"დაე, იყოს ნება შენი, უფალო"
ამგვარი ადამიანის სულს ისიც ეცოდინება, რომ სული კაცისა ღმრთისმიერია და ამიტომ - უკვდავი. ღვთის მიერ ადამიანის სხეულში შთაბერილი ეს უკვდავი სული იმისთვის შეერწყა ხრწნად და წარმავალ სხეულს, რომ ამ გზით გამოიცადოს, გამოიწრთოს, როგორც ოქრო ცეცხლში და უკეთესი შეიქმნას, ხოლო გაუმჯობესებულს კვლავ შეეძლოს ღმერთთან ამაღლდეს და თავის შემოქმედს შეუერთდეს. პიროვნული სრულყოფისკენ მიმავალი გზა ვიწროა, ძნელია სათნოებათა კიბეზე აღმასვლა, რადგანაც ადამიანის ბუნება ცოდვისკენ არის მიდრეკილი, მაგრამ ქრისტიანის უპირველესი ამოცანა ცოდვებთან შეურიგებელი ბრძოლა, საკუთარ თავზე ხანგრძლივი და თავდაუზოგავი მუშაობა, სათნოებებისკენ სწრაფვაა. ეს კი სულიერ-ფსიქოლოგიური უნარების მობილიზებასა და კონცენტრაციას მოითხოვს. წმინდა ანტონი დიდი წერს: "ნამდვილი ადამიანი ის არის, ვისაც ჭეშმარიტებით შეუცვნია, თუ რა არის სხეული, რომ ის ხრწნადია და წარმავალი, ხანმოკლე სიცოცხლის მქონე.
გვესაუბრება თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პედაგოგი, ფსიქოლოგი დავით ციცქიშვილი.
- სათნოებათა შორის უპირველესია სიმდაბლე, როგორც საფუძველი სულიერი ცხოვრებისა. წმინდა მამები ამბობენ, რომ სიმდაბლე კაცის ცნობიერებისთვის იგივეა, რაც ფესვი - მცენარისათვის. რა საშუალებები არსებობს სიმდაბლის შესაძენად?
- სიმდაბლე უპირისპირდება ამპარტავნებას. სიმდაბლის გამოხატულებაა მოძულება, იგნორირება კაცთა ქებისა; მუდმივად ბრალის დადება, საყვედური საკუთარი თავის მიმართ; სიწრფოება და პირდაპირობა; მიუკერძოებლობა და უარყოფა მლიქვნელური ჩვევებისა და სიტყვებისა, ამქვეყნიური სიბრძნისა, რაც, ზეციური თვალსაზრისით, მიუღებელი და უსარგებლოა; თავის მართლების დათმობა და დუმილი შეურაცხმყოფელთა წინაშე. პრაქტიკულად ამის მიღწევა ძალიან ძნელია. თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებმაც სიმდაბლეს მიაღწიეს. მაგალითად, წმინდა დიმიტრი როსტოველი წერს: "თუ გინდა მტერი უბრძოლველად დაჯაბნო, უიარაღოდ დაამარცხო და დაიმორჩილო, იყავი თავმდაბალი, მომთმენი, მშვიდი, უბრალო, როგორც კრავი და შენ გადალახავ, გაიმარჯვებ, მოდრეკ და დაიმორჩილებ".
- უდიდესი სათნოებაა მოწყალება, რომელიც ადამიანური ბუნებისთვისაა დამახასიათებელი. რა სახისა და ხარისხის მოწყალება მოეთხოვება ქრისტიანს, როგორ უნდა ვიღვაწოთ ჭეშმარიტი და უანგარო მოწყალების შესაძენად?
