აღდგომისას თვით კოსმოსში იცვლება ყველაფერი, იცვლება საეკლესიო მსახურების წესი და კანონიც. სწორედ მათ შესახებ გესაუბრებით. ჩვენი სტუმარია წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი ზურაბ მჭედლიშვილი:
- აღდგომის დღესასწაულის არსი ადამიანის ბუნების გამოსყიდვა, მისი ძველ მდგომარეობაში დაბრუნებაა. სწორედ მაცხოვრის მიერ მოხდა ადამიანის ბუნების განღმრთობა, რომელიც იესო ქრისტეში განხორციელდა. უფალმა სამოთხიდან გამოძევების წინ ადამსა და ევას აღუთქვა, რომ მოუვლენდა მხსნელს, რომელიც მათ ნეტარ მდგომარეობაში დააბრუნებდა. მაცხოვრის ჯვარცმით და აღდგომით მოიკლა სიკვდილი და ადამიანის ბუნება სამარადჟამო ცხოვრებას - უფალ ღმერთს ეზიარა.
- როგორ ხდება აღდგომის თარიღის გამოთვლა? ეკლესიის სწავლებით, ყოველი კვირა დღეც აღდგომის სწორია. რატომ არის ასე?
- აღდგომის თარიღის გამოთვლა უკავშირდება პასექის დღესასწაულს. როგორც სახარება გადმოგვცემს, მაცხოვრის ჯვარცმა პასექის დღესასწაულზე მოხდა. ეს დღე მოსეს მიერ ებრაელების ეგვიპტის ტყვეობიდან გამოხსნას უკავშირდება. იგი ღვთის ერის ხელახალ დაბადებას განასახიერებს. ებრაელთა კალენდრის მიხედვით, დღესასწაული აღინიშნებოდა ნისანის თვეში, რაც დაახლოებით მარტის II ნახევრიდან აპრილის I ნახევრამდე გრძელდებოდა. ამ თვის მე-14 დღეს, საღამოს უნდა დაეკლათ საპასექო კრავი. ამ დღესასწაულით ტყვეობიდან გათავისუფლებას იხსენებდნენ. მაცხოვრის ჯვარცმა სწორედ ამ დღეს მოხდა, რასაც მესამე დღეს აღდგომა მოჰყვა. პარასკევიდან მესამე დღე კვირაა. ამის შემდეგ ყოველი კვირა აღდგომას ახსენებს ადამიანს. თავდაპირველად აღდგომის დღესასწაული ებრაელთა პასექის დღეს ემთხვეოდა, მაგრამ შემდგომ, წმინდა ეკლესიის დადგენილებით, მოხდა მისი ერთი კვირით გადაწევა. ასე რომ, აღდგომის დღესასწაულს პასექიდან ერთი კვირის თავზე ვდღესასწაულობთ. თავის მხრივ პასექი ბუნიობის დღეს ემთხვევა, ამიტომაც არის აღდგომის დღესასწაული მოძრავი.
- წელს დიდ შაბათს ხარება ემთხვევა. ახსნილებს თუ არა ეს დღე შაბათს?
- ვნების კვირა მძიმე კვირაა. განსაკუთრებით მწუხარებით მოცული შაბათია - ამ დღეს უფალი ჯერ კიდევ მკვდარია, გლოვის დღეა და, ცხადია, მას თუნდაც ისეთი დიდი საუფლო დღესასწაული, როგორიც ხარებაა, ვერ გაახსნილებს. დასაშვები მხოლოდ ზეთით გახსნილებაა.
- არის თუ არა აუცილებელი აღდგომას ეკლესიაში წასვლა? სააღდგომოდ ხალხი უმეტესად რაიონში მიდის. ამის გამო აღდგომის მსახურებასაც ვერ ესწრებიან ხოლმე და აღდგომა მხოლოდ ოჯახში აღინიშნება. რამდენად დასაშვებია ეს?
