ლხინი ნახონ და მე შენდობა მითხრან
ეკლესიის ეზოში გაშლიან საკურთხს და თითო ჭიქას წაუქცევენ მიცვალებულებს - ნაცნობს თუ უცნობს, მტერს თუ მოყვარეს. ჩვენი პატრიარქი ხშირად გვირჩევს, მივიდეთ ხოლმე წინაპართა საფლავებთან და კურთხევა ავიღოთ მათგან. მათ ხომ ღვთისა და სამშობლოსთვის იცხოვრეს და რაა გასაკვირი, შთამომავალთა ნუგეშისცემის მადლი მიეღოთ უფლისაგან. ჩვენი წინაპრები მიცვალებულებზე ზრუნვაზე უამრავ ფულს ხარჯავდნენ, რაც აკვირვებდა უცხოელ მოგზაურებს. ჩვენი მამა-პაპანი მარტო გარდაცვლილთათვის კი არა, საკუთარი სულისთვისაც ზრუნავდნენ: აგებდნენ ტაძრებს, მონასტრებს, უთვალავ სიმდიდრეს სწირავდნენ, სამაგიეროდ ერთს ითხოვდნენ - მათი სულის საოხად გარკვეულ დღესა თუ დღეებში საღმრთო ლიტურგია აღევლინათ და წირვის შემდეგ სუფრა გაეშალათ.ხორციელის შაბათს, ისევე, როგორც დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს, სულთმოფენობის წინა შაბათს მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებით იხსენიებს მიცვალებულებს.
წმინდა დავით აღმაშენებელმა შიომღვიმის მამებს ანდერძად დაუტოვა: "წმინდა დიდ მარხვათა ყოველთა პარასკევთა ეკლესიას ტფილსა სეფისკვერსა განუყოფდნენ სახსენებელად ჩემდა, და პირველისა შვიდეულისა პარასკევსა თითო კარასეული (ღვინო - კ.კ.) მიეცეს, სეფისკვერსა და თესლსა თანა. შესვან ყოველთა და მილოცონ ესრეთ: "უფალო ღმერთო, დავითს მიუტევენ ბრალნი მისნი სიყრმისა და ცთომილებისანი". ამის გარდა წმინდა მეფე თავის გარდაცვალების დღეს ღამისთევით წირვას ავალებდა მემღვიმე მამებს.
დავით ნარინის მეუღლემ, დედოფალმა თამარმა, გელათში თავისი სულის საუკუნოდ სახსენებელი და სამწირველოს გაჩენა "გულსიდგინა". მწირველად ღირსი და პატიოსანი კანდელაკი იოანე ითხოვა და გელათის მონასტერში დააწესა თავისი აღაპის დღე, მარხვაში მეორე კვირიაკეს, სანთლიანი და ყოვლითურთ უნაკლულო. "ვიდრე ცოცხალი იყოს იოანე, თვითონ გადაიხდიდეს, გარდაცვალების შემდეგ მისმა გაზრდილმა ღირსეულმა მღვდელმა ჩემი აღაპი უნაკლულოდ აღასრულოს: ლოცვებით, წირვით, სანთლით. მერე კი ტრაპეზი გაუშალონ მოძღვართ-მოძღვარს წინამძღვარს, დეკანოზსა და მონასტრის ძმებს "კეთილად ნუგეშისცემითა და განსვენებითა".
მეფე ალექსანდრეს 1441 წელს თავისი მოძღვრის, თბილელ-მანგლელი იოვანეს საყდრის კუთვნილი სოფლები გაუთავისუფლებია სამეფო გადასახადისგან. მოძღვარს კი მისი სულის საოხად ორ დღეს - მთავარანგელოზობასა და საბაობას აღაპი გაუჩენია.
მეფე ბაგრატმა 1545 წელს გელათის ტაძარი და წმინდა გიორგის მონასტერი მეორედ აღაშენა და შეამკო ყოვლითურთ. ამიტომ პატივად მიუღია და თავისი სულის საოხად და შესავედრებლად აქ წირვის აღმსრულებელი მოძღვარი გაუჩენია. ამის გარდა წელიწადში ოთხი აღაპი დაუწესებია. ერთი-ერთი ყველიერში: აღაპში უნდა გაეხარჯათ ორმოცი თეთრის თევზი, ყველი და კვერცხი, სამი კოდი წმინდა პური, სამი კოდი ღომი, ღვინო - კოკა ოცი ათიანითა, სანთელი, საკმეველი... სულიწმინდის მოსვლის შაბათს კი გაცილებით უფრო დიდი სუფრა უნდა გაშლილიყო...