- მართლმადიდებლური თვალსაზრისით, მოწყალება არის სულიერი და მატერიალური. მატერიალური მოწყალება გულისხმობს მშიერის დაპურებას, მწყურვალისთვის წყლის მიწოდებას, შიშველის შემოსვას, ავადმყოფებისა და პატიმრების მონახულებას, მათ ნუგეშისცემას, სტუმართმოყვარეობას, უპატრონო ან ღარიბი მიცვალებულის დამარხვას და ა.შ. სულიერი მოწყალების გაღებაა, როდესაც შენი სიტყვით და ქცევით მოაქცევ ცოდვილს, მოყვასს, ადამიანს ასწავლი სიკეთის ქმნას, ღირებულ და დროულ რჩევას მისცემ, მძიმე წუთებში დაამშვიდებ მწუხარეს, ბოროტებას ბოროტებითვე არ უპასუხებ, წყენას შეუნდობ, მისთვის ილოცებ და ა.შ. მოწყალების გამოჩენას ადამიანის მხრიდან შეიძლება საკმაოდ რთული ქვეტექსტებიც ჰქონდეს. რა იგულისხმება ამაში? - მაგალითად, წმინდა ანტონი დიდი მოწყალების გაღებასთან დაკავშირებით განასხვავებს რამდენიმე ნების გამოვლინებას: ღვთაებრივის, ადამიანურის და ბოროტისეულის. ბოროტი ნება გვასწავლის, რომ ან საერთოდ არ აღვასრულოთ კეთილი საქმეები, ან ჩავიდინოთ ისინი პატივმოყვრული მიზნების დასაკმაყოფილებლად, რომ ჩვენი თავით დავტკბეთ და სხვასაც კარგი ვაფიქრებინოთ ჩვენზე. შეიძლება ჩვენი თვალთახედვით სიკეთე გავუკეთოთ სხვას, უფლის თვალში კი იგი არ იყოს მოსაწონი. მხოლოდ ღვთაებრივი ნება განაპირობებს სიკეთის ქმნას უფლისადმი მსახურების მიზნით სულიწმინდის მადლის მოსაპოვებლად, საკუთარი რწმენის განსამტკიცებლად. ასე რომ, უნდა გავფრთხილდეთ, ამა თუ იმ სათნოების გამოვლენის მიღმა ღვთის საწინააღმდეგო ძალა არ იმალებოდეს.
- როგორ უნდა ვებრძოლოთ მრისხანების ვნებას, როგორ ვისწავლოთ სიმშვიდე და მორჩილება?
- უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ხშირად მოიხმობს ხოლმე ფსალმუნის სიტყვებს: "მოიხსენე, უფალო, დავით და სიმშვიდე მისი". ოპტელი ბერების ლოცვა იწყება სიტყვებით: "უფალო, მომეცი ძალა, რათა სულიერი სიმშვიდით შევეგებო ყოველივე იმას, რასაც მომიტანს დღევანდელი დღე..." ამ სათნოებისკენ ყველანი უნდა ვისწრაფოდეთ. მართალია, ზოგი უფრო მეტად არის მიდრეკილი სიმშვიდისკენ, ზოგი კი თითქოს ნაკლებად, მაგრამ ამასთან დაკავშირებით წმინდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს, - ამ უკანასკნელთ პირველებზე მეტად ვაქებ, რადგან ისინი საკუთარ თავს აიძულებენო. სიმშვიდე, რა თქმა უნდა, რთული მისაღწევია. ძნელია, არ აღელდე, არ იჩხუბო, შეურაცხყოფა და განსაცდელი მშვიდად მიიღო... მაგრამ იყვნენ და ახლაც არიან სათნოებაშემოსილი მამები, რომლებმაც სიმშვიდის მაღალ ხარისხს მიაღწიეს. მაგალითად, ათონის მთის ერთ-ერთი მეუდაბნოე აღნიშნავს: "უდაბნოში მყოფი მოღვაწეები ლოცვით საოცარ უშფოთველობას იძენენ. ისინი სულიერი ცხოვრებით ზეცაში იმყოფებიან. ასეთი ადამიანები არა მხოლოდ არ განიცდიან შევიწროებას, არამედ მას საერთოდ ვერ ამჩნევენ. მათთვის არ არსებობს ცილისწამებით, დევნით, უგულებელყოფით, განკითხვით გამოწვეული მწუხარება. მარტოოდენ ნაღვლობენ ძმის დაცემის გამო. თუკი მწუხარება გაჩნდა, იციან, როგორ მოერიონ მას". როდესაც ყველანაირ გარემოებაში სიმშვიდეს ინარჩუნებ და შენი ქცევა გამსჭვალულია ამ საოცარი ლოცვის სიტყვების არსით: "დაე, იყოს ნება შენი, უფალო", - მაშინ უკვე აღწევ სულიერი მოღვაწეობის სულ სხვა, აღმატებულ საფეხურს.