- აღდგომა დღესასწაულია დღესასწაულთა შორის. გამოხატავს ადამიანის ცოდვისგან გამოხსნას და მის მარადისობაში დამკვიდრებას. ყველა მორწმუნე უნდა იზიარებდეს იმ უდიდეს სიხარულს, რომელიც ამ დროს ეკლესიაში სუფევს. ბედნიერების განცდა მხოლოდ სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებით არის შესაძლებელი. ამიტომაც ამ დღეს ეკლესიაში ყოფნა აუცილებელია.
- აქედან გამომდინარე, არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომელ ტაძარში დავესწრებით მსახურებას.
- არსობრივად ამას მნიშვნელობა არა აქვს, რადგანაც ყველა ტაძარში ერთნაირად გადმოდის მადლი ღვთისა.
- რატომ ტარდება აღდგომის დღესასწაული ღამისთევით, აქვს თუ არა ამ ლოცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა?
- თავისი მნიშვნელობით აღდგომა მორწმუნისათვის ყველაზე დიადია, მრევლი იმ სიხარულის მოლოდინშია, რაც კაცობრიობას აღდგომამ მოუტანა. ბუნებრივია, თითოეული ჩვენგანი მღვიძარე უნდა მიეგებოს ამ დღეს, ამიტომაც ხდება ღამისთევა. რაც შეეხება ლიტურგიის არსს, მათში (ღამისთევის იქნება თუ არა) განსხვავება არ არის.
- რა ქნას ადამიანმა, რომელსაც სააღდგომოდ ეკლესიაში წასვლა არ შეუძლია?
- თუ უძლურების გამო ვერ ახერხებს ტაძარში წასვლას, ლიტურგიის სატელევიზიო ტრანსლაციას მაინც უნდა მიადევნოს ყურადღება. და თუ შეძლებს, კვირაცხოვლობას მაინც ეზიაროს.
- თუ მიზეზთა გამო ღამისთევის მსახურებაზე ვერ წავედით, გვაქვს უფლება 12 საათის მერე გავიხსნილოთ თუ ეს უფრო გვიან უნდა მოხდეს?
- აღდგომის ზეიმი მაქსიმალურად უნდა განვიცადოთ. თუნდაც ტელევიზიით რომ ვადევნებდეთ თვალყურს მსახურებას, საჭიროა მის დასრულებას დაველოდოთ, პატრიარქის ქადაგებას, დალოცვას მოვუსმინოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ სახსნილო საჭმელი.
- მორწმუნეთათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა სააღდგომო ლიტანიობას აქვს. რა ხდება ამ დროს, რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ამ მომენტს?
- ლიტანიობის დროს სასულიერო პირი მრევლთან ერთად სამჯერ შემოუვლის გარს ტაძარს ხატებითა და ჯვრით ხელში.Qქრისტიანულ სიმბოლიკაში წრე მარადიულობის სიმბოლოა, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. ამგვარად მორწმუნენი ყოვლადწმინდა სამებისადმი მადლიერებას გამოვხატავთ ადამიანის სამარადჟამო სამოთხეში დაბრუნების გამო. როცა სააღდგომო ღვთისმსახურება იწყება, აღსავლის კარი ღიაა, რაც სასუფევლის კარის გაღებას ნიშნავს. ეს კარი ადამის ცოდვის მერე დახშულ იქნა, ხოლო ქრისტეს განხორციელებით სამუდამოდ გაიღო.
- აუცილებელია თუ არა აღდგომას ზიარება?
- ადამიანი თუ რაღაც ცოდვის გამო ზიარებიდან არ არის განყენებული, მოძღვრის დაშვებით უნდა ეზიაროს.
- აქვს თუ არა მნიშვნელობა რამხელა სანთელს დავანთებთ? როგორ მოვექცეთ ამ სანთელს ღამისთევის მერე? ზოგი უსახსრობის გამო ვერ იძენს სანთელს და ეს ცოდვა ჰგონია...
- ცხადია, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. უმთავრესია ლიტურგიას მივადევნოთ ყურადღება და განვიცადოთ აღდგომის სიხარული. მთავარია, ადამიანის გულში ენთოს რწმენის სანთელი. შესაბამისად, არც უსახსრობის გამო სანთლის ვერშეძენაა ცოდვა. ღამისთევაზე დანთებული სანთელი კი შეიძლება შინ წავიღოთ და ჩვენთვის მნიშვნელოვან დღეებში დავანთოთ ან ეკლესიაში დავანთოთ რომელიმე ხატთან.
- რამდენად აუცილებელია სააღდგომოდ იერუსალიმში წასვლა?
- როდესაც ადამიანის სული ღვთის სიყვარულითაა სავსე, აღდგომის სიხარულის განცდა ყველგანაა შესაძლებელი. მაცხოვრისმიერი გამოხსნა გეოგრაფიულად იერუსალიმში მოხდა, მაგრამ მის აღსაქმელად არ არის აუცილებელი ფიზიკურად მივიდეთ იმ ადგილას. უფალი ხომ ყველგანაა. სადაც მოგვიწოდებს, ჩვენც იქ უნდა ვეძიოთ ჩვენი გზა. საშუალება თუ გაქვთ, ცხადია, კარგია, შეხვდეთ ამ დღეს იერუსალიმში. თუმცა კი იყვნენ ადამიანები, წმინდა მამები, რომელნიც ღვთისადმი დიდი მოწიწების გამო თავს არ მიიჩნევდნენ ღირსად მოელოცათ წმინდა ქალაქი.
- დიდი მარხვის დროს, ყოველ კვირას წმინდა ბასილი დიდის ლიტურგია აღევლინება. ვისი ლიტურგია სრულდება აღდგომას და რა სხვაობაა ამ ლიტურგიებს შორის?
- აღდგომას აღესრულება წმინდა იოანე ოქროპირის ლიტურგია გარკვეული სადღესასწაულო სახეცვლილებით. მთელი წლის განმავლობაში ბასილი დიდის წირვა სულ 10-ჯერ აღესრულება: დიდი მარხვის ყოველ კვირას, 14 იანვარს - ბასილი დიდის ხსენების დღეს, 6 და 18 იანვარს - შობისა და ნათლისღების წინა დღეებში. ყველა დანარჩენი ღვთისმსახურებისას იოანე ოქროპირის წირვა აღესრულება და ზიარების შემდგომ სამადლობელ ლოცვებშიც შესაბამისი წმინდანის ტროპარს ვკითხულობთ. სხვაობა ამ ორ ლიტურგიას შორის საიდუმლო ლოცვებშია. ბასილი დიდის წირვა იოანესაზე ცოტათი ხანგრძლივია. წმინდა იოანე ოქროპირმა გაითვალისწინა ხალხის უძლურება და წმინდა ბასილი დიდის წირვა რამდენადმე შეამცირა. არსი, სტრუქტურა ლიტურგიისა ერთი და იგივეა.
პირველშეწირულის მსახურება დიდმარხვის განმავლობაში შუა კვირაში ტარდება. მისი ავტორი წმინდა გრიგოლ დიოლოღოსია. პირველშეწირული მას იმიტომ ეწოდა, რომ მსხვერპლშეწირვა ხდება წინასწარ, კვირის მსახურებაზე. ეს მსახურება ბოლოს აღევლინება ვნების კვირის ოთხშაბათს.
- აღდგომის შემდეგ თითქმის ძირეულად იცვლება ლოცვითი კანონი. დავიწყოთ "ღირს არსის" ლოცვით. იკითხება თუ არა ის აღდგომის შემდეგ?
- აღდგომიდან ამაღლებამდე იკითხება შემდეგი ლოცვა: "ანგელოზი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ და კვალად გიხაროდენ. ძე შენი აღსდგა მესამესა დღესა საფლავით და მკვდარნი აღადგინა. ერნო, გიხაროდენ! განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალემ, დღეს დიდება უფლისა, შენ ზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ, სიონ, და აწ შენცა იშვებდი, ღვთისმშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა!" სხვა ლოცვა ითქმის ამაღლებიდან სულთმოფენობამდე და სულთმოფენობიდან ყოველთა წმინდათა კვირიაკემდე. მათი მოძიება ლოცვანშია შესაძლებელი.
- არის თუ არა ცვლილებები აღდგომის შემდეგ დილა-საღამოს ლოცვებში?
- დილა-საღამოს ლოცვა არ იკითხება ბრწყინვალე შვიდეულში. ამ დროს დილითაც და საღამოთიც იკითხება პასექის ჟამნი. ბრწყინვალე შვიდეულის შემდეგ ლოცვებს ვიწყებთ არა სიტყვებით "ლოცვითა წმიდათა მამათა ჩვენთათა... მეუფეო ზეცათაო", არამედ აღდგომის ტროპარით - "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი". საზოგადოდ, ლოცვა "მეუფეო ზეცათაო" წყდება სულთმოფენობამდე. ამიტომაც ამაღლებიდან ამ დღესასწაულამდე ლოცვას პირდაპირ "წმიდაო ღმერთოთი" ვიწყებთ.
- როგორ იცვლება ფსალმუნთა კანონის კითხვის წესი?
- ფსალმუნთა კითხვას ვწყვეტთ ვნების კვირის ოთხშაბათს. არც ბრწყინვალე შვიდეულში ვკითხულობთ, განვაახლებთ თომას კვირიდან.
- შეიძლება თუ არა ბრწყინვალე შვიდეულში სხვა ლოცვების (დაუჯდომლები, პარაკლისები) კითხვა?
- ეს კვირა თავისი არსით უდიდესია. ამ პერიოდში შემსუბუქებულია ლოცვა. მძიმე მარხვისგან ერთგვარი დასვენება ხდება. მაგრამ თუ ადამიანს აქვს სურვილი, შეუძლია ეს საკითხი მოძღვართან შეათანხმოს.
- როდის წყდება ეფრემ ასურის ლოცვა?
- ეს ლოცვა წყდება ვნების კვირის ოთხშაბათის საღამოდან და მას აღარ ვკითხულობთ შემდეგ დიდ მარხვამდე.
- სააღდგომოდ წყდება მეტანიებიც. რა მნიშვნელობა აქვს ამას?
- ვნების კვირის ოთხშაბათს წყდება მეტანიები სულთმოფენობამდე. გამონაკლისს წარმოადგენს პარასკევს საღამოს ტაძარში გარდამოხსნის წინ შესრულებული დიდი მეტანიები. "მეტანია" ბერძნულად სინანულს ნიშნავს. ასე რომ, მეტანია სინანულის გამოხატულებაა. მას ეფრემ ასურის ლოცვასთან ერთად ვაჩერებთ. დიდ პარასკევს კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სინანულს. სააღდგომოდ კი ეს გრძნობა სიხარულით იცვლება, შესაბამისად, წყდება მეტანიებიც. ამიტომ წლის განმავლობაში კვირაობით (აღდგომის სწორს) და საუფლო დღესასწაულებზე მეტანიებს არ ვასრულებთ.
- შეიძლება თუ არა ნათლობა, ჯვრისწერა ან პანაშვიდის გადახდა ბრწყინვალე შვიდეულში?
- ნათლობის საიდუმლოს შესრულება ყოველთვის შეიძლება. რაც შეეხება ჯვრისწერას, ის მხოლოდ ბრწყინვალე შვიდეულის შემდგომ არის შესაძლებელი.
- და ამ დროისთვის უკვე წყდება 40-დღიანი პანაშვიდები.
- დიახ. ამ პანაშვიდებს მარხვის დასრულებისას ვწყვეტთ.
- თუ მიცვალებულის გასვენება აღდგომას დაემთხვა, როგორ უნდა მოვიქცეთ?
- აღდგომა ახალი ცხოვრების დასაწყისია, სამარადჟამოდ განღმრთობილი სიცოცხლის, რომელსაც დიდი სიხარული ახლავს თან. ამიტომ მიცვალებულის დაკრძალვა უნდა მოხდეს ერთი დღით ადრე ან გვიან.
- როდის არის დაშვებული საფლავზე გასვლა?