ეკლესიის სულიერი მამებიც ბევრს ზრუნავდნენ საუკუნო სიცოცხლისთვის. სვეტიცხოვლის მაშენებელს, წმინდა მელქისედეკ კათოლიკოსს სადიაკვნოს სამხრეთით შეუქმნია თავისი საფლავი, დაუდგამს საკურთხეველი და ჟამისმწირველად თავისი გაზრდილი იოანე მღვდელი დაუყენებია. იოანეს შემდეგ მის შვილებს და შვილიშვილებს უნდა ეზრუნათ კათოლიკოსის სულისთვის. ყოველთა წმინდათას დღესასწაულზე, 24 იანვარს მისი აღაპი უნდა აესრულებინათ ღამისთევით და ჟამისწირვით.
მამამთავარ გაბრიელ ცაგერელს (1656 წელს) ხვამლის წმინდა გიორგის ეკლესიისთვის ოყურეშში მიწები და გლეხები შეუწირავს. მათგან დათუა თედორაშვილი ცაგერელს ბეგარისგან გაუთავისუფლებია. სამაგიეროდ, მას ყოველ გიორგობას ოყურეშის თემისთვის უნდა მიეცა: ერთი კარგა გასუქებული ტახი, ერთი კარგი ცხვარი, ღვინო, პური, სანთელი და საკმეველი. ხუცესს მისი სულისთვის უნდა ეწირა და საწირავად ამ ცხვრის ტყავი უნდა მიეცა, ტრაპეზად კი - "რაცა ამ წიგნში სასმელი და საჭმელი ეწეროს, ლამაზათ დაამზადონ; ხუცესს კარგად დახვდნენ და მის საწესოს ნუ დააკლებენ; და თვითონ თემმან (ოყურეშელებმა, - კ.კ.) ლხინი ნახონ და მე შენდობა მითხრან; და სანთელი ჩამოასხას ხუცესმან და სანთელი და საკმეველი თემს დაურიგოს, მე შენდობა მითხრან".
მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის ქადაგს, არქიმანდრიტ ნიკოლოზ მაღალაძეს ვინმე ქობულაშვილი დაუხსნია თავის ცოლ-შვილით და თავის ძველ მამულში დაუბრუნებია. რადგან "ამდენი გარჯილობა და ჭირნახული" გაუწევია, ქობულაშვილისთვის მიუნდვია ყოველ ნიკოლოზობას თავისი სულისთვის აღაპის გამართვა - "აღაპი მოამზადე და მცხეთას მოიტანე. ასი ისეთი პური იყოს, თითო თითო კაცს ეყოს". სუფრაზე ღვინოც უნდა ყოფილიყო და თევზიც, სანთელიც და საკმეველიც. დეკანოზისათვისაც უნდა მიერთმია საწირავად ორი შაური, კანდელაკისთვის კი ერთი. "ამა წესითა ყოველს წელიწადს ნიკოლოზობასა ჩემის ცოდვილის სულისათვის, მამის ჩემის პაპუასა და დედის ჩემის ელენესათვის შენდობას ათქმევინებდეთ", - ბრძანებს არქიმანდრიტი (1696 წელს).
დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარი ონისიფორე (მაჭუტაძე, ონოფრეყოფილი) მონასტრის შემდგომ წინამძღვრებს ავალებს აღაპის სუფრის გამართვას. მისი ნასყიდი ზვრიდან რვა საპალნე ზედაშე პეტრეპავლობის დღესასწაულის სახელზე უნდა დაეყენებინათ, ჟამი ეწირათ. ვინც მოვიდოდა, მათთვის სუფრა გაეშალათ, სადაც ოთხი საპალნე ღვინო უნდა დალეულიყო, ერთი საპალნე უდაბნოში უნდა გაეგზავნათ, სამი - გაეყიდათ და იმისი თეთრით ქალაქიდან საბერო საჭმელი ამოეტანათ აღაპის სუფრისთვის. მწირველი მღვდელნიც უნდა დაესაჩუქრებინათ ღვინის ფულიდან.