- ერთ-ერთი სათნოება არის უმანკოება, რომელიც სიძვას უპირისპირდება. როგორ უნდა ჩაახშოს ადამიანმა გრძნობადი სიამოვნების სურვილი და შეიყვაროს უმანკოება?
- მართლმადიდებლური სწავლების თანახმად, არსებობს სხვადახვა საზვერე. მათ შორის - სიძვის საზვერე, რომელშიც სულის სხეულიდან გასვლის შემდეგ ადამიანს მოეკითხება სიძვითი ოცნებებითა და ფიქრებით ტკბობის, მზერით ურცხვობის, ვნებით შეხედვისთვისაც კი. მაგალითად, ნეტარ თეოდორას ("ვასილი ახლის ცხოვრება") გაახსენეს დრო და ადგილი, ვისთან, როდის და სადაც შესცოდა სიყმაწვილეში ამ ვნებით. აქ მოყვანილია ანგელოზთა სიტყვები: "მთელი სამყაროა ჩაძირული ცდუნების, სიბილწის, ბოროტების მორევში, ადამიანთა უმრავლესობა გამოირჩევა ავხორცობით. მცირედნი იცავდნენ თავს სიძვითი უწმინდურებისგან, იკლავდნენ ვნებებს. ამიტომაც მხოლოდ მცირედნი გასცდებიან თავისუფლად მრუშობის საზვერეებს. მრუშობის საზვერეთა უფროსები განსაკუთრებით იკვეხნიან, რომ ყველაზე მეტად მათ აავსეს ჯოჯოხეთი ადამიანთა სულებით"
თუ რამდენად არასათნო და საძაგელია უფლისთვის მრუშობის ვნებით შეპყრობილი ადამიანი, ამას თუნდაც საკუთარ ცხოვრებაზე დაკვირვებაც მიგვითითებს. ეკლესიურად მცხოვრები გრძნობს სხვაზე მეტად, თუ როგორ ტოვებს მას ღვთაებრივი მადლი, როგორ ურთულდება სხვადასხვა სულიერი და ყოფითი პრობლემა და ისჯება ამა თუ იმ ფორმით, თუკი მან გაქანება მისცა სიძვით განცდებს, ოცნებებს, წარმოდგენებს (საქმით ჩადენაზე რომ აღარაფერი ვთქვათ). ამის გაცნობიერება კი უმანკოების დაცვისკენ გვიბიძგებს.
- "ადამიანთა შორის ცოტანი მოიძებნებიან, რომლებიც ასე თუ ისე ხარკს არ უხდიდნენ ნაყროვანების ვნებას". როგორ დავიცვათ ზომიერება საკვების მიღებაში და ვისწავლოთ მარხვა?
- ნაყროვანება რვა ძირითად ვნებას შორის ერთ-ერთია. ნაყროვანების სხვადასხვა სახის გამოვლინებები არსებობს: მაგალითად, ხანდახან ადამიანი უზომოდ ჭამს, ზოგჯერ კი განსაკუთრებით გემრიელ საკვებს ირჩევს და ამით ტკბება. ეს უკანასკნელი გემოთმოყვარეობის გამოვლინებაა. ჭამისას თავშეკავება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მარხვის პერიოდში, არამედ ყოველთვის. ნაყროვანებისთვის დამახასიათებელია ის, რომ ადამიანი საკვებს იღებს სიამოვნებისთვის და არა მხოლოდ სასიცოცხლო ძალების შესანარჩუნებლად. ბევრ ჩვენგანს გამოუცდია ეს. სამწუხაროდ, ადამიანები ვართ და ამ მომენტს ვერ ავცდებით.
- ადამიანის გადამრჩენელი სათნოებაა სასოება, რომელიც უპირისპირდება სასოწარკვეთილების ცოდვას. სასოება უფლისადმი აძლიერებს ჩვენს სულიერ ძალებს. რა უწყობს ხელს ამ სათნოების განმტკიცებას ადამიანის არსებაში?
- სასოება ღვთისადმი მინდობას გულისხმობს. მამა ანტონი (გარმაევი) სასოწარკვეთილებასთან დაკავშირებით აღნიშნავს: "ჩვენ გვეჩვენება, თითქოს ღმერთმა ზურგი შეგვაქცია, მიგვატოვა, მაგრამ განა ეს შესაძლებელია?! შეუძლია კი ღმერთს დატოვოს თავისი საყვარელი შვილი?! მაგალითად, ჩვენს წინაშე არის კეთილი, კარგი დედა. ის თავის სამი წლის ბავშვთან ერთად სასეირნოდ მიდის ქუჩაში და პატარას სათამაშოდ უშვებს. განა ეს იმას ნიშნავს, რომ მან ბავშვი მიატოვა?! ან - ბავშვი გაიზარდა, 18-20 წლისა გახდა. უცბად იგი დანაშაულს სჩადის და საბრალდებო სკამზე ჯდება. რომელი დედა არ იდარდებს შვილზე?! განა ეტყვის, მე გზრდიდი, შენ კი დანაშაული ჩაიდინე, ახლა უკვე აღარ ვარ შენი დედაო? საკმაოდ ბევრი ხვდება საბრალდებო სკამზე, წლობით სხედან ციხეში. ყველამ მიატოვა ისინი დედის გარდა. დედის გულს, თუნდაც მისი შვილი მთელმა საზოგადოებამ უარყოს, სიძულვილი არ გაეკარება. თუკი ჩვეულებრივ ადამიანს შეუძლია ასეთი თავგანწირული სიყვარული, მით უმეტეს - უფალი მიატოვებს კაცს?! ამიტომაც თავისი დამრიგებლური მზრუნველობით იგი მუდამ ჩვენთანაა".
- წმინდა იოანე კიბისაღმწერელი "სათნოებათა კიბეში" 30 საფეხურს გამოყოფს, ბოლო - სიყვარულია, რომელიც ყველა წინამორბედი საფეხურის გადალახვის, ყველა ვნების დაძლევის შედეგად მიიღწევა. იგი სათნოებათა გვირგვინია...
- უფლის განუზომელი მადლის წყალობით შეიძლება მტერიც შეიყვაროს კაცმა. ჩვენთვის ეს წარმოუდგენელია. მტრის კი არა, ხშირად ახლობლების და კეთილგანწყობილი ადამიანებისადმი განიცდის სიყვარულის ნაკლოვანებას კაცი.
სიყვარული სრულყოფილად პავლე მოციქულს აქვს განმარტებული: "სიყვარული ყოვლისმომცველია, არ ამპარტავნობს, არ ზვაობს, სულგრძელია და ტკბილი. არ მრისხანებს, ყოველთვის ითმენს, არავისი შურს, ჭეშმარიტებით ხარობს..."
"ღმერთი სიყვარულია". ღვთისა და მოყვასის სიყვარული არის ყველაზე დიდი მცნება, საფუძველი ყველა სხვა მცნებისა.