- საფლავზე გასვლა უნდა მოხდეს ბრწყინვალე შვიდეულის შემდგომი კვირის სამშაბათს. ხშირ შემთხვევაში საფლავზე გასვლა რაიონში გამგზავრებასთანაა დაკავშირებული, ამიტომ ათეიზმის პერიოდში ეს ხდებოდა აღდგომას, რადგანაც კვირა დღე დასვენება იყო. აქედან მოდის ტრადიცია აღდგომას საფლავზე გასვლისა. ხალხს ძალიან უჭირს მისი შეცლვა, ამიტომ უწმინდესმა ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს დაუშვა საფლავთა კურთხევა, რათა აღდგომას მწუხარებას არ ჰქონდეს ადგილი. იმედია, ნელ-ნელა მოხდება ამ ტრადიციის შეცვლა და დავუბრუნდებით ეკლესიის წესსა და დადგენილებას.
- არის თუ არა მარხვა აღდგომის შემდგომ შვიდეულში?
- ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია. შემდგომი კვირის აღნიშნულ დღეებში ჩვეულებრივ ვაგრძელებთ მარხვას.
- არის თუ არა აუცილებელი სააღდგომოდ კვერცხისა და პასქის ჭამა?
- პასექის კვერცხი თავისი ფორმით გამოხატავს ზეცისა და მიწის ერთობას, ანუ ადამიანის სამოთხეში დაბრუნებას, რისი შესაძლებლობაც და ძალაც მან თავისი ნებით დაკარგა. სოლომონის ტაძარში წმიდათაწმიდა დანარჩენი ტაძრისაგან გამოყოფილი იყო, რაც იმას მოასწავებდა, რომ ადამიანი, თავისი ცოდვილი მდგომარეობით, მოკლებული იყო სამოთხეს. მაცხოვრის აღდგომისას სოლომონის ტაძარში თავიდან ბოლომდე ჩაირღვა კრეტსაბმელი, რაც ღვთისა და ადამიანთა შერიგებაზე მიუთითებდა. გაერთიანდა ზეცა და მიწა. პასექის პურის თავი ზეცის, ხოლო ტანი მიწის გამოხატულება, რომელიც ერთი მთლიანია. ეს სიმბოლიკა აქვს პასქის გამოცხობას და მის კურთხევას. მისი მირთმევაც ტრადიციის სფეროა. კვერცხი სიმბოლურად სიცოცხლის აღმოცენებას წარმოადგენს. წითლად შეღებვა კი მაცხოვრის სისხლის პკურებას ნიშნავს.
- ხშირად თუ მარხვისას მეტ-ნაკლებად ვცდილობთ ცოდვათაგან თავის შეკავებას, გახსნილების მერე ერთბაშად ცოდვას მივეცემით. ისეც ხდება, რომ უმეტეს შემთხვევაში აღდგომას მხოლოდ მარხვის დასასრულად აღვიქვამთ. რეალურად როგორ უნდა შევხვდეთ აღდგომას?
- წმინდა ლიტურგიას მაქსიმალური ყურადღებითა და მონდომებით უნდა დავესწროთ. მისი დასრულების შემდეგ დღესასწაული სულიერების სფეროს არ უნდა გასცდეს და ხორცის ზეიმად არ უნდა იქცეს, რათა არ შეურაცხვყოთ არსი დიდებული ზეიმისა. მარხვის დამთავრება არ ნიშნავს ცოდვის დასაწყისს. ქრისტიანობა რელიგიური ცხოვრებაა, მარადჟამს სრულყოფა თავისა და უკუგდება იმ მანკიერებისა, რაც ხელს შეგვიშლის ცხონებაში. ის, რაც უფალთან გვაშორებს, მარხვის გარეშეც უნდა უკუვაგდოთ. მხოლოდ მაშინ შეიწირავს უფალი ჩვენს მარხვას.
უფლის ბრწყინვალე აღდგომას მადლიერებით და სიხარულით უნდა მივეგებოთ. ღმერთმა დაგლოცოთ, განუგეშოთ, აგავსოთ მადლითა და სიყვარულით.
ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
გვანცა გოგოლაძე