ვაჰანის ქვაბთა განგებაში ვკითხულობთ: "ხოლო ჯერ არს, რათა ყოველთავე მღვდელთა და დიაკონთა მესამე დღესა (ანუ დაკრძალვის დღეს, - კ.კ.) ჟამი უწირონ ძმასა მიცვალებულსა და აღაპიცა გარდაეხადოს მასვე დღესა ტრაპეზულითა სამხრითა და ყოველთა ძმათა ულოცონ და შეუნდვეს ღმერთმა სულსა მისსა".
ერისკაცთაგან საგულისხმოა გრიგოლ ბაკურიანის ძისა და კახა თორელის ანდერძები. გრიგოლ ბაკურიანის ძე უბარებს პეტრიწონის მონასტრის წინამძღვარსა და კრებულს, რომ თორმეტ საუფლო დღესასწაულზე მისთვის და მისი მიცვალებულებისთვის ეწირათ ჟამი, მერე კი "ტაბლაი დაეგოს ბრწყინვალე" ან "უხვებით" და "გლახაკთა განეყოს დრაჰკანი ათი", ასევე უნდა დასაჩუქრებულიყვნენ ჟამისმწირველი მღვდელნი. უშვილონი იყვნენ კახა თორელი და მისი ცოლი ხათუნა, რკონის ღვთისმშობელს ბევრი რამ შესწირეს - იმისთვის კი არა, შვილი მოგვეცესო, არამედ საკუთარი სულისთვის. მაშინ კარგად მყოფნი იყვნენ და ახალგაზრდები. კახას სააქაო დიდებისთვის არ უფიქრია, ეს შესაწირი "მისი ერთი დღის ცოდვათა შენდობის საფასურიც არ იყო", მხოლოდ რკონის ღვთისმშობლის იმედი ჰქონდა. ამას ითხოვდა რკონის მონასტრის კრებულისაგან: აღდგომა დღეს მისთვის კარგი აღაპი გადაეხადათ "ოთხი ფერითა საჭამადითა და მაძღრად პურითა და ღვინითა და რაც კარზედა გლახაი იყოს, ყველა დაძღებოდეს, მწირნი და უძლურნი, ვინცა ვერ მოვიდოდნენ, ყველას სახლში გაუგზავნონ". სხვის აღაპზე კი ტრაპეზზე თითო "დიდროანი" სეფისკვერი და ასეთივე "მოხეული" ჭიქით ღვინო ჩამოატარონ, შესვან და მე და ჩემს ცოლს შენდობა გვითხრანო.
თითოეული ანდერძი მათი საშინელი წყევლით მთავრდებოდა, ვინც ამ ანდერძს აღარ აასრულებდა. როცა რუსებმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმეს, ქართული ეკლესიის სხვა ტრადიციებთან ერთად აკრძალეს აღაპის სუფრის გამართვა ეკლესიის ეზოში. ამას ამბობს თვითონვე რუსი, ნიკოლოზ დურნოვო, თავის "ქართული ეკლესიის ბედში".
ეს სუფრა, ფოტოსურათზე რომ ხედავთ, ბეთანიაში, წმინდა იოანეს (მაისურაძე) საფლავზეა გაშლილი. საფლავთან მიმსხდარან წმინდა იოანე-გიორგი (მხეიძე), მამა ვასილი (ფირცხალავა) დედასთან ერთად, იქვე ზის მამა გიორგის ძმისშვილი გივი. მამა გიორგი შორს, მარადისობაში იმზირება და სულით ჭვრეტს თავის საყვარელ სულიერ ძმას იოანეს. მალე კვლავ ერთად იქნებიან და სულიერი ტრაპეზით განსცხრებიან.
მათი ხსენების დღეს კი ბეთანიის მონასტერში დიდი საერთო ტრაპეზი იშლება. უამრავ სტუმარს უხილავად მასპინძლობენ წმინდა მამები და ხორციელზე მეტად სულიერ ნუგეშს ატანენ ამ სოფლისგან შეურვებულთ.
ასევეა ყველა ტრაპეზზე, რომელიც ჩვენი მიცვალებულების სულის საოხად იშლება. ღვთივგანმართლებული ჩვენი მამა-დედანი სულიერად გვმასპინძლობენ და უხილავად გვეფერებიან. ნუ მოშლილიყოს ეს ლამაზი ტრადიცია საქართველოში!
ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ლუარსაბ ტოგონიძემ