობას, მძიმე ხასიათს იჩენს, მეუღლეს გული უცივდება, ძველებურად თბილი და ყურადღებიანი აღარ არის, ეს კი შესაძლოა ეჭვიანობის საბაბად იქცეს. ასეთ დროს ადამიანი თვითონაც არის დამნაშავე, თავადვე უქმნის თავს ეჭვიანობის საფუძველს. ასე რომ, ოჯახური ცხოვრება ურთიერთსიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის შენარჩუნების დიდი ხელოვნებაა. რომელ ოჯახშიც ამ ხელოვნებას ფლობენ, იქ ეჭვიანობისთვის ადგილი აღარ რჩება.