ჩვენი ურთიერთობა მოყვასთან უმეტესად მათთან საუბარსა და სიტყვებში ხორციელდება. ყოველთვის ვერ ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას წარმოთქმული სიტყვების გამო.
სიტყვა ხომ აზრის გარეგნული მხარეა და როგორც ცუდი აზრისგან ითესება სულში ცოდვა, ასევე ცუდი სიტყვა თესავს იმის სულში ცოდვას, ვინც ჩვენ გვისმენს.
ვიდრე რამეს მოვუყვებოდეთ მოყვასს, უნდა დავფიქრდეთ, გაამდიდრებს თუ არა სულიერად მას ეს ნაამბობი და საჭიროა თუ არა იცოდეს ეს ამბავი. მშვიდად ვსაუბრობთ მოყვასთან, ვუყვებით მას ჩვენს თავგადასავალს, ვაუწყებთ ახალ ამბებს და ა.შ., რაც, ერთი შეხედვით ცუდი არ არის, მაგრამ თუკი ეს საუბარი აუცილებელი არაა და ჩვენ არ გვმართავს კეთილი გრძნობები - ნუგეშისცემისა, მოყვასისადმი თანაგრძნობისა, სურვილი, ვასწავლოთ მას რაიმე სასარგებლო, ვურჩიოთ, მივაწოდოთ აუცილებელი ინფორმაცია და ა.შ. - ჩვენ ვძარცვავთ მასაც და საკუთარ თავსაც, ამაოდ ვხარჯავთ მის და ჩვენს დროსაც.
ყველასთვის ცნობილია გამოჩენილ ორატორთა და ხალხთა ბელადების ბაგით წარმოთქმული სიტყვის ძალმოსილება. თვით უფლის სიტყვას უჩვეულო ძალა გააჩნდა. სიტყვით აღადგენდა უფალი მიცვალებულებს, ახდენდა სასწაულებს და გარდაქმნიდა კაცთა სულებს. ღირსი მაკარი დიდი წერს: "ბოროტი სიტყვა კეთილსაც ბოროტად გარდააქცევს, კეთილი კი ბოროტსაც გარდაქმნის კეთილად". სიტყვის ძალაზე ფიქრისას უნებურად სულხან-საბას იგავი "ენით დაკოდილი" მახსენდება. მართლაც, სიტყვით შეგვიძლია ადამიანის სიყვარულით, მოფერებით გათბობა, ან პირიქით, სილის გაუწვნელად შეურაცხყოფა. წმინდა ტიხონ ზადონელის სიტყვებით - "სიყვარულს ძალუძს მოიძიოს სიტყვები, რომლებითაც შესაძლებელი იქნება აღაშენო მოყვასი. იგი გვიჩვენებს ხერხს, გონებას და ენას წარგვიმართავს, და ეს საქმე არ მოითხოვს მჭევრმეტყველურ სიტყვებს". და პირიქით, ძალგვიძს მოყვასს ვაწყენინოთ, შეურაცხვყოთ და დავამციროთ გარეგნულად უწყინარი სიტყვითაც, თუ ვიქნებით ქედმაღალნი მოყვასის მიმართ და სულში გვექნება მისი შეურაცხყოფისა და დამცირების სურვილი.
მოყვასისთვის ნათქვამი ალერსიანი, ტკბილი სიტყვებითაცაა შესაძლებელი მოვიხვეჭოთ სულიერი საგანძური. ერთი ქრისტიანი მანდილოსნის მამა სიკეთით გამოირჩეოდა და ადამიანებთან ურთიერთობას ტკბილი სიტყვით წარმართავდა. გარდაცვალების შემდგომ ის სიზმარში გამოეცხადა ქალიშვილს და უთხრა: "იცი, რომ სიცოცხლეში წარმოთქმული თითოეული ალერსიანი სიტყვა მარადისობას ემსახურება?"
ცხადია, საუბრისას უნდა გვახსოვდეს უფლის მითითებაც: "ნუ მისცემთ სიწმინდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქვენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერხითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქენ თქუენ" (მთ. 7.6). მაშასადამე, საუბრის დროს კარგად უნდა გავითვალისწინოთ თანამოსაუბრის სულიერი ასაკი, სულიერი მდგომარეობა...
და მაინც, სიტყვიერ შეგონებაზე უფრო დიდ გავლენას ადამიანზე მაგალითი და საქმე ახდენს. როდესაც მაცხოვარმა ნახა ქვრივი დედაკაცი, რომელსაც ერთადერთი ძე გარდაცვლოდა, შეეწყალა და უთხრა: "ნუ სტირ" (ლუკა 7.13). სახარების ეს ადგილი საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ, თუ როგორი მოწყალე და შემბრალე გული ჰქონდა უფალს. ვერ მოითმინა, მტირალი რომ არ ენუგეშებინა. თუმცა მისი ძის აღდგენა უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, გულმა ვერ მოუთმინა და პირველად სიტყვით ანუგეშა ისეთი ლმობიერებითა და მოწყალებით, შვილი რომც არ აღედგინა, მაინც საკმაო ნუგეში იქნებოდა მწუხარე დედისთვის. მაგრამ მაცხოვარი მხოლოდ სიტყვით არ დაკმაყოფილებულა. მან იცოდა, რომ საწყალ ქვრივ დედაკაცს შვილის გარდა ამქვეყნად სხვა რამ ნუგეში არ გააჩნდა და მხოლოდ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ დიდი სასწაული მოახდინა - მკვდარი აღადგინა